მთავარი,სიახლეები

„თავდასხმა“ ქალაქის უფროსის სახლზე – ნამდვილი დეტექტივი ძველი ბათუმიდან

04.06.2021 • 18500
„თავდასხმა“ ქალაქის უფროსის სახლზე – ნამდვილი დეტექტივი ძველი ბათუმიდან

ძველი გაზეთების დათვალიერებისას ერთ საინტერესო ცნობას წავაწყდი. 1883 წლის მაისში „დროებას“ პირველ გვერდზე გამოუქვეყნებია ტელეგრამა ბათომიდან, რომელშიც იუწყება, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, კოწია ერისთავი და ძმები შაშიკაშვილები გაამართლეს, ადვოკატი ხელში აყვანილი გამოიყვანეს დარბაზიდანო.

ტელეგრამა აღელვებული კორესპონდენტის ნაწერს ჰგავს. უცებ მიხვდები, რაღაც განსაკუთრებულ ამბავთან უნდა გვქონდეს საქმე.

და ასეცაა.

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მოხდა ბათუმში და მასზე არათუ მთელი ბათუმი, არამედ მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა, ყოველ შემთხვევაში, გაზეთ „დროებას“ მკითხველი მაინც, რადგან ამ ამბავს „დროებამ“ რამდენიმე ნომერში მიუძღვნა ვრცელი რეპორტაჟი, რომელიც სერიებად იბეჭდებოდა.

მაგრამ სანამ ამბავზე გადავალთ, ტელეგრამას შევავლოთ თვალი.

„დროება“

ამბავი კი ასე იწყება.

1882 წლის 8 სექტემბერს, გამთენიისას, 3:30 წუთზე ბათუმის პირველი პირის, ქალაქის უფროსის ალექსანდრე ბერსის სახლში ფეხაკრეფით, სუნთქვაშეკრული შედის თავადი კოწია ერისთავი. ჩამიჩუმი არ ისმის, ფანჯრებთან მომდგარ გარიჟრაჟს ჯერ ძალა არ აქვს, ბნელა, მხოლოდ ქალაქის უფროსის ოთახიდან გამოდის მბჟუტავი ლამპის შუქი.

კოწია ერისთავიც იქითკენ მიდის.

კიდევ ორი ნაბიჯიც და ისმის გასროლის ხმა, რომელსაც თავადი სროლითვე პასუხობს, ელვის სისწრაფით გადაევლება ფანჯრის რაფას და ქრება.

ქალაქის უფროსის სახლში კი ჩოჩქოლია. სახლი სავსეა შეიარაღებული ხალხით, სახლთან აკავებენ კოწია ერისთავის მეგობრებს, რომლებიც თავადს გარეთ ელოდნენ.

დილას აკავებენ კოწია ერისთავსაც.

ბათუმში კარგად ცნობილ, ახალგაზრდა, „ბრწყინვალე თავადს“ ბრალად ედება ქალაქის უფროსის მკვლელობის და მისი სახლის გაძარცვის მცდელობა.

საქმეში უამრავი მოწმეა. ქალაქის უფროსი ბერსი ამბობს, რომ მას წინასწარ აცნობეს კოწია ერისთავის განზრახვა, ამიტომაც სახლში შეირაღებული ხალხით დახვდა, თავის საწოლში კი მუთაქები ჩადო, რომ თავადს ეფიქრა, ბერსს აქ სძინავსო.

მოწმეები ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ შევიდა კოწია ერისთავი ბერსის სახლში, შეაღწია საძინებელ ოთახში და ხანჯლის ცემა დაუწყო ბერსის საწოლს.

არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ წინა დღით შენიშნეს, როგორ დადიოდა ბათუმის ქუჩებში ფაეტონით მარტო, მოწყენილი თავადი ერისთავი.

ჩვენებას აძლევს კოწია ერისთავიც. იგი ამბობს, რომ ბერსთან უსიამოვნება მოუვიდა და თავად ქალაქის უფროსმა დაიბარა ამ დროს მოდი და მოვილაპარაკოთო. ამიტომაც მივედი კაცებითო – ირწმუნება თავადი.

საქმეს ცუდი პირი უჩანს.

პოლკოვნიკი ბერსი გავლენიანი კაცია. რუსეთ-თურქეთის ომში იბრძოდა, მოყვარულ მუსიკოსთა ორკესტრში უკრავდა ვიოლინოზე რუსეთის მომავალ იმპერატორ, ალექსანდრე მესამესთან ერთად. ბერსი უკვე ცნობილი მწერლის, ლევ ტოლსტოის ცოლისძმაა.

პოლკოვნიკი ბერსი

ამბიდან 9 თვის შემდეგ, 1883 წლის მაისში, საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლომ დაიწყო.

სასამართლო სხდომა 27 მაისს, დილის ათ საათზე დაიწყო.

დარბაზი სავსეა ხალხით. დასწრების მსურველთა რაოდენობის გამო საქმის მოსმენა სკოლის დარბაზში მიდის და არა სასამართლოს განყოფილებაში.

ქუთაისის გიმნაზია, რომლის დარბაზშიც გაიმართა სასამართლოს სხდომა

შემოჰყავთ ბრალდებულები.

დარბაზი ოხრავს.

მოვუსმინოთ „დროებას“ კორესპონდენტს:

„აჰა, გამოჩნდნენ ხალხში ბრალდებულნი, კოპწიად მოკაზმულნი… თავადი კოწია ერისთავი, 23 წლის შნოიანი, ტანწვრილი, მარდი ახალგაზრდა თავისი მიხვრა-მოხვრით იზიდავდა მაყურებელთ თვალს, თუმც ერთობ დასტყობია საპყრობილის არასანატრი გავლენა… შაშიკ-ოღლის [შაშიკაშვილი] 28 წლის შუა-ტანის, მარდ ახალგაზრდას რაღაც იმედოვნება ეტყობოდა სახეზე, ძმა ამ შაშიკოღლისა 23 წლის, თავის ყმაწვილური შეხედულობით ყველას იზიდავს…“

საქმეში 37 მოწმეა. მათი უმრავლესობა პოლიციელია.

სხდომაზე არ გამოცხადდა პოლკოვნიკი ბერსი, ამიტომ მის ჩვენებას სახალხოდ კითხულობენ. კიდევ ერთხელ ისმის ბრალდება – გაძარცვის მიზნით მკვლელობის განზრახვა.

პირველ დღეს მხოლოდ ოთხი მოწმის დაკითხვა ხერხდება და სასამართლო სხდომა მეორე დღეს, ისევ დილის 10 საათიდან გრძელდება. დარბაზში მაყურებლების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.

მოწმეების ჩვენებები არეულია. ზოგს თავისი პირველი ჩვენება უკან მიაქვს და ვერ იხსენებს, რომ კოწია ერისთავს სახლში შესვლისას იარაღი ეჭირა, ზოგიც კვლავ თავადის დანაშაულს ამტკიცებს.

უკვე საღამოს 10 საათი გახდა. ხალხი დაიღალა, მაგრამ დარბაზს მაინც არ ტოვებს.

და გამოდის მოწმე, რომლის გამოჩენისას დარბაზში უცებ ჩამოვარდა სიჩუმე. მოძრაობა და ჩოჩქოლი შეწყდა. ყველა სულმოუთქმელად ელის, რას იტყვის ის.

მოწმე ახალგაზრდა, რუსი ქალია. პოლკოვნიკ ბერსის ცოლის მოახლე და მისი მესაიდუმლე.

ქალი იწყებს ჩვენების მიცემას და კრიმინალური ამბავი რომანტიკულ ელფერს იძენს.

ამბავში ჩნდება მთავარი გმირი, პოლკოვნიკ ბერსის ახალგაზრდა მეუღლე, 22 წლის ფატი ერისთავი, რომლის სილამაზის შესახებ მთელს საქართველოშია ცნობილი.

ფატი ერისთავი

მოახლე სასამართლოს უყვება, რომ კოწიას და ფატის უყვარდათ ერთმანეთი, რომ ფატი ერისთავი ხშირად ატანდა კოწიასთან წერილებს და მოახლეს სთხოვდა გაერკვია, ჰქონდა თუ არა თავადს სხვა ქალებთან კავშირი. მოახლე იხსენებს იმასაც, როგორ გაიგონა ერთხელ ოთახიდან ბერსის ხმამაღალი ტირილი და ფატის ხმა – „მაპატიე საშა“.

მოწმემ ჩვენება მისცა და დაჯდა. ხალხში ჩურჩული ატყდა და იქვე გაისმა „სსს.. სსს“.

სიტყვა ითხოვა კოწია ერისთავმა.

მოვუსმინოთ ისევ „დროებას“:

„ბატონო მსაჯულნო! (ყოყმანით)

საქმის წარმოებიდან დაინახავთ, რომ როგორც მე, ისე ყველას გვინდოდა ამ საქმეში ქალის სახელი სახალხოდ არ გასვრილიყო. ამისთვის ავიტანე და განვიზრახე ატანა იმ აუტანელი ტანჯვისა, რაშიაც მხედავთ ახლა, ამ მიზეზით გულგრილად ვუყურებდი იმ ჩემთვის სამძიმო ცილისწამებას, რასაც მე მაბრალებდნენ, ვითომ ბერსის მოკვლა და გაძარცვა მომენდომებინოს (აღელვებულია!).

უკანასკნელი მოწმე ქალის ჩვენებამ გამოაშკარავა ის, რაც მე არ მინდოდა, ახლა კი სულერთია, ითქვა იმის სახელიც სასამართლოში, ახლა ჩემის მხრითაც სიჯიუტე იქნება არ ვსთქვა საქმის ჭეშმარიტება“.

და აღელვებული ახალგაზრდა თავადი სასამართლოს უყვება, რომ ის და ფატი ერისთავი სასიყვარულო წერილებს სწერდნენ ერთმანეთს. პოლკოვნიკმა  ბერსმა ამის შესახებ გაიგო, აქამდე სასურველ სტუმარს, ახალგაზრდა თავადს, სახლში მისვლა აუკრძალა და შეყვარებულთა შეხვედრები შეწყდა.

მოკლე ხანში კოწია ერისთავმა წერილი გაუგზავნა ფატის ნაცნობი ბიჭის ხელით და 8 სექტემბერს, გამთენიისას, შეხვედრა დაუთქვა, ფატისგანაც თანხმობა მიიღო ბიჭის პირით შემოთვლილი, მაგრამ საბოლოოდ თავადი ერისთავი ბერსის დაგებულ მახეში აღმოჩნდა. საიდუმლო პაემანზე მისულ თავადს სახლი პოლიციელებით  სავსე დახვდა, მას და მის თანმხლებ მეგობრებს მკვლელობასა და ძარცვაში დასდეს ბრალი, მას კი არ შეეძლო ეთქვა, რა უნდოდა ქალაქის უფროსის სახლში გამთენიისას.

სასამართლო კიდევ ორ დღეს გაგრძელდა, მოუსმინეს სხვა მოწმეებსაც, თუმცა მთავარი ამბავი უკვე ნათქვამი იყო. 1883 წლის 30 მაისს დაცვის მხარემ, ვექილმა გარდიევსკიმ ისეთი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რომ დარბაზში მქუხარე ტაში გაისმა.

31 მაისს სასამართლომ თავადი კოწია ერისთავი და ძმები შაშიკაშვილები გაამართლა.

ამბავი აქ მთავრდება.

არ ვიცით, ფატი ერისთავის მოახლის ჩვენება რომ არა, შეძლებდნენ თუ არა დაკავებულები თავის მართლებას სასამართლოს წინაშე, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ქალაქის უფროსის ცოლის ყველაზე სანდო მოახლემ სასამართლოს ჩვენება მისცა ფატი ერისთავთან შეთანხმების გარეშე.

აქვე უნდა ვთქვათ ამ ამბის მთავარ გმირზე, ფატი ერისთავზე, რომელიც რუსულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც კნეინა მატრონა ფატი ბარსი-ერისთავი. ავქსენტი ცაგარელი წერს, რომ იგი გურული ერისთავის ასული იყო, „სიმშვენიერით განთქმული“, „ნარნარი“ და ტურფა“.

„ეს პატიოსანი სახლობა ყველა ჩვენს წარმოდგენას ესწრობოდა და ორჯელ დიდი ნადიმიც გადაგვიხადეს. თითონ ბერსი და მისი ნარნარა მეუღლე სათითაოდ ჩამოგვივლიდნენ და მოწიწებით გვთხოვდნენ დიდს და პატარას პატივი გვეცა და სანადიმოდ მივსულიყავით იმათთან“, – წერს ავქსენტი ცაგარელი.

ფატი ერისთავს ახსენებს დავით კლდიაშვილიც  – „ქალაქის უფროსი ლევ ტოლსტოის ცოლისძმა ბერსი იყო, რომელსაც ცოლად ჰყავდა ერისთავის ქალი, შესანიშნავი ლამაზი“.

სასიყვარულო სკანდალის შემდეგ პოლკოვნიკი ბერსი და ფატი ერისთავი ერთმანეთს დაშორდნენ.

ფატი ერისთავი მეორედ დაქორწინდა. იგი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა 1898 წელს.

1901 წელს პოლკოვნიკი ბერსი გადადგა სამხედრო თანამდებობიდან. იგი ხელმეორედ დაქორწინდა შორეულ ნათესავზე, ელიზავეტა ანდრეევაზე.

რაც შეეხება კოწია ერისთავს, როგორც ჩანს, იგი ქუთაისის გუბერნიის დეპუტატი გამხდარა.

მარჯვნიდან პირველი ზის თავადი კოწია ერისთავი. ნინო ნანობაშვილის ფოტო. წყარო: dspace.nplg.gov.ge

_________________

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: