მთავარი,სიახლეები

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება

05.08.2021 • 1225
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება
დღეს, საღამოს 17:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება, აქციის მონაწილეები თბილისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის შესაძლო დანგრევას აპროტესტებენ. ორგანიზატორებმა აქციის შესახებ „ფეისბუქში“ დაანონსეს.

აქციის მოთხოვნებია:

  • ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციისა და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა.
  • გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები.
  • კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა.

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა. საქართველოს კულტურის სამინისტროს დასკვნის თანახმად, ის ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

„სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური“ – ასე შეაფასა სამინისტრომ მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივა.

მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 5 თებერვლისთვის მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა უნდა დასრულდეს.

სამოქმედო გეგმის თანახმად, რომელიც სამინისტრომ გაასაჯაროვა, 2021 წლის 5 აგვისტოსთვის მუზეუმის თანამშრომლებისთვის ახალი დროებითი სივრცე უნდა შეირჩეს, ხოლო 2021 წლის 5 აგვისტოდან – 2022 წლის 5 თებერვალს ჩათვლით პერიოდში – მუზეუმის ექსპონატების გადატანა და შესაბამისი სივრცეების რეკონსტრუქცია უნდა დასრულდეს.

სამინისტროს ინფორმაციით: არაერთი ექსპერტიზისა თუ შეფასების დასკვნით, აქ თანამშრომლებისა და ექსპონატების შენახვა საშიშია. კერძოდ, დაზიანებულია მზიდი კონსტრუქციები, შენობის საძირკველი დგას წყალში:

„სახეზე გვაქვს ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომ თითოეული დღე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. შედეგად, ქვეყნის ეროვნულ საგანძურს ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური და არამატერიალური ზიანი“.

საგულისხმოა ისიც, რომ  მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის გვერდით დგას და თითქმის შეუმჩნეველია გამვლელი თვალისთვის, სამშენებლო ღობის გამო. პანორამა ჩრდილავს 1830-იან წლებში აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ხელოვნების მუზეუმი და „პანორამა თბილისი“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მას შემდეგ, რაც მუზეუმის ნგრევის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და უწყება არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მუზეუმის ნგრევაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. სამინისტრო განცხადებაში ასევე წერს, რომ ცრუა ინფორმაცია, თითქოს უწყება შენობას ანგრევს.

„ნათელია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა, სამწუხაროდ, ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

დეტალურად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: