განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

მხოლოდ განათლება ქმნის პროგრესს | მეგი ქარცივაძე

05.08.2021 • 2620
მხოლოდ განათლება ქმნის პროგრესს | მეგი ქარცივაძე

ავტორი: მეგი ქარცივაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი
___

დღეს ძალიან უცნაურ, რთულ და დაძაბულ რეალობაში გვიწევს არსებობა. თითქოს უკვე ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ემპათიის ნაკლებობას, ბრაზს, სიძულვილს, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობას, შუღლს და შემდეგ უკვე ამ ყველაფრით ნასაზრდოებ ნიჰილიზმს. ძნელია იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რა არის ამ მოცემულობის მიზეზი, მიზეზები კომპლექსურია ხოლმე, მაგრამ რაც კაცობრიობის ისტორიამ უკვე ძალიან კარგად გვასწავლა, არის ის, რომ ყოველგვარ კეთილშობილებასა და პროგრესს საფუძვლად ედო განათლება.

ღირებული მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა საზოგადოებრივ აზრს, ერთსა და იმავე კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას – როგორ უნდა გახდეს ადამიანი უფრო კეთილშობილი? როგორ უნდა გავხადოთ სამყარო ჩვენ გარშემო უკეთესი? როგორ უნდა შევქმნათ საზოგადოება, სადაც სიკეთე სჭარბობს ბოროტებას? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებაა განათლება. ყველანაირი ცოდნა ფუჭია, თუკი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას არ  ისახავს მიზნად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ წიგნებზე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ, სამეცნიერო ლიტერატურაზე, რათა ნაცრისფერი, მოქუფრული რეალობის მიღმა, რაშიც ცხოვრება გვიწევს, მათ თვალწინ გადაიშალოს მრავალშრიანი, ფერადი და ამოუწურავი სამყარო. ამ სამყაროსთან ზიარების შემდეგ ისინი თავად დაიწყებენ კითხვებზე პასუხების ძიებას, მიხვდებიან, რომ ყველანაირი ცოდნა, იდეოლოგია თუ რწმენა, რაც არ ემსახურება მთავარს – ადამიანს, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და თავისუფლებას – ფუჭია.

მხოლოდ ცოდნა ქმნის პროგრესს, აღვივებს ადამიანში ყოველგვარ სიკეთეს, შესაბამისად მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების განათლებისთვის გაღებული თუნდაც მცირე ძალისხმევა კეთილშობილური და სასარგებლო რამაა, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის.

ვთვლი, რომ „ბათუმელების“ ეს პროექტი მაღალმთიან აჭარაში სამაგალითოა და მასში თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა, მცირედი კონტრიბუციაც მნიშვნელოვანია, რათა მომავალში მსგავსი ინიციატივები გაჩნდეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: