სიახლეები

TI: საქართველოს რკინიგზის 52-მილიონიანი ტენდერი კონკურენციას ზღუდავს

05.08.2021 • 1419
TI: საქართველოს რკინიგზის 52-მილიონიანი ტენდერი კონკურენციას ზღუდავს

საქართველოს რკინიგზის მიერ მაგისტრალური რელსების შესასყიდად გამოცხადებული 52.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი კონკურენციას ზღუდავს – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ [TI].

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს რკინიგზა მომწოდებლებისგან მხოლოდ რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრულ სერტიფიკატებს ითხოვს:

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2021 წლის 10 ივნისს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან კონკრეტულად ევრაზიული კავშირის სერტიფიკატი და მარკირებაა მოთხოვნილი. კარგი პრაქტიკის შესაბამისად, შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საჭიროდ თვლის:

  • „საქართველოს რკინიგზამ“ წარმოადგინოს არგუმენტები, თუ რატომ გახდა აუცილებელი კონკურენციის შეზღუდვა და რელსების მხოლოდ საბაჟო კავშირში შემავალი ქვეყნებიდან შესყიდვა;
  • საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეისწავლოს აღნიშნული ტენდერი, რათა დადგინდეს, შესაძლო „მორგებული“ ტენდერის უკან ხომ არ დგას კორუფციული ინტერესები.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის პირველ ივლისს დასრულდა. მასში მონაწილე ერთადერთმა კომპანია „უნი 2“-მა კი ზუსტად ის თანხა მიუთითა შეთავაზებაში, რა თანხაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული – 52 799 117 ლარი.

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს, „საქართველოს რკინიგზას“ ჯერ-ჯერობით გამარჯვებული არ გამოუვლენია და „უნი 2“-თან კონტრაქტი არ გაუფორმებია. 52.8 მლნ-იან ტენდერში მხოლოდ ერთი მიმწოდებლის მონაწილეობა ეჭვს აჩენს, „საქართველოს რკინიგზის“ სატენდერო განაცხადით ხომ არ იყო შეზღუდული კონკურენცია, ანუ საქმე ხომ არ გვაქვს, ე.წ. კონკრეტულ მიმწოდებელზე „მორგებულ“ ტენდერთან“ – აცხადებს „გამჭვირვალობა“ .

„გამჭვირვალობაში“ აცხადებენ ასევე, რომ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ მათ წერილით მიმართა ავსტრიულმა კომპანიამ – „GSL Steel Trade GmbH“, რომელთა წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ტენდერში ხელოვნურად არის შეზღუდული კონკურენცია.

„კომპანია აღნიშნავს, რომ მას გააჩნია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სარკინიგზო საქონლის მიწოდების გამოცდილება, მათ შორის ტრანსკავკასიურ რეგიონში, მაგრამ ამჯერად მისი მონაწილეობა სატენდერო მოთხოვნებმა გამორიცხა. ავსტრიული კომპანიის არგუმენტები შეზღუდულ კონკურენციაზე, რომლებიც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთული დოკუმენტებითაც დასტურდება, შემდეგია:

  1. სატენდერო დოკუმენტაცია განთავსებულია მხოლოდ ქართულ და რუსულ ენაზე;
  2. შემოთავაზებულ საქონელს მოწოდებისას თან უნდა ახლდეს საბაჟო საბჭოს ტექნიკური რეგლამენტით ТР ТС 003/2011 განსაზღვრული შესაბამისობის სერტიფიკატი და ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული მარკირება. საბაჟო საბჭოში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მისი წევრი ქვეყნებისგან შედგება, კერძოდ, ესენია: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ამ ჩანაწერით, „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად განსაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება იყოს წარმოებული შესასყიდი საქონელი;
  3. ტენდერის გამოცხადებიდან წინადადებების მიღების საბოლოო თარიღამდე 21 დღე იყო, რაც, ავსტრიული კომპანიის აზრით, ძალიან მოკლე პერიოდია, განსაკუთრებით საქართველოს არარეზიდენტი კომპანიებისთვის;
  4. ტენდერის დოკუმენტებში მოცემული ტექნიკური სპეციფიკაცია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სტანდარტებზეა ფოკუსირებული.“ – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტენდერი რკინიგზამ შესყიდვების სპეციალური წესით გამოაცხადა, რაც „გამჭვირვალობა საქართველოს“ აზრით კორუფციულ რისკებს ზრდის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რკინიგზა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: