კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს დაევალათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყონ მობილური ჯგუფების ფორმირება, რათა გარკვეული კატეგორიის პირები ადგილზე, კლინიკაში მიუსვლელად აცრან.
საქართველოს მთავრობამ 9 ივნისს შესაბამისი ცვლილება „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შეიტანა, რითაც დაემატა შემდეგი პუნქტი:
„ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს მობილური ბრიგადის ფორმირება, მათ მიერ იდენტიფიცირებული ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდების მიზნით;
- უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდადებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ აცრის მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებული კონტრაქტის ფარგლებში წარმოადგენს ამ ბენეფიციარებისათვის სხვა გეგმური და არაგეგმური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებას.“.
ამავე დადგენილებით, ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესასყიდად 20 მილიონ 671 ათასი ლარია გათვალისწინებული, ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებისთვის კი – 3,6 მილიონი ლარი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსზე სულ ჩატარებულია 191 001 აცრა.
აქედან, ერთი დოზით აცრილია 132 734 პირი, ხოლო ორი დოზით – 58 267.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ივლისიდან ონლაინჯავშნის გარდა მოქალაქეები ცოცხალი რიგითაც შეძლებენ აცრის გაკეთებას: „ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო“.
ამ თემაზე:
გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები