მთავარი,სიახლეები

შესყიდვების სააგენტო 50 პიკაპს ყიდულობს – საწყისი ფასი 5 მილიონი ლარია

05.06.2021 • 1250
შესყიდვების სააგენტო 50 პიკაპს ყიდულობს – საწყისი ფასი 5 მილიონი ლარია

შესყიდვების სააგენტო 50 ერთეულ  ავტომანქანას, პიკაპს, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეისყიდის, ტენდერი სააგენტომ 4 ივნისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 9 ივნისს უნდა დაიწყოს და 10 ივნისს დასრულდეს.  შესყიდვის საწყისი ღირებულება 5 მილიონ 62 000 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2021 წელს გამოშვებული, მარცხენა საჭით, [გარბენი არაუმეტეს 200კმ], „ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული“

გარდა ამისა მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. პირობების ჩამონათვალშია ისიც, რომ სააგენტოს სპეციალიზებული პიკაპების შეძენა სურს.

ტენდერის პირობაა ავტომანქანების ფერიც, სააგენტო თეთრი ფერის პიკაპების შეძენას აპირებს.

ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2021 წლის 1 დეკემბრისა.

ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე [ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი] …

შესყიდვების სააგენტოს სპეციალისტის ინფორმაციით შეძენილ ავტომანქანებს მთავრობა გადაანაწილებს, რომელი უწყებისთვის რამდენი მანქანაა განსაზღვული ჯერ არ ვიცით.

შესყიდვის მიზნობრიობის ნაწილში სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება მიუთითა.

ეს დადგენილება სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესს განსაზღვრავს.

გარდა ამისა სააგენტოს კონსოლიდირებული შესყიდვის ფარგლებში გამოცხადებული აქვს ტენდერი ოპერატიული დანიშნულების 100 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად. ამ შემთხვევაში მითითებულია, რომ მანქანებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ყიდულობენ და შესყიდვის ღირებულება 9 მილიონი ლარია.

გადაბეჭდვის წესი