მთავარი,სიახლეები

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, როცა ლარი მყარდება

04.06.2021
რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, როცა ლარი მყარდება

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ან შემცირდება თუ არა იგი, როცა ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება? – ეროვნული ბანკის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საკითხს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე 23 ივნისს განიხილავენ.

რეფინანსირების განაკვეთს, რაზეც შემდეგ საბანკო სესხების გაზრდა ან შემცირებაა დამოკიდებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს. კომიტეტის სხდომების კალენდარი წინასწარაა განსაზღვრული. მაგალითად, ბოლო სხდომა 28 აპრილს გაიმართა, როცა ლარის გაუფასურების მიზეზით რეფინანსირების განაკვეთი 8.5 პროცენტიდან 9.5 პროცენტამდე გაიზარდა.

გასული წლის პირველ ნახევარში რეფინანსირების განაკვეთი 9 პროცენტი იყო, მეორე ნახევარში – 8 პროცენტი. ეს მაჩვენებელი 8.5 პროცენტამდე 2021 წლის 18 მარტს გაიზარდა.

„გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე  დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე.

საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა – შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას,“ – აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე არის განთავსებული.

ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 5 მაისიდან მყარდება. მანამდე ლარი დოლართან მიმართებაში 3.45-მდე გაძვირდა, 5 მაისს კი – სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე 3.43 დაფიქსირდა.

5 მაისიდან დღემდე ანუ უკვე ერთი თვეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება. დღეს, 4 ივნისს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში არის 3.15

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: