მთავარი,სიახლეები

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეში” მესაკუთრე იახტის დაბრუნებას ითხოვს

04.06.2021 • 24313
“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეში” მესაკუთრე იახტის დაბრუნებას ითხოვს

უნდა დაუბრუნდეს თუ არა იახტა მესაკუთრეს? – იკითხა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და საქმიდან იახტის მესაკუთრის თხოვნის წერილი ამოიღო. იახტა, სადაც უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, გასული წლის ნოემბრის შემდეგ ფოთის პორტში დგას.

საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში. ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

ამ საქმეზე ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

“ეს სადავო ნივთმტკიცებაა, არ უნდა დაუბრუნდეს,” – მიმართა მოსამართლეს იახტის დაბრუნებაზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ. მან დოკუმენტები გადაათვალიერა და ისიც აღნიშნა, რომ დოკუმენტებით ვერ დგინდება, იახტას ნამდვილად მისი მესაკუთრე რომ ითხოვს.

მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შეახსენა წინა სასამართლო სხდომა, რომელიც გასვლითი იყო და ფოთში ჩატარდა – მოსამართლემ პროკურორთან და ადვოკატთან ერთად იახტა დაათვალიერა, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ნივთმტკიცებაა.

“ვნახეთ, რომ ის არის ზღვაში დალუქულ მდგომარეობაში, მისი არც დაქოქვა ხდება, ის შეიძლება მარტივად დაზიანდეს, როგორც ადგილზე გვითხრეს,” – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლო სხდომები ზოგჯერ წლობით გრძელდება, როცა ბრალდებულები გირაოთი არიან გარეთ, ხოლო საპატიმრო საქმეების სამივე ინსტანციის გავლას ორი წელი მაინც სჭირდება.

“რა გამოდის, ორი წელი არ უნდა დაუბრუნდეს?” – პროკურორებს გახედა მოსამართლემ.

“ვგულისხმობ ავთენტურობის დადასტურებას,” – თქვა პროკურორმა პოზიციების მოსმენის შემდეგ.

ამ საკითხს სასამართლო შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხიც განიხილა.

“აეკრძალოთ ზღვასთან მიახლოებაც,” – ირონია გამოხატა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, როცა ის ასაბუთებდა, თუ რატომ უნდა გაათავისუფლოს სასამართლომ ბრალდებულები გირაოს საფუძველზე.

ადვოკატის მტკიცებით, ახლა მით უფრო ლოგიკურია ბრალდებულების გათავისუფლება, როცა პროკურატურის თითქმის ყველა მოწმე გამოკითხულია და მათზე ზეწოლას ბრალდებულები ვერ მოახდენენ.

“მე არ ვგრძნობ, რომ რამე შეიცვალა, ბატონებო,” – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მიმალვის საფრთხე ყოველთვის არსებობს.

ბრალდებულების სანუგეშოდ მოსამართლემ სტატისტიკაც მოიშველია: “ყოველი 100 საქმიდან 12 გამამართლებელი განაჩენი გამოდის,” – აღნიშნა მოსამართლემ.

ამ საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა უკვე სრულდება. მოწმეთა ნაწილის სასამართლოში წარმოდგენას პროკურორები აღარ აპირებენ. მათ თქვეს, რომ საზღვრის პოლიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის ჩვენებას წაიკითხავენ. პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ განმარტა, რომ ეს მოწმე მივლინებით უცხოეთშია.

“ეს ზღუდავს კითხვების დასმის შესაძლებლობას,” – გააპროტესტა პროკურორის გადაწყვეტილება ბექა ბასილაიამ. – “რა შუაშია მივლინებაშია თუ არა? დისტანციურად მაინც ჩართეთ, ან ჩამოვიდეს პარიზიდან, მისცეს ჩვენება და წავიდეს მერე უკან,” – თქვა მან.

“ჩვენ არ მოგვაწოდეს კონკრეტული დეტალები კომუნიკაციისთვის,” – თქვა პროკურორმა.

მოსამართლემ პროკურორებს მოწმესთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა, რომ მისი დისტანციური წესით ჩართვა მაინც მოხერხდეს.

წინა სხდომაზე საზღვრის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ვერ დაასახელა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც არსებობს რომელიმე ორგანოსთან შეთანხმების ვალდებულება, როცა მცურავი საშუალება პორტში არ შემოდის და ისე მოძრაობს შავ ზღვაში, მაგალითად, უკრაინიდან თურქეთის შემთხვევაში, როგორც ეს სადავო შემთხვევაში მოხდა.

ამ თემაზე:

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: