“სილქფესტის“ აქციით ინტერნეტ და სასაუბრო კომბინაციებს ულიმიტო პირობით გაიაქტიურებთ

5 და 6 ივნისს სილქნეტის აბონენტები  ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტების გააქტიურებას 30 დღით შეძლებენ.

კომბინაციით *202# აბონენტი ჩაირთავს:

[checklist]

  • ულიმიტო სასაუბროს + 5 GB: 18₾
  • ულიმიტო სასაუბროს + ულიმიტო ინტერნეტი: 28₾

[/checklist]

აქციით სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბ-ის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.

*პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია

**სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე.

პაკეტის პირობა ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე.

კიშინიოვი – ბათუმი – ჩარტერული რეისები მოლდოვადან კვირაში ორჯერ შესრულდება

25 ივნისიდან მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE ჩარტერულ რეისებს კიშინიოვსა და ბათუმს შორის კვირაში ორჯერ შეასრულებს.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ჩარტერული რეისები 1-ელ ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება.

7 ივნისიდან დაიწყება პირდაპირი, რეგულარული რეისები ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით და პირიქით, ხოლო 10 ივნისიდან უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი კიევსა და ბათუმს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.

 

17 პატიმარი ქალი ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას შეისწავლის – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, N5, ქალთა დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქალი მსჯავრდებულები ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან.

„საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთვებიან ფიტნესაკადემიის წამყვანი სპეციალისტები. კურსი 6 თვეში დასრულდება და მასში მონაწილე 17 ქალ მსჯავრდებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემა.

„მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს.

სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალ ფიტნესინსტრუქტორებად ჩამოყალიბდნენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა გახდება“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

_________

ფოტო: პენიტენციური სამსახური

ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ თაიპ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რომლის მოცულობა დაახლოებით 135 მილიარდი კუბური მეტრია.

საბადო თურქულმა მბურღავმა გემმა, „ფატიხმა“ აღმოაჩინა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ დაგეგმილია ზღვიდან გაზის სამ ეტაპად მოპოვება:

პირველ ეტაპზე ზღვის ფსკერზე დამონტაჟდება  სპეციალური სისტემა ბუნებრივი გაზის მოსაპოვებლად, მეორე ეტაპზე მოეწყობა სისტემა ზღვიდან ხმელეთზე გადასატანად, მესამე ეტაპზე კი – მილსადენი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ზღვაში და ხმელეთზე დამონტაჟებულ სისტემებს შორის.

___________

ფოტო: www.timeturk.com

ქუთაისში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, დაკავებულია 2 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 პირი დააკავეს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მიმდინარე წლის 4 ივნისს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილით დაედევნა ნაცნობს – 1990 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს, რომელიც წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“ – წერს შს სამინისტრო.

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში კოვიდის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა

6 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 328 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 227 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 504 ახალი შემთხვევა, 17 პაციენტი გარდაიცვალა | 6 ივნისი

6 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3418 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 752 მძიმე პაციენტია.

5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.99%.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 6 ივნისის 21 საათიდან 7 ივნისის  21 საათამდე  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 8-9 ივნისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

საპატრიარქო ასაჩივრებს ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილებას

დღეს, 6 ივნისს, საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონაში მიმდინარე მოვლენებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლიც გაყვანის შესახებ.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე მათთვის არავის მოუმართავს და ეს პრობლემა მათთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი.

„ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.

ამასთან ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.

ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.

მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/546457/

ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეიქმნა | რა მოლოდინები აქვთ ფეხბურთელებს

31 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე ყრილობაზე წარადგინეს ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2021-2024 წლებში დაგეგმილ, სფეროს მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს.

საქართველოში 2016 წლიდან რეგულარულად იმართება ქალთა ეროვნული ლიგა. ამჟამად ქვეყანაში I და II ლიგა არსებობს, რომელშიც ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს.

ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთევან ყიფიანი “ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან უეფასთან თანამშრომლობით ქალთა ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

მუდმივად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ავამაღლოთ ცნობადობა ქალთა ფეხბურთის დადებითი მხარეების შესახებ და დავამსხვრიოთ არსებული სტერეოტიპები, რომ ფეხბურთი “კაცების საქმეა”.

“2015 წელს რეგისტრირებულ ქალ ფეხბურთელთა რაოდენობა 120 იყო, დღეს კი 1600-ზე მეტია. ქალთა ფეხბურთის განვითარება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და, შესაბამისად, გაჩნდა აუცილებლობა, გვემუშავა სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

  • იმიჯი და ჩართულობა
  • შემოსავალი
  • მონაწილეობა
  • ელიტური კლუბები და ეროვნული ნაკრები
  • ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება
  • სამუშაო ძალის განვითარება
  • ინფრასტრუქტურა

ყველა ამ მიმართულებით ვიმუშავებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პროცესი დეტალურად გვქვს გაწერილი ჩვენს სტრატეგიის დოკუმენტში.

ქეთევან ყიფიანი
ქეთევან ყიფიანი – ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი

ქალთა ფეხბურთი საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა. შესაბამისად, ფეხბურთელების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სტერეოტიპები, რომ ფეხბურთი ბიჭების სპორტია. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფეხბურთის ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ ხშირად გოგონებს არ აქვთ საკმარისი ანაზღაურება.

ქალთა კლუბები უმეტესად მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და, შესაბამისად, არ არინ თვითკმარი. ეს იწვევს იმას, რომ უმეტეს ფეხბურთელებს არ აქვთ კონტრაქტები და ანაზღაურება თავიანთ კლუბებში. ჩვენი 4-წლიანი სტრატეგია ითვალისწინებს ყველა ამ დაბრკოლებისა და გამოწვევის ეტაპობრივად შემცირებასა და გადალახვას”.

ქეთევან ყიფიანის თქმით, მომდევნო ოთხ წელში დაგეგმილი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, კაც ფეხბურთელთა და მაყურებლის ჩართულობა, რომელთა ძალისხმევითაც ქალთა ფეხბურთი გახდება ხელმისაწვდომი და კარიერულად სარგებლიანი მიმართულება ქალებისთვის.

“ჩვენი 4-წლიანი სტრატეგიის მიზანია გვყავდეს მინიმუმ 20 ქალი მწვრთნელი, მინიმუმ 20 ქალი მსაჯი, მინიმუმ 20 ქალთა გუნდი ასპარეზობდეს ქალთა ლიგებში და რეგისტრირებულ ქალ ფეხბურთელთა რაოდენობა გაიზარდოს მინიმუმ 4000-მდე”, – აღნიშნავს ქეთევანი.

ლანა გორგაძე, ქუთაისის “მართვეს” ფეხბურთელი

სტრატეგიის მიმართ მოლოდინები აქვთ ქალ ფეხბურთელებსაც. ქუთაისის ქალთა კლუბის “მართვეს” თავდამსხმელს, ლანა გორგაძეს იმედი აქვს რომ დოკუმენტი ფორმალური ხასიათის არ იქნება და გაწერილი მიზნები პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელდება

“ძირითადი საკითხები ეხება სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემას და ფეხბურთის სფეროში გოგოების დაბალ მონაწილრობას.

მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის მხრიდან არსებობს ფეხბურთში არსებული ღრმა უთანასწორობის აღმოფხვრის და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მზაობა, ვფიქრობთ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი და ტაბუირებული საკითხია, რომლებზე ხმამაღლა ლაპარაკიც ჭირს.

ქალთა ფეხბურთში ძირითადად კაცები არიან დასაქმებული როგორც მწვრთნელების პოზიციაზე, ისე უფრო მაღალ, გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე. ეს ფაქტორები კიდევ უფრო ართულებს ფეხბურთის სფეროში დემოკრატიული, არაელიტური და თანასწორი ღირებულებების დამკვიდრებას” – ამბობს ლანა გორგაძე

დაუყოვნებლივ აღსრულდეს განჩინება პასიონიდან ბავშვების გამოყვანაზე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელზე  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია  აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

„სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას განცხადებით პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით.

არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე.

სახალხო დამცველის განმარტებით აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს.

შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება.

ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდიციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერსებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება.

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება

მთავრობის ინფორმაციით აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება, თუმცა ჯერ უცნობია, იქნება თუ არა გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, გაიმართება თუ არა გასართობი ღონისძიებები თუ პანდემიის პირობების გათვალისწინებით მთავრობა მხოლოდ სეზონის გახსნილად  გამოცხადებით შემოიფარგლება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.

დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად პირველი შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები გააცნეს.

შეხვედრაზე აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი ვებგვერდის serviceajara.ge-ს პრეზენტაციაც გაიმართა, რომელზეც მსურველებს დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ყველა ტრენინგზე, სემინარსა თუ მასტერკლასზე დარეგისტრირება ონლაინ შეეძლებათ.

გვერდზე ერთადაა თავმოყრილი კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები, ასევე ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები თუ სატრენინგო მასალები, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით წლების განმავლობაში მოამზადა.

აჭარის უცხოეთში რეკლამირებაზე 1.5 მილიონი დაიხარჯება – რომელი ქვეყნებიდან ველით ტურისტებს

 

ბულვარის განაშენიანების გეგმას ბათუმის საკრებულო ჯერ არ გაცნობია

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა რამდენიმე დღეში ბულვარის ადმინისტრაციამ ოფიციალურად უნდა ჩაიბაროს ან დაუბრუნოს  გეგმის ავტორს, კომპანია „ბაუ დიზაინს“ ინსპექტირების ჯგუფის შენიშვნებით.

შენიშვნების დოკუმენტში ასახვის შემდეგ ბულვარის განაშენიანების გეგმას ბულვარის მესაკუთრე, ბათუმის საკრებულო დაამტკიცებს.

თუმცა ბათუმის საკრებულოს წევრების უმრავლესობა დოკუმენტს ჯერ არ გასცნობია. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოში ჯერ დოკუმენტი არ გადაუგზავნიათ, რომ დეტალურად შეესწავლათ და საკუთარი შენიშვნებიც მიეწოდებინათ ბულვარის ადმინისტრაციისთვის.

როგორ შეიძლება აისახოს საკრებულოს წევრების შენიშვნები დოკუმენტში, როცა ის ბულვარის ადმინისტრაციას უკვე ოფიციალურად ჩაბარდება? ვინ გაითვალისწინებს შენიშვნებს?

„რას ქვია არ გაითვალისწინებენ. მაშინ არ დავამტკიცებთ“ – ასეთია ბათუმის საკრებულოს წევრის, ფინანსთა და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ნაკაიძის პასუხი ამ კითხვაზე.

დოკუმენტი არც საკრებულოს წევრებს გამოუთხოვიათ.

„არ მოუწოდებიათ ჩემთვის ჯერ. როგორც ვიცი, მხოლოდ ის გაეცნო, ვინც ინსპექტირების ჯგუფის წევრია“ – გვითხრა ზურაბ ნაკაიძემ.

ალბათ თითზე ჩამოსათვლელი იქნება საკითხები, რომლებსაც „ოცნების“ წევრმა ზურაბ ნაკაიძემ 2017 წლიდან დღემდე საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა, თუმცა ახლა ის ამბობს, რომ თუ დოკუმენტი არ მოეწონება, მას მხარს არ დაუჭერს.

საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ მისი და მისი კოლეგების შენიშვნები უნდა გაითვალისწინონ და დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ:

„საკრებულოს თუ არ მოეწონა და არ დასთანხმდა, აბა რას იზამენ, შეიტანენ ცვლილებებს. თუ არ შეიტანენ, თავიდან გამოყონ მაშინ თანხა და თავიდან შეადგინონ დოკუმენტი. რას მამტკიცებინებენ მაშინ, რატომ უნდა დავამტკიცო თუ ჩემი აზრი არ აინტერესებთ“ .

მოგვიანებით ზურაბ ნაკაიძემ გვითხრა ისიც, რომ ბულვარის განაშენიანების კი გენგეგმა აქვს, მაგრამ შენიშვნებზე ვერაფერს გვეტყვის, რადგან დოკუმენტი „ლევად აქვს მოპოვებული.“

ბათუმის ბულვარის გენგეგმას არც საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძე გასცნობია: „ამის საშუალება ჯერ არ მომცემია“- გვითხრა მან.

ბულვარის ინსპექტირების ჯგუფში საკრებულოს ერთი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე  შედის. მისი თქმით საკრებულოს წევრებს ბულვარის გენგეგმასთან დაკავშირებული შიდა შეხვედრა ჰქონდათ და ერთმანეთს მოსაზრებებიც გაუზიარეს.

„ვინც იყო იქ ფიზიკურად, დაინტერესდა, რომ ერთად გვემუშავა ამ დოკუმენტზე და ბუნებრივია, ჩვენ მოსაზრებები შევაჯერეთ. თუმცა ამის შემდეგ კიდევ შემოვა [ბულვარის გენგეგმა] და განვიხილავთ“ – გვითხრა ნატალია ზოიძემ.

ბულვარის განაშენიანების გეგმაზე წვდომა არც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ფრაქციას და საკრებულოს დამოუკიდებელ წევრებს ჰქონიათ.

როგორ მოხდება საკრებულოს წევრების მოსაზრებების გათვალისწინება დოკუმენტში, ამაზე კითხვები საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარესაც აქვს.

„მეც ამას ვამბობ, რომ საკითხი თითქოს საჯაროა, ჩატარდა ფორმალური შეხვედრები, იყო შეხვედრა რედისონში და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ მისი განხილვის საშუალება არ მოგვცემია, ამ პროცედურების გავლის შემდეგ ჩვენს შენიშვნებს არავინ არ გაითვალისწინებს, უმრავლესობა იტყვის ჩვენ ასეთი მოგვწონსო და აწევს ხელს“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე.

როგორ შეიძლება აისახოს საკრებულოს წევრების შენიშვნები დოკუმენტში, როცა ის ბულვარის ადმინისტრაციას უკვე ოფიციალურად ჩაბარდება, ამ კითხვაზე პასუხი ვერც ბულვარის ადმინისტრაციაში მივიღეთ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ დოკუმენტი და შემდეგ საკრებულო როგორ მოიქცევა, მათ რა მექანიზმები აქვთ ჩარევის და ასე შემდეგ, ამაზე  ვერ გაგცემთ პასუხს. უმჯობესი იქნება თუ საკრებულოს ჰკითხავთ“ – გვითხრა ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, სოფიო გუჯაბიძემ.

ამავე თემაზე: 

ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს – კიდევ რა წერია გენგეგმაში, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ

შესყიდვების სააგენტო 50 პიკაპს ყიდულობს – საწყისი ფასი 5 მილიონი ლარია

შესყიდვების სააგენტო 50 ერთეულ  ავტომანქანას, პიკაპს, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეისყიდის, ტენდერი სააგენტომ 4 ივნისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 9 ივნისს უნდა დაიწყოს და 10 ივნისს დასრულდეს.  შესყიდვის საწყისი ღირებულება 5 მილიონ 62 000 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2021 წელს გამოშვებული, მარცხენა საჭით, [გარბენი არაუმეტეს 200კმ], „ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული“

გარდა ამისა მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. პირობების ჩამონათვალშია ისიც, რომ სააგენტოს სპეციალიზებული პიკაპების შეძენა სურს.

ტენდერის პირობაა ავტომანქანების ფერიც, სააგენტო თეთრი ფერის პიკაპების შეძენას აპირებს.

ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2021 წლის 1 დეკემბრისა.

ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე [ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი] …

შესყიდვების სააგენტოს სპეციალისტის ინფორმაციით შეძენილ ავტომანქანებს მთავრობა გადაანაწილებს, რომელი უწყებისთვის რამდენი მანქანაა განსაზღვული ჯერ არ ვიცით.

შესყიდვის მიზნობრიობის ნაწილში სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება მიუთითა.

ეს დადგენილება სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესს განსაზღვრავს.

გარდა ამისა სააგენტოს კონსოლიდირებული შესყიდვის ფარგლებში გამოცხადებული აქვს ტენდერი ოპერატიული დანიშნულების 100 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად. ამ შემთხვევაში მითითებულია, რომ მანქანებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ყიდულობენ და შესყიდვის ღირებულება 9 მილიონი ლარია.

„დინამოს“ აფრიკელი ფეხბურთელი საქართველოსა და ქართველების შესახებ

„სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო იქნება ის  ადგილი, სადაც კვლავ დავბრუნდები“ – ამბობს ბენჟამინ ტეიდი, 27 წლის აფრიკელი ფეხბურთელი, რომელიც ხუთი წელია „დინამო ბათუმის“ ნახევარმცველია.

„ნიგერიაში ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, რომ ევროპულ გუნდში ითამაშოს.  ფეხბურთი ის არის, რაც მაბედნიერებს. ამიტომ, როცა საქართველოში თამაში შემომთავაზეს, ბედნიერი ვიყავი, 17 წლის ახალგაზრდისთვის ეს ბევრს ნიშნავდა.

ვიცოდი, რომ საქართველო პატარა, განვითარებადი ქვეყანა იყო და დიდი მოლოდინი არც მქონია. თუმცა მეგონა, რომ საქართველო ცენტრალურ ევროპაში მდებარეობდა“, – ამბობს ბენჟამინი.

ოცნებების გარდა ბენჟამინს ფეხბურთთან ოჯახური პასუხისმგებლობებიც აკავშირებს. უმცროსი ძმები და მშობლები, იმედს სწორედ ბენჟამინზე ამყარებენ, „მე მათზეც უნდა ვიზრუნო,“ – გვეუბნება ის.

ვლოცულობ, რომ რასიზმი დასრულდეს

„განსხვავებულის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება პირველად ტრანსპორტში ვიგრძენი. სავარჯიშოდ მივდიოდი და „მარშრუტკაში“ როცა ავედი, ყველა მე მიყურებდა. ყველა გვერდით გაიწია. ტაქსიში, სუპერმარკეტში, – ყველგან ისე მიყურებდნენ, რომ დისკომფორტს მიქმნიდა. ზოგჯერ ბავშვებიც მომაძახებდნენ ხოლმე – „ზანგი!“.

თავდაპირველად გუნდშიც ვიგრძენი რასისტული განწყობები, ისე მიყურებდნენ, თითქოს მათზე ქვემდგომი ვიყავი. თუმცა, ისეთი ადამიანებიც იყვნენ ჩემ გვერდით, ვინც მიცავდა. ვფიქრობ, გარკვეულწილად ჩემი უნარები და ნიჭი დამეხმარა იმაში, რომ ადამიანებმა გააცნობიერეს, კანის ფერი არაფერს ნიშნავს, რომ ყველანი ადამიანები ვართ“, – გვეუბნება ბენჟამინი.

ბენჟამინი „დინამო ბათუმის“ არენაზე ვარჯიშის დროს

მისი თქმით, სამყარო უკეთესი იქნება, თუკი ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის კულტურას, არ ექნებათ მიუღებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას განსხვავებული კანის ფერი აქვს. „ჩვენ ერთნაირი თვალები გვაქვს, ერთნაირი ყურები, სხეული, კანის ფერი არაფერს ნიშნავს“, – ამბობს ბენჟამინი. მისი აზრით, რასისტულად ის ადამიანები იქცევიან, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს. „ზოგჯერ ვბრაზდები, მაგრამ ხშირად ყურადღებასაც აღარ ვაქცევ. ვიღიმი და მივდივარ. ვლოცულობ, რომ რასიზმი დასრულდეს. ასე უფრო ლამაზი იქნებოდა სიცოცხლე“.

გახმაურებული კონფლიქტი

ბენჟამინი ერთ მტკივნეულ შემთხვევასაც იხსენებს. ფაქტი თბილისში მოხდა, როცა ის ერთ-ერთი უბნის პატარა სტადიონზე ფერადკანიან მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. „ერთი ადამიანი მოვიდა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. გვითხრა – „აქედან წადით“.

ბენჟამინი ვარჯიშის დროს/ „დინამო ბათუმის“ სტადიონზე

სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. თავდამსხმელები რასისტული შეძახილებით ცდილობდნენ შავკანიანი ახალგაზრდების გაგდებას.

თუ ვინმეს უყვარხარ, გულწრფელად უყვარხარ

წლები გავიდა და ბენჟამინიც მიეჩვია ქართულ გარემოს. ნელ-ნელა უკან რჩება უსიამოვნებებიც. „ადამიანები იცვლებიან“, – ამბობს ის. მეგობრებიც გაიჩინა საქართველოში, რომლებიც  ოჯახებშიც მასპინძლობენ. „რამდენიმე მეგობარმა მიმიწვია ოჯახში, ისე მიმიღეს, როგორც მეგობარი. ვჭამეთ, ვიცინეთ, ფოტოები გადავიღეთ. ვფიქრობ, ქართველები ერთ-ერთი მოსიყვარულე ადამიანები არიან. როცა უყვარხარ, გულწრფელად უყვარხარ და ცდილობენ დაგეხმარონ მაშინაც კი, როდესაც ეს არ გჭირდება. მე ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის.“

ქართული ენა მისთვის საკმაოდ რთულად აღსაქმელია, თუმცა რამდენიმე სიტყვა ადვილად აითვისა. „გენაცვალე“, – ძალიან მომწონს,  „ჯიგარი ხარ“ – მეგობრებს ვეუბნები ხოლმე. „დედას ვფიცავარ“ ცოტა რთული წარმოსათქმელია, მაგრამ მომწონს“, – გვეუბნება ის.

ბენჟამინ ტეიდი ამბობს, რომ მეზობლებისგან რასისტული დამოკიდებულება არ უგრძვნია.

ქართული სამზარეულოდან ყველაზე მეტად სამი კერძი მოსწონს – მწვადი, ქაბაბი და ხაჭაპური. ქართველების ფავორიტი „ხინკალი“ ამ სიაში ჯერჯერობით ვერ მოხვდა. „ალბათ, ცუდ რესტორანში გავსინჯე,“ – ამბობს ღიმილით. იმედს გვაძლევს, რომ ამ შეფასებას გადახედავს.

როგორ ვატარებ თავისუფალ დროს

„ბევრგან ვიყავი, მაგრამ ბათუმი ჩემთვის საუკეთესოა. ძალიან მომწონს მარტვილის კანიონიც, ვფიქრობ, ყველა ტურისტმა უნდა მოინახულოს ის. საღამოობით ზღვის სანაპიროზე ვსეირნობ, ძალიან ლამაზია.

ბათუმის ზღვის სანაპიროზე

დატვირთული გრაფიკი მაქვს, ამიტომ თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, playStation-ზეც ვთამაშობ. კინოებს ვუყურებ და ვკითხულობ. ბიზნესის ონლაინკურსიც ავიღე და ვმეცადინეობ ხოლმე. ვფიქრობ, ფეხბურთის შემდეგ სხვა რამის კეთებაც უნდა შემეძლოს“, – გვეუბნება ის.

ბულვარში სეირნობისას ბენჟამინს უცნობებიც ეთამაშებიან ხოლმე ფეხბურთს

მეზობლებისგან რასისტული დამოკიდებულება არ უგრძვნია. არც ბინის მეპატრონესთან  ჰქონია პრობლემა. „რეალურად, ძალიან წყნარი ადამიანი ვარ. ზოგჯერ ვერც გაიგებ, სახლში ვარ თუ არა.“

ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი დედაა

ბენჟამინი ამბობს, რომ მორწმუნეა, ამიტომ როცა თბილისშია, ხშირად დადის ნიგერიელთა პროტესტანტულ ეკლესიაში.

„მათთან ურთიერთობა მეხმარება, როცა დაბნეული ვარ და გამხნევება ან რჩევა მჭირდება. საეკლესიო მსახურებებს კი ონლაინშიც ვესწრები, რადგან ბათუმში მსგავსი საზოგადოება არ გვყვავს.

თავისუფალ დროს ბენჟამინი ბიზნესის ონლაინკურსს უსმენს

პანდემიაში, ჩაკეტილობისას, ყველაზე მეტად იმას განვიცდიდი, რომ ვერ ვთამაშობდი. სახლში ვვარჯიშობდი, ოჯახის წევრებთან საუბარი კი ყველაფერს ამარტივებდა. პანდემიამდე შვებულებას ოჯახთან ვატარებდი, თუმცა ახლა ამას ვერ ვახერხებ და მათ ონლაინში ვეკონტაქტები. ისინი ჩემთვის საწვავივით არიან, მმუხტავენ, ახალ ენერგიას მაწვდიან. განსაკუთრებით კი დედა მგულშემატკივრობს“, – ამბობს ბენჟამინი.

ბენჟამინის დედა და ძმები

კიდევ რამდენი ხნით მოუწევს „დინამოსთან“ თანამშრომლობა ზუსტად არ იცის, თუმცა ნამდვილად იცის ერთი რამ: „სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო იქნება ის ადგილი, სადაც დავბრუნდები. რაღაცნაირად მიბმული ვარ ამ ქვეყანასთან. არ ვიცი, როგორ, მაგრამ საქართველო ჩემთვის სახლივითაა. ახლა ვფიქრობ, იქნებ ინვესტიციაც გავაკეთო და უძრავი ქონება შევიძინო“.

ბათუმის მერია ეშმაკის ბორბალს იჯარის წესით ასხვისებს

ბულვარში, ზღვასთან ახლოს განთავსებული  პანორამულ ბორბალი [ ე.წ. ეშმაკის ბორბალი] ბათუმის მერიამ  ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა, აუქციონი ითვალისწინებს ასევე მასთან დაკავშირებული ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მსუბუქი კონსტრუქციის განსათავსებლად – საწყისი ფასი 287 250 ლარია, ხოლო ბიჯი 2000 ლარი, ქონებას საიჯარო წესით გაასხვისებენ.

აუქციონის პირობებში სამომავლოდ მისი შესაძლო ადგილმონაცვლეობაც არის ნახსენები.

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით  აუქციონის გამარჯვებულს, მომავალ მოიჯარეს ევალება შეინარჩუნოს პანორამული ბორბალი იმ მდგომარეობაში რომელშიც მიიღებს მას.

მან ასევე უნდა უზრუნველყოს  პანორამული ბორბლის გამართული მდგომარეობა და უსაფრთხო ექსპლუატაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ ატრაქციონი გამოვიდა მწყობრიდან, მოიჯარე ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი და დაუყოვნებლივ აცნობოს მეიჯარეს, ხოლო მწყობრიდან გამოსული ატრაქციონის აღდგენა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს არაუმეტეს 10 დღის ვადაში.

მოიჯარე ასევე ვალდებულია  პანორამული ბორბლის განათების რეჟიმი უნდა შეათანხმოს მეიჯარესთან, იჯარის უფლებით გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, განახორციელოს მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება.

მოიჯარეს უფლება აქვს ასევე იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის თავისუფალ ნაწილზე განათავსოს  მსუბუქი კონსტრუქციის მქონე ნაგებობა ბათუმის  მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ატრაქციონის განთავსების ადგილის მონაცვლეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულება, რა დროსაც მეიჯარეს მოიჯარის მიმართ არ წარმოეშობა რაიმე ვალდებულება გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

წლიური სარგებლობის საფასური მოიჯარემ უნდა გადაიხადოს თანაბარწილად კალენდარული წლის 01 ივნისამდე და 01 დეკემბრამდე. ამავდროულად საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

სკოლის მოსწავლეებს 0,5 პროცენტი კოვიდით ინფიცირებულია

განათლების სამინისტროს მონაცემებით, სკოლებში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 პროცენტს, ხოლო მოსწავლეთა 0,05 პროცენტს დაუდასტურდა.

„მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. 122 მასწავლებელი კი დისტანციურ ფორმატზე გადასვლას ითხოვს, რადგან რისკის ჯგუფს მიეკუთვნება“ – აცხადებს სამინისტრო.

ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები  გავრცელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შენონბებში სასწავლო პროცესი ერთ კვირაში დასრულდება.

_________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

კორონავირუსით ინფიცირების 832 შემთხვევა და 17 გარდაცვალება – 5 ივნისის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე  ჩატარდა 31 409  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  832  ახალი შემთხვევა და  გამოჯანმრთელდა 624  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.65 % .

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 409 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 617 კვლევა ანტიგენის, ხოლო 13 792  PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა – 66, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 28, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 897, აჭარაში – 337, იმერეთში – 436.

 ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში – 362, აჭარაში – 85, იმერეთში -149. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 12, იმერეთში – 15.

619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 231- აჭარაში. 7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 27, ხოლო აჭარაში – 0.

სულ  6 ოქტომბრიდან – 4 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 822 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 231, პირი, აჭარაში – 2 314, იმერეთში – 1 502.

აჭარაში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ერთი გარდაიცვალა

6 ივნისის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკა დატოვა  35-მა პაციენტმა, კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზე] – 13, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს – 388 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -225,  ხოლო ონლაინ კლინიკაში – 422.

გამოჯანმრთელდა – 95 , საერთო ჯამში დღემდე გამოჯანმრთელდა – 41 748 პაციენტი

აჭარის ტყეების ხმით შექმნილი მუსიკა ბათუმის ბულვარში – ფესტივალი „გაცვლა“

4 ივნისს, ბათუმის ბულვარში, „კონტე Beach“-ში მუსიკალურ პროგრამას უკრავენ, სახელწოდებით – „სახლი“.

მუსიკალური ინსტალაციებისთვის ხმები აჭარის ტენიან ტყეებში მუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ ჩაწერა: ლოდებზე მდინარის შხუილი, ჩანჩქერის ვარდნის ხმა, ჩიტების გაბმული ჭიკჭიკი, ხანაც სტვენა ან გალობა, უმცირესი არსებების მოძრაობით გამოწვეული ჩქამები: ზუზუნი, შრიალი, ფუთფუთი.

ანუშკა მიიჩნევს, რომ ხმებზე მონადირეა, „მონადირე“ – საუკეთესო და უმტკივნეულო გაგებით.

ანუშკას ჩაწერილი ხმების გამოყენებით სამმა მუსიკოსმა შექმნა კომპოზიციები, უახლოეს დღეებში კი რამდენიმე დღის განმავლობაში „კონტე Beach“-ის ტერიტორიაზე განთავსდება მუსიკალური ბოქსები, სადაც აჭარის მთებში ჩაწერილი ხმებით აწყობილ მუსიკას მოისმენთ ზედ ზღვის პირას.

ანუშკა თვლის, რომ ამ ხმების მიტანა მსმენელამდე აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან ძვირფასი, ბუნებრივი გარემო დღითიდღე იცვლება, მათ შორის მთიანი აჭარის ტენიან ტყეებში და ერთხელაც შეიძლება დადგეს დრო, როცა ეს ხმები შეიძლება არც კი გვესმოდეს.

მუსიკოსის თქმით, შეიძლება შემორჩენილი ფოტო, ვიზუალური მასალა გვქონდეს სხვადასხვაგვარი გარემოსი, მაგრამ ხმა არის ის, რაც გარემოს სრულყოფილად გვაგრძნობინებს.

„ბავშვობიდან ვიზრდები გარემოსა და სახლში, სადაც მნიშვნელოვანი იყო ბუნების არსებობა, მაგრამ მისი ხმები ბავშვობის სახლის მიტოვების შემდეგ აღმოვაჩინე.

როცა ვბრუნდებოდი ხოლმე შინ, ვხვდებოდი რამხელა მნიშვნელობა აქვს ხმებს, რომელიც გარემოში გესმის, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი, თუ გულისყურით არ უსმენდი. ეს დღემდე ინსპირაციის წყაროა ჩემთვის.

არ მესმის მუსიკა, როგორც კონკრეტული ინსტრუმენტის ნოტები, მუსიკა მესმის როგორც ყველაფერი გარშემო.

ამას პათეტიკურად არ ვამბობ, უბრალოდ მართლა ასე აღვიქვამ“ – ამბობს ანუშკა.

YouTube video player

ანუშკა ფიქრობს, რომ ბუნების ხმებით საზრდოობა ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა და თუ  მუდმივად ქალაქში ხარ, თუ გონებას არ ასვენებ, შეიძლება ვერც მიხვდე ისე დაიზიანო საკუთარი თავი.

ანუშკასთვის მუსიკა თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალებაა. ამბობს, რომ ხანდახან მეგობრობა და სიკეთის კეთებაა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება მისთვის.

„ძირითადი ფორმა, რაც საკუთარი თავის გამოსახატად ვიპოვე და სადაც ყველაზე თავისუფალი, ბუნებრივი და უკომპრომისო ვარ, ეს არის მუსიკა.

საქართველოში მუსიკოსისთვის ძალიან საინტერესო გარემოა. ყოველთვის იპოვი ინსპირაციის წყაროს არამხოლოდ ბუნებაში, არამედ იმ ქაოსშიც, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ხანდახან აბსურდი რაშიც ვცხოვრობთ და ხან გვაბრაზებს, ხან კიდევ გვახალისებს დიდი ინსპირაციის წყაროდ იქცევა.

ვფიქრობ, ძალიან კარგი არტისტები ცხოვრობენ აქ, გულწრფელები და ნამდვილები“ – ამბობს ანუშკა.

YouTube video player

ამავე თემაზე: 

„გაცვლა“ – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში: გამოფენები, საჯარო შეხვედრები და მუსიკა

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეში” მესაკუთრე იახტის დაბრუნებას ითხოვს

უნდა დაუბრუნდეს თუ არა იახტა მესაკუთრეს? – იკითხა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და საქმიდან იახტის მესაკუთრის თხოვნის წერილი ამოიღო. იახტა, სადაც უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, გასული წლის ნოემბრის შემდეგ ფოთის პორტში დგას.

საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში. ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

ამ საქმეზე ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

“ეს სადავო ნივთმტკიცებაა, არ უნდა დაუბრუნდეს,” – მიმართა მოსამართლეს იახტის დაბრუნებაზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ. მან დოკუმენტები გადაათვალიერა და ისიც აღნიშნა, რომ დოკუმენტებით ვერ დგინდება, იახტას ნამდვილად მისი მესაკუთრე რომ ითხოვს.

მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შეახსენა წინა სასამართლო სხდომა, რომელიც გასვლითი იყო და ფოთში ჩატარდა – მოსამართლემ პროკურორთან და ადვოკატთან ერთად იახტა დაათვალიერა, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ნივთმტკიცებაა.

“ვნახეთ, რომ ის არის ზღვაში დალუქულ მდგომარეობაში, მისი არც დაქოქვა ხდება, ის შეიძლება მარტივად დაზიანდეს, როგორც ადგილზე გვითხრეს,” – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლო სხდომები ზოგჯერ წლობით გრძელდება, როცა ბრალდებულები გირაოთი არიან გარეთ, ხოლო საპატიმრო საქმეების სამივე ინსტანციის გავლას ორი წელი მაინც სჭირდება.

“რა გამოდის, ორი წელი არ უნდა დაუბრუნდეს?” – პროკურორებს გახედა მოსამართლემ.

“ვგულისხმობ ავთენტურობის დადასტურებას,” – თქვა პროკურორმა პოზიციების მოსმენის შემდეგ.

ამ საკითხს სასამართლო შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხიც განიხილა.

“აეკრძალოთ ზღვასთან მიახლოებაც,” – ირონია გამოხატა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, როცა ის ასაბუთებდა, თუ რატომ უნდა გაათავისუფლოს სასამართლომ ბრალდებულები გირაოს საფუძველზე.

ადვოკატის მტკიცებით, ახლა მით უფრო ლოგიკურია ბრალდებულების გათავისუფლება, როცა პროკურატურის თითქმის ყველა მოწმე გამოკითხულია და მათზე ზეწოლას ბრალდებულები ვერ მოახდენენ.

“მე არ ვგრძნობ, რომ რამე შეიცვალა, ბატონებო,” – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მიმალვის საფრთხე ყოველთვის არსებობს.

ბრალდებულების სანუგეშოდ მოსამართლემ სტატისტიკაც მოიშველია: “ყოველი 100 საქმიდან 12 გამამართლებელი განაჩენი გამოდის,” – აღნიშნა მოსამართლემ.

ამ საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა უკვე სრულდება. მოწმეთა ნაწილის სასამართლოში წარმოდგენას პროკურორები აღარ აპირებენ. მათ თქვეს, რომ საზღვრის პოლიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის ჩვენებას წაიკითხავენ. პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ განმარტა, რომ ეს მოწმე მივლინებით უცხოეთშია.

“ეს ზღუდავს კითხვების დასმის შესაძლებლობას,” – გააპროტესტა პროკურორის გადაწყვეტილება ბექა ბასილაიამ. – “რა შუაშია მივლინებაშია თუ არა? დისტანციურად მაინც ჩართეთ, ან ჩამოვიდეს პარიზიდან, მისცეს ჩვენება და წავიდეს მერე უკან,” – თქვა მან.

“ჩვენ არ მოგვაწოდეს კონკრეტული დეტალები კომუნიკაციისთვის,” – თქვა პროკურორმა.

მოსამართლემ პროკურორებს მოწმესთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა, რომ მისი დისტანციური წესით ჩართვა მაინც მოხერხდეს.

წინა სხდომაზე საზღვრის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ვერ დაასახელა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც არსებობს რომელიმე ორგანოსთან შეთანხმების ვალდებულება, როცა მცურავი საშუალება პორტში არ შემოდის და ისე მოძრაობს შავ ზღვაში, მაგალითად, უკრაინიდან თურქეთის შემთხვევაში, როგორც ეს სადავო შემთხვევაში მოხდა.

ამ თემაზე:

რა თქვა მოწმემ „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

ეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე აცხადებს, რომ სხალთელი ეპისკოპოსის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით პოლიციას უკვე მიმართეს. დღეს სხალთელმა ეპისკოპოსმა ნინოწმინდის ბავშვების ვიდეო ლაივში გაავრცელა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი მედიას მოუწოდებს, თავის შეიკავონ ამ ვიდეოს გავრცელებისგან.

„სპირიდონის მოქმედება და სახელმწიფოს უმოქმედობა არის ძალადობა ბავშვებზე. ასეთ ვიდეოებს ზრუნვის სააგენტო სასამართლოში იყენებს ძალადობის სამტკიცებლად… ამიტომ, პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია და მოვითხოვეთ სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. უნდა განაცალკევონ ბავშვებისგან დაუყოვნებლივ! ვნახოთ აბა რას იზამენ.

პ.ს. ორივე ვიდეო სამუშაო მაგიდაზე უკვე უდევს მოსამართლეს!“ – წერს ანა აბაშიძე.

 

ფეისბუქში ხელმისწავდომი ვიდეოკადრების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ეპისკოპოს სპირიდონის მიერ კადრების გავრცელების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომ ვიდეოში ნინოწმინდის ბავშვთა სახლის არასრულწლოვნები სრულად არიან იდენტიფიცირებადი.

„ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

ამ საკითხზე განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გაავრცელა.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს და სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.“ – ნათქვამია განცხადებაში

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით „დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას.“

დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად, უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიას, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან.

„თავდასხმა“ ქალაქის უფროსის სახლზე – ნამდვილი დეტექტივი ძველი ბათუმიდან

ძველი გაზეთების დათვალიერებისას ერთ საინტერესო ცნობას წავაწყდი. 1883 წლის მაისში „დროებას“ პირველ გვერდზე გამოუქვეყნებია ტელეგრამა ბათომიდან, რომელშიც იუწყება, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, კოწია ერისთავი და ძმები შაშიკაშვილები გაამართლეს, ადვოკატი ხელში აყვანილი გამოიყვანეს დარბაზიდანო.

ტელეგრამა აღელვებული კორესპონდენტის ნაწერს ჰგავს. უცებ მიხვდები, რაღაც განსაკუთრებულ ამბავთან უნდა გვქონდეს საქმე.

და ასეცაა.

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მოხდა ბათუმში და მასზე არათუ მთელი ბათუმი, არამედ მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა, ყოველ შემთხვევაში, გაზეთ „დროებას“ მკითხველი მაინც, რადგან ამ ამბავს „დროებამ“ რამდენიმე ნომერში მიუძღვნა ვრცელი რეპორტაჟი, რომელიც სერიებად იბეჭდებოდა.

მაგრამ სანამ ამბავზე გადავალთ, ტელეგრამას შევავლოთ თვალი.

„დროება“

ამბავი კი ასე იწყება.

1882 წლის 8 სექტემბერს, გამთენიისას, 3:30 წუთზე ბათუმის პირველი პირის, ქალაქის უფროსის ალექსანდრე ბერსის სახლში ფეხაკრეფით, სუნთქვაშეკრული შედის თავადი კოწია ერისთავი. ჩამიჩუმი არ ისმის, ფანჯრებთან მომდგარ გარიჟრაჟს ჯერ ძალა არ აქვს, ბნელა, მხოლოდ ქალაქის უფროსის ოთახიდან გამოდის მბჟუტავი ლამპის შუქი.

კოწია ერისთავიც იქითკენ მიდის.

კიდევ ორი ნაბიჯიც და ისმის გასროლის ხმა, რომელსაც თავადი სროლითვე პასუხობს, ელვის სისწრაფით გადაევლება ფანჯრის რაფას და ქრება.

ქალაქის უფროსის სახლში კი ჩოჩქოლია. სახლი სავსეა შეიარაღებული ხალხით, სახლთან აკავებენ კოწია ერისთავის მეგობრებს, რომლებიც თავადს გარეთ ელოდნენ.

დილას აკავებენ კოწია ერისთავსაც.

ბათუმში კარგად ცნობილ, ახალგაზრდა, „ბრწყინვალე თავადს“ ბრალად ედება ქალაქის უფროსის მკვლელობის და მისი სახლის გაძარცვის მცდელობა.

საქმეში უამრავი მოწმეა. ქალაქის უფროსი ბერსი ამბობს, რომ მას წინასწარ აცნობეს კოწია ერისთავის განზრახვა, ამიტომაც სახლში შეირაღებული ხალხით დახვდა, თავის საწოლში კი მუთაქები ჩადო, რომ თავადს ეფიქრა, ბერსს აქ სძინავსო.

მოწმეები ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ შევიდა კოწია ერისთავი ბერსის სახლში, შეაღწია საძინებელ ოთახში და ხანჯლის ცემა დაუწყო ბერსის საწოლს.

არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ წინა დღით შენიშნეს, როგორ დადიოდა ბათუმის ქუჩებში ფაეტონით მარტო, მოწყენილი თავადი ერისთავი.

ჩვენებას აძლევს კოწია ერისთავიც. იგი ამბობს, რომ ბერსთან უსიამოვნება მოუვიდა და თავად ქალაქის უფროსმა დაიბარა ამ დროს მოდი და მოვილაპარაკოთო. ამიტომაც მივედი კაცებითო – ირწმუნება თავადი.

საქმეს ცუდი პირი უჩანს.

პოლკოვნიკი ბერსი გავლენიანი კაცია. რუსეთ-თურქეთის ომში იბრძოდა, მოყვარულ მუსიკოსთა ორკესტრში უკრავდა ვიოლინოზე რუსეთის მომავალ იმპერატორ, ალექსანდრე მესამესთან ერთად. ბერსი უკვე ცნობილი მწერლის, ლევ ტოლსტოის ცოლისძმაა.

პოლკოვნიკი ბერსი

ამბიდან 9 თვის შემდეგ, 1883 წლის მაისში, საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლომ დაიწყო.

სასამართლო სხდომა 27 მაისს, დილის ათ საათზე დაიწყო.

დარბაზი სავსეა ხალხით. დასწრების მსურველთა რაოდენობის გამო საქმის მოსმენა სკოლის დარბაზში მიდის და არა სასამართლოს განყოფილებაში.

ქუთაისის გიმნაზია, რომლის დარბაზშიც გაიმართა სასამართლოს სხდომა

შემოჰყავთ ბრალდებულები.

დარბაზი ოხრავს.

მოვუსმინოთ „დროებას“ კორესპონდენტს:

„აჰა, გამოჩნდნენ ხალხში ბრალდებულნი, კოპწიად მოკაზმულნი… თავადი კოწია ერისთავი, 23 წლის შნოიანი, ტანწვრილი, მარდი ახალგაზრდა თავისი მიხვრა-მოხვრით იზიდავდა მაყურებელთ თვალს, თუმც ერთობ დასტყობია საპყრობილის არასანატრი გავლენა… შაშიკ-ოღლის [შაშიკაშვილი] 28 წლის შუა-ტანის, მარდ ახალგაზრდას რაღაც იმედოვნება ეტყობოდა სახეზე, ძმა ამ შაშიკოღლისა 23 წლის, თავის ყმაწვილური შეხედულობით ყველას იზიდავს…“

საქმეში 37 მოწმეა. მათი უმრავლესობა პოლიციელია.

სხდომაზე არ გამოცხადდა პოლკოვნიკი ბერსი, ამიტომ მის ჩვენებას სახალხოდ კითხულობენ. კიდევ ერთხელ ისმის ბრალდება – გაძარცვის მიზნით მკვლელობის განზრახვა.

პირველ დღეს მხოლოდ ოთხი მოწმის დაკითხვა ხერხდება და სასამართლო სხდომა მეორე დღეს, ისევ დილის 10 საათიდან გრძელდება. დარბაზში მაყურებლების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.

მოწმეების ჩვენებები არეულია. ზოგს თავისი პირველი ჩვენება უკან მიაქვს და ვერ იხსენებს, რომ კოწია ერისთავს სახლში შესვლისას იარაღი ეჭირა, ზოგიც კვლავ თავადის დანაშაულს ამტკიცებს.

უკვე საღამოს 10 საათი გახდა. ხალხი დაიღალა, მაგრამ დარბაზს მაინც არ ტოვებს.

და გამოდის მოწმე, რომლის გამოჩენისას დარბაზში უცებ ჩამოვარდა სიჩუმე. მოძრაობა და ჩოჩქოლი შეწყდა. ყველა სულმოუთქმელად ელის, რას იტყვის ის.

მოწმე ახალგაზრდა, რუსი ქალია. პოლკოვნიკ ბერსის ცოლის მოახლე და მისი მესაიდუმლე.

ქალი იწყებს ჩვენების მიცემას და კრიმინალური ამბავი რომანტიკულ ელფერს იძენს.

ამბავში ჩნდება მთავარი გმირი, პოლკოვნიკ ბერსის ახალგაზრდა მეუღლე, 22 წლის ფატი ერისთავი, რომლის სილამაზის შესახებ მთელს საქართველოშია ცნობილი.

ფატი ერისთავი

მოახლე სასამართლოს უყვება, რომ კოწიას და ფატის უყვარდათ ერთმანეთი, რომ ფატი ერისთავი ხშირად ატანდა კოწიასთან წერილებს და მოახლეს სთხოვდა გაერკვია, ჰქონდა თუ არა თავადს სხვა ქალებთან კავშირი. მოახლე იხსენებს იმასაც, როგორ გაიგონა ერთხელ ოთახიდან ბერსის ხმამაღალი ტირილი და ფატის ხმა – „მაპატიე საშა“.

მოწმემ ჩვენება მისცა და დაჯდა. ხალხში ჩურჩული ატყდა და იქვე გაისმა „სსს.. სსს“.

სიტყვა ითხოვა კოწია ერისთავმა.

მოვუსმინოთ ისევ „დროებას“:

„ბატონო მსაჯულნო! (ყოყმანით)

საქმის წარმოებიდან დაინახავთ, რომ როგორც მე, ისე ყველას გვინდოდა ამ საქმეში ქალის სახელი სახალხოდ არ გასვრილიყო. ამისთვის ავიტანე და განვიზრახე ატანა იმ აუტანელი ტანჯვისა, რაშიაც მხედავთ ახლა, ამ მიზეზით გულგრილად ვუყურებდი იმ ჩემთვის სამძიმო ცილისწამებას, რასაც მე მაბრალებდნენ, ვითომ ბერსის მოკვლა და გაძარცვა მომენდომებინოს (აღელვებულია!).

უკანასკნელი მოწმე ქალის ჩვენებამ გამოაშკარავა ის, რაც მე არ მინდოდა, ახლა კი სულერთია, ითქვა იმის სახელიც სასამართლოში, ახლა ჩემის მხრითაც სიჯიუტე იქნება არ ვსთქვა საქმის ჭეშმარიტება“.

და აღელვებული ახალგაზრდა თავადი სასამართლოს უყვება, რომ ის და ფატი ერისთავი სასიყვარულო წერილებს სწერდნენ ერთმანეთს. პოლკოვნიკმა  ბერსმა ამის შესახებ გაიგო, აქამდე სასურველ სტუმარს, ახალგაზრდა თავადს, სახლში მისვლა აუკრძალა და შეყვარებულთა შეხვედრები შეწყდა.

მოკლე ხანში კოწია ერისთავმა წერილი გაუგზავნა ფატის ნაცნობი ბიჭის ხელით და 8 სექტემბერს, გამთენიისას, შეხვედრა დაუთქვა, ფატისგანაც თანხმობა მიიღო ბიჭის პირით შემოთვლილი, მაგრამ საბოლოოდ თავადი ერისთავი ბერსის დაგებულ მახეში აღმოჩნდა. საიდუმლო პაემანზე მისულ თავადს სახლი პოლიციელებით  სავსე დახვდა, მას და მის თანმხლებ მეგობრებს მკვლელობასა და ძარცვაში დასდეს ბრალი, მას კი არ შეეძლო ეთქვა, რა უნდოდა ქალაქის უფროსის სახლში გამთენიისას.

სასამართლო კიდევ ორ დღეს გაგრძელდა, მოუსმინეს სხვა მოწმეებსაც, თუმცა მთავარი ამბავი უკვე ნათქვამი იყო. 1883 წლის 30 მაისს დაცვის მხარემ, ვექილმა გარდიევსკიმ ისეთი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რომ დარბაზში მქუხარე ტაში გაისმა.

31 მაისს სასამართლომ თავადი კოწია ერისთავი და ძმები შაშიკაშვილები გაამართლა.

ამბავი აქ მთავრდება.

არ ვიცით, ფატი ერისთავის მოახლის ჩვენება რომ არა, შეძლებდნენ თუ არა დაკავებულები თავის მართლებას სასამართლოს წინაშე, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ქალაქის უფროსის ცოლის ყველაზე სანდო მოახლემ სასამართლოს ჩვენება მისცა ფატი ერისთავთან შეთანხმების გარეშე.

აქვე უნდა ვთქვათ ამ ამბის მთავარ გმირზე, ფატი ერისთავზე, რომელიც რუსულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც კნეინა მატრონა ფატი ბარსი-ერისთავი. ავქსენტი ცაგარელი წერს, რომ იგი გურული ერისთავის ასული იყო, „სიმშვენიერით განთქმული“, „ნარნარი“ და ტურფა“.

„ეს პატიოსანი სახლობა ყველა ჩვენს წარმოდგენას ესწრობოდა და ორჯელ დიდი ნადიმიც გადაგვიხადეს. თითონ ბერსი და მისი ნარნარა მეუღლე სათითაოდ ჩამოგვივლიდნენ და მოწიწებით გვთხოვდნენ დიდს და პატარას პატივი გვეცა და სანადიმოდ მივსულიყავით იმათთან“, – წერს ავქსენტი ცაგარელი.

ფატი ერისთავს ახსენებს დავით კლდიაშვილიც  – „ქალაქის უფროსი ლევ ტოლსტოის ცოლისძმა ბერსი იყო, რომელსაც ცოლად ჰყავდა ერისთავის ქალი, შესანიშნავი ლამაზი“.

სასიყვარულო სკანდალის შემდეგ პოლკოვნიკი ბერსი და ფატი ერისთავი ერთმანეთს დაშორდნენ.

ფატი ერისთავი მეორედ დაქორწინდა. იგი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა 1898 წელს.

1901 წელს პოლკოვნიკი ბერსი გადადგა სამხედრო თანამდებობიდან. იგი ხელმეორედ დაქორწინდა შორეულ ნათესავზე, ელიზავეტა ანდრეევაზე.

რაც შეეხება კოწია ერისთავს, როგორც ჩანს, იგი ქუთაისის გუბერნიის დეპუტატი გამხდარა.

მარჯვნიდან პირველი ზის თავადი კოწია ერისთავი. ნინო ნანობაშვილის ფოტო. წყარო: dspace.nplg.gov.ge

_________________

 

ეპისკოპოსი სპირიდონი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ის თავად არღვევს ბავშვის უფლებებს

„გინდა შენ წასვლა?“ – ეკითხება სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ბავშვს, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ბავშვი ტირის. შემდეგ  ეპისკოპოსი მობილურით ურეკავს ბავშვის დედას და ეუბნება, რომ სოციალური მუშაკები აიძულებენ მის შვილს დატოვოს ნინოწმინდის პანსიონი. ეპისკოპოსი ამ პროცესს ვიდეოთი იღებს და ფეისბუქის ლაივში უშვებს. ბავშვი ვიდეოში იდენტიფიცირებულია.

ეპისკოპოსის კითხვაზე – რატომ ტირიხარ? ეპისკოპოსი და იქ მყოფი პირები ცდილობენ ბავშვზე ზემოქმედება მოახდინონ, რის შემდეგაც ბავშვი რაღაცას გაურკვევლად იმეორებს. ეპისკოპოსი კი განმარტავს – „სხვაგან არ მინდაო“. ამ „დასკვნის“ შემდეგ ტელეფონზე ისევ აგრძელებს ბავშვის დედასთან საუბარს, საიდანაც ქალის ხმა ისმის. ქალი ამბობს, რომ „წინააღმდეგია კანონის და არ სურს ბავშვის სხვაგან გადაყვანა“.

„სწავლის დასრულების შემდეგ ჩემი შვილები სამი თვით (არდადეგებს გულისხმობს) მომყავს ჩემთან. შემდეგ კი, თუ შესაძლებელი იქნება, ისევ მანდ განაგრძონ სწავლა“, – ეუბნება ქალი ეპისკოპოსს. ამის შემდეგ, ეპისკოპოსი არც ქალის პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას ერიდება და ხმამაღლა იმეორებს ქალის ტელეფონის ნომერს, თითქოსდა დაზუსტების მიზნით.

კადრებში ჩანს, რომ ეპისკოპოსი სპირიდონი იქვე, მაგიდასთან მსხდომ ორ ქალს მიმართავს, რომლებიც სავარაუდოდ სოციალური მუშაკები არიან. „მე თქვენ გეკითხებით, დედა არის წინააღმდეგი და რა უფლებით გაგყავთ ბავშვი? გეკითხებით, სტაცებთ მშობლებს შვილებს?“ – ამბობს ეპისკოპოსი, რაზეც ერთ-ერთი ქალი პასუხობს: „ახლა მშობლებთან ხომ არ არიან ბავშვები? “.

ეპისკოპოსი ვიდეოში ამბობს, რომ ბავშვს არავის გაატანს: „რა გატანება, ეგ ზღაპარია“, – ამბობს ის.

ეპისკოპოსს კიდევ რამდენიმე მსგავსი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც  არასრულწლოვან ბავშვებს ეკითხება: „გინდათ თქვენ წასვლა აქედან?“.

შემდეგ ისევ უკავშირდება ამ ბავშვების მშობლებს და ეუბნება, რომ სოციალურ მუშაკებს მათი პანსიონიდან იძულებით წაყვანა სურთ.

„თქვენ წინააღმდეგი ხართ ხომ, რომ ეს ბავშვები სოცმუშაკებმა წაიყვანონ?“ – ეკითხება ის მშობლებს. შემდეგ კი ბავშვებთან აგრძელებს საუბარს.

ახდენს თუ არა ეპისკოპოსი სპირიდონი არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ირღვევა თუ არა ბავშვის უფლება მათი ამ ფორმით პროცესებში ჩართვით?

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილის თქმით, ამ ვიდეოებში ჩანს, რომ პანსიონში ბავშვების ტრავმირება ხდება.

„ესენი სავარაუდოდ ის ბავშვები არიან, ვინც თქვა, რომ პანსიონიდან წასვლა სურთ. ამიტომ, მათზე ჩვენს თვალწინ ძალადობს  ეპისკოპოს. ის ორი ქალი, რომლებიც სავარაუდოდ სოციალური მუშაკები არიან, სხედან და ხმას არ იღებენ. ეს იგივეა, რომ მათ თვალწინ ბავშვს ურტყამდნენ და ხელი არ გაანძრიონ. ეს არის მათი მხრიდან ძალიან შემაშფოთებელი უმოქმედობა“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი შეფასებით, ვიდეოებშიც ჩანს, რომ ბავშვების ნებაზე ზემოქმედებას ახდენს ეპისკოპოსი.

„სოცმუშაკები არაფერს აკეთებენ ამის წინააღმდეგ. მაშინ, რაში გვჭირდება სოცმუშაკების შესვლა პანსიონში? ეს რომ ხდებოდეს რომელიმე ოჯახში და ამ პროცესს კაცი ფეისბუქში უშვებდეს, სადაც თავის შვილს ატირებს, უკვე პოლიცია იქნებოდა იქ შესული. როცა დედას ურეკავ და ბავშვის ნებაზე ზემოქმედებ, ეს ძალადობაა. ამის მერე რომელი ბავშვი იტყვის, რომ წასვლა უნდა? ყველა ბავშვი შეაშინა“.

ანა არგანაშვილის თქმით, ამ კონკრეტული ვიდეოებით ეპისკოპოსი არღვევს ბავშვის უფლებას, პერსონალურ მონაცემებს, ლიცენზიის შესახებ პირობას, ბავშვის უფლებების სტანდარტს. „ამ ადამიანმა, რომელსაც მიბარებული ჰყავს ასეულობით ბავშვი, არც ერთი კანონი არ იცის, არც ერთ კანონს პატივს არ სცემს, არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას პატივს არ სცემს.

მე მაინტერესებს, როგორ არის იქ კარგად საქმე, რადგან იმას, რასაც ლაივში ვხედავთ, არის უმძიმესი დარღვევა. როცა არ უშვებს ვიდეოს, წარმოიდგინეთ იქ რა ხდება“, – ამბობს ის.

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელწიფოს ამ ვიდეოებზე და კონკრეტულად რომელ უწყებას?- ვეკითხებით მას. არგანაშვილის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს სოციალურმა მუშაკმა ბავშვი ასეთ დროს და თუ ასე არ მოხდება, „მაშინ გამოდის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს სოციალური სამსახური. გარდა იმისა, რომ პოლიცია უკვე შესული უნდა იყოს, რადგან ბავშვზე ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც არის დანაშაული“.

ეპისკოპოსის მიერ ბავშვების ვიდეოების გამოქვეყნების ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ის მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი.

ასევე, „დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად;

უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით“.

ვიდეოების გავრცელების შესწავლას ითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც.

„აჭარტრანსრეგულირება“ სამუშაოდ იწვევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილებით – განცხადება

შპს „აჭარტრანსრეგულირება“ 10 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ვაკანტურ ადგილებზე ქვემოთ ჩამოთვლილ მარშუტებზე და სამუშაოდ იწვევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილებით:

[checklist]

  • მარშრუტი N140, ახალშენი – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 10 ადგილი
  • მარშრუტი N165, განახლება – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 6 ადგილი
  • მარშრუტი N141, ორთაბათუმი – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 12 ადგილი
  • მარშრუტი N117, ზედა განთიადი – პლაზა – 1 ადგილი
  • მარშრუტი N131, სალიბაური – საბაგირო – 1 ადგილი
  • მარშრუტი N151 სატეხია – ხელვაჩაური – ხელვაჩაური – ცენტრალური ბაზარი – 8 ადგილი
  • მარშრუტი N161,  წინსვლა – პლაზა -2 ადგილი
  • მარშრუტი N162. მახინჯაური – პლაზა – 2 ადგილი
  • მარშრუტი N222 მახვილაური – ა/ს მეტრო – 3 ადგილი

[/checklist]

კონკურსზე სასურველია წარმოდგენილი იყოს მერსედესის, ფოლკსვაგენის, ფორდ ტრანზიტის ტიპის მიკროავტობუსები, მაღალი ჭერით.

კონკურსზე წარმოდგენილი მიკროავტობუსების დათვალიერება ჩატარდება მისამართზე: ქ. ბათუმი, გოგოლის ქუჩა N1, ოთახი N133, ავტოსადგურ „მეტროს“ ტერიტორიაზე.

დაგვიკავშირდით:

514 270 909

555 701 010

უსკოს თავმჯდომარედ ისევ პარმენ ჯალაღონია წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძემ მოქმედი თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია წარადგინა. კანონმდებლობით მას აქვს უფლება ამ პოზიციაზე მეორე ვადით იმუშაოს. თორნიკე რიჟვაძემ ერთ ვაკანსიაზე ასევე წარადგინა უსკოს წევრობის ორი კანდიდატი – რამაზ ფირცხალაიშვილი და ირაკლი გვარამია.

კანონის თანახმად, თორნიკე რიჟვაძის მიერ წარდგენილ კანდიდატს უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭო ირჩევს. არჩევის შემთხვევაში პარმენ ჯალაღონია უსკოს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს.

უფლებამოსილების ვადა უსკოში კომისიის თავმჯდომარის გარდა მდივანს, სოფიო კახაძესაც ამოეწურა.

ვადის გასვლის შემდეგ კომისიის წევრი ტოვებს კომისიას ან ხელახლა მონაწილეობს კონკურსში კომისიაში მეორე ვადით შესვლის მიზნით.

___

პარმენ ჯალაღონია და სოფიო კახაძე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 2016 წელს შევიდნენ, კანონმდებლობით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა მათ ივნისში ეწურებათ.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

„მნიშვნელოვანია არასდროს დავმალოთ ძალადობა“ – რაზე საუბრობენ მოზარდები განახლების სკოლაში

„სულ მაინტერესებდა გამეგო, ადამიანები რატომ ვართ გულგრილები მაშინ, როცა ვხედავთ, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ. ამის შესახებ ჩვენს სკოლაში გამართულ დისკუსიაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი ამბობს, თუ სხვის საქმეში ჩავერევით, შესაძლოა მერე თვითონ გავხდეთ ძალადობის მსხვერპლი. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ ვისწავლე, რომ მე მიცავს კანონი და თუ სადმე ძალადობის შესახებ გავიგებ და ვაცნობებ სამართალდამცავებს, ჩემი სახელი, გვარი ანონიმური იქნება“, – ამბობს ნინი ბოლქვაძე, სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე.

ხულოს სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, სადაც ნინი სწავლობს, დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით 27 მაისს გაიმართა. სადისკუსიო თემა ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იყო.

შეხვედრის ძირითადი თემა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის, დარიკო მელაძის იდეა იყო.

დისკუსია განახლების საჯარო სკოლაში

დარიკო მელაძე, განახლების საჯარო სკოლის პედაგოგი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“, ჩვენმა სკოლამაც მიიღო მონაწილეობა. ფაქტია, რომ ბავშვი, მოზარდი, ყველაზე მძიმედ განიცდის ძალადობას. იმ ასაკში, როცა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ, როგორ უნდა იმოქმედონ, რომ არ გახდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. საქართველოში ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ „ეს ოჯახის საქმეა და ჩარევა არ ღირს“. ყველაზე რთულ მომენტშიც კი, არ რეკავენ შესაბამის უწყებებში“.

განახლების სკოლა ერთ-ერთია იმ 10 სკოლიდან, რომლებიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“  კონკურსის წესით შეარჩია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ხულოს მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალთა ოთახისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე მიიწვიეს, რომელსაც მსგავსი საკითხების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. მან წლების განმავლობაში მოპოვებული ინფორმაცია და ცოდნა შეხვედრის მონაწილეებსაც გაუზიარა.

ჯაბა ანანიძე. დისკუსია განახლების საჯარო სკოლაში

„ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ოჯახში ძალადობაზე საუბარი. მიმაჩნია, რომ აქტუალურია და ინტერესი დღითიდღე იმატებს. შეხვედრა ჩემთვის იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ აჩვენებდა, თუ რა დონეზეა სკოლებში ამ საკითხის განხილვა და დამოკიდებულება“, – ამბობს ჯაბა ანანიძე.

მისივე თქმით, ოჯახში ძალადობის მიმართ არსებული სტერეოტიპები მხოლოდ ფორმალურად არის დამსხვრეული და რეალურად ვერ ვიაზრებთ, რით საზრდოობს, რა აძლიერებს ძალადობას.

„ჩემთვის განსაკუთრებული იყო მოსწავლეების კითხვები, რაშიც ჩანდა უფრო მეტი ინტერესი პედაგოგებისა და უფროსი თაობისგან განსხვავებით. ასევე ჩანდა ის, რომ თავად მოზარდები არიან ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ჩემი დაკვირვებით, ეს შეხვედრა იყო ინსპირაცია, რომ ბევრ საკითხს, რაც უკავშირდება ოჯახში ძალადობას, განსხვავებულად შეხედონ. ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე დაფიქრდნენ და ეს მგონია ამ შეხვედრის შედეგი“, – ამბობს ჯაბა ანანიძე.

დისკუსია განახლების საჯარო სკოლაში

„თემა აქტუალურია, ვინაიდან საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება ხშირად ძალადობის შემთხვევებს ზრდის. თითქმის ყოველი დღე მედია და სოციალური ქსელი ოჯახში ძალადობის შესახებ აცხადებს. ბავშვებს აინტერესებთ, სად არის საზოგადოება ამ
დროს? რა იწვევს გულგრილ დამოკიდებულებას? მსგავსი შეხვედრები სკოლებში ხშირად უნდა იმართებოდეს, რადგან ბავშვების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით მნიშვნელოვანია“, – მიაჩნია პედაგოგ დარიკო მელაძეს.

დისკუსია განახლების საჯარო სკოლაში

„მიხარია, ასეთ საინტერესო დისკუსიაში რომ მივიღე მონაწილეობა. ბევრი რამ გავიგე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ არასოდეს არ უნდა დავმალო სიმართლე მაშინ, როცა ძალადობის შემთხვევებს გავიგებ. აქამდე მეგონა, რომ სხვის საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავი. ამ შეხვედრაზე სტუმრებმა და ჩემმა თანატოლებმა ძალიან კარგად და გასაგებად ისაუბრეს. მომხსენებელმა ყველა ჩვენს შეკითხვას თუ მოსაზრებას ამომწურავად უპასუხა“, – ამბობს ნინი ბოლქვაძე, განახლების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე.

შეხვედრა განახლების საჯარო სკოლაში

განახლების საჯარო სკოლაში შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

მსგავსი შეხვედრების მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ძალადობის პრევენციისკენ მიმართული ქმედებებისკენ.

პროექტის ფარგლებში დისკუსიები ასევე გაიმართა:

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

701 მოქალაქე დაგვას კულტურის ცენტრის გადარჩენას პეტიციით ცდილობს

მოქალაქეებმა დაგვას კულტურის ცენტრის გადასარჩენად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პეტიცია დაარეგისტრირეს და შენობის რესტავრაციას ითხოვენ. შენობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული ბერძნული აკროპოლისის ელემენტებით. შენობის გადარჩენას სოფლის მოსახლეობა ათ წელზე მეტია ითხოვს. მათი ხმა დღემდე არავის ესმის.

მისი უნიკალური არქიტექტურის მიუხედავად, შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს. როგორც ჩანს, მთელი ამ წლების განმავლობაში ის შესაბამისი უწყებების სათანადო ინტერესის ობიექტი ვერ გახდა.

კულტურის ცენტრის შენობა სოფელ დაგვაში 11 წელის განმავლობაში შენდებოდა. მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა ის მალევე ჩამოაშორეს პროექტს.

მშენებლობა ბერძენმა ინჟინერმა გააგრძელა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პროექტი. ასე გაჩნდა შენობის ფასადზე ბერძნული აკროპოლისის ელემენტები.

კულტურის სახლის მშენებლობა 1964 წელს დასრულდა. 650 ადამიანზე გათვლილი სააქტო დარბაზით ის გახდა ყველაზე დიდი კულტურის სახლი, რომელიც აჭარაში ოდესმე აშენებულა. იმ პერიოდში დაგვას კოლმეურნეობა ერთ-ერთ მდიდარ კოლმეურნეობად მიიჩნეოდა.

ახლა შენობა განადგურების პირასაა. უმეტეს ოთახებში გადაადგილება სახიფათოა,  კულტურის სახლის განადგურების პროცესი 90-იან წლებში დაიწყო. პირველი, რაც 90-იან წლებში დაგვას კულტურის სახლიდან მოიპარეს, ხავერდის წითელი ფარდები იყო.

მიტოვებული კულტურის სახლი სოფელ დაგვაში

 

 

 

მსოფლიოში მე-40 ადგილი – კოვიდით დაღუპვის მაჩვენებელი საქართველოში მილიონ მოსახლეზე 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდით სულ 3 717 518 ადამიანი გარდაიცვალა, საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების მთვლელის worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდით ყოველ მილიონ მოსახლეზე  476.9 ადამიანია დაღუპული.

მილიონ მოსახლეზე კოვიდით გარდაცვალების მონაცემს ყველა ქვეყანაზე ცალ-ცალკე ითვლიან. worldometers-ის მიხედვით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია პერუში, სადაც იგი 5 551-ს უტოლდება. მეორე ადგილზეა უნგრეთი, მილიონ მოსახლეზე 3 094 გარდაცვალებით, მესამეზე კი ბოსნია და ჰერცოგოვინა – 2 861 გარდაცვალებით.

worldometers-ზე მოცემულ 222 ლოკაციას შორის, რომელშიც ქვეყნებთან ერთად კუნძულებიც შედის, საქართველო ამ მაჩვენებლით მე-40 ადგილზეა, ყოველ მილიონ მოსახლეზე კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში 1 224-ია.

იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის გავრცელება დღემდე საკმაოდ მაღალია, ამ მაჩვენებლით გვისწრებს იტალია, რომელიც მე-14 ადგილზეა, ასევე გაერთიანებული სამეფო, რომელიც მე-17 ადგილზეა, აშშ მე-18 ადგილზე, ესპანეთი 22-ე, საფრანგეთი კი 23-ე ადგილზეა.
სამხრეთ კავკასიის რეგიონს რაც შეეხება, სომხეთი ამ სიაშ 31-ე ადგილზეა, აქ გარდაცვალების მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 1500ს შეადგენს, აზერბაიჯანი კი სიაში 81-ე ადგილზეა, მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი აქ 482-ია.

მნიშვნელოვანია, რომ ვორლდომეტრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 982 096 ადამიანია. საქსტატის მიხედვით კი, რომელიც 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოს მოსახლეობა 3 728 600 ადამიანია.

ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე მე-40 ადგილი.

საქართველოში კოვიდით სულ 4 876 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი 347 762-ია, გამოჯანმრთელდა 331 680 ადამიანი.

 

200-ლარიანი კომპენსაციის ბოლო თვე – წელს ჯამში 121 მილიონი ლარი დაიხარჯა

200-ლარიანი კომპენსაციის მიღებაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 21 ივნისია [ვინაიდან 20 ივნისი უქმე დღეა].

ივნისის თვეში კომპენსაციების გაცემით კი, პროგრამა, რომელიც 6-თვიანია, ძირითადად დასრულდება. თუმცა, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ კომპენსაციას ის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამუშაო იანვარ-თებერვალში.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში [იანვარი-მაისი] 200-ლარიანი კომპენსაცია ჯამში 606 683-ჯერ გაიცა, სულ – 121 მილიონ 336 ათას 600 ლარი.

2021 წელს გაცემული 200-ლარიანი კომპენსაცია
წყარო: დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებენ.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან. განაცხადს წარადგენს დამსაქმებელი და არა ის პირი, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა ან დაკარგა სამსახური.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „თუ დამქირავებელი ივნისში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს“.

ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა ის 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

გადასამოწმებლად გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.

ვის ეკუთვნის კომპენსაცია, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე


ამავე თემაზე:

ბოლო ერთ წელში 3 160 ბიზნესი დაიხურა საქართველოში – პანდემიის შედეგი

მასწავლებლების საგნობრივი გამოცდები 14 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნობრივი გამოცდები 14 ივლისს დაიწყება.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

ცენტრის ინფორმაციით, ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

ცენტრის ინფორმაციით, დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ.

__________________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

 

ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება – გამოცდების განრიგი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება.

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. პირველი და მეორე სესია 1 -ელ, 2 და 5 ივლისს ჩატარდება.

უცხოურ ენაში გამოცდები 6 ივლისს დაიწყება, ხოლო ისტორიაში გამოცდა 12-13 ივლისს ჩატარდება.

სხვა გამოცდების განრიგი:

9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;

14 ივლისი – ბიოლოგია;

15 ივლისი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მეორე სესია – ქიმია;

16 ივლისი – გეოგრაფია;

19 ივლისი – ზოგადი უნარები/ პირველი და მეორე სესია;

20 ივლისი – ფიზიკა, ლიტერატურა, ზოგადი უნარები;

28 ივლისი – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა,  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი  12 800-ზე მეტი   კანდიდატი დარეგისტრირდა.

შსს 400 ავტომანქანას – პიკაპსა და ჰეჩბეკს ყიდულობს, ტენდერი 39 მილიონი ლარით

შესყიდვების სააგენტომ 100 ჰეჩბეკისა და 300 პიკაპის ტიპის ავტომანქანის შესაძენად ორი კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 39 923 734 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალიზებული მანქანები განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, „ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2021 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის“, – აღნიშნულია პირობებში.

პირველი კონსოლიდირებული ტენდერი 100 ჰეჩბეკის ტიპის ავტომანქანის შეძენაზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2021 წლის 8 ივნისს დაიწყება და 9 ივნისს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 9 258 730 ლარი; დაფინანსება – 2022 წლის სახსრებით.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, არანაკლებ 50 ერთეულის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბრისა, ხოლო დანარჩენის – არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრისა.

მეორე ტენდერი 300 პიკაპის შესყიდვაზეა და აქაც წინადადებების მიღება 2021 წლის 8 ივნისს დაიწყება და 9 ივნისს დასრულდება. დაფინანსება 2022 წლის სახსრებით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი – 30 665 004 ლარი.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ოპერატიული დანიშნულების, სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 300 (სამასი) სატრანსპორტო საშუალება.

პიკაპების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, არანაკლებ 70 ერთეულის მიწოდება – არაუგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბრისა, ხოლო დანარჩენის მიწოდება, არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა.

ორივე ტენდერში ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი გრაფიკით:

  • არანაკლებ 40%-ს ოდენობით 2022 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში, არაუგვიანეს 2022 წლის 28 თებერვლისა
  • არანაკლებ 40%-ს ოდენობით 2023 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში, არაუგვიანეს 2023 წლის 28 თებერვლისა
  • არანაკლებ 20%-ს ოდენობით 2024 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში, არაუგვიანეს 2024 წლის 28 თებერვლისა

 

ამავე თემაზე:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

 

 

 

კულტურის სამინისტრომ პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა

კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა.

ახალი წესის მიხედვით, პროექტის დაფინანსების თაობაზე საკონკურსო განცხადების მიღების, განხილვის, კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა 45 დღის ნაცვლად 25 დღე იქნება.

ამასთან, საქმის წარმოებაში გამოიყენება ელექტრონული ფოსტა და საბუთების ხელზე ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

გაუქმდა ე.წ. მოხსენებითი ბარათების ინსტიტუტიც, „რადგან ეს ბიუროკრატიული მექანიზმი სამინისტროს შიგნით პროცედურებს ართულებდა და ვადებს ახანგრძლივებდა“, – აცხადებს სამინისტრო.

ახალი ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა დღემდე მოქმედი ორი სხვადასხვა ბრძანება, რომლებიც კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების საკითხებს არეგულირებდა. „ამიერიდან, დაინტერესებული პირები ერთიანი აქტით იხელმძღვანელებენ, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სამინისტროსთან ურთიერთობას გაუადვილებს“.

ახალი ბრძანებით, ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული, გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა, ნაცვლად აქამდე მოთხოვნილი ყველა ენაზე სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანებისა. „მოცემული შეღავათიც სისტემის მოქნილობას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს სამინისტრო.

„დაფინანსების ახალი წესი ეხება ყველას, განურჩევლად პროექტის განმახორციელებელი პირის სტატუსისა, მათ შორის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს. შესაბამისად, კონკურსის ან ექსკლუზიური პროექტის დაფინანსების დროს, ამ უკანასკნელთათვის აღარ იარსებებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პროცედურები და სამინისტროს ორგანიზაციებიც ზოგად წესებს დაექვემდებარებიან“, – აცხადებს კულტურის სამინისტრო.

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება ხორციელდება 30  ქულის ფარგლებში, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  1. პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან;
  2. პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა);
  3. ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებაში;
  4. შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება;
  5. პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის რეალურობა.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ შეიძლება პროექტის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღოს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს 10 ივნისიდან შეეძლებათ, მიმართონ სამინისტროს სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მოპოვების მიზნით.

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, როცა ლარი მყარდება

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ან შემცირდება თუ არა იგი, როცა ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება? – ეროვნული ბანკის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საკითხს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე 23 ივნისს განიხილავენ.

რეფინანსირების განაკვეთს, რაზეც შემდეგ საბანკო სესხების გაზრდა ან შემცირებაა დამოკიდებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს. კომიტეტის სხდომების კალენდარი წინასწარაა განსაზღვრული. მაგალითად, ბოლო სხდომა 28 აპრილს გაიმართა, როცა ლარის გაუფასურების მიზეზით რეფინანსირების განაკვეთი 8.5 პროცენტიდან 9.5 პროცენტამდე გაიზარდა.

გასული წლის პირველ ნახევარში რეფინანსირების განაკვეთი 9 პროცენტი იყო, მეორე ნახევარში – 8 პროცენტი. ეს მაჩვენებელი 8.5 პროცენტამდე 2021 წლის 18 მარტს გაიზარდა.

„გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე  დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე.

საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა – შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას,“ – აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე არის განთავსებული.

ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 5 მაისიდან მყარდება. მანამდე ლარი დოლართან მიმართებაში 3.45-მდე გაძვირდა, 5 მაისს კი – სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე 3.43 დაფიქსირდა.

5 მაისიდან დღემდე ანუ უკვე ერთი თვეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება. დღეს, 4 ივნისს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში არის 3.15

რატომ არ ხურავენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებს – სახელმწიფო კანონს არღვევს

„ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზია არასდროს ჰქონია შეჩერებული. ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა ტელევიზიაში, რომ რვა თვე ლიცენზიის გარეშე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 მსხვილ ბავშვთა პანსიონს ფლობს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, არ არსებობს.

მათი განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონმა სააგენტოსგან ლიცენზია 2015 წლის 28 აპრილს მიიღო. ანუ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ბავშვზე ზრუნვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

„ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა 2014 წლის 15 იანვარს. ნინოწმინდის პანსიონმა დააკმაყოფილა ახალი სტანდარტები და მიიღო ლიცენზია“, – გვითხრეს სააგენტოში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პანსიონს ლიცენზიის განახლების ვალდებულება 2017 წლის სექტემბრამდე, ლიცენზიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების გამო, სააგენტო ირწმუნება რომ – არა.

„ეს ცვლილება ეხებოდა მხოლოდ იმ სკოლა-პანსიონებს, რომლებსაც ნებართვა 2014 წლამდე ჰქონდათ მიღებული. ნინოწმინდისა და ფერიის ბავშვთა პანსიონები გამონაკლისი იყო და მათ ლიცენზიის განახლება არ ევალებოდათ“, – გვითხრეს ისევ სააგენტოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის“ დირექტორი, გია კაკაჩია, რომელიც 2000-2014 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, სხვა რამეს ამტკიცებს.

კაკაჩია „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ რეგულირების სააგენტო მანიპულირებს, როცა ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზიის განახლების ვალდებულება არ ჰქონია.

„როცა 2015 წელს საპატრიარქოს ორმა დაწესებულებამ ლიცენზია მიიღო, იქ არსებობდა ჩანაწერი, რომ ლიცენზიის მიღება შეუძლია მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის სახლს. ეს ნიშნავს, რომ 10 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს დაწესებულებაში და საძინებელში არ უნდა ეძინოს 3-ზე მეტ ბავშვს.

იმ პერიოდში დაწესებულებაში იყო 160 ბავშვი ნინოწმინდაში, ფერიის ბავშვთა სახლში კი 180 ბავშვამდე. სახელმწიფო იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო, რადგან 340 ბავშვს ერთ დღეში ვერსად გადაიყვანდა. რეალურად ესენი არიან მზრუნველობამოკლებული ბავშვები.

შესაბამისად, გაკეთდა ჩანაწერი, რომ ეს ბავშვები უნდა შეფასებულიყო სოციალური მუშაკის მიერ. დაწესებულებაში შედიოდა მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო. თუმცა ეს ბავშვები ამ ტიპის დაწესებულებაში აღარ უნდა დარჩენილიყვნენ, სახელმწიფოს შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში უნდა შეემუშავებინა სტრატეგია და ბავშვები ეტაპობრივად გადაეყვანა მცირე საოჯახო  ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში ან გაეშვილებინა. 2016 წელს, როცა სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირებაში ცვლილება შევიდა, ეს მოთხოვნა ვრცელდებოდა ყველა ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებაზე, მათ შორის საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებზეც“, – ამბობს გია კაკაჩია.

მისი თქმით, სკოლა-პანსიონებს ლიცენზიის ასაღებად ვადა 2017 წლის 1-ელ სექტემბრამდე განესაზღვრათ, თუმცა ამ ვადის გასვლის მიუხედავად, სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაეყვანა, ან მათი ოჯახებთან ინტეგრაცია დაეწყო.

„იყო დიდი მოლაპარაკებები და შემდეგ ითქვა, რომ ლიცენზიების ვადა 2018 წლის სექტემბრისთვის გადაიწეოდა. სხვა შემთხვევაში უნდა დაეხურათ ბავშვთა სახლები ან სხვანაირად მოეგვარებინათ ლიცენზიის საკითხი“, – ამბობს გია კაკაჩია.

მისი თქმით, ის პირობა, რის გამოც ნინოწმინდამ და ფერიის ბავშვთა სახლმა მიიღო ლიცენზია, ამოიწურა. სახელმწიფომ ლიცენზიის ვადა კიდევ ერთხელ – 2021 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაწია. როგორც გია კაკაჩია ამბობს, ახალი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოს უნდა შეედგინა შესაბამისი აქტი და შეეწყვიტათ ლიცენზია ნინოწმინდის პანსიონისთვისაც. „სააგენტომ ეს არ გააკეთა. ის, უბრალოდ, მანიპულირებს სიტყვებით, როცა ამბობს, რომ ლიცენზია არ შეჩერებია პანსიონს. მათ უნდა შეეჩერებინათ, რაც არ გააკეთეს“, – ამბობს გია კაკაჩია.

მისი თქმით, რეგულირების სააგენტომ, ფაქტობრივად, კანონი დაარღვია.

2016 წელს, როცა ლიცენზირების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა და პანსიონებს ახალი ტექნიკური მოთხოვნები დაუწესდათ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ რეგულაციები საპატრიარქოს ბავშვთა სახლების და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სკოლა-პანსიონებს არ ეხებოდა. ამის გამო კრიტიკული კითხვები გაუჩნდათ მუსლიმური სკოლა-პანსიონების მფლობელებს და ამბობდნენ, რომ ეს კანონი სახელმწიფომ მათი საქმიანობის შესაჩერებლად შეცვალა. ისინი სახელმწიფოს მაშინ რელიგიური ნიშნით შევიწროებაშიც კი ადანაშაულებდნენ. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, თუ სკოლა-პანსიონები ახალ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდნენ, მფლობელი ჯერ დაჯარიმდებოდა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყებოდა.

ამის მიუხედავად, სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლები არ დაუჯარიმებია და არც სამართლებრივი დევნა დაწყებულა მათი მფლობელის წინააღმდეგ. მაშინ პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ერთი მოსმენით, განხილვის გარეშე დაამტკიცა.

„ლიცენზირებას ექვემდებარება რელიგიური ორგანიზაციების მიერ დაარსებული სააღმზრდელო დაწესებულებებიც, სადაც ბავშვი, მოზარდი 24 საათის განმავლობაში, სამ თვეზე მეტი ხნით ცხოვრობს“, – წერია კანონში.

ლიცენზირებულ დაწესებულებებს სახელმწიფოს მიმართ აქვთ ვალდებულება, ყოველწლიურად წარადგინონ ანგარიში სტანდარტებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ასეთი ანგარიშები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელობისგან, რაზეც გვითხრეს, რომ – დიახ. ოღონდ, არა ყოველწლიური. „2017-2018 წლის ანგარიშები გვაქვს მხოლოდ“, – გვითხრეს სააგენტოში. მაშინ მას ვკითხეთ, თუ არის აღნიშული ანგარიშები ხელმისაწვდომი, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციას სააგენტოს იურისტებთან გაივლიან.

ის, რომ დიდი ზომის ბავშვთა სკოლა-პანსიონები კვლავ არსებობს ქვეყანაში, სახელმწიფოს კი ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია მათ დასახურად, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მის მიერვე მიღებულ კანონს არ ასრულებს. ის ფაქტი, რომ ნინოწმინდის პანსიონში შესვლის და მონიტორინგის შესაძლებლობა წლებია არ ეძლევა სახალხო დამცველს და არც ბავშვთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეზე მეტყველებს.

„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავი გაიუქმა ნინოწმინდის საკითხთან მიმართებაში. ამდენი ხანია ამ საკითხზე მიდის მსჯელობა, არის პრობლემა, სახალხო დამცველმა ღიად ისაუბრა, რომ მას არ აძლევენ მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას, ამასთან, არსებობს წინა წლებში გაკეთებული მოკვლევა და დასკვნები, რომ ამ პანსიონში დაფიქსირებული იყო პრობლემები და აქამდე ამ თემაზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება არ განხორციელებულა“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, იურისტი.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე მან  ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებიც ჩააყენა საქმის კურსში. „მოინიშნეს ეს საკითხი ყურადღებით  და იმედი მაქვს, რომ ეს თემაც იქნება მათი ყურადღების საგანი“.

„მე დავსვი ეს საკითხი კოლეგებთან და ვუთხარი, რომ ვისურვებდი ჩვენც შევხვედროდით პანსიონატში ბავშვებს და კომიტეტს ღიად ემუშავა ამ საკითხზე.

ჯერჯერობით, კოლეგების მხრიდან არ ყოფილა გამოხმაურება, ამიტომ ვაპირებ, მათ წერილობითაც მივმართო“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ის, რაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ხდება, სახელმწიფო ინსტიტუციების მოშლაზე მეტყველებს.

„პროკურატურაში რომ მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე არავინ ინფორმირებული არ არის, ყველა სახელმწიფო უწყება დუმს და ამგვარად თანამონაწილეობს უკანონობაში. ეს არის დიდი პრობლემა.

სამწუხაროდ, ეს თემა არც წინა მოწვევის პარლამენტში გამხდარა სერიოზული განხილვის საგანი, რაც აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბავშვების საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს. ფაქტია, რომ ამ თემას აქამდე პოლიტიკური ყურადღება არ დათმობია. მაგრამ კარგია, რომ უფლებადამცველების აქტიურობის შედეგად ამ საკითხზე ტაბუ თანდათან ირღვევა“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი

სახელმწიფოს დუმილი მიანიშნებს იმაზე, რომ ის უძლურია საპატრიარქოს წინაშე, თუ მის ინტერესებში არ შედის ბავშვთა სახლების დახურვა? – ვკითხეთ მას. ნაცვლიშვილის თქმით, ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს.

„ფაქტია, რომ ინსტიტუციონალიზაცია დრომოჭმული პრაქტიკაა და ყველა ნორმალური სახელმწიფო დეინსტიტუციონალიზმისკენ მიდის. არ არსებობს გარემო, რომელსაც შეუძლია ოჯახური გარემო და ზრუნვა ჩაანაცვლოს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ბავშვების ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

ეს თემა უნდა გააქტიურდეს, რადგან აქ მარტო ერთ კონკრეტულ ბავშვთა სახლში არსებულ პრობლემაზე არ არის საუბარი, თემა არის დიდი და ამას სჭირდება სისტემური რეფორმა“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ის შეეცდება დააყენოს საკითხ პარლამენტში და მოითხოვოს, რომ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ბავშვთა სახლების საკითხზე ანგარიშით წარდგეს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დრომდე ჩაკეტილია და მასში შესვლის უფლება არც სახალხო დამცველს ეძლევა, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, გამონაკლისების გარდა. სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც აღნიშნული პანსიონის ხელმძღვანელია, უარს აცხადებს ბავშვთა სახლში მონიტორების შესვლაზე.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით არსებობს 2015 წლის სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობს. ამასთან,  2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 4 საქმეზეა გამოძიება დაწყებული, აქედან ერთი  – სავარაუდო გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი – ძალადობის მუხლით.

___

რეგულირების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვთა პანსიონიდან დღეს 6 ბავშვი გაიყვანეს. კიდევ ათამდე ბავშვმა გამოთქვა პანსიონის დატოვების სურვილი.

Exit mobile version