ჯონას შაიკი 25 წლის ბელგიელია, რომელმაც ხულოში, სოფელ თაგოში ტურისტული ბიზნესი ოთხი წლის წინ წამოიწყო. ჯონასი ამბობს, რომ ყველაფერი მიატოვა, მათ შორის უნივერსიტეტი, სადაც ფსიქოლოგიას სწავლობდა და სამოგზაუროდ წამოვიდა. საქართველოში როგორც ტურისტი ისე ჩამოვიდა, სამი კვირის განმავლობაში იმოგზაურა იმერეთში, სვანეთში, ბათუმში. აჭარაში ყველაზე მეტად სოფელი თაგო მოეწონა, რომელიც ზღვის დონიდან ათას მეტრზე მდებარეობს და დაბას საბაგირო გზით უკავშირდება.
- „ერთი შეხედვით სრული სიგიჟე იყო, თუმცა მე ეს გავაკეთე“
„ყირგიზეთში ვაპირებდი მოგზაურობას, თუმცა ძალიან შორს იყო. აღარ ვისურვე კომფორტის ზონიდან გამოსვლა. რუკას დავხედე და არჩევანი საქართველოზე შევაჩერე. საქართველოში სამი კვირა დავყავი, ვნახე ქუთაისი, ბათუმი, სვანეთი… თაგო განსაკუთრებით მომეწონა. არანაირი სასტუმროები, არანაირი გესთჰაუსები, ნამდვილი ტურისტული ადგილი იყო“ – ამბობს ჯონასი.
მთის ფერდობზე შეფენილ სოფელში ჯონასმა რამდენიმე კარავი დადგა და ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს მასპინძლობს. „შემიყვარდა საქართველო, საოცარი ბუნებაა“ – გვეუბნება ის.
„როცა პირველად ეს ადგილი ვნახე, აღვფრთოვანდი. გადავწყვიტე მიწა შემეძინა, ბელგიაში დავბრუნდი, ფული ვიშოვე და მეგობრებთან ერთად ეს ადგილი შევიძინე. ერთი შეხედვით, სრული სიგიჟე იყო, თუმცა მაინც საოცარი შეგრძნება მქონდა.
ტურისტულ ბიზნესში გამოცდილება არ მქონდა, თუმცა საქმე წამოვიწყე და ამაში მთელი გული ჩავდე“ – ამბობს ჯონასი.
იგი ფიქრობს, რომ ამ მთის წვერზე მსგავსი საქმიანობის დაწყებით ადგილობრივ მოსახლეობასაც დაეხმარება. „ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება შეცვალო“ – გვეუბნება ის.

ტურისტები გლემპინგ თაგოში
- „ფიქრობდნენ, რომ ძალიან მდიდარი ვარ“
„საქართველოში ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ცხოვრობს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ადამიანები გამორჩენას ცდილობდნენ. რადგან ევროპიდან ვარ, ფიქრობენ, რომ ჯიბე ფულით მაქვს სავსე, ამიტომ ბევრი გამოძალვას ცდილობდა. მე მათიც მესმის, ყველას უნდა, რომ სწრაფად იშოვოს ფული. მე კი მინდა, რომ ჩემი საქმიანობით ყველამ მიიღოს სარგებელი, მეც შემიძლია რაღაც ახალი გავუზიარო მათ. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც ამ სოფელში ცხოვრობს“ – გვეუბნება ჯონასი.
საქართველოდან ძალიან მაღალია დასავლეთის ქვეყნებში მიგრაცია. ადამიანები ფიქრობენ, რომ სწორედ ევროპაში იპოვიან უკეთეს სამუშაოს, კარგ ცხოვრებას. ჯონასი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ საქართველოში ადამიანებს ჯერ კიდევ უწევთ მონური შრომა, რადგან ანაზღაურება ძალიან დაბალია.
„ზოგადად, რომ ვაკვირდები, ამ ქვეყანაში გრძელვადიანი, მდგრადი გეგმები არავის აქვს, ყველა ცდილობს მოკლე დროში იშოვოს ფული. მაშინ როცა ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს განვითარების პოტენციალი.
ის, რომ ფულის შოვნას ადვილი გზებით ცდილობენ, ამის მაგალითია თუნდაც ბათუმი. უშნოდ ჩაყრილი ამხელა შენობები, რომელიც ვფიქრობ, რომ უხარისხოდაცაა აშენებული, ათ წელიწადში ზიანს მოუტანს ამ ქალაქსაც და ეკოლოგიასაც.

ჯონასი გლემპინგ თაგოში
- „რამ გამაკვირვა საქართველოში“
„გაკვირვებული ვიყავი იმით, როგორ ბევრს სვამენ ქართველები. მთელ ჭიქას გადაჰკრავენ. პირველად გაკვირვებული ვეკითხებოდი – „რას აკეთებთ?“ ჩვენთან, ბელგიაში, ღვინოს პატარა ჭიქებით ვსვამთ, ცოტას და ნება-ნება“ – ამბობს ჯონასი.

გლემპინგ თაგო
„ქართულად წერა-კითხვას ვსწავლობ, არ არის რთული. თუმცა საუბარს ჯერ ვერ ვახერხებ“- გვეუბნება ის და ცდილობს კერძების სახელები გაიხსენოს – „ხაჭაპური“, „საცივი“, „აჯაფსანდალი“… მოსწონს ქართული ღვონოებიც, მაგრამ არ უყვარს ლუდი – „არც ქართული და არც ბელგიური“.
ჯონასი ამბობს, რომ თავიდან გაუჭირდა კომუნიკაცია ადგილობრივებთან, ყველა დეტალის გავლა თარჯიმნის დახმარებით უწევდა, თუმცა ახლა ბევრად კარგად ესმის მათი.
- „სტუმართმოყვარე, ამასთან საკმაოდ ქსენოფობიური“
ჯონასის აზრით, ქართველები ზოგადად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ღიად გამოხატავენ სიძულვილს განსხვავებული ადამიანების მიმართ.
„მახსოვს, თბილისში ვიყავი, ღამის კლუბში, სადაც შავკანიანი DJ უკრავდა. ვსაუბრობდით, როცა ერთი ნასვამი გოგო მოგვიახლოვდა უთხრა: „რას აკეთებ აქ? რა გინდა, ამ ქვეყანაში არ მოგვწონს შენნაირები“. შოკში ჩავვარდი, რადგან მგონია, რომ ასეთ ადგილებში ზოგადად, უფრო გონებაგახსნილი ადამიანები დადიან. ძალიან გამიკვირდა.

„მინდა ამ ადგილზე, რომელიც ტურისტებისთვის შევქმენი, ყველა ადამიანი კარგად გრძნობდეს თავს“- ამბობს ჯონასი.
ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ დიდი გზა აქვს გასავლელი რასიზმის დასაძლევად.
შევამჩნიე, რომ აქ არ უყვართ აფრიკელები და ინდოელები. მეც შერეული წარმოშობის ვარ, ზოგჯერ როცა ფიქრობენ, რომ ინდოელი ვარ ან აფრიკელი, არ მელაპარაკებიან. როცა იგებენ, რომ ბელგიელი ვარ, მერე სრულიად იცვლება ყველაფერი.
ვფიქრობ ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ ფიქრობენ, რადგან ევროპიდან ვარ, ბევრი ფული მაქვს, მეორე კულტურის ამბავია, ფიქრობენ, რომ ქართველებს ევროპულ კულტურასთან უფრო მეტი აქვთ საერთო“.

თაგოს საბაგიროს სიგრძე 1720-ია, ხოლო სიმაღლე 280 მეტრი.
ჯონასი ამბობს, რომ საქართველოში პროფესიონალიზმის პრობლემაც დგას და მაგალითისთვის საკუთარ გამოცდილებას ასახელებს:
„როცა კარვების პროექტზე ვმუშაობდი, საკმაოდ იმედგაცრუებული ვიყავი თანამშრომლების პროფესიონალიზმით. ორ თუ სამ არქიტექტორთან ვმუშაობდი, მაგრამ საბოლოოდ, სამუშაოს დიდი ნაწილი თავად შევასრულე“.
ჯონასის აზრით, უცხო მხარეში დამკვიდრება არც ისე მარტივია.
„იყო მომენტები, როცა თავს ცუდად ვგრძნობდი, შფოთვები მქონდა, შეიძლება ოდნავ დეპრესიაც კი, თუმცა ეს გამოწვევა იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ როცა საქმე გამოდის, უკვე მარტივია ვთქვა – „ეს ამად ღირდა “ – გვეუბნება ის.

ბაგირზე სიარული ჯონასის საყვარელი აქტივობაა.
ზამთრობით, დიდთოვლობის გამო თაგო იკეტება, ამიტომ ჯონასიც ბელგიაში ბრუნდება.
საქართველოში ცხოვრებას სულ ცოტა ხუთი წელი კიდევ აპირებს. შემდეგ გეგმებს კი ის განსაზღვრავს, რას უკარნახებს ცხოვრება. „ძალიან ბევრი იდეა მაქვს, ვნახოთ როგორი განწყობა მექნება, როგორ წავა ბიზნესის საქმე“ – ამბობს ჯონასი.