მთავარი,სიახლეები

„ფაიზერით“ აცრა ბათუმში ჯავშნის გარეშეც შეგიძლიათ

05.08.2021 • 4490
„ფაიზერით“ აცრა ბათუმში ჯავშნის გარეშეც შეგიძლიათ

„ფაიზერის“ ვაქცინას ბათუმში ელექტრონულად ვეღარ დაჯავშნით, თუმცა ვაქცინაცია ცოცხალი რიგითაც გახდა შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ზოგიერთი მოქალაქე  ჯავშანს არ იყენებს და არც აუქმებს ელექტრონულ სისტემაში.

„თითო კაბინეტში ყოველდღიურად დაახლოებით 2-3 ადამიანი არ ცხადდება და არც ჯავშანს აუქმებს. სულ 14 კაბინეტი გვაქვს ბათუმში, სადაც „ფაიზერით“ აცრაა შესაძლებელი, თუკი მოქალაქეები მივლენ რომელიმე კლინიკაში, გარდა რესპუბლიკურისა, შესაძლებელია ცოცხალი რიგის პრინციპით აიცრან,“ – ამბობს ნინო გუგუშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამსახურის უფროსი.

როცა მოქალაქე ჯავშნით განსაზღვრულ დროს კლინიკაში არ მიდის, მისი ჯავშანი უქმდება, თუმცა მის ნაცვლად სხვა პირი დაჯავშნას ვეღარ ასწრებს. ნინო გუგუშვილი განმარტავს, რომ რადგან თითოეულ კაბინეტში 72 ადამიანის აცრაა შესაძლებელი და ამ ოდენობის ფლაკონს ხსნიან, კლინიკები უკვე თავად მართავენ ჯავშნის გარეშე ადამიანების ვაქცინაციის მენეჯმენტს.

„დღესაც ვესაუბრე ერთ-ერთს, რატომ არ მობრძანდით აცრაზე-მეთქი და ბავშვები ვერ დავუტოვე ვერავისო… სხვადასხვა მიზეზით არ მოდის ზოგიერთი ადამიანი,“ – დასძინა ნინო გუგუშვილმა.

ამ ეტაპზე „ფაიზერით“ აცრა ჯავშნის გარეშე შესაძლებელია: „მედინაში“, „ბრაზერსის“ კლინიკაში, რეფერალურ კლინიკაში, საზღვაო ჰოსპიტალსა და მედცენტრში. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი, კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: