მთავარი,სიახლეები

ვისარგებლებთ თუ ვერა ჯანდაცვის პროგრამებით 13 მაისამდე

06.05.2021 • 1312
ვისარგებლებთ თუ ვერა ჯანდაცვის პროგრამებით 13 მაისამდე

როგორ მუშაობს ჯანდაცვის პროგრამები, ვის უნდა მივმართოთ მაშინ, როცა სამთავრობო უწყებები 12 მაისის ჩათვლით ისვენებენ და სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია – ამ კითხვით „ბათუმელები“ ბათუმის მერიასა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

მერიის ინფორმაციით, უწყება მთლიანად გაჩერებულია და 12 მაისის ჩათვლით ყველა სამსახური ისვენებს. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მარინა რუხაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა.

მარინა რუხაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ხელი არ შეეშლებათ, რადგან მერიის ჯანდაცვის პროგრამები ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტებით დახმარებას ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტები კი მიმდინარე თვეში უკვე გაცემულია.

„მედიკამენტების გასანაწილებლად ჩვენ გვაქვს ორკვირიანი ვადა, რაც შემოტანილი იყო, უკვე გაცემულია. ჩვენი პროგრამები არ აფინანსებს გადაუდებელ საჭიროებებს. მაგრამ თუ არის მაინც რაიმე  გადაუდებელი შემთხვევა, მუშაობს ცხელი ხაზი და მეილი info@batumi.ge, რომელიც ყოველთვის მოწმდება. უნდა შემოიტანონ ამ მეილზე განაცხადი, გადამოწმდება და გამოუწერენ ვაუჩერს“,  – ამბობს მარინა რუხაძე.

მისივე ინფორმაციით, ვაუჩერის გატანა შეიძლება ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობიდან. მოქალაქემ განაცხადის შეტანიდან ორი კვირის ვადაში უნდა მიიღოს პასუხი:

„შეიძლება ასევე, რომ დაინტერესებულმა პირებმა, ვისაც დარჩება დეტალები გასარკვევი, დარეკონ 27 26 26 – ამ ნომერზე ყოველთვის გიპასუხებენ“.

27 26 26  – ეს არის მერის მისაღების ნომერი, რომელზეც, როგორც პროგრამების ბენეფიციარები ამბობენ, დასვენების დღეებში არ პასუხობენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ჯანდაცვის პროგრამები უქმე დღეებშიც მუშაობს და ხელმისაწვდომობას ყოველდღიურად ორი მორიგე სპეციალისტი უზრუნველყოფს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: