მთავარი,სიახლეები

კულტურის სამინისტრომ პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა

04.06.2021
კულტურის სამინისტრომ პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა

კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა.

ახალი წესის მიხედვით, პროექტის დაფინანსების თაობაზე საკონკურსო განცხადების მიღების, განხილვის, კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა 45 დღის ნაცვლად 25 დღე იქნება.

ამასთან, საქმის წარმოებაში გამოიყენება ელექტრონული ფოსტა და საბუთების ხელზე ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

გაუქმდა ე.წ. მოხსენებითი ბარათების ინსტიტუტიც, „რადგან ეს ბიუროკრატიული მექანიზმი სამინისტროს შიგნით პროცედურებს ართულებდა და ვადებს ახანგრძლივებდა“, – აცხადებს სამინისტრო.

ახალი ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა დღემდე მოქმედი ორი სხვადასხვა ბრძანება, რომლებიც კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების საკითხებს არეგულირებდა. „ამიერიდან, დაინტერესებული პირები ერთიანი აქტით იხელმძღვანელებენ, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სამინისტროსთან ურთიერთობას გაუადვილებს“.

ახალი ბრძანებით, ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული, გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა, ნაცვლად აქამდე მოთხოვნილი ყველა ენაზე სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანებისა. „მოცემული შეღავათიც სისტემის მოქნილობას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს სამინისტრო.

„დაფინანსების ახალი წესი ეხება ყველას, განურჩევლად პროექტის განმახორციელებელი პირის სტატუსისა, მათ შორის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს. შესაბამისად, კონკურსის ან ექსკლუზიური პროექტის დაფინანსების დროს, ამ უკანასკნელთათვის აღარ იარსებებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პროცედურები და სამინისტროს ორგანიზაციებიც ზოგად წესებს დაექვემდებარებიან“, – აცხადებს კულტურის სამინისტრო.

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება ხორციელდება 30  ქულის ფარგლებში, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  1. პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან;
  2. პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა);
  3. ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებაში;
  4. შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება;
  5. პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის რეალურობა.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ შეიძლება პროექტის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღოს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს 10 ივნისიდან შეეძლებათ, მიმართონ სამინისტროს სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მოპოვების მიზნით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: