28 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

26 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1015 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 697 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 28 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 682 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 13 694 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 3940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი.

25 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.71%.

აჭარაში კოვიდის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 26 მაისი

26 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 436 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით და მათგან 13 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 284 ადამიანი იმყოფება.

„პირველივე დღიდან ჩვენ გვერდით არიან ძალიან განსხვავებული ადამიანები“ – მარიტა მუსელიანი

დღეს, 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ლიდერი, მარიტა მუსელიანი თბილისში, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას იმ ძალადობრივ შემთხვევებს გამოეხმაურა, რომლებიც აქციაზე მისულმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრებმა თბილისში გამართულ აქციებზე ჩაიდინეს.

საუბარია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე წინა დღეებში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, როცა მამა-შვილმა ფალავანდიშვილებმა ჯერ ქვიარსოლიდარობის გამომხატველი ბანერი გადატეხეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ადამიანებს, რომლებსაც ბანერი ეჭირათ. მეორე დღეს კი LGBT-სამკლაურიან აქციის მონაწილეს ჰესის საწინააღმდეგო აქციის დატოვება აიძულეს.

მარიტა მუსელიანმა აქციის მონაწილეებს ამ სიტყვებით მიმართა:

„ძალადობა საერთოდ მიუღებელია იმიტომ კი არა, რომ ასეთი გავრცელებული ფრაზაა ძალადობაზე, ასე მოდურია, მომგებიანი და ქულებს ვიწერთ ახლა ჩვენ ამით. „არა ძალადობას“ იმიტომ, რომ ეს მართალია, ასეა, მართლა არ შეიძლება ძალადობა და იმიტომ უნდა დავგმოთ ეს ჩვენ.

ძალადობა არავის მიმართ არ არის მისაღები, მისაღები კი არა დასაგმობია – მე ამის თქმა მინდა და ეს დაგმობა ჩვენგან უნდა იყოს აბსოლუტურად მკვეთრი, მთავრობისთვის და სოციალური ჯგუფებისთვის გასაგები ენით რომ ვილაპარაკოთ.

პირველივე დღიდან ჩვენ გვერდით არიან ძალიან განსხვავებული ადამიანები და მე მინდა დაგარწმუნოთ ყველანი, შემიძლია გითხრათ მთელი გულით და სულით, რომ არ მგონია თქვენ გყავდეთ იმდენი განსხვავებული ადამიანი ნანახი ამ ხნის მანძილზე, რამდენთანაც ჩვენ გვქონია შეხება.

ახლა რომ არ დავასახელო ჯგუფები და მით უმეტეს, პიროვნულად არ შევეხო ვინმეს, ეს არ მოხდება, მაგრამ ყველა მათგანის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჯგუფისგან, არც ერთი პიროვნებისგან ვინც ჩვენთან მოდიოდა, ჩვენ მხარდაჭერის მეტი არაფერი გვინახავს და როდესაც მათ ვუხსნიდით და ჩვენ გვიწევდა ამის გაკეთება ცალკეულ შემთხვევებში, რომ ეს „ურთიერთვერატანა“ ჩვენი საზოგადოებისთვის არის დამღუპველი მოვლენა და ეს [დაპირისპირების არსებობა] არის ის, რასაც ეყრდნობა ჩვენი მოწინააღმდეგე და ყოველ წუთში იყენებს ამას, როგორც კი შესაძლებლად ჩათვლიან, არის ჩვენთვის თავიდანვე, შინაგანად და მდგომარეობით მიუღებელი.

ამიტომ მე პირადად ნებისმიერ ადამიანთან  მაქვს გახსნილი ურთიერთობა, ნებისმიერ მათგანთან მილაპარაკია ჩემი პირადი პრობლემების შესახებ და ნებისმიერ მათგანთან  მქონია გულითადი ურთიერთობა და მათგანაც ვგრძნობ ზუსტად იმავეს.

ახლა კიდევ განვმეორდე შეიძლება, არავის ჩვენს ურთიერთობებში ჩარევის უფლება არა აქვს, მაგრამ ვერც იმას ვიზამთ, რომ საზოგადოების რომელიმე ჯგუფს მივაკეროთ, მაგალითად, ძალადობრივი ჯგუფის იარლიყი, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ნურავინ ნუ იძალადებს, იმიტომ, რომ ძალადობა არ შეიძლება და ნურავინ ნუ მისცემს ამ ძალადობის საფუძველს. გთხოვთ, რომ გავითვალისწინოთ და დავზოგოთ ერთმანეთი და ეს ყველაფერი სიყვარულით გავაკეთოთ“.

 

__

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/544062/

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სტადიონს საქართველოს დროშის ფერებით გაანათებენ

პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვროცლავის სტადიონი ქართული დროშის ფერებით განათდება.

ვროცლავი პირველი ქალაქი იქნება, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს, რადგან ღონისძიება დღეს, 25 მაისს, ღამის 10 საათზე დაიწყება, ანუ საქართველოს დროით ღამის 12 საათზე.

სტადიონზე შესრულდება საქართველოს ჰიმნიც.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ იმის საჩვენებლად, რომ ვროცლავსა და პოლონეთში ყოველთვის ახსოვთ ქართველები,” – ამბობს ვოიცეხ ვრობელი, საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში.

მისივე თქმით, ეს იქნება ყველაზე დიდი ქართული დროშა მსოფლიოში.

„ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს მრავალწლიან სტაბილურ განვითარებას, ევროპული მისწრაფებების შესრულებას, ასევე მეგობრობასა და თანამშრომლობას ყველა ჩვენგანთან,“ – ევა გობ-ნოვაკოვსკა, მერიის საგარეო ურთიერთობათა ოფისის დირექტორი ვროცლავში.

ვროცლავის საფეხბურთო სტადიონი აშენდა 2009-2011 წლებში სპეციალურად ევრო 2012-თვის. იგი 42 771 მაყურებელს იტევს.

 

მფრინავი ბავშვები ბორბლებზე ბათუმის სკეიტპარკიდან [Video]

ბათუმის ბულვარის სკეიტპარკი არდაგანის ტბის სიახლოვესაა გაშენებული. საღამოობით აქ ბავშვები, ახალგაზრდები იკრიბებიან და გვიან ღამემდე რჩებიან. ძირითადად სკეიტერები, გოროგოლაჭიანები და ველოსიპედისტები იკრიბებიან, თვითგორიებითაც [სქროლებით] დასრიალებენ.

უსაფრთხო არ არის სკეიტპარკი გამოცდილი მოსრიალეებისთვის: ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ შემაღლებული ადგილების კიდეები და კუთხეები ბასრი და წვეტიანია, წაქცევის შემთხვევაშიც არ არის ტერიტორია სახარბიელოდ მოპირკეთებული – ბეტონის საფარი არაფრითაა დაფარული და რბილი ადგილები აქ არსადაა დამწყები მოსრიალეებისთვის.

მიუხედავად ამ დეტალებისა, მოზარდები აქ კარგად ერთობიან. მეტიც, ამბობენ, რომ სკეიტპარკმა მათი ცხოვრება შეცვალა, გაჯეტებს მოწყვიტა და ნამდვილი მეგობრები შესძინა.

პირველად მისულს შეიძლება შეგეშინდეს – ექსტრემალი მოზარდები რთულ ილეთებს აკეთებენ. გული მიგდის და გგონია, რომ ეს-ესაა რამეს დაიშავებენ, მაგრამ ისე კარგად არიან გაწაფულები, ისე თავდაჯერებულად ტრიალებენ ჰაერში, რომ ოდნავადაც არ ეშინიათ ტრავმების, გეუბნებიან, რომ ექსტრემალისთვის ტრავმა არაფერია და ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა მათთვის.

ექსტრემალები ბათუმის სკეიტპარკიდან

რაც დრო გადის, სკეიტპარკს მით უფრო მეტი ახალგაზრდა აკითხავს. როლერები და სკეიტერები გვეუბნებიან, რომ მომცრო ტერიტორიაზე გაშენებული პარკი მათ მოთხოვნებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს.

ბავშვები  უფრო დიდი და კეთილმოწყობილი პარკის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საუბრობენ.

12 წლის ბარბარე დავითაძე 5 თვეა რაც გორგოლაჭებზე დგას და უკვე ისეთ ილეთებს აკეთებს ჰაერში, გეგონება წლებია სრიალებს. ამბობს, რომ ექსტრემალურმა სრიალმა შიშის დაძლევა ასწავლა და სკეიტპარკი მისთვის იქცა ადგილად, რომლის გარეშეც ვეღარ ძლებს.

„აქ ბევრი მეგობარი შევიძინე, მათ შიში დამაძლევინეს და ბევრი რამ მასწავლეს, მარტო ამას ვერ შევძლებდი. ყველა ბავშვს ვეტყოდი, რომ მოვიდნენ, ყველაფრის სწავლაში დაგეხმარებით. მინდა ეს პარკი გაფართოვდეს, ან სხვა სკეიტპარკებიც გაკეთდეს. ეს სივრცე პატარაა, აღარ გვყოფნის, ბევრნი ვართ,“ – ამბობს ბარბარე.

ბარბარე დავითაძე, 11 წლის

12 წლის გაბრიელ ხახნელიძეც თითქმის ყოველ საღამოს ბულვარის სკეიტპარკში ატარებს. ორწელიწად-ნახევარია გორგოლაჭებით სრიალებს. თავიდან ძალიან ეშინოდა, მაგრამ ამბობს, რომ რაზეც ადრე გული მისდიოდა შიშისგან, ახლა არაფრად ეჩვენება.

„შეიძლება წაიქცე, რამე დაიზიანო, მაგრამ როცა სრიალებ, ამისთვის მზად ხარ. გორგოლაჭებით სრიალს სანამ ვისწავლიდი, საშინელება იყო ჩემი ცხოვრება: სკოლა, სახლი, ტელეფონი, სკოლა, სახლი, ტელეფონი… სკეიტპარკმა ჩემი ცხოვრება გაანათა.

ვირტუალურ მეგობრებს და ნამდვილ მეგობრებს შორის სხვაობა დავინახე, როცა მართლა ერთად ატარებ დროს, მეგობრები სულ სხვა ბედნიერებაა.

ბულვარის ადმინისტრაციას ვთხოვთ, კიდევ გვაჩუქოს დიდი და უფრო მრავალფეროვანი პარკი, ჩვენ უკვე ბევრნი ვართ, აქ აღარ ვეტევით,“ – ამბობს გაბრიელი.

11 წლის ელენე მექვაბიშვილი 6, 7 წლიდან სრიალებს გორგოლაჭებით. ამბობს, რომ კარანტინის პერიოდში დიდ დროს ატარებდა სკეიტპარკში. ყოველ საღამოს გამოდის, რომ ახალი ილეთები ისწავლოს.

დიმიტრი გოგობერიშვილიც გორგოლაჭებით მოსრიალეა. 11 წლის ბიჭი ბავშვებს ურჩევს დატოვონ სახლში სმარტფონები და ბულვარის სკეიტპარკს შეუერთდნენ.

სკეიტპარკი ბათუმში

„იუთუბიზე ვუყურებ ხშირად, როგორი სკეიტპარკებია უცხოეთში. ჩემთვის საოცნებოპ სკეიტპარკი არის დიდი, გადახურული და განათებული, არა ქვით, არამედ ხით ნაშენები – კარგად რომ სრიალებს, ისეთი. დამწყებებისთვის ასეთ პარკებში აუცილებლად უნდა იყოს რბილი მასალით დაფარული ზედაპირი – ტრავმების თავიდან ასაცილებლად.

ვისაც ეს ეხება, მინდა ვთხოვო, რომ გაგვიკეთონ უფრო დიდი პარკი ან დაამატონ კიდევ რამდენიმე ადგილზე ბათუმში.

ერთი სკეიტპარკი საკმარისი არ არის. ქალაქის მეორე ბოლოში ვინც ცხოვრობს, მათთვის ეს პარკი შორსაა და შეიძლება ვერც მოვიდეს აქამდე. ორი ან სამი დიდი სკეიტპარკი მაინც უნდა იყოს,“ -ამბობს დიმიტრი გოგობერიშვილი.

სკეიტპარკში შეხვდებით 4, 5 წლის ბავშვებსაც და 20, 25 წლის ახალგაზრდებსაც, თუმცა სკეიტბორდებით მოსრიალეებმა გვითხრეს, რომ 4, 5 წლის ბავშვების ყოფნა პარკის ტერიტორიაზე დასაშვები არ უნდა იყოს, საშიშია. მათ სურთ, სადმე აბრა იყოს გამოკრული, რაც მშობლებს მიანიშნებს, რომ პატარებისთვის აქ სახიფათო გარემოა.

ხშირად მშობლებს თავად შეჰყავთ პარკის ტერიტორიაზე სასეირნოდ პატარა ბავშვები და ვერ ითვალისწინებენ, რომ ექსტრემალი მოსრიალეებისთვის განკუთვნილი სკეიტპარკი პატარა ბავშვებისთვის სახიფათოა.

ექსტრემალური ტურიზმი უჩხოს ხეობაში – სააგენტო კანიონინგის აღჭურვილობას ყიდულობს

„აჭარაში კანიონინგის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სერვისების შექმნა-გამართვის მიზნით“, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კანიონინგის სპეციალურ აღჭურვილობას ყიდულობს.

„სოფელ უჩხოში [ხულოს მუნიციპალიტეტი] არსებულ კასკადოვან ჩანჩქერებს გააჩნია კანიონინგის პოტენციალი. კანიონინგი სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და მსგავსი ტურისტული პროდუქტის შექმნა ხეობაში ტურიზმის დარგის განვითარებას და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად დადებითად აისახება ადგილობრივების ეკონომიურ კეთილდღეობაზე“ – აღნიშნულია სააგენტოს სატენდერო განაცხადში.

ტენდერის მიხედვით სააგენტო სხვადასხვა რაოდენობის სპეციალურ აღჭურვილობას შეიძენს, როგორც სტუმრებისთვის, ასევე კანიონერი გიდისთვის [კანიონინგის ქურთუკი, შარვალი, წინდები, ჩაფხუტი; კანიონინგის დაცვის ქამარი, დასაშვები „რვიანი“, კანიონინგის ორმაგი ღვედი, კარაბინები. ასევე, წყლის სათვალე, პროგრესის შემაჩერებელი გორგოლაჭი, დასაშვები მოწყობილობა, დამხმარე თოკი და სხვა].

წინადადებების მიღება 2021 წლის 31 მაისს დაიწყება და 2 ივნისს დასრულდება, სპეცაღჭურვილობა კი ტენდერში გამარჯვებულმა სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.

ამავე თემაზე:

აჭარაში კასკადოვან ჩანჩქერებზე თოკით დაშვება იქნება შესაძლებელი [ფოტო]

გენდერული სტერეოტიპები – დისკუსია ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დისკუსიის ჩატარების იდეის კონკურსში აჭარის 10 სკოლა შეარჩია.

კონკურსის იდეა ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციის/დისკუსიის ჩატარებას გულისხმობდა.

შერჩევის პროცესში მონაწილეობდნენ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის რესურსცენტრებისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

გამარჯვებული სკოლები:

[checklist]

  • დანისპარაულის საჯარო სკოლა ( ხულო)
  • განახლების საჯარო სკოლა (ხულო)
  • ხაბელაშვილების საჯარო სკოლა (შუახევი)
  • ცხემლისის საჯარო სკოლა (შუახევი)
  • დაბა ქედის საჯარო სკოლა
  • მერისის საჯარო სკოლა (ქედა)
  • მახინჯაურის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)
  • მახოს საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)
  • ქობულეთის №5 საჯარო სკოლა
  • ლეღვას №2 საჯარო სკოლა (ქობულეთი)

[/checklist]

შერჩეულ სკოლებში შეხვედრების თემა განსხვავებულია და კონკრეტული სოფლის აქტუალურ პრობლემებს ეხება.

პირველი შეხვედრა ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში გაიმართა.

გენდერული სტერეოტიპების თემაზე ამავე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე ესაუბრა.

შეხვედრა ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში

დისკუსიას მოდერაციას უწევდა ხაბელაშვილების სკოლის პედაგოგი სოფიკო ბრეგვაძე, რომელიც შეხვედრის თემატიკის იდეის ავტორია.

დისკუსიის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები და პედაგოგები.

თამთა კახაბერიძის თქმით, სკოლებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავად შეერჩიათ სასურველი სადისკუსიო თემა, ამ პროცესში მასწავლებლების ჩართულობა და მათ მიერ არაფორმალური განათლების წახალისება კი ძალიან მნიშვნელოვანია.

„მახსოვს, ადრე სკოლები, მასწავლებლები სკეპტიკურად უყურებდნენ არაფორმალური განათლების ფორმებს, თითქოს ვინმე ცდილობდა კონკურენცია გაეწია მათი როლისა და საგაკვეთილო პროცესისთვის. არადა, ეს ორი სრულიად დამოუკიდებელი მიმართულებებია და არის თემები, რომელთა განხილვა სწორედ არაფორმალურ გარემოში, ღია დისკუსიის ფარგლებში უფრო ნაყოფიერია მოსწავლეებისთვის. მათ უნდა შეეძლოთ თამამად გამოთქვან განსხვავებული აზრი, დასვან კრიტიკული კითხვები და ეს უნდა იყოს წახალისებული,“ – ამბობს თამთა.

შეხვედრა ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში

მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ისაუბრეს გამოცდილებაზე გენდერული ნიშნით არსებულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით, გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.

„მოსწავლეებს მოვუყევი ჩემი პირადი მაგალითები სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესახებ, მათ შორის ისეთები, რომლებსაც სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცეში გადავაწყდი. აღმოჩნდა, რომ რიგი სიტუაციებისა, მათთვისაც არ იყო უცხო და გამიხარდა, რომ თავადაც არ შეუშინდნენ თავიანთი პირადი მაგალითების საჯაროდ განხილვას,“ – ამბობს თამთა.

შეხვედრა ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში

„მსგავსი ერთჯერადი შეხვედრებით და დისკუსიებით, შესაძლოა, კონკრეტულ საკითხზე სიღრმისეული ცოდნა ვერ მივცეთ მოსწავლეებს, ვერ დავარწმუნოთ რაიმე აზრის სისწორეში ან პრიქით, მაგრამ, ვფიქრობ, მიზანი ეს არც უნდა იყოს. მიზანი არა „სწორი პასუხების“ სწავლებაა მათთვის, არამედ კითხვების გაჩენა, ბევრი კითხვის და საკითხის განსხვავებული პერსპექტივებიდან დანახვის შესაძლებლობა. ამ კითხვებიდან მათთვის სწორ პასუხებამდე კი თავად უნდა მივიდნენ. ამ პროცესში როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი როლი აქვს,“ – ამბობს თამთა კახაბერიძე.

აღნიშნული აქტივობები იმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ, პროექტის  – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

ოფიცერი ქალი 45 წლის გახდა და ჯარიდან დაითხოვეს, ის პარლამენტს უჩივის

ეკატერინე ჩერქეზიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. იგი სამხედრო მოსამსახურე იყო და სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, როცა 45 წლის გახდა.

კანონით დადგენილი ზღვრული ასაკი 45 წელია უმცროსი ოფიცრებისთვის, რასაც ეკატერინე ჩერქეზიშვილმა 2019 წელს მიაღწია. იგი 2019 წლის 19 თებერვალს გაათავისუფლეს. ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ დისკრიმინაციულია იმ ნაწილში, სადაც ზღვრული ასაკია დადგენილი. „ეს არღვევს თანასწორობის პრინციპს“, – მიიჩნევს მოსარჩელე.

კანონის მიხედვით, რიგითების, კაპრალების და სერჟანტების ზღვრული ასაკი 50 წელია, პოლკოვნიკისთვის კი –  55 წელი.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ იგი უმცროსი ოფიცრის თანამდებობით იკავებდა კაპიტნის წოდებას, რომლის უშუალო მოვალეობას უფროსი ოფიცრისაგან დავალების მიღება და დავალების შემსრულებლისთვის გადაცემა წარმოადგენს. ეს თანამდებობა არ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას, განსხვავებით მის ქვემოთ მდგომი სამხედრო მოსამსახურეების − კაპრალისა, უმცროსი სერჟანტისა და უფროსი სერჟანტისა, რომელთა საქმიანობა ეფუძნება ფიზიკურ დატვირთვას.

ეკატერინე ჩერქეზიშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცენტრალური საკომანდო პუნქტის S-6-ის ოფიცრის თანამდებობა ეკავა.

„სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს, შესაძლოა, წარმოადგენდეს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების გამართული ფუნქციონირება და უსაფრთხოება, მაგრამ ამგვარი ბლანკეტური შეზღუდვა ვერ იქნება მიჩნეული დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად,“ – მიიჩნევს ეკატერინე ჩერქეზიშვილი. ის აპროტესტებს იმას, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ინდივიდუალური შემოწმების შესაძლებლობას და ვრცელდება ყველა უმცროს ოფიცერზე.

ვარძიის კონსერვაციის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიიღო

დღეს, 25 მაისს, ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.

გამარჯვებულებს შორისაა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის პროაქტიული კონსერვაციის და მონიტორინგის სისტემის პროექტი, კატეგორიაში – კონსერვაცია.

პროექტი დააფინანსა საქართველოს მთავრობამ და ფონდმა „ქართუმ“. პროექტის პარტნიორი იყო იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტი. 

2021 წლის გამარჯვებულები ონლაინღონისძიებაზე  დაასახელეს მარია გაბრიელმა, ევროკომისარი ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით და ჰერმან პარცინგერმა, ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა.

მემკვიდრეობის მხარდამჭერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალება ეძლევათ ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი.

საზოგადოების რჩეულის ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 2021 წლის შემოდგომაზე. გრან-პრის მფლობელებიც ამ პერიოდში გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 10 000 ევროს  მიიღებს ფულადი პრიზის სახით.

ვარძიის პროექტი ერთადერთი პროექტი არ არის საქართველოდან, რომელსაც „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო აქვს. 2019 წელს „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოიპოვა ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა.

„ევროპა ნოსტრა“ წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. ევროპა ნოსტრა დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია.

________________

ფოტო: ვიკიპედია

რა არის საჭირო დიეტასთან ერთად წონაში დასაკლებად – ექიმის რჩევები

სიმსუქნე და ჭარბი წონა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რადგან იგი ჯანმრთელობის სხვა, მძიმე გართულებების მიზეზიც ხდება.

არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა მთავარი რისკ-ფაქტორებია ისეთი მნიშვნელოვანი არაგადამდები დაავადებებისათვის, როგორიცაა კარდიოვასკულური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

ჭარბ წონასთან საბრძოლველად თვითნებურ დიეტას დღემდე ხშირად მიმართავენ, თუმცა ამით ბევრი ადამიანი  იზიანებს ჯანმრთელობას. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომლებიც წონის კორექციას თვითნებურად ცდილობენ? – “ბათუმელების” კითხვებს ექიმი ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა პასუხობს.

  • რა არის ოპტიმალური ვადა წონის დასაკლებად?

სტანდარტულად მოცემულია, რომ 2-3 კვირის განმავლობაში უნდა დავიკლოთ მთლიანი მასის დაახლოებით 5%.

მაგალითად, თუ ადამიანი არის 100 კგ, სამედიცინო თვალსაზრისით მოცემულია, რომ კლება 2-3 კვირის განმავლობაში იყოს 5 კილოგრამი, მაგრამ როდესაც დიეტაზე გადასვლის შედეგად ადამიანი იწყებს წონაში კლებას, იწყება ორგანიზმიდან  ზედმეტი სითხის დაცლა და ამ შემთხვევაში კლების ტენდენცია შეიძლება ცოტა მეტიც იყოს.

საქმე ის არის, რომ ეს კლება ხდება სითხის და არა ცხიმის ხარჯზე. მას შემდეგ, რაც ზედმეტი სითხისგან დაიცლება ორგანიზმი, შედარებით უფრო შენელებული ტემპით მიმდინარეობს კლება, რასაც ცხიმის წვას ვეძახით.

კლების ტენდენცია ზოგადად ინდივიდუალურია, გააჩნია პაციენტს, არის თუ არა რაიმე დარღვევები ორგანიზმში, რის გამოც შეიძლება უფრო დროში გაწელილი, ნელი ტემპით კლების ტენდენცია იყოს.

არის შემთხვევები, როცა სწრაფად არის საჭირო წონის დაკლება, მაგალითად, როცა ადამიანს სწრაფი ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში გამონაკლისის  სახით შეიძლება დახმარება, რომ მეტი კლებაც მოხდეს.

  • კვების რაციონში გარკვეული შეზღუდვების პარალელურად რა ქცევა, ჩვევა უნდა შეიმუშაონ ადამიანებმა?

პირველ რიგში, ეს არის ძილის რეჟიმის მოწესრიგება, იმიტომ, რომ ძილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მეტაბოლიზმთან მიმართებაში.

აქედან გამომდინარე, დაახლოებით 7-8-საათიანი ძილის რეჟიმი უნდა იყოს, მაგრამ გააჩნია დროს. ღამის 3-4 საათზე თუ დავიძინებთ და აქედან ავითვლით დროს, არ არის სწორი. დაახლოებით 12 საათზე უნდა ვიწყებდეთ ძილს.

საჭიროა წყლის მიღება, დაახლოებით ლიტრ-ნახევარი და მეტი, გააჩნია წონას და სქესსაც, მამაკაცებს უფრო მეტი სითხის მიღება სჭირდებათ.

ასევე მნიშვნელოვანია კვების რაციონი დარეგულირდეს ისე, რომ არ დაგავიწყდეთ საკვების მიღების ჯერადობის გათვალისწინება. დღის განმავლობაში 3-4-საათიანი ინტერვალი უნდა იყოს კვებას შორის დაცული და საჭიროა დოზირებული ფიზიკური აქტივობა.

დოზირებულს იმიტომ ვამბობ, რომ ეს ყველასთან ინდივიდუალურია. ძალიან დიდი წონა თუ აქვს ადამიანს, აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას არ ვურჩევთ ხოლმე თავიდანვე, რადგან დიდი ზეწოლაა ხერხემალსა და სახსროვან სისტემაზე. სასურველია ჯერ ცოტა დავიკლოთ  და შემდეგ გავაძლიეროთ აქტივობა, მაგრამ სწრაფი ნაბიჯით სიარული ყველასთვის არის დაშვებული და ძუნძული, როცა უკვე შეიფერთხება მაღალი წონა.

მაშინაც კი, როცა თავიდანვე დიდი წონა არ არის, ფიზიკური დატვირთვის გაზრდა უნდა მოხდეს ნელ-ნელა, პირველივე დღეს ერთ საათს ნუ ვივარჯიშებთ, თავიდან 10-15 წუთით დავიწყოთ და ყოველდღიურად მცირედით გავახანგრძლივოთ მაქსიმუმ მაჩვენებლამდე.

  • რამდენად საზიანოა წონის დაკლების მიზნით გახანგრძლივებული მონოდიეტა, ანუ მხოლოდ ერთი პროდუქტის მიღება გარკვეული დროის მანძილზე?

ზოგადად, მონოდიეტები რეკომენდებული არ არის. მათი გამოყენება შეიძლება, როცა ძალიან სწრაფად გინდა რაღაც ეფექტის მიღება, ეს  შეიძლება იყოს ერთკვირიანი და არა მეტი.

2-3-დღიანი შეიძლება იყოს მონოცილოვანი კვება, ანუ როცა მხოლოდ რძეთი ან კეფირით  იკვებება ადამიანი. ზოგადად, ცილოვანი საკვების დიეტა 10-დღიანიც შეიძლება. საქმე ის არის, რომ ორგანიზმს აკლდება სხვა ისეთი ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ წიწიბურასა და მაწონში არ იყოს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ორგანიზმს სჭირდება და ამან შეიძლება გარკვეული ვიტამინების დეფიციტი გამოიწვიოს.

აქედან გამომდინარე მონოდიეტა შეიძლება გამოვიყენოთ ხანმოკლედ და არავითარ შემთხვევაში ხანგრძლივად, რადგან შესაძლოა სხვადასხვა ცვლილება გამოიწვიოს ორგანიზმში.

ვეცადოთ მაქსიმალურად მონოდიეტებით ნუ დავიტვირთებით, წონის კორექციისთვის უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვიყოთ ორიენტირებულნი – გვქონდეს ჯერადი კვების რაციონი, წყალი რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მივაწოდოთ ორგანიზმს, გვქონდეს ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ხოლო  მონოდიეტა შეიძლება გამონაკლისის სახით, ისიც მცირე ხნის განმავლობაში, მაგრამ შემდგომ კვლავ ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა დავუბრუნდეთ.

  •   რომელია ყველაზე მავნე პროდუქტები ჩვენი ყოველდღიური რაციონიდან? მაგალითად, მაიონეზი, რომელთა სრულად ამოღება რაციონიდან არაფერს გვავნებს და დაგვეხმარება კიდეც. 

პირველი – ეს არის შაქარი, რომლის ამოღებაც კვების რაციონიდან საერთოდ არაფერს დაუშავებს ორგანიზმს და ძალიან კარგი იქნება.

მეორე – ეს არის მარილი, რომელიც რაც შეიძლება შემცირებული რაოდენობით უნდა იყოს ორგანიზმში.

მესამე – ეს არის თეთრი ცომისგან დამზადებული პროდუქტები, რომლებიც შედარებით მაღალკალორიულ პროდუქტებად მიიჩნევა.

მეოთხე – ეს არის უკვე ტრანსცხიმებით გაჯერებული ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ჩიფსი, კრეკერი, რომლებშიც ბევრი ემულგატორი, ბევრი დანამატია და გაზიანი სასმელები, რომლებიც საერთოდ არ არის რეკომენდებული ჩვენი ორგანიზმისთვის.

პროსტატის კიბოს მკურნალობა უახლესი მეთოდით და უოპერაციოდ

პროსტატის კიბო ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საუკეთესო გამოსავალი ამ დაავადების პრევენციისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად ადრეული სკრინინგია, რასაც, სამწუხაროდ, ნაკლებად მიმართავენ მამაკაცები.

პრობლემის დროულად გამოვლენის შემთხვევაში არსებობს უახლესი მეთოდი, რითაც პროსტატის კიბო სრულად, ოპერაციული ჩარევის გარეშე 1 დღეში ქრება რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის აპარატის, Focal ONE რუთი მეშვეობით.

ფრანგული კომპანია EDAP TMS -ის მიერ შემუშავებული ეს რევოლუციური სიახლე, პროსტატის კიბოს სკრინინგის უახლეს მეთოდებთან ერთად უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, კერძოდ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ დაარსებულ თბილისსა და ბათუმში მდებარე „ემ ემ ტე ჰოსპიტლის“ ქსელში.

პროსტატის კიბოს მკურნალობისა და დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდებზე პროფესორი, უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი საუბრობს.

ემ ემ ტე ჰოსპიტალის დამფუძნებელი, უროლოგი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი
ემ ემ ტე ჰოსპიტალის დამფუძნებელი, უროლოგი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი
  • ბატონო გურამ, დასაწყისისთვის გვითხარით, რამდენად გავრცელებული დაავადებაა პროსტატის კიბო და მკურნალობის დაგეგმვისას რა არის გასათვალისწინებელი?

პროსტატის კიბო ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა მამაკაცებში. სტატისტიკის მიხედვით შემდეგ მოდის შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბო.

ეს არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე, რომლის მკურნალობის მეთოდის შერჩევისას აუცილებელია სიმსივნის სტადიის, პაციენტის ასაკის, გართულებების, რისკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინება.

პროსტატის სპეციფიკური, ანტიგენის დონის განსაზღვრა პირველი ნაბიჯია პროსტატის კიბოს სკრინინგში.

ხშირად პაციენტს აქვს არჩევანი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს შორის.

პროსტატის კიბოს მკურნალობაში უდიდესი მიღწევა და სიახლეა რობოტული მკურნალობის მეთოდი Focal ONE რუთი აპარატით – ეს ინოვაციური მეთოდი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი ახლა ინერგება. საქართველოში „ემ ემ ტე ჰოსპიტლის“ კლინიკებში, პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრში ამ მეთოდით მკურნალობა უკვე დაიწყო.

2020 წლის ბოლოს მკურნალობის რობოტული მეთოდი აშშ-ს წამყვან კლინიკებსა და საქართველოს „ემ ემ ტე ჰოსპიტალში“ ერთდროულად დაინერგა.

  • როგორ მუშაობს რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის აპარატი Focal ONE რუთი?

Focal ONE რუთი რობოტული მეთოდით კიბო 1 დღეში, უოპერაციოდ, სხივური და ჰორმონალური თერაპიის გარეშე ნადგურდება.

პაციენტის პროსტატაში ვლინდება საეჭვო უბნები, ხანდახან საჭიროა ბიოფსია და დამიზნებით ფიუჟენ [fusion] ანუ შერწყმული ბიოფსია ინიშნება. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით მაგნიტური რეზონანსითაც ვსწავლობთ სიმსივნეს და პარალელურად მიკროექოსკოპიით კონტროლიც ხორციელდება.

რუთი იძლევა დეტალურ 3D გამოსახულებებს, რითაც ვადგენთ პროსტატის დაავადებული ქსოვილის ზუსტ კონტურებს. ექიმი ინსტრუქციას აძლევს რობოტს, ის კი მილიმეტრებამდე განსაზღვრული ზუსტი მოძრაობებით ულტრაბგერითი ტალღების მიწოდებას სრულ ფოკუსირებას ახდენს სიმსივნურ კერებზე. სწორედ ეს ფოკუსირებული ულტრაბგერა ანადგურებს კიბოს უჯრედებს.

სისტემა იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ ანადგურებს პროსტატის მხოლოდ დაავადებულ ნაწილს, ჯანმრთელი ქსოვილი კი დაუზიანებელი რჩება. პროსტატის კიბოს შემთხვევაში დგება იდეალური შედეგი, რადგან ის სხეულის ზედაპირთან ახლოსაა.

  • რა არის Focal ONE რუთი უპირატესობა პროსტატის კიბოს მკურნალობის აქამდე ცნობილ მეთოდებთან შედარებით?

Focal ONE რუთი გამოყენებით შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის თავიდან არიდება კიბოს სრული ლიკვიდაციით. ამ მეთოდით მკურნალობისას სრულად ნარჩუნდება მამაკაცის ცხოვრების ხარისხი, რაც გულისხმობს სქესობრივი ფუნქციის, შარდის შეკავების უნარის შენარჩუნებას. რუთით მკურნალობის მეთოდისგან განსხვავებით კი ქირურგიულ ჩარევას ახლავს არაერთი რისკი.

გარდა ქირურგიული ჩარევისა, ვიცით, რომ არსებობს სხივური თერაპიაც პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. ხშირად საჭიროა მაღალი კონცენტრაციით დასხივება, რასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი მნიშვნელოვანი გართულებები, სხივურთან ერთად აუცილებელია ხოლმე ჰორმონოთერაპიის გამოყენებაც, რაც ასევე რისკებთან არის დაკავშირებული.

Focal ONE რუთი იძლევა საშუალებას ამ მასშტაბური, რთული სამედიცინო ჩარევებისგან  დავიცვათ პაციენტი და ხშირ შემთხვევებში, პროსტატის კიბოს საწყის ეტაპზე მარტივად მივაღწიოთ მიზანს.

  • რა გვერდითი მოვლენები აქვს Focal ONE რუთი მეთოდით მკურნალობას პროსტატის კიბოს დროს, რისთვის უნდა იყოს მზად პაციენტი მკურნალობის შემდეგ?

რუთის მეთოდით მკურნალობისას ანესთეზიას ვუტარებთ პაციენტებს, რადგან ამ დროს ცხელდება ის ადგილი, რისკენაც მივმართავთ სრული ფოკუსით ულტრაბგერას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მრავალჯერადი პროცესი, არც ოპერაცია, რუთის მეთოდი ეს არის ერთჯერადი მანიპულაცია, პროცედურა, რომელიც შეიძლება 2 საათსაც გაგრძელდეს.

პროცედურის შემდეგ პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში და არ აქვს არანაირი გართულებები, კვლევებით ეს დადასტურებული არ არის.

  • რა შემთხვევაშია რუთის მეთოდით ჩარევა რეკომენდებული, რომელ სტადიაზე აქვს რუთით მკურნალობის მეთოდს შედეგი და რომელზე აღარ?

ძირითადად რუთით ვმკურნალობთ პროსტატის კიბოს საწყის სტადიებს, როცა პროსტატის ფარგლებშია სიმსივნე და აგრესიულობითაც არ გამოირჩევა, როცა მასშტაბური ჩარევები არაა საჭირო.

რაც შეეხება ასაკს, ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს, რადგან ეს არ არის ოპერაცია, ეს არის ულტრაბგერითი აბლაცია, რაც ყოველგვარი გაკვეთის გარეშე ხორციელდება. რისკები ამ უახლეს მეთოდს ფაქტობრივად არ აქვს. გვყოლია 80 წელს გადაცილებული პაციენტები, გვყავდა 40 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებიც.

ემ ემ ტე ლაიფლაინის გუნდი ბათუმში
  • რა ასაკში უვითარდებათ მამაკაცებს ძირითადად პროსტატის კიბო და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ მათ ექიმს გართულებების თავიდან ასაცილებლად?

პროსტატის კიბოს რისკები 50 წლის შემდეგ ჩნდება, თუმცა 45 წლიდანაც გვხვდება ეს დაავადება. ადრეული დიაგნოსტიკა სწორედ ამ ასაკიდანაა სასურველი. ჩვენ არამხოლოდ ფოკალ ვან რუთის სიახლე გვაქვს, არამედ პროსტატის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაშიც გვაქვს სიახლეები. შეიცვალა საერთაშორისო რეკომენდაციებიც.

პროსტატის კიბოს პრევენცია მამაკაცმა მაშინ უნდა დაიწყოს, სანამ მას რაიმე შეაწუხებს, სასურველია 45 წლიდან წელიწადში ერთხელ მამაკაცმა ჩაიტაროს სკრინინგი, მით უფრო თუ არსებობს გენეტიკური განპირობებულობა: თუ იგივე დაავადება ჰქონდა მამას, ბიძას ან ბაბუას.

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება მაღალტექნოლოგიური ვიზუალური დიაგნოსტიკის საშუალებები. დღემდე ეს იყო ძირითადად მაგნიტური რეზონანსი, მაგრამ უახლესი მეთოდი დიაგნოსტიკისა არის მიკროსკოპული ექოსკოპია.

ექოსკოპია კი ჰქვია, მაგრამ ტრადიციული ექოსკოპიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და მისი სიზუსტე რიგ შემთხვევებში შეიძლება აჭარბებდეს მაგნიტური რეზონანსის სიზუსტეს. არის მოლოდინი, რომ რიგ შემთხვევებში მიკროსკოპულმა ექოსკოპიამ შესაძლოა ჩაანაცვლოს კიდეც მაგნიტური რეზონანსი.

დღემდე ჩემი კოლეგები დიაგნოსტიკისთვის, ფიუჟენ ბიოფსიის ჩასატარებლად უცხოეთში უშვებენ პაციენტებს, მაგრამ უკვე არის ეს შესაძლებელია საქართველოშიც ეს კვლევა, „ემ ემ ტე ჰოსპიტალში“.

  • რით განსხვავდება ფიუჟენ ბიოფსია ჩვეულებრივი ბიოფსიისგან?

ეს არის მიკროსკოპული ექოსკოპიის და მაგნიტური რეზონანსის ერთობლივი, დამიზნებითი დაკვირვება კიბოზე. ამაზე მაღალი სტანდარტი დღეს არ არსებობს, სიმსივნეს ერთდროულად მიკროსკოპული ექოსკოპიითაც აკვირდები და მაგნიტური რეზონანსის საშუალებითაც და ამ დროს ზუსტად იმ უბნებიდან ახდენ ბიოფსტატის აღებას, სადაც სიმსივნის არსებობაა საეჭვო.

„ემ ემ ტე ჰოსპიტალში“ გვაქვს უკვე პროსტატის კიბოს გამოვლენის, დეტექციისთვის, სკრინინგის და ადრეული დიაგნოსტიკისთვის:

  • მიკროსკოპული ექოსკოპია
  • ფიუჟენ ბიოფსია

ხოლო კიბოს ადრეულ სტადიაზე სიმსივნის გამოვლენისას გვაქვს საშუალება Focal ONE რუთი მეთოდით მკურნალობის, რომლის საშუალებითაც რეალობაა უოპერაციოდ, ცხოვრების ხარისხის დაუზიანებლად, ფუნქციის შენარჩუნებით მკურნალობა.

ეს ყველაფერი დღეს საქართველოშია. ჩვენ ლიდერები ვართ ამ მხრივ არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში მთლიანად. სტამბოლშიც კი არ არის ჯერ დანერგილი ერთდროულად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეს უახლესი მეთოდები ერთობლივად.

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი ბათუმში
ემ-ემ-ტე ლაიფლაინი ბათუმში

დაწყებითის მასწავლებლებს გარემოსა და აგრარულ საკითხებში გადაამზადებენ

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელს გადაამზადებენ გარემოს დაცვისა და აგრარული საკითხების მიმართულებით.

მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ამბობს, რომ მასწავლებლების გადამზადებისთვის შეიქმნება დამატებითი რესურსები, მათ შორის რვა სახელმძღვანელო. თუმცა როდის, არ აკონკრეტებს. ასევე უცნობია, როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება მასწავლებლების ტრენინგები.

როგორც მასწავლებლის სახლში გვეუბნებიან, აგრარული საკითხების ერთ-ერთი თემაა, როგორ მოჰყავთ ბიოპროდუქტები.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ამ სფეროში მასწავლებლების გადამზადება, ცენტრში გვეუბნებიან, რომ ეს „გარემოსდაცვითი განათლების ნაწილია“ და ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ესგ-ში) გამჭოლი კომპეტენციის თემად არის განსაზღვრული. „არის ასაკისთვის შესაფერისი სახალისო აქტივობებით დატვირთული წიგნი“-გვეუბნებიან ცენტრში.

ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმი მასწავლებლის სახლსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის დღეს, 25 მაისს, გაფორმდა.

გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე ელექტრონული სახელმძღვანელო იხილეთ აქ.

რა ვაქცინები შემოვა მალე – ამირან გამყრელიძის განმარტება

„43 ათასამდე აქსტრაზენეკა უნდა შემოვიდეს 15 ივნისამდე,“ – განაცხადა დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე არაა ცნობილი როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა.

„დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს, სულ გვიან ივლისის პირველ რიცხვებში, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ უნდა შემოვიდეს, შემდეგ, მესამე კვარტალში კონტრაქტი დასრულების პირას არის, უნდა შემოვიდეს ასევე თანდათანობით მილიონი დოზა „ფაიზერი“. პარალელურად მიმდინაროებს მოლაპარაკებები „სინოვაკთან“, „ნოვოვაქსთან“, ჩვენ მილიონ 400 ათასი დოზა უნდა მივიღოთ „კოვაქსის“ საშუალებით,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

25 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში 117 ათასი ადამიანია აცრილი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრები პირველი ივნისიდან იხსნება, ასევე უქმდება შეზღუდვები რესტორნებისა და კაფეების მუშაობაზე.

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.

„არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ, ისევ დაიწყოს როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე,“ – განაცხადა დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: გამორიცხული არაა აგვისტოში კოვიდის შემთხვევების ზრდა

ბათუმის საკრებულოს წევრი გახარიასთან მიდის „ნაციონალებთან დაუსრულებელი კოჰაბიტაციის გამო“

ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი „ოცნებას“ ტოვებს და გახარიას გუნდში გადადის. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

საკრებულოს წევრი გადაწყვეტილების მიზეზად „დაუსრულებელ კოჰაბიტაციას“ ასახელებს და  წერს, რომ არ დაივიწყებს ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ როლსაც.

„რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაერთხელ აღმინიშნავს, თუმცა უკანასკნელი პერიოდის დაუსრულებელი კოჰაბიტაცია და მეტიც, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევანის გაკეთება “ქართული ოცნების” აქტივსა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არის მიუღებელი.“

 

საკრებულოს წევრი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს ასევე საკრებულოს აპარატის თანამშრომლის, გია აბულაძის სამსახურიდან დათხოვნას. თავად გია აბულაძის თქმით, ის ყოფილ პრემიერზე გიორგი გახარიაზე პოზიტიური სტატუსის გამოქვეყნების გამო გაათავისუფლეს.

დიმიტრი ჭეიშვილი თავის სტატუსში ხულოს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა რეგიონულმა ლიდერი, გიორგი მანველიძე არ გამორიცხავს, რომ დიმიტრი ჭეიშვილი თანამდებობიდან  გადააყენონ.

– 1 და + 2 წევრი „ოცნებას“ – ვნებათაღელვა ხულოს საკრებულოში

 

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შემოვლენ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.

ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დღეს, 25 მაისს, განაცხადა.

პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვარს ხსნის და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება მათთვის, ვისაც სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და PCR უარყოფითი ტესტის პასუხი ექნება;

ასევე ქვეყანაში შემოსვლა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ. ამ შემთხვევაში, აღნიშნული პირები ვალდებულნი იქნებიან საქართველოში შემოსვლიდან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსული პირები, გარდა იმისა, რომ ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი, „აქვე, რეკომენდაცია არის გაცემული, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც,“ – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

2021 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის, თურქეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ბელარუსის, იაპონიის, კანადის, ქუვეითის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, მოლდოვისა და ომანის მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).

ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა 2021 წლის პირველ ივნისამდე მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ.


„არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ, ისევ დაიწყოს როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე,“ – განაცხადა დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა:

ამირან გამყრელიძე: გამორიცხული არაა აგვისტოში კოვიდის შემთხვევების ზრდა

ორწლიანი დაგვიანების შემდეგ “ნათია კაპანაძის საქმის” განხილვა დაიწყო

“მიხარია, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ არსებობს. გვიან, მაგრამ მაინც უკვე სასამართლოს კედლებში ვიმსჯელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის შესახებ,” – მიმართა ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს, რომელმაც დღეს, 25 მაისს, ორწლიანი დაგვიანების შემდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაიწყო.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო 2016 წლიდან. იგი 2019 წლის აპრილში იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. ნათია კაპანაძემ 2019 წლის 30 აპრილს მიმართა სასამართლოს.

დღევანდელ პროცესზე ნათია კაპანაძის უფლებადამცველებმა კონკრეტული მტკიცებულებების საქმისთვის დართვის გარდა მოწმეებისა და სპეციალისტის დაბარება ითხოვეს, მათ შორისაა, მაგალითად, რეიტინგების მთვლელი კომპანია.

“ის დაადასტურებს იმას, რომ ეს კომპანია არ ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს: რამ გამოიწვია ეს კლება, რასთან იყო ეს დაკავშირებული. მან დადო მხოლოდ ციფრები… რეიტინგების კლება კი, იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდობლობის გამოცხადების დროს,” – უთხრა მოსამართლეს საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ. საია სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.

ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭომ დასაბუთების და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ. მისივე შეფასებით, ამ იმპიჩმენტის მიზანი რეალურად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.

ნათია კაპანაძემ დღევანდელ პროცესზე ასევე მოითხოვა მოწმის სახით მრჩეველთა საბჭოს წინა ხელმძღვანელის – ნატა იმედაიშვილის და ყოფილი მრჩევლის, ბეჟან გობაძის დაბარება, ვისაც იმპიჩმენტის დროს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

“მრჩეველთა საბჭოს წევრი არაა ვალდებული თავის გადაწყვეტილებებზე მოსაზრება დააფიქსიროს,” – აღნიშნა აჭარის ტელევიზიის ინტერესების დამცველმა, თამარ კეკელაშვილმა.

“რას იტყვის, არ გამომიკვლევია და ისე მოვაწერე ხელიო? არა მგონია, ეს თქვას” – კოლეგას მხარი დაუჭირა აჭარის ტელევიზიის მეორე იურისტმა, ნინო უტიაშვილმაც.

დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა მოწმის სახით გია ქარცივაძის დაკითხვა. იგი ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს ტელევიზიაში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა მტკიცებულებების დართვაზე, ასევე მოწმეების დაბარებაზე. მან მხოლოდ გია ქარცივაძის მოწმის სახით დაბარების საკითხის გადაწყვეტა გადადო შემდეგი სხდომისთვის.

მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი, რაც დღევანდელ სხდომაზე ნათია კაპანაძემ წარმოადგინა, შეეხება რეიტინგის საკითხს, ასევე ორ შესყიდვას, რაც თავის დროზე მრჩეველთა საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია. ნათია კაპანაძე განმარტავს, რომ რეიტინგს მართლაც ითვლიდა ერთი კომპანია, ხოლო მეორესთან პირდაპირი შესყიდვის ხეკშეკრულება იმიტომ გააფორმა, რომ “მეტი დეტალური ინფორმაცია მიეღო”.

რაც შეეხება რეიტინგს, ნათია კაპანაძე ხაზს უსვამს იმას, რომ მისთვის მთავარი იყო სამაუწყებლო ბადის გამრავალფეროვნება, პრიორიტეტების შესრულება და საზოგადიებრივი მაუწყებლის იდეის გაძლიერება და არა რეიტინგი.

“ბუნებრივია, ფილმს ჰქონდა ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე მის ნაცვლად გასულ ახალ გადაცემას,” – დასძინა ნათია კაპანაძემ.

მოსამართლეს დაცვის მხარემ მიაწოდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ბოლო წლების ანგარიშებიც, როცა ნათია კაპანაძე აღარ იყო დირექტორი.

“ამ ანგარიშებით ჩანს, რომ შეუსრულებელია ისევ ზოგიერთი პრიორიტეტი და არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარება დროის გარკვეულ მონაკვეთში ვერ ხერხდება და ამას აქვს დასაბუთება… რეიტინგები კი, ნათია კაპანაძის დირექტორობის შემდეგ არ უკვლევიათ,” – განმარტა “ბათუმელებთან” საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.

შემდეგ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

ამირან გამყრელიძე: გამორიცხული არაა აგვისტოში კოვიდის შემთხვევების ზრდა

„არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ, ისევ დაიწყოს როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე,“ – განაცხადა დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოხსნილი შეზღუდვების ფონზე რამდენად მოსალოდნელია ისევ განმეორდეს გასული წლის ზაფხულის მაჩვენებელი.

ამირან გამყრელიძის თქმით, გლობალურად კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ყველგან თანდათან ნელი ტემპით იკლებს, თუმცა აგვისტოს ბოლოსთვის ასევე გლობალურად შემთხვევების რაოდენობა ისევ მოიმატებს.

„ამიტომ ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს და ეს მიმდინარეობს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, მეტი ყურადღება კეთდება რეკომენდაციების დაცვაზე: პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და რაც შეიძლება მეტი აცრა,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრები პირველი ივნისიდან იხსნება, ასევე უქმდება შეზღუდვები რესტორნებისა და კაფეების მუშაობაზე.

 

რესტორნებზე შეზღუდვა იხსნება, თუმცა კვლავ აკრძალულია ქორწილები და ქელეხები

პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც მათ უქმე დღეებში მხოლოდ ღია სივრცეში შეეძლოთ სტუმრების მიღება, იხსნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კაფეებსა და რესტორნებს შეეძლებათ დახურულ სივრცეებშიც მიიღონ სტუმრები.

ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც ეხება ქორწილების, ქელეხებისა და წვეულებების გამართვას.

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება – ამის შესახებ დღეს, 25 მაისს, განაცხადეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.

საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR  ტესტი.

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ყველა ვიზიტორს ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც.

 

ჭარბთმიანობა – როდის მივმართოთ ექიმს?

ჰირსუტიზმს, იგივე ჭარბთმიანობას უწოდებენ მდგომარეობას ქალებში, რომელიც იწვევს მუქი ან/და უხეში თმის გადაჭარბებულ ზრდას მამაკაცური ტიპით – სახეზე, მკერდსა და ზურგზე.

სპეციალისტების განმარტებით, საწყისშივე მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ჰირსუტიზმი ანუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით განპირობებული ჭარბთმიანობა დღეს დამკვიდრებული  ე.წ. „სილამაზის სტანდარტებისგან“, რომელთა მიხედვითაც ქალის ხელზე, ფეხსა თუ სახეზე ნებისმიერი სახის ბეწვი ანომალიაა.

ენდოკრინოლოგიაში ჭარბთმიანობის შესაფასებლად კონკრეტულ სკალას იყენებენ. როგორ ვლინდება ჰირსუტიზმი და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ექიმი – ენდოკრინოლოგი ლალი ქიქავა საუბრობს.

  • ქალბატონო ლალი, რა  არის ჰირსუტიზმი?

ჰირსუტიზმი არის მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა ქალებში. იგი განპირობებულია სისხლში მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების სიჭარბით, რაც ჰორმონალური დისბალანსის შედეგი შეიძლება იყოს. 

ჰირსუტიზმი გვხვდება მამაკაცებშიც, თუმცა რთულია მისი გამოვლენა მამაკაცებში ნორმალური თმიანობის ფართო სპექტრის გამო. როგორც წესი, ეს არის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მიზეზი და შესაძლოა მიუთითებდეს სერიოზული დარღვევის არსებობაზე.

გასათვალისწინებელია, ასევე, რომ თმიანობის სპექტრი განსხვავდება რასისა და ეთნიკური წარმოშობის მიხედვით.

  • როგორ ვლინდება ჰირსუტიზმი, რა შემთხვევაში არის საყურადღებო ჭარბთმიანობა?

ჰირსუტიზმის დროს უხეში და მუქი ფერის თმა ანუ ტერმინალური თმა, იზრდება მამაკაცური ტიპით – სახეზე, მკერდზე, ზურგზე.

ჭარბთმიანობის გამოვლენისთანავე აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რათა შეფასდეს თმიანობა ფერიმან-გოლვეის სკალის მიხედვით. აღნიშნული სკალის მიხედვით ფასდება მსუბუქი, საშუალო ან მკვეთრად გამოხატული თმიანობა. 8 ქულაზე ნაკლები მიჩნეულია ნორმად, თუმცა ეს ზღვრული მაჩვენებელიც განსხვავდება ეთნიკური წარმოშობის მიხედვით.

თუ ქალს აღენიშნება ჰირსუტიზმი, აუცილებელია ჰორმონალური კვლევები, რათა დადგინდეს მიზეზი და შემდგომ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. 

ჰირსუტიზმის შეფასების სისტემა, რომელშიც მოცემულია ქულები რანჟირებით: 1-დან 4-მდე სხეულის 9 ნაწილში, სადაც 1 არის მინიმალური ჰირსუტიზმი, 4 – ვირილიზაცია (მამაკაცური ნიშან-თვისებების ჭარბად განვითარება). ჯამში, 8 ქულაზე ნაკლები ნორმად მიიჩნევა, ხოლო უფრო მაღალი ქულები მიანიშნებს მსუბუქ და მწვავე ჰირსუტიზმზე.
  • რა შეიძლება იყოს ასეთი ჭარბთმიანობის მიზეზი?

ჰირსუტიზმის მიზეზია ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონები) სიჭარბე, რომელიც თავის მხრივ, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით, მაგალითად, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით (ამ დროს ჰირსუტიზმს თან ახლავს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, რომელსაც შეუძლია ფერტილობის დათრგუნვა), კუშინგის სინდრომით, თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზიით (ამ დროს თირკმელზედა ჯირკვლები პათოლოგიურად აწარმოებენ სტეროიდულ ჰორმონებს, კორტიზოლსა და ანდროგენს), ასევე სიმსივნეებით ან ზოგიერთი მედიკამენტით.

არის შემთხვევები, როდესაც ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება. 

ჰირსუტიზმის განვითარების რისკის ფაქტორებია ოჯახური ისტორია, რამდენადაც ჰირსუტიზმის გამომწვევი ენდოკრინული დაავადებები გენეტიკურია.

ასევე, რისკის ფაქტორებს წარმოადგენს ჭარბი წონა/სიმსუქნე და ეთნიკური წარმოშობა (მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების, შუა აღმოსავლური ან სამხრეთ აზიური წარმოშობის ქალები). 

საქართველოში ჰირსუტიზმის განვითარების სტატისტიკა არ არსებობს, შეგვიძლია ვისაუბროთ მსოფლიოში მის გავრცელებაზე, ზოგადი პოპულაციის ქალების 10% აწუხებს ეს პრობლემა. 

  •  როგორ მკურნალობენ?

ჰირსუტიზმის მკურნალობის მეთოდი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე და შეიძლება გულისხმობდეს მედიკამენტურ თერაპიას, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ფიზიკურ აქტივობას, თმის მოცილების კოსმეტიკურ საშუალებებთან (მაგალითად, ლაზერული ეპილაცია) ერთად. არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ეპილაციას ვურჩევთ, თუმცა ყველა პაციენტთან მიდგომა ინდივიდუალურია.

ნებისმიერი ტიპის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რათა სწორად დადგინდეს დიაგნოზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. 

ხვალ ბათუმში გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 25 მაისის 21 საათიდან 26 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 მაისს, ბათუმსა და მთელ აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

კოვიდის 114 ახალი შემთხვევა აჭარაში | 25 მაისი

25 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 411 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით და მათგან 14 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 280 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კოვიდის 1354 ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1354 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 13 858 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი.

24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05%. 

კოლეჯი „გოლდენ სიი“ აცხადებს სტუდენტების მიღებას – სტიპენდია 200 ლარი

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ სასტუმრო „ნიუ ვეივთან“ პარტნიორობით აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მზარეული
  • მიმტანი
  • სარესტორნო მომსახურება
  • სასტუმრო მომსახურება
  • ბართენდერი
  • მასაჟისტ-რეაბილიტატორი

კოლეჯში სტუდენტები უგამოცდოდ მიიღებიან.

„New Wave Hotel Batumi“-ს გენერალური მენეჯერი ემზარ ხუნდაძე და „Golden Sea“-ს დირექტორი ლეილა გოგიტიძე
„New Wave Hotel Batumi“-ს გენერალური მენეჯერი ემზარ ხუნდაძე და „Golden Sea“-ს დირექტორი ლეილა გოგიტიძე

სწავლება დუალურ რეჟიმში წარიმართება, რაც თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, დასაქმების ადგილზე სამუშაო პრაქტიკას გულისხმობს.

თითოეული სტუდენტი სწავლის პერიოდში 200 ლარიან სტიპენდიას მიიღებს. საუკეთესოები ადგილზე დასაქმდებიან.


საბუთები მიიღება 2021 წლის 25 მაისიდან 10 დღის განმავლობაში მითითებულ მისამართზე: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49.

შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაციაც. გამოაგზავნეთ საბუთები ელ-ფოსტაზე: batumigoldensea@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 190 653 ან ‭591 718 142

www. goldensea.ge

New Wave Hotel Batumi
New Wave Hotel Batumi

ავტომანქანის ყალბი სანომრე ნიშნების დამზადება-გასაღებაზე ბათუმში 1 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს“.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა ქ. ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე გაასაღა ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნები.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 23 ერთეული ავტომანქანის სარეგისტრაციო ყალბი ე.წ. „ფასიანი“ სანომრე ნიშანი“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

25 მაისს კლინიკა „მედცენტრში“ ონკოლოგები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

25 მაისს „მედცენტრში“ ღია კარის დღეა! კლინიკის ონკოლოგები მემედ ჯინჭარაძე, ჯემალ შოთაძე, მზია ხალვაში, ქეთი ასანიძე , ხათუნა შოთაძე, შორენა ზოსიძე და ნინო სემიონოვა უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ!

მის.: ბათუმი, პუშკინის N118

დაგვიკავშირდით: 596 22 60 60

– 1 და + 2 წევრი „ოცნებას“ – ვნებათაღელვა ხულოს საკრებულოში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ცვლილებებია.

დღეს, 24 მაისს, საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ბოლქვაძე „ოცნებიდან“ გარიცხეს, თუმცა მმართველ პარტიას საკრებულოში ორი ახალი წევრი შეემატა – „ოცნებაში“ გაერთიანდნენ დამოუკიდებელი დეპუტატი ნუგზარ სოლომონიძე და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე მერაბ ღორჯომელაძე.

ირაკლი ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ რიგებიდან ის არა დასახელებული მიზეზით – „გუნდური პრინციპის დარღვევის“ გამო, არამედ იმის გამო გარიცხეს, რომ გიორგი გახარია მოსწონს.

„პარტიის წევრიც არ ვყოფილვარ, „კონსერვატორების“ კვოტით ვიყავი შესული. აბსურდია რეალობაში“, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე.

„ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ, ორი არჩევნები მაქვს მოგებული. ჩემი გარიცხვა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ მე გიორგი გახარიას მიმართ გამოვხატავდი სიმპათიებს, პრემიერობის დროსაც და გადადგომის შემდეგაც. ჩემი გარიცხვა მოხდა სინამდვილეში გიორგი გახარიასადმი სიმპათიების გამო“, – გვითხრა ირაკლი ბოლქვაძემ.

გამოხატავდა თუ არა ირაკლი ბოლქვაძე სიმპათიებს გახარიას მიმართ საკრებულოს სხდომებზე? – ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, რომ – არა.

„არა, არც საკრებულოს სხდომაზე, არც ბიუროს სხდომებზე და არც საკრებულოს შიგნით, კაბინეტებში… ჩემი პირადი სიმპათია იყო, არც პოსტები დამიწერია სხვათა შორის. უბრალოდ, შინაგანი პატივისცემა მქონდა გიორგი გახარიას მიმართ.“

კითხვას, ჰქონდა თუ არა მას გახარიასთან კონტაქტი, ირაკლი ბოლქვაძე ასე პასუხობს:

„არანაირი. რომ მქონოდა, მანამდე გავაკეთებდი განცხადებას, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ მქონია. ნეტა მქონოდა, მაგრამ არ მქონია“.

ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

„მე ვარ 38 წლის ადამიანი, დღეს მე ჩემს ქვეყანას ვჭირდები, ამიტომ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“, – გვითხრა მან.

პოლიტიკაში დარჩენას და თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ხულოს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, მერაბ ღორჯომელაძე. იგი აქამდე ხულოს საკრებულოში პარტია „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა, თუმცა ახლა უკვე „ოცნების“ რიგებშია.

მერაბ ღორჯომელაძე ამბობს, რომ „ოცნების“ წევრი იყო 2011 წლიდან, 2018 წელს მან პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა ხულოს საკრებულოში. ახლა კი, თვითმმართველობის არჩევნების წინ, გადაწყვეტილება ისევ შეცვალა და „ოცნებას“ დაუბრუნდა.

„ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ქართული ოცნება დღეს არის ყველაზე ღირსეული პარტია“, – გვითხრა მერაბ ღორჯომელაძემ.

კითხვაზე, იციან თუ არა მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ „ევროპულ საქართველოში“, იგი პასუხობს, რომ შესაძლოა წერილი გაგზავნოს:

„მე არ ვიყავი აქტიური პარტიის წვერი. უბრალოდ, ვიყავი საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე, იცოდნენ მაგათაც, ტელევიზიით გავაკეთე განცხადება და ალბათ გაიგებენ“.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, მერაბ ღორჯომელაძე პასუხობს, რომ „აუცილებლად“.

„ღირსეულად მაქვს მოგებული 80 პროცენტით [შენიშვნა: 2017 წლის არჩევნებში მერაბ ღორჯომელაძემ 27.32 პროცენტი მიიღო, მაშინ იგი „ქართულ ოცნებაში“ იყო] და კიდევ მოვიგებ. ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას და ქართული ოცნების გვერდში დგომას“, – გვითხრა მან და თან ჩამოთვალა, ვისი იმედი აქვს ამ არჩევნებზე:

„მაქვს იმედი, ჯერ ღმერთის, მერე „ქართული ოცნების“, ჩემი პარტიის, პრემიერის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის“.

ჩამონათვალში ამომრჩეველი ვერ მოხვდა.

არჩევნების წინ ხულოში „ოცნებას“ შეუერთდა საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ნუგზარ სოლომონიძე, რომელიც აქამდე დამოუკიდებელი დეპუტატი იყო, უფრო ადრე კი „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა საკრებულოში.

კითხვაზე, რა გახდა მმართველ პარტიაში გაერთიანების მიზეზი, ნუგზარ სოლომონიძე ამბობს, რომ ეს პირადი მიზეზია:

„ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება სხვა მხრივ არ მქონდა და მიზანშეწონილად ვთვლი, რომ გაერთიანებული „ქართული ოცნებისთვის“ დამეჭირა მხარი. განსაკუთრებულად აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის, თორნიკე რიჟვაძისთვის. წარჩინებული კაცია და წარმატებულად უძღვება მგონი აჭარას“, – ამბობს ნუგზარ სოლომონიძე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ნუგზარ სოლომონიძე ამბობს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ მხარს უჭერს ხელისუფლებას. „როგორც ასეთი დეპუტატობა გავაგრძელო, არ ვფიქრობ. თუ საჭირო გახდება, გაერთიანებულ მთავრობას დავუჭერ მხარს“, – გვითხრა მან.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ამბობს, რომ მიუხედავად დღევანდელი ცვლილებებისა, ხულოში ოპოზიცია ორი ფრაქციითა და რამდენიმე წევრითაა წარმოდგენილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრაქციაა, 6 წევრია საკრებულოში წარმოდგენილი. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ ორი ადამიანია, რაც ფრაქციისთვის საკმარისი არ არის დღეის მდგომარეობით. გარდა ამისა, საკრებულოში არის თარხან-მოურავის წარმომადგენელი – 1 წევრი და ბურჯანაძის წარმომადგენელი – ასევე 1 კაცი“, – გვითხრა ჯუმბერ დიმიტრაძემ.

______________

ფოტოზე: ირაკლი ბოლქვაძე, მერაბ ღორჯომელაძე, ნუგზარ სოლომონიძე.

როგორი ტურისტული სეზონი იქნება წელს აჭარაში

„არასწორი გადაწყვეტილებები ახლაც აზიანებს ტურიზმს,“ – მიიჩნევს ტურისტულ სექტორში დასაქმებული მანანა ცირამუა. ის ერთ-ერთია იმ ტუროპერატორებს შორის, ვისაც დღეს, 24 მაისს „ბათუმელები“ ესაუბრა იმაზე, რომ რამდენიმე დღეში, და ისევ პანდემიის პირობებში, ზაფხულის მეორე სეზონი იწყება.

ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები მთავარ პრობლემად ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებლებს ასახელებენ – როცა მთავრობის განაცხადს „უსაფრთხო ქვეყანაზე“ ციფრები ვერ ამყარებს, ხოლო მენეჯმენტი, მათი დაკვირვებით, არაეფექტურია, არასწორი, ან დაგვიანებული.

რა შეიცვალა საზღვრების გახსნის და ფრენების დაშვების შემდეგ? 

„დაგვიანდა“ – ტურიზმის პრობლემებზე საუბრის დროს ყველაზე ხშირად ეს სიტყვა ახსენა ქეთი დოჭვირმა, ის ტურისტული კომპანია „Wonderland“-ის განვითარების მენეჯერია. მისი თუ სხვა ტუროპერატორების შეფასებით, ხელისუფლების მიდგომები პანდემიის პირობებში იმდენად არაეფექტური იყო, რომ ტუროპერატორებს ხელახლა მოუწევთ გაჩერებული ბორბლის აწყობა და დატრიალება – კომპანიების გამოცდილი თანამშრომლები სხვა სექტორში გადავიდნენ, ინგლისურის მასწავლებლობა დაიწყეს, ან ხაჭაპურის გამოცხობა, ტურისტული კომპანიების ნაწილი კი, უბრალოდ დაიხურა.

„სიტუაცია ახლა, რა თქმა უნდა, შეიცვალა, საზღვარი უფრო ღიაა და ავიარეისების რაოდენობაც გაიზარდა, თანდათან იწყება ჯავშნები… დასაწყისი არის, მაგრამ უკვე დაგვიანებულია,“ – გვიყვება ქეთი დოჭვირი. ის თვლის, რომ ტურიზმის სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების დროულად მიღება, რომ ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება მოესწროს.

„მარკეტინგი და პიარაქტივობები უცხოელ ტურისტებთან გვიან დავიწყეთ წელს, ვგულისხმობ ოფიციალურ სტრუქტურებს. ახლა რაც ხდება, ეგ სიტუაცია რომ გვქონოდა გაზაფხულის დადგომის დროს, ბევრად მეტი ტურისტი შემოვიდოდა… რადიკალური და ეფექტური ზომები მიღებული არ არის. ეფექტური კომუნიკაცია იქნებოდა ის, რომ თავიდანვე გვცოდნოდა ეტაპობრივი გახსნის კონკრეტული თარიღები, მაგალითად, საზღვრის გახსნაზე, კომენდანტის საათის გაუქმებაზე.

ტურისტების უმრავლესობისთვის ამ საკითხების ზუსტი ცოდნა გადამწყვეტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილებები ტურიზმის სექტორმა იცოდეს ცოტათი უფრო ადრე, ვიდრე ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ მოვემზადოთ და შესაბამისი კომუნიკაცია გვქონდეს პარტნიორებთან. ამ მოცემულობაში იკარგება დრო და შედეგიც გვიან დგება,“ – ამბობს ქეთი დოჭვირი „ბათუმელებთან“.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ზაფხულში 20-25 პროცენტი გვექნება იმისა, რაც გვქონდა პანდემიის დაწყებამდე, ანუ 2019 წელს. მაქსიმუმ შესაძლებელია ეს 30 პროცენტამდე ავიდეს,“ – ამ გათვლებით ხვდება ზაფხულის სეზონს ირაკლი თავართქილაძე, კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორი. საზღვრების გახსნის შემდეგ მან უკვე უმასპინძლა ტურისტებს ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ბალტიისპირეთიდან, ყაზახეთიდან.

ირაკლი თავართქილაძის დაკვირვებით, პანდემიის პირობებში შეცვლილია ტურისტებიც ქცევაც – თუკი წინა წლებში 3-6 თვით ადრე იჯავშნებოდა ადგილები, ახლა ამას ორი კვირით ადრე აკეთებენ.

„გასულ წელს ჩვენი შემოსავალი იყო – 0, ახლა იქნება სავარაუდოდ – 1. ფრენები დაიწყო, მაგრამ მუდმივი შიშია: რომელი ქვეყანა დაიკეტება? როდის დაიკეტება? იმედი მაინც გაჩნდა ახლა, რადგან ჩვენთან თუ არა, სხვა ქვეყნებში აცრილი ადამიანების რაოდენობა იმატებს. აცრილი ადამიანი კი, უფრო იოლად იღებს გადაწყვეტილებას მოგზაურობაზე,“ – ასეთია „Georgian Holiday“-ის ხელმძღვანელის, მანანა ცირამუას მოლოდინი ზაფხულის სეზონზე.

მანანა ცირამუა ტურიზმის სტატისტიკას იხსენებს, რომლის მიხედვითაც უცხოელი ტურისტების რაოდენობა მზარდი იყო და ახლა ყველაფერი განულდა.

„წელს 2015 წლის მაჩვენებელზე თუ გავედით, ვიტყვი, რომ კარგი ზაფხული იყო,“ – ასე ფიქრობს მანანა ცირამუა.

პანდემიას მოვერგეთო, გვითხრა, მაგალითად, ინგა მალაყმაძემ. იგი კომპანიის „კალიფსო თრეველის“ მენეჯერია. ეს კომპანია უცხოელ ტურისტებზე მუშაობს და უკრაინელებიც მიუღია ფრენების აღდგენის შემდეგ, თუმცა ახლა ძირითადად სამედიცინო სექტორს კონფერენციების მოწყობას სთავაზობს.

„რამდენი ჯავშანი გვაქვს კორპორატიულიც, რომელიც იყო დაგეგმილი მაისში და გადაიდო ივლისში. ჩვენ აქამდე ძირითადად ვმუშაობდით კორპორატიულ ტურიზმზე… ამ ტიპის შეხვედრები გადადებულია 2022 წლისთვის. ვფიქრობ, იმუშავებს ეს მიმართულება, რადგან მიუხედავად ახალი პლატფორმებისა, Zoom და ასე შემდეგ, პირისპირ შეხვედრებს ვერაფერი ჩაანაცვლებს. ამას მოწყურებულია ხალხი,“ – მიიჩნევს ინგა მალაყმაძე.

როგორ იმუშავა ტურისტული სექტორისთვის დაწესებულმა შეღავათებმა? 

„21 თანამშრომელი ვიყავით, ახლა გვყავს 5 თანამშრომელი და დისტანციურად ვმუშაობთ… ბევრი გადაეწყო და სხვა საქმის კეთება დაიწყო, ინგლისური ვინც კარგად იცოდა, მასწავლებელი გახდა, ზოგი ხაჭაპურს აცხობს და ასე შემდეგ, ბევრი სააგენტო უბრალოდ დაიკეტა. შეღავათები კარგია, ამასაც დანახვა უნდა, მაგრამ შედეგი ესაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა ცირამუა, კომპანია „Georgian Holiday“-ის ხელმძღვანელი. მან ჩვენთან საუბრის დროს ხელისუფლების მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილებაც გაიხსენა, რაც, მისი აზრით, ტურიზმის სექტორისთვის საზიანო იყო და თანაც დაუსაბუთებელი.

პანდემიის გამოცხადების შემდეგ მთავრობამ ტურიზმის სექტორი ქონების და საშემოსავლო გადასახადებისგან გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა შეღავათები ამ ზაფხულს.

„მაგალითად, არასწორი იყო ზამთრის კურორტების დახურვა. მითხარით, რა საფრთხეს წარმოადგენს თხილამურებზე ეკიპირებული ადამიანი ნიღაბში მთის წვერზე? ან როგორ დავიჯერო, რომ საფრთხე არაა ავტობუსით, ან „მარშუტკით“ მგზავრობა და საშიშია პრომეთეს მღვიმეში შესვლა, ან მარტვილის კანიონი? იქ უზარმაზარი სივრცეებია. მღვიმეც და კანიონიც ახლახან გაიხსნა, მაგრამ აბსურდად რჩება გადაადგილების შეზღუდვა. ტურისტი უცხო ქვეყანაში დასაძინებლად არ მიდის, მას სჭირდება ღამის კლუბი, ღამით გასეირნება და ასე შემდეგ… ან ის რა იყო, ბათუმში რომ შუა ზამთარსა და ყინვაში კაფეებს ღია სივრცეში მისცეს მუშაობის უფლება და ამ დროს ბაკურიანში არ შეგეძლო თხილამურზე დადგომა?“ – კითხულობს მანანა ცირამუა.

„უნდა იყოს აუცილებლად შეღავათები, რადგან პანდემიის დროს ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა. გაჩერდა ამ სექტორში დასაქმებული ყველა ადამიანი და ყველა რესურსი ამოეწურათ. ეფექტური შეღავათები ამ სექტორისთვის უნდა შეიმუშავოს მთავრობამ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი პოზიტიური ამ მხრივ არ ჩანს… გასული წლის პირველი ნახევარის შეღავათებს არავითარ  მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმდენად ქაოსი იყო და გაურკვევლობა,“ – ამბობს ქეთი დოჭვირი, Wonderland“-ის განვითარების მენეჯერი.

ქეთი დოჭვირი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ მოთხოვნაზე, რაც ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდათ – სასესხო ვალდებულებების გადავადება.

„ახალი წლის შემდეგ დაიწყო სესხებთან დაკავშირებული შეღავათები, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული იყო ეს ყველაფერი და შედეგი არ მოუტანია. ჩვენი სექტორი რეალურად გაჩერდა,“ – კატეგორიულია ქეთი დოჭვირი.

შეღავათებზე საუბრის დროს, პირიქით, კონკრეტული შეღავათის გაუქმებაზე საუბრობს ინგა მალაყმაძე, კომპანია „კალიფსო თრეველის“ ხელმძღვანელი:

„2021 წლის იანვრამდე დღგ-სგან თავისუფალი იყო ორგანიზებული შემოსვლა ტურისტულ სექტორში, ანუ მე, როგორც იურიდიულ პირს სხვა ქვეყნის კომპანიის დაკვეთით შემომყავდა ჯგუფი… ეს შემოყვანა პანდემიის დაწყებამდე არ იბეგრებოდა. ახლა კი, გადაწყვიტეს, რომ უნდა გადავიხადოთ ეს გადასახადი. მესმის, რომ ბიუჯეტს გაუჭირდა და ბევრი პრობლემაა, მაგრამ, პირველ რიგში, ვინც დაზარალდა, ეს ტურიზმის სექტორია,“ – ამბობს ინგა მალაყმაძე.

კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორი, ირაკლი თავართქილაძე კი ამბობს, რომ საშემოსავლო და ქონების გადასახადზე შეღავათებს ჰქონდა გარკვეული ეფექტი და ეს წელსაც უნდა გაგრძელდეს.

„რადგან ეს ისევე მძიმე იქნება, როგორც წინა წელი. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ეს შეღავათები მინიმუმ გადაიწევს,“ – აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ „ბათუმელებთან“.

რას უნდა აკეთებდეს მთავრობა? 

„პირველ რიგში, ვაქცინაცია აქტიურად,“ – ეს ოთხივე ტუროპერატორმა თქვა, როცა მათ ვკითხეთ, რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება ახლა.

„ვაქცინაცია ტურიზმის სექტორისთვის გამოცხადდა პრიორიტეტად, მაგრამ ეს იყო ფორმალური,“ – მიიჩნევს მანანა ცირამუა, „Georgian Holiday“-ის მენეჯერი. ის მთავრობის განცხადებებისკენ გვითითებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 17 პროცენტია ტურიზმის სექტორში ჩართული.

„ანუ მინიმუმ 600 ათასი ადამიანი უნდა აცრან ერთ თვეში. მზად არის სახელმწიფო ამდენი აცრა გააკეთონ თუნდაც 3 თვეში? რომ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, მოვიდნენ ყველა ერთად და ავცრითო, იცის თუ არა, რომ  მარტო თბილისში 600-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა? როგორ წარმოუდგენია ამდენი ადამიანი ერთად რესპუბლიკურში?

ამ ტემპით თუ გაგრძელდა აცრა, ახლა რასაც ვუყურებთ, ამას 7 წელი დასჭირდება და ამ დროში საერთოდ ისედაც აღარ იქნება პანდემია… სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწორი მენეჯმენტი. მინიმუმ დათვლილი უნდა ჰქონდეთ ეს ციფრები და როცა საუბრობ, უნდა გენდობოდე, ეს რეალისტური უნდა ჩანდეს,“ – ასრულებს მანანა ცირამუა.

კომპანია „კალიფსო თრეველის“ ხელმძღვანელის, ინგა მალაყმაძის აზრით, პანდემიის პერიოდში  სახელმწიფოს შეეძლო მინიმუმ სერტიფიცირებასა და ხარისხის ამაღლებაზე ეზრუნა.

„მაგალითად, ჩვენთან მარტივად შეიძლება ვიღაცამ სასტუმროს მიაკრას ხუთი ვარსკვლავი, რეალურად კი, ეს კონკრეტულ სტანდარტებს გულისხმობს… ამ კუთხით ჩარევა ნამდვილად შეუძლია სახელმწიფოს,“ – თვლის ინგა მალაყმაძე.

„Wonderland“-ის განვითარების მენეჯერი კი, ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის მთავარ გზავნილზე: „საქართველოში დასაქმება უსაფრთხოა.“

„რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს ამ სლოგანს? მაგალითად ის, რომ მოსახლეობის 50 პროცენტი აცრილია… კარგია, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების აცრას ასახელებ პრიორიტეტად, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო შემოდგომაზე მაინც, რომ სექტორი მზად დახვედროდა სეზონს ვაქცინაციის კუთხით. ჩათვალეთ, რომ ამ პროცესმა მომავალი წლისთვის გადაიწია,“ – მიიჩნევს ქეთი დოჭვირი.

ქეთის არ უკვირს, რომ ქვეყანას ტურიზმის მიმართულებით მარკეტინგული სტრატეგია არ აქვს, მაგრამ მაინც პოზიტიური მოლოდინი აქვს შემდეგი არგუმენტით:

„ამ ქაოსის პირობებში, როცა პოლიტიკური, სოციალური, ეპიდემიოლოგიური პრობლემები არის ერთმანეთს გადაჯაჭვული, რთულია მარკეტინგული სტრატეგია გააკეთო ქვეყანაში, სადაც სხვა არაფერი დალაგებული არ არის… მოლოდინი მაქვს მაინც პოზიტიური, რადგან მექანიკურ რეჟიმში ამოძრავდება ეს სფერო, ეს ისედაც ცოცხალი სფეროა. უბრალოდ, ეს არ იქნება კონკრეტულად ვინმეს დამსახურება,“ – უთხრა ქეთი დოჭვირმა „ბათუმელებს“.

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ბარცხანის ხიდთან, ოდისეი დიმიტრიადის #11-ში, 11 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკუთარი სტრუქტურული ერთეულისთვის შენობის ასაშენებლად ითხოვს. მშენებლობის შემდეგ კი სამმართველოს ამჟამინდელი 21 026 კვ.მეტრი ტერიტორია აბუსერიძის ქუჩაზე, თავისი შენობების ჩათვლით, ბათუმის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში.

მონიშნულია ადგილი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის პოლიციის დეპარტამენტისთვის შენობის აშენებას გეგმავს

როგორც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, მერია მზადაა მიწის ნაკვეთი გადასცეს „პოზიტიური პირობით“. ჯერ არ ვიცით, არის თუ არა ეს პირობა მომავალში პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიის საინვესტიციოდ გასხვისება. ამ კითხვაზე მერიაში არ გვიპასუხეს: „პოზიტიური პირობა ნიშნავს, რომ ტერიტორია და შენობები აბუსერიძის ქუჩაზე მერიის საკუთრებაში გადმოვა“.

საგულისხმოა, რომ პოლიციის სამმართველოს მარცხნივ, მთელი კვარტალი ზღვამდე, სამშენებლო კომპანიებმა აითვისეს, აქ თაუერები აშენდა ან შენდება. ერთი ნაკვეთი კი ამ კვარტალში, იუსტიციის სახლთან ახლოს, მშენებლობის პირობით გასულ კვირას აუქციონის წესით გაიყიდა.

ვინ გადაიხადა 30 მილიონი მიწის ნაკვეთში – კიდევ ერთი თაუერი ბათუმის სანაპიროზე

ადრე არსებული შეთანხმების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფისისთვის შენობის მშენებლობას სწორედ აქ [ფიროსმანის #12-ში] გეგმავდა. თუმცა ინვესტორი ამ ადგილსაც გამოუჩნდა.

საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმის მერიაში გაგზავნილი წერილის მიხედვით [2021 წლის 31 მარტი], შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი მოთხოვნით სააგენტოს 24 მარტს მიმართა.

აბუსერიძის ქუჩა – ამ დროისთვის აქ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაა განთავსებული. ამ ნაკვეთის მომიჯნავედ განთავსებულია საბალეტო სკოლის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ეროვნული სააგენტო ბათუმის მერიას განუმარტავს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის შს სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა ტბელ აბუსერიძის #11 -ში მდებარე ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები.

ემიგრანტები პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის მოწმობას კი უფასოდ მიიღებენ – იუსტიცია

24 მაისიდან 7 ივნისამდე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი – უფასოდ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:

[checklist]

  • რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა;
  • რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.

[/checklist]

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:

[checklist]

  • რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;
  • რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.

[/checklist]

სპეციალური აქციით სარგებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთას, საქმისწარმოებას და იმ ელექტრონული სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომლებსაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, ასევე, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში დაეხმარება.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.

პედაგოგები, სტუდენტები – კიდევ ვინ იმგზავრებს უფასოდ საქალაქო ავტობუსებით

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი პროექტით, ყველა ის პირი, ვინც ამ დრომდე საქალაქო ავტობუსებით შეღავათიან ფასად – 15 თეთრად მგზავრობდა, უფასოდ იმგზავრებს. ამასთან, უფასოდ მგზავრობის უფლება შეუნარჩუნდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრს, რომლებიც დღესაც უფასოდ მგზავრობენ [შშმ პირები, მოსწავლეები, 0-70 ათასი ქულის მქონე ბენეფიციარები და სხვ.].

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ფასი ბათუმში 30 თეთრია.

პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები, სკოლის მანდატურები, ასევე საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები [რომელთა ხელფასი არ აღემატება 625 ლარს] – მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ მას შემდეგ იმგზავრებენ, რაც საკრებულო ცვლილებებს დაამტკიცებს. საკითხი ბათუმის საკრებულოს 2021 წლის 31 მაისის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ბათუმის მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ მგზავრობას შეძლებენ:

  • ქალაქ ბათუმში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები
  • საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ ბათუმში;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს;
  • საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.

„2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება“ ქვეპროგრამის შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული ბენეფიციარი [სულ 31 771 პირი] ისარგებლებს უფასო ტარიფით“ [ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ] – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს

ტერეზა გალსტიანი 18 წლისაა. მან სკოლა წელს დაასრულა და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ტერეზას სმენის დარღვევა აქვს, შესაბამისად, მას გამოცდების ჩასაბარებლად სპეციალური გარემოს შექმნა სჭირდება. ტერეზა ამბობს, რომ მან გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამის თაობაზე წერილობით აცნობა. ცენტრს სთხოვა, რომ ინგლისური ენის გამოცდის ტესტებიდან მოსასმენი ნაწილი ტექსტური სავარჯიშოებით ჩაენაცვლებინათ, რადგან ამ დავალებას ის იმ მიზეზით ვერ შეასრულებდა, რომ სმენის დარღვევა აქვს. ტერეზა ამბობს, რომ გამოცდების ცენტრი მის უფლებებს უხეშად არღვევს, რადგან მის თხოვნას არ აკმაყოფილებს.

ტერეზას თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მის თხოვნას გამოცდების ცენტრი არ დააკმაყოფილებს, ის 18 ქულას დაკარგავს, რაც გრანტის აღების შესაძლებლობას შეამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების ცენტრს ტერეზამ შეატყობინა, რომ მას სმენა აქვს დარღვეული, გამოცდების ცენტრი ჯიუტად მოითხოვს მასთან ტელეფონით დაკავშირებას.

„სმენის დაზიანების მქონე ადამიანისთვის მოსასმენი ნაწილის დატოვება იგივეა, რაც უსინათლოს უთხრა: აჰა, ფურცელი და წაიკითხე”, – გვეუბნება ტერეზა. მისი თქმით, გამოცდების ცენტრი სმენის დარღვევის მქონე პირებს ალტერნატივას არ სთავაზობს. ტერეზას მიაჩნია, რომ გამოცდების ცენტრი მის უფლებებს არღვევს.

ტერეზას უფლება სახელმწიფომ სკოლაშიც დაარღვია – როგორც მან გვითხრა, მეშვიდე კლასის შემდეგ გაკვეთილებს ვეღარ ისმენდა. „არავის დაუწერია გაკვეთილის შინაარსი, რომ მეც აქტიურად ჩავრთულიყავი.“

ტერეზა მიიჩნევს, რომ გამოცდების ცენტრი მას უსამართლოდ ექცევა, რადგან ამ დრომდე არ დაუკავშირდა და არ გასცა პასუხი მის მოთხოვნაზე.

„სტანდარტულად სამ საგანს ვაბარებ. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ შშმ პირი, კერძოდ, სმენის დაზიანების მქონე, რეგისტრაციის დროს მივუთითე სპეციალური საჭიროება და განცხადებაც დავწერე, სადაც სულ სამი მოთხოვნა მქონდა: ცალკე ოთახში გამოცდების წერა, დროის მომატება და ყველაზე მნიშვნელოვანი – უცხო ენაში მოსასმენი დავალებების გაუქმება და წერითი სავარჯიშოებით ჩანაცვლება, რადგან ფიზიკურად მოსმენის უნარი აღარ შემწევს წლებია.

განცხადების გაგზავნის შემდეგ ნაეკისგან ველოდებოდი უკუკავშირს, მიიღეს თუ არა მეილი და იკითხებოდა თუ არა დოკუმენტების სკანი. რა თქმა უნდა, არავის არაფერი მოუწერია და ისევ მე ვცადე ცხელ ხაზზე დარეკვა. ოთხი ადამიანი ვცდილობდით დარეკვას, მაგრამ ზარიც კი არ გადიოდა, მაშინვე ითიშებოდა. ამ დროს კი ნაეკის ფეისბუქგვერდი მწერდა, რომ 7 ოპერატორი მუშაობს და წესით, პრობლემა არ უნდა მქონდეს დარეკვაზე. ფაქტია, ვერავინ მოვახერხეთ კონტაქტზე გასვლა“, – წერდა ტერეზა თავის ფეისბუქის გვერდზე.

მოგვიანებით „ბათუმელებმა“ ტერეზას ჰკითხა, ხომ არ დაუკავშირდა გამოცდების ცენტრი, რაზეც ტერეზამ გვიპასუხა, რომ – არა.

ბოლოს კი ტერეზას გამოცდების ცენტრის ცხელი ხაზიდან დაუკავშირდნენ და, როგორც თავად გვითხრა, პირადად ტერეზასთან საუბარი მოითხოვეს. ტერეზას ახლობლები კი ცენტრს უხსნიდნენ, რომ ტერეზას სმენის დარღვევა აქვს და სატელეფონო საუბარს ვერ შეძლებს.

„ისინი კი მაინც გაიძახიან, რომ მე უნდა დამერეკა“, – ამბობს ტერეზა.

ბოლოს ტერეზას უთხრეს, რომ სამედიცინო კომისიის დასკვნა გამოცდების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება, სადაც მითითებული იქნება, ვინ რა შეღავათს მიიღებს. ტერეზა მიიჩნევს, რომ ეს მისი უფლებების დარღვევაა, რადგან არ სურს მისი პერსონალური ინფორმაცია საჯარო გახდეს.

ტერეზა ასევე გვეუბნება, რომ სამედიცინო კომისიამ მოსასმენი ნაწილი ტესტებში მაინც დატოვა. რითი იხელმძღვანელა კომისიამ და რაზე დაყრდნობით გადაწყვიტეს, რომ სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტს მოსასმენი ნაწილი უნდა შეესრულებინა, ტერეზასთვის არავის განუმარტავს.

„საბოლოოდ, კომისიამ შემომთავაზა სამი ალტერნატივა:  დინამიკთან ახლოს ჯდომა, ყურსასმენებით მოსმენა ან დამხმარე ადამიანის წინ დასმა, რათა მან წამიკითხოს ტექსტი.

ჩემთვის არცერთია ხსნა და ნუგეში. ნებისმიერ შემთხვევაში ალალბედზე უნდა შემოხაზო და ან შემოხაზავ სწორ პასუხს, ან ვერა. 18 ქულა უაზროდ ეკიდება სასწორზე. შესაბამისად, გრანტისთვისაც მომიწევს ხელის დაქნევა“, – ამბობს ტერეზა.

ტერეზას თქმით, გამოცდების ცენტრი მიიჩნევს, რომ მოსასმენის გაუქმებით გამოცდა აზრს კარგავს, რადგან ამით ამოწმებენ მოსმენილის გააზრების უნარს. „იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ ადამიანს არ ესმის კარგად, ამ დროს მოსასმენს საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამის გარდა, ისიც თქვეს, რომ ცენტრს არ აქვს გაწერილი, რა შეიძლება შემომთავაზონ გაუქმების სანაცვლოდ“.

„ბათუმელები“ გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ აპირებს ინგლისური ენის გამოცდაში ამ ცვლილების შეტანას, რასაც ტერეზა გალსტიანი მოითხოვს. ცენტრში გვიპასუხეს, რომ მათ პოზიციას ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებდნენ. ცენტრის განმარტებაში ვკითხულობთ:

„იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სპეციალური პირობები ესაჭიროებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხოური ენის მოსმენის ნაწილზე სთავაზობს მსოფლიოს წამყვან საგამოცდო ცენტრებში აპრობირებულ შემდეგ მეთოდებს:

  • წამკითხველის დახმარებას (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით);
  • ხმის გამაძლიერებელთან ახლოს დაჯდომას;
  • ყურსასმენის გამოყენებას;
  • საკუთარი სმენის აპარატის გამოყენებას;
  • დროის გახანგრძლივებას.
  • ის, თუ რომელი შესაძლებლობა იქნება რელევანტური, ამ გადაწყვეტილებას იღებს  სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალით.

კომისიის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან თითოეული გამოსაცდელის განცხადებას, საჭიროებისამებრ, რამდენჯერმე უკავშირდებიან გამოსაცდელს და სთავაზობენ სპეციალური პირობის შექმნის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს“, – წერს ეროვნული გამოცდების ცენტრი.

რაც შეეხება კონკრეტული განცხადების განხილვას, ცენტრი წერს, რომ „განცხადებების განხილვა ხდება მას შემდეგ,  რაც გამოსაცდელი რეგისტრაციის დროს მონიშნავს სპეციალურ ველს და განსაზღვრულ ვადაში  წარმოადგენს შესაბამის ცნობას (ფორმა #100). გასათვალისწინებელია ისიც,  რომ ნებისმიერ  ინფორმაციას ცენტრი აქვეყნებს  პერსონალური მონაცემების სრული დაცვით“.

ტერეზა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მის უფლებებს არღვევს. „სასამართლოშიც შევიტანდი სარჩელს, რადგან არასწორად შეაფასა კომისიამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მით უფრო – არასწორი გადაწყვეტილება „მომისაჯა“. მაგრამ სასამართლო დავას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ გამაჩნია და მანამდე გამოცდებსაც კი ჩავაბარებ“, – ამბობს ტერეზა.

მისი თქმით, ცენტრისთვის ერთი გამონაკლისის დაშვება ტრაგედიაა. „შშმ პირები არც ისე ხშირად გადიან ეროვნულ გამოცდებზე, სწორედ იმიტომ, რომ არ არის შექმნილი სპეციალური გარემო, არავისგან მოდის მხარდაჭერა, გაგება, ხელის შეწყობა.

შშმ პირებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება და ხშირად განათლების მიღებაზეც უარს ამბობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. არ მეხალისება ასე ცხოვრება და რთული პერიოდებიც მაქვს, როცა ხმამაღლა ვამბობ, რომ დავიღალე და მინდა ჩვეულებრივი სმენით ვცხოვრობდე“.

თუმცა სახელმწიფოს ტერეზასი არ ესმის.

ტერეზა ასევე გვიზიარებს თავის ემოციებს სკოლის ადრეულ წლებზე, რაზეც ამბობს, რომ ბუნდოვნად ახსოვს.

„როცა შევამჩნიე, რომ სმენა ქვეითდებოდა, ვცდილობდი, არ შემემჩნია… დაჯერებაც არ მინდოდა და გავურბოდი. ნელ-ნელა გამწვავდა მდგომარეობა და ადამიანებმა ზემოდან ყურება დამიწყეს. მერე, თანდათან, კომპლექსების თაიგულად ვიქეცი და  ჩემს ნაჭუჭში გამოვიკეტე, ჩემთვის ვიყავი, ვსწავლობდი და დროს ტირილში ვხარჯავდი. დღემდე არ ვიცი, ადამიანებს რატომ სჩვევიათ ასე მოქცევა – თავისზე შედარებით სუსტებს ჩაგრავენ და ამით ეგოს კვებავენ.

მას შემდეგ, რაც „უყურო“ გავხდი, ყირამალად გადაიქცა ჩემი ცხოვრება. გაკვეთილებს ვეღარ ვიგებდი და მიწევდა ინტერნეტისთვის, წიგნებისთვის თუ კომპეტენტური ადამიანებისთვის მიმემართა, რათა მასალა გამეგო. ასე ჩამომიყალიბდა ყველაფრის დამოუკიდებლად ათვისების უნარი.

გაკვეთილების მსვლელობისას, მოსმენის გარდა, რას არ ვაკეთებდი – ვწერდი ჩანახატებს, ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას, მომდევნო პარაგრაფებს გადავხედავდი, ან უბრალოდ თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით, დაუსრულებლად. გარდა ამისა, კლასელებთან კონტაქტიც გაუფერულდა. რამდენიმესთან თუ მექნებოდა მცირე დიალოგი ან მონოლოგი. ისიც ისევ მე ვლაპარაკობდი და ისინი მიწერდნენ ფურცლებზე, ტელეფონში, მაგრამ ხანდახან უკუკავშირიც არ იყო და ჩემი ხმა ექოსავით ისმოდა“, – წერს ტერეზა თავის დღიურში, რომელსაც ჩვენც გვიზიარებს.

ამავე ჩანაწერში ტერეზა საუბრობს მასწავლებლების შესახებაც. „ბევრი მასწავლებელი შემხვდა ამ დროის განმავლობაში და თითოეულისგან იოტისოდენა თუ ვეებერთელა რაღაცის შესრუტვა მოვახერხე. სკოლას, ისევე, როგორც ყველაფერს, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მან მასწავლა, რომ ქვეყნად თეთრი და შავი არსებობს, რომ ყველანი ერთნაირები არ ვართ, რომ ინდივიდუალიზმი ბევრს ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებელი არ არის, რომ დამარცხება და გამარჯვება მეგობრები არიან და კიდევ უამრავი „რომ“, რომლის ჩამოთვლა შორს წამიყვანს.

სკოლის პერიოდში ვცდილობდი აქტიური მოსწავლე ვყოფილიყავი და დამთავრების შემდეგ აქტიური მოსწავლის სტატუსიც მომეპოვებინა, მაგრამ ვაღიარებ, სიზარმაცემ დამაბრკოლა და მერე – პანდემიამაც. სკოლის იქით, მოხალისეც ვიყავი ბილივის ფონდში და აი, უკვე მესამე (და უკანასკნელი) წელია მანდ ვარ. ამასობაში, იქ ყოფნის ლიმიტიც ამოვწურე. თუმცა მომავალში კიდევ გადაიკვეთება ჩვენი გზები. Once a believer, always a believer.

მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც მონაწილეობდა ჩემს განვითარებაში, მიბიძგა თუ ზურგი მაქცია. ყოველივე ეს სტიმულის მომცემი და ფეხზე წამოდგომისას ხელის გამწოდებელია“.

ტერეზა „ბოლო ზარის“ შესახებაც წერს: „ბოლო ზარზე ყველაზე მეტად ბებიის არყოფნა მღრღნიდა. სახლიდან გასვლისას არავის გავუმხნევებივარ, არავის უკოცნია ლოყასა და შუბლზე, არადა, ამას ბებია კისრულობდა სულ და შესანიშნავად ართმევდა თავსაც. ძალიან მენატრება, თუმცა კვლავინდებურად ჩემს გულში აგრძელებს სიცოცხლეს არამატერიალურ ფორმაში“.

2:1 – „ლოკომოტივი“ VS „დინამო ბათუმი“

23 მაისს თბილისში გამართული საფეხბურთო მატჩი „დინამო ბათუმსა“ და „ლოკომოტივს“ შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით – 2:1.

ანგარიში „დინამომ“ გახსნა პირველ ტაიმში, 11-მეტრიანი საჯარიმო გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს „ლოკომიტივის“ ფეხმურთელმა გურამ კაშიამ გაიატანა გოლი და ანგარიში გათანაბრდა.

მეორე გოლი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა ირაკლი სიხარულიძემ 63-ე წუთზე გაიტანა.

ბათუმის „დინამო“ ტურნირის ცხრილში ეროვნული ლიგის სიის ლიდერობას ინარჩუნებს „დინამო თბილისთან“ ერთად.

ეროვნული ლიგის ფარგლებში შემდეგ შეხვედრას ბათუმის „დინამო“ 10 ივნისს, ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს, სადაც „თელავს“ შეხვდება.

_____________

ფოტოზე: ვლადიმერ მამუჩაშვილი, „დინამო ბათუმი“. ფოტო: FC Dinamo Batumi/FB

 

დღეს და ხვალ ბათუმში ისევ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა.

ოთხშაბათს, 26 მაისს, ბათუმში გამოიდარებს და 26-27 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც ბათუმში, ისე აჭარის მთელ ტერიტორიაზე.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დადასტურდა კოვიდის 388 ახალი შემთხვევა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

24 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 13 340 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი.

23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.19%.

__________________________

 

აჭარაში კოვიდის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 24 მაისი

24 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 411 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 12 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 272 ადამიანი იმყოფება.

Exit mobile version