ბათუმში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 45 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზეა 12 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 46. ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 245 ადამიანი.

 

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება

15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში, „სანსეტ ბათუმში“ [იუსტიციის სახლის წინ, არდაგანის ტბის მიმდებარედ] მასშტაბურ დასაქმების ფორუმს გამართავენ.

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! [ისწავლე დასაქმებისთვის!]“ ფარგლებში გაიმართება.

ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებული 59 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი 900-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლებლები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სასწავლებლები და დამსაქმებლები შეძლებენ კავშირების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ, 14 ივნისის ჩათვლით, წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე: https://forum.hrajara.gov.ge.

 

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! [ისწავლე დასაქმებისთვის!]“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) დასაქმების ფორუმს პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში უერთდება, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. აჭარაში პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

მაგდა – 5 მემთეური ძმის მეექვსე და

ხუთნი არიან. ხუთი მეჯოგე ძმა. ბავშვობიდანვე: ძროხები, თხები, ხბორები, რძის წველა. ყველის ამოყვანა, სულგუნის გადაზელა, კარაქის დღვება. ალპური ზონების მწყემსურ ქოხებში თვეობით დგომა. წვიმა, თქეში, დელგმისგან დამბალი მიწა და მაინც სულ დევნა, დევნა – ძროხების, თხების, ხბორების – მზეშიც, წვიმაშიც, სიცივეშიც.

ვანო, ბესო, აკაკი, ბერდია და გოდერძი თანმიმდევრობით გაჩნდნენ. თითო, ორ-ორი წელია მათ შორის სხვაობა. ყველაზე უფროსი 37 წლისაა, უმცროსი 31-ის.

სულ ასე იყო, ყველამ იცოდა, რომ მთაზე შეფენილი სოფლის, ზედა ბაღდათის ერთ პატარა ქოხივით სახლში ცხოვრობდნენ მრავალშვილიანი ნერგაძეები – ცოლ-ქმარი ხუთი შვილით, შვილები მეხბორე ბიჭები იყვნენ, ბავშვობიდანვე ტყეშიც დაყვებოდნენ მამას შეშის საჭრელად. მეტყევე-მეჯოგეები იყვნენ მამა და ბიძაც. ხუთშვილგამოზრდილ მშობლებს, შვილებმა, წამოიზარდნენ თუ არა, უთხრეს: დაისვენეთ, ჩვენ ვივლით მთაშიც, ჩვენ ვდევთ ხბორებს, ამოვიყვანთ ყველს, გავდღვებთ კარაქს და ზამთრისთვის ტყეშიც ჩვენ წავალთ შეშის საჭრელადო.

მწყემსების სადგომი საირმის მთებში

გაიხარა მამამ, სიხარული აუკიაფდა ცისფერ, დანისლულ თვალებში და იმ წელს პირველად აღარ წავიდა მთაში ხბორებთან. მარტო გაუშვა შვილები. დარჩა პატარა ქოხში ცოლთან ერთად და ახალმა დარდმა დაუწყო გულის ღრღნა: ჩემსავით უსწავლელები დარჩებიან, ასე გამოდის. მაგრამ რას იზამს ხუთი ბიჭი სამომავლოდ ერთ პატარა ქოხში? მთაში ხბორების დევნით, სულგუნის გადაზელით, კარაქის დღვებით როგორ დასახლდებიან, სამყოფს როგორ გაიჩენენ, რა ცხოვრებას ნახავენ და მე რაღა შემიძლია ამათთვისო.

ბიჭებმა სკოლა როგორღაც დაამთავრეს. ხშირად არც სკოლაში სიარულის დრო და შესაძლებლობა იყო. 14, 15 წლიდანვე იცოდნენ, რომ შარვალი თუ დაეხეოდათ და ახლის ყიდვა იქნებოდა საჭირო, თავად უნდა ეზრუნათ მთაში დაგროვილი ყველის, ნადუღის, კარაქის ბაზარში ჩატანაზე, გადამყიდველების პოვნაზე და კარგ ფასად ჩაბარებაზე. აღარ იყო სკოლაში სიარულის, გამოცდებისთვის მზადების, მეცადინეობის დრო.

გოდერძი, აკაკი და გაგა

გაზაფხულიდან ოქტომბრის ბოლომდე ბიჭები სულ მთაში იყვნენ: ვანო, ბესო, აკაკი, ბერდია და გოდერძი, ათ-ათდღიანი ცვლებით. ვანო და ბესო წავიდოდნენ საირმის კიდევ უფრო მაღლა, დიდმაღალის და ნაკალვარის ალპურ ზონაში – აკაკი და ბერდია ისვენებდნენ. მერე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ასე, დაუსრულებლად.

ოქტომბრის ბოლოს, როცა ყველა ძროხა გაშრებოდა, ყველა ყველი ამომრგვალდებოდა და რძეგამდინარი სულგუნიც კარგა ბლომად გროვდებოდა დერგში, ბიჭები მოიკიდებდნენ ნაშრომს, ჩაიტანდნენ საკვირაო ბაზრობაზე და დახლებს მთის ნობათი მოედებოდა.

ერთი ასეთივე არაფრითგამორჩეული ოქტომბრის ბოლოს, როცა მთიდან ყველა ბიჭი ერთად დაბრუნდა, საქონელი ბარში ჩამოირეკა და ოჯახი გრძელი ზამთრისთვის მოემზადა, დედ-მამამ ბიჭებს უთხრა, რომ 5 ძმას მალე ერთი და ეყოლებოდა.

მაგდა

დას მაგდა დაარქვეს. მალე პატარა ქოხი ქერა, ცისფერთვალა მაგდას სათამაშოებით აივსო, უამრავ შარვალთან ერთან ციცქნა კარადაში პატარა, ფერადი კაბები გაჩნდა. მაგდა იზრდებოდა, თმა უქერავდებოდა და თვალის ცისფერიც ყოველ წელს უფრო უბაცდებოდა. მთაში ძმებს დაყვებოდა, ბარში კალათბურთის სასკოლო ჩემპიონატებს იგებდა, კლასში ყველაზე კარგად სწავლობდა, ცხენით ჯირითობდა და თოფსაც ისროდა ტყეში ნადირის დასაშინებლად.

მაგდა

მაგდა პატარა იყო მამა რომ გარდაიცვალა. მისი დარდი არ გამართლდა. ბიჭებმა ხბორებში ყოფნით სახლებიც აიშენეს, მანქანაც იყიდეს, ნაგროვები ყველი, სულგუნი და ნადუღი ბაზარში რომ ეტარებინათ და პატარა დაც გაზარდეს. ანებივრებდნენ, ყველაფერს უსრულებდნენ, ახალ-ახალი კაბებისთვის ფულს რიგ-რიგობით უგროვებდნენ და გაიზარდა მაგდა – 5 ძმის მეექვსე და.

„მაშინ არ მესმოდა ეს რას ნიშნავდა. ახლა ვხვდები, რომ ბევრს აკეთებდნენ ჩემთვის. ყველაფერს: რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ იმასაც. სკოლის მერე სწავლა ვერ გააგრძელეს ჩემმა ძმება, მაგრამ მე ჩამჩიჩინებდნენ, შენ მაინც უნდა ისწავლოო. ხშირად შარვლის, პერანგისთვის გადადებული ფული მოუციათ, რეპეტიტორებთან რომ მევლო და უნივერსიტეტში ჩამებარებინა – სამ მასწავლებელთან დავდიოდი. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩავაბარებდი, მგულშემატკივრობდნენ. მამაც ამას მეუბნებოდა პატარა რომ ვიყავი, შენ მაინც უნდა იყოჩაღო და ისწავლო, სხვა რამეებიც რომ ნახო ქვეყანაზეო. ახლა მესამე კურსზე, ილიაუნიში ვსწავლობ განათლების ფაკულტეტზე, მინდოდა სწავლის პარალელურად მემუშავა. ძმები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, არ დაიტვირთო თავი, სწავლისთვის ნაკლები დრო დაგრჩება და ჩვენ დაგეხმარებით, შენ ისწავლე და დაამთავრეო“, – ყვება მაგდა.

ვანო და ბესო პოლონეთში

ბერდია, გოდერძი და აკაკი ისევ საირმის მთებში ამრგვალებენ ყველს და დღვებენ კარაქს. ბესო და ვანო პოლონეთში წავიდნენ.

ვარშავის ერთ-ერთ რესტორანში რძის პროდუქტებს ამზადებენ, ისე, როგორც ადრე, მთაში. ყველს, სულგუნს, წნილ სულგუნსაც და ნადუღს აკეთებენ. უქმეებზე სხვადასხვა ქალაქში სპეციალურად აღჭურვილი მანქანით დადიან და ქართულ კერძებს ამზადებენ საკვირაო ბაზრობებზე პოლონელებისთვის.

ვარშავის ეს ქართული რესტორანი მთელი დღე სავსეა, ვანომ და ბესომ სულგუნის შესაბოლი პატარა ჰერმეტული ქოხიც ააგეს რესტორანთან ახლოს, სადაც სულგუნს ბუნებრივი მეთოდით, შეშის კვამლით ბოლავენ, დანამატების გარეშე. ვანო პოლონეთში ცხოვრებას აპირებს, უნდა რომ რძის პროდუქტების დამზადების სხვადასხვა მეთოდი შეისწავლოს პროფესიონალურად. ბესოს საბოლოოდ საქართველოში, ოჯახთან დაბრუნება და აქვე რამე საქმის დაწყება სურს.

მაგდა ამბობს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეიძლება მასწავლებლად იმუშაოს, ან კიდევ რამე ახალი ისწავლოს, მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რომ უნდა ძმებს დაეხმაროს, ბაღდათში რძის პროდუქტების საწარმო გახსნას და რაც ძმებმა იციან საოჯახო ბიზნესად აქციოს. სექტემბრიდან ივნისამდე უნივერსიტეტის ლექციებს ესწრება. ივნისიდან მთაში წასასვლელად ემზადება ძმებს რომ დახედოს, ისევ ცხენით ჯირითობს და თოფსაც ისვრის ტყეში – ნადირის დასაშინებლად.

მაგდა სკოლის საკალათბურთო შეჯიბრზე

„ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ აღსაზრდელის ბიძია დააკავეს

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე“ პროკურატურამ ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძიას ბრალი წარუდგინა და დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით წარუდიგინეს, რაც მუქარას გულისხმობს.

„გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს [მოზარდის] ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს – გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა – ჩ.გ. ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფაქტის გახმაურებაზეც საუბრობს.

„პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დრომდე თავს იკავებდა აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კომენტირებისგან. ამასთან, ადვოკატი და დაზარალებული გ.ჩ. ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური. მიუხედავად დაზარალებულის სურვილისა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აღნიშნული ფაქტის გახმაურება, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს და ხელს უშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას,“ – წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ აღსაზრდელს თავშესაფარში მოთავსება შესთავაზა.

სახანძრო კიბე ბათუმის მაღალსართულიანი კორპუსებისთვის – იაპონიის საელჩოს საჩუქარი  

იაპონიის საელჩომ  ბათუმს 140 ათასი დოლარის ღირებულების სახანძრო ავტო-კიბე აჩუქა. პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ავტო-კიბე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს ავტოპარკში იქნება. სახანძრო ავტო-კიბე მაღალ სართულებზე გაჩენილ ხანძრებთან საბრძოლველადაა გათვლილი.

სახანძრო ტექნიკის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი დღეს, 12 ივნისს, ბათუმში გაიმართა და მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს დაემთხვა. ღონისძიებას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი დაესწრნენ.

“ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ ღონისძიების ნაწილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და იაპონიის მთავრობა რამდენიმე წელია ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ახლა ბათუმში ვიმყოფებით და სამსახურს გადავცემთ მაღალ შენობებზე ოპერაციების განსახორციელებლად სახანძრო კიბეს,” –   განაცხადა იმამურა აკირამ, იაპონიის ელჩმა საქართველოში.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ  ლევან ღირსიაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა: “სიმბოლურია, რომ დღეს მოხდა იაპონიის მთავრობისა და საელჩოს მეშვეობით ბათუმში ჩვენი სამსახურისთვის 40 მეტრიანი სახანძრო კიბის გადმოცემა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქალაქ ბათუმისთვის, ასევე ჩვენი სამსახურისთვის. ეს არის კიდევ ერთი შენაძენი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სამსახურის გამართულად და სწორად ფუნქციონირებას საგანგებო სიტუაციების დროს”.

სახანძრო კიბე 40 მეტრზე იშლება, რაც ნიშნავს, რომ თერთმეტსართულიანი სახლის ბოლო სართულს შეუძლია მისწვდეს.

სახანძრო მანქანა, რომელიც ბათუმს იაპონიის საელჩომ გადასცა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი მაშველებთან შეხვედრისას

რატომ დაითხოვეს ბათუმის ბაღებიდან 26 სპეცმასწავლებელი – დირექტორის განმარტება

ბათუმის ბაღების გაერთიანებამ 26 სპეცმასწავლებელი დაითხოვა, ისინი ბათუმის ბაღებში შშმ ბავშვებთან ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდნენ. მათი ხელშეკრულებების ვადა დაახლოებით 2 თვეში იწურებოდა, თუმცა ბაღების გაერთიანება ამ ვადას არ დაელოდა და მათ ორი თვით ადრე შეუწყვიტა ხელშეკრულება.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებია: „უმეტესობას არ აქვს ინკლუზიური განათლება, არც სერტიფიკატი ამ მიმართულებით“.

თენგიზ აფხაზავას ინფორმაციით, სპეცმასწავლებლები 2020 წლის 3 თებერვალს გამოსაცდელი ვადით დანიშნეს და ერთი თვე იმუშავეს, პირველ მარტს კი პანდემიის მიზეზით საბავშვო ბაღები დაიხურა.

„გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა კუთხით ამოწმებს, განსაკუთრებით გვაინტერესებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი. გადავხედეთ მათ პირად საქმეებსაც და როგორც გითხარით უმრავლესობას არ აქვს არანაირი სერტიფიკატი და არც გამოცდილება. მაშინ, როცა ჩვენ გვყავდა 200-ზე მეტი გადამზადებული პედაგოგი ინკლუზიური განათლების მიმართულებით.“ – ამბობს თენგიზ აფხაზავა.

ბაღების გაერთიანების დირექტორი ასევე განმარტავს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, რისკი იქნებოდა ამ პედაგოგებს შშმ ბავშვებთან ემუშავათ:

„ჩვენ იუნისეფმა შეგვიქმნა შშმ ბავშვებთან მუშაობის სტანდარტი, რომელიც ამ პედაგოგებს გავლილი არ ჰქონდათ. მე არ ვიცი თავის დროზე რა პრინციპით შეარჩიეს ისინი“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბაღების გაერთიანებამ გადაწყვიტა ჩაატაროს კონკურსი სპეცმასწავლებლების ასაყვანად:

„საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, შშმ ბავშვებთან აუცილებლად უნდა იმუშაოს გადამზადებულმა სპეციალისტმა, სხვანაირად შესაძლებელია საერთოდ დაღუპო ბავშვი, როგორც სოციუმი, საზოგადოებისთვის მთლიანად დაღუპო და ამ დროს  მეორე მხრივ შეიძლება შემატო რაღაც.“

თენგიზ აფხაზავა ამბობს ასევე, რომ სპეციალისტები შეაფასებენ ამ დრომდე დასაქმებული სპეცმასწავლებლებიდან ვინ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას – „მათ პრიორიტეტს მივანიჭებთო.“

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, კონკურსი სპეცმასწავლებლების შესარჩევად სავარაუდოდ 18-20 ივნისს ჩატარდება. კომისიაში განათლების პროფკავშირების სპეციალისტიც იქნება, რომელმაც კომისიაში მუშაობა სწორედ გათავისუფლებული სპეცმასწავლებლების მიმართვის შემდეგ გადაწყვიტა:

„ამაში ჩართული არიან ასევე ამ მიმართულებით ლიცენზირებული ორგანიზაციები, მათ შორის ილიას უნივერსიტეტი.“ კონკურსის მთავარი მოთხოვნა ინკლუზიური განათლება და შესაბამისი სერტიფიკატი იქნება.

ბათუმის ბაღებში საერთო ჯამში 8 080-ზე მეტი აღსაზრდელია, სპეცმასწავლებელი 125-მდე ბავშვს სჭირდება.

ფოტო: თენგიზ აფხაზავას ფეიბუქიდან

ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო გადადიოდა

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩაზე ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა. ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანა.

ადგილობრივების თქმით, ხიდი დიდი ხანია იყო ამორტიზებული.

ხიდი სვიშევსკის ქუჩაზე გუშინ, 11 ივნისს ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

 

აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 12 ივნისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, რეგიონში მართვით სუნთქვაზეა 14 პაციენტი.

12 ივნისის მდგომარეობით, აჭარაში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 241 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 59, კლინიკა დატოვა 22-მა ადამიანმა.


გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები

 

დენს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად სხვა კომპანია მოგაწვდით – გაიზრდება თუ არა ტარიფი

2021 წლის პირველი ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ დენის მომწოდებლები აღარ იქნებიან და მოსახლეობას, ასევე მცირე საწარმოებს, დენს ახალი კომპანიები მიაწვდიან. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] კი, დენის ტარიფს, მიწოდების ნაწილში, ახალი კომპანიებისთვის ხელახლა დაადგენს.

„ბათუმელებს“ სემეკში უთხრეს, რომ მიწოდების ნაწილში დენის ტარიფის ხელახლა დადგენა უფრო ტექნიკური დეტალია და მომხმარებლებისთვის დღეს არსებული დენის ფასი არ შეიცვლება.

ვინ მოგვაწვდის დენს ივლისიდან

[checklist]

  • ქვეყნის მასშტაბით [თბილისის გარდა], „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად მომწოდებელი იქნება ახალი სააქციო საზოგადოება „ეპ ჯორჯია მიწოდება“.
  • თბილისის შემთხვევაში კი, „თელასის“ ნაცვლად, ახალი მიმწოდებელი კომპანია იქნება შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ [თელმიკო]

[/checklist]

ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმის მიზანია, ერთი და იგივე კომპანია [ჩვენს შემთხვევაში „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“] არ იყოს როგორც დენის გამანაწილებელი, ასევე მიმწოდებელი.

სწორედ ეს ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს პირველი ივლისიდან: „თელასი“ და „ენერგო-პრო“ დარჩებიან როგორც გამანაწილებლები, „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ კი, იქნებიან დენის მიმწოდებლები.

რეფორმის მიზანია ასევე, რომ ენერგეტიკის ბაზარზე ახალი მიმწოდებლები გაჩნდეს, მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს, თუ რომელი მიმწოდებლისგან შეისყიდოს ელექტროენერგია, შედეგად კი, აღარ იყოს მონოპოლია ამ კუთხით.

თუმცა, მინიმუმ 2022 წლის იანვრამდე ელექტროენერგეტიკის ბაზარზე ფაქტობრივად არაფერი იცვლება, ვინაიდან „თელმიკო“ „თელასის“ შვილობილი კომპანიაა, ხოლო „ეპ ჯორჯია მიწოდება“ – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შვილობილი.

სემეკმა ივლისამდე ახალი ტარიფები [მიწოდების ნაწილში] ახალი მიმწოდებლებისთვის ხელახლა უნდა დაადგინოს, ვინაიდან იურიდიულად ისინი სხვა კომპანიები არიან, ფასები კი ივლისამდე მხოლოდ „თელასისა“ და „ენერგო-პროსთვისაა“ დადგენილი.

სემეკმა დენის ახალი ტარიფები 2020 წლის 29 დეკემბერს დაადგინა, რითაც ტარიფები გაიზარდა.

ელექტროენერგიის დღეს არსებული ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდების ფასების ხელახლა დადგენა კი, როგორც სემეკში ირწმუნებიან, არსებულ საბოლოო ტარიფზე გავლენას არ მოახდენს.

„თელასის“ და „ენერგო-პროს“ შვილობილი კომპანიები უნივერსალური მიმწოდებლები იქნებიან

„თელმიკოს“ და „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უნივერსალური მიმწოდებლის სტატუსი მიენიჭათ.

2021 წლის პირველი ივლისიდან უნივერსალური მომხმარებლები მიაწვდიან დენს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს. ამ კატეგორიის აბონენტებისთვის კი, დენის ტარიფს მომავალშიც სემეკი დაადგენს.

ელექტროენერგეტიკის სექტორში ის მცირე საწარმოები, რომლებიც სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფით გადაიხდიან მოხმარებული დენის საფასურს, საქართველოს მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული.

[toggle title=”ვინ მიიჩნევა მცირე საწარმოდ, ნახეთ აქ:“]

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:

ა) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2023 წლის 1-ელ იანვრამდე;
ბ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე;
გ)  0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე;
დ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  80 კვტ-ს 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე;
ე) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  50 კვტ-ს  2026 წლის 1-ლი იანვრიდან  2027 წლის 1-ელ იანვრამდე.

სრულად ნახეთ მთავრობის დადგენილება – ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ

[/toggle]

უნივერსალური მიმწოდებლების გარდა ბაზარზე უნდა გაჩნდეს თავისუფალი მიმწოდებლებიც, რომლებიც თავიანთ პირობებს მოქალაქეებს ღიად შესთავაზებენ. მომხმარებელს კი, შემდგომში უფლება ექნება აირჩიოს სხვა ნებისმიერი მომხმარებელი და დენი მისგან მიიღოს. თავისუფალი მიმწოდებლების შემთხვევაში ტარიფებს სემეკი არ დაადგენს.

თავის მხრივ, თავისუფალი მიმწოდებელი ვალდებული იქნება ყველა აბონენტს ერთნაირი პირობებით მოემსახუროს.

თავისუფალი მიმწოდებლები, წესით, ბაზარზე 2022 წლის იანვრიდან უნდა გამოჩნდნენ, ვინაიდან სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ელექტროენერგეტიკული ბირჟის [ბაზრის] გახსნა [ბირჟაც პირველ ივლისს უნდა გახსნილიყო, თუმცა ეს თარიღი მთავრობამ გადაავადა].

ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა და  მომხმარებლისთვის მისი მიწოდების უფლება კი, წესით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება, ვინც მანამდე სემეკში თავისუფალ მიმწოდებლებად დარეგისტრირდება.

მარტივად რომ ავხსნათ, 2021 წლის პირველი ივლისიდან 2022 წლის იანვრამდე, ან შემდეგშიც, ვიდრე თავისუფალი მიმწოდებელი არ შემოვა ბაზარზე, „ენერგო-პრო ჯორჯია“ [ანალოგიურად „თელასი“] რჩება გამანაწილებლად; მის საკუთრებაში დარჩება ასევე გადამცემი ხაზები და მრიცხველებიც, რომლებიც დღეს აბონენტებისთვისაა დამონტაჟებული. უბრალოდ, მოსახლეობა ხელშეკრულებას ახალ მიმწოდებელთან გააფორმებს და დენის საფასურსაც მას გადაუხდის [თვის ბოლოს მრიცხველების ჩვენებას კვლავ „ენერგო-პრო ჯორჯია“ [თბილისის შემთხვევაში – „თელასი“] წაიკითხავს და მონაცემებს მიმწოდებელ კომპანიას გადასცემს].

ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ასევე „თელასი“, როგორც გამანაწილებელი კომპანიები, ვალდებული იქნებიან, მომავალში ზუსტად იმავე პირობებით მოემსახურონ თავისუფალ მიმწოდებლებს, როგორც მოემსახურებიან უნივერსალურ მიმწოდებლებს, ანუ მათ შვილობილ კომპანიებს.

მთავრობის დადგენილებით, უნივერსალური მიმწოდებელი დენის მიწოდებას საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით განახორციელებს და დენს მიაწვდის ყველა იმ მომხმარებელს, რომლებსაც არ ექნებათ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება სხვა მიმწოდებლებთან; ასევე მომხმარებლებს, რომლებიც ვერ აირჩევენ ან დაკარგავენ მიმწოდებლებს. უნივერსალური მიმწოდებელი დენს აბონენტებს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით მიაწვდის.

ამავე თემაზე ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან:

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

რის გამო დაუტოვა ჯემალ ჭელიძემ ეტლი რიჟვაძეს და რას ნიშნავს „პერსონალური ასისტენტი“

„უკვე სუნთქვაც კი მიჭირს,“ – ასე გამოხატავს თავის მდგომარეობას ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძე, რომელიც 26 მაისის შემდეგ ეტლის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. ეტლი ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად დაუტოვა თორნიკე რიჟვაძეს, რადგან მას აჭარის მთავრობაში არავინ მოუსმინა.

ჯემალ ჭელიძე ერთ-ერთია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის, ვინც პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს. მისი ორი შვილი პატიმრობაშია და მოვლის პრობლემა აქვს. პერსონალური ასისტენტის შესახებ კი, ჩანაწერი უკვე არსებობს კანონში, თუმცა 2024 წლამდე მისი შესრულების ვალდებულება სახელმწიფოს არ აქვს.

ჯემალ ჭელიძეს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა. მისთვის ამ დრომდე არც ეტლი დაუბრუნებიათ. ჯემალ ჭელიძის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრში 3 ივნისს გვითხრეს, რომ „ეტლი უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მფლობელს“ და მას „ყველა შესაბამისი უწყება დაუკავშირდა“.

„არავინ დამკავშირებია და არც ეტლი დაუბრუნებიათ,“ – გვიყვება ჯემალ ჭელიძე, რომელსაც დღეს, 11 ივნისს ვესაუბრეთ. – „ნებისმიერ წამს ჩემი სიცოცხლე შესაძლოა ფატალურად დასრულდეს, რადგან დიაბეტი მაქვს, თუ საჭირო დროს საკვები არ მივიღე, ვითარდება კომატოზური მდგომარეობა… როგორც იცით, ხულოში ვცხოვრობ, სასწრაფო სამედიცინო სამსახური ზოგჯერ მეორე დღეს ამოდის, როცა ვრეკავ… ძირითადად საწოლში ვარ ან სკამზე, დიდხანს წოლაც არ შემიძლია, ახლობლები მეხმარებიან, ზურგზე მიკიდებენ და ისე მივყავარ,“ – აღნიშნა ჯემალ ჭელიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ შეასრულა აჭარის მთავრობამ დანაპირები და არ დაუბრუნეს ჯემალ ჭელიძეს ეტლი? ასევე რატომ არ მოუსმინა ვინმემ სოციალურ პრობლემებზე ეტლით მოსარგებლე ადამიანს? – ეს კითხვები აჭარის მთავრობამ დღესაც უპასუხოდ დატოვა.

9 ივნისს ჯემალ ჭელიძემ აჭარის მთავრობის სახლთან კარვის გაშლაც გადაწყვიტა, თუმცა კარავი მას პოლიციელების თვალწინ წაართვეს. შსს-ში დღესაც ვერ გვიპასუხეს, ვინ წაართვა კარავი შშმ პირს და რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

„პოლიტიკური ნიშნით ხდება მისი იგნორირება, რადგან მისი შვილები „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად მონათლეს და ახლა პატიმრობაში არიან,“ – ეს შთაბეჭდილება შეექმნა თომა კაკაბაძეს, არასამთავრობო ორგანიზაციის„ ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს. მას ჯემალ ჭელიძის პრობლემაზე ვკითხეთ. თომას პერსონალური ასისტენტის შესახებ ვესაუბრეთ, რომლის დანიშვნასაც ჯემალ ჭელიძე ითხოვს.

ასისტენტს წელს 12 შშმ პირს დაუნიშნავენ, ვინც ბათუმში ცხოვრობს. ამ ინიციატივით ბათუმის მერიას თომას სამოქალაქო ორგანიზაციამ მიმართა. რამდენიმე დღეში ტენდერი უნდა გამოცხადდეს იმისთვის, რომ კვალიფიკაციის მქონე კომპანიამ პერსონალური ასისტენტები შეარჩიოს.

„პერსონალური ასისტენტი არის სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას,“ – ეს ჩანაწერი კანონში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2020 წელს გაჩნდა.

„გააჩნია, ვის რა საჭიროება აქვს,“ – თომა კაკაბაძე განმარტავს, პრაქტიკულად რა შეიძლება აკეთოს პერსონალურმა ასისტენტმა: – „შესაძლოა, გაქვს სპორტული აქტივობა და გინდა, რომ გადაადგილებაში დაგეხმარონ, ან ბანკში ხარ მისასვლელი და დოკუმენტებია მოსაწესრიგებელი. ასისტენტი უნდა გეხმარებოდეს ჰიგიენის და მოვლის საკითხებშიც, ის მუდმივად  შენ გვერდით ვერ იქნება, მაგრამ უნდა შედგეს ინდივიდუალური განრიგი“.

თომა კაკაბაძე აღწერს, რამდენად შეცვლის შშმ პირის ცხოვრებას პერსონალური ასისტენტი:

„ჩვენ გვივლიან ოჯახის წევრები კეთილი ნების საფუძველზე, რადგან ერთგვარი მორალური ვალდებულებები არსებობს, რომ არ მიატოვო შშმ პირი გაჭირვებაში, მოვლილი გყავდეს, მაგრამ ყოველდღიური რუტინისთვის შესაძლოა ოჯახის წევრსაც არ ეცალოს. შენ თვითონაც გერიდება, არ გინდა მისი ცხოვრება შეცვალო, რომ მოსპო მისი ცხოვრება. ეს შეგრძნება ძალიან დამთრგუნველია, როცა გრძნობ, რომ მუდმივად ვიღაცასთან ვალში ხარ,“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

პერსონალური ასისტენტების პროგრამის ინიციატივით თომა კაკაბაძეს და ორგანიზაციას „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ბათუმის მერიისთვის 2019 წელს მიუმართავს. მერიას პროგრამის ამოქმედება 2020 წლისთვის გადაუწყვეტია, თუმცა პანდემიის გამო იგი 2021 წლისთვის გადაიდო.

„მუშავდება სატენდერო წინადადება და დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდება ტენდერი. ეს არის საპილოტე პროგრამა… ტენდერში გამარჯვებული კომპანია შემდეგ კონკურსის წესით შეარჩევს პერსონალურ ასისტენტებს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარინა რუხაძე, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი.

ვერ აკონკრეტებს, თუმცა მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პერსონალური ასისტენტის მომსახურებისთვის დღეში დაახლოებით 10-12 ლარი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე მერია 12-დან 15 -მდე პერსონალური ასისტენტის შერჩევას და მათ პროფესიულ გადამზადებას აპირებს.

„გადამზადება უნდა იყოს 22 დღე, აქედან 15 დღე იქნება თეორიული სწავლება, ხოლო 7 – პრაქტიკული. გადამზადებისთვის დაახლოებით 14 500 ლარი დაიხარჯება,“ – გვითხრა მარინა რუხაძემ.

„ჩვენი მიზანია, რომ პერსონალური ასისტენტების საპილოტე პროგრამა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, არა 2024 წელს, როგორც ამას კანონი უკვე სავალდებულო წესით ითვალისწინებს, არამედ დრო რომ არ დაიკარგოს, დავიწყოთ ახლა…,“ – მიიჩნევს თომა კაკაბაძე. ის ვერ ხედავს არგუმენტს იმაში, რომ მწირი დაფინანსების გამო ვერ იწყებენ პერსონალური ასისტენტის პროგრამას.

„შესაძლოა, ეს არის ძვირი სერვისი, მაგრამ ის ანაცვლებს სხვა პროგრამებს,“ – ირწმუნება თომა კაკაბაძე ორგანიზაციიდან „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“. – „პერსონალური ასისტენტის დანიშვნა გამოიწვევს შშმ პირის გაძლიერებას, მის დამოუკიდებლობას, დასაქმებას, რომელიც უკვე გადასახადსაც გადაიხდის ბიუჯეტში. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ამ გზით უფრო მოგებული რჩება, რადგან ეს ადამიანები აღარ იქნებიან დამოკიდებული მუდმივად სახელმწიფო ბენეფიტებზე, შეღავათებსა და სოციალურ შემწეობაზე,“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

პერსონალური ასისტენტების შერჩევას ამ ეტაპზე არ აპირებს ხულოს მერია, სადაც ჯემალ ჭელიძე ცხოვრობს. რის გამო ვერ ახერხებენ მსგავსი პროგრამის განხორციელებას ხულოში და რას აპირებს ამ მიმართულებით მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა? – ჯემალ ჭელიძის შესახებ დასმულ კითხვებს არც ხულოს მერიაში უპასუხეს.

რა არის საჭირო პერსონალური ასისტენტების სისტემის ეფექტურად ამუშავებისთვის? – პროცესს სახალხო დამცველიც აკვირდება.

„სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე პროცესს და მოგვიანებით გახდება ცნობილი, რა შედეგით დასრულება მოცემულ საკითხზე მუშაობა… პერსონალური ასისტენტის სერვისის ეფექტური ამუშავებისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მომსახურების სტანდარტის შემუშავება, რომელშიც დეტალურად უნდა გაიწეროს პერსონალური ასისტენტის ფუნქცია და მოვალეობები, ასევე რა ასაკიდან უნდა დაიწყოს და როგორ უნდა იყოს სერვისი დიფერენცირებული სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა თუ შეზღუდვის ტიპის მიხედვით; რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ასისტენტს; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ სერვისის მიმწოდებლები და ა.შ. არსებითად მნიშვნელოვანია სერვისის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსების არსებობა,“ –  მოგვწერეს სახალხო დამცველის პრესცენტრიდან.

———————

ჯემალ ჭელიძე ძმები ჭელიძეების მამაა, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ ძმებ წულუკიძეებთან და ელდარ ანთაძესთან ერთად დააკავეს. ძმები ჭელიძეები „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ამ საქმეში არაერთი დეტალია, რაც ეჭვს აჩენს პოლიტიკურ ინტერესზე.

რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

18 წლის ბათუმელი სტუდენტი, რომელიც მათემატიკის წიგნებს წერს

„ჯერ კიდევ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა კედელთან ვიდექი და გამოგონილ  მოსწავლეებს ვამეცადინებდი მათემატიკაში. ჩემი ჟურნალები და ტესტებიც მქონდა. იქედან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ მასწავლებელი გამოვსულიყავი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 18 წლის ლაშა შენგელია. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე სწავლობს და მათემატიკას ეუფლება.

ლაშამ ამ ასაკში ელექტრონული სასწავლო რესურსიც შექმნა, რომელსაც სკოლის მასწავლებლებიც იყენებენ და ბევრს ძალიან მოსწონს კიდეც. მასწავლებლები ამბობენ, რომ სახელმძღვანელოები, რომლებიც ძირითადად მათემატიკის სავარჯიშოებისგან შედგება, მრავალფეროვანი და გამოსადეგია. ლაშას მოსწავლეებიც ჰყავს, რომლებსაც კერძოდ ამეცადინებს. ის აპირებს ბავშვებისთვის მათემატიკის კლუბიც შექმნას.

„ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, თუმცა მათემატიკაში ყოველთვის ვემზადებოდი. სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მეათე კლასიდან უკვე მოსწავლეების მომზადება დავიწყე ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში. მე-12 კლასიდან კი დამხმარე რესურსები შევქმენი.

სულ რამდენიმე თვეა, რაც განვათავსე ინტერნეტში ეს რესურსები და დიდი ინტერესი გამოიწვია. საკმაოდ ბევრი წიგნი გაიყიდა და ამ დროისთვის უკვე 2 ათასი ლარიც შემომივიდა“, – გვეუბნება ლაშა.

ლაშა შენგელია მოსწავლესთან ერთად მათემატიკის გაკვეთილზე

სტუდენტის თქმით, მის წიგნებს, რომლებსაც სასწავლო რესურსის სახე აქვთ, სკოლის მოქმედი პედაგოგები იძენენ. „საქართველოს ყველა რეგიონიდან მყავს მომხმარებელი. ჩემი წიგნი შეიძინა მენტორმა მასწავლებელმაც“, – ამბობს ლაშა.

მისი თქმით, წიგნები, რომლებსაც თავად ადგენს, სკოლის სახელმძღვანელოებისგან იმით განსხვავდება, რომ ძალიან ბევრი სავარჯიშოა თავმოყრილი.

„მათემატიკის წიგნებში კი მხოლოდ ფოტოებია მოცემული და 3-4 მაგალითია მოყვანილი. ჩემს კრებულებში ასე არ არის. უამრავი სავარჯიშოა შეტანილი და დონეების მიხედვითაა დალაგებული. მაგალითად, მე- 5 კლასი დაყოფილია 3 ნაწილად – სამუშაო რვეული, სამუშაო ტესტები და სავარჯიშოების კრებული, რაც ძალიან მოსწონთ მასწავლებლებსაც და ბავშვებსაც“.

თამუნა გორგაძე, რომელიც დაბა ქედის საჯარო სკოლაში ასწავლის მათემატიკას, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აქტიურად იყენებს ლაშა შენგელიას მიერ შედგენილ წიგნებს. „მეხუთე-მეექვსე კლასის სახელმძღვანელო შევიძინე და ძალიან მომწონს – სკოლის წიგნებს ბევრი სავარჯიშო აკლია და დამატებითი რესურსი ყოველთვის გვჭირდება. ლაშას წიგნებში წვრილმანებიდან დაწყებული ყველა ტიპის სავარჯიშოა შეტანილი, მარტივიდან რთულის პრინციპით არის დალაგებული მაგალითები, ბავშვებმაც კარგად აითვისეს ამ სავარჯიშოებით გაკვეთილი“, – გვეუბნება ის.

ლაშა ამბობს, რომ სავარჯიშოების მოსაფიქრებლად ხშირად ღამეებსაც ათენებს

მაია მელიქიშვილიც მოქმედი პედაგოგია და მანგლისის სკოლაში ასწავლის. „მე-5, მე-6, მე-7 კლასებში ვიყენებ ამ რესურსს, ძალიან კარგია და ძალიან მეხმარება სავარჯიშოების ეს კრებული ბავშვებთან მუშაობის დროს. ყველაფერი დაკონკრეტებულია, კარგად არის თავების მიხედვით დალაგებული. ძებნაც კი არ მჭირდება, რადგან სასკოლო მასალას კარგად მიჰყვება“, – ამბობს მაია მელიქიშვილი ლაშას წიგნების შესახებ.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ მასწავლებელს, მაგდა  მურადაშვილს ესაუბრა, რომელიც პრაქტიკანტი მასწავლებელია და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის ამჟამად. კოლეგების აზრს ისიც იზიარებს და ამბობს, რომ ლაშას შექმნილი რესურსი კარგად არის შედგენილი, „მრავალფეროვანია და გათვლილია სააზროვნო უნარებზე“.

ლაშა ამბობს, რომ სავარჯიშოების შექმნაში დიდ ენერგიას და დროს ხარჯავს. „ზოგჯერ ღამეების გათენებაც მიწევს, ყველა სავარჯიშო ჩემი მოფიქრებულია“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, სკოლებში მათემატიკა საკმაოდ რუტინულად  ისწავლება, ამიტომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.

„სწორედ ამიტომ მინდა მასწავლებლობა. სკოლა ვერ ახერხებს იმ ცოდნის მოცემას, რაც გჭირდება, ამიტომ ვემზადებოდი კერძო მასწავლებლებთან. თუმცა, თუ მიდგომა და მეთოდები შეიცვლება, სკოლის სივრცეშიც შესაძლებელია კარგი განათლების მიღება“, – ამბობს ლაშა.

ის ამბობს, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ხშირად უსამართლოდაც ექცევა მოსწავლეებს და ამის  საილუსტრაციოდ საკუთარი მაგალითი მოჰყავს.

ლაშა შენგელიას სავარჯიშოების კრებულები

„ერთ-ერთ პედაგოგს სურდა, რომ მასთან მევლო გაკვეთილებზე. რადგან სხვასთან წავედი, ნიშანს სულ მაკლებდა და ცხრიანს მიწერდა. როცა პრეტენზიას გამოვთქვამდი, მეუბნებოდა, იზეპირებო. სპეციალურად მეუბნებოდა, ან როგორ შეიძლება მათემატიკის დაზეპირება? როცა წიგნები გამოვეცი, მერე კი დამიწერა ფეისბუქში – „ჩემი წარმატებული ბიჭი“.

ვფიქრობ, მასწავლებლის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის დროს. გაკვეთილებიც აქტივობებით უნდა იყოს დახუნძლული და არა მოსაწყენი, როგორც არის ხოლმე. 17 მოსწავლე მყავს და ყველას ძალიან მოსწონს ჩემი გაკვეთილები. მთავარია, რომ ჩემი სჯერათ და კარგად ესმით ახსნილი“, – ამბობს ლაშა.

ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ, ლაშა მაგისტრატურაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. ამბობს, რომ მისი მომავალი და ადგილი სკოლაშია, ბავშვებთან. „ძალიან მინდა, რომ ბავშვები ხალისით სწავლობდნენ მათემატიკას. სწავლობდნენ კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას და შემეცნებითაც უდგებოდნენ საგანს“, – ამბობს ლაშა.

მისი აზრით, მასწავლებელი შემოქმედი უნდა იყოს და ამ უნარების განვითარებაზე თავად უნდა ზრუნავდეს.

მოსამართლემ „რივიერას“ საქმეზე სხდომა სარჩელის შეტანიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩანიშნა

შპს „ბათუმი რივიერას“ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ჯუმბერ ბეჟანიძეს წელიწად-ნახევრის განმავლობაში თაროზე ჰქონდა შემოდებული.

ამ სარჩელით მოსარჩელე – ორგანიზაცია „ბათომი“, საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან [საია] ერთად, ბათუმის საკრებულოს მიერ განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] ბათილად ცნობას ითხოვს.

მოსამართლეს მომჩივანმა ორჯერ ოფიციალურად, წერილობით შეახსენა სარჩელის შესახებ და მოუწოდა დროულად ჩაენიშნა სხდომა, თუმცა უშედეგოდ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომა მანამ არ ჩანიშნა, ვიდრე მომჩივანმა ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს არ მისწერა.

დავით მამისეიშვილისთვის მიწერილ წერილში საიას იურისტი წერდა, რომ მოსამართლემ გააჭიანურა საქმის განხილვის დაწყება და  მას, როგორც ხელმძღვანელს სთხოვდა თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღო და დაეჩქარებინა პროცესი.

მომჩივანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ასევე სწერდა, რომ თუ უახლოეს მომავალში საქმის განხილვა არ დაიწყებოდა, საია მიმართავდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ დამოუკიდებელ ინსპექტორს მოსამართლის წინააღმდეგ.

„ინსპექტორი განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს, გადაცდომის ერთ-ერთი სახეა პროცესის გაჭიანურება, რომელიც საპატიო გარემოებებით არ არის დასაბუთებული. როცა ერთ წელზე მეტია სარჩელი შეტანილია და მოსამართლეს ერთი პროცესიც არ ჩაუნიშნია, ეს საპატიო გარემოებებით ვერ აიხსნება“, – განმარტავს იურისტი გიორგი ანთაძე.

დავით მამისეიშვილისთვის წერილის მიწერიდან სამ კვირაში, საიამ იგივე მოთხოვნით ისევ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს მიმართა. ამის შემდეგ მოსამართლემ პირველი სხდომა ჩანიშნა და ის 7 ივლისს გაიმართება.

რას ედავებიან „ბათომი“ და საია საკრებულოს

2019 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში – იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.

საკრებულომ ისე დაამტკიცა შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ წარდგენილი გრგ, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმექმედების შეფასების დოკუმენტი [გზშ], ასევე სტრატეგიული გარემოს შეფასების დოკუმენტი [სგშ] არ მოუთხოვია. ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„როდესაც ბათუმის მერმა მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს კითხვით, უნდა წარმოედგინა თუ არა კომპანიას გზშ და ასევე სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასების დოკუმენტი [სგშ], სამინისტრომ უპასუხა, რომ თუ გრგ-ს საკრებულო ინდივიდუალური აქტით ამტკიცებს, მაშინ არ სჭირდება, რადგან კანონი მხოლოდ ნორმატიული აქტით დამტკიცების შემთხვევაში აწესებს სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასების ვალდებულებას. ბათუმის საკრებულომ არ მოსთხოვა ეს დოკუმენტები კომპანიას, თუმცა გრგ ნორმატიული აქტით დაამტკიცა“, – აცხადებს გიორგი ანთაძე.

ბათუმის საკრებულო გრგ-ს ინდივიდუალური აქტით ვერ დაამტკიცებდა, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებს. საკრებულოში ეს კარგად იცოდნენ, ამიტომაც შპს „ბათუმი რივიერას“ გრგ ნორმატიული აქტით დაამტკიცეს, მაგრამ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტები არ მოუთხოვიათ. რატომ? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევთ.

შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტის ნებართვა სამ ეტაპად გაიცა, ბათუმის საკრებულომ სამშენებლო ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერისა“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა.

მინისტრის მტკიცებით, კარბამიდის ტერმინალი ბათუმისთვის უსაფრთხო იქნება

დღეს, 11 ივნისს, ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალის მეშვეობით აზიიდან მიღებული ტვირთი ევროპის ბაზარზე უნდა გავიდეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტერმინალი უახლოესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ტერმინალი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის პარტნიორობით აშენდა და მასში 20 მილიონზე მეტი დოლარი ინვესტიციაა ჩადებული.

ბათუმში ტერმინალის მშენებლობას წინ უძღოდა პერმანენტული საპროტესტო აქციები. მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ტურისტულ ქალაქში, საკურორტო ზონასთან ახლოს, მსგავსი ტიპის ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებდა. ამ პროტესტის მიუხედავად ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა მაინც გასცა. მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის გარეშე წარიმართა.

ტერმინალის გახსნას საქართველოს მთავრობიდან ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა. მინისტრის მტკიცებით, ტერმინალი ბათუმისთვის უსაფრთხო იქნება.

„ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხოა ეს ობიექტი. იყო გარკვეული შეკითხვები, იყო გარკვეული პროტესტი მოსახლეობაში. ბუნებრივია, იმიტომ, რომ ბათუმი ვითარდება როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული წერტილი, მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი, ყველა ინდუსტრიული ობიექტი აქ უნდა იყოს განსაკუთრებული ეკოლოგიური სტანდარტის შესატყვისი. კომპანიამ თავისი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ეკოლოგიურად ძალიან უსაფრთხო ტექნოლოგიით, გასცა პასუხი ყველა ამ შეკითხვას და დღეს ეს არის შესანიშნავი ობიექტი, რომელიც შემაჰტებს აჭარის რეგიონს 100-ზე  მეტ სამუშაო ადგილს,“ – თქვა ნათია თურნავამ.

„ბათუმელებმა“ მინისტრს შეახსენა, რომ ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გარეშე აშენდა და ჰკითხა, რატომ აშენდა ის გზშ-ს გარეშე.

„ეს არის 25 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი. ასეთი ტიპის ობიექტისთვის ეს არის საკმაოდ დიდი ინვესტიცია და სწორედ ამ ინვესტიციის სიდიდე განპირობებულია იმით, რომ განსაკუთრებული ეკოლოგიური სტანდარტები არის დაცული. ყველა სანებართვო პროცესი არის შესრულებული და სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვზეიმობთ ამ ობიექტის გახსნას.

მერწმუნეთ, რომ ეს ობიექტი არის უსაფრთხო ეკოლოგიურად, თანამედროვე სტანდარტით – სიმენსის აპარატურაა ძირითადად დამონტაჟებული, სხვადასხვა ტიპის ფილტრია დამონტაჟებული, მათ შორის ჰაერში გაფრქვევის ფილტრები, მტვერსაჭერი და ა.შ. სრულიად შესანიშნავი ობიექტია, რომელიც მოემსახურება აქ გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის,“-  თქვა ეკონომიკის მინისტრმა „ბათუმელების“ კითხვის პასუხად.

კარბამიდის ტერმინალის შიდა სივრცე

ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, ახალი ტერმინალის პროექტის შემუშავებაში  ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები მონაწილეობდნენ. ტერმინალი სრულიად ავტომატიზებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით.

წლის განმავლობაში ტერმინალი 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

ამავე თემაზე:

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა

რას სწერს სავარაუდოდ „ენცო“, კანონიერი ქურდი, დამწვარი სუპერმარკეტების მფლობელს

„არ ვიცი, ნამდვილად კანონიერი ქურდი „ენცო“ იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მემუქრებიან და პოლიცია რეაგირებას არ ახდენს“, – ამბობს ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე. ის სუპერმარკეტების ქსელის „ფარფურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის მაღაზიებშიც 3 ივნისიდან პერიოდულად ხანძარი ჩნდება. „ფარფურის“ მესამე მაღაზიაში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ხანძარი 9 ივნისს გაჩნდა.

დღეს, 11 ივნისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის ფაქტზე ერთი პირი, 16 წლის მოზარდი დააკავეს.

ვინ აჩენს ხანძარს – ამ კითხვას გამოძიებამ პასუხი გასცა 16 წლის ბიჭის დაკავებით. სავარაუდო მუქარაზე კი, რაზეც უკვე მინიმუმ ორი ბიზნესმენი საუბრობს და კანონიერი ქურდი „ენცო“ ფიგურირებს, გამოძიება არც კი დაწყებულა. ჩანაწერები პოლიციას დაახლოებით 4 თვის წინ მიაწოდეს.

„მოგელანდები ყველგან“, „ჩემთან ომი პატარა საქმე არ არის,“ – ეს ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს მის მაღაზიებში ხანძრების გაჩენამდე, ცოტა ხნით ადრე მისწერეს. ბიზნესმენის თქმით, ამ მიმოწერამდე მას უცხო ქვეყნის კოდით დაურეკეს და უთხრეს, რომ „ენცო“ [დავით ტუღუში] ესაუბრებოდა.

მერაბ ფარტენაძეს ზარი თავისი მეგობრის მორიგი ხუმრობა ეგონა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ადამიანმა, რომელიც მას „ვოთსაპის“ სატელეფონო ზარით დაუკავშირდა, ზარი გათიშა და მიმოწერაზე გადავიდა.

მერაბ ფარტენაძის თქმით, მას ესპანური ნომრიდან ურეკავდნენ და სწერდნენ მუქარის ტექსტებს.  სატელეფონო ზარისა და შეტყობინებების ავტორი ეუბნებოდა, რომ იყო კანონიერი ქურდი „ენცო“, იგივე დავით ტუღუში

მიმოწერის მიხედვით, მოსაუბრე არ ამბობს, ვინ არის ის, ან რა სურს მერაბ ფარტენაძისგან. ის ბიზნესმენს აგინებს და სწერს, რომ „პასუხს მოსთხოვს“, ასევე: „დაიმახსოვრე ჩემი ხმა“, – ვკითხულობთ მიმოწერაში.

„მეტი აღარ მოუწერია… შესაძლოა, ვიღაც ცდილობს გამოიყენოს „ენცოს“ სახელი და ამ გზით ცდილობს ჩემ დაშინებას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ.

ნომერი, საიდანაც მერაბ ფარტენაძეს დაუკავშირდნენ, ესპანეთშია რეგისტრირებული.

თავის მხრივ „ბათუმელებმაც“ სცადა იმის გადამოწმება, ნამდვილად დავით ტუღუშს ეკუთვნის  თუ არა ეს ტელეფონი და ასევე მუქარის ტექსტები. თუმცა არც სატელეფონო ზარებს უპასუხეს და არც სმს შეტყობინებებს.

„ფარფურის“ მაღაზიებში ხანძრის გაჩენამდე მერაბ ფარტენაძემ და მისმა პარტნიორებმა სასამართლოში ფინანსური დავა წამოიწყეს სხვა ბიზნესმენის – მურმან ჯინჭარაძის წინააღმდეგ, რომელიც წინა წლებში „ფარფურში“ მუშაობდა მენეჯერად. ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძისა და მისი ცოლის – თამარ კახიძის [ასევე „ფარფურის“ დამფუძნებელი] თქმით, მათ მურმან ჯინჭარაძე შვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრა. ბიზნესმენების თქმით, მოგვიანებით საქმეში ჩაერთო „ოცნების“ აქტივისტი გოჩა ბარამიძეც, რომელიც ბათუმში „ენცოს“ მეზობლად ცხოვრობს.

„გოჩა და მურმანი გვემუქრებოდნენ იმით, რომ „ენცო“ მოგვთხოვდა პასუხს, თუკი ისევ მოვითხოვდით ვალის დაბრუნებას,“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.

„ფარფურის“ დამფუძნებლების თქმით, დაახლოებით 4 თვის წინ მიაწოდეს ჩანაწერები პოლიციას, სადაც მათ მურმან ჯინჭარაძე და გოჩა ბარამიძე ემუქრებიან. ჩანაწერების ნაწილი მერაბ ფარტენაძემ ჩვენც მოგვასმენინა, თუმცა ამ ჩანაწერების მიხედვით, რთულია მოსაუბრე პირების იდენტიფიცირება ან იმის გარკვევა, რეალურად ვინ ვის ემუქრება.

ბიზნესმენებმა ეს ჩანაწერები გამოძიებას მოქალაქე სოფო ნებიერიძის საქმეზე მიაწოდეს. სოფო ნებიერიძეც სასამართლოში ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძის ედავება. ისიც ჰყვება, რომ მურმან ჯინჭარაძე „ოცნების“ აქტივისტ გოჩა ბარამიძესთან ერთად ემუქრება და „ენცოსაც“ დაალაპარაკეს.

„მითხრა, კანონიერი ქურდი ვარ, ენცო და უნდა მოხსნა ეს ყადაღები, ჩემი არ გეშინიაო?“ – ამბობს სოფო ნებიერიძე. მისი თქმით, ის „ენცოს“ ანუ კანონიერ ქურდს „ოცნების“ აქტივისტმა, გოჩა ბარამიძემ დააკავშირა. ყადაღაში კი იგულისხმება მურმან ჯინჭარაძის ქონება, რომელსაც მოსამართლემ დაადო ყადაღა სოფო ნებიერიძის შუამდგომლობის შემდეგ. სოფო ნებიერიძე მურმან ჯინჭარაძეს წილს სთხოვს  მის კომპანიაში დირექტორად მუშაობის სანაცვლოდ.

ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე და „ენცო“ ფიგურირებდნენ „ძმები წულუკიძეების საქმეშიც“. გასული წლის ზაფხულში ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ შეკრებაში კანონიერი ქურდიც იყო ჩართული. მაშინ სპორტსმენმა და ევროპის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ფირუზ წულუკიძემ [რეზო წულუკიძის ძმა] „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ წინასაარჩევნოდ ე.წ. ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში „ენცო“ მონაწილეობდა, იგივე დავით ტუღუში.

სასამართლო პროცესზე გაჟღერდა „ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძეც“. კონკრეტულად კი, ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ თქვა, რომ ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ადვოკატი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბიზნესმენის ხელით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის სათავისოდ გამოყენება სცადა. „ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – თქვა დავით ჯაფარიძემ.

ამ სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე კი, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ თქვა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ, თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

ახლა რეზო წულუკიძე ისევ პატიმარია უკვე სხვა საქმეზე. დააპატიმრეს ფირუზ წულუკიძე და კიდევ ხუთი პირი და ეს მას შემდეგ, როცა ისინი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება, თუმცა ჩნდება კითხვები ამ საქმის მიმართ პოლიტიკურ ინტერესზე, მით უფრო მაშინ, როცა ბრალდებული წულუკიძეები და ჭელიძეები „ნაცმოძრაობის“ ყველა აქციაში მონაწილეობდნენ და აქტიურად უპირისპირდებოდნენ „ოცნებას“.

მთავარი ფოტო: სქრინი. ბიზნესმენის თქმით, მას სავარაუდოდ კანონიერი ქურდი „ენცო“ ემუქრება.

___

ამ თემაზე:

კიდევ ერთი საქმე, სადაც კანონიერ ქურდ „ენცოს“ სატელეფონო ზარები ფიგურირებს 

არასრულწლოვანს, რომელმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურა, პატიმრობა შეუფარდეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის საჩივარი და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„2021 წლის 19 და 20 მაისს არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა.

ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარი დააკმაყოფილა და ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გაეროს ახალი განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე – ვგმობთ ბავშვებზე სასტიკ მოპყრობას

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკ მოპყრობას, სახელმწიფოს კი ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზმისკენ მოუწოდებს.

„მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ.

საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით  ნაკისრ ვალდებულებებს.

ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას  [გაეროს წამებისა და სხვა  სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად]“, – წერია გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში განცხადებაში.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად.

„ამასთან, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად.

ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა 2019 წლის 18 დეკემბერს გაეროს ყველა 193 წევრი ქვეყნის, და მათ შორის საქართველოს მიერ, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დეინსტიტუციონალიზაციაზე და ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველყოფაზე, რომელიც ოჯახსა და თემზე იქნება დაფუძნებული.

სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისების გაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას“.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საუბარია იმაზე, რომ ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. „გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ.

ასევე აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდამჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

უსკოს თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება. უსკო-ს თავმჯდომარე დღეს, 11 ივნისს, აირჩიეს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

პარმენ ჯალაღონიას კონკურენტი არ ჰყავდა. მას უმრავლესობის 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის პროცესში ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობდა.

მოქმედი კანონმდებლობით, უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარუდგენს:

აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

 

 

კოლეჯი „გოლდენ სიი“ აცხადებს სტუდენტების მიღებას უფასო სასწავლო პროგრამებზე

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ „მეტრო“ ჰოლდინგთან პარტნიორობით აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

[checklist]

  • სასასტუმროს საქმისმწარმობელი-(ვაიზერი მენეჯერი)
  • სასტუმროს ადმინისტრატორი(რესეფშენისტი)
  • სარესტორნო საქმე (ვაიზერი-მენეჯერი)
  • მზარეული
  • კონდიტერი

[/checklist]

კოლეჯში სტუდენტები უგამოცდოდ, გასაუბრებით ჩაირიცხებიან. შერჩეული ნაკადი სასწავლო პრაქტიკას გაივლის ჰოლდინგ „მეტროს“ მფლობელობაში არსებულ შემდეგ ბრენდებში: Sky tower, Legend, Euphoria, Intourist.

სწავლება 4 თვის განმავლობაში დუალურ რეჟიმში წარიმართება, რაც თეორიულ მეცადინეობასთან ერთად დასაქმების ადგილზე სამუშაო პრაქტიკას გულისხმობს. ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, გარდა უშუალოდ პროფესიისა, სტუდენტები ასევე შეისწავლიან ინგლისურ ენასა და ივრითს ( ებრაული).

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. საუკეთესოები ადგილზე დასაქმდებიან.


საბუთები მიიღება 2021 წლის 14 ივნისიდან 10 დღის განმავლობაში მითითებულ მისამართზე: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49.

გასაუბრება ჩატარდება 23-24 ივნისს.

შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაციაც. გამოაგზავნეთ საბუთები ელფოსტაზე: batumigoldensea@gmail.com

 დაგვიკავშირდით: 577 190 653 ან ‭591 718 142

www. goldensea.ge

„ქაოტური გარემოა“ – ომბუდსმენი ბათუმში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობაზე

„ქაოტური გარემოა“ – ეს ომბუდსმენის აპარატის შეფასებაა ბათუმის სამედიცინო ცენტრზე, სადაც დღევანდელი მდგომარეობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 103 ადამიანი ცხოვრობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების პრობლემებზე გუშინ, 10 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ სფეროს სპეციალისტებს ბათუმში შეხვდნენ. შეხვედრა აჭარის მთავრობის შენობაში გაიმართა.

„რაც უფრო კეთდება და ლამაზდება, გალავანი უფრო ერტყმის გარედან, ძირეული პრობლემები არ იცვლება… დეინსტიტუციონალიზაციას ალტერნატივა არ აქვს,“ – განაცხადა შეხვედრაზე ნიკა კვარაცხელიამ, ის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია სახალხო დამცველის აპარატში. ნიკა კვარაცხელია პოზიტიურად აფასებს რამდენიმე დაწესებულების რემონტს, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ცხოვრობენ. თუმცა მთავარ გამოწვევად იმას მიიჩნევს, რომ „ფსიქოსოციალური დახმარება არ არის უზრუნველყოფილი,“ „ჰოსპიტლის გარე სერვისები არ არსებობს“ და ის, რომ ეს ადამიანები იკარგებიან: „მათი ხმა არსად ისმის“.

რემონტდება „ბათუმის სამედიცინო ცენტრიც“, სადაც აჭარის რეგიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ.

„შესაძლოა ეს რემონტი სიმბოლურიც იყოს, ჩააბეტონებს ამ ინსტიტუციებს,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნიკა კვარაცხელიამ.

რა მოცემულობა დახვდა ამჯერად სახალხო დამცველს ბათუმის კლინიკაში? – ჟურნალისტებთან ნიკა კვარაცხელიამ თქვა, რომ „მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია,“ თუმცა „ქაოტური გარემოა“.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასებით, კლინიკის სარემონტო სამუშაოებმა დაამძიმა პაციენტების მდგომარეობა.

„მაგალითად, ერთ ოთახშია რამდენიმე პაციენტი მჭიდროდ. მცირე სივრცეა. ნაკლები შესაძლებლობა აქვთ გავიდნენ სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით ჩანს ეს პრობლემა კაცების განყოფილებაში… ასევე მწვავე ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფი პირები და ნაკლები სირთულის მქონე პაციენტები არიან ერთად, რის გამოც არის კონფლიქტური სიტუაციები პაციენტებს შორის. ზოგიერთი მათგანი წლებია რჩება ამ დაწესებულებაში, წასასვლელი არსად აქვთ…

არსებობს ძალადობის ფაქტები, ფიზიკური შეზღუდვა, ქიმიური შეზღუდვა, იგულისხმება პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მედიკამენტის გაკეთება. ეს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაშია დასაშვები. მოპყრობის კუთხითაც არის გამოწვევები, არის უხეშობის შემთხვევებიც პერსონალის მხრიდან,“ – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ.

დააფიქსირა თუ არა სახალხო დამცველმა კლინიკაში იმდენად მძიმე შემთხვევა, რომ სამართალდამცველებს მიმართა რეაგირებისთვის? – ნიკა კვარაცხელიამ გვიპასუხა, რომ მათ კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან მიიღეს დაპირება შესაბამის რეაგირებაზე.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა პერსონალის კვალიფიკაციაზეც. „პერსონალი არ არის ქვეყანაში,“ – უთხრა ნიკა კვარაცხელიამ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „მწირი დაფინანსება“ არგუმენტი არ არის, რაც ხშირად ესმის გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან და არაადამიანურ მოპყრობას ეკონომიკური ფაქტორი ვერ ამართლებს.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას ამ მიმართულებით. მაგალითად, ბათუმში სამი საცხოვრისი მოქმედებს – მახინჯაურში, გონიოსა და კახაბერში, აქ შედარებით ნაკლები სიმძიმის ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. თითოეულ საცხოვრისში 24 პაციენტია. ამ საცხოვრისებს მენეჯმენტს ასევე „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ უწევს.

„გვყავს კიდევ 20 პაციენტი, ვისი გადაყვანაც საცხოვრისში შეიძლება, უფრო მეტი საცხოვრისია საჭირო,“ – მიიჩნევს ეკა ზოიძე, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი. მისი განმარტებით, საცხოვრისში მცხოვრებ ადამიანებს მეტი თავისუფლება აქვთ და ამ შემთხვევაში სპეციალისტები პაციენტებთან კოგნიტური ფუნქციების  განვითარებაზე მუშაობენ. საცხოვრისში პაციენტებს უვლიან, თუმცა, როგორც ეკა ზოიძე ამბობს, მათ „უფრო აკვირდებიან და არ აწვდიან“, მაგალითად, მედიკამენტებს, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს. საცხოვრისში მცხოვრებ პაციენტებს აქვთ შვებულების უფლება, ასევე პენსიის დამოუკიდებლად განკარგვის საშუალება.

„ეს კარგია, მაგრამ პრობლემის სათავე რჩება იგივე. უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო გარე სერვისების შესაქმნელად და სოციალიზაციისთვის,“ – თვლის ნიკა კვარაცხელია, პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსი.

სახალხო დამცველის შენიშვნებს ნაწილობრივ იზიარებს ეკა ზოიძეც, ბათუმის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. მისი აზრით, მთავარი პრობლემაა ამ სფეროში სტრატეგიის არარსებობა და კვალიფიციური პერსონალი.

„თანამშრომლებს სჭირდებათ ტრენინგები. ფასიან ტრენინგზეც რომ გავუშვათ თანამშრომელი, ჩვენ დავაფინანსებთ, მაგრამ ამისთვის ეს ტრენინგი უნდა არსებობდეს ხო?“ – კითხულობს ეკა ზოიძე. – „ერთობლივი მუშაობაა საჭირო, ისე ვერც კლინიკა და მხოლოდ სახალხო დამცველის მონიტორინგი ვერაფერს შეცვლის. ჩვენ უნდა შევქმნათ სტრატეგია… პირველ რიგში, სტიგმა უნდა დაიმსხვრეს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ ითვალისწინებს ყოველთვის სახალხო დამცველის რეკომენდაციებს,“ – თქვა მან.

ეკა ზოიძის თქმით, სახალხო დამცველის წინა რეკომენდაციების შედეგი იყო ისიც, რომ კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და ცალკე საცხოვრისების მოწყობა დაიწყო.

რაც შეეხება ძალადობის და პერსონალის მხრიდან უხეში მოპყრობის ფაქტებს, ეკა ზოიძემ ამაზეც გვიპასუხა:

„ყოფილა ასეთი შემთხვევები კი და დამითხოვია კიდეც ამის გამო. გვქონია გაფრთხილების, საყვედურის მიცემის შემთხვევებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე. ცოტა რთულია ფსიქიატრიულში მუშაობა, მეც მომისმენია პერსონალისგან, მაგალითად, ფრაზა: გაჩერდი, ბიჭო. ესეც არაა სწორი მიმართვა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ცოდნა, სპეციალისტი“.

ეკა ზოიძის თქმით, დაახლოებით სამ თვეში დასრულდება „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ სარემონტო სამუშაოები.

„ჩვენს რეგიონში სიტუაცია უკეთესია,“ – ეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის შეფასებაა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პაციენტების ნაწილი ცალკე საცხოვრისში გადაიყვანეს და პირველი საპილოტე პროექტი ამ მიმართულებით აჭარაში შედგა. ასევე არსებობს თავშესაფარი, სადაც ასაკში მყოფი ფსიქიკური პრობლემების მქონე 50 პაციენტი ცხოვრობს.

„პრობლემები არის მზარდი, თუმცა მთავარია, რომ მოხდეს სხვა სამედიცინო სერვისებთან ინტეგრაცია და ამის კარგი მაგალითია ჩვენი რეგიონი, როცა ფსიქიატრიული ცალკე აღარ არსებობს, ეს არის მრავალპროფილური კლინიკა… ეს არაა საკმარისი ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ვითვალისწინებთ სახალხო დამცველის შეფასებებს, შესაძლოა გაღრმავდეს სამუშაოები, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ცვლილება არ იგეგმება,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეეხო სარემონტო სამუშაოების კუთხით შექმნილ პრობლემასაც:

„რაღაც პერიოდი შესაძლოა დისკომფორტი შეექმნათ, მაგრამ სამომავლოდ ეს პირობების გაუმჯობესებისთვის კეთდება,“ – დასძინა მან.

ბათუმში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის, რომელიც ხანგრძლივად რჩება სტაციონარში, სახელმწიფო დღეში 26 ლარს ხარჯავს, საცხოვრისში – 35 ლარს.

ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას და სანაცვლოდ თითოეულ ტრანსპორტირებაში ქრთამის სახით იღებდა 300 ლარს“, – წერს სუს-ი.

ამავე წყაროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

აჭარაში კოვიდის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 11 ივნისი

11 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 302 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 224 ინფიცირებული.

საქართველოში 5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით – 14 თვის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.

11 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული პაციენტის პირველი გარდაცვალებიდან, 2020 წლის 4 აპრილიდან დღემდე, 11 ივნისამდე, კოვიდით გარდაცვლილია 5012 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირდა 352 649  ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

დადასტურდა კოვიდის 695 ახალი შემთხვევა, 16 ადამიანი გარდაიცვალა

11 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 842 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 175 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 688  მძიმე პაციენტია.

10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.67%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.44%.

3:0 – ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ მოუგო და ლიგის ლიდერობას ინარჩუნებს

„დინამო ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა 10 ივნისს ბათუმში გამართული შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და „თელავს“ შორის.

3:0 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში „დინამო ბათუმის“ სასარგებლოდ. გოლები გაიტანეს ფეხბურთელებმა: ჯამბულ ჯიღაურმა, გიორგი ნიქაბაძემ და გიორგი ზარიამ.

ამ შედეგით ბათუმის „დინამო“ ტურნირის ცხრილში ეროვნული ლიგის სიის ლიდერობას ინარჩუნებს.

შემდეგ შეხვედრას „დინამო ბათუმი“ გორის „დილასთან“ გამართავს ბათუმის ახალ სტადიონზე 18 ივნისს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის  21 საათამდე  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 13-14 ივნისს, აჭარაში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

მთავრობამ 13 მილიონად ნაყიდი ზეთი და შაქარი 12 მილიონად გაყიდა/გასცა 

პანდემიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სახელმწიფო მარაგისთვის ნაყიდი ზეთი და შაქარი მთავრობამ ორ თვეში აუქციონზე გაყიდა. მარაგის ნაწილი კი, უსასყიდლოდ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა. მთავრობამ მარაგში დახარჯა 13 498 735 ლარი, ეს მარაგი კი გაცილებით იაფად 12 319 936 ლარად გაყიდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ შემწირველებზე, ან გასცა სახელმწიფო უწყებებზე.

მარაგისთვის ჯამში 4 232 800 აშშ დოლარის [13 498 735 ლარის] რუსული და ბელორუსული წარმოების პროდუქტები 2020 წელს სოფლის განვითარების სააგენტომ ორი კერძო კომპანიისგან ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდა. ორივე კომპანია „ოცნების “ შემწირველია.

მთავრობის მიერ ბიზნესის სუბსიდირებისა თუ მარაგის შექმნის მიუხედავად, მთელი პანდემიის პერიოდში პროდუქტებზე ფასი იზრდებოდა და გაზრდილი ფასი დღემდეა შენარჩუნებული.

იგივე ზეთის ფასი პანდემიის დასაწყისთან შედარებით 100 პროცენტით და მეტადაა გაზრდილი, ხოლო შაქარი სულ ცოტა – 40 პროცენტით.

ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სადაც ეს პროდუქტები ბითუმად იყიდება, ერთ-ერთი სახეობის ზეთი [5-ლიტრიანი დაფასოებით] პანდემიის დასაწყისში 15 ლარი ღირდა, დღეს 30 ლარად იყიდება; ერთი ტომარა [50 კილოგრამი] შაქარი კი, 68 ლარის ნაცვლად – 96 ლარად.

„რამდენიმე დღის წინ იმავე ზეთს 33 ლარად, შაქარს კი 112 ლარად ვყიდდით. ახლა ლარი შედარებით გამყარდა და ცოტა ფასმაც დაიკლო. ეს ისეთი პროდუქტია, გინდა არ გინდა, მაინც ყიდულობს ადამიანი… მანქანაში ბენზინი რომ არ ჩაასხა, ვერ წავა, ასეა, მოშივდა ადამიანს და იყიდა – მყიდველები ზეთზე და შაქარზე არიან. ამ პროდუქტების მარაგიც იყო მთელი პანდემიის პერიოდში – ეს რომ არ ყოფილიყო, ქაოსი იქნებოდა“, – გვითხრეს ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში.

შაქრისა და ზეთის ფასები პანდემიამდე და პანდემიაში – ბათუმის ერთ-ერთი საბითუმო სავაჭრო ობიექტის მონაცემებით

მეორე სავაჭრო ობიექტში დასაქმებულის თქმით კი, „პანდემიის დაწყებიდან ზეთის გაძვირება რომ დაიწყო, ამ დრომდე ფასი იმატებდა. ახლა უბრალოდ გაჩერდა. არაფერი გაიაფებულა. სხვადასხვა წარმოების პროდუქტს სხვადასხვა ფასი აქვს. ჩვენთან აზერბაიჯანული ზეთი გაცილებით ხარისხიანიცაა და გაცილებით ძვირიც. მე, მაგალითად, რუსულ ზეთს ვყიდი. 1 ლიტრი პანდემიამდე 2,8 ლარი ღირდა, ახლა 5,8 ლარად ვყიდი. სხვაგან ამ ზეთს უფრო ძვირად ყიდიან. თუმცა ზეთი მთელ მსოფლიოში გაძვირდა, მარტო ლარის კურსზე არ არის დამოკიდებული. თურქეთში, მაგალითად, 50 ლირა რომ ღირდა ადრე, ახლა ის ზეთი 80 ლირა ღირს.“

მთავრობა აცხადებდა, რომ ქვეყანაში პირველადი საკვები პროდუქტების: მზესუმზირას ზეთის, შაქრისა და მაკარონის შესყიდვის გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის [COVID 19] გავრცელებით გამოწვეული გარემოებების გამო [„ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური ვითარების შენარჩუნებისა და სასურსათო მარაგების შექმნის მიზნით] მიიღო.

რა მარაგი შექმნა სახელმწიფომ

2020 წლის 3 აპრილს სოფლის განვითარების სააგენტოსა და შპს „ალფას“ შორის გაფორმებლი ხელშეკრულებით შეიძინეს:

[checklist]

  • 5 000 ტონა შაქარი – 2 596 000 აშშ დოლარად [8 258 239 ლარი]
  • 400 ტონა მაკარონი – 212 400 აშშ დოლარად [679 612 ლარი]

[/checklist]

შპს „მზიურსა“ და სააგენტოს შორის, ასევე 2020 წლის 3 აპრილს, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კი:

[checklist]

  • 1 500 000 ლიტრი მზესუმზირას ზეთი – 1 424 400 აშშ დოლარად [4 560 884 ლარი]

[/checklist]

შპს „მზიური“ და შპს „ალფა“, პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

„ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯამში 160 000 ლარი შესწირეს 2017-18 წლებში შპს „მზიურის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და დირექტორმა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა, „ოცნებას“ 50 ათასი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 30 ათასი ლარი შესწირა. ანალოგიურად, 50-და 30 ათასი ლარი შესწირა „ოცნებას“ და ზურაბიშვილს „მზიურის“ დირექტორმა შოთა ბასილაშვილმაც.

120 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ შპს „ალფამ“ 2016 წელს. 

ამასთან, შპს „ალფა“ 2015-2017 წლებში „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისა“ და შსს-ს მიერ ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების შესყიდვაზე გამოცხადებულ ჯამში 17 ტენდერშია გამარჯვებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ სახელმწიფო უწყებებმა „ალფადან“ ტენდერებით მთლიანობაში 1 481 238 ლარის პროდუქტი იყიდეს.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მუნიციპალიტეტებს, გამარტივებული წესით, ზეთი შესყიდული აქვთ შპს „მზიურისგანაც“.

მთავრობის მიერ მარაგის შექმნა ითვალისწინებდა პირველადი მოხმარების პროდუქტების შესყიდვას, დასაწყობებას და შენახვას. 2020 წლის მაის-ივნისში შესანახად ნაყიდი პროდუქტების უმეტესობა კი, მთავრობის დავალებით, ამავე წლის აგვისტო-სექტემბერში აუქციონზე გაიყიდა.

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ბიუჯეტიდან დაშვებულია „გაყიდვის ან სხვა ერთეულზე გადაცემის მიზნით ისეთი საქონლის შეძენა, რომელსაც უკვე გააჩნია მზა პროდუქციის სახე“.

ამავე ბრძანებით, ბიუჯეტის ხარჯებით დაშვებულია სხვადასხვა რესურსის, მათ შორის, კვების პროდუქტების მარაგების შექმნაც. თუმცა ეს მარაგები უნდა შეიქმნას „საგანგებო სიტუაციებში გამოყენების მიზნით“.

როგორც „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს, მარაგისთვის ნაყიდი შაქრის ვარგისიანობის ვადა იყო – დამზადებიდან 4 წელი, მაკარონის – 2 წელი, ხოლო მზესუმზირას ზეთის ვარგისიანობის ვადა – არანაკლებ 2022 წლის თებერვალი.

ვარგისიანობის ვადის, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ამ პროდუქტების დეფიციტი არ ყოფილა და არც რაიმე საგანგებო სიტუაცია შექმნილა, მთავრობამ 2020 წლის აგვისტოში მარაგების რეალიზების გადაწყვეტილება მიიღო.

რა ბედი ეწია სასურსათო მარაგს

[crosslist]

  • სოფლის განვითარების სააგენტომ 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ჯამში 1 460 000 ლიტრი ზეთი 4 204 818 ლარად, ხოლო 4 900 ტონა შაქარი ჯამში 7 148 656 ლარად აუქციონზე გაყიდა.

[/crosslist]

საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან

მარაგის დარჩენილი ნაწილი კი, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტომ შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს უსასყიდლოდ გადასცა:

[crosslist]

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა 165 074 ლარის ღირებულების 100 ტონა შაქარი და 121 776 ლარის ღირებულების 40 000 ლიტრი მზესუმზირას ზეთი
  • თავდაცვის სამინისტროს მართვაში მყოფ სახელმწიფო შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ კი –  679 612 ლარის ღირებულების 400 ტონა მაკარონი

[/crosslist]

„ბათუმელების“ მიერ გამოთხოვილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ირკვევა, რომ ეს პროდუქტები სახელმწიფო უწყებებს ნამდვილად ჩაბარდა, თუმცა არის ერთი გარემოება – სახელმწიფო უწყებებს პროდუქტის ღირებულება იმ ფასად უანგარიშეს, რაც მასში გადახდილი იყო, მაგრამ აუქციონზე იგივე პროდუქტები რატომღაც დაბალ ფასად გაიყიდა.

ჩვენ მიერ გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კილოგრამ შაქარში 1,65 ლარი გადაიხადა, ხოლო 1 ლიტრ ზეთში – 3,04 ლარი.

ეს პროდუქტები კი აუქციონზე შედარებით ნაკლებ ფასად გაიყიდა, ვიდრე სააგენტოს მასში გადახდილი ჰქონდა: შაქარი – 1,45 ლარად [1 კილოგრამი], ხოლო ზეთი – 2,88 ლარად [1 ლიტრი]:

 

დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან პროდუქტებში ჯამში 13 498 735 ლარი გადაიხადა [დასაწყობება და შენახვა ხელშეკრულებების მიხედვით იყო უფასო], აუქციონზე გაყიდული და სახელმწიფო უწყებებზე გადაცემული პროდუქტების ჯამურმა ღირებულებამ კი, 12 319 936 ლარი შეადგინა. ანუ ბიუჯეტმა პანდემიაში „მარაგების შექმნით“ 1 178 799 ლარი იზარალა.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგი არ გააჩნია“, – მოგვწერეს სოფლის განვითარების სააგენტოდან.

„პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო“ სახელმწიფოს მიერ მარაგისთვის ნაყიდი პროდუქტები მთავრობამ 2020 წლის სექტემბერში გაყიდა. ამავე წლის ოქტომბრიდან კი, ქვეყანა პანდემიის მეორე ტალღის პირისპირ, არაერთ პრობლემასთან ერთად – პირველადი პროდუქტების მარაგების გარეშეც აღმოჩნდა. იმ მარაგების გარეშე, რომლის შექმნაც, პანდემიის დასაწყისში, მთავრობამ რატომღაც პრიორიტეტად მიიჩნია და ორ კერძო კომპანიას 13,4 მილიონი ლარი გადაუხადა.

რატომ გაიყიდა მარაგისთვის შეძენილი პროდუქტები იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე ის იყო ნაყიდი და რატომ არ მიიჩნია მთავრობამ საჭიროდ ამ მარაგების შენარჩუნება პანდემიის მეორე ტალღის წინ? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სააგენტოში გადაგვამისამართა.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „2020 წლის გაზაფხულზე იყო უპროგნოზო სიტუაცია, მთელი რიგი ექსპორტიორი ქვეყნები ზღუდავდნენ ექსპორტს, იყო მეორე პრობლემაც – ლოჯისტიკური. ანუ, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი ქვეყანაში პროდუქტის ჩამოტანა. მიდიოდა მუდმივი ანალიზი, სასურსათო უზრუნველყოფაში რომ არ ყოფილიყო წყვეტა და არ მიგვეღო ცარიელი დახლები. ვმუშაობდით იმპორტიორებთან, რათა განგვესაზღვრა თუ რა მარაგები იყო ქვეყანაში, ასევე რომელი პროდუქტის ექსპორტზე ამბობდნენ უარს ექსპორტიორი ქვეყნები. აქედან გამომდინარე შეირჩა 3 ძირითადი პროდუქტი – შაქარი, ზეთი, მაკარონი და მარაგები შეიქმნა ამ პროგნოზებიდან გამომდინარე“.

ილია თამარაშვილის თქმით, ზაფხულში შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია, ზემოთ აღნიშნული რისკი აღარ იყო და არც აუცილებლობა, რომ მთავრობას მარაგები შეენარჩუნებინა, ამიტომ პროდუქტების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება ფასების სხვაობას, სააგენტოს დირექტორის თქმით, „ასეთი ტიპის პროექტი, ჩვენ თუ ამას ციფრებით შევხედავთ, ფაქტია, რა თქმა უნდა ფასთა სხვაობა იყო. ამას ვერც ვერავინ აირიდებს თავიდან, როდესაც სასწორზე დევს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. დახლები ცარიელი რომ არ ყოფილიყო, მთავრობის წინაშე ეს გამოწვევაა და მეორეს მხრივ, როცა ვსაუბრობთ იმპორტირებულ პროდუქციაზე, მსგავსი ტიპის რისკი ყოველთვის ახლავს… მით უმეტეს, ეს ხდება იმ პირობებში, როცა პანდემიაა, პანიკაა“.

სააგენტოს დირექტორის თქმით, სამინისტრომ და სააგენტომ მაქსიმალურად ყველა წესის დაცვით დაადგინეს ფასები და  მარაგები სარეალიზაციოდ კონკურენტულ პირობებში გამოიტანეს: „მივმართეთ სამხარაულის ბიუროს, რომელმაც დაადგინა საბაზრო ფასი, რაც იყო საწყისი ფასი აუქციონზე და მოხდა რეალიზება იმ წესით, რომელიც აუქციონზე რეალიზებას არეგულირებს. თუ რამდენჯერმე გამოტანის შემთხვევაში არ ხდება რეალიზება [ბაზარზე ფასები შედარებით დაბლა იყო წამოსული, ვიდრე პანდემიის პიკურ პერიოდში], ასეთ დროს შესაბამისად ხდება ფასდაკლების გაკეთებაც შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, იმისთვის, რომ მიმზიდველი იყოს საცალო ქსელისთვის პროდუქტის შეძენა“.

ვინ იყიდა პროდუქტები აუქციონზე

სოფლის განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით, სახელმწიფო მარაგებიდან ელექტრონულ აუქციონებზე გატანილი ზეთი და შაქარი მთლიანობაში ექვსმა კერძო კომპანიამ იყიდა.

ეს კომპანიებია: „გიდანი“, „ჯიბე“, „თიკო“, „ივერია“,  „იმერეთი“ და „გაგა 1“.

[highlight color=”red”]შპს „იმერეთი“[/highlight] – რეგისტრირებულია ქუთაისში 2010 წელს. რეესტრის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორია ავთანდილ ტაბეშაძე, რომელმაც, სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ, „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა.

[highlight color=”red”]შპს „ჯიბე“[/highlight] – რეგისტრირებულია თბილისში 2008 წელს. კომპანიის წილებს ფლობს ორი სააქციო საზოგადოება „პონტო ჰოლდინგი [20%] და „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯია“ [80%].

„პონტო ჰოლდინგის“ მფლობელი და დირექტორია გიორგი ბერიანიძე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს 10 000 ლარი შესწირა. რაც შეეხება თბილისში, 2017 წელს რეგისტრირებულ „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯიას“, მისი დირექტორი ინდოეთის მოქალაქეა, ხოლო დამფუძნებელია სააქციო საზოგადოება, რომელიც ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

შპს „ჯიბესთან“ სახელმწიფო უწყებებსა თუ კომპანიებს, ასევე სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს მთლიანობაში 400-მდე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვით, სხვადასხვა მომსახურებაზე [2012-2021 წლებში]. რაც შეეხება ტენდერებს, შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ჯიბე“ მხოლოდ 2013 წელს იღებდა მონაწილეობას და რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა კიდეც, რომელთა უმეტესობაში მხოლოდ თავად იყო მონაწილე.

[highlight color=”red”]შპს „ივერია“[/highlight] – თბილისში, 2010 წელსაა რეგისტრირებული. დირექტორია გოჩა ჟველია, რომელმაც 2012 წელს 25 000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა. ამ კომპანიის მფლობელია შპს „ლუქსი – 2004“, რომლის პარტნიორები არიან თეიმურაზ მამაცაშვილი და კობა კურდღელაშვილი.

[highlight color=”red”]შპს „გიდანი“[/highlight] – რეგისტრირებულია თბილისში 2008 წელს. კომპანიის დირექტორი და 10% წილის მფლობელია გურამ ბერიძე, ხოლო კომპანიის 90% წილის მფლობელია ემზარ გელაძე.

[highlight color=”red”]შპს „თიკო“[/highlight] – ბათუმში 2013 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის მფლობელი და დირექტორია როინ აბაშიძე.

[highlight color=”red”]შპს „გაგა 1“[/highlight] – თბილისში, 2010 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის მესაკუთრე და დირექტორი გიორგი ჯანუყაშვილია.

პანდემიის დროს მთავრობამ სხვა სპეციალური პროგრამებიც შეიმუშავა – ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე [მათ შორის ზეთსა და შაქარზე] ფასების ზრდის შესაჩერებლად, ასევე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის.

„სურსათზე სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად“ ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით კი [2020 წლის აგვისტოს მონაცემებით], ამ მიზნით ბიუჯეტიდან 1 156 437 ლარი და 1 396 500 აშშ დოლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო სუბსიდია კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიიღეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც ან რომელთა მეწილეებიც „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

საქართველოს მთავრობის ის განკარგულებები, რომლებითაც 13,4 მილიონ ლარად ნაყიდი პროდუქტების რეალიზაცია [გადაცემა-გაყიდვა] განხორციელდა, არც მთავრობის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული და არც პორტალზე – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

იურისტების განმარტებით, უშუალოდ განკარგულებაზე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცალსახად არ არის მითითებული, მაგრამ არის ზოგადი ჩანაწერი, რომ ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს.

მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე წლების მიხედვით, არასრულად, მაგრამ მაინც ქვეყნდებოდა მთავრობის განკარგულებები, 2021 წლის იანვრიდან დღემდე კი, არც ერთი დოკუმენტი არ არის ატვირთული.

„ბათუმელებმა“ განკარგულებების ასლები მთავრობიდან 2021 წლის 18 მაისს გამოითხოვა. მთავრობის ადმინისტრაციამ ასლები არ მოგვაწოდა და ჩვენი განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუგზავნა, „განსახილველად“. განკარგულებების ასლები „ბათუმელებმა“ მოთხოვნიდან 17 დღეში მიიღო.

კვარიათში ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

4 ივნისის შემდეგ მაშველები აჭარის სანაპიროზე  გაუჩინარებულ ორ ადამიანს ეძებდნენ. დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ერთ-ერთი მათგანის ცხედარი კვარიათში, ზღვაში იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 4 ივნისს შემოვიდა ინფორმაცია კვარიათის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა.

გაუჩინარების ადგილას სპეციალური მცურავი საშუალებებით უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

კვარიათისკენ გავიდნენ მყვინთავთა ჯგუფები და საზღვაო-სამაშველო კატარღა. სანაპირო ზოლის მონიტორინგი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს აქტიურად გამოყენებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფრენი საშუალება – დრონი.

რამდენიმედღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია“, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში „ფარფურის“ მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 16 წლის მოზარდი დააკავეს

ბათუმში „ფარფურის“ მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ 16 წლის მოზარდი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2005 წელს დაბადებული შ.ა. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.


სუპერმარკეტების ქსელის „ფარფურის“ სამივე ფილიალში, როგორც მფლობელი აცხადებს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხანძარი ზედიზედ გაჩნდა.

სუპერმარკეტების ქსელის – „ფარფურის“ დამფუძნებელი თამარ კახიძე მუქარაზეც საუბრობს და ასახელებს ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს, „ოცნების“ აქტივისტ გოჩა ბარამიძეს და ქურდული სამყაროს ავტორიტეტ „ენცოს“.

ამ თემაზე ვრცლად:

კიდევ ერთი საქმე, სადაც კანონიერ ქურდ „ენცოს“ სატელეფონო ზარები ფიგურირებს 

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

დღეს, 10 ივნისს, კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, ავარიის შედეგად მოქალაქეებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა უნდა შეიცვალოს ბულვარის გენგეგმაში – ინსპექტირების ჯგუფის შენიშვნები

ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისა და სრულფასოვანი დოკუმენტის მიღების მიზნით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი შექმნა. ჯგუფმა უკვე დაასრულა ბულვარის განაშენიანების გეგმის პირველადი ვარიანტის შესწავლა. შენიშვნები დოკუმენტის ავტორს შპს „ბაუ დიზაინს “ გადაუგზავნეს.

ახლა კომპანიამ უნდა განიხილოს ინსპექტირების ჯგუფის კონკრეტული შენიშვნები. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ წარდგენილი შენიშვნებიდან რას დაეთანხმება გეგმის ავტორი და რას არა. საინტერესოა დაკორექტირდება თუ არა ბულვარის განაშენიანების გეგმის პირველადი ვერსია მნიშვნელოვნად, ინსპექტირების ჯგუფის შენიშვნები საკმაოდ მოცულობითია. „ბათუმელები“ ჯგუფის წევრების მოსაზრებებს გთავაზობთ რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე.

        „ეშმაკის ბორბალი“

ინსპექტირების ჯგუფის სხდომის ოქმის მიხედვით, ჯგუფის წევრი, არქიტექტორი დავით ზოიძე მიიჩნევს, რომ „ეშმაკის ბორბალი“ სწორ ადგილას დგას, საიდანაც იშლება პანორამული ხედი მთებზე, ძველ ბათუმსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე და მისი გადატანა მიზანშეწონილი არ არის.

ამ და სხვა საკითხებზე დავით ზოიძის მოსაზრებები ბულვარის გენგეგმასთან მიმართებაში საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრია, სააგენტო კი, ბულვარის როგორც ძეგლის დაცვაზეა პასუხისმგებელი.

ბულვარის გენგეგმის რეკომენდაციით, „ეშმაკის ბორბალი“ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადაიტანონ. ამ იდეას ინსპექტირების ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრი არ ეთანხმება.

საოცრებათა პარკი 

ინსპექტირების ჯგუფი შპს „ბაუ დიზაინის“ რამდენიმე შეთავაზებას არ ეთანხმება საოცრებათა პარკთან მიმართებაშიც.

„საოცრებათა პარკის პლაჟზე მდებარე კლუბების დემონტაჟს ვეთანხმები, მაგრამ მათი გადმოტანა პარკის სიღრმეში არ მიმაჩნია გამართლებულად. ისინი ვერ იქცევიან „საპლაჟო კლუბების“ ალტერნატივად, რადგან მათი ძირითადი უპირატესობები იყო ზღვასთან სიახლოვე, ღია საცურაო აუზები, ნახევარსარდაფის ტიპის დახურული გადაწყვეტა გადაიქცევა ტიპიურ სარესტორნო სივრცედ, რაც ვფიქრობ არ არის მიზანშეწონილი ამ ლოკაციაზე“, – ამბობს დავით ზოიძე. მისი რეკომენდაციაა ასევე ამ ლოკაციაზე განთავსდეს მცირე ზომის ე.წ. Conteiner Cafe – ები, რომელთა გადატანაც საჭიროების შემთხვევაში მარტივად მოხერხდება.

ინსპექტირების ჯგუფის წევრის განმარტებით, ის ასევე არ ეთანხმება ველობილიკის გაუქმებას საოცრებათა პარკის გვერდით და მისი სამანქანე გზის გასწვრივ გადატანას.

ბათუმის ბულვარი

          ძველი ბულვარი

ინსპექტირების ჯგუფის სხდომის ოქმის მიხედვით, ჯგუფის წევრმა აკაკი ძნელაძემ გააჟღერა იდეა ბულვარის მოაჯირებით შემოსაზღვრის შესახებ, ისე როგორც ადრე იყო. დავით ზოიძის მოსაზრებით კი ძველი შესასვლელების ფრაგმენტულად აღდგენა „გაამდიდრებს ბულვარის იერ-სახეს.“

შენიშვნებში ითქვა ისიც, რომ სკეიტპარკის მოწყობა მხოლოდ ახალ ბულვარში არ იქნება საკმარისი და სასურველია ასეთი პარკი ძველ ბულვარშიც განთავსდეს. ასეთ ადგილად დავით ზოიძე რესტორან „ძველი გემის“ ტერიტორიას მოიაზრებს.

ინსპექტირების ჯგუფის რამდენიმე წევრი არ ეთანხმება ასევე ცენტრალურ შადრევანზე ლითონის ხიდის დემონტაჟის აუცილებლობას: „საკმაოდ მიმზიდველი ატრაქციაა განსაკუთრებით ზაფხულში ახალგაზრდებისთვის“.

ჯგუფის წევრები არ ეთანხმებიან ასევე გენგეგმით გათვალისწინებულ შეთავაზებას შადრევანზე გადასასვლელების მოაჯირის გარეშე მოწყობას:

„ავზის სიღრმე ერთ მეტრზე მეტია. გარდა ამისა, არ არის მიზანშეწონილი შადრევნების ირგვლივ არსებული დეკორატიული ბარიერების მოხსნა“.

საძირკვლის არმქონე კონსტრუქციები

ინსპექტირების ჯგუფის წევრი თორნიკე კუჭავა [ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე] მიიჩნევს, რომ კომპანიამ ბულვარის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს იდეა, როგორ გადაიხუროს ბულვარში მოაზრებული მსუბუქი კონსტრუქციის კაფე-ბარები. გარდა ამისა, მისი აზრით, აუცილებელი არ არის სეზონის დასრულების შემდეგ ყველა ასეთი კონსტრუქცია ბულვარის ტერიტორიიდან გავიდეს და სეზონის დასაწყისში შემოვიდეს.

„ქალაქი მზარდია და დარწმუნებული ვარ, არასეზონზეც გადაწყვეტს ოპერატორების გარკვეული ნაწილი ფუნქციონირებას. ამიტომ მდგრადი კონსტრუქციების შემოთავაზება აუცილებელია განაშენიანების გეგმის მიღებისთვის.“

ამ საკითხს შეეხო ასევე ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ნუგზარ ძნელაძე [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი]. ის მიიჩნევს, რომ უნდა დაზუსტდეს „საპლაჟე სექტორში მსუბუქი ფორმის კაფეების ჩამაგრების სქემა.“

             მედიათეკა  და პირსები

თორნიკე კუჭავა ეჭვქვეშ აყენებს ასევე საზაფხულო თეატრის ისტორიული იერ-სახით აღდგენის შემთხვევაში მის მრავალფუნქციურად გამოყენების შესაძლებლობას.

ინსპექტირების ჯგუფის წევრები მიიჩნევენ ასევე, რომ ცალკე საკვლევია პირსების განთავსება და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები. შენიშვნებში ნათქვამია ისიც, რომ პირსის მშენებლობა „საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“.

შენიშვნები კითხვების სახით

      სხვა შენიშვნები 

ნუგზარ ძნელაძე მიიჩნევს, რომ სათანადო ყურადღება არ ეთმობა ბულვარისა და საქალაქო სივრცეებს შორის კავშირებს: „არ არის წარმოდგენილი ე.წ. ცირკულაცია“.

მოსაზრებას ბულვარის „გაპასიურობის“ საფრთხეზე არ ეთანხმება ინსპექტირების ჯგუფის წევრი გიორგი რამიშვილი. ის ამ ჯგუფში ორგანიზაცია „ბათომს“ წარმოადგენს. მისი მოსაზრებით, ბულვარის გენგეგმა აუცილებლად უნდა მოვიდეს თანხვედრაში ბათუმის გენგეგმასთან, რომლის შესყიდვაზეც ელექტრონული ტენდერი მიმდინარეობს.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მამუკა რამიშვილის მოსაზრებით, დასაზუსტებელია ფაზირების გეგმა, რადგან საპროექტო ტერიტორიაზე გაცემული რამდენიმე მშენებლობის ნებართვა, წარმოდგენილი რეგლამენტით მკაფიოდ გაწერილი განაშენიანების პარამეტრები წინააღმდეგობაში მოდის ბულვარში გაცემულ მშენებლობის  ნებართვებთან. გარდა ამისა, მან განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული შეთავაზებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე მიუთითა.

“მოცეკვავე ელექტრობოძები” ზედა ჭარნალიდან | ვიდეო

ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტში გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად ასეულობით ათასი ლარი იხარჯება, თუმცა მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში გზების ნაწილი კვლავ ჩაბნელებულია.

სოფელ ზედა ჭარნალში მოსახლეობა ამბობს, რომ კორპუსების ეზოებში ისე ბნელა, რომ საღამოს ფარნის გარეშე ვერ გადაადგილდებიან. შესაცვლელია ცენტრალური გარე განათების ძველი ბოძებიც.

„აქ ბინებია, მოსახლეობა დიდია, ქუჩის განათებაც არ არის, ეზოს განათება არ გვაქვს. აქ ვერავინ გაივლის ფარნის გარეშე. ელექტრობოძები რაც არის, ცეკვავენ რასაც ქვია, ძირი არ აქვთ. არც ხარისხი უვარგათ, არც სიმაღლე, სატვირთო მანქანა რომ გაივლის, წაკრავს”, – ამბობს ზედა ჭარნალის მცხოვრები ნაზიბროლა ფუტკარაძე.

ხელვაჩაურის გარე განათების ბოძების მოვლა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება კი  – „ენერგო-პრო ჯორჯიასი“.

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჭარნალში მცხოვრები მოგელი ზოსიშვილი ამბობს, რომ გზად ჩამოწეული ელექტროსადენები დიდი გაბარიტების ავტომანქანებს მოძრაობაში უშლიან ხელს – მძღოლებს ამ სადენების აწევა უწევთ ჯოხის დახმარებით.

„ეს სადენები ისე დაბალზეა, რომ არ შეიძლება… ბეტონმეშალკა, პომპა ამაზე ყველა მოდებს, ვერ გადიან… ბოძმა და ელექტროგაყვანილობამ არ უნდა შეუშალოს ხელი გამვლელ მანქანას, ქვევიდან ჯოხს ადებენ და ისე გადიან ქვეშ, ან ხელით წევენ მავთულებს“ – გვითხრა მოგელიმ.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ამბობს, რომ ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონები პერიოდულად მოწმდება.

„იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ქსელის დაცვის ზონა  კონკრეტულ ადგილზე, კომპანია  ოპერატიულად რეაგირებს და აწესრიგებს მას. ლოკალურად შესაძლებელია სხვადასხვა გარე ფაქტორის გამო დაირღვეს დაცვის ზონა, თუმცა ფაქტის გამოვლენისთანავე კომპანია ახდენს რეაგირებას. აღნიშნულ მონაკვეთს  ჩვენი ტექნიკური სამსახური დაათვალიერებს, იმ შემთხვევაში, თუ  სადენი  ენერგოპრო ჯორჯიას საკუთრებაა და დარღვეულია არსებული სტანდარტი,  განახორციელებს მის შესაბამისობაში მოყვანას”, – განმარტავს კომპანია.

ზედა ჭარნალელი ასიე მოფინაძე ამბობს, რომ ძველი ბოძები მორყეულია, რის გამოც ქარისა და უამინდობის დროს მათთან შუქი ქრება. მისივე თქმით, ზოგიერთი ბოძი ისეა მორყეული, რომ იმ ადგილზე ბავშვების გავლას ერიდებიან.

„ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე ვფქრობთ პირველ რიგში. ბოძები მოტანილია, მაგრამ შეცვლას აღარ დაადგა საშველი“, – ამბობს ის.

მაგალითად, ეს ბოძი ძველის სანაცვლოდ მოიტანა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. თუმცა სადენები ჯერაც არ არის გადატანილი, რის გამოც კონკრეტულ მონაკვეთში ბოძიდან ბოძამდე დიდი ინტერვალის გამო სადენი დაბლაა დაწეული.

„ხუთი თვე მაინც იქნება, რაც ეს ბოძი მოტანილია. ზამთრის მერე ასეა და ჯერაც არ მიუმაგრებიათ კაბელი“, – ამბობს მოგელი ზოსიშვილი.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ კონკრეტულად ამ ბოძთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ამორტიზებული ბოძები გეგმიური სამუშაოების ფარგლებში იცვლება დასწორედ ეს მაგალითია ფოტოზე ნაჩვენები. ამავე მიმართულებით კომპანიამ რამდენიმე ახალი ბოძი დაამონტაჟა. ნაჩვენებ ახალ დგარზე ქსელის გადატანა დღეს განხორციელდება. სამუშაოები გაგრძელდება, ხვალ დღის ბოლომდე სხვა ახალ ბოძებზე მოხდება არსებული ქსელის გადატანა“

 „იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ადგილზე ბოძი ან სადენი  საჭიროებს შეცვლას, კომპანია მყისიერად რეაგირებს. აუცილებელი არ არის აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადების დაწერა“, – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

კომპანიის განმარტებით, „ენერგოპრო ჯორჯია“ ეტაპობრივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის გეგმიურ სამუშაოებს.

მათ შორის  ხორციელდება ძველი საყრდენების ახლით ჩანაცვლებასაჭიროების შემთხვევაში – რეაბილიტაციაამ მიმართულებით რეგიონში სამუშაოები ისევ გაგრძელდება. თითოეული სამუშაოს დაგეგმარება მიმდინარეობს ინდივიდუალურად, შესაბამისი სამუშაოების მოცულობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე“, – ამბობენ კომპანიაში.

 „გზაზე ბავშვები დადიან, ტრანსპორტიც მოძრაობს. კარგი და მოტყდა და დაეცა ვინმეს, რა უნდა ვქნათ. ჩვენ ჩვენი შვილების უსაფრთხეობაზე ვნერვიულობთ“, – წუხს ასიე მოფინაძე.

ზედა ჭარნალი

ხელვაჩაურის გარე განათების ბოძების მოვლა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. მუნიციპალიტეტში გარე განათების მოწყობა რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან წელს 438 600 ლარი დაიხარჯება, თუმცა ბიუჯეტში ცალკეულად სოფლებში არსებული ქუჩის განათებების შეკეთებისთვის თანხა გამოყოფილი არ არის.

გაწყვეტილი სადენი ქუჩის განათების ბოძზე

ნახეთ ვიდეო ამ თემაზე: 

 

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ნოდარ ნაკაშიძე აირჩიეს

დღეს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ნოდარ ნაკაშიძე აირჩიეს.

აჭარის უსინათლოთა კავშირში 420 პირია გაწევრიანებული. კავშირის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 106-მა წევრმა მიიღო.

არჩევნები დღეს, 10 ივნისს, ჩატარდა. დელეგატები ციხისძირში, სასტუმრო “მეგობრობაში” იყვნენ შეკრებილები.

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა: ბადრი კონცელიძემ, ზურაბ მსახურაძემ, ნოდარ ნაკაშიძემ, ნუგზარ კეკელიძემ და არჩილ ვაშაყმაძემ. თუმცა მოგვიანებით ნუგზარ კეკელიძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ოთხმა კანდიდატმა მიიღო.

არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა:

ბადრი კონცელიძემ 11 ხმა მიიღო, ზურაბ მსახურაძემ – 18 ხმა, ნოდარ ნაკაშიძემ – 72 ხმა, არჩილ ვაშაყმაძემ – 3 ხმა.

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის არჩევნები. 10 ივნისი, 2021 წ. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დღესვე აირჩიეს უსინათლოთა კავშირის 35-ე ყრილობის დელეგატებიც. დელეგატობის სურვილი 16-მა კანდიდატმა გამოთქვა, მათგან კავშირის წევრებმა მხოლოდ 7 აირჩიეს.

წესდების მიხედვით, დელეგატები ხუთი წლის ვადით აირჩევიან.

აცრილი ადამიანები არ იღუპებიან კოვიდით და დაავადება არ უმძიმდებათ – კულუმბეგოვი

კოვიდზე ორჯერ აცრილი ადამიანი შეიძლება ინფიცირდეს კოვიდით, მაგრამ მინიმალურია რისკი, რომ მან ვინმეს გადასდოს ვირუსი – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„არ არსებობს დედამიწაზე ვაქცინა, რომელიც 100 პროცენტით დაცვის უნარით გამოირჩევა, მხოლოდ წითელას ვაქცინა არის ახლოს ამასთან.

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემდეგ შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი, რითაც ვაქცინების სიკეთე ფასდება, ეს არის რამდენად შეუძლია ვაქცინას ადამიანის მძიმე დაავადებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვა.

ყველა ამ ვაქცინას, რომლებიც დღეს არის ავტორიზებული, ამ დავალების შესრულება შეუძლია ძალიან მაღალი სტანდარტით“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, ვაქცინირებულ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს მსუბუქი ინფექცია:

„მსუბუქი ინფექცია შეიძლება განვითარდეს, არის რამდენიმე ერთეული შემთხვევა, მე, ბუნებრივია, მთლიან ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ ადამიანებმა, რომლებსაც ორჯერადად ვაქცინაციის შემდეგ ინფექცია მაინც დაემართათ, პრაქტიკულად მათი ოჯახის წევრებიც კი არ დააინფიცირეს.

როცა ვაქცინირებულია ადამიანი, იმდენად დაბალია ლორწოვან გარსში ვირუსის შემცველობა, მას ძალიან დაბალი შანსი აქვს ვინმეს ეს ინფექცია გადასდოს“, – აღნიშნა მან.

კულუმბეგოვის თქმით, კოვიდზე ორჯერადად აცრის შემთხვევაში ვირუსით ინფიცირება არ არის ვაქცინის ნაკლი – „ვაქცინაციის შემდგომ ინფიცირებული ადამიანების ქართული სტატისტიკაც გვეუბნება, მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ, რომ ვაქცინირებული ადამიანები არ იღუპებიან კოვიდით და მძიმედ არ ემართებათ დაავადება“.

 

ბათუმში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დღეს, 10 ივნისს, მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 1997 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, 1991 წელს დაბადებული კ.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.“ – აცხადებს შსს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ვის აცრიან კოვიდზე კლინიკაში მიუსვლელად – უნდა შეიქმნას მობილური ჯგუფები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს დაევალათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყონ მობილური ჯგუფების ფორმირება, რათა გარკვეული კატეგორიის პირები ადგილზე, კლინიკაში მიუსვლელად აცრან.

საქართველოს მთავრობამ 9 ივნისს შესაბამისი ცვლილება „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შეიტანა, რითაც დაემატა შემდეგი პუნქტი:

ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება  ვალდებულია:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს მობილური ბრიგადის ფორმირება, მათ მიერ იდენტიფიცირებული ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდების მიზნით;
  • უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდადებულთათვის  აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ აცრის მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებული კონტრაქტის ფარგლებში წარმოადგენს ამ ბენეფიციარებისათვის სხვა გეგმური და არაგეგმური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებას.“.

ამავე დადგენილებით, ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესასყიდად 20 მილიონ 671 ათასი ლარია გათვალისწინებული, ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებისთვის კი – 3,6 მილიონი ლარი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსზე სულ ჩატარებულია 191 001 აცრა.

აქედან, ერთი დოზით აცრილია 132 734 პირი, ხოლო ორი დოზით – 58 267.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ივლისიდან ონლაინჯავშნის გარდა მოქალაქეები ცოცხალი რიგითაც შეძლებენ აცრის გაკეთებას: „ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო“.

ამ თემაზე:

გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები

 

ქურდული სამყაროს მხარდაჭერისა და წევრობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსაცლეად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად „გიბონა“), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად „ტყვლიპე“), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მ. მ. ( მეტსახელად „მემი“) დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს იუწყება, რომ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ზ. მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩს“) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან.

მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა – ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს – მ.მ.-ს დაავალა.

რომელმაც, შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევა დააორგანიზა, რომლის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს.

Exit mobile version