ბათუმი,მთავარი,სიახლეები

თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს

21.03.2021 •
თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს

„მეთევზეები… ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია“, – ასე ასაბუთებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას.

მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ კომპანია – „აისბერგი 2“, „აწარმოე საქართველოშიმ“ 2 391 183 ლარით დააფინანსა. „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ კომპანიის მფლობელმა კახაბერ ლატარიამ, რომელიც ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ ავითარებს, 2020 წლის არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა.

დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა და შეისწავლა, „სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქართული გემების“ მფლობელებმა 2020 წელსაც მიიღეს სახელმწიფოსგან დაფინანსება და უფრო ადრეც. ასევე დოკუმენტების შესწავლით აღმოჩნდა, რომ „სავალალო მდგომარეობას“ მათთვის ხელი არ შეუშლია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე თანხები შეეწირათ „ქართული ოცნებისთვის“ – მმართველ პარტიას ვინ 50 და ვინ 60 ათასი ლარი შესწირა.

მეთევზეების მხარდაჭერას ორი სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს: „აწარმოე საქართველოში“ და „საკრედიტო საგარანტიო სქემა“. ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღება შესაძლებელია 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო პროგრამაში – „საკრედიტო საგარანტიო სქემა“, განაცახდების მიღება არ არის რაიმე კონკრეტული ვადით შეზღუდული.

„საკრედიტო საგარანტიო სქემით“, სახელმწიფო თავდებში უდგება იმ ბიზნესებს [მაგალითად, თევზჭერის კუთხით], ვისაც სესხის ასაღებად საკმარისი რესურსი არ აქვს. საკრედიტო გარანტია გაიცემა ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90%-ის ოდენობით.

„აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში კი, საზღვაო თევზჭერის მიმართულებით შესაძლებელია თევზსაჭერი გემის ლიზინგი [შეძენა]. პროგრამა ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას 2-წლიანი ვადით. გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100 000-დან 5 მილიონამდე ლარია, ხოლო სესხის მოცულობა 150 000-დან 5 მილიონამდე ლარი.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამას საზღვაო თევზჭერა ერთ წელზე მეტია რაც დაემატა. პროგრამით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი დაინტერესებულ პირს გააჩნდეს შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიებს 5 კომპანია ფლობს. აქედან ერთი კომპანიის ლიცენზიის ვადა 2026 წელს იწურება, დანარჩენი 4 კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადა კი, 2036 წლამდეა.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული ნაწილით, 17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში 9 კომპანია სარგებლობს. აღნიშნულ კომპანიებს, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ჯამში 11 მილიონზე მეტ ლარს გადაუხდის.

საკრედიტო საგარანტიო სქემის პროგრამაში კი, 6 კომპანიაა ჩართული, რისთვისც სახელმწიფო 2 მილიონზე მეტ ლარს გადარიცხავს. ეს ექვსივე კომპანია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამითაც [ინდუსტრიული ნაწილი] სარგებლობს.

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კომპანიები და მათი დაფინანსება 2021 წლის 17 მარტის მდგომარეობით / წყარო: „აწარმოე საქართველოში“

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველ სამმხრივ მემორანდუმს ხელი 2020 წლის ოქტომბერში მოეწერა, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა:

„აღსანიშნავია, რომ გემი წარმოადგენს ვიკინგური ტიპის გემს, რომელიც აშენდება, თურქეთში, ტრაპზონში. გემი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ქისა ბადით, ეს უკანასკნელი კი განკუთვნილია შავი ზღვის ძირითად რესურსზე – ქაფშიაზე [იგივე ხამსა] სათევზაოდ. მეთევზე გოჩა ლაბარტყავას განცხადებით, წლიური წარმოების მოცულობა 4 ტონას გადააჭარბებს, საქმიანობის დაწყების შემდგომ კომპანია 18 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სამომავლოდ გეგმავს ქაფშიას შესანახი მაცივრის გაკეთებას და დეფიციტურ თვეებში მის ექსპორტს თურქეთში. მეთევზე „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში გემის ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს“.

„ბათუმელებმა“ სააგენტოდან გამოითხოვა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ჩამონათვალი, რომლებიც თევზჭერის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ. სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლეთა შორის ფიზიკური პირები არ არიან.

რაც შეეხება გოჩა ლაბარტყავას, ის შპს „ჯე ენდ ტრ კომპანის“ 70% წილის მფლობელია. ეს კომპანია 2020 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული ქალაქ ფოთში. კომპანიის 30% წილის მფლობელი კი არის ჰასან ქოჩი [ორმაგი მოქალაქე, საქართველო, თურქეთი]. სახელმწიფო თანადაფინანსების ფარგლებში ამ კომპანიას 546 037 ლარს გადაუხდის.

შპს „ატლანტიდა“, რომელიც ფოთში 2019 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული, სახელმწიფო 174 735 ლარს გადაუხდის. კომპანიის მფლობელი არის ვახტანგ ბაბილუა. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში კი, ამ კომპანიისთვის სახელმწიფო დამატებით 166 793 ლარს გადარიცხავს.

ბათუმშია 2011 წელს რეგისტრირებული შპს „პოსეიდონი“, რომელიც ასევე ორივე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს [ჯამში 397 755 ლარი]. ამ კომპანიის მესაკუთრეები, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, არიან: გიორგი აკოპოვი, პეტრე დევრიშაძე და ოლეგ აგაჯანიანი.

სახელმწიფო პროგრამებით [ჯამში 1 314 437 ლარი] სარგებლობს შპს „ნანა 25“, რომელიც ქალაქ ფოთშია რეგისტრირებული 2020 წლის ნოემბერში. კომპანიის მფლობელია ნანა თოფურია.

ასევე ფოთშია რეგისტრირებული 2011 წელს შპს „თემო“, რომლის მფლობელიც თეიმურაზ ლომაძეა. ეს კომპანიაც ორივე პროგრამის მოსარგებლეა [ჯამში 1 481 467 ლარი].

ორივე სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა [ჯამში 815 750 ლარი] ასევე ფოთში, 2020 წლის ნოემბერში რეგისტრირებული შპს „მოდერნ ფიშერი“, რომლის მფლობელიც არის ბორის გვიჩია.

2004 წელს არის რეგისტრირებული შპს „გეოფიშ კომპანი“, რომელიც ფოთში საქმიანობს. კომპანიის დირექტორია ირაკლი ვეკუა, წილებს კი ფლობენ: ალექსანდრე თავაძე, შპს „გუგოლპლექსი“ [ეს კომპანია თბილისშია რეგისტრირებული 2020 წლის სექტემბერში. მისი დირექტორია თამარ გახარია, ხოლო 100% წილის მფლობელი მარია კოხია – საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე] და შპს „აისბერგი 2“ [რომელიც შავი ზღვის თევზჭერის ლიცენზიის მფლობელიცაა და ასევე ცალკე სახელმწიფო პროგრამითაც სარგებლობს].

ირაკლი ვეკუამ,  რომელიც „გეოფიშ კომპანის“ გარდა ასევე „აისბერგი 2“-ის დირექტორიცაა, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს 1 100 ლარი შესწირა, ხოლო „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ – 17 000 ლარი, 2020 წლის სექტემბერში.

შპს „აისბერგი 2“ ფოთში 2005 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის წილებს ფლობენ კახაბერ ლატარია, ირაკლი ხახუბია [წილის მმართველია, კომპანიის დირექტორი ირაკლი ვეკუა], თენგიზ სარიშვილი და შპს „ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი“ [თურქეთი].

„აისბერგი 2“, რომელიც შავი ზღვის თევზჭერის ლიცენზიის მფლობელია, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით [ინდუსტრიული ნაწილი] – 2 391 183 ლარით დაფინანსდება.

კომპანიის მეწილემ, კახაბერ ლატარიამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს თანხა ორჯერ შესწირა [ჯამში 60 ათასი ლარი]; 2016 და 2019 წლებში კი, „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა ჯამში 110 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს – 60 ათასი ლარი.

ირაკლი ხახუბიამ კი, 10 ათასი ლარი გადაურიცხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 60 ათასი ლარი, 2018 წელს.

პარტიის შემწირველთა სიაშია ასევე ამ კომპანიის კიდევ ერთი მეწილე თენგიზ სარიშვილი. მან 2012 წელს ჯამში 60 ათასი ლარი ენმ-ს შესწირა, ხოლო ასევე 60 ათასი ლარი „ქართულ ოცნებას“ – 2016 წელს.

შპს „ჯორჯიან მარინ გრუპი“, რომელიც 2020 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული ფოთში, თევზჭერის მიმართულებით ორთავე პროგრამით სარგებლობს [ჯამში 3 504 396 ლარი]. ამ კომპანიის დირექტორია დავით წიწილაშვილი.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიხედვით დავით წიწილაშვილს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ჯამში 120 000 ლარი აქვს გადარიცხული 2016-20 წლებში.

„ჯორჯიან მარინ გრუპის“ 100% წილის მესაკუთრე არის შავი ზღვის თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „პალიასტომი 2004“ [ამ კომპანიის წილებს კი ფლობენ: სულხან პაპაშვილი, გიორგი კუხალეიშვილი [ორმაგი მოქალაქე საქართველო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო] და შპს „ზღვის პროდუქტები“.

თავის მხრივ, კომპანია „ზღვის პროდუქტების“ 100% წილის მფლობელი არის „ჯორჯიან მარინ გრუპის“ დირექტორი დავით წიწილაშვილი.

საზღვაო თევზჭერის კუთხით ზემოაღნიშნული პროგრამების პარალელურად, მთავრობა აკვაკულტურის განვითარების მიზნით, ზღვაში [სპეციალურად გამოყოფილ ზონებში] შესაბამისი ფერმების მოწყობასაც გეგმავს. ეს ზონები კი მნიშვნელოვნად შეზღუდავს ადგილობრივ თევზმჭერთა ტრადიციულ საქმიანობას.

ქვეყანაში ამოქმედდა კანონი, რომლითაც საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური]. ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით, რომელიც შესაძლოა შემდეგ კიდევ გაგრძელდეს იმავე პერიოდით.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/329459/

 

მთავარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი / „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: