მთავარი,სიახლეები

ბათუმში კოვიდზე 31 ფეხმძიმეს მკურნალობენ, მათგან ზოგიერთი თავის ქორწილში დაინფიცირდა

06.08.2021 • 17537
ბათუმში კოვიდზე 31 ფეხმძიმეს მკურნალობენ, მათგან ზოგიერთი თავის ქორწილში დაინფიცირდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა დღეს, 6 აგვისტოს, 31-მდე გაიზარდა. ეს ერთადერთი კლინიკაა ბათუმში, სადაც კოვიდით დაავადებულ ფემხმძიმე ქალებს მკურნალობენ.

დღევანდელი მონაცემებით, 31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 25-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება.

„თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ პაპავა, „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ დირექტორი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კოვიდსიტუაცია ქვეყანაში დამძიმდა, ანუ ბოლო 2 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 პაციენტის გადაყვანა გახდა საჭირო მესამე დონის კლინიკაში, რომელიც ქუთაისსა და თბილისშია.

ნუგზარ პაპავას თქმით, ორსული ქალების ნაწილი ქორწილში დაავადდა, მათ შორის საკუთარ ქორწილში.

„ერთი პაციენტი, რომელსაც ახლა ვმკურნალობთ, თავად იყო პატარძალი და ვიღაცამ გადასდო კორონავირუსი; მეორე ემზადებოდა დედოფლობისთვის, წინა პერიოდშიც რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, როცა პატარძალი იყო ქალი და დაინფიცირდა, ან ქორწილში იყო და იქ დაავადდა,“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.

სამშობიარო სახლში თითოეულ ინფიცირებულს მინიმუმ 10 დღეს აჩერებენ. თუ პაციენტს სიმპტომები ისევ აღენიშნება, მას კლინიკაში ტოვებენ და სიმპტომების ალაგებიდან 3 დღის შემდეგ წერენ.

თითქმის ერთი წელია ბათუმის სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებაში მხოლოდ კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს მკურნალობენ. ბოლო ორ თვეში, როცა ინტენსიურად დაიწყეს ისევ კოვიდით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალების მიღება, აქ ორი ახალი სიცოცხლე გაჩნდა.

ბოლო რამდენიმე თვეა ქორწილებიდან კორონავირუსით გავრცელების არაერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა შუახევში, სოფელ ჭვანაში იყო, სადაც კორონავირუსი უშუალოდ პატარძალს დაუდასტურდა.

„ის 4 თვის ფეხმძიმეა და ქორწილში დაინფიცირდა, არ ვიცით, ვისგან. სიცხე ჰქონდა და ამიტომ წავიყვანეთ მაშინვე ექიმთან. ჩემს შვილს ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრს კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მურად ბეჟანიძემ. ის პატარძლის მამამთილია.

სოფელ ჭვანაში ათეულობით მექორწილე დაინფიცირდა, თუმცა უცნობია, რომელი ქორწილი გახდა ამის მიზეზი – ივლისის ბოლოს ჭვანაში რამდენიმე ქორწილი გაუმართავთ.

აკრძალვის მიუხედავად ქორწილებს სარიტუალო დარბაზებში ისევ მართავენ ბათუმშიც და ხელისუფლება ამას არ იმჩნევს. ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ „ბათუმელებმა“ შსს-ს ჰკითხა: ჩხუბის გამო ქორწილში პატრული გამოიძახეს. მოქალაქემ გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატრულის 9 ეკიპაჟია ადგილზე მისული. ამ შემთხვევაშიც კი არავინ დაუჯარიმებიათ ქორწილის გამართვისთვის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სარიტუალო დარბაზის მესაკუთრეები ბოლო პერიოდში მომსახურების ნაცვლად ქირავნობის ხელშეკრულებას აფორმებენ ოჯახთან, ვისაც ქორწილი აქვს. ამ შემთხვევაში, თუკი პატრული მექორწილეების დაჯარიმებას გადაწყვეტს, დაჯარიმდება არა სარიტუალო დარბაზის მფლობელი 10 ათასი ლარით, როგორც იურიდიული პირი, არამედ ფიზიკური პირი, ვინც ქორწილს მართავს, 2 ათასი ლარით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: