მთავარი,სიახლეები

აჭარის ტყეების ხმით შექმნილი მუსიკა ბათუმის ბულვარში – ფესტივალი „გაცვლა“

04.06.2021
აჭარის ტყეების ხმით შექმნილი მუსიკა ბათუმის ბულვარში  – ფესტივალი „გაცვლა“

4 ივნისს, ბათუმის ბულვარში, „კონტე Beach“-ში მუსიკალურ პროგრამას უკრავენ, სახელწოდებით – „სახლი“.

მუსიკალური ინსტალაციებისთვის ხმები აჭარის ტენიან ტყეებში მუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ ჩაწერა: ლოდებზე მდინარის შხუილი, ჩანჩქერის ვარდნის ხმა, ჩიტების გაბმული ჭიკჭიკი, ხანაც სტვენა ან გალობა, უმცირესი არსებების მოძრაობით გამოწვეული ჩქამები: ზუზუნი, შრიალი, ფუთფუთი.

ანუშკა მიიჩნევს, რომ ხმებზე მონადირეა, „მონადირე“ – საუკეთესო და უმტკივნეულო გაგებით.

ანუშკას ჩაწერილი ხმების გამოყენებით სამმა მუსიკოსმა შექმნა კომპოზიციები, უახლოეს დღეებში კი რამდენიმე დღის განმავლობაში „კონტე Beach“-ის ტერიტორიაზე განთავსდება მუსიკალური ბოქსები, სადაც აჭარის მთებში ჩაწერილი ხმებით აწყობილ მუსიკას მოისმენთ ზედ ზღვის პირას.

ანუშკა თვლის, რომ ამ ხმების მიტანა მსმენელამდე აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან ძვირფასი, ბუნებრივი გარემო დღითიდღე იცვლება, მათ შორის მთიანი აჭარის ტენიან ტყეებში და ერთხელაც შეიძლება დადგეს დრო, როცა ეს ხმები შეიძლება არც კი გვესმოდეს.

მუსიკოსის თქმით, შეიძლება შემორჩენილი ფოტო, ვიზუალური მასალა გვქონდეს სხვადასხვაგვარი გარემოსი, მაგრამ ხმა არის ის, რაც გარემოს სრულყოფილად გვაგრძნობინებს.

„ბავშვობიდან ვიზრდები გარემოსა და სახლში, სადაც მნიშვნელოვანი იყო ბუნების არსებობა, მაგრამ მისი ხმები ბავშვობის სახლის მიტოვების შემდეგ აღმოვაჩინე.

როცა ვბრუნდებოდი ხოლმე შინ, ვხვდებოდი რამხელა მნიშვნელობა აქვს ხმებს, რომელიც გარემოში გესმის, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი, თუ გულისყურით არ უსმენდი. ეს დღემდე ინსპირაციის წყაროა ჩემთვის.

არ მესმის მუსიკა, როგორც კონკრეტული ინსტრუმენტის ნოტები, მუსიკა მესმის როგორც ყველაფერი გარშემო.

ამას პათეტიკურად არ ვამბობ, უბრალოდ მართლა ასე აღვიქვამ“ – ამბობს ანუშკა.

ანუშკა ფიქრობს, რომ ბუნების ხმებით საზრდოობა ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა და თუ  მუდმივად ქალაქში ხარ, თუ გონებას არ ასვენებ, შეიძლება ვერც მიხვდე ისე დაიზიანო საკუთარი თავი.

ანუშკასთვის მუსიკა თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალებაა. ამბობს, რომ ხანდახან მეგობრობა და სიკეთის კეთებაა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება მისთვის.

„ძირითადი ფორმა, რაც საკუთარი თავის გამოსახატად ვიპოვე და სადაც ყველაზე თავისუფალი, ბუნებრივი და უკომპრომისო ვარ, ეს არის მუსიკა.

საქართველოში მუსიკოსისთვის ძალიან საინტერესო გარემოა. ყოველთვის იპოვი ინსპირაციის წყაროს არამხოლოდ ბუნებაში, არამედ იმ ქაოსშიც, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ხანდახან აბსურდი რაშიც ვცხოვრობთ და ხან გვაბრაზებს, ხან კიდევ გვახალისებს დიდი ინსპირაციის წყაროდ იქცევა.

ვფიქრობ, ძალიან კარგი არტისტები ცხოვრობენ აქ, გულწრფელები და ნამდვილები“ – ამბობს ანუშკა.

ამავე თემაზე: 

„გაცვლა“ – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში: გამოფენები, საჯარო შეხვედრები და მუსიკა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.