მთავარი,სიახლეები

რატომ არ ხურავენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებს – სახელმწიფო კანონს არღვევს

04.06.2021 • 2085
რატომ არ ხურავენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებს – სახელმწიფო კანონს არღვევს

„ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზია არასდროს ჰქონია შეჩერებული. ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა ტელევიზიაში, რომ რვა თვე ლიცენზიის გარეშე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 მსხვილ ბავშვთა პანსიონს ფლობს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, არ არსებობს.

მათი განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონმა სააგენტოსგან ლიცენზია 2015 წლის 28 აპრილს მიიღო. ანუ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ბავშვზე ზრუნვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

„ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა 2014 წლის 15 იანვარს. ნინოწმინდის პანსიონმა დააკმაყოფილა ახალი სტანდარტები და მიიღო ლიცენზია“, – გვითხრეს სააგენტოში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პანსიონს ლიცენზიის განახლების ვალდებულება 2017 წლის სექტემბრამდე, ლიცენზიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების გამო, სააგენტო ირწმუნება რომ – არა.

„ეს ცვლილება ეხებოდა მხოლოდ იმ სკოლა-პანსიონებს, რომლებსაც ნებართვა 2014 წლამდე ჰქონდათ მიღებული. ნინოწმინდისა და ფერიის ბავშვთა პანსიონები გამონაკლისი იყო და მათ ლიცენზიის განახლება არ ევალებოდათ“, – გვითხრეს ისევ სააგენტოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის“ დირექტორი, გია კაკაჩია, რომელიც 2000-2014 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, სხვა რამეს ამტკიცებს.

კაკაჩია „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ რეგულირების სააგენტო მანიპულირებს, როცა ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზიის განახლების ვალდებულება არ ჰქონია.

„როცა 2015 წელს საპატრიარქოს ორმა დაწესებულებამ ლიცენზია მიიღო, იქ არსებობდა ჩანაწერი, რომ ლიცენზიის მიღება შეუძლია მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის სახლს. ეს ნიშნავს, რომ 10 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს დაწესებულებაში და საძინებელში არ უნდა ეძინოს 3-ზე მეტ ბავშვს.

იმ პერიოდში დაწესებულებაში იყო 160 ბავშვი ნინოწმინდაში, ფერიის ბავშვთა სახლში კი 180 ბავშვამდე. სახელმწიფო იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო, რადგან 340 ბავშვს ერთ დღეში ვერსად გადაიყვანდა. რეალურად ესენი არიან მზრუნველობამოკლებული ბავშვები.

შესაბამისად, გაკეთდა ჩანაწერი, რომ ეს ბავშვები უნდა შეფასებულიყო სოციალური მუშაკის მიერ. დაწესებულებაში შედიოდა მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო. თუმცა ეს ბავშვები ამ ტიპის დაწესებულებაში აღარ უნდა დარჩენილიყვნენ, სახელმწიფოს შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში უნდა შეემუშავებინა სტრატეგია და ბავშვები ეტაპობრივად გადაეყვანა მცირე საოჯახო  ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში ან გაეშვილებინა. 2016 წელს, როცა სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირებაში ცვლილება შევიდა, ეს მოთხოვნა ვრცელდებოდა ყველა ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებაზე, მათ შორის საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებზეც“, – ამბობს გია კაკაჩია.

მისი თქმით, სკოლა-პანსიონებს ლიცენზიის ასაღებად ვადა 2017 წლის 1-ელ სექტემბრამდე განესაზღვრათ, თუმცა ამ ვადის გასვლის მიუხედავად, სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაეყვანა, ან მათი ოჯახებთან ინტეგრაცია დაეწყო.

„იყო დიდი მოლაპარაკებები და შემდეგ ითქვა, რომ ლიცენზიების ვადა 2018 წლის სექტემბრისთვის გადაიწეოდა. სხვა შემთხვევაში უნდა დაეხურათ ბავშვთა სახლები ან სხვანაირად მოეგვარებინათ ლიცენზიის საკითხი“, – ამბობს გია კაკაჩია.

მისი თქმით, ის პირობა, რის გამოც ნინოწმინდამ და ფერიის ბავშვთა სახლმა მიიღო ლიცენზია, ამოიწურა. სახელმწიფომ ლიცენზიის ვადა კიდევ ერთხელ – 2021 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაწია. როგორც გია კაკაჩია ამბობს, ახალი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოს უნდა შეედგინა შესაბამისი აქტი და შეეწყვიტათ ლიცენზია ნინოწმინდის პანსიონისთვისაც. „სააგენტომ ეს არ გააკეთა. ის, უბრალოდ, მანიპულირებს სიტყვებით, როცა ამბობს, რომ ლიცენზია არ შეჩერებია პანსიონს. მათ უნდა შეეჩერებინათ, რაც არ გააკეთეს“, – ამბობს გია კაკაჩია.

მისი თქმით, რეგულირების სააგენტომ, ფაქტობრივად, კანონი დაარღვია.

2016 წელს, როცა ლიცენზირების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა და პანსიონებს ახალი ტექნიკური მოთხოვნები დაუწესდათ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ რეგულაციები საპატრიარქოს ბავშვთა სახლების და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სკოლა-პანსიონებს არ ეხებოდა. ამის გამო კრიტიკული კითხვები გაუჩნდათ მუსლიმური სკოლა-პანსიონების მფლობელებს და ამბობდნენ, რომ ეს კანონი სახელმწიფომ მათი საქმიანობის შესაჩერებლად შეცვალა. ისინი სახელმწიფოს მაშინ რელიგიური ნიშნით შევიწროებაშიც კი ადანაშაულებდნენ. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, თუ სკოლა-პანსიონები ახალ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდნენ, მფლობელი ჯერ დაჯარიმდებოდა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყებოდა.

ამის მიუხედავად, სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლები არ დაუჯარიმებია და არც სამართლებრივი დევნა დაწყებულა მათი მფლობელის წინააღმდეგ. მაშინ პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ერთი მოსმენით, განხილვის გარეშე დაამტკიცა.

„ლიცენზირებას ექვემდებარება რელიგიური ორგანიზაციების მიერ დაარსებული სააღმზრდელო დაწესებულებებიც, სადაც ბავშვი, მოზარდი 24 საათის განმავლობაში, სამ თვეზე მეტი ხნით ცხოვრობს“, – წერია კანონში.

ლიცენზირებულ დაწესებულებებს სახელმწიფოს მიმართ აქვთ ვალდებულება, ყოველწლიურად წარადგინონ ანგარიში სტანდარტებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ასეთი ანგარიშები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელობისგან, რაზეც გვითხრეს, რომ – დიახ. ოღონდ, არა ყოველწლიური. „2017-2018 წლის ანგარიშები გვაქვს მხოლოდ“, – გვითხრეს სააგენტოში. მაშინ მას ვკითხეთ, თუ არის აღნიშული ანგარიშები ხელმისაწვდომი, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციას სააგენტოს იურისტებთან გაივლიან.

ის, რომ დიდი ზომის ბავშვთა სკოლა-პანსიონები კვლავ არსებობს ქვეყანაში, სახელმწიფოს კი ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია მათ დასახურად, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მის მიერვე მიღებულ კანონს არ ასრულებს. ის ფაქტი, რომ ნინოწმინდის პანსიონში შესვლის და მონიტორინგის შესაძლებლობა წლებია არ ეძლევა სახალხო დამცველს და არც ბავშვთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეზე მეტყველებს.

„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავი გაიუქმა ნინოწმინდის საკითხთან მიმართებაში. ამდენი ხანია ამ საკითხზე მიდის მსჯელობა, არის პრობლემა, სახალხო დამცველმა ღიად ისაუბრა, რომ მას არ აძლევენ მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას, ამასთან, არსებობს წინა წლებში გაკეთებული მოკვლევა და დასკვნები, რომ ამ პანსიონში დაფიქსირებული იყო პრობლემები და აქამდე ამ თემაზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება არ განხორციელებულა“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, იურისტი.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე მან  ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებიც ჩააყენა საქმის კურსში. „მოინიშნეს ეს საკითხი ყურადღებით  და იმედი მაქვს, რომ ეს თემაც იქნება მათი ყურადღების საგანი“.

„მე დავსვი ეს საკითხი კოლეგებთან და ვუთხარი, რომ ვისურვებდი ჩვენც შევხვედროდით პანსიონატში ბავშვებს და კომიტეტს ღიად ემუშავა ამ საკითხზე.

ჯერჯერობით, კოლეგების მხრიდან არ ყოფილა გამოხმაურება, ამიტომ ვაპირებ, მათ წერილობითაც მივმართო“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ის, რაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ხდება, სახელმწიფო ინსტიტუციების მოშლაზე მეტყველებს.

„პროკურატურაში რომ მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე არავინ ინფორმირებული არ არის, ყველა სახელმწიფო უწყება დუმს და ამგვარად თანამონაწილეობს უკანონობაში. ეს არის დიდი პრობლემა.

სამწუხაროდ, ეს თემა არც წინა მოწვევის პარლამენტში გამხდარა სერიოზული განხილვის საგანი, რაც აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბავშვების საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს. ფაქტია, რომ ამ თემას აქამდე პოლიტიკური ყურადღება არ დათმობია. მაგრამ კარგია, რომ უფლებადამცველების აქტიურობის შედეგად ამ საკითხზე ტაბუ თანდათან ირღვევა“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი

სახელმწიფოს დუმილი მიანიშნებს იმაზე, რომ ის უძლურია საპატრიარქოს წინაშე, თუ მის ინტერესებში არ შედის ბავშვთა სახლების დახურვა? – ვკითხეთ მას. ნაცვლიშვილის თქმით, ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს.

„ფაქტია, რომ ინსტიტუციონალიზაცია დრომოჭმული პრაქტიკაა და ყველა ნორმალური სახელმწიფო დეინსტიტუციონალიზმისკენ მიდის. არ არსებობს გარემო, რომელსაც შეუძლია ოჯახური გარემო და ზრუნვა ჩაანაცვლოს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ბავშვების ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

ეს თემა უნდა გააქტიურდეს, რადგან აქ მარტო ერთ კონკრეტულ ბავშვთა სახლში არსებულ პრობლემაზე არ არის საუბარი, თემა არის დიდი და ამას სჭირდება სისტემური რეფორმა“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ის შეეცდება დააყენოს საკითხ პარლამენტში და მოითხოვოს, რომ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ბავშვთა სახლების საკითხზე ანგარიშით წარდგეს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დრომდე ჩაკეტილია და მასში შესვლის უფლება არც სახალხო დამცველს ეძლევა, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, გამონაკლისების გარდა. სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც აღნიშნული პანსიონის ხელმძღვანელია, უარს აცხადებს ბავშვთა სახლში მონიტორების შესვლაზე.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით არსებობს 2015 წლის სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობს. ამასთან,  2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 4 საქმეზეა გამოძიება დაწყებული, აქედან ერთი  – სავარაუდო გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი – ძალადობის მუხლით.

___

რეგულირების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვთა პანსიონიდან დღეს 6 ბავშვი გაიყვანეს. კიდევ ათამდე ბავშვმა გამოთქვა პანსიონის დატოვების სურვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: