მთავარი,სიახლეები

მოსამართლე ფარულ ჩანაწერებსაც მოუსმენს – 14 წლის ნინის საქმე

05.05.2021 • 3641
მოსამართლე ფარულ ჩანაწერებსაც მოუსმენს – 14 წლის ნინის საქმე

20 ათასი ლარი გირაო თავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლე დავით მამისეიშვილს დღეს, 5 მაისს, გამართულ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით საფარიძემ შესთავაზა. ის ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინის ბაბუას – სოლომონ ცეცხლაძის ადვოკატია. მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა და ნინის ბაბუა ისევ პატიმრობაში დატოვა.

„მომეტებული საფრთხის შემცველია ამ ეტაპზე… მაღალი რისკია, რომ შესაძლოა ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

ადვოკატმა ნინის ბაბუას გათავისუფლება ძირითადად ორი მიზეზის გამო მოითხოვა: ჯანმრთელობის მდგომარეობა და სახლში მარტოდ დარჩენილი მეორე შვილიშვილი.

„ბატონო სოლომონ, ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა მან გადაწყვეტილება გამოაცხადა. ბრალდებული პროცესს დისტანციურად დაესწრო.

„ნახვამდის,“ – მხოლოდ ეს თქვა ბრალდებულმა.

დღეს, 5 მაისს, სოლომონ ცეცხლაძის წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ავადმყოფობის გამო პროცესი ვერ გამართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროში სავალდებულო აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა.

დღესვე მოსამართლე დავით მამისეიშვილი წინასასამართლო სხდომაზე განიხილავს ბრალდებულ ნიკა ტაკიძის საქმეს. მას 14 წლის ნინისთან სექსუალურ ძალადობას ედავებიან. სხდომა დახურულია.

ბაბუას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა დავით საფარიძემ გვითხრა, რომ ბაბუა ბრალს არ აღიარებს არც ერთ ეპიზოდში. მას გამოძიება ორ ეპიზოდში მოზარდი შვილიშვილის ცემას და მუქარას ედავება გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით.

„ის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ლოყაზე მოქაჩა შვილიშვილს გაბრაზებულმა, ცემა ეს არ იყო,“ – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ საქმეში 80-მდე მოწმეა – პოლიციელები, ექსპერტები, მეზობლები, ნათესავები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, თუმცა პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებს ბაბუას მხრიდან შვილიშვილზე ძალადობას, არ არსებობს.

„ირიბი მოწმეა მხოლოდ ყოფილი რძალი, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ოჯახზე განაწყენებულია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით საფარიძემ.

საქმეშია 8 ფარული აუდიოჩანაწერიც. ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა ტელეფონით და სხვა ტექნიკური მოწყობილობებით ნინის ბაბუა და ახლო ნათესავები ფარულად ჩაწერეს ნინის გარდაცვალების შემდეგ და არა მანამდე, როცა ორი თვე მოზარდი ამბობდა და პოლიციაშიც განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: