მთავარი,სიახლეები

„კაფეში ვმუშაობდი იმ დღესაც“ – გოგო, რომელმაც ინგლისურში 80 ქულა აიღო

06.08.2021 • 50859
„კაფეში ვმუშაობდი იმ დღესაც“ – გოგო, რომელმაც ინგლისურში 80 ქულა აიღო

„იმ დღესაც კაფეში ვმუშაობდი, როცა ინგლისურში გამოცდის შედეგები გამოცხადდა და მე ეს მოგვიანებით გავიგე“, – გვიყვება ლიკა რუსია. მან ინგლისურში მაქსიმალური 80-დან 80 ქულა აიღო. ლიკა ბათუმელია და სწავლის დაწყებამდე კაფე „k2“-ში მუშაობს მიმტანად.

„როცა ინგლისურის გამოცდის შედეგები დაიდო, მე ტელეფონი მქონდა დასამუხტი და არ მიმიქცევია ყურადღება, თანაც, კაფეში იმ დღეს ბევრი ხალხი იყო,“ – იმ ემოციას გვიზიარებს ლიკა, რაც მაქსიმალური ქულის აღების ამბის გაგების დროს ჰქონდა. – „თურმე სახლიდან მირეკავდნენ ტელეფონზე და ვერ დამიკავშირდნენ. მერე მოუფიქრებიათ და მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნეს საგამოცდო ცენტრში. მალევე მიუღიათ პასუხი – 80 ქულა. მაშინვე მამაჩემი სახლიდან გამოიქცა და კაფეში მომაკითხა… თავიდან ყურადღება ვერც კი მივაქციე, ხალხს ვემსახურებოდი, მერე დამიძახა, ნახე, ინგლისურის გამოცდის შედეგიო? არა-მეთქი და გაოცდა. 80 ქულა აგიღია შენო, ძალიან გახარებული იყო… დაბნეული ვიყავი, სამსახურში მომილოცეს მერე ერთხმად.“

ლიკამ ბათუმის პირველი საჯარო სკოლა დაასრულა და ფილოსოფიაზე აბარებს. ლიკა საფრანგეთში წასვლას აპირებს. უნდა, რომ რეჟისორი გახდეს.

როგორ შეიძლება ინგლისურის შესწავლა ეფექტურად?

ლიკა თვლის, რომ საუკეთესო შედეგის მომცემი ბევრი გადაცემის, სერიალის, ფილმის, ან პოდკასტის მოსმენაა ინგლისურ ენაზე – როცა მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ხშირად უსმენ, უცხო ენა შენთვისაც მშობლიური ხდება.

„მერვე კლასიდან დავიწყე კერძო მასწავლებელთან დამატებით ინგლისურის სწავლა. მანამდე უფრო დიდ დროს ვუთმობდი გრამატიკას, ტექსტებს, ბოლო ერთი წელი კი, პრაქტიკულად დისტანციურად ვსწავლობდი ინგლისურსაც,“ – ამბობს ლიკა.

რატომ ვერ ხერხდება ინგლისურის კარგად სწავლება სკოლაში, საკლასო ოთახში?

„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა მოსწავლეების რაოდენობა კლასში, მასწავლებელს ჩემს სკოლაში კომპეტენციის პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ბოლოს კლასში 34 მოსწავლე ვიყავით, დროის გადანაწილება ძალიან რთულია,“ – სკოლის პრობლემას ხსნის ლიკა რუსია.

ლიკა მიიჩნევს, რომ სტუდენტი აქტიური უნდა იყოს. იგი საპროტესტო აქციებში აქამდეც მონაწილეობდა.

„ჩემი აზრით, სტუდენტები დიდი ძალაა, აქტიურები უნდა ვიყოთ და მოვინდომოთ შეცვლა იმის, რაც არ მოგვწონს… მე გამოვედი აქციაზე 6 ივლისსაც ბათუმში, ვმონაწილეობდი ასევე „ამბასადორის“ წინააღმდეგ აქციებში, რადგან არ შეიძლება საზოგადოებრივი სივრცე ვინმე ერთი პირის ხელში აღმოჩნდეს… მინდოდა იქ სხვებიც ყოფილიყვნენ, უფრო ბევრნი ვყოფილიყავით, რომ ანგარიშგასაწევი გახდეს ეს პროტესტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა იქ არ იყო,“ – აღნიშნა ლიკა რუსიამ „ბათუმელებთან“.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სტუდენტების უფრო აქტიური ჩართვა პოლიტიკურ პროცესში? – ესეც ვკითხეთ ლიკას.

„მთავარი პრობლემა არის აზრის ქონა, საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეს ყველას, რა რატომ მოსწონთ, ან არ მოსწონთ. დაინტერესება არ მოდის, პირველ რიგში. თუ ინტერესი არ ჩნდება, შემდეგ არც პროტესტის გამოხატვა გსურს,“ – მიიჩნევს ლიკა რუსია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: