ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე

06.05.2021
გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე

ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს.

რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ.

„პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 წელს ჰქონდათ აღებული. ეს ერთგვარი შეღავათი იქნება მათთვის პანდემიის პირობებში. რაც შეეხება საიჯარო ქირას, ფასის ოდენობა აუდიტის შეფასების შემდეგ დადგინდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბულვარის ადმინისტრაციაში.

ბულვარის ინფორმაციით, აუქციონი გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ პლაჟის იმ სექტორზე გამოცხადდეს, რომლის იჯარით აღებაზეც წელს ყოფილი მოიჯარე ფიზიკური თუ იურიდიული პირი უარს იტყვის. „დამდეგ საზაფხულო სეზონისთვის ბულვარი მაქსიმალურად ემზადება“.

რაც შეეხება კვარიათსა და გონიოს, ამ დასახლებების პლაჟები ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს, სადაც დასაშვები ობიექტების სახეობებს ბათუმის საკრებულო განსაზღვრავს. დასაშვები ობიექტების ჩამონათვალში ბუნგალოები და სხვა კვების ობიექტები 2018 წლამდე არ იყო, თუმცა ასეთი ობიექტები გონიო-კვარიათში მაინც ფუნქციონირებდა.

ბათუმის საკრებულომ ზღვისპირა ზოლში [პლაჟთან] „ბუნგალოსა და დროებითი, მსუბუქი [გრუნტთან არამყარად დაკავშირებული] კონ­ს­ტრუქციის სხვა ობიექტების“ არსებობა 2018 წლის ივლისიდან დაუშვა.

მთავარი ფოტო: გონიო-კვარიათის პლაჟი /29.04.2021

კვარიათისა და გონიოს პლაჟები ბათუმის მერიას 41 სექტორად აქვს დაყოფილი, რომელთაგან ზოგ სექტორში დასაშვებია ბუნგალოსა თუ სხვა დროებითი ნაგებობის განთავსება, ზოგ სექტორში კი – არა.

ამ თემაზე ნახეთ სტატია „ბათუმელების“არქივიდან:

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: