მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

15.05.2021 • 1278
აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ორი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.  უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ კომისიის თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას და მდივანს სოფიო კახაძეს. ორივე მათგანს შეუძლია ისევ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა, რადგან კანონმდებლობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ორი ვადით მუშაობა შესაძლებელია.

პარმენ ჯალაღონია და სოფიო კახაძე უმაღეს საარჩევნო კომისიაში 2016 წელს შევიდნენ, კანონმდებლობით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა მათ ივნისში ეწურებათ.

ვადის გასვლის შემდეგ კომისიის წევრი ტოვებს კომისიას ან ხელახლა მონაწილეობს კონკურში კომისაში მეორე ვადით შესვლის მიზნით.

კონკურსის გამოცხადების თაობაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბრძანება 13 მაისს გამოსცა, [#739 ] ხოლო კონკურსი 14 მაისს გამოაცხადეს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

კონკურსის პირობების მიხედვით დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს საკონკურსო განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება; სამეცნიერო ხარისხი [თუ აქვს]; მისამართი [საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შესაბამისად]; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.

განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და ასევე, მას უნდა დაერთოს:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი.
  • უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი.
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.
  • კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია (cv).
  • არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
  • ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.

საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 28 მაისის ჩათვლით აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სამდივნოში [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობა, მის: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9].

მთავრობის ინფორმაციით:

„თუ 29 მაისამდე ვადაში არ მოხდება თითოეული ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გაგრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება თითოეული ვაკანსიაზე 2 კანდიდატის წარდგენა.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: