მთავარი,სიახლეები

„ქაოტური გარემოა“ – ომბუდსმენი ბათუმში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობაზე

11.06.2021 • 1770
„ქაოტური გარემოა“ – ომბუდსმენი ბათუმში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობაზე

„ქაოტური გარემოა“ – ეს ომბუდსმენის აპარატის შეფასებაა ბათუმის სამედიცინო ცენტრზე, სადაც დღევანდელი მდგომარეობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 103 ადამიანი ცხოვრობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების პრობლემებზე გუშინ, 10 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ სფეროს სპეციალისტებს ბათუმში შეხვდნენ. შეხვედრა აჭარის მთავრობის შენობაში გაიმართა.

„რაც უფრო კეთდება და ლამაზდება, გალავანი უფრო ერტყმის გარედან, ძირეული პრობლემები არ იცვლება… დეინსტიტუციონალიზაციას ალტერნატივა არ აქვს,“ – განაცხადა შეხვედრაზე ნიკა კვარაცხელიამ, ის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია სახალხო დამცველის აპარატში. ნიკა კვარაცხელია პოზიტიურად აფასებს რამდენიმე დაწესებულების რემონტს, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ცხოვრობენ. თუმცა მთავარ გამოწვევად იმას მიიჩნევს, რომ „ფსიქოსოციალური დახმარება არ არის უზრუნველყოფილი,“ „ჰოსპიტლის გარე სერვისები არ არსებობს“ და ის, რომ ეს ადამიანები იკარგებიან: „მათი ხმა არსად ისმის“.

რემონტდება „ბათუმის სამედიცინო ცენტრიც“, სადაც აჭარის რეგიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ.

„შესაძლოა ეს რემონტი სიმბოლურიც იყოს, ჩააბეტონებს ამ ინსტიტუციებს,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნიკა კვარაცხელიამ.

რა მოცემულობა დახვდა ამჯერად სახალხო დამცველს ბათუმის კლინიკაში? – ჟურნალისტებთან ნიკა კვარაცხელიამ თქვა, რომ „მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია,“ თუმცა „ქაოტური გარემოა“.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასებით, კლინიკის სარემონტო სამუშაოებმა დაამძიმა პაციენტების მდგომარეობა.

„მაგალითად, ერთ ოთახშია რამდენიმე პაციენტი მჭიდროდ. მცირე სივრცეა. ნაკლები შესაძლებლობა აქვთ გავიდნენ სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით ჩანს ეს პრობლემა კაცების განყოფილებაში… ასევე მწვავე ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფი პირები და ნაკლები სირთულის მქონე პაციენტები არიან ერთად, რის გამოც არის კონფლიქტური სიტუაციები პაციენტებს შორის. ზოგიერთი მათგანი წლებია რჩება ამ დაწესებულებაში, წასასვლელი არსად აქვთ…

არსებობს ძალადობის ფაქტები, ფიზიკური შეზღუდვა, ქიმიური შეზღუდვა, იგულისხმება პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მედიკამენტის გაკეთება. ეს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაშია დასაშვები. მოპყრობის კუთხითაც არის გამოწვევები, არის უხეშობის შემთხვევებიც პერსონალის მხრიდან,“ – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ.

დააფიქსირა თუ არა სახალხო დამცველმა კლინიკაში იმდენად მძიმე შემთხვევა, რომ სამართალდამცველებს მიმართა რეაგირებისთვის? – ნიკა კვარაცხელიამ გვიპასუხა, რომ მათ კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან მიიღეს დაპირება შესაბამის რეაგირებაზე.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა პერსონალის კვალიფიკაციაზეც. „პერსონალი არ არის ქვეყანაში,“ – უთხრა ნიკა კვარაცხელიამ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „მწირი დაფინანსება“ არგუმენტი არ არის, რაც ხშირად ესმის გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან და არაადამიანურ მოპყრობას ეკონომიკური ფაქტორი ვერ ამართლებს.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას ამ მიმართულებით. მაგალითად, ბათუმში სამი საცხოვრისი მოქმედებს – მახინჯაურში, გონიოსა და კახაბერში, აქ შედარებით ნაკლები სიმძიმის ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. თითოეულ საცხოვრისში 24 პაციენტია. ამ საცხოვრისებს მენეჯმენტს ასევე „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ უწევს.

„გვყავს კიდევ 20 პაციენტი, ვისი გადაყვანაც საცხოვრისში შეიძლება, უფრო მეტი საცხოვრისია საჭირო,“ – მიიჩნევს ეკა ზოიძე, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი. მისი განმარტებით, საცხოვრისში მცხოვრებ ადამიანებს მეტი თავისუფლება აქვთ და ამ შემთხვევაში სპეციალისტები პაციენტებთან კოგნიტური ფუნქციების  განვითარებაზე მუშაობენ. საცხოვრისში პაციენტებს უვლიან, თუმცა, როგორც ეკა ზოიძე ამბობს, მათ „უფრო აკვირდებიან და არ აწვდიან“, მაგალითად, მედიკამენტებს, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს. საცხოვრისში მცხოვრებ პაციენტებს აქვთ შვებულების უფლება, ასევე პენსიის დამოუკიდებლად განკარგვის საშუალება.

„ეს კარგია, მაგრამ პრობლემის სათავე რჩება იგივე. უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო გარე სერვისების შესაქმნელად და სოციალიზაციისთვის,“ – თვლის ნიკა კვარაცხელია, პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსი.

სახალხო დამცველის შენიშვნებს ნაწილობრივ იზიარებს ეკა ზოიძეც, ბათუმის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. მისი აზრით, მთავარი პრობლემაა ამ სფეროში სტრატეგიის არარსებობა და კვალიფიციური პერსონალი.

„თანამშრომლებს სჭირდებათ ტრენინგები. ფასიან ტრენინგზეც რომ გავუშვათ თანამშრომელი, ჩვენ დავაფინანსებთ, მაგრამ ამისთვის ეს ტრენინგი უნდა არსებობდეს ხო?“ – კითხულობს ეკა ზოიძე. – „ერთობლივი მუშაობაა საჭირო, ისე ვერც კლინიკა და მხოლოდ სახალხო დამცველის მონიტორინგი ვერაფერს შეცვლის. ჩვენ უნდა შევქმნათ სტრატეგია… პირველ რიგში, სტიგმა უნდა დაიმსხვრეს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ ითვალისწინებს ყოველთვის სახალხო დამცველის რეკომენდაციებს,“ – თქვა მან.

ეკა ზოიძის თქმით, სახალხო დამცველის წინა რეკომენდაციების შედეგი იყო ისიც, რომ კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და ცალკე საცხოვრისების მოწყობა დაიწყო.

რაც შეეხება ძალადობის და პერსონალის მხრიდან უხეში მოპყრობის ფაქტებს, ეკა ზოიძემ ამაზეც გვიპასუხა:

„ყოფილა ასეთი შემთხვევები კი და დამითხოვია კიდეც ამის გამო. გვქონია გაფრთხილების, საყვედურის მიცემის შემთხვევებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე. ცოტა რთულია ფსიქიატრიულში მუშაობა, მეც მომისმენია პერსონალისგან, მაგალითად, ფრაზა: გაჩერდი, ბიჭო. ესეც არაა სწორი მიმართვა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ცოდნა, სპეციალისტი“.

ეკა ზოიძის თქმით, დაახლოებით სამ თვეში დასრულდება „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ სარემონტო სამუშაოები.

„ჩვენს რეგიონში სიტუაცია უკეთესია,“ – ეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის შეფასებაა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პაციენტების ნაწილი ცალკე საცხოვრისში გადაიყვანეს და პირველი საპილოტე პროექტი ამ მიმართულებით აჭარაში შედგა. ასევე არსებობს თავშესაფარი, სადაც ასაკში მყოფი ფსიქიკური პრობლემების მქონე 50 პაციენტი ცხოვრობს.

„პრობლემები არის მზარდი, თუმცა მთავარია, რომ მოხდეს სხვა სამედიცინო სერვისებთან ინტეგრაცია და ამის კარგი მაგალითია ჩვენი რეგიონი, როცა ფსიქიატრიული ცალკე აღარ არსებობს, ეს არის მრავალპროფილური კლინიკა… ეს არაა საკმარისი ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ვითვალისწინებთ სახალხო დამცველის შეფასებებს, შესაძლოა გაღრმავდეს სამუშაოები, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ცვლილება არ იგეგმება,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეეხო სარემონტო სამუშაოების კუთხით შექმნილ პრობლემასაც:

„რაღაც პერიოდი შესაძლოა დისკომფორტი შეექმნათ, მაგრამ სამომავლოდ ეს პირობების გაუმჯობესებისთვის კეთდება,“ – დასძინა მან.

ბათუმში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის, რომელიც ხანგრძლივად რჩება სტაციონარში, სახელმწიფო დღეში 26 ლარს ხარჯავს, საცხოვრისში – 35 ლარს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: