მთავარი,სიახლეები

„დინამოს“ აფრიკელი ფეხბურთელი საქართველოსა და ქართველების შესახებ

05.06.2021 • 5255
„დინამოს“ აფრიკელი ფეხბურთელი საქართველოსა და ქართველების შესახებ

„სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო იქნება ის  ადგილი, სადაც კვლავ დავბრუნდები“ – ამბობს ბენჟამინ ტეიდი, 27 წლის აფრიკელი ფეხბურთელი, რომელიც ხუთი წელია „დინამო ბათუმის“ ნახევარმცველია.

„ნიგერიაში ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, რომ ევროპულ გუნდში ითამაშოს.  ფეხბურთი ის არის, რაც მაბედნიერებს. ამიტომ, როცა საქართველოში თამაში შემომთავაზეს, ბედნიერი ვიყავი, 17 წლის ახალგაზრდისთვის ეს ბევრს ნიშნავდა.

ვიცოდი, რომ საქართველო პატარა, განვითარებადი ქვეყანა იყო და დიდი მოლოდინი არც მქონია. თუმცა მეგონა, რომ საქართველო ცენტრალურ ევროპაში მდებარეობდა“, – ამბობს ბენჟამინი.

ოცნებების გარდა ბენჟამინს ფეხბურთთან ოჯახური პასუხისმგებლობებიც აკავშირებს. უმცროსი ძმები და მშობლები, იმედს სწორედ ბენჟამინზე ამყარებენ, „მე მათზეც უნდა ვიზრუნო,“ – გვეუბნება ის.

ვლოცულობ, რომ რასიზმი დასრულდეს

„განსხვავებულის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება პირველად ტრანსპორტში ვიგრძენი. სავარჯიშოდ მივდიოდი და „მარშრუტკაში“ როცა ავედი, ყველა მე მიყურებდა. ყველა გვერდით გაიწია. ტაქსიში, სუპერმარკეტში, – ყველგან ისე მიყურებდნენ, რომ დისკომფორტს მიქმნიდა. ზოგჯერ ბავშვებიც მომაძახებდნენ ხოლმე – „ზანგი!“.

თავდაპირველად გუნდშიც ვიგრძენი რასისტული განწყობები, ისე მიყურებდნენ, თითქოს მათზე ქვემდგომი ვიყავი. თუმცა, ისეთი ადამიანებიც იყვნენ ჩემ გვერდით, ვინც მიცავდა. ვფიქრობ, გარკვეულწილად ჩემი უნარები და ნიჭი დამეხმარა იმაში, რომ ადამიანებმა გააცნობიერეს, კანის ფერი არაფერს ნიშნავს, რომ ყველანი ადამიანები ვართ“, – გვეუბნება ბენჟამინი.

ბენჟამინი „დინამო ბათუმის“ არენაზე ვარჯიშის დროს

მისი თქმით, სამყარო უკეთესი იქნება, თუკი ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის კულტურას, არ ექნებათ მიუღებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას განსხვავებული კანის ფერი აქვს. „ჩვენ ერთნაირი თვალები გვაქვს, ერთნაირი ყურები, სხეული, კანის ფერი არაფერს ნიშნავს“, – ამბობს ბენჟამინი. მისი აზრით, რასისტულად ის ადამიანები იქცევიან, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს. „ზოგჯერ ვბრაზდები, მაგრამ ხშირად ყურადღებასაც აღარ ვაქცევ. ვიღიმი და მივდივარ. ვლოცულობ, რომ რასიზმი დასრულდეს. ასე უფრო ლამაზი იქნებოდა სიცოცხლე“.

გახმაურებული კონფლიქტი

ბენჟამინი ერთ მტკივნეულ შემთხვევასაც იხსენებს. ფაქტი თბილისში მოხდა, როცა ის ერთ-ერთი უბნის პატარა სტადიონზე ფერადკანიან მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. „ერთი ადამიანი მოვიდა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. გვითხრა – „აქედან წადით“.

ბენჟამინი ვარჯიშის დროს/ „დინამო ბათუმის“ სტადიონზე

სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. თავდამსხმელები რასისტული შეძახილებით ცდილობდნენ შავკანიანი ახალგაზრდების გაგდებას.

თუ ვინმეს უყვარხარ, გულწრფელად უყვარხარ

წლები გავიდა და ბენჟამინიც მიეჩვია ქართულ გარემოს. ნელ-ნელა უკან რჩება უსიამოვნებებიც. „ადამიანები იცვლებიან“, – ამბობს ის. მეგობრებიც გაიჩინა საქართველოში, რომლებიც  ოჯახებშიც მასპინძლობენ. „რამდენიმე მეგობარმა მიმიწვია ოჯახში, ისე მიმიღეს, როგორც მეგობარი. ვჭამეთ, ვიცინეთ, ფოტოები გადავიღეთ. ვფიქრობ, ქართველები ერთ-ერთი მოსიყვარულე ადამიანები არიან. როცა უყვარხარ, გულწრფელად უყვარხარ და ცდილობენ დაგეხმარონ მაშინაც კი, როდესაც ეს არ გჭირდება. მე ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის.“

ქართული ენა მისთვის საკმაოდ რთულად აღსაქმელია, თუმცა რამდენიმე სიტყვა ადვილად აითვისა. „გენაცვალე“, – ძალიან მომწონს,  „ჯიგარი ხარ“ – მეგობრებს ვეუბნები ხოლმე. „დედას ვფიცავარ“ ცოტა რთული წარმოსათქმელია, მაგრამ მომწონს“, – გვეუბნება ის.

ბენჟამინ ტეიდი ამბობს, რომ მეზობლებისგან რასისტული დამოკიდებულება არ უგრძვნია.

ქართული სამზარეულოდან ყველაზე მეტად სამი კერძი მოსწონს – მწვადი, ქაბაბი და ხაჭაპური. ქართველების ფავორიტი „ხინკალი“ ამ სიაში ჯერჯერობით ვერ მოხვდა. „ალბათ, ცუდ რესტორანში გავსინჯე,“ – ამბობს ღიმილით. იმედს გვაძლევს, რომ ამ შეფასებას გადახედავს.

როგორ ვატარებ თავისუფალ დროს

„ბევრგან ვიყავი, მაგრამ ბათუმი ჩემთვის საუკეთესოა. ძალიან მომწონს მარტვილის კანიონიც, ვფიქრობ, ყველა ტურისტმა უნდა მოინახულოს ის. საღამოობით ზღვის სანაპიროზე ვსეირნობ, ძალიან ლამაზია.

ბათუმის ზღვის სანაპიროზე

დატვირთული გრაფიკი მაქვს, ამიტომ თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, playStation-ზეც ვთამაშობ. კინოებს ვუყურებ და ვკითხულობ. ბიზნესის ონლაინკურსიც ავიღე და ვმეცადინეობ ხოლმე. ვფიქრობ, ფეხბურთის შემდეგ სხვა რამის კეთებაც უნდა შემეძლოს“, – გვეუბნება ის.

ბულვარში სეირნობისას ბენჟამინს უცნობებიც ეთამაშებიან ხოლმე ფეხბურთს

მეზობლებისგან რასისტული დამოკიდებულება არ უგრძვნია. არც ბინის მეპატრონესთან  ჰქონია პრობლემა. „რეალურად, ძალიან წყნარი ადამიანი ვარ. ზოგჯერ ვერც გაიგებ, სახლში ვარ თუ არა.“

ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი დედაა

ბენჟამინი ამბობს, რომ მორწმუნეა, ამიტომ როცა თბილისშია, ხშირად დადის ნიგერიელთა პროტესტანტულ ეკლესიაში.

„მათთან ურთიერთობა მეხმარება, როცა დაბნეული ვარ და გამხნევება ან რჩევა მჭირდება. საეკლესიო მსახურებებს კი ონლაინშიც ვესწრები, რადგან ბათუმში მსგავსი საზოგადოება არ გვყვავს.

თავისუფალ დროს ბენჟამინი ბიზნესის ონლაინკურსს უსმენს

პანდემიაში, ჩაკეტილობისას, ყველაზე მეტად იმას განვიცდიდი, რომ ვერ ვთამაშობდი. სახლში ვვარჯიშობდი, ოჯახის წევრებთან საუბარი კი ყველაფერს ამარტივებდა. პანდემიამდე შვებულებას ოჯახთან ვატარებდი, თუმცა ახლა ამას ვერ ვახერხებ და მათ ონლაინში ვეკონტაქტები. ისინი ჩემთვის საწვავივით არიან, მმუხტავენ, ახალ ენერგიას მაწვდიან. განსაკუთრებით კი დედა მგულშემატკივრობს“, – ამბობს ბენჟამინი.

ბენჟამინის დედა და ძმები

კიდევ რამდენი ხნით მოუწევს „დინამოსთან“ თანამშრომლობა ზუსტად არ იცის, თუმცა ნამდვილად იცის ერთი რამ: „სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო იქნება ის ადგილი, სადაც დავბრუნდები. რაღაცნაირად მიბმული ვარ ამ ქვეყანასთან. არ ვიცი, როგორ, მაგრამ საქართველო ჩემთვის სახლივითაა. ახლა ვფიქრობ, იქნებ ინვესტიციაც გავაკეთო და უძრავი ქონება შევიძინო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: