Batumelebi | 91, 90 და 79 წლის მეველეები ქობულეთის ყანებიდან 91, 90 და 79 წლის მეველეები ქობულეთის ყანებიდან – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

91, 90 და 79 წლის მეველეები ქობულეთის ყანებიდან

„ერითი 60 წელია, რაც მეველედ ვმუშაობ“, – ისე გეტყვის რიფათ ცეცხლაძე, თითქოს 60 დღეზე გიყვება. თავად მალე 92 წელი შეუსრულდება. 60 ჰექტარზე დათესილ სიმინდის ყანებს კიდევ ორ კოლეგასთან ერთად იცავს – სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი 90 წლისაა, რეზო შაქარიშვილი კი – 79 წლის.

„თიხის ჯირეკი. კაჟივითაა“, – ასე ხუმრობს ოთარ/სულეიმანი მასზე ერთი წლით უფროს რიფათზე. ის და რიფათი 30 წელზე მეტია ერთად მუშაობენ, მეველეები არიან. რეზო შაქარიშვილმა კი ხუთი წლის წინ მიჰყო ხელი ამ საქმეს. მანამდე, 30 წელი რკინიგზაში უმუშავია – ზესტაფონი-ბათუმის მონაკვეთზე. მერე შეგვამცირესო.

ოთარს აცვია „ქართული ოცნების“ ის მაისური, რომელიც 2012 წელს დაურიგეს მოსახლეობას. ამბობს, რომ ამ პარტიის ამომრჩეველია – შვილი კოორდინატორად მუშაობს და აბა, როგორ იქნებაო. თუმცა, შიგადაშიგ ხელისუფლებას მაინც აკრიტიკებს. რეზო შაქარიშვილი მკვეთრად კრიტიკულია, რიფათ ცეცხლაძე კი ხმას უწევს და ისე ამბობს, „ვის მივცემ [ხმას] ახლა მოგეხსენება მაგიო“.

მათ ყველა კითხვაზე აქვთ საკუთარი მოსაზრება, მაგალითად, ჟურნალისტების ცემაზე, ხელისუფლებასა თუ პრემიერ ღარიბაშვილზე, სიღარიბეზე. საუბრობენ თავიანთ საჭიროებებსა და ოცნებებზე. ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ადამიანები განსაკუთრებით გაღარიბდნენ.

საქმე

რიფათ ცეცხლაძე

„ქი ვართ სამი კაცი, ასე გაწამაწიაში. დამხმარე არ გვყავს ჩვენ. ეს მიწები დანაწილებულია 1000, 2000, 3000 მეტრო. 60 წელია აქ ვმუშაობ მეველედ. ძნელია მეველეობა, დღეში ორ-სამჯერ უნდა შემოიარო. სიმინდი რომ მოდის, მაშინ უფრო ძნელია – შამოდიან და მიტეხენ ჭყინტად. ადამიანები შემოდიან. ძროხა შემოვა, გავდენი გარეთ, მაგრამ იგენი – იგენს არაფერი ეშველება.

აქ დიდი ხის კარავი იყო, დეიშალა. არავინმა, გამგებელმა ჩვენმა არ გაგვიკეთა. მაგის ფული ყველაფერი არის და არ გაგვიკეთა, გვამწვალებენ. მოსაცდელი არ გვაქვს, სადა წავიდეთ. „ზონტიკებით“ კი ვართ აქ დამჯდარი. კაცი არ გვიყურებს, სამი კაცით შევინარჩუნეთ ეს ყანები.

რიფათ ცეცხლაძე მალე 92 წლის გახდება. ამბობს, რომ 60 წელია მეველედ მუშაობს და დღეში მინიმუმ 10 კილომეტრს გადის ფეხით

ჩემსას, სამი ათას მეტროს [ყანას] სულ მარტო ვამუშავებ. კაცი არ დამხმარია. სამი თოხი მივეცი. სიმინდს მოვსტეხ და დავყრი ნალიაში. არ ვყიდი. ოჯახში ინდოური მყავს, ქათამი, იხვი. ხომ უნდა ბადიშებს.

რეზო შაქარიშვილი

დარში, წვიმაში, სიცხეში, ქარში, ვკვდებით, დასასვენებელი ადგილი არ გვაქვს… მოსაცდელი. 4 თვეა დაგვპირდენ და რამე არ გაკეთებულა ჯერ.

დილას 6 საათიდან საღამოს ცხრა საათამდეა ჩვენი საქმე. აქ ყანებია, საქონელია, მისი მოვლაა. ჭყინტობაზე ხალხი შეესევა შით, 9 საათამდე აქედან ვერ მივდივართ, რომ ხალხმა არ მოიპაროს.

სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი

1957 წლის შემდეგ ვმუშაობ. ფერმა რომ დეიშალა, წამოვედი, ფერმის გამგე ვიყავი. ვმუშაობ ამხანაგთან, მეზობელთან ერთად. ალალი გულით, არავითარი სხვის ხარამი ჩვენ არ გვინდა.

პაწაი შეძლებული ოჯახი ვართ. რაც კი არსებობს ხილი, ყველაფერი მაქვს საკარმიდამოში – მანდარინი, მსხალი, ვაშლი, კიტრი, პომიდორი. ხელფასს იხდიან მეყანიები. 200 მეყანიეა სულ. მარა ბევრი გადის უფასოდ, იპარებიან. ძალიან ძნელი სამუშაოა.

აქ ორი კილომეტრი ღობეა შესაღობი და არავინ გვეხმარება.

სიმინდის მოსავალი იქნება ოქტომბრის ბოლოს. წელს კარგი პირი აქვს სიმინდს. ფასი დაბალია – 70-80 თეთრი ღირს ჩაბარება და მუშაობა ბევრი უნდა. მე 5 ათასი კვადრატული მეტრი მაქვს [მიწა]. აქ სხვა რამე არ მოდის. პური მოსინჯეს და მოსავალი არ მოგვცა. სიმინდი ჰექტარზე შეიძლება 8 ტონა მოგცეს.

სიღარიბე დაოცნება

რიფათ ცეცხლაძე

რას გეყოფა პენსია და ხელფასი. მეტი მე არ მაქვს არაფერი. შევარდნაძის ცოლმა თქვა, 8 ლარი ეყოფაო და აი პაწაი მეტია, პაწაი კი არა ბევრი.

გაჭირვებაა ყველგან. მეხუთე სართულზე, მეექვსე სართულზე, თბილისში ბიძაშვილის ბაღანაა ეგერ, გაჭირვებაა [იქაც]. ომის დროს არ იყო ასეთი გაჭირვება. მაშინ გვაძლევდნენ პურის კაკალს, სიმინდს, ტანისამოსის ჩითებს.

რისი ყიდვა მინდა და პროდუქტის, რა ვთქვა, ყველაფერი მინდა.

ხელფასი არ მაქვს. ღობის ღობვაში და დაცვაში ათას მეტროზე მაძლევენ თუმანს, 10 ლარს. გეყოფა ახლა? – არ გეყოფა. ახლა მომიწევს აქა ხუთასი ლარი. რას მეყოფა. კაი, 300 იგი [პენსია] არის, იქნა 800 ლარი. არაფერი არაა მაგი. ბადიში რომ გეტყვის 10 ლარი მომეო, მისცე უნდა. მე რა დამრჩება – აფერი. სკოლაში წევა ბიჭი-გოგო და „ვსიო“. ხომ უნდა ვუყიდოთ – მამა, დედა, ყველაი ვყიდულობთ.

რატომ ვმუშაობ? – აბა სახლში დაჯექი ახლაო რომ მითხრან, არ დავჯდები. მაინც უნდა ვიარო. დღეში სულ პაწაი ერი ათ კილომეტრს გავდივარ. ჯანმრთელობა კაი მაქვს, არ მტკივა არაფერი და ვიარ და ვიქნები.

რეზო შაქარიშვილი

ოჯახში რძალი მყავს, ბადიშები, ცოლი-შვილი. სად უნდა იმუშავონ. ქალი 76 წლისაა. ბიჭი ავადმყოფი მყავს. სოციალურ დახმარებას არ ვიღებ. ასი გზობა შევიტანე განცხადება და იმდენი ქულები მოვდა რომე… მაგის საშველი არ არი. ჩვენ ვინ მოგვცემს.

რა გამოგვივა [ხელფასი] და 500-600 მანათი. 1000 ლარი რომ მქონდეს რას ვიყიდი? – სახლს გავარემონტებდი, რაცხას შევიძენდი ოჯახში.

მთავრობას რას ვეტყოდი?

რიფათ ცეცხლაძე

მთავრობასთან რა გვინდა, ჩვენით უნდა დავთესოთ, მოვყვანოთ – მან ხნავს და ჩვენ კაკალს [სიმინდს] მოვაპნევთ… თუ დაგვეხმარება გაჭირვებულ ხალხს… მაღაზიებია… ძვირია ყველაფერი, ვერ იყიდი ვერაფერს.

მაგენმა შეჭამა მთელი ყველაფერი. ღარიბაშვილი? ადგილზე დააყენეს კიდევ. მაი არის და იქნება კიდევ. ძარცვაა. ვინ ძარცვავს? – მე და შენ აფერი არ მოგვიწევს. იგინმა დახვეტა… ღარიბაშვილია თუ ვინც არის, ყველაი მისდა იბრძვიან, რაცხა გევტანოო.

ივანიშვილია სათავეში. კი მართავს, მარა ისე ვერა, რომ საჭიროა.

არჩევნებზე დავდივარ. ვის მივცემ [ხმას] ახლა მოგეხსენება მაგი. 41-ს ვაძლევთ ხმას. რა ვიცი. მოვლიან. ჰაეთე. გავალ, მივცემ [ხმას], წამოვალ, აქ ვარ სულ.

რა მომწონს „ოცნების“? – ერთ ხანს კაი იყო. ახლა ფასები მოუმატა. არ ვიცი რა მომწონს. ყველაფერი კაი იქნება.

რეზო შაქარიშვილი

პატივს არ გვცემენ [გამგეობა], ხალხი არ გამოყავთ ღობის შესაღობად. 100 კილომეტრი ღობე უნდა შევღობოთ სამმა კაცმა.

რაც მთავარია, ფაროსანაა სოფელში, დასაწამლია. სიმინდსაც შეესია მატლი, კალია. თუ არ დაწამლეს, ტაროს აღარ გაიკეთებს.

მთავრობას რას ვეტყოდი და მოთმინებას. ნორმას დადგეს ყველაი. მაგინი იბრძვიან ფულის გულიზა. სამსახური ქონდენ, ფული ეიღონ და წევიდენ სახლში. გლეხიზა მაგენი არც ერთი არაა.

გაჭირვება ყველგან არის, მარტო სოფელში კი არა. სოფელში მთავარია უმუშევრობა, უფულობა, პენსიას აიღებ და წამალში არ გყოფნის, შემოსავალი ნაკლებია.

ღარიბაშვილი? – რას აკეთებენ იგი მითხარი. რამე გაკეთდა სახეირო? გაქცეული იყო და კიდევ წასავალია მე მგონი. ივანიშვილმა გუშვა და მეიყვანა და დასვა.

არჩევნებზე დავდივართ, მაგრამ ვის მივცეთ [ხმა] აღარ ვიცით – გადავხედავთ, შევხედავთ სიტუაციას. არც ერთი მთავრობის არ გვჯერა. არჩევნები გაყალბდა თუ არა, ვეღარ გეტყვი, მაგენი აბრალებენ ერთმანეთს და ჩვენ ვინ რას გვკითხავს. მაგათ ამბავს ვერ მიხვდება კაცი.

რეზო შაქარიშვილი 79 წლისაა და უკვე ხუთი წელია მეველედ მუშაობს. ამბობს, რომ ძალიან რთული საქმის შესრულება უწევთ, მაგრამ მათ შრომას არავინ აფასებს.

სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი

მთავრობას მადლობას ვეტყვი, კაი მთავრობაა… საყარაულოს გაკეთება გვინდა – ქარში წვიმაში, რომ დავჯდეთ და დევსვენოთ. იგია გამოცხადებული, ტენდერიო. ტენდერი მუა შეიძლება იანვარში. აქ საქონელია იანვარში, ბალახობს. ტენდერი კი არ გვჭირდება, გვჭირდება პატარა სახლი. გვატყუებს ახლა იქნება, ახლა იქნება და ამ ტყვილში ვართ სულ…

ორი ტრაქტორი ყავთ და ფართობებს ვეღარ მისთავა. რომ დარგავ 15 დღეში უნდა კულტივაცია, მეორე კულტივაცია კიდევ 15 დღეში. აგენი მოვიდნენ 30 დღის მერე – დააგვიანენ და თივა გეიზარდა შით. აგერ კაცმა სამჯერ გათოხნა და ნახეთ რაფერი სიმინდი გვაქვს.

ეს მაისური რამდენი ხანია მაქ? – რაც „ოცნება“ დაარსდა იმის მერე მაცვია. რა მომცა? არაფერი. ახალი მაიკა არ მჭირია. ეს დავხიო და მერე.

მეველეები რეზო შაქარიშვილი და სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი [90 წლის]. ისინი ამბობენ, რომ წვიმასა და ქარში ღია ცის ქვეშ არიან და ხელისუფლებას ფარდულის აშენებას სთხოვენ. სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი უკვე 30 წელია მეველედ მუშაობს

პანდემია

რიფათ ცეცხლაძე

პანდემიაში როგორ ვცხოვრობდით და ვიყავით ჩაკეტილი. აგერ ჩამოუალთ, წევალთ. კორონა ჩვენთან არ იყო მგონი. მე არ მქონია და არც ჩემს ოჯახს და მე სხვას ხომ არ ვწყემსავ. კორონავირუსის შესახებ სულ არაფერი არ ვიცი. მე არაფრის არ მეშინია.

რეზო შაქარიშვილი

დამწყდეული ვიყავით, გარეთ არ გავდიოდით. მთავრობას სოფელში პროდუქტი მოქონდა, მაღაზიებში. მარტო ცენტრში თუ გევიდოდით პენსიის ასაღებად და ეს იყო. სხვა ოჯახში [ვიყავით].

გვეშინია, რომ დაგვემართოს. კორონავირუსი საშიშია. ეს ისეთი დავადებაა, რომ…

ოთარ მენაღარიშვილი

პანდემია? რა ვიცი, ჩვენ სამივე ყველა ჯანმრთელი ვართ. ავადმყოფობაა და მე, ჯერჯერობით, ჯანმრთელი ვარ. ორი დღის უკან ჩემი ძმაი კარგად იყო, მარა მერე ავად გახდა, სიცხე მისცა.

პანდემიის დროს ხალხი გაღარიბდა, აბა რა იქნა. ვერსად ვერ მუშაობენ, თურქეთში ვერ წევიდენ.

კორონავირუსზე რა გითხრა – თუ დაემართება, ან გადარჩება… ჩემი ხნის კაცები იქით წავალთ, იმ ქვეყანას. მინდა მე ევცრა, მარა მეშინია. დიაბეტიანი ვარ.

ეშინია ყველას სიკვდილის.

ჟურნალისტების ცემა

რიფათ ცეცხლაძე

ცოდვაა და რაიზ უნდა გალახო? მაგრამ პოლიტიკაა და იმიზე.

რეზო შაქარიშვილი

ჟურნალისტების ცემა არასწორია. საქართველოს სირცხვილია ეს. ვუყურეთ და დღესაც ვუყურებთ. ეს ვისი ბრალია არ ვიცი. კი იჭირავენ ხალხს, მაგრამ მაგით ეგ არ დადგინდება. ვისი დავალებით ცემეს არ ვიცი. ეს უაზრობაა და ვისია, არც დადგინდება მაგი. დეიჭირავენ ერთ-ორ კაცს და დამთავრდა მაგით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან