თურქეთის 44 პროვინციაში 208 ხანძრიდან 196 ხანძრის კერა ლოკალიზებულია. მეხანძრეები ამ დრომდე 12 ხანძარს ებრძვიან თურქეთის 5 პროვინციაში – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა ჟურნალისტებთან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს 6 პირი, რომლებიც მუღლაში ხანძრის გაჩენაში არიან ეჭვმიტანილი.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ამჟამად ხანძრის ჩასაქრობად იყენებენ 56 სახანძრო ვეტმფრენს. ხუთი ვეტმფრენი ღამის ხედვით უკრაინამ გაგზავნა თურქეთში, ეს ვეტმფრენები დღე-ღამის განმავლობაში იქნება გამოყენებული ხანძრის ჩასაქრობად.
თურქეთს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარება აზერბაიჯანიც, საიდანაც ექვსასზე მეტი მეხანძრე-მაშველი ჩავიდა ხანძრებთან საბრძოლველად.
ხანძრების შედეგად თურქეთში ათამდე ადამიანი დაიღუპა, მოხდა 17 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია.
ავტორი: რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
___
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონება უკავშირდება იმ საღამოებს, როცა მაღალსიცხიანი ვიწექი და ყველა თავს მევლებოდა (ჩემი ჯანმრთელობის სისუსტის წყალობით ეს არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა). ასეთ დროს დედა გადადებდა ხოლმე ყველა საქმეს, საწოლთან მეჯდა და წიგნებს მიკითხავდა. ისიც მახსოვს, გვერდით რომ მომიწვებოდა და თუ რამე ემოციურს კითხულობდა, როგორ ჩამოუგორდებოდა ხოლმე თვალის კუთხიდან ცრემლი. დავცქეროდი, როგორ მოგორავდა საფეთქლისკენ, ვიდრე ყურამდე და მერე კისერში უჩინარდებოდა.
დედას თვალის კუთხიდან დაგორებულმა ცრემლებმა მასწავლა, რომ შეიძლება რამე, რაც შენ არ გადაგხდენია, რაც შენ ფიზიკურად არ გამოგივლია, შენ რეალობაში არ შეგხვედრია, გახდეს შენი ფიქრისა და განცდების მიზეზი.
დიასახლისი ბიბლიოთეკარი იყო დედა და კარგად ესმოდა წაკითხულის ძალაც და მნიშვნელობაც. მასთან ერთად ვიმოგზაურე ტომ სოიერის ხალისიან და ხიფათიან გზებზე, მასთან ერთად ვჯაყჯაყებდი რვა ბავშვიან სატვირთო მანქანაში, მასთან ერთად დავწანწალებდი რასმუსივით…
მერე, როცა მარტომ გავაგრძელე მოგზაურობა წიგნების სამყაროში, როცა მიყვარდა და ვიბრძოდი, მეშინოდა და ხაფანგებს ვაგებდი ჩემ საყვარელ გმირებთან ერთად, მაშინ ვხვდებოდი, რომ ყველა ჯერზე კიდევ ერთხელ ვცხოვრობდი, კიდევ ერთი და ახალი ადამიანი იბადებოდა ჩემში. და მერე, ცხოვრების გზაზე, როცა რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებდი, ან მომხდარ ამბავს ვაფასებდი, ვერც კი ვამჩნევდი ამ მსჯელობაში რამდენი სიცოცხლე, რამდენი ჩემს გულსა და გონებაში ჩასახლებული ადამიანი მონაწილეობდა.
ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, დადასტურებულად ვიცით, რომ ეს სიცოცხლე ნამდვილად გვაქვს. ამ ერთ სიცოცხლეში მხოლოდ ერთი კონკრეტული ცხოვრების გამოცდილება შეიძლება გვქონდეს, არა და სხვებისთვის თანაგანცდა, თანაზიარება, ემპათია მაშინაა ნამდვილი და ბუნებრივი, როცა სხვის ამბავს საკუთარ გამოცდილებასთან აკავშირებ. რაც მეტი ადამიანის სიცოცხლით შეგიძლია იცხოვრო, რაც მეტი ადამიანის გულის ნადებს გაიგებ და გაითავისებ, მით მეტად გესმის მთელი სამყაროს გულისცემაც და ამ სამყაროს მკვიდრთა ტკივილიცა და სიხარულიც.
წიგნის ყდები ის სარკმლებია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით. რაც მეტი სარკმელია ჩვენს ცხოვრებაში, მით მეტად ვგრძნობთ და აღვიქვამთ სიცოცხლეს.
ვფიქრობ, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე ადამიანებს დაეხმარო და მათ ცხოვრებაში ბეეევრი სარკმელი გააჩინო. სარკმლები, საიდანაც მზის სხივები შევა. სარკმლები, საიდანაც შეიძლება ვიღაცის თვალის კუთხიდან დაგორებული ცრემლი, ჩვენის გულის წვერს მოხვდეს.
„იმ დღესაც კაფეში ვმუშაობდი, როცა ინგლისურში გამოცდის შედეგები გამოცხადდა და მე ეს მოგვიანებით გავიგე“, – გვიყვება ლიკა რუსია. მან ინგლისურში მაქსიმალური 80-დან 80 ქულა აიღო. ლიკა ბათუმელია და სწავლის დაწყებამდე კაფე „k2“-ში მუშაობს მიმტანად.
„როცა ინგლისურის გამოცდის შედეგები დაიდო, მე ტელეფონი მქონდა დასამუხტი და არ მიმიქცევია ყურადღება, თანაც, კაფეში იმ დღეს ბევრი ხალხი იყო,“ – იმ ემოციას გვიზიარებს ლიკა, რაც მაქსიმალური ქულის აღების ამბის გაგების დროს ჰქონდა. – „თურმე სახლიდან მირეკავდნენ ტელეფონზე და ვერ დამიკავშირდნენ. მერე მოუფიქრებიათ და მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნეს საგამოცდო ცენტრში. მალევე მიუღიათ პასუხი – 80 ქულა. მაშინვე მამაჩემი სახლიდან გამოიქცა და კაფეში მომაკითხა… თავიდან ყურადღება ვერც კი მივაქციე, ხალხს ვემსახურებოდი, მერე დამიძახა, ნახე, ინგლისურის გამოცდის შედეგიო? არა-მეთქი და გაოცდა. 80 ქულა აგიღია შენო, ძალიან გახარებული იყო… დაბნეული ვიყავი, სამსახურში მომილოცეს მერე ერთხმად.“
ლიკამ ბათუმის პირველი საჯარო სკოლა დაასრულა და ფილოსოფიაზე აბარებს. ლიკა საფრანგეთში წასვლას აპირებს. უნდა, რომ რეჟისორი გახდეს.
როგორ შეიძლება ინგლისურის შესწავლა ეფექტურად?
ლიკა თვლის, რომ საუკეთესო შედეგის მომცემი ბევრი გადაცემის, სერიალის, ფილმის, ან პოდკასტის მოსმენაა ინგლისურ ენაზე – როცა მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ხშირად უსმენ, უცხო ენა შენთვისაც მშობლიური ხდება.
„მერვე კლასიდან დავიწყე კერძო მასწავლებელთან დამატებით ინგლისურის სწავლა. მანამდე უფრო დიდ დროს ვუთმობდი გრამატიკას, ტექსტებს, ბოლო ერთი წელი კი, პრაქტიკულად დისტანციურად ვსწავლობდი ინგლისურსაც,“ – ამბობს ლიკა.
რატომ ვერ ხერხდება ინგლისურის კარგად სწავლება სკოლაში, საკლასო ოთახში?
„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა მოსწავლეების რაოდენობა კლასში, მასწავლებელს ჩემს სკოლაში კომპეტენციის პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ბოლოს კლასში 34 მოსწავლე ვიყავით, დროის გადანაწილება ძალიან რთულია,“ – სკოლის პრობლემას ხსნის ლიკა რუსია.
ლიკა მიიჩნევს, რომ სტუდენტი აქტიური უნდა იყოს. იგი საპროტესტო აქციებში აქამდეც მონაწილეობდა.
„ჩემი აზრით, სტუდენტები დიდი ძალაა, აქტიურები უნდა ვიყოთ და მოვინდომოთ შეცვლა იმის, რაც არ მოგვწონს… მე გამოვედი აქციაზე 6 ივლისსაც ბათუმში, ვმონაწილეობდი ასევე „ამბასადორის“ წინააღმდეგ აქციებში, რადგან არ შეიძლება საზოგადოებრივი სივრცე ვინმე ერთი პირის ხელში აღმოჩნდეს… მინდოდა იქ სხვებიც ყოფილიყვნენ, უფრო ბევრნი ვყოფილიყავით, რომ ანგარიშგასაწევი გახდეს ეს პროტესტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა იქ არ იყო,“ – აღნიშნა ლიკა რუსიამ „ბათუმელებთან“.
რამ შეიძლება გამოიწვიოს სტუდენტების უფრო აქტიური ჩართვა პოლიტიკურ პროცესში? – ესეც ვკითხეთ ლიკას.
„მთავარი პრობლემა არის აზრის ქონა, საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეს ყველას, რა რატომ მოსწონთ, ან არ მოსწონთ. დაინტერესება არ მოდის, პირველ რიგში. თუ ინტერესი არ ჩნდება, შემდეგ არც პროტესტის გამოხატვა გსურს,“ – მიიჩნევს ლიკა რუსია.
„ერითი 60 წელია, რაც მეველედ ვმუშაობ“, – ისე გეტყვის რიფათ ცეცხლაძე, თითქოს 60 დღეზე გიყვება. თავად მალე 92 წელი შეუსრულდება. 60 ჰექტარზე დათესილ სიმინდის ყანებს კიდევ ორ კოლეგასთან ერთად იცავს – სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი 90 წლისაა, რეზო შაქარიშვილი კი – 79 წლის.
„თიხის ჯირეკი. კაჟივითაა“, – ასე ხუმრობს ოთარ/სულეიმანი მასზე ერთი წლით უფროს რიფათზე. ის და რიფათი 30 წელზე მეტია ერთად მუშაობენ, მეველეები არიან. რეზო შაქარიშვილმა კი ხუთი წლის წინ მიჰყო ხელი ამ საქმეს. მანამდე, 30 წელი რკინიგზაში უმუშავია – ზესტაფონი-ბათუმის მონაკვეთზე. მერე შეგვამცირესო.
ოთარს აცვია „ქართული ოცნების“ ის მაისური, რომელიც 2012 წელს დაურიგეს მოსახლეობას. ამბობს, რომ ამ პარტიის ამომრჩეველია – შვილი კოორდინატორად მუშაობს და აბა, როგორ იქნებაო. თუმცა, შიგადაშიგ ხელისუფლებას მაინც აკრიტიკებს. რეზო შაქარიშვილი მკვეთრად კრიტიკულია, რიფათ ცეცხლაძე კი ხმას უწევს და ისე ამბობს, „ვის მივცემ [ხმას] ახლა მოგეხსენება მაგიო“.
მათ ყველა კითხვაზე აქვთ საკუთარი მოსაზრება, მაგალითად, ჟურნალისტების ცემაზე, ხელისუფლებასა თუ პრემიერ ღარიბაშვილზე, სიღარიბეზე. საუბრობენ თავიანთ საჭიროებებსა და ოცნებებზე. ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ადამიანები განსაკუთრებით გაღარიბდნენ.
საქმე
რიფათ ცეცხლაძე
„ქი ვართ სამი კაცი, ასე გაწამაწიაში. დამხმარე არ გვყავს ჩვენ. ეს მიწები დანაწილებულია 1000, 2000, 3000 მეტრო. 60 წელია აქ ვმუშაობ მეველედ. ძნელია მეველეობა, დღეში ორ-სამჯერ უნდა შემოიარო. სიმინდი რომ მოდის, მაშინ უფრო ძნელია – შამოდიან და მიტეხენ ჭყინტად. ადამიანები შემოდიან. ძროხა შემოვა, გავდენი გარეთ, მაგრამ იგენი – იგენს არაფერი ეშველება.
აქ დიდი ხის კარავი იყო, დეიშალა. არავინმა, გამგებელმა ჩვენმა არ გაგვიკეთა. მაგის ფული ყველაფერი არის და არ გაგვიკეთა, გვამწვალებენ. მოსაცდელი არ გვაქვს, სადა წავიდეთ. „ზონტიკებით“ კი ვართ აქ დამჯდარი. კაცი არ გვიყურებს, სამი კაცით შევინარჩუნეთ ეს ყანები.
რიფათ ცეცხლაძე მალე 92 წლის გახდება. ამბობს, რომ 60 წელია მეველედ მუშაობს და დღეში მინიმუმ 10 კილომეტრს გადის ფეხით
ჩემსას, სამი ათას მეტროს [ყანას] სულ მარტო ვამუშავებ. კაცი არ დამხმარია. სამი თოხი მივეცი. სიმინდს მოვსტეხ და დავყრი ნალიაში. არ ვყიდი. ოჯახში ინდოური მყავს, ქათამი, იხვი. ხომ უნდა ბადიშებს.
რეზოშაქარიშვილი
დარში, წვიმაში, სიცხეში, ქარში, ვკვდებით, დასასვენებელი ადგილი არ გვაქვს… მოსაცდელი. 4 თვეა დაგვპირდენ და რამე არ გაკეთებულა ჯერ.
დილას 6 საათიდან საღამოს ცხრა საათამდეა ჩვენი საქმე. აქ ყანებია, საქონელია, მისი მოვლაა. ჭყინტობაზე ხალხი შეესევა შით, 9 საათამდე აქედან ვერ მივდივართ, რომ ხალხმა არ მოიპაროს.
სულეიმან/ოთარმენაღარიშვილი
1957 წლის შემდეგ ვმუშაობ. ფერმა რომ დეიშალა, წამოვედი, ფერმის გამგე ვიყავი. ვმუშაობ ამხანაგთან, მეზობელთან ერთად. ალალი გულით, არავითარი სხვის ხარამი ჩვენ არ გვინდა.
პაწაი შეძლებული ოჯახი ვართ. რაც კი არსებობს ხილი, ყველაფერი მაქვს საკარმიდამოში – მანდარინი, მსხალი, ვაშლი, კიტრი, პომიდორი. ხელფასს იხდიან მეყანიები. 200 მეყანიეა სულ. მარა ბევრი გადის უფასოდ, იპარებიან. ძალიან ძნელი სამუშაოა.
აქ ორი კილომეტრი ღობეა შესაღობი და არავინ გვეხმარება.
სიმინდის მოსავალი იქნება ოქტომბრის ბოლოს. წელს კარგი პირი აქვს სიმინდს. ფასი დაბალია – 70-80 თეთრი ღირს ჩაბარება და მუშაობა ბევრი უნდა. მე 5 ათასი კვადრატული მეტრი მაქვს [მიწა]. აქ სხვა რამე არ მოდის. პური მოსინჯეს და მოსავალი არ მოგვცა. სიმინდი ჰექტარზე შეიძლება 8 ტონა მოგცეს.
სიღარიბე დაოცნება
რიფათცეცხლაძე
რას გეყოფა პენსია და ხელფასი. მეტი მე არ მაქვს არაფერი. შევარდნაძის ცოლმა თქვა, 8 ლარი ეყოფაო და აი პაწაი მეტია, პაწაი კი არა ბევრი.
გაჭირვებაა ყველგან. მეხუთე სართულზე, მეექვსე სართულზე, თბილისში ბიძაშვილის ბაღანაა ეგერ, გაჭირვებაა [იქაც]. ომის დროს არ იყო ასეთი გაჭირვება. მაშინ გვაძლევდნენ პურის კაკალს, სიმინდს, ტანისამოსის ჩითებს.
რისი ყიდვა მინდა და პროდუქტის, რა ვთქვა, ყველაფერი მინდა.
ხელფასი არ მაქვს. ღობის ღობვაში და დაცვაში ათას მეტროზე მაძლევენ თუმანს, 10 ლარს. გეყოფა ახლა? – არ გეყოფა. ახლა მომიწევს აქა ხუთასი ლარი. რას მეყოფა. კაი, 300 იგი [პენსია] არის, იქნა 800 ლარი. არაფერი არაა მაგი. ბადიში რომ გეტყვის 10 ლარი მომეო, მისცე უნდა. მე რა დამრჩება – აფერი. სკოლაში წევა ბიჭი-გოგო და „ვსიო“. ხომ უნდა ვუყიდოთ – მამა, დედა, ყველაი ვყიდულობთ.
რატომ ვმუშაობ? – აბა სახლში დაჯექი ახლაო რომ მითხრან, არ დავჯდები. მაინც უნდა ვიარო. დღეში სულ პაწაი ერი ათ კილომეტრს გავდივარ. ჯანმრთელობა კაი მაქვს, არ მტკივა არაფერი და ვიარ და ვიქნები.
რეზო შაქარიშვილი
ოჯახში რძალი მყავს, ბადიშები, ცოლი-შვილი. სად უნდა იმუშავონ. ქალი 76 წლისაა. ბიჭი ავადმყოფი მყავს. სოციალურ დახმარებას არ ვიღებ. ასი გზობა შევიტანე განცხადება და იმდენი ქულები მოვდა რომე… მაგის საშველი არ არი. ჩვენ ვინ მოგვცემს.
რა გამოგვივა [ხელფასი] და 500-600 მანათი. 1000 ლარი რომ მქონდეს რას ვიყიდი? – სახლს გავარემონტებდი, რაცხას შევიძენდი ოჯახში.
მთავრობასრასვეტყოდი?
რიფათცეცხლაძე
მთავრობასთან რა გვინდა, ჩვენით უნდა დავთესოთ, მოვყვანოთ – მან ხნავს და ჩვენ კაკალს [სიმინდს] მოვაპნევთ… თუ დაგვეხმარება გაჭირვებულ ხალხს… მაღაზიებია… ძვირია ყველაფერი, ვერ იყიდი ვერაფერს.
მაგენმა შეჭამა მთელი ყველაფერი. ღარიბაშვილი? ადგილზე დააყენეს კიდევ. მაი არის და იქნება კიდევ. ძარცვაა. ვინ ძარცვავს? – მე და შენ აფერი არ მოგვიწევს. იგინმა დახვეტა… ღარიბაშვილია თუ ვინც არის, ყველაი მისდა იბრძვიან, რაცხა გევტანოო.
ივანიშვილია სათავეში. კი მართავს, მარა ისე ვერა, რომ საჭიროა.
არჩევნებზე დავდივარ. ვის მივცემ [ხმას] ახლა მოგეხსენება მაგი. 41-ს ვაძლევთ ხმას. რა ვიცი. მოვლიან. ჰაეთე. გავალ, მივცემ [ხმას], წამოვალ, აქ ვარ სულ.
რა მომწონს „ოცნების“? – ერთ ხანს კაი იყო. ახლა ფასები მოუმატა. არ ვიცი რა მომწონს. ყველაფერი კაი იქნება.
რეზოშაქარიშვილი
პატივს არ გვცემენ [გამგეობა], ხალხი არ გამოყავთ ღობის შესაღობად. 100 კილომეტრი ღობე უნდა შევღობოთ სამმა კაცმა.
რაც მთავარია, ფაროსანაა სოფელში, დასაწამლია. სიმინდსაც შეესია მატლი, კალია. თუ არ დაწამლეს, ტაროს აღარ გაიკეთებს.
მთავრობას რას ვეტყოდი და მოთმინებას. ნორმას დადგეს ყველაი. მაგინი იბრძვიან ფულის გულიზა. სამსახური ქონდენ, ფული ეიღონ და წევიდენ სახლში. გლეხიზა მაგენი არც ერთი არაა.
გაჭირვება ყველგან არის, მარტო სოფელში კი არა. სოფელში მთავარია უმუშევრობა, უფულობა, პენსიას აიღებ და წამალში არ გყოფნის, შემოსავალი ნაკლებია.
ღარიბაშვილი? – რას აკეთებენ იგი მითხარი. რამე გაკეთდა სახეირო? გაქცეული იყო და კიდევ წასავალია მე მგონი. ივანიშვილმა გუშვა და მეიყვანა და დასვა.
არჩევნებზე დავდივართ, მაგრამ ვის მივცეთ [ხმა] აღარ ვიცით – გადავხედავთ, შევხედავთ სიტუაციას. არც ერთი მთავრობის არ გვჯერა. არჩევნები გაყალბდა თუ არა, ვეღარ გეტყვი, მაგენი აბრალებენ ერთმანეთს და ჩვენ ვინ რას გვკითხავს. მაგათ ამბავს ვერ მიხვდება კაცი.
რეზო შაქარიშვილი 79 წლისაა და უკვე ხუთი წელია მეველედ მუშაობს. ამბობს, რომ ძალიან რთული საქმის შესრულება უწევთ, მაგრამ მათ შრომას არავინ აფასებს.
სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი
მთავრობას მადლობას ვეტყვი, კაი მთავრობაა… საყარაულოს გაკეთება გვინდა – ქარში წვიმაში, რომ დავჯდეთ და დევსვენოთ. იგია გამოცხადებული, ტენდერიო. ტენდერი მუა შეიძლება იანვარში. აქ საქონელია იანვარში, ბალახობს. ტენდერი კი არ გვჭირდება, გვჭირდება პატარა სახლი. გვატყუებს ახლა იქნება, ახლა იქნება და ამ ტყვილში ვართ სულ…
ორი ტრაქტორი ყავთ და ფართობებს ვეღარ მისთავა. რომ დარგავ 15 დღეში უნდა კულტივაცია, მეორე კულტივაცია კიდევ 15 დღეში. აგენი მოვიდნენ 30 დღის მერე – დააგვიანენ და თივა გეიზარდა შით. აგერ კაცმა სამჯერ გათოხნა და ნახეთ რაფერი სიმინდი გვაქვს.
ეს მაისური რამდენი ხანია მაქ? – რაც „ოცნება“ დაარსდა იმის მერე მაცვია. რა მომცა? არაფერი. ახალი მაიკა არ მჭირია. ეს დავხიო და მერე.
მეველეები რეზო შაქარიშვილი და სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი [90 წლის]. ისინი ამბობენ, რომ წვიმასა და ქარში ღია ცის ქვეშ არიან და ხელისუფლებას ფარდულის აშენებას სთხოვენ. სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი უკვე 30 წელია მეველედ მუშაობს
პანდემია
რიფათცეცხლაძე
პანდემიაში როგორ ვცხოვრობდით და ვიყავით ჩაკეტილი. აგერ ჩამოუალთ, წევალთ. კორონა ჩვენთან არ იყო მგონი. მე არ მქონია და არც ჩემს ოჯახს და მე სხვას ხომ არ ვწყემსავ. კორონავირუსის შესახებ სულ არაფერი არ ვიცი. მე არაფრის არ მეშინია.
რეზოშაქარიშვილი
დამწყდეული ვიყავით, გარეთ არ გავდიოდით. მთავრობას სოფელში პროდუქტი მოქონდა, მაღაზიებში. მარტო ცენტრში თუ გევიდოდით პენსიის ასაღებად და ეს იყო. სხვა ოჯახში [ვიყავით].
გვეშინია, რომ დაგვემართოს. კორონავირუსი საშიშია. ეს ისეთი დავადებაა, რომ…
ოთარმენაღარიშვილი
პანდემია? რა ვიცი, ჩვენ სამივე ყველა ჯანმრთელი ვართ. ავადმყოფობაა და მე, ჯერჯერობით, ჯანმრთელი ვარ. ორი დღის უკან ჩემი ძმაი კარგად იყო, მარა მერე ავად გახდა, სიცხე მისცა.
პანდემიის დროს ხალხი გაღარიბდა, აბა რა იქნა. ვერსად ვერ მუშაობენ, თურქეთში ვერ წევიდენ.
კორონავირუსზე რა გითხრა – თუ დაემართება, ან გადარჩება… ჩემი ხნის კაცები იქით წავალთ, იმ ქვეყანას. მინდა მე ევცრა, მარა მეშინია. დიაბეტიანი ვარ.
ეშინია ყველას სიკვდილის.
ჟურნალისტებისცემა
რიფათცეცხლაძე
ცოდვაა და რაიზ უნდა გალახო? მაგრამ პოლიტიკაა და იმიზე.
რეზოშაქარიშვილი
ჟურნალისტების ცემა არასწორია. საქართველოს სირცხვილია ეს. ვუყურეთ და დღესაც ვუყურებთ. ეს ვისი ბრალია არ ვიცი. კი იჭირავენ ხალხს, მაგრამ მაგით ეგ არ დადგინდება. ვისი დავალებით ცემეს არ ვიცი. ეს უაზრობაა და ვისია, არც დადგინდება მაგი. დეიჭირავენ ერთ-ორ კაცს და დამთავრდა მაგით.
რა სერვისებია წელს ზღვაზე დასასვენებლად ბათუმში, რა ღირს წყლის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გასეირნება და როგორ იმოქმედა პანდემიამ ამ ბიზნესზე?
ბათუმში ზღვაზე გასეირნების საფასური სხვადასხვა საშუალებით სხვადასხვაგვარია:
30 წუთით გემით გასეირნება 20 ლარი ღირს ერთი ადამიანისთვის.
7 წუთი პარაშუტით ფრენის საფასური 100 ლარია.
10 წუთით ჰიდროციკლით გასეირნება 70 ლარი ღირს – მოცემულ ფასად ორი ადამიანი გაისეირნებს წყლის ამ ტრანსპორტით.
30 წუთით კატარღით გადაადგილება ღირს 80 ლარი.
თუ იახტის დაქირავება გსურთ, 30 წუთით ამ სიამოვნებისთვის 150 ლარი დაგჭირდებათ – ფასში 2-დან 6,7 მგზავრის გადაყვანაა ნაგულისხმევი.
იახტკლუბში გვითხრეს, რომ პანდემია ამ ბიზნესზე ძალიან ცუდად აისახა, რადგან გასულ წლებთან შედარებით გაძვირდა საწვავი და მოიმატა სერვისების ფასიც. შემცირდა ტურისტების რაოდენობა.
„ძირითადად ჩვენი სერვისებით სარგებლობენ ისრაელიდან და არაბეთიდან ჩამოსული ტურისტები. გაცილებით დიდ ინტერესს გამოხატავენ ზღვაზე გასართობების მიმართ არაბი ტურისტები.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულები დიდად არ ინტერესდებიან წყლის ტრანსპორტით. ამ ქვეყნებიდან ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოდიან. ძირითადად არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან ჩამოსულ მომხმარებელზეა ჩვენი ბიზნესი დამოკიდებული,“ – გვითხრეს იახტკლუბში.
თხილის ფასი დაახლოებით 4 ლარია – გვითხრეს ბათუმში, ქობულეთში, სუფსაში და სამეგრელოში დღეს, 6 აგვისტოს. მეთხილეების შეფასებით, ეს საშუალო ფასია იმის გათვალისწინებით, როცა თხილის კრეფა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არაა შესული და მოსავალი ნედლია.
ბათუმის აგრარულ ბაზარში აღნიშნეს, რომ ნედლი თხილის ფასი ხარისხის მიხედვით დაახლოებით 3,5 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს, რეალიზება კი, 4,5 – 5 ლარია.
ქობულეთელი მეთხილეების თქმით კი, თხილის ჩაბარება სოფლებში ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა რამდენიმე პუნქტია, სადაც თხილის ჩაბარება უპრობლემოდ შეიძლება. თხილის კრეფის სეზონი უკვე დაიწყო.
„დაიწყო თხილის ჩაბარება სამი ლარიდან და ახლა დაახლოებით 4 ლარია. იმედია, მოიმატებს კიდევ, რადგან ლარი გაუფასურებულია,“ – გვითხრეს ქობულეთში.
ნედლი თხილის ჩაბარების ფასი დაახლოებით 4 ლარია გურიაში, მაგალითად, სუფსაში.
თხილის ჩაბარების საშუალო ფასი ზუგდიდსა და სენაკში 4 – 4.5 ლარი დაგვისახელეს.
„იგივე ფასია წელს, რაც გასულ წელს იყო. შეიძლება 50 თეთრით მეტი იყოს, მეტად არ გაიზრდება,“ – გვითხრა კომპანია „ნათს ელის“ დირექტორმა ბადრი ლორჩოშვილმა. ეს კომპანია ბოლო 10 წელია თხილის ექსპორტზე მუშაობს საქართველოდან ევროპის ქვეყნებში.
ექსპორტიორის შეფასებით, თხილის ფასზე ვერ აისახება ის, რომ წელს თურქეთში განსაკუთრებით დიდი მოსავალია და უხვმოსავლიანობაა საქართველოშიც. თურქეთი თხილის ბაზარზე ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ბადრი ლორჩოშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თხილზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე ისევ მაღალია, მიწოდება კი – ნაკლები.
„თხილის საშუალო ფასი მსოფლიო ბაზარზე წელს 5 – 5,5 ამერიკული დოლარია. ევროპაში უკვე კარგად იციან ქართული თხილის ფასი. ჩვენ მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ფორმით ვახარისხებთ თხილს და ისე ვაწვდით. ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაგვაქვს თხილი,“ – გვითხრა ბადრი ლორჩოშვილმა.
ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.
ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებულ აუქციონში კომპანია „აჭარაბეთმა“ გაიმარჯვა და აღნიშნული უფლება 8.7 მილიონ ლარად შეიძინა.
კომპანიას მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.
აუქციონში გამარჯვებული კომპანია ,,აჭარაბეთი“, რომელმაც ბათუმის სტადიონის დასახელებისა და რეკლამირების უფლება მოიპოვა, ყოველწლიურად აჭარის პროექტების მართვის კომპანიას 1,75 მლნ ლარს გადაუხდის, 5 წლის განმავლობაში ჯამური თანხის ოდენობა კი 8.7 მილიონი ლარი იქნება.
ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს ბათუმის „დინამო“ მართავს. ეროვნული ლიგის პარალელურად, სტადიონი „უეფას კონფერენს ლიგის“ მატჩებსაც მასპინძლობს. შემოდგომაზე კი საშინაო შეხვედრებს ,,აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.
ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა დღეს, 6 აგვისტოს, 31-მდე გაიზარდა. ეს ერთადერთი კლინიკაა ბათუმში, სადაც კოვიდით დაავადებულ ფემხმძიმე ქალებს მკურნალობენ.
დღევანდელი მონაცემებით, 31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 25-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება.
„თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ პაპავა, „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ დირექტორი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კოვიდსიტუაცია ქვეყანაში დამძიმდა, ანუ ბოლო 2 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 პაციენტის გადაყვანა გახდა საჭირო მესამე დონის კლინიკაში, რომელიც ქუთაისსა და თბილისშია.
ნუგზარ პაპავას თქმით, ორსული ქალების ნაწილი ქორწილში დაავადდა, მათ შორის საკუთარ ქორწილში.
„ერთი პაციენტი, რომელსაც ახლა ვმკურნალობთ, თავად იყო პატარძალი და ვიღაცამ გადასდო კორონავირუსი; მეორე ემზადებოდა დედოფლობისთვის, წინა პერიოდშიც რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, როცა პატარძალი იყო ქალი და დაინფიცირდა, ან ქორწილში იყო და იქ დაავადდა,“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.
სამშობიარო სახლში თითოეულ ინფიცირებულს მინიმუმ 10 დღეს აჩერებენ. თუ პაციენტს სიმპტომები ისევ აღენიშნება, მას კლინიკაში ტოვებენ და სიმპტომების ალაგებიდან 3 დღის შემდეგ წერენ.
თითქმის ერთი წელია ბათუმის სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებაში მხოლოდ კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს მკურნალობენ. ბოლო ორ თვეში, როცა ინტენსიურად დაიწყეს ისევ კოვიდით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალების მიღება, აქ ორი ახალი სიცოცხლე გაჩნდა.
ბოლო რამდენიმე თვეა ქორწილებიდან კორონავირუსით გავრცელების არაერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა შუახევში, სოფელ ჭვანაში იყო, სადაც კორონავირუსი უშუალოდ პატარძალს დაუდასტურდა.
„ის 4 თვის ფეხმძიმეა და ქორწილში დაინფიცირდა, არ ვიცით, ვისგან. სიცხე ჰქონდა და ამიტომ წავიყვანეთ მაშინვე ექიმთან. ჩემს შვილს ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრს კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მურად ბეჟანიძემ. ის პატარძლის მამამთილია.
სოფელ ჭვანაში ათეულობით მექორწილე დაინფიცირდა, თუმცა უცნობია, რომელი ქორწილი გახდა ამის მიზეზი – ივლისის ბოლოს ჭვანაში რამდენიმე ქორწილი გაუმართავთ.
აკრძალვის მიუხედავად ქორწილებს სარიტუალო დარბაზებში ისევ მართავენ ბათუმშიც და ხელისუფლება ამას არ იმჩნევს. ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ „ბათუმელებმა“ შსს-ს ჰკითხა: ჩხუბის გამო ქორწილში პატრული გამოიძახეს. მოქალაქემ გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატრულის 9 ეკიპაჟია ადგილზე მისული. ამ შემთხვევაშიც კი არავინ დაუჯარიმებიათ ქორწილის გამართვისთვის.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სარიტუალო დარბაზის მესაკუთრეები ბოლო პერიოდში მომსახურების ნაცვლად ქირავნობის ხელშეკრულებას აფორმებენ ოჯახთან, ვისაც ქორწილი აქვს. ამ შემთხვევაში, თუკი პატრული მექორწილეების დაჯარიმებას გადაწყვეტს, დაჯარიმდება არა სარიტუალო დარბაზის მფლობელი 10 ათასი ლარით, როგორც იურიდიული პირი, არამედ ფიზიკური პირი, ვინც ქორწილს მართავს, 2 ათასი ლარით.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოუწოდებს დამსვენებლებს დაიცვან კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, „რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბულვარში სეირნობის დროს“:
„დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში გამოიყენეთ პირბადე!
თავი აარიდეთ ჯგუფურ შეკრებას!
მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია!
ჩაერთეთ საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში!“
ბათუმის ბულვარი ასევე მიმართავს ყველა კერძო მეწარმეს, მაქსიმალურად აკონტროლონ მათ სივრცეში არსებული ვითარება და დაიცვან საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეგულაციები.
„თხოვნით მივმართავთ ასევე ვიზიტორებს, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ბაღის ტერიტორიით – მოერიდეთ მასობრივ შეკრებას! ატარეთ პირბადე! დაიცავით სოციალური დისტანცია!“ – აცხადებს ბულვარის ადმინისტრაცია.
6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 628 ახალი შემთხვევა.
თითქმის ერთი კვირაა საბერძნეთში ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ათენთან ახლოს მდებარე კუნძულიდან.
ხანძრის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, არის ქარიანი ამინდი, რაც ხელს უშლის ტყის ხანძრის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები და ავტომანქანები.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას 5 აგვისტოს მოუწოდა, მაქსიმალურად შეზღუდონ არამიზნობრივი გადაადგილება.
ხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ORESTIS PANAGIOTOUხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ORESTIS PANAGIOTOUხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ALEXANDER BELTESხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YANNIS KOLESIDISხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KOSTAS TSIRONISხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KOSTAS TSIRONISხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KOSTAS TSIRONISხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KOSTAS TSIRONIS
ხანძარი საბერძნეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/PANAGIOTIS KOUROS
„14 წლის ნინის საქმეზე“ სოლომონ ცეცხლაძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ნინის ბაბუაა და თითქმის ნახევარი წელი საპატიმრო დაწესებულებაშია.
საუბარია 2021 წლის 10 თებერვალს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარ შემთხვევაზე– 14 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ორი თვით ადრე არასრულწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი პოლიციელებმა ნინის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. 15 თებერვალს დააკავეს ნინის ბაბუაც მუქარის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 14 წლის ნინის ბაბუა მუქარის ნაწილში უდანაშაულოდ მიიჩნია, თუმცა სოლომონ ცეცხლაძეს ოჯახში ძალადობა დაუდასტურდა.
ამ დრომდე არ დასრულებულა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცის სასამართლო პროცესი.
ავტორი: სალომე პატარიძე, ილიაუნის ასისტენტ პროფესორი
___
ზაფხულის ერთი საღამო ბებიაჩემის ეზოში შეკრებილი ბავშვებისთვის საკრალურად გადაიქცა – ჩვენმა მეგობარმა მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ გვიამბო. მანვე შემოგვთავაზა, წიგნში მოყოლილი ამბები გაგვეთამაშებინა.
მას შემდეგ თითოეული დღე განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად გადაიქცა. არცერთ ჩვენგანს აღარ გვახსოვდა, რომ სკოლისათვის ჩვენს მშობლებს ისევ ვაი-ვაგლახით უნდა ეშოვათ ტანსაცმლის, წიგნების ფული, მამები და დედები კვლავ სამსახურის ძიებაში იყვნენ. ფიქცია ჩვენი თავშესაფარი აღმოჩნდა – ვმოგზაურობდით ერთი ქალაქიდან მეორეში, ერთი პერსონაჟის ცხოვრებიდან მეორეში და ნელ-ნელა ვაცნობიერებდით, რომ სამყარო უსასრულო შესაძლებლობებითაა დახუნძლული და ჩვენ ვწყვეტდით, გვინდა მათი მიღება თუ არა.
ალტერნატიული სამყაროს ძიებამ სოფლის დანგრეულ ბიბლიოთეკამდეც მიგვიყვანა და ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით – გაყვითლებული და ნესტიანი წიგნები განადგურებისგან უნდა გვეხსნა, ამისათვის კი მოგვქონდა ბიბლიოთეკიდან წიგნები და მათ გვერდებს ვაცოცხლებდით. გულწრფელად გვჯეროდა, რომ ამ გზით გადარჩებოდნენ.
იმ ზაფხულებმა მე გამაცოცხლა და შესაძლებლობა მომცა, უიმედობის, გზააბნეულობის დროებაში გზის ძიება არსიანად მიმეჩნია.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა.
6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული პაციენტის პირველი გარდაცვალებიდან, 2020 წლის 4 აპრილიდან დღემდე, 6 აგვისტომდე, კოვიდით გარდაცვლილია 6016 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირდა 440 353 ადამიანი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 6 აგვისტოს 21 საათიდან 7 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 30 – 35 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ჩემს გარშემო ყველა ბავშვი იყო, ყველას ქართული სახელი ჰქონდა და არავინ ფიქრობდა გმირობის ჩადენაზე. თანაც არა თბილისში, არამედ სადღაც, მენგში, პარიზში, ლა როშელსა და თუნდაც ტულუზაში. მხოლოდ მე ვიყავი დარტანიანი და სწორედ ამიტომ, გაცილებით საინტერესო ცხოვრება მქონდა ვიდრე სხვებს.
ასეთი მრავალფეროვნების მიზეზი დედაჩემის მიერ ბუკინისტებში იაფად ნაშოვნი “სამი მუშკეტერი” გახლდათ, რომელსაც ყდაზე ძალიან დიდი დარტანიანი ეხატა.
დარტანიანის და მისი ძმაკაცების ამბები ყველაზე მაგარი ამბებია, როცა გინდა, რომ მაგარი ბიჭი იყო და თან ზღაპრული ადგილებიც ახლო-მახლო გქონდეს.
თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა ამბის სათაურს. საქმისთვის ყველანაირი კარგი ამბავი გამოდგება, რადგან შეუძლებელია რაიმე ემოციის, ან გრძნობის ნაკლებობას არ განვიცდიდეთ და ასეთ დროს გვეხმარება კარგი ტექსტები. კარგ ტექსტებს გაზიარების უნარი აქვთ. სიყვარულის, სიძულვილის, მეგობრობის, სამხრეთ ამერიკის… ყველაფრის გაზიარების უნარი.
ახლა იმაზე ექვსი წლით დიდი ვარ, ვიდრე თავად დარტანიანი პირველი ხმალაობისას. თუმცა, კარგი ტექსტების გაცნობისას მიღებული ემოციებისადმი დამოკიდებულებას, ასაკი ვერ ცვლის. გავლენებიც ისევე მარტივად მოდის, როგორც თორმეტი წლის ასაკში.
ასე რომ, თუ ხვდებით, რომ ცხელა, ან ცივა და გარეთ არავინ გამოვა და ფულიც არ გაქვთ და ცხოვრება ცოტა გაბანძდა, წიგნების კარადები მოქექეთ.
როცა ხან ქალაქში, ხან აგარაკზე, ხან მთაში, ხან ზღვაზე, ხან შინ – ხან გარეთ, სანდო, სტაბილური და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველგან გჭირდებათ.
ახლა აქციაა და თუ ჯერ არ სარგებლობთ სილქნეტის ოპტიკური სერვისით, კარგი დროა ქსელში ჩასართავად. ინტერნეტი +ტელევიზიას თუ აირჩევთ, ორი თვით ყველაზე მაღალი ტვ პაკეტი „პრემიუმ+“ გაგიაქტიურდებათ გადასახდელის გარეშე. ინსტალაციაც უფასოა!
ტელე პაკეტში 200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხია. მათ შორის სილქ სპორტის და სეტანტას არხები, ასევე ყველა საინფორმაციო, შემეცნებითი, კინო და გასართობი კონტენტი. დამატებით შეგეძლებათ კინოკატალოგით Amediateka ისარგებლოთ – თვეში 3 ლარად. კინოკატალოგში HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალების პრემიერებსა და ახალ ეპიზოდებს მიადევნებთ თვალს. თანაც, მაღალი ხარისხით, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე, ენის ცვლის შესაძლებლობით (Audio).
ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით, გადაამოწმეთ არის თუ არა თქვენი მისამართი, აგარაკი, რეგიონი სილქნეტის ოპტიკური ზონებში და ერთიანად შეუკვეთეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ტელევიზია გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით.
ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე 7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი სილქნეტის ქსელის უპირატესობაა – მთაში, ბარში, ზღვაზე, კურორტებზე, აგარაკებზე – ყველა დიდ დასახლებულ პუნქტშია დანერგილი უახლესი ტექნოლოგია.
თუ სილქნეტის მობილურ ქსელში დღესვე დაპორტირდებით, ერთი წლის მანძილზე, 2GB ინტერნეტ პაკეტს მიიღებთ საჩუქრად ყოველთვიურად. პორტირება უფასოა და შესაძლებელია, როგორც მომსახურების ცენტრებში, ისე ონლაინ შეკვეთით.
განაცხადის დაფიქსირების შემდეგ – სიმ ბარათს მსურველი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებს. თბილისში სასურველ მისამართზე მიტანა – უფასოა.
რაც შეეხება სხვა მობილურ შეთავაზებებს: კომპანიამ „სილქ კოსმოში“ გააერთიანა პაკეტების ნაკრები, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს აქტივობებს და დღის რეჟიმს. სურვილისამებრ აირჩიოთ დღიური, ორკვირიანი, 28 დღიანი პირობები.
სილქნეტმა, მომხმარებელთა სურვილის გათვალისწინებით, შეთავაზებებში დააბრუნა ერთდღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი 1 ლარად. თუ მეტი დღით გსურთ ინტერნეტის ულიმიტოდ გამოყენება, ესეც გათვალისწინებულია შეთავაზებაში: 5 დღით- 4 ლარია, ღამის საათებში ინტერნეტით შეუზღუდავად სარგებლობა – თვეში 4,9 ლარი.
თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram გვერდებზე და ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც „სილქფესტის“ აქციის შესახებ წინასწარ შეგატყობინებენ. ეს შეთავაზებები საშუალებას მოგცემთ მინიმალურ ფასად ჩაირთოთ ულიმიტო ინტერნეტი და უსასრულო სასაუბრო დრო მთელი თვით, ან გაიაქტიუროთ ის შერეული კომბინაციები, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ იმ მომენტისთვის.
სილქნეტის მობილური ინტერნეტი, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან, მოგცემთ საშუალებას მუშაობას დასვენებაც შეუთავსოთ. ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ!
ბათუმში დასრულდა შეხვედრა „დინამო ბათუმსა“ და თურქულ კლუბ „სივასპორს“ შორის ანგარიშით 2:1, თურქული კლუბის სასარგებლოდ.
პირველი ტაიმი ბათუმელი ფეხბურთელების უპირატესობით დასრულდა, ანგარიშით – 1:0. თუმცა მეორე ტაიმში „სივასპორმა“ ჯერ ერთი გოლი გაუტანა „დინამოს“ და ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წუთებში კი თურქულმა კლუბმა მეორე გოლიც გაიტანა.
ეს უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას „დინამო ბათუმი“ „სივასპორთან“ უკვე თურქეთში გამართავს, 12 აგვისტოს.
ავტორი: მეგი ქარცივაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი
___
დღეს ძალიან უცნაურ, რთულ და დაძაბულ რეალობაში გვიწევს არსებობა. თითქოს უკვე ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ემპათიის ნაკლებობას, ბრაზს, სიძულვილს, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობას, შუღლს და შემდეგ უკვე ამ ყველაფრით ნასაზრდოებ ნიჰილიზმს. ძნელია იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რა არის ამ მოცემულობის მიზეზი, მიზეზები კომპლექსურია ხოლმე, მაგრამ რაც კაცობრიობის ისტორიამ უკვე ძალიან კარგად გვასწავლა, არის ის, რომ ყოველგვარ კეთილშობილებასა და პროგრესს საფუძვლად ედო განათლება.
ღირებული მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა საზოგადოებრივ აზრს, ერთსა და იმავე კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას – როგორ უნდა გახდეს ადამიანი უფრო კეთილშობილი? როგორ უნდა გავხადოთ სამყარო ჩვენ გარშემო უკეთესი? როგორ უნდა შევქმნათ საზოგადოება, სადაც სიკეთე სჭარბობს ბოროტებას? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებაა განათლება. ყველანაირი ცოდნა ფუჭია, თუკი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ისახავს მიზნად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ წიგნებზე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ, სამეცნიერო ლიტერატურაზე, რათა ნაცრისფერი, მოქუფრული რეალობის მიღმა, რაშიც ცხოვრება გვიწევს, მათ თვალწინ გადაიშალოს მრავალშრიანი, ფერადი და ამოუწურავი სამყარო. ამ სამყაროსთან ზიარების შემდეგ ისინი თავად დაიწყებენ კითხვებზე პასუხების ძიებას, მიხვდებიან, რომ ყველანაირი ცოდნა, იდეოლოგია თუ რწმენა, რაც არ ემსახურება მთავარს – ადამიანს, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და თავისუფლებას – ფუჭია.
მხოლოდ ცოდნა ქმნის პროგრესს, აღვივებს ადამიანში ყოველგვარ სიკეთეს, შესაბამისად მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების განათლებისთვის გაღებული თუნდაც მცირე ძალისხმევა კეთილშობილური და სასარგებლო რამაა, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის.
ვთვლი, რომ „ბათუმელების“ ეს პროექტი მაღალმთიან აჭარაში სამაგალითოა და მასში თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა, მცირედი კონტრიბუციაც მნიშვნელოვანია, რათა მომავალში მსგავსი ინიციატივები გაჩნდეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე, „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანია „ვესთ თაუერსმა“, რომელიც აქვე 242 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენს აშენებს, ჯიხური ჩადგა. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ჯიხური აქ უკანონოდ დგას.
„ვესთ თაუერსი“ აქვე 7 023 კვ.მეტრი მიწის ფართობს ფლობს, რომელიც სახელმწიფოსგან 30 მილიონ ლარად იყიდა. ეს ნაკვეთი კომპანიამ შემოღობა, თუმცა ჯიხური ჩადგა არა თავის ტერიტორიაზე, არამედ სამშენებლო ღობის გარეთ. ის ქვეითად მოსიარულეეებს გადაადგილებაში ხელს უშლის.
შარტავას გამზირის ამ მონაკვეთში წლებია ტროტუარი მოწესრიგებული არ არის, თუმცა მოქალაქეებს ახლა ის ბილიკიც ჩაუკეტეს, რომლითაც აქ გადაადგილდებოდნენ.
ბათუმი, ჟიული შარტავას გამზირი / 4.08.2021
მართალია, აქ ტროტუარი წლებია მოსაწყობია, თუმცა, ფიროსმანის ქუჩიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით და პირიქით, მოქალაქეები ფეხით გადაადგილებას მაინც ახერხებდნენ. ამ ჯიხურის ჩადგმით კი, მოქალაქეებს მხოლოდ ავტომანქანების სავალ ნაწილიღა რჩებათ გადაადგილებისთვის. ამ მონაკვეთში ტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობს და შესაბამისად, ფეხით გადაადგილება სიცოცხლისთვისაც საშიშია.
ტერიტორია, სადაც ჯიხური დგას, საჯარო რეესტრის საკადასტრო მონაცემებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.
საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიისა და აჭარის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის საზღვარი სტაფილოსფერი ხაზითაა გავლებული. რეესტრის ამ რუკის მიხედვით, მანქანების სავალი ნაწილიდან კომპანიის ნაკვეთამდე დაახლოებით 3,7 მეტრი სიგანის ზოლი აჭარის საკუთრებაშია. სწორედ ამ ზოლში დგას კომპანიის ჯიხური:ბათუმი, ჟიული შარტავას გამზირი
შეუთანხმა თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტროტუარის ჩაკეტვაზე, ან ხომ არ აქვს კომპანიას გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება აღნიშნულ ნაკვეთზე? – ამ კითხვით, „ბათუმელები“ დაუკავშირდა „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაულ კახაძეს.
„იქ მოწესრიგებულია სავალი ნაწილი თქვენი აზრით? ჯერ მაგაზე გაამახვილეთ ყურადღება… ჯიხურის დადგმაზეც და ღობის შემოვლებაზეც გვაქვს ნებართვა“, – გვითხრა რაულ კახაძემ.
რაულ კახაძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ, სად დგას ჯიხური, ჩვენ უნდა გავარკვიოთ: „ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ, ტოპოგრაფი უნდა მიიყვანოთ, წერტილები უნდა მოგცეთ და უნდა ნახოთ ეს ჯიხური სად დგას“. თუმცა, საუბარში აღნიშნა, რომ ჯიხური კომპანიის მიერ შეძენილ ნაკვეთზე დგას.
„როგორც არქიტექტურის სამსახურში განაცხადეს, ღობის მოწყობაზე ნებართვა გაცემულია და პროექტის მიხედვით ჯიხური არის ღობის შიგნით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის პრესსამსახურში, დღეს, 5 აგვისტოს.
„აღნიშნულ კომპანიას მიეცა მუნიციპალური ინსპექციის მიერ მითითება ჯიხური შეიტანოს ღობის შიგნით სანებართვო პირობების გათვალისწინებით, პროექტის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონის შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – გვითხრეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.
რაც შეეხება რეაგირებას, მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ „არის ეტაპები – ჯარიმდება და ეძლევა მითითება დემონტაჟზე, შემდეგაც თუ არ გაითვალისწინებს, საკითხი გადადის აღსრულებაში“.
სააქციო საზოგადოება „ვესთ თაუერს“, „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ და ჩინეთის მოქალაქე ჰოუ იანანიმ 2021 წლის 10 მაისს დაარეგისტრირეს [როგორც სს „დე ჯგუფი“, რომლის საფირმო სახელწოდება 19 ივლისს შეიცვალა].
საზოგადოების სახელის შეცვლამდე, ჩინეთის მოქალაქემ კუთვნილი წილი – 75%, უსასყიდლოდ გადასცა „მეტრო ატლას ჯორჯიას“. შესაბამისად, დღეს, „ვესთ თაუერსის“ 100% წილის მფლობელი „მეტრო ატლას ჯორჯიაა“.
„მეტრო ატლას ჯორჯია“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ კი გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია.
ჟიული შარტავს გამზირზე ტროტუარისა და უსინათლოთა ბილიკების სხვა კომპანიის მიერ ხელოვნურად ჩაკეტვაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ამ მონაკვეთში კაპიტალურად მოწყობილ ტროტუარსა და უსინათლოთა ბილიკებზე ხელოვნური ბარიერები კომპანიამ ინფორმაციის გამოქვეყნების დღესვე აიღო.
ბათუმი, ჟიული შარტავას ქუჩა / 7.05.2021 / რეესტრის მიხედვით, ავტომანქანების სავალი ნაწილიდან 3,7 მეტრის დაშორებით ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია [დანარჩენი ტერიტორია სახელმწიფომ უკვე გაყიდა და აქ „ვესთ თაუერსმა“ 242 მეტრი სიმაღლის შენობა უნდა ააშენოს]
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.
ამასთან, საპატრულო პოლიციის ინფორმაციით:
დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით;
ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, დროის აღნიშნულ პერიოდში, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, გადაერთვება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება.
ჯონას შაიკი 25 წლის ბელგიელია, რომელმაც ხულოში, სოფელ თაგოში ტურისტული ბიზნესი ოთხი წლის წინ წამოიწყო. ჯონასი ამბობს, რომ ყველაფერი მიატოვა, მათ შორის უნივერსიტეტი, სადაც ფსიქოლოგიას სწავლობდა და სამოგზაუროდ წამოვიდა. საქართველოში როგორც ტურისტი ისე ჩამოვიდა, სამი კვირის განმავლობაში იმოგზაურა იმერეთში, სვანეთში, ბათუმში. აჭარაში ყველაზე მეტად სოფელი თაგო მოეწონა, რომელიც ზღვის დონიდან ათას მეტრზე მდებარეობს და დაბას საბაგირო გზით უკავშირდება.
„ერთი შეხედვით სრული სიგიჟე იყო, თუმცა მე ეს გავაკეთე“
„ყირგიზეთში ვაპირებდი მოგზაურობას, თუმცა ძალიან შორს იყო. აღარ ვისურვე კომფორტის ზონიდან გამოსვლა. რუკას დავხედე და არჩევანი საქართველოზე შევაჩერე. საქართველოში სამი კვირა დავყავი, ვნახე ქუთაისი, ბათუმი, სვანეთი… თაგო განსაკუთრებით მომეწონა. არანაირი სასტუმროები, არანაირი გესთჰაუსები, ნამდვილი ტურისტული ადგილი იყო“ – ამბობს ჯონასი.
მთის ფერდობზე შეფენილ სოფელში ჯონასმა რამდენიმე კარავი დადგა და ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს მასპინძლობს. „შემიყვარდა საქართველო, საოცარი ბუნებაა“ – გვეუბნება ის.
„როცა პირველად ეს ადგილი ვნახე, აღვფრთოვანდი. გადავწყვიტე მიწა შემეძინა, ბელგიაში დავბრუნდი, ფული ვიშოვე და მეგობრებთან ერთად ეს ადგილი შევიძინე. ერთი შეხედვით, სრული სიგიჟე იყო, თუმცა მაინც საოცარი შეგრძნება მქონდა.
ტურისტულ ბიზნესში გამოცდილება არ მქონდა, თუმცა საქმე წამოვიწყე და ამაში მთელი გული ჩავდე“ – ამბობს ჯონასი.
იგი ფიქრობს, რომ ამ მთის წვერზე მსგავსი საქმიანობის დაწყებით ადგილობრივ მოსახლეობასაც დაეხმარება. „ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება შეცვალო“ – გვეუბნება ის.
ჯონას შაიკი ხულოში, სოფელ თაგოში.ტურისტები გლემპინგ თაგოში
„ფიქრობდნენ, რომ ძალიან მდიდარი ვარ“
„საქართველოში ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ცხოვრობს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ადამიანები გამორჩენას ცდილობდნენ. რადგან ევროპიდან ვარ, ფიქრობენ, რომ ჯიბე ფულით მაქვს სავსე, ამიტომ ბევრი გამოძალვას ცდილობდა. მე მათიც მესმის, ყველას უნდა, რომ სწრაფად იშოვოს ფული. მე კი მინდა, რომ ჩემი საქმიანობით ყველამ მიიღოს სარგებელი, მეც შემიძლია რაღაც ახალი გავუზიარო მათ. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც ამ სოფელში ცხოვრობს“ – გვეუბნება ჯონასი.
საქართველოდან ძალიან მაღალია დასავლეთის ქვეყნებში მიგრაცია. ადამიანები ფიქრობენ, რომ სწორედ ევროპაში იპოვიან უკეთეს სამუშაოს, კარგ ცხოვრებას. ჯონასი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ საქართველოში ადამიანებს ჯერ კიდევ უწევთ მონური შრომა, რადგან ანაზღაურება ძალიან დაბალია.
„ზოგადად, რომ ვაკვირდები, ამ ქვეყანაში გრძელვადიანი, მდგრადი გეგმები არავის აქვს, ყველა ცდილობს მოკლე დროში იშოვოს ფული. მაშინ როცა ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს განვითარების პოტენციალი.
ის, რომ ფულის შოვნას ადვილი გზებით ცდილობენ, ამის მაგალითია თუნდაც ბათუმი. უშნოდ ჩაყრილი ამხელა შენობები, რომელიც ვფიქრობ, რომ უხარისხოდაცაა აშენებული, ათ წელიწადში ზიანს მოუტანს ამ ქალაქსაც და ეკოლოგიასაც.
ჯონასი გლემპინგ თაგოში
„რამ გამაკვირვა საქართველოში“
„გაკვირვებული ვიყავი იმით, როგორ ბევრს სვამენ ქართველები. მთელ ჭიქას გადაჰკრავენ. პირველად გაკვირვებული ვეკითხებოდი – „რას აკეთებთ?“ ჩვენთან, ბელგიაში, ღვინოს პატარა ჭიქებით ვსვამთ, ცოტას და ნება-ნება“ – ამბობს ჯონასი.
გლემპინგ თაგო
„ქართულად წერა-კითხვას ვსწავლობ, არ არის რთული. თუმცა საუბარს ჯერ ვერ ვახერხებ“- გვეუბნება ის და ცდილობს კერძების სახელები გაიხსენოს – „ხაჭაპური“, „საცივი“, „აჯაფსანდალი“… მოსწონს ქართული ღვონოებიც, მაგრამ არ უყვარს ლუდი – „არც ქართული და არც ბელგიური“.
ჯონასი ამბობს, რომ თავიდან გაუჭირდა კომუნიკაცია ადგილობრივებთან, ყველა დეტალის გავლა თარჯიმნის დახმარებით უწევდა, თუმცა ახლა ბევრად კარგად ესმის მათი.
„სტუმართმოყვარე, ამასთან საკმაოდ ქსენოფობიური“
ჯონასის აზრით, ქართველები ზოგადად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ღიად გამოხატავენ სიძულვილს განსხვავებული ადამიანების მიმართ.
„მახსოვს, თბილისში ვიყავი, ღამის კლუბში, სადაც შავკანიანი DJ უკრავდა. ვსაუბრობდით, როცა ერთი ნასვამი გოგო მოგვიახლოვდა უთხრა: „რას აკეთებ აქ? რა გინდა, ამ ქვეყანაში არ მოგვწონს შენნაირები“. შოკში ჩავვარდი, რადგან მგონია, რომ ასეთ ადგილებში ზოგადად, უფრო გონებაგახსნილი ადამიანები დადიან. ძალიან გამიკვირდა.
„მინდა ამ ადგილზე, რომელიც ტურისტებისთვის შევქმენი, ყველა ადამიანი კარგად გრძნობდეს თავს“- ამბობს ჯონასი.
ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ დიდი გზა აქვს გასავლელი რასიზმის დასაძლევად.
შევამჩნიე, რომ აქ არ უყვართ აფრიკელები და ინდოელები. მეც შერეული წარმოშობის ვარ, ზოგჯერ როცა ფიქრობენ, რომ ინდოელი ვარ ან აფრიკელი, არ მელაპარაკებიან. როცა იგებენ, რომ ბელგიელი ვარ, მერე სრულიად იცვლება ყველაფერი.
ვფიქრობ ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ ფიქრობენ, რადგან ევროპიდან ვარ, ბევრი ფული მაქვს, მეორე კულტურის ამბავია, ფიქრობენ, რომ ქართველებს ევროპულ კულტურასთან უფრო მეტი აქვთ საერთო“.
თაგოს საბაგიროს სიგრძე 1720-ია, ხოლო სიმაღლე 280 მეტრი.
ჯონასი ამბობს, რომ საქართველოში პროფესიონალიზმის პრობლემაც დგას და მაგალითისთვის საკუთარ გამოცდილებას ასახელებს:
„როცა კარვების პროექტზე ვმუშაობდი, საკმაოდ იმედგაცრუებული ვიყავი თანამშრომლების პროფესიონალიზმით. ორ თუ სამ არქიტექტორთან ვმუშაობდი, მაგრამ საბოლოოდ, სამუშაოს დიდი ნაწილი თავად შევასრულე“.
ჯონასის აზრით, უცხო მხარეში დამკვიდრება არც ისე მარტივია.
„იყო მომენტები, როცა თავს ცუდად ვგრძნობდი, შფოთვები მქონდა, შეიძლება ოდნავ დეპრესიაც კი, თუმცა ეს გამოწვევა იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ როცა საქმე გამოდის, უკვე მარტივია ვთქვა – „ეს ამად ღირდა “ – გვეუბნება ის.
ბაგირზე სიარული ჯონასის საყვარელი აქტივობაა.
ზამთრობით, დიდთოვლობის გამო თაგო იკეტება, ამიტომ ჯონასიც ბელგიაში ბრუნდება.
საქართველოში ცხოვრებას სულ ცოტა ხუთი წელი კიდევ აპირებს. შემდეგ გეგმებს კი ის განსაზღვრავს, რას უკარნახებს ცხოვრება. „ძალიან ბევრი იდეა მაქვს, ვნახოთ როგორი განწყობა მექნება, როგორ წავა ბიზნესის საქმე“ – ამბობს ჯონასი.
დღეს, 5 აგვისტოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დასაცავად აქცია ბათუმშიც გამართეს.
აქციის მონაწილეები მუზეუმის შენობის დანგრევის შესახებ შესაძლო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ითხოვენ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციისა და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა.
იგივე მოთხოვნით აქცია დღეს თბილისში, პუშკინის სკვერშიც გაიმართა.
„ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მასში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია”, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
აქციის მოთხოვნებია ასევე გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები.
კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა.
თბილისსა და ბათუმში დელტა შტამის გავრცელება თითქმის 100 პროცენტია – ამის შესახებ დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დელტა პლუსის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული.
„დელტა შტამი თბილისში და ბათუმში არის თითქმის 100% და მთლიანად საქართველოში 80%-მდე.
დელტა პლუსს რაც შეეხება, 10-მდე შემთხვევაა დადასტურებული” – თქვა პაატა იმნაძემ. მისივე განმარტებით, ეს შემთხვევები გენეტიკური სეკვენირებით არ არის დადასტურებული:
„როცა ამდენი პაციენტია, ყველა შემთხვევაში ვერ ხერხდება გენეტიკური სეკვენირება, მაგრამ ხდება სხვა მეთოდებით, რითაც შესაძლებელია ამის ექსტრაპოლაცია საზოგადოებაზე და მოგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში მთლიანად დელტა შტამი ტრიალებს უკვე” – თქვა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მან პირადი რეკომენდაციაც გააჟღერა იმის შესახებ, რომ შეზღუდვები დაწესდეს კოვიდზე აუცრელი მოსახლეობისთვის, თუმცა, მისივე განმარტებით, ამ რეკომენდაციაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საქართველოს რკინიგზის მიერ მაგისტრალური რელსების შესასყიდად გამოცხადებული 52.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი კონკურენციას ზღუდავს – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ [TI].
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს რკინიგზა მომწოდებლებისგან მხოლოდ რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრულ სერტიფიკატებს ითხოვს:
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2021 წლის 10 ივნისს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან კონკრეტულად ევრაზიული კავშირის სერტიფიკატი და მარკირებაა მოთხოვნილი. კარგი პრაქტიკის შესაბამისად, შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე“.
„საქართველოს რკინიგზამ“ წარმოადგინოს არგუმენტები, თუ რატომ გახდა აუცილებელი კონკურენციის შეზღუდვა და რელსების მხოლოდ საბაჟო კავშირში შემავალი ქვეყნებიდან შესყიდვა;
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეისწავლოს აღნიშნული ტენდერი, რათა დადგინდეს, შესაძლო „მორგებული“ ტენდერის უკან ხომ არ დგას კორუფციული ინტერესები.
ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის პირველ ივლისს დასრულდა. მასში მონაწილე ერთადერთმა კომპანია „უნი 2“-მა კი ზუსტად ის თანხა მიუთითა შეთავაზებაში, რა თანხაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული – 52 799 117 ლარი.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს, „საქართველოს რკინიგზას“ ჯერ-ჯერობით გამარჯვებული არ გამოუვლენია და „უნი 2“-თან კონტრაქტი არ გაუფორმებია. 52.8 მლნ-იან ტენდერში მხოლოდ ერთი მიმწოდებლის მონაწილეობა ეჭვს აჩენს, „საქართველოს რკინიგზის“ სატენდერო განაცხადით ხომ არ იყო შეზღუდული კონკურენცია, ანუ საქმე ხომ არ გვაქვს, ე.წ. კონკრეტულ მიმწოდებელზე „მორგებულ“ ტენდერთან“ – აცხადებს „გამჭვირვალობა“ .
„გამჭვირვალობაში“ აცხადებენ ასევე, რომ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ მათ წერილით მიმართა ავსტრიულმა კომპანიამ – „GSL Steel Trade GmbH“, რომელთა წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ტენდერში ხელოვნურად არის შეზღუდული კონკურენცია.
„კომპანია აღნიშნავს, რომ მას გააჩნია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სარკინიგზო საქონლის მიწოდების გამოცდილება, მათ შორის ტრანსკავკასიურ რეგიონში, მაგრამ ამჯერად მისი მონაწილეობა სატენდერო მოთხოვნებმა გამორიცხა. ავსტრიული კომპანიის არგუმენტები შეზღუდულ კონკურენციაზე, რომლებიც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთული დოკუმენტებითაც დასტურდება, შემდეგია:
სატენდერო დოკუმენტაცია განთავსებულია მხოლოდ ქართულ და რუსულ ენაზე;
შემოთავაზებულ საქონელს მოწოდებისას თან უნდა ახლდეს საბაჟო საბჭოს ტექნიკური რეგლამენტით ТР ТС 003/2011 განსაზღვრული შესაბამისობის სერტიფიკატი და ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული მარკირება. საბაჟო საბჭოში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მისი წევრი ქვეყნებისგან შედგება, კერძოდ, ესენია: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ამ ჩანაწერით, „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად განსაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება იყოს წარმოებული შესასყიდი საქონელი;
ტენდერის გამოცხადებიდან წინადადებების მიღების საბოლოო თარიღამდე 21 დღე იყო, რაც, ავსტრიული კომპანიის აზრით, ძალიან მოკლე პერიოდია, განსაკუთრებით საქართველოს არარეზიდენტი კომპანიებისთვის;
ტენდერის დოკუმენტებში მოცემული ტექნიკური სპეციფიკაცია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სტანდარტებზეა ფოკუსირებული.“ – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტენდერი რკინიგზამ შესყიდვების სპეციალური წესით გამოაცხადა, რაც „გამჭვირვალობა საქართველოს“ აზრით კორუფციულ რისკებს ზრდის.
[toggle title=”ამ საკითხზე ვრცლად ნახეთ აქ:“]
„საქართველოს რკინიგზამ“ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) გზით გამოაცხადა. ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვა სპეციალური წესით, რომელსაც მთავრობა ადგენს კონკრეტული შემსყიდველისთვის. „საქართველოს რკინიგზისთვის“ საქართველოს მთავრობამ შესყიდვების სპეციალური წესი 2020 წლის 30 დეკემბერს დაადგინა, რომელიც 2022 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.
პირველ რიგში, აღნიშნულ დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საქონელი და მომსახურება, რომელზეც ვრცელდება შესყიდვების სპეციალური წესი, თუმცა მასში ცალკე არ არის გამოყოფილი რელსების შეძენა. გარდა ამისა, სპეციალური წესი „საქართველოს რკინიგზას“ ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისგან და შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფისგან არ ათავისუფლებს.
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ 10 ივნისს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან კონკრეტულად ევრაზიული კავშირის სერტიფიკატი და მარკირებაა მოთხოვნილი. კარგი პრაქტიკის შესაბამისად, შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე.
გარდა ამისა, ზოგადად, შესყიდვების სპეციალური წესი სახელმწიფო შესყიდვების კანონთან შედარებით უფრო დაბალ სტანდარტებს აწესებს, რაც კორუფციულ რისკებს ზრდის.
როგორც უკვე აღინიშნა, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „უნი-2“-მა მიიღო, რომელიც რკინიგზისთვის მისაწოდებელი რელსების შემოტანას რუსეთიდან და ყაზახეთიდან აპირებს. „უნი-2“-მა უკვე წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომ რელსების რუსულ და ყაზახურ მწარმოებლებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესაბამისობის სერტიფიკატები აქვთ. შპს „უნი-2“-ის მფლობელი და დირექტორი გიორგი ღუდუშაურია.
შპს „უნი-2“-ს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რელსების შეძენაზე გამოცხადებული 8 მლნ ლარიანი ტენდერი ერთხელ უკვე აქვს მოგებული 2019 წელს. აღნიშნულ ტენდერში „უნი-2“-ზე დაბალი ფასი შპს „ჯეორჯია სპეცგიდროენერგომონტაჟს“ ჰქონდა შეთავაზებული, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა და „უნი-2“-მა გაიმარჯვა. „საქართველოს რკინიგზა“ ევრაზიული კავშირის საბაჟო საბჭოს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შესაბამისობის სერტიფიკატს და მარკირებას ამ შემთხვევაშიც ითხოვდა“.
[/toggle]
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რკინიგზა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
დღეს, 5 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აცრის პროცესი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.
„ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიფიცირდება აცრის პროცესი. დღეს დილისთვის გვქონდა მაქსიმუმი, 20 885 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, აქედან ყველაზე მეტი იყო „ფაიზერზე“ – 12 658, „ასტრაზენეკაზე“ – 612, „სინოფარმზე“ – 6 910 და „სინოვაკზე“ – 665″ – თქვა ამირან გამყრელიძემ.
დილის მონაცემით ქვეყანაში ჯამში 564 691 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით არის აცრილი 386 614 ადამიანი, სრულად აცრილია 178 077 ადამიანი.
თუმცა, სხვა პარამეტრებით აცრის მაჩვენებელი სხვადასხვა ინდიკატორზეა, კერძოდ მთელი მოსახლეობის 4.8% არის სრულად აცრილი, ეს მოზრდილი მოსახლეობის 6.2% -ია
აცრის პროცესში ჩართული დაწესებულებების გამტარუნარიანობა დღიურად არის 24 320 აცრა, ანუ დღეში ამდენი აცრის ჩატარებაა შესაძლებელი.
„არ არის საკმარისი დღეში 20 000 აცრა, გვინდა 25 000, კიდევ უკეთესი იქნება დღეში 30 000. შესაძლებელია, რომ ერთი კვირის განმავლობაში ავიდეთ 30 000-ზე, ყველამ ერთად ეს გავაკეთოთ და დავამთავრებთ სწრაფად“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა პარამეტრით ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში და სიკვდილიანობის მაჩვენებელი აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკის დროს არსებულ მაჩვენებლებს.
„ახლა არის ყველა პარამეტრით დაახლოებით 70% იმისა, რაც გვქონდა პიკზე ნოემბერ-დეკემბერში. მაგრამ განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისგან, ჩვენ გვაქვს სხვა იარაღი ეპიდსიტუაციასთან ბრძოლის, რაც არის ვაქცინაცია”, – თქვა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ შემთხვევების რაოდენობის მატების პარალელურად, პროპორციული მატება სიკვდილიანობის მაჩვენებელში (1.37) არ აღინიშნება, „რაც არის ნიშანი იმისა, რომ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებთან ჩვენ ამ ეტაპზე საქმე არ გვაქვს”.
თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია და მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს მაჩვენებელი მაღალია. „ძალიან საყურადღებოა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, ვაქცინაცია და ის, რომ შემთხვევები შემცირდეს. რადგან თითოეული 3000 ინფიცირებულიდან, მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 1.3 % გარდაცვალების შემთხვევა დაახლოებით 2-3 კვირის მანძილზე დადგება”, – თქვა მან.
დღეს, საღამოს 17:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება, აქციის მონაწილეები თბილისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის შესაძლო დანგრევას აპროტესტებენ. ორგანიზატორებმა აქციის შესახებ „ფეისბუქში“ დაანონსეს.
აქციის მოთხოვნებია:
ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციისა და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა.
გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები.
კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა. საქართველოს კულტურის სამინისტროს დასკვნის თანახმად, ის ახლა სავალალო მდგომარეობაშია.
„სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური“ – ასე შეაფასა სამინისტრომ მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივა.
მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 5 თებერვლისთვის მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა უნდა დასრულდეს.
სამოქმედო გეგმის თანახმად, რომელიც სამინისტრომ გაასაჯაროვა, 2021 წლის 5 აგვისტოსთვის მუზეუმის თანამშრომლებისთვის ახალი დროებითი სივრცე უნდა შეირჩეს, ხოლო 2021 წლის 5 აგვისტოდან – 2022 წლის 5 თებერვალს ჩათვლით პერიოდში – მუზეუმის ექსპონატების გადატანა და შესაბამისი სივრცეების რეკონსტრუქცია უნდა დასრულდეს.
სამინისტროს ინფორმაციით: არაერთი ექსპერტიზისა თუ შეფასების დასკვნით, აქ თანამშრომლებისა და ექსპონატების შენახვა საშიშია. კერძოდ, დაზიანებულია მზიდი კონსტრუქციები, შენობის საძირკველი დგას წყალში:
„სახეზე გვაქვს ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომ თითოეული დღე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. შედეგად, ქვეყნის ეროვნულ საგანძურს ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური და არამატერიალური ზიანი“.
საგულისხმოა ისიც, რომ მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის გვერდით დგას და თითქმის შეუმჩნეველია გამვლელი თვალისთვის, სამშენებლო ღობის გამო. პანორამა ჩრდილავს 1830-იან წლებში აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
ხელოვნების მუზეუმი და „პანორამა თბილისი“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი
მას შემდეგ, რაც მუზეუმის ნგრევის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და უწყება არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მუზეუმის ნგრევაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. სამინისტრო განცხადებაში ასევე წერს, რომ ცრუა ინფორმაცია, თითქოს უწყება შენობას ანგრევს.
„ნათელია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა, სამწუხაროდ, ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, რომ ეპიდემიის გამწვავება არა ტურისტებს, არამედ ქორწილებსა და სხვა ოჯახური ტიპის შეკრებებს უკავშირდება.
“ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად. ბევრი სხვა ფაქტორია. მთავრი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი არის ქორწილი და სხვა კიდევ ისეთი დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს და ეს არის მთავარი წყარო.
კონტაქტების გამოკვლევა როცა კეთდება, ეს არ არის ტურისტიდან გამომდინარე, ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე…
უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის ოჯახური თავშეყრა და ამ წესების დაცვა არ ხდება”, – თქვა მან.
___
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 38 ადამიანი.
„ფაიზერის“ ვაქცინას ბათუმში ელექტრონულად ვეღარ დაჯავშნით, თუმცა ვაქცინაცია ცოცხალი რიგითაც გახდა შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ზოგიერთი მოქალაქე ჯავშანს არ იყენებს და არც აუქმებს ელექტრონულ სისტემაში.
„თითო კაბინეტში ყოველდღიურად დაახლოებით 2-3 ადამიანი არ ცხადდება და არც ჯავშანს აუქმებს. სულ 14 კაბინეტი გვაქვს ბათუმში, სადაც „ფაიზერით“ აცრაა შესაძლებელი, თუკი მოქალაქეები მივლენ რომელიმე კლინიკაში, გარდა რესპუბლიკურისა, შესაძლებელია ცოცხალი რიგის პრინციპით აიცრან,“ – ამბობს ნინო გუგუშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამსახურის უფროსი.
როცა მოქალაქე ჯავშნით განსაზღვრულ დროს კლინიკაში არ მიდის, მისი ჯავშანი უქმდება, თუმცა მის ნაცვლად სხვა პირი დაჯავშნას ვეღარ ასწრებს. ნინო გუგუშვილი განმარტავს, რომ რადგან თითოეულ კაბინეტში 72 ადამიანის აცრაა შესაძლებელი და ამ ოდენობის ფლაკონს ხსნიან, კლინიკები უკვე თავად მართავენ ჯავშნის გარეშე ადამიანების ვაქცინაციის მენეჯმენტს.
„დღესაც ვესაუბრე ერთ-ერთს, რატომ არ მობრძანდით აცრაზე-მეთქი და ბავშვები ვერ დავუტოვე ვერავისო… სხვადასხვა მიზეზით არ მოდის ზოგიერთი ადამიანი,“ – დასძინა ნინო გუგუშვილმა.
ამ ეტაპზე „ფაიზერით“ აცრა ჯავშნის გარეშე შესაძლებელია: „მედინაში“, „ბრაზერსის“ კლინიკაში, რეფერალურ კლინიკაში, საზღვაო ჰოსპიტალსა და მედცენტრში. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი, კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია მიმდინარეობს.
დღეს, 5 აგვისტოს, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შედეგების გაცნობას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის 25%-ზე (17.50 ქულაზე) მეტი.
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.75 ქულაზე) მეტი.
ფიზიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.75 ქულაზე) მეტი.
გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15 ქულაზე) მეტი.