მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ეშმაკის ბორბალს იჯარის წესით ასხვისებს

05.06.2021
ბათუმის მერია ეშმაკის ბორბალს იჯარის წესით ასხვისებს

ბულვარში, ზღვასთან ახლოს განთავსებული  პანორამულ ბორბალი [ ე.წ. ეშმაკის ბორბალი] ბათუმის მერიამ  ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა, აუქციონი ითვალისწინებს ასევე მასთან დაკავშირებული ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მსუბუქი კონსტრუქციის განსათავსებლად – საწყისი ფასი 287 250 ლარია, ხოლო ბიჯი 2000 ლარი, ქონებას საიჯარო წესით გაასხვისებენ.

აუქციონის პირობებში სამომავლოდ მისი შესაძლო ადგილმონაცვლეობაც არის ნახსენები.

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით  აუქციონის გამარჯვებულს, მომავალ მოიჯარეს ევალება შეინარჩუნოს პანორამული ბორბალი იმ მდგომარეობაში რომელშიც მიიღებს მას.

მან ასევე უნდა უზრუნველყოს  პანორამული ბორბლის გამართული მდგომარეობა და უსაფრთხო ექსპლუატაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ ატრაქციონი გამოვიდა მწყობრიდან, მოიჯარე ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი და დაუყოვნებლივ აცნობოს მეიჯარეს, ხოლო მწყობრიდან გამოსული ატრაქციონის აღდგენა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს არაუმეტეს 10 დღის ვადაში.

მოიჯარე ასევე ვალდებულია  პანორამული ბორბლის განათების რეჟიმი უნდა შეათანხმოს მეიჯარესთან, იჯარის უფლებით გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, განახორციელოს მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება.

მოიჯარეს უფლება აქვს ასევე იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის თავისუფალ ნაწილზე განათავსოს  მსუბუქი კონსტრუქციის მქონე ნაგებობა ბათუმის  მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ატრაქციონის განთავსების ადგილის მონაცვლეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულება, რა დროსაც მეიჯარეს მოიჯარის მიმართ არ წარმოეშობა რაიმე ვალდებულება გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

წლიური სარგებლობის საფასური მოიჯარემ უნდა გადაიხადოს თანაბარწილად კალენდარული წლის 01 ივნისამდე და 01 დეკემბრამდე. ამავდროულად საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: