მთავარი,სიახლეები,სპორტი

ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეიქმნა | რა მოლოდინები აქვთ ფეხბურთელებს

05.06.2021 • 2148
ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეიქმნა | რა მოლოდინები აქვთ ფეხბურთელებს

31 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე ყრილობაზე წარადგინეს ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2021-2024 წლებში დაგეგმილ, სფეროს მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს.

საქართველოში 2016 წლიდან რეგულარულად იმართება ქალთა ეროვნული ლიგა. ამჟამად ქვეყანაში I და II ლიგა არსებობს, რომელშიც ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს.

ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთევან ყიფიანი “ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან უეფასთან თანამშრომლობით ქალთა ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

მუდმივად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ავამაღლოთ ცნობადობა ქალთა ფეხბურთის დადებითი მხარეების შესახებ და დავამსხვრიოთ არსებული სტერეოტიპები, რომ ფეხბურთი “კაცების საქმეა”.

“2015 წელს რეგისტრირებულ ქალ ფეხბურთელთა რაოდენობა 120 იყო, დღეს კი 1600-ზე მეტია. ქალთა ფეხბურთის განვითარება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და, შესაბამისად, გაჩნდა აუცილებლობა, გვემუშავა სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

  • იმიჯი და ჩართულობა
  • შემოსავალი
  • მონაწილეობა
  • ელიტური კლუბები და ეროვნული ნაკრები
  • ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება
  • სამუშაო ძალის განვითარება
  • ინფრასტრუქტურა

ყველა ამ მიმართულებით ვიმუშავებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პროცესი დეტალურად გვქვს გაწერილი ჩვენს სტრატეგიის დოკუმენტში.

ქეთევან ყიფიანი

ქეთევან ყიფიანი – ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი

ქალთა ფეხბურთი საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა. შესაბამისად, ფეხბურთელების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სტერეოტიპები, რომ ფეხბურთი ბიჭების სპორტია. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფეხბურთის ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ ხშირად გოგონებს არ აქვთ საკმარისი ანაზღაურება.

ქალთა კლუბები უმეტესად მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და, შესაბამისად, არ არინ თვითკმარი. ეს იწვევს იმას, რომ უმეტეს ფეხბურთელებს არ აქვთ კონტრაქტები და ანაზღაურება თავიანთ კლუბებში. ჩვენი 4-წლიანი სტრატეგია ითვალისწინებს ყველა ამ დაბრკოლებისა და გამოწვევის ეტაპობრივად შემცირებასა და გადალახვას”.

ქეთევან ყიფიანის თქმით, მომდევნო ოთხ წელში დაგეგმილი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, კაც ფეხბურთელთა და მაყურებლის ჩართულობა, რომელთა ძალისხმევითაც ქალთა ფეხბურთი გახდება ხელმისაწვდომი და კარიერულად სარგებლიანი მიმართულება ქალებისთვის.

“ჩვენი 4-წლიანი სტრატეგიის მიზანია გვყავდეს მინიმუმ 20 ქალი მწვრთნელი, მინიმუმ 20 ქალი მსაჯი, მინიმუმ 20 ქალთა გუნდი ასპარეზობდეს ქალთა ლიგებში და რეგისტრირებულ ქალ ფეხბურთელთა რაოდენობა გაიზარდოს მინიმუმ 4000-მდე”, – აღნიშნავს ქეთევანი.

ლანა გორგაძე, ქუთაისის “მართვეს” ფეხბურთელი

სტრატეგიის მიმართ მოლოდინები აქვთ ქალ ფეხბურთელებსაც. ქუთაისის ქალთა კლუბის “მართვეს” თავდამსხმელს, ლანა გორგაძეს იმედი აქვს რომ დოკუმენტი ფორმალური ხასიათის არ იქნება და გაწერილი მიზნები პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელდება

“ძირითადი საკითხები ეხება სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემას და ფეხბურთის სფეროში გოგოების დაბალ მონაწილრობას.

მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის მხრიდან არსებობს ფეხბურთში არსებული ღრმა უთანასწორობის აღმოფხვრის და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მზაობა, ვფიქრობთ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი და ტაბუირებული საკითხია, რომლებზე ხმამაღლა ლაპარაკიც ჭირს.

ქალთა ფეხბურთში ძირითადად კაცები არიან დასაქმებული როგორც მწვრთნელების პოზიციაზე, ისე უფრო მაღალ, გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე. ეს ფაქტორები კიდევ უფრო ართულებს ფეხბურთის სფეროში დემოკრატიული, არაელიტური და თანასწორი ღირებულებების დამკვიდრებას” – ამბობს ლანა გორგაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: