განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნის ყდები ის სარკმლებია, რითაც ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით – რუსუდან გოცირიძე

06.08.2021 • 1529
წიგნის ყდები ის სარკმლებია, რითაც ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით – რუსუდან გოცირიძე

ავტორი: რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
___

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონება უკავშირდება იმ საღამოებს, როცა მაღალსიცხიანი ვიწექი და ყველა თავს მევლებოდა (ჩემი ჯანმრთელობის სისუსტის წყალობით ეს არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა). ასეთ დროს დედა გადადებდა ხოლმე ყველა საქმეს, საწოლთან მეჯდა და წიგნებს მიკითხავდა. ისიც მახსოვს, გვერდით რომ მომიწვებოდა და თუ რამე ემოციურს კითხულობდა, როგორ ჩამოუგორდებოდა ხოლმე თვალის კუთხიდან ცრემლი. დავცქეროდი, როგორ მოგორავდა საფეთქლისკენ, ვიდრე ყურამდე და მერე კისერში უჩინარდებოდა.

დედას თვალის კუთხიდან დაგორებულმა ცრემლებმა მასწავლა, რომ შეიძლება რამე, რაც შენ არ გადაგხდენია, რაც შენ ფიზიკურად არ გამოგივლია, შენ რეალობაში არ შეგხვედრია, გახდეს შენი ფიქრისა და განცდების მიზეზი.

დიასახლისი ბიბლიოთეკარი იყო დედა და კარგად ესმოდა წაკითხულის ძალაც და მნიშვნელობაც. მასთან ერთად ვიმოგზაურე ტომ სოიერის ხალისიან და ხიფათიან გზებზე, მასთან ერთად ვჯაყჯაყებდი რვა ბავშვიან სატვირთო მანქანაში, მასთან ერთად დავწანწალებდი რასმუსივით…

მერე, როცა მარტომ გავაგრძელე მოგზაურობა წიგნების სამყაროში, როცა მიყვარდა და ვიბრძოდი, მეშინოდა და ხაფანგებს ვაგებდი ჩემ საყვარელ გმირებთან ერთად, მაშინ ვხვდებოდი, რომ ყველა ჯერზე კიდევ ერთხელ ვცხოვრობდი, კიდევ ერთი და ახალი ადამიანი იბადებოდა ჩემში. და მერე, ცხოვრების გზაზე, როცა რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებდი, ან მომხდარ ამბავს ვაფასებდი, ვერც კი ვამჩნევდი ამ მსჯელობაში რამდენი სიცოცხლე, რამდენი ჩემს გულსა და გონებაში ჩასახლებული ადამიანი მონაწილეობდა.

ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, დადასტურებულად ვიცით, რომ ეს სიცოცხლე ნამდვილად გვაქვს. ამ ერთ სიცოცხლეში მხოლოდ ერთი კონკრეტული ცხოვრების გამოცდილება შეიძლება გვქონდეს, არა და სხვებისთვის თანაგანცდა, თანაზიარება, ემპათია მაშინაა ნამდვილი და ბუნებრივი, როცა სხვის ამბავს საკუთარ გამოცდილებასთან აკავშირებ. რაც მეტი ადამიანის სიცოცხლით შეგიძლია იცხოვრო, რაც მეტი ადამიანის გულის ნადებს გაიგებ და გაითავისებ, მით მეტად გესმის მთელი სამყაროს გულისცემაც და ამ სამყაროს მკვიდრთა ტკივილიცა და სიხარულიც.

წიგნის ყდები ის სარკმლებია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით. რაც მეტი სარკმელია ჩვენს ცხოვრებაში, მით მეტად ვგრძნობთ და აღვიქვამთ სიცოცხლეს.

ვფიქრობ, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე ადამიანებს დაეხმარო და მათ ცხოვრებაში ბეეევრი სარკმელი გააჩინო. სარკმლები, საიდანაც მზის სხივები შევა. სარკმლები, საიდანაც შეიძლება ვიღაცის თვალის კუთხიდან დაგორებული ცრემლი, ჩვენის გულის წვერს მოხვდეს.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: