ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ტროტუარი გადაკეტა კომპანიამ, რომელიც 242 მეტრი სიმაღლის შენობას აშენებს

05.08.2021 • 7432
ტროტუარი გადაკეტა კომპანიამ, რომელიც 242 მეტრი სიმაღლის შენობას აშენებს

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე, „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანია „ვესთ თაუერსმა“, რომელიც აქვე 242 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენს აშენებს, ჯიხური ჩადგა. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ჯიხური აქ უკანონოდ დგას.

„ვესთ თაუერსი“ აქვე 7 023 კვ.მეტრი მიწის ფართობს ფლობს, რომელიც სახელმწიფოსგან 30 მილიონ ლარად იყიდა. ეს ნაკვეთი კომპანიამ შემოღობა, თუმცა ჯიხური ჩადგა არა თავის ტერიტორიაზე, არამედ სამშენებლო ღობის გარეთ. ის ქვეითად მოსიარულეეებს გადაადგილებაში ხელს უშლის.

შარტავას გამზირის ამ მონაკვეთში წლებია ტროტუარი მოწესრიგებული არ არის, თუმცა მოქალაქეებს ახლა ის ბილიკიც ჩაუკეტეს, რომლითაც აქ გადაადგილდებოდნენ.

ბათუმი, ჟიული შარტავას გამზირი / 4.08.2021

მართალია, აქ ტროტუარი წლებია მოსაწყობია, თუმცა, ფიროსმანის ქუჩიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით და პირიქით, მოქალაქეები ფეხით გადაადგილებას მაინც ახერხებდნენ. ამ ჯიხურის ჩადგმით კი, მოქალაქეებს მხოლოდ ავტომანქანების სავალ ნაწილიღა რჩებათ გადაადგილებისთვის. ამ მონაკვეთში ტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობს და შესაბამისად, ფეხით გადაადგილება სიცოცხლისთვისაც საშიშია.

ბათუმი, ჟიული შარტავას გამზირი / 4.08.2021

შარტავას ქუჩა / 4.08.2021

ტერიტორია, სადაც ჯიხური დგას, საჯარო რეესტრის საკადასტრო მონაცემებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიისა და აჭარის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის საზღვარი სტაფილოსფერი ხაზითაა გავლებული. რეესტრის ამ რუკის მიხედვით, მანქანების სავალი ნაწილიდან კომპანიის ნაკვეთამდე დაახლოებით 3,7 მეტრი სიგანის ზოლი აჭარის საკუთრებაშია. სწორედ ამ ზოლში დგას კომპანიის ჯიხური:

ბათუმი, ჟიული შარტავას გამზირი

შეუთანხმა თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტროტუარის ჩაკეტვაზე, ან ხომ არ აქვს კომპანიას გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება აღნიშნულ ნაკვეთზე? – ამ კითხვით, „ბათუმელები“ დაუკავშირდა „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაულ კახაძეს.

„იქ მოწესრიგებულია სავალი ნაწილი თქვენი აზრით? ჯერ მაგაზე გაამახვილეთ ყურადღება… ჯიხურის დადგმაზეც და ღობის შემოვლებაზეც გვაქვს ნებართვა“, – გვითხრა რაულ კახაძემ.

რაულ კახაძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ, სად დგას ჯიხური, ჩვენ უნდა გავარკვიოთ: „ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ, ტოპოგრაფი უნდა მიიყვანოთ, წერტილები უნდა მოგცეთ და უნდა ნახოთ ეს ჯიხური სად დგას“. თუმცა, საუბარში აღნიშნა, რომ ჯიხური კომპანიის მიერ შეძენილ ნაკვეთზე დგას.

„როგორც არქიტექტურის სამსახურში განაცხადეს, ღობის მოწყობაზე ნებართვა გაცემულია და პროექტის მიხედვით ჯიხური არის ღობის შიგნით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის პრესსამსახურში, დღეს, 5 აგვისტოს.

„აღნიშნულ კომპანიას მიეცა მუნიციპალური ინსპექციის მიერ მითითება ჯიხური შეიტანოს ღობის შიგნით სანებართვო პირობების გათვალისწინებით, პროექტის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონის შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – გვითხრეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

რაც შეეხება რეაგირებას, მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ „არის ეტაპები – ჯარიმდება და ეძლევა მითითება დემონტაჟზე, შემდეგაც თუ არ გაითვალისწინებს, საკითხი გადადის აღსრულებაში“.

საზოგადოების სახელის შეცვლამდე, ჩინეთის მოქალაქემ კუთვნილი წილი – 75%, უსასყიდლოდ გადასცა „მეტრო ატლას ჯორჯიას“. შესაბამისად, დღეს, „ვესთ თაუერსის“ 100% წილის მფლობელი „მეტრო ატლას ჯორჯიაა“.

„მეტრო ატლას ჯორჯია“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ კი გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია.

ჟიული შარტავს გამზირზე ტროტუარისა და უსინათლოთა ბილიკების სხვა კომპანიის მიერ ხელოვნურად ჩაკეტვაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ამ მონაკვეთში კაპიტალურად მოწყობილ ტროტუარსა და უსინათლოთა ბილიკებზე ხელოვნური ბარიერები კომპანიამ ინფორმაციის გამოქვეყნების დღესვე აიღო.

ბათუმი, ჟიული შარტავას ქუჩა / 7.05.2021 / რეესტრის მიხედვით, ავტომანქანების სავალი ნაწილიდან 3,7 მეტრის დაშორებით ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია [დანარჩენი ტერიტორია სახელმწიფომ უკვე გაყიდა და აქ „ვესთ თაუერსმა“ 242 მეტრი სიმაღლის შენობა უნდა ააშენოს]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: