მთავარი,სიახლეები

რა ღირს ახალი თხილი დღეს – კრეფის სეზონი დაიწყო

06.08.2021 • 5903
რა ღირს ახალი თხილი დღეს – კრეფის სეზონი დაიწყო

თხილის ფასი დაახლოებით 4 ლარია – გვითხრეს ბათუმში, ქობულეთში, სუფსაში და სამეგრელოში დღეს, 6 აგვისტოს. მეთხილეების შეფასებით, ეს საშუალო ფასია იმის გათვალისწინებით, როცა თხილის კრეფა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არაა შესული და მოსავალი ნედლია.

ბათუმის აგრარულ ბაზარში აღნიშნეს, რომ ნედლი თხილის ფასი ხარისხის მიხედვით დაახლოებით 3,5 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს, რეალიზება კი, 4,5 – 5 ლარია.

ქობულეთელი მეთხილეების თქმით კი, თხილის ჩაბარება სოფლებში ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა რამდენიმე პუნქტია, სადაც თხილის ჩაბარება უპრობლემოდ შეიძლება. თხილის კრეფის სეზონი უკვე დაიწყო.

„დაიწყო თხილის ჩაბარება სამი ლარიდან და ახლა დაახლოებით 4 ლარია. იმედია, მოიმატებს კიდევ, რადგან ლარი გაუფასურებულია,“ – გვითხრეს ქობულეთში.

ნედლი თხილის ჩაბარების ფასი დაახლოებით 4 ლარია გურიაში, მაგალითად, სუფსაში.

თხილის ჩაბარების საშუალო ფასი ზუგდიდსა და სენაკში 4 – 4.5 ლარი დაგვისახელეს.

„იგივე ფასია წელს, რაც გასულ წელს იყო. შეიძლება 50 თეთრით მეტი იყოს, მეტად არ გაიზრდება,“ – გვითხრა კომპანია „ნათს ელის“ დირექტორმა ბადრი ლორჩოშვილმა. ეს კომპანია ბოლო 10 წელია თხილის ექსპორტზე მუშაობს საქართველოდან ევროპის ქვეყნებში.

ექსპორტიორის შეფასებით, თხილის ფასზე ვერ აისახება ის, რომ წელს თურქეთში განსაკუთრებით დიდი მოსავალია და უხვმოსავლიანობაა საქართველოშიც. თურქეთი თხილის ბაზარზე ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ბადრი ლორჩოშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თხილზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე ისევ მაღალია, მიწოდება კი – ნაკლები.

 

„თხილის საშუალო ფასი მსოფლიო ბაზარზე წელს 5 – 5,5 ამერიკული დოლარია. ევროპაში უკვე კარგად იციან ქართული თხილის ფასი. ჩვენ მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ფორმით ვახარისხებთ თხილს და ისე ვაწვდით. ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაგვაქვს თხილი,“ – გვითხრა ბადრი ლორჩოშვილმა.

ამ თემაზე:

რა ფასი ექნება წელს თხილს – ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: