განათლება,მთავარი,სიახლეები

ბავშვების 60% ამბობს, რომ უფრო სევდიანი გახდა – მოზარდები პანდემიაში

05.05.2021 • 1827
ბავშვების 60% ამბობს, რომ უფრო სევდიანი გახდა – მოზარდები პანდემიაში

კვლევაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია SAVE THE CHILDREN-მა 46 ქვეყანაში ჩაატარა 2020 წელს, 31 683-მა მშობელმა და მზრუნველმა, ასევე 11-17 წლამდე ასაკის 13 477-მა ბავშვმა  მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხული ბავშვების 74-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ უფრო მეტად ნერვიულობდნენ, ვიდრე პანდემიამდე. 62 პროცენტი თავს ნაკლებად ბედნიერად მიიჩნევდა.

ბავშვების 60 პროცენტი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში მათ ჰქონდათ მობეზრება, უფრო სევდიანი გახდნენ, რადგან ვერ ხვდებოდნენ მეგობრებს და ვერ საუბრობდნენ მათთან ხშირად.

გამოკითხული ბავშვების ოჯახების 65 პროცენტი აღნიშნავს, რომ აკლიათ ფინანსური რესურსი, 38 პროცენტი კი უმუშევარი დარჩა.

შესაბამისად, პანდემიის პერიოდში გაძვირდა საკვები ბავშვებისთვისაც, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ სახლში საპონი და სანიტაიზერი არ ჰქონდათ.

პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე დადგნენ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის შშმ ბავშვები, როგორც ჯანდაცვის სერვისების, ასევე განათლების მიღების მხრივ.

მაგალითად, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში პანდემიის პერიოდში დაირღვა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, რის გამოც ორგანიზაციამ სასამართლოსაც კი მიმართა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ, კერძოდ კი, განათლების სამინისტრომ, დროულად ვერ უზრუნველყო დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის თანაბრად.

სამინისტროს მიერ შემოთავაზებული დისტანციური სწავლების პროგრამა TEAMS-ი კი არ იყო მისაწვდომი უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვებისთვის.

„ამიტომ პედაგოგებს უხდებოდათ პროგრამის ნაცვლად ტელეფონის ან მესენჯერის გამოყენება, რაც იმთავითვე ამცირებდა ბავშვების განათლებაზე მისაწვდომობას,“ – მიიჩნევს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, პანდემიამდე უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებში ტექნოლოგიების გამოყენების დაბალმა დონემ განსაკუთრებით დამაზიანებელი გავლენა იქონია დისტანციურ სწავლებაში მათ ჩართვაზე.

„შშმ პირთა ორგანიზაციების ინფორმაციით, სახელმწიფომ მხოლოდ პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მოახერხა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის შედარებით დაბალფასიანი ინტერნეტის უზრუნველყოფა და იმგვარი ბაზის შექმნა, სადაც აღრიცხული იქნებოდა ბავშვებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია დისტანციური სწავლების ტექნიკური საშუალებები.

თუმცა ამგვარი მონაცემთა ბაზის შექმნის შემდეგაც, ბავშვებისთვის დისტანციურ სწავლებაში ჩართვის ტექნიკური პირობების გაუმჯობესება არ შეუთავაზებიათ,“-მიიჩნევს არგანაშვილი. ის მუშაობდა კვლევაზე, რომელიც აჩვენებს, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვთა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ჰქონდათ ქცევითი გამოწვევები, საერთოდ ვერ ჩაერთო დისტანციურ სწავლებაში.

„ეს ბავშვები აღმოჩნდნენ სრულიად მოუმზადებელი ამგვარი ცვლილებისთვის, ვინაიდან მათთვის მანამდე არ შეუთავაზებიათ ტექნოლოგიების მეშვეობით სწავლების პრაქტიკა. ამ ჯგუფის ბავშვები ფაქტობრივად 4 თვის განმავლობაში სრულიად მოწყდნენ როგორც განათლებას, ისე მხარდამჭერ სერვისებს, რამაც მძიმე გავლენა მოახდინა მათზე,“ – წერს თავის კვლევაში ანა არგანაშვილი.

პანდემიის პირველ პერიოდში პრობლემები ჰქონდათ ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს იმ მხრივაც, რომ ჟესტური ენის თარჯიმნებმა დისტანციურ სწავლებასთან გვიან მოახერხეს ადაპტირება სხვადასხვა მიზეზით, „მათ შორის, ტექნიკური პრობლემების გამო“.

განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ იმ ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს, რომლებიც არ ფლობენ ჟესტურ ენას და სამეტყველოდ იყენებენ ბაგებიდან ამოკითხვას.

„მათთვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო საგაკვეთილო პროცესის მისაწვდომობა, ვინაიდან საგაკვეთილო პროცესი არ მიდიოდა ტიტრებით. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ყრუთა კავშირი “გადააგზავნა რეკომენდაციები მთავრობის საკოორდინაციო საბჭოში, თუმცა მათ საფუძველზე ცვლილებები სწავლების სისტემაში ჯერაც არ განხორციელებულა,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

არგანაშვილი მიიჩნევს, რომ პანდემიის პერიოდში განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან ერთად, ბავშვის უფლბები დაირღვა საკარანტინე სივრცეებში, რის გამოც არაერთხელ მიმართა ორგანიზაციამ სასამართლოს. ასეთ შემთხვევებში სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის უპირატესი ინტერესი და მათ შესაძლებლობა მისცა, დაეტოვებინათ საკარანტინე სივრცე.

__________________________

მთავარი ფოტო: „ნეტგაზეთის“ არქივი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: