დღეიდან, 4 მაისიდან, საქართველოში დაიწყო იმუნიზაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით.
„სინოფარმით“ აცრა 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს რეგისტრირებული ადამიანების უმრავლესობა გამოცხადდა ასაცრელად, თუმცა ზუსტი მონაცემები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში „სინოფარმის“ ასი ათასი დოზაა შემოტანილი, ჯავშანი კი 18 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. საჭიროების შემთხვევაში მსურველებს აცრის მეორე დოზის მისაღებად სხვა ქალაქში რეგისტრაციაც შეუძლიათ.
რა ხდება მაშინ, თუ რეგისტრირებული მოქალაქე არ მივა ასაცრელად?
თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ეს პრობლემას არ შექმნის:
„როცა რეგისტრირებული მოქალაქე არ მიდის ასაცრელად ან რაღაც მიზეზია, რის გამოც ის რეგისტრაციის შემდეგ უარს ამბობს აცრაზე, შესაძლებელია სარეზერვო სიის მექანიზმის გამოყენება.
„სინოფარმის“ შემთხვევაში საკითხი უფრო მარტივად დგას, რადგან „სინოფარმის“ ვაქცინა არის ინდივიდუალურ შპრიცში მოთავსებული, ეს არის ინდივიდუალური შეფუთვა და ჩვენ არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ გაიხსნა რომელიმე ერთი ფლაკონი და 10 ადამიანი თუ არ მივიდა, დოზები გაფუჭდება. უფრო ადვილია „სინოფარმის“ მოხმარება ამ კუთხით.
ამდენად, ამცრელი დაწესებულებები თავისით განსაზღვრავენ, როგორ შეიძლება შეივსოს ის ადგილი, რომელიც გამოთავისუფლდა იმის გამო, რომ არ მივიდა მოქალაქე აცრაზე,” – თქვა მინისტრის მოადგილემ.
შესაძლებელია თუ არა აცრაზე ჯავშნის გაუქმება ან გადავადება?
დიახ, ჯავშნის რედაქტირება და გაუქმება შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრირების ოფიციალურ ვებგვერდზე – booking.moh.gov.ge. საამისოდ ჯერ უნდა იპოვოთ თქვენი ჯავშანი, რისთვისაც შემოთავაზებულ ველებში უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები. ჯავშნის გამოჩენის შემდეგ გვერდზე გამოჩნდება ამობეჭდვისა და გაუქმების ფუნქცია. ჯავშნის რედაქტირება შესაძლებელია ჩანიშნულ ვაქცინაციამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე.
_______________________________
ვრცლად ინსტრუქცია: