ბათუმის საახალწლოდ მოსართავად 700 ათასი ლარი დაიხარჯება

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 699 910 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 5 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით:

  • სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
  • სადემონტაჟო სამუშაოები – 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
  • შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი, ასევე დაზიანებული [რომელიც ექვემდებარება შეკეთებას შემდგომში გამოყენების შესაძლებლობით]და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალი გამარჯვებულმა მერიის სამსახურს 2022 წლის 1-ლი მარტის ჩათვლით უნდა წარუდგინოს;
  • ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით უნდა განხორციელდეს 2022 წლის 25 მარტის ჩათვლით.

კონკრეტული მისამართები, თუ სად რა აქსესუარები/კონსტრუქციები უნდა განთავსდეს, მოცემულია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.

___

2020-2021 წლის საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებისთვის კეთილმოწყობის სამმართველოს ელექტრონული ტენდერი 500 393 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული. აქედან 60 ათასი ლარი ქუჩების განათებისთვის იყო გამოყოფილი.

ხულოში ავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური

წუხელ, 19 ნოემბერს, სოფელ დეკანაშვილებში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 2 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს მოზარდები ხულოში, კლინიკაში არიან მოთავსებულები.

მძიმეა, მაგრამ სტაბილური გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც შემთხვევის შემდეგ ბათუმში, კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ დაუდასტურა.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 15-17 წლის ოთხი მოზარდი იმყოფებოდა, წუხელ ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

სილქფესტი დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტების გააქტიურებას მინიმალური ტარიფით გვთავაზობს

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 21 და 22 ნოემბერს, დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტები მინიმალურ ფასად გაიაქტიურონ.

სილქფესტის აქციით მსურველი შემდეგი პირობების ჩართვას  შეძლებს მთელი თვით, ერთად და ცალ-ცალკე:
[checklist]

  • 25 GB – 14 ლარად – კომბინაციით *202#
  • 40 GB – 18 ლარად – კომბინაციით *202#

[/checklist]

ორივე პაკეტის ერთად გააქტიურების შემთხვევაში თითოეულს უნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

თუ სილქფესტის მეგაბაიტები ამოიწურა და პაკეტის 30 დღიანი ვადა გასული არ არის, ინტერნეტით ისარგებლებთ ტარიფით 1მბ = 0.15 ლარი.

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

 

დადასტურდა კოვიდის 4 318 ახალი შემთხვევა, 70 ადამიანი გარდაიცვალა – 20 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 318 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 70 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 457 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით.

19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.00%.

20 ნოემბერს გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 809, ქვემო ქართლი – 279, შიდა ქართლი – 360, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი -295, კახეთი – 303, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 808 889-ს.

 

ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა მოზარდი

დღეს, 19 ნოემბერს, ხულოში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც, პირველადი ინფორმაციით, 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

„არასტანდარტული აჭარელის“ ცხოვრება ზალცბურგში

„ხულოში სიყვარული ვისწავლე, ჩემთვის მთა ენერგიის წყაროა. 

ხულოში არ ხარ განებივრებული ბავშვი, ყველა წვრილმანი გახარებს. შენ ცხოვრებაში დღესასწაულია ფეხბურთის ფორმას თუ გიყიდიან. რამდენიმე კვირა დადიხარ ამ  ფორმით და სანამ ფერი არ გადაუვა, მანამდე ეს ფორმა გაცვია“ – გვითხრა გიორგი შავაძემ.  

23 წლის გიორგი საკუთარ თავს  არასტანდარტულ აჭარელსა და გამოუსწორებელ ოპტიმისტს უწოდებს. 

გიორგიმ ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობები დაამთავრა და დღეს ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში, ინტეგრაციისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.

გიორგი ხულოში, სოფელ ირემაძეებში ბავშვობაში ცხოვრობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა დღემდე მისი საყვარელი ადგილი ხულოა და ხშირად სტუმრობს თავის სოფელსა და მეზობლებს ხულოში. 

როცა მოსწავლე იყო, გიორგი აჭარულ დიალექტზე ლექსებს წერდა ხულოზე, იღებდა ვიდეოებს და თავის არხზე ტვირთავდა, იუთუბზე. ბევრმა ხულოელმა სწორედ ასე გაიცნო გიორგი.

„ლექსების წერამ და იუთუბზე არხის გაკეთებამ მომცა ცნობადობა და ურთიერთობები, რაც ფასდაუდებელია ჩემთვის. აღარ ვწერ და ვაქვეყნებ ლექსებს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს დღემდე, რაც ძალიან მახარებს“ – გვითხრა გიორგიმ.

„მგონია, რომ ხულოა ის ადგილი, სადაც გამიჩნდა ამბიციები. ხულოში ცხოვრება ძალიან შრომატევადია, რამდენსაც ხულოელი ადამიანი აკეთებს და უძლებს, რომ უყურებ, ფიქრობ, რომ ყველაფერს შეძლებ და მოტივაციით ივსები“ – ამბობს გიორგი და გვიყვება გზაზე, რომელიც ხულოდან ზალცბურგის უნივერსიტეტში მოხვედრამდე გაიარა. 

„უნივერსიტეტში ჩაბარება იმიტომ მინდოდა, რომ ვიცოდი, ეს შესაძლებლობების კარს გამიხსნიდა. ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე და ბაკალავრიატში სწავლისას ორჯერ, 2019-2020 წლის ზაფხულში „ერასმუსის“ სტიპენდიატი გავხდი, ორი სემესტრი ვისწავლე ზალცბურგში. 

გავიგე, რომ გაცვლით პროგრამებზე მიღება ცხადდებოდა ზალცბურგის უნივერსიტეტში, რომელიც თავიდანვე ძალიან მინდოდა და დავიწყე მეცადინეობა პროგრამის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თუმცა პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი და მიმდინარე სემესტრის დამთავრებისთანავე აკადემიური შვებულება ავიღე. 

ხალხს ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ თუ სწავლობ კარგ გზას ადგახარ. კარგად მახსოვს, როცა სტუდენტის სტატუსი შევიჩერე, თითქოს ხელიდან წავედი, ალმაცერად დამიწყო ყურება ყველამ. 

Au-pair  პროგრამაა, რომლითაც მიდიხარ გერმანულ ოჯახში და ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობ, ეხმარები სხვადასხვა საქმეებში, ეს შეიძლება იყოს ბავშვებისა და მოხუცის მოვლა, რაც  საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ სამუშაო საათების შემდეგ გაქვს შესაძლებლობა იარო სკოლაში გერმანული ენის შესასწავლად. 

სამი თვე ვცხოვრობდი მიუნხენში, გერმანულ ოჯახში, ვუვლიდი 87 წლის ქალბატონს და საღამოს Vaterstetten Volkshochschule-ის სკოლაში ვსწავლობდი გერმანულს. 

ყოველთვის მახსოვდა, რომ გამოცდაში ჩავიჭერი, 2019 წელს ისევ გავედი გამოცდაზე და  ჩავაბარე. 

ახლაც ზალცბურგის უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგისტრის საფეხურზე, სტიპენდიით“ – ამბობს გიორგი. 

გიორგი შავაძე ზალცბურგის უნივერსიტეტში

გიორგიმ გვითხრა, რომ წელს, ზაფხულში, სტიპენდიიდან დაზოგილი ფულით ბათუმში ჰოსტელი „კალიფორნია“ გახსნა, რომლის გაფართოების სურვილი აქვს. 

„ყოველთვის მინდოდა დაბალბიუჯეტიანი ტურისტული თავშესაფარი გამეკეთებინა, 2021 წელს გავხსენით ჰოსტელი და უკვე 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტს ვუმასპინძლეთ“ – გვიყვება გიორგი.  

გიორგის საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად გეგმავს ჩართვას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში, მანამდე კი ქართული კერძები ენატრება: 

ჩამოსვლისთანავე ბორანოს და აჩმა ხაჭაპურს შევჭამ, ძალიან მომენატრა, მომენატრა ჰოსტელის ეზოში ნარდის თამაშიც. 

ზალცბურგში ძირითადად ფელამუშს ვაკეთებ, რადგან კარგი ყურძნის წვენი აქვთ და ასე ვაცნობ აქაურებს ჩვენს სამზარეულოს. ხაჭაპურსაც ხშირად ვაცხობთ. აქ მცხოვრები ქართველები ხინკალსაც აკეთებენ ხოლმე და ამ ყველაფრის გაერთიანება პატარა საქართველოს მოცემულობას გვაძლევს. 

სადაც მივდივარ ყველგან საქართველოს დროშები მიმაქვს და ყველას ვჩუქნი, ვისაც გავიცნობ“ – გვიყვება გიორგი. 

შიმშილობის 50 დღე – სააკაშვილი ქართულ ციხეში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 50 დღიანი შიმშილობა სრულდება. უახლესი ინფორმაციით, სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დასთანხმდა.

„ბათუმელები“ გთავაზობთ გასული 50 დღის ქრონიკას – რა ხდებოდა უკანასკნელი 50 დღე საქართველოში და რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის თავს.

6 სექტემბერი

6 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვიდოდა.

27 სექტემბერი

27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა.

1-ელი ოქტომბერი

  • 1-ელ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“.
  • მოგვიანებით ფეისბუქ გვერდზე კიდევ ორი ვიდეო გამოაქვეყნა. ორივე ვიდეო ბათუმში იყო გადაღებული.
  • 1-ელ ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იტყუებოდა და ის არ იყო საქართველოში. მაგალითად, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობდა და სინამდვილეში არა ბათუმში, არამედ უკრაინის კურორტზე, ქალაქ ტრუსკავეცში იყო.
  • თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კი სააკაშვილის ბათუმში ყოფნის შესახებ ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.
  • საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.
  • მალევე, საგანგებო განცხადება გააკეთა მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

 2 ოქტომბერი

  • 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. დაწესებულებიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილი თავს მიიჩნევდა პოლიტიკურ პატიმრად, აცხადებდა შიმშილობას და, როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვდა უკრაინის კონსულთან შეხვედრას.
  • საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე იქნება ქართული მართლმსაჯულებისთვის ერთგვარი გამოცდა.

3 ოქტომბერი

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება იმუშავებს დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არავის თხოვნას არ გაითვალისწინებდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხოლოდ სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ შეძლებს უკრაინაში დაბრუნებას. პრემიერი ციხეში მყოფ სააკაშვილს დაემუქრა – “წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”.
  • დააკავეს ელგუჯა ცომაია. პროკურატურის განმარტებით, ცომაიამ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი შეიფარა და არ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას.

4 ოქტომბერი

  • 4 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა და განაცხადა: „შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე“.
  • მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.
  • რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იყო მოთავსებული, მისმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

5 ოქტომბერი

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

6 ოქტომბერი

  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მისეულ ვერსიებზე ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა მიზეზი სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო.
  • ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდიდა ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას.

7 ოქტომბერი

  • პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.
  • „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დააანონსა.

8 ოქტომბერი

ლიეტუველი ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარას მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ „ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან მსგავს განცხადებას დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა“.

9 ოქტომბერი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილმა ციხეში თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.

10 ოქტომბერი

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. შიმშილობა ამ დაავადების დროს კი ადამიანის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.

11 ოქტომბერი

  • სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ გაუარესებულა.
  • პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას გამოეხმაურა და თქვა: „როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს“.
  • 11 ოქტომბერს სააკაშვილი მოინახულა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ეკა ხერხეულიძემ. მისი თქმით, სააკაშვილმა თაფლის 5 ქილიდან 4 გაუხსნელად ჩააბარა ადმინისტრაციას.

12 ოქტომბერი

  • ოთხმა ორგანიზაციამ („ღია საზოგადოების ფონდი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „ადამიანის უფლებების ცენტრი -HRC“) განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება იკვეთება.
  • იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფა მოითხოვა.

14 ოქტომბერი

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან შეიკრიბნენ. აქციაში მინიმუმ 38’500 იყო, მაქსიმუმ კი — 57’600 ადამიანი მონაწილეობდა.

15 ოქტომბერი

პოლონელმა დეპუტატებმა სააკაშვილის გასათავისუფლებლად ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართეს.

16 ოქტომბერი

მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო მოთავსებული, საპროტესტო აქცია გაიმართა სააკაშვილის წინააღმდეგ.

17 ოქტომბერი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

18 ოქტომბერი

  • 18 ოქტომბერს 70-მდე ევროპელი პოლიტიკოსის ხელმოწერით გავრცელდა განცხადება,  რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა „უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე“.
  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ „საქართველოში მოქმედ კანონებს პატივი სცენ“. ოხანაშვილის თქმით, ეს განცხადება ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავს და განცხადებაზე ხელმომწერები შეცდომაში არიან შეყვანილი.

19 ოქტომბერი

  • 19 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ის და მისი თანაგუნდელები სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებენ.
  • ღარიბაშვილმა სააკაშვილზე თქვა: „ის არის სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ, უნდა ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. სამარცხვინო სიტუაციაა, დავამთავროთ არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე“.
  • მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ზურაბ ფაღავამ იუსტიციის სამინისტროში ვიზიტისას თქვა, რომ ექიმებმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცეს.
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 19 ოქტომბერს ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თანახმა იქნება, ექიმთა კონსილიუმის გაცემული ყველა რეკომენდაცია შესრულდება.

20 ოქტომბერი

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტარების განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ევროპული სასამართლო მისი საქმის განხილვას არ დაასრულებს. მან თქვა – „ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“.
  • 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

21 ოქტომბერი

  • იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.
  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ და სხვა დაწესებულება გამორიცხული იყო.
  • 21 ოქტომბერს რუსთავის მე-12 ციხის ფანჯრიდან გარეთ შეკრებილ მოქალაქეებს ხელი დაუქნია. დაპატიმრების შემდეგ ეს იყო ექსპრეზიდენტის პირველი გამოჩენა.

24 ოქტომბერი

  • საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. დაადგინა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს. ომბუდსმენის შეფასებით, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ №18 სამკურნალო დაწესებულების კლინიკას ჰქონდა სრული აღჭურვილობა და შეეძლო როგორც გადაუდებელი, ისე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით დახმარება.

25 ოქტომბერი

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, 24 ოქტომბრის ღამეს ექსპრეზიდენტის ანალიზებში “ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა. საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა მაჩვენებელი“.
  • მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა. მიზეზად პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

26 ოქტომბერი

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე ნებისმიერ სიტუაციაში უარი განაცხადა.
  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდეს.

27 ოქტომბერი

  • მიხელ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი საქართველოში არ შემოუშვეს.
  • მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და მისი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა.
  • ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში.
  • უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს.
  • სააკაშვილის ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში, შეხვედრების ოთახში რემონტი ჩაატარეს და მიხეილ სააკაშვილთან დაცული კომუნიკაციის საშუალება, ფაქტობრივად, შეზღუდეს.

28 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „არ შიმშილობს და ეს არის შიმშილობის იმიტირება“.

29 ოქტომბერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე თქვა, რომ კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს. მომდევნო დღეს ღარიბაშვილმა თავისი ნათქვამი გაასწორა და თქვა „უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა“.

30 ოქტომბერი

  • საქართველოში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური.
  • საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი დამოკიდებული უნდა იყოს კონკრეტულ სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე და ეს სამედიცინო პროფესიონალებმა სამართლიანად და მიუკერძოებლად უნდა გადაწყვიტონ.
  • თბილისის მერობის კანდიდატმა ენმ-დან ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

1-ელი ნოემბერი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა. წერდა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაა.

2 ნოემბერი

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან პერმანენტული აქციები დააანონსა.
  • მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აქციებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა  2 ნოემბერს წაიკითხა. სააკაშვილი წერდა, რომ მისი ციხიდან დახსნის პირობებში “მაქსიმუმ 10 დღეში” მიაღწევდა რიგგარეშე არჩევნებს.
  • „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ისევ განაცხადა, რომ „სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია“.

3 ნოემბერი

  • 3 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტს არ შეიწყალებს. ამასთან, ის ამბობს, რომ სააკაშვილი მიჩნეულ უნდა იქნას განსაკუთრებულ პატიმრად და ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
  • პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო.

4 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. მას თან ჰქონდა ილია II-ის წერილი, რომელშიც პატრიარქი სააკაშვილს სთხოვდა შიმშილობა შეეწყვიტა.

5 ნოემბერი

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ უწყების მკაცრი რეკომენდაციაა, სააკაშვილის სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს.
  • იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებდა.

6 ნოემბერი

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორები განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას.
  • მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არანაირ საკვებს არ იღებდა, ხოლო სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად 6 ნოემბრის დილიდან უარი თქვა მინერალებზე და ვიტამინებზეც.
  • პენიტენციური სამსახურის უფროსმა, ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა „გარკვეული პერიოდია, დაიწყო საკვები დანამატების მიღება, მათ შორის თხევადი და არათხევადი სახით“.
  • პენიტენციურმა სამსახურმა  სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში იყო გადაღებული.

7 ნოემბერი

სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველთან შეხვედრა მოითხოვა, რომელსაც უთხრა, რომ ექიმების რეკომენდაცია იყო მედიკამენტის ჩანაცვლება საკვები დანამატით. 

8 ნოემბერი

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი აზიარა.
  • მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სიკვდილამდე აპირებდა შიმშილობას. მოითხოვა, მისი ჯანმრთელობის თემა არ ქცეულიყო დღის წესრიგის მთავარ საკითხად, რადგან მიზანი “მოპარული არჩევნების და ხელისუფლების დაბრუნება“ იყო.
  • 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
  • სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიის მოწყობილობები შეიტანეს.
  • სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის საკანში გადაღებული ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს სააკაშვილი საკუთარ ნივთებს.

9 ნოემბერი

  • მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ის მოატყუა, რადგან უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის სახალხო დამცველის საშუალებით გახდა ცნობილი.
  • მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რუსთავის მე-12 საპყრობილიდან მოტყუებით წაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში, ადგილზე მისულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს,  მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის და „შესაძლებელია, დახმარება დასჭირდეთ“.
  • ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა.
  • საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ექსპრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანა, არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება იყო.

10 ნოემბერი

  • 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პროცესი. სააკაშვილის სასამართლოში არ გადაიყვანეს.
  • პოლონეთის საზოგადოებრივმა რადიომ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შორის გამართული სატელეფონო საუბროს დროს, დუდამ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილის დაკავება აზიანებს ქვეყნის იმიჯს“.
  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნაზე, სახელწოდებით „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

11 ნოემბერი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება დაასრულა.
  • იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი დაწესებულებაში ძალით შეჰყავთ.
  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ თქვა, რომ სააკაშვილი მოატყუეს, გაიტაცეს, მასზე იძალადეს და ეს კადრებით დასტურდება.
  • იუსტიციის სამინისტრომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოწოდების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა.
  • „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრმა“ (IRCT) მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გაავრცელა  და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაგმო.
  • მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატის, ნიკა გვარამიას საშუალებით ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას და წყვეტს შიმშილობას, ოღონდ იმ პირობით თუ რეაბილიტაციას სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში გააგრძელებს.
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხარული იქნება, თუკი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას “ყოველგვარი დათქმების”გარეშე შეწყვეტს.

12 ნოემბერი

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერზე დაწერა, შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობით.
  • საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ჩამოვიდა.
  • მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში მოინახულა მისმა ამერიკელმა ადვოკატმა ჯონ სენდვიჯმა. ციხის საავადმყოფოდან გამოსულმა ადვოკატმა თქვა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულება, სადაც სააკაშვილი იმყოფება, არ არის შესაფერისი დაწესებულება ჯანმრთელობის მდგომარეობს შესაძლო გაუარესების შემთხვევისთვის.
  • საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს მიმართეს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდეს, განახორციელონ ვიზიტი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

13 ნოემბერი

  • ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში.
  • ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელი პოლიტიკოსების, მათ შორის ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას სააკაშვილთან ციხეში არშეშვება გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ამით ხელისუფლებამ საკუთარ ანტიდასავლური პოლიტიკური კურსი აჩვენა.
  • ირაკლი კობახიძემ წერილი გამოაქვეყნა და კრიმინალების მფარველი უწოდა ევროპარლამენტარს, რომელმაც მისი ინფორმაციით მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენია.
  • იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მინისტრი რატი ბრეგაძის პასუხი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილზე, საიდანაც ჩანს, რომ მინისტრი გააღიზიანა  ევროპარლამენტარის წერილში “პოლიტიკური პატიმრის” ხსენებამ და მას სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა.
  • მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ 13 ნოემბერი იყო პირველი დღე,  როდესაც სააკაშვილი ლოგინიდან არ ამდგარა.

14 ნოემბერი

  • საქართველოს პარლამენტში 9 პარლამენტარმა შიმშილობა დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო.
  • საქართველოს პარლამენტთან გაიმართა მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული საპროტესტო აქცია. აქციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო.
  • სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო – N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი, მანანა ელეფტეროვა ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
  • სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ განცხადება გაავრცელა და მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

15 ნოემბერი

  • საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა. წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც მისი მკურნალი ექიმები ითხოვენ.
  • ექს-პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ოჯახის სახელით ხელისუფლებას სთხოვა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ 15 ნოემბერს სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა.
  • მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 3 დღე თითქმის არ ამდგარა საწოლიდან. აქციის შემხედვარეს კი ენერგია მიეცა.

16 ნოემბერი

  • უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.
  • იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად თავად სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით არ შეუშვეს.
  • სახალხო დამცველმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.
  • სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმებთან ერთად მივიდა. ლომჯარიას თქმით, ექიმებს მისი რწმუნება აქვთ. შესაბამისად, ისინი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ნებისმიერ დროს შეძლებენ.

17 ნოემბერი

  • ექიმებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას წერილით მიმართეს და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაში დახმარება სთხოვეს.
  • „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ მულტიპროფილურ სამედიცინო ჯგუფს.
  • საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი საპატრიარქოს კომპეტენცია არ არის და ამ თემაზე პატრიარქთან არ უმსჯელიათ.
  • გლდანის ციხესთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ქალების აქცია გაიმართა სლოგანით – „არ მოგაკვლევინებთ“.
  • სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კონსენსუსის საფუძველზე მოამზადა და სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

 18 ნოემბერი

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  რომ ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილის „გამოხსნა“ სურს და იცის, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებიდან ამას ვერ შეძლებს. კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია.
  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და საკაცით აიყვანეს.

 19 ნოემბერი

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო სხდომებზე.
  • მიხეილ სააკაშვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა გადაიყვანონ.

„საწყისი წერტილი მიჩვენებს, საით წავიდე“ – მანდალები, როგორც თერაპია

ერთი წლის წინ, 2020 წლის ნოემბერში, როცა პანდემიის გამო ბათუმი ჩაკეტილი იყო, ბათუმელმა ნატო ელიზიანმა ცარიელი ფურცლის ცენტრში წერტილი დასვა და მანდალას ფერადი წრის ხატვა დაიწყო.

მანდალა სანსკრიტზე წრეს, ცენტრს ნიშნავს. ეს არის სამყაროს სიმბოლური სურათი, რომელიც ერთიანობასა და უწყვეტობას აჩვენებს გეომეტრიული ფიგურებით. მანდალას დახატვა, შექმნა, არტთერაპიაში გამოიყენება ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვისაც კი.

ნატო წლებია ბათუმის კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში მუშაობს. ამბობს, რომ გასულ წლამდე არ ყოფილა ხატვით გატაცებული, ჯერ მხოლოდ ათვალიერებდა მანდალებს და ძალიან მოსწონდა, შემდეგ კი მანდალას შექმნა მისთვის ძლიერი გატაცება აღმოჩნდა.

ჯერ ფურცელზე ქმნიდა მანდალებს, შემდეგ კი სხვა მასალებითაც დაიწყო მუშაობა და ახლა აკრილის საღებავით მანდალებს ქმნის მუყაოზე, ქაღალდზე, ტილოზე და ქვებზეც.

ნატო ამბობს, რომ წინასწარ არასდროს იცის ზუსტად როგორ, რა ფიგურებით შეიქმნება მანდალა.

„როცა ვიწყებ ხატვას, ყველაფერი თავისით მოდის.

ჩემი მანდალები არ მეორდება, შაბლონით არ ვხელმძღვანელობ და ზუსტად ისეთს, როგორიც უკვე დავხატე, ვეღარ დავხატავ.

რაღაც კომბინაციები მოვიგონე, მარტო წრეებით არ იქმნება, პატარ-პატარა ნახატებიც არის, უბრალოდ წრეს არ არღვევ“ – ამბობს ნატო.

ერთი მანდალას შექმნას საშუალოდ 2 საათი სჭირდება, თუმცა ამ პროცესს ხშირად ჩაუთრევია და დილამდე შეუჩერებლად უხატავს.

ნატოს მანდალები

„ჩემთვის სასიამოვნო პროცესია, საერთოდ არ მღლის. თერაპიის მსგავსია.

ფერები განწყობის მიხედვით მოდის, შეიძლება ორ-სამ ტონალობაში გადავწყვიტო, შეიძლება შვიდი-რვა ფერი გამოვიყენო. წინასწარ არ მაქვს გადაწყვეტილი. რა პრინციპით ვარჩევ არ ვიცი, უბრალოდ ასე ვხედავ. თან საწყისი წერტილი მიჩვენებს, საით წავიდე. ხელს მიჰყავხარ, ასე რომ ვთქვათ“.

ნატოს თქმით, მანდალების შექმნას, თუ მაინცდამაინც მხატვრის ხელი არა, გარკვეული უნარები მაინც სჭირდება:

„ძალიან დიდ კონცენტრაციას ითხოვს, ხელის სიზუსტეს, მოთმინებას… თვალი, ტვინი, ხელი, გემოვნება, ყველაფერი ჩართულია“.

ნატო ამბობს, რომ კომპოზიციის აგებაში განწყობაც ძალიან დიდ როლს თამაშობს:

„საკუთარ თავზე დაკვირვებით რომ გითხრათ, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობაც, იმიტომ, რომ შეიძლება დრო გქონდეს, მაგრამ ხატვის სურვილი – არა.

ყველაფერს მზაობა სჭირდება, მითუმეტეს, შემოქმედებით პროცესს“.

ნატოს მოხატული ქვები

თავიდან მანდალებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნიდა, მერე ფეისბუქზე გვერდიც შექმნა სახელწოდებით – find your mandala (იპოვე შენი მანდალა), წელს კი ბათუმში გამართულ შავი ზღვის ფესტივალ SUNRISE-ზე, გამოფენა-გაყიდვაზე პირველად გაიტანა მანდალები.

„ვინც კი ჩაივლიდა, ყველას მოსწონდა და ჩერდებოდნენ. რამდენიმე იყიდეს კიდეც უცხოელებმა. ამან მოტივაცია მომცა, რომ მარტო ჩემთვის არ მქონდეს ეს მანდალები, სხვებსაც ჰქონდეთ ჩემი ნამუშევრები. პირიქით, გამიხარდება თუ მოიწონებენ“ – ამბობს ნატო.

მანდალა ტილოზე

ახლა ნატო ცდილობს თიხასა და ხეზეც იმუშაოს მანდალების შესაქმნელად. ფიქრობს, კარგი იქნებოდა პატარა სახელოსნო-სასწავლებლის გახსნა ბათუმში, სადაც საღამოობით, კარგი მუსიკის ფონზე ადამიანები მოვლენ და საკუთარ მანდალებს შექმნიან, „ისე, თან რომ ისვენებდეს ადამიანი, თან ხატავდეს“. თუმცა, ყველაფერს რესურსები სჭირდებაო – ამბობს ნატო.

18 655 ლარი ელისო ბოლქვაძისა და მისი თანმხლები ჯგუფის ბელგიაში ვიზიტისთვის

ბელგიაში ელისო ბოლქვაძის და მისი თანმხლები პირების ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან 18 655 ლარი დაიხარჯა. საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ პარლამენტიდან მოაწოდეს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და მისი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილს სამუშაო შეხვედრები ბელგიაში, ბრიუსელში 4 ნოემბერს ჰქონდათ. საჯარო ინფორმაციაში არ მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია, კიდევ ვინ ახლდა ელისო ბოლქვაძეს ბრიუსელში და რამდენ დღეს გაგრძელდა ვიზიტი.

ელისო ბოლქვაძეს ბრიუსელიდან ფოტოები 2-5 ნოემბერს აქვს გამოქვეყნებული.

პარლამენტიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, კონკრეტულად ელისო ბოლქვაძის მივლინებისთვის 7073.73 ლარი დაიხარჯა, ხოლო ირაკლი მეზურნიშვილისთვის – 5811.09 ლარი.

საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ შესაძლოა უფრო მეტიც დაიხარჯა ბიუჯეტიდან ელისო ბოლქვაძის ბრიუსელში ვიზიტისთვის.

„კოვიდტესტების, ან/და კოვიდდაზღვევის მოთხოვნის გათვალისწინებით შესაძლებელია მოხდეს მივლინების თანხების კორექტირება მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც გამოიწვევს მივლინების ხარჯების ცვლილებას [ზრდას, ან კლებას]“, – მოგვწერეს პარლამენტის აპარატიდან.

პარლამენტი არ განმარტავს, რატომ მოგვაწოდეს ინფორმაცია 18 ნოემბერს 8 ნოემბრის მდგომარეობით.

ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ელისო ბოლქვაძემ დღეს, 19 ნოემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ ევროპული პრესა „დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს იმიჯს“ და  საჭიროა ბერკეტების შექმნა ამ საკითხის მოსაგვარებლად.

ბათუმის მერიამ სამშენებლო მოსაკრებლიდან 889 200 ლარი ამოიღო – 10 თვის მონაცემი

2021 წელს ათ თვეში ბათუმის მერიამ მშენებლობის მოსაკრებლის სახით 889 200 ლარი ამოიღო. საერთო ჯამში კი, ამავე პერიოდში ადმინისტრაციული მოსაკრებლების სახით ბიუჯეტში 20 მილიონ 126 400 ლარი შევიდა.

მათ შორის ყველაზე მეტი – 16 მილიონ 676 300 ლარი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია.

სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 5 მილიონ 246 000 ლარი.

საერთო ჯამში კი, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 169 მილიონ 856 400 ლარი იყო, ათ თვეში მობილიზებულია 131 მილიონ  068 300 ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 77,2%.

შემოსავლები მოიცავს გადასახადებს, გრანტებსა და ფინანსურ დახმარებას, სხვა შემოსავლებს.

რა წერია UNICEF-ის ანგარიშში – საქართველოში ტუალეტების პრობლემა

დღეს, 19 ნოემბერს, ტუალეტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჯანმოსა და UNICEF-ის ერთობლივი მონიტორინგის პროგრამის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ამ დროისთვის 3.6 მილიარდი ადამიანისთვის არ არის ხელმისაწვდომი ტუალეტთან დაკავშირებული უსაფრთხო სანიტარული პირობები, პროგრესი სანიტარულ და ჰიგიენურ საკითხებში კი ძალიან ჩამორჩება.

ტუალეტების საკითხი პრობლემურია საქართველოშიც. საქართველოს სოფლებსა და დაბებში, შინამეურნეობათა ნაწილი მარტივ კოლექტორულ საპირფარეშოებს იყენებს, რომელთაც საკუთარი სახსრებით თვითონ უვლიან. UNICEF-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ საპირფარეშოებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების სათანადოდ დაცვა შესაძლებელია, საქართველოში ხშირად ისინი საკმარისად კარგად არ არის აგებული ან მოვლილი.

გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის მონაცემებით, სოფლად საკანალიზაციო სისტემა (მათ შორის არასრულყოფილი და ნაწილობრივი) აქვს სკოლების მხოლოდ 40%-ს, ქალაქში ეს მაჩვენებელი ორჯერ მაღალია; ცალკეული სოფლის და ქალაქის ცალკეულ სკოლებში კვლავაც გამოიყენება დაკიდებული ტუალეტი, სათლი;

  • იმ სკოლების უმეტესობაში, სადაც საკანალიზაციო სისტემა არ მოქმედებს, არ არსებობს ფეკალური მასის დაცლის ან გატანის გამართული გრაფიკი. დირექტორების ინფორმაციით, ნახმარი წყალი უსაფრთხოდ გაედინება საკანალიზაციო სისტემაში მხოლოდ სკოლების 13%-ში, უმეტესად ნახმარი წყალი სკოლის ეზოს ტერიტორიაზე (48%) ან სპეციალურ არხში იღვრება (27%).
  • ტუალეტის ჯიხურების ფუნქციონირების, ისევე როგორც სისუფთავის მაჩვენებლები უფრო მაღალია ქალაქად, ვიდრე სოფლად. საინტერესოა, რომ თუკი სან-კვანძების გამართულობის თვალსაზრისით თბილისში ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა, ჯიხურების სისუფთავის კუთხით მდგომარეობა თბილისში სხვა ურბანული დასახლებების მსგავსია: დაკვირვების შედეგებით სუფთად ჩაითვალა დათვალიერებული ჯიხურების მხოლოდ 60%, ხოლო სოფლად – შესწავლილი ჯიხურების დაახლოებით ნახევარი. /2020 წელი

პრობლემურია საჯარო ტუალეტების რაოდენობა ქალაქებში და ხარისხი საქალაქთაშორისო გზებზეც.

UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2015 – 2017 წლებში იმ შინამეურნეობების პროცენტული წილი, რომლებსაც სანიტარულ პირობებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ, 51.2%-დან 49.1%-მდე შემცირდა.

მიიჩნევა, რომ მსოფლიო მოსახლეობის სულ ცოტა 10% მოიხმარს ჩამდინარე წყლებით დაბინძურებულ საკვებს – ჯანმო

ჯანმოსა და UNICEF-ის რეკომენდაციით, მთავრობებმა ოთხჯერ უფრო სწრაფად უნდა იმუშაონ, რათა 2030 წლისთვის ყველა უზრუნველყონ სანიტარულად უსაფრთხო ტუალეტებით – საზოგადოების ჯანმრთელობის, გარემოსა და ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის.

ამავე თემაზე:

 ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

ჯანმო ტუალეტების ხელმისაწვდომობისთვის ინვესტიციების გაზრდას ითხოვს

როცა ტურისტი ხარ და ტუალეტში გინდა… საქართველოში

81 კილომეტრი სუფთა ტუალეტის გარეშე – ტურისტების პრობლემა აჭარაში

მოსამართლემ გაამართლა ქალი, რომელიც სუსთან ვიდეოს გადაღებისთვის დააკავეს -VIDEO

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაამართლა თამარ კურატიშვილი, რომელიც ბათუმში, სუსის შენობასთან დააკავეს 13 ნოემბერს მაშინ, როცა ის ვიდეოს იღებდა.

მოსამართლემ “სირცხვილიას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაამართლა როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა ვიდეომტკიცებულებას, სადაც ჩანს, რომ თამარ კურატიშვილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადადის და ამ დროს მას პოლიციელები ეუბნებიან, რომ ვიდეო არ გადაიღოს.

“არ გამიგია შეურაცხყოფა და ცუდი სიტყვა,” – აღნიშნა მოსამართლემ სამართალდარღვევის ოქმის ჩანაწერის პასუხად – პოლიციელების მტკიცებით, მათ თამარ კურატიშვილმა “დაგეშილი ძაღლები” უწოდა.

“ალბათ, გაასაჩივრებთ,” – მიმართა მოსამართლემ პოლიციელს, რეზო ხარაზს, ვიდრე ის სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა.

____

ამ თემაზე:

რას გადაწყვეტს მოსამართლე – პოლიციამ ქალი სუსთან ვიდეოს გადაღების გამო დააკავა 

ავსტრია კოვიდზე აცრას სავალდებულოს ხდის და ლოქდაუნს აცხადებს

ორშაბათს, 22 ნოემბერს, ავსტრიაში ლოქდაუნი იწყება კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდის გამო.

ქვეყანაში 10 დღით დაიკეტება მაღაზიების უმრავლესობა, გაუქმდება კულტურული ღონისძიებები. 12 წელს ზემოთ ასაკის, არავაქცინირებულ ადამიანებს ეკრძალებათ გარეთ გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან სამსახურში, სკოლაში და აუცილებელ საყიდლებზე.

10 დღის შემდეგ ქვეყნის მთავრობა სიტუაციას შეაფასებს და თუ კი ეპიდსიტუაცია არ შეიცვლება უკეთესობისკენ, ლოკდაუნი კიდევ 10 დღით გაგრძელდება.

„ევრონიუსის“ ცნობით, ბოლო დღეებში ავსტრიაში კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. გუშინ, 18 ნოემბერს, ქვეყანაში 15 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს 2021 წელს ავსტრიაში კოვიდით ინფიცირების დღიური ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ასევე დღეს, 19 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ავსტრიაში პირველი თებერვლიდან იწყება სავალდებულო ვაქცინაცია კოვიდზე. „ევრონიუსის“ ცნობით, ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 64 პროცენტია აცრილი კოვიდზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.

რას გადაწყვეტს მოსამართლე – პოლიციამ ქალი სუსთან ვიდეოს გადაღების გამო დააკავა 

სუსთან 13 ნოემბერს აქტივისტის დაკავება მოსამართლემ არალეგიტიმურად მიიჩნია, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “თამარ კურატიშვილის საქმის” განხილვა დაასრულა.

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დასაჯოს თუ არა აქტივისტი სუსის შენობასთან მდუმარე პერფორმანსის მოწყობისთვის, სადაც ხუთმა ქალმა გაშალა ბანერი – “ჩვენც დაგვიჭერთ”?

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება თამარ კურატიშვილის მიერ გადაღებული ვიდეოა, რაც მან დაკავებამდე მოასწრო და სადაც ცალსახად ჩანს, რომ პოლიციის ჩინოსანი ჯარჯი მელაძე მას უკანონოდ სთხოვს, საჯარო ადგილზე ვიდეოს გადაღება შეწყვიტოს.

თამარ კურატიშვილი მოძრაობა ” სირცხვილიას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და იგი პოლიციელებმა 13 ნოემბრის საღამოს დააკავეს სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან.

თამარ კურატიშვილმა პოლიციელებს მოსთხოვა განმარტება, რატომ უნდა შეეწყვიტა ვიდეოს გადაღება ქუჩაში, საჯარო სივრცეში. პასუხის გაცემის ნაცვლად, პოლიციელებმა თამარ კურატიშვილი დააკავეს. ის ოზურგეთში გადაიყვანეს და 43 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

თამარ კურატიშვილი დაახლოებით 5 საათი არ დააკავშირეს ადვოკატს.

ვიდეოს გადაღების უსაფუძვლოდ შეზღუდვა საერთოდ არ ახსენა პოლიციელმა რეზო ხარაზმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო და სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმოადგენდა.

“ის აჩენდა აგრესიას,” “პოლიციელებს გვიწოდებდა ძაღლებს, დაგეშილები რატომ მოდითო” – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა და განმარტა, რომ თამარ კურატიშვილმა უარი თქვა ბანერის ჩამოხსნაზე, ასევე გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე.

სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ აქციის მონაწილეებს პარალიზებული ჰქონდათ სუსის შესასვლელი.

საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებთან 20 მეტრის რადიუსში აქციის გამართვა შეზღუდულია. პოლიციელებმა 13 ნოემბერს აქციის მონაწილეებს მოუწოდეს რადიუსის დაცვა.

“მოწოდებისთანავე ჩვენ გადავედით გზის საპირისპირო მხარეს და იქ დამაკავეს,” – ამბობს თამარ კურატიშვილი.

“გადახვედით, მაგრამ სავალი ნაწილი გათავისუფლებული არ იყო, ფერხდებოდა მანქანების მოძრაობა,” – აღნიშნა კიდევ ერთმა პოლიციელმა, თეა ლაღაძემ, რომელიც ასევე შსს-ს წარმოადგენდა და იქვე დასძინა, რომ თამარ კურატიშვილის დაკავება არ სურდათ, “რადგან ის ქალია.”

“ეს სექსისტური განცხადებაა,” – ქალ პოლიციელს მიმართა თამარ კურატიშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ როცა დააკავეს, სამი საათის განმავლობაში არ მისცეს უფლება დალაპარაკებოდა სახლში მარტო დატოვებულ 12 წლის შვილს.

“მაშინ რატომ არ იყო სქესი შუაში?” – იკითხა დაკავებულმა აქტივისტმა.

კითხვა პოლიციელმა უპასუხოდ დატოვა.

“ეს იყო აქტივისტის მიმართ ანგარიშსწორება,” – აღნიშნა საიას იურისტმა, მირზა მამულაძემ.

იურისტმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ შენობის პარალიზებას ბანერის გაკვრა ვერ გამოიწვევდა და ეს აბსურდია. მან მოსამართლეს მიანიშნა საქმეში არსებულ ფოტოებზე, რითაც დასტურდება, რომ აქციას 5 ადამიანი მართავდა.

საიას იურისტმა მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ პოლიციელები თამარ კურატიშვილს სთხოვდნენ აქციის ჩატარების ნებართვას და ვიდეოს გადაღების შეწყვეტას.

“ეს მოთხოვნები კი, აბსურდია,” – მოსამართლეს მიმართა მირზა მამულაძემ.

“გვითხრეს, რომ არ შეიძლებოდა ბანერის გაშლა…შემდეგ მოგვთხოვეს ნებართვა მერიიდან… ჩანს ვიდეოშიც, რომ ვდგავართ საპარკინგე ზოლთან,” – უთხრა მოსამართლეს თამარ კურატიშვილმა.

“თქვენ იყავით გზის სავალ ნაწილზე და ეს ვიდეოშიც ჩანს…” – გაცხარდა შსს-ს წარმომადგენელი, თეა ლაღაძე და აქციის ამსახველი ერთ-ერთი ამობეჭდილი ფოტო მოიმარჯვა ხელში.

“აქ ჩანს, რომ აქციის მონაწილე თავიდან ბოლომდე იღებდა ყველაფერს. მართალი რომ ყოფილიყო, ამ ვიდეოს წარმოადგენდა,” – უკან აღარ დაიხია თეა ლაღაძე და პოლიციელი რეზო ხარაზისგან განსხვავებით, ვიდეოს გადაღების აკრძალვის საკითხსაც შეეხო.

“ბატონი ჯარჯი მოგიწოდებდათ, შეგეწყვიტათ გადაღება და გადასულიყავით ტროტუარზე. გადაღება არ შეგიწყვეტიათ,” – შსს-ს ჩინოვნიკის, ჯარჯი მელაძის გამართლება ამ ფორმით სცადა პოლიციელმა.

“უნდა შემეწყვიტა? ახლაც ამას ამბობთ?” – პოლიციელისგან ისევ უკანონო მოწოდების მოსმენას ირონიულად დახვდა თამარ კურატიშვილი.

“არც შეგიწყვეტიათ მერე გადაღება,” – გამოსავალი იპოვა თითქოს  სამართალდამცველმა.

“თუ შეიძლება სასამართლოს მომართეთ,” – დისკუსიის შეწყვეტა და ყურადღება ითხოვა მოსამართლემ.

მოსამართლემ მოწმის სახით დაბარებული პოლიციელების ჩვენებებიც მოისმინა.

“რამდენიმე წუთში გადავიდნენ ტროტუარზე,” – თქვა, მაგალითად, თორნიკე სურმანიძემ, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებს გადახედა და მცირე პაუზის შემდეგ დასძინა:

“სავალ ნაწილზე დარჩნენ… მანამდე გადაკეტილი ჰქონდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საავტომობილო შესასვლელი,” – თქვა მოწმემ. მან ვერ თქვა, რამდენი წუთი იყო ჩაკეტილი სუსის შესასვლელი.

“შეფერხდა გადაადგილება, ვინმე შედიოდა ან გამოდიოდა და შეეზღუდა ეს?” – ჰკითხა პოლიციელს საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ.

“უნდა ყოფილიყო, კი,” – მხრები აიჩეჩა პოლიციელმა.

“ვარაუდები არ გვინდა, ფაქტი გვაინტერესებს,” – არ მოეშვა საიას იურისტი პოლიციელს.

“არ მახსოვს,” – თქვა პოლიციელმა.

“კიდევ ერთი კითხვა: ღია სივრცეში ვიდეოს გადაღება შეიძლება?” – ამ მოცემულობაში უკვე დამაბნევლად გაისმა საიას იურისტის შეკითხვა.

“დიახ, შეიძლება,” – შეცბა მოწმე პოლიციელი.

მოწმე წარმოადგინა თამარ კურატიშვილმაც – ნანა გოგუაძე. ისიც აქციის მონაწილეა.

“აქციასაც ვერ დავარქმევ,” – მიმართა მოსამართლეს ნანა გოგუაძემ. – “ვაპირებდით, რომ ბანერით ხელში სუსის შენობასთან გადაგვეღო ფოტო… მაქსიმუმ 3 წუთი გრძელდებოდა ეს პროცესი… ავტომანქანების მოძრაობისთვის ჩვენ ხელი არ შეგვიშლია”, – თქვა მან.

“სად იდექით, იზოლატორის შესასვლელთან?”- იკითხა პოლიციელმა თეა ლაღაძემ.

“არ ვიცი ასე ზუსტად, რისი შესასვლელი იყო, ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა, რომ ფოტოებში ფონად სუსის შენობა გამოჩენილიყო… სულ 5 გოგო ვიყავით, რა გზა გადავკეტეთ,” – თქვა მოწმემ.

“ბიჭიც ჩანს ფოტოებზე,” – მტკიცებულებებს ჩახედა პოლიციელმა რეზო ხარაზმა.

“ბიჭი გვახლდა იმისთვის, რომ ბანერის წაღებაში დაგვხმარებოდა,” – უთხრა მოწმემ პოლიციელს.

მოსამართლემ ნახა ვიდეოც, რომლის გადაღებაც თამარ კურატიშვილმა დაკავებამდე მოასწრო და სადაც ჩანს, რომ პოლიციელები – რეზო ხარაზი და ჯარჯი მელაძე მას ვიდეოს გადაღების საშუალებას არ აძლევენ.

რა სამართლებრივი საფუძვლით მოსთხოვეს პოლიციელებმა თამარ კურატიშვილს ვიდეოს გადაღების შეწყვეტა? – ვკითხეთ პოლიციელ რეზო ხარაზს შესვენების დროს. მან გვითხრა, რომ კომენტარს ვერ მოგვცემს, მაგრამ აღნიშნა, მან აქტივისტს მხოლოდ ის უთხრა, რომ კონკრეტულად მისთვის არ გადაეღოთ.

“და ეს რატომაა კანონიერი?” – მორიგი კითხვა შსს-ს წარმომადგენელმა უპასუხოდ დატოვა.

საია-ს იურისტმა მირზა მამულაძემ ყურადღება გაამახვილა “წვრილმან ხულიგნობაზე”, რასაც აქტივისტს ედავებიან. კანონის ჩანაწერში წერია, რომ ეს მოქმედება უნდა არღვევდეს საზოგადოების მყუდროებას.

“ეს მდუმარე პერფორმანსი იყო… მყუდროება გამოდის პოლიციელებმა დაარღვიეს,” – აღნიშნა მირზა მამულაძემ.

იურისტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თუკი კურატიშვილს ედავებოდნენ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას და შეკრებების და მანიფესტაციების კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევას, მაშინ მას სხვა მუხლით უნდა მიდავებოდნენ.

თამარ კურატიშვილს გამოძიება წვრილმან ხულიგნობასთან ერთად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.

დასკვნით სიტყვაში საიას იურისტმა მოსამართლეს ეს უთხრა:

“თუ სასამართლო შემაკავებლის როლს არ შეასრულებს, ხვალ და ზეგ უკვე მოსამართლეობასაც დაეკარგება აზრი,” – აღნიშნა მირზა მამულაძემ.

სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ამის შესახებ ბრეგაძემ დღეს, 19 ნოემბერს, განაცხადა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

„ვთავაზობთ, რომ გადავიყვანოთ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებამ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მას გადაიყვანენ რუსთავის #12 დაწესებულებაში”, – განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 50 დღეა შიმშილობს.

გუშინ, 18 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.

სააკაშვილი ამბობდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

თურქეთში გაზის აფეთქების შედეგად სახლი ჩამოინგრა, დაიღუპა 2 ადამიანი

2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა სახლის ჩამონგრევის შედეგად ანკარაში, თურქეთში, დღეს, 19 ნოემბერს, გამთენიისას.

თურქული მედიის ცნობით, ნგრევა სამსართულიან სახლში, სავარაუდოდ, თხევადი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.

ნგრევის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი, 35 წლის კაცი და მისი 2 წლის შვილი.

სახლის დიდი ნაწილი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა.

სახეზეა კომის განვითარების მაღალი ალბათობა – სახალხო დამცველი სააკაშვილზე

საქართველოს სახალხო დამცველი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, მე-18 დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის დამატებითი ვიზიტის შემდეგ.

„სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროგნოზირებად ერთ-ერთ კლინიკურ დამძიმებას გუშინ უკვე ჰქონდა ადგილი. გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბრის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა შეაფასა როგორც კრიტიკული და მძიმე გართულებების პროგნოზი გააკეთა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა.

ამ პერიოდში თავის ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა თავის მრტ/მრა კვლევა, მრ ვენოგრაფის ჩათვლით. რეკომენდებულია ასევე ეეგ კვლევა. ექსპერტთა სხვა დეტალური რეკომენდაციები უშუალოდ მიეწოდა დაწესებულების მთავარ ექიმს.

მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს“ – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 18 ნოემბერს, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის დროს რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.

ხელისუფლებას საზოგადოების ნაწილი, პოლიტიკოსები, დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ, რომ სააკაშვილი დროულად გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში, თუმცა ხელისუფლება უარზეა.

კელი დეგნანი ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ეტყვის ის ელენე ხოშტარიას დედას, რომელმაც დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა. „ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს მივმართავ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები… დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა დღეს ელენე ხოშტარიას დედამ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაღელვებს ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიცით, რომ უკვე ორი კვირაა შიმშილობს და მას მიაჩნია, რომ თავისი ქმედებით ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას. ის იმედოვნებს, რომ შეძლებს ხალხის დაახლოებას და იმ ძალიან ღრმა პოლარიზაციის გადალახვას, რაც ასე უშლის ქვეყანას, აფერხებს ქვეყნის განვითარებას. აი, ამისათვის მიმართავს უკიდურეს ზომას.

თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან და ასევე ყველა მოშიმშილემ იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უარი არ თქვან წამლების მიღებაზე.

გვესმის, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია საკუთარი მოსაზრებით, რწმენით… თუმცა უარი არ უნდა თქვან სამედიცინო მომსახურებაზე.

როგორც დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენელი გეტყვით, რომ ჩვენი მხრივ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პრობლემები, საკითხები მალე გადაიჭრას. შეიძლება ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი არ ჩანდეს, საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, თუმცა ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ ეს საკითხები გადაიჭრას“.

___

ელენე ხოშტარია მე-16 დღეა შიმშილობს. მან დღეს განაცხადა, რომ „აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას“. ელენე ხოშტარია სააკაშვილის მარვალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღეა შიმშილობს.

სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა. ეს, შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს.

ბათუმის საკრებულომ სხდომა 25 ნოემბერს ჩანიშნა

25 ნოემბერს ბათუმის საკრებულომ სხდომა ჩანიშნა, თუმცა საკრებულოში ამ დროისთვის არ აზუსტებენ, განხილული იქნება თუ არა სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი.

როგორც საკრებულოში ამბობენ, პროექტი ჯერ ისევ კომისიებში განიხილება. დღეს, 19 ნოემბერს, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია განიხილავს,  საბოლოო დასკვნას პროექტის ვიზირებაზე სწორედ ეს კომისია ამზადებს.

„ეს იქნება შემაჯამებელი განხილვა, ყველა შენიშვნა აქ მოიყრის თავს და შემდეგ მერიაში გადავაგზავნით,“ – განმარტა ზურა ნაკაიძემ, ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბიუჯეტი 25 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანონ, ზურა ნაკაიძე პასუხობს, რომ ჯერ არ იცის:

„თუ დამტკიცდება, მე გამიხარდება, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. ვნახოთ, რა მოხდება, რამდენად ბევრია შენიშვნა“. იგი ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილია: „წელს ძალიან მაღალი ბიუჯეტი შემოვიდა“.

მომავალ, უკვე არჩეულ საკრებულოს 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, დამტკიცებული დახვდება. ამ საკითხს ბათუმში ბოლო დღეებში აქტიურად განხილავენ, საზოგადოების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მერია ჩქარობს, რათა ბიუჯეტი მოქმედ საკრებულოს დაამტკიცებინოს და არა ახალარჩეულს, რადგან ახალ საკრებულოში „ოცნება“ უმრავლესობაში არ არის.

ამავე თემაზე: 

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?

 

რა იწვევს ფრჩხილის დეფორმაციას და ზოლების გაჩენას – ექიმის რჩევები

რატომ ჩნდება ფრჩხილებზე ვერტიკალური ზოლები, რა შემთხვევაში აზიანებს ფრჩხილებს ლაქი და შილაკი? – ამ და სხვა კითხვებს კლინიკა „კანის“ ექიმი, პოდოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი ხათუნა ნოდია პასუხობს.

  • ქალბატონო ხათუნა, რა სახის დეფორმაციები გვხვდება ფრჩხილებზე და რა იწვევს მათ?

ეს საკმაოდ ვრცელი საკითხია, ფრჩხილის დეფორმირებული უბნები შეიძლება შეგვხვდეს მრავალფეროვანი სახით.

ხშირად გვხვდება ფრჩხილზე ვერტიკალური ზოლები, მას პაციენტი დეფორმაციად აღიქვამს, თუმცა ფრჩხილის ვერტიკალური ზოლები შეიძლება საყოფაცხოვრებო საგნებთან შეხების ფონზეც მივიღოთ.

ასევე, გვხვდება პოსტტრავმული დეფორმაცია, ონიქოდისტროფიის სახელწოდებით, რომელიც შეიძლება მივიღოთ მწვავე ტრავმის შემდგომ.

შესაძლოა ფეხსაცმლის მიერ მიყენებული მუდმივი ტრავმის შედეგადაც მოხდეს ფრჩხილის დეფორმაცია, მაგალითად, ონიქოგრიფოზი. ამ დროს ფრჩხილი გასქელებულია, მოხრილია ერთ მხარეს და ძნელად მოსაჭრელიც არის იმის ფონზე, რომ ფრჩხილის ფირფიტა ძალიან სქელია.

შეიძლება იყოს ფრჩხილის დეფორმაცია ორმხრივად მოკაუჭებული, ჩაზრდისკენ მიდრეკილების სახით, Pincer nails – ასე უწოდებენ და საკმაოდ ხშირია პაციენტების მომართვიანობა ამის ფონზე.

უმეტესად ფრჩხილის დეფორმაციის გამომწვევი მიზეზი არის ძველი ტრავმები ან მწვავე, ახალი შემთხვევები და არასწორად წარმართული მკურნალობა, ასევე, უყურადღებობა, რის შემდგომ უკვე რთულდება პროცესი და ვიღებთ არა მხოლოდ ფირფიტის დეფორმაციას, არამედ ფრჩხილის საწოლის, იმავე სარეცლის დეფორმაციასაც.

ფრჩხილის გასქელება ყოველთვის სოკოვან დაავადებას არ ნიშნავს.

ასეთ დროს მთავარია დაისვას სწორი დიაგნოზი, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა პაციენტი წლობით სვამს ანტიმიკოზურ პრეპარატებს, შედეგი არ არის და პლუს პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე აუცილებელია ღვიძლის ფუნქციებიც შემოწმდეს. ეს ძირითადად ფეხის ფრჩხილს ეხება.

ფრჩხილთან, სადაც სისქე არის მომატებული, სპეციალური აპარატის მეშვეობით ფრჩხილის ფირფიტა მუშავდება. ხდება ფირფიტის დათხელება, ფრჩხილის ზრდის ზონის გამოთავისუფლება და ინიშნება შესაბამისი სამკურნალო საშუალება, რომ სამკურნალო პრეპარატის შეღწევადობა უკეთესი იყოს.

ფრჩხილი, ფირფიტის გარდა, შედგება ფრჩხილის საწოლისა და გარშემო არსებული ქსოვილებისგან, როგორიცაა: პერიონიქიუმი, პარონიქიუმი და ჰიპონიქიუმი. იმისთვის, რომ ფრჩხილი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, საჭიროა ყველა გარშემომყოფი ქსოვილი იყოს ჯანმრთელი.

  • კონკრეტულად რა გარეგანი ფაქტორები იწვევს ფრჩხილებზე ზოლებს?

ფრჩხილზე ვერტიკალური ზოლები დიასახლისებში ძალიან ხშირია. საყოფაცხოვრებო ფაქტორებად მიიჩნევა ლაქის ან შილაკის ხშირი მოხმარება. მიზეზი ხდება მიკროტრავმები, რომლებიც წარმოიქმნება დალაგებისას, ხშირად წყალთან ურთიერთობის ფონზე.

მკურნალობა ასეთი ზოლების დროს მოიცავს დატენიანებასა და ადგილობრივად ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველი კრემების წასმას. კრემის შეზელა ხდება ფრჩხილის საზრდელ ზონაში, დღეში ორჯერ, ცოტა ხანგრძლივად, რა თქმა უნდა, ლაქისგან დასვენებით.

Mayo clinic: თუ თქვენი ფრჩხილები ფერს იცვლის ან ფრჩხილების გასწვრივ ჰორიზონტალური ზოლები ჩნდება, მიმართეთ ექიმს. ეს ცვლილებები შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ მდგომარეობაზე.

  • როცა ზოლების გარდა ხელის ფრჩხილი ტალღოვანიც ხდება?

თუ ფრჩხილზე გაჩნდა არა მხოლოდ წვრილი, არამედ ტალღოვანი (როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური) ზოლები, ასეთ შემთხვევაში ფრჩხილი უნდა დათვალიერდეს დერმატოსკოპის მეშვეობით, რათა დადგინდეს სწორი დიაგნოზი და შემდგომ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, რადგან შესაძლოა გამომწვევი იყოს არა ფიზიოლოგიური, არამედ სხვა მიზეზი.

  • სოკოვანი დაავადება რამდენად ხშირად ვლინდება ფრჩხილის დეფორმაციის ფორმით?

სოკოვანი ინფექცია ანუ ონიქომიკოზის დიაგნოზი რომ დაისვას, პირველ რიგში საჭიროა ფრჩხილის ფირფიტის დათვალიერება დერმატოსკოპიით. სხვადასხვა ფერის შეფერილობა უნდა იყოს, არა მხოლოდ ყვითელი ფერი, რაზეც არის ხოლმე აქცენტი გადატანილი.

ხშირად, როდესაც სიყვითლეს შენიშნავს პაციენტი, ჰგონია, რომ სოკოა. სინამდვილეში ეს ასე არ არის, სხვადასხვა ფერი უნდა ვარირებდეს ასეთ შემთხვევაში – ყავისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, თეთრი… ასეთი გარდამავალია ფერები ამ დროს და როდესაც უკვე ექიმს ეჭვი აქვს, რომ აქ იქნება სოკოვანი ინფექცია ან თუნდაც შეიძლება ბაქტერიული ფონი იყოს მომატებული, დამატებით შეიძლება დაინიშნოს ფრჩხილის ლაბორატორიული კვლევა, რათა შესაბამისი მიმართულებით წარიმართოს მკურნალობა.

  • რა რისკები ახლავს შილაკის გამოყენებას?

შილაკი დღეს მასიურად გამოიყენება და ჩემთან პაციენტების მომართვიანობაც ძალიან მაღალია ფრჩხილის ფირფიტაზე შილაკის შემდგომ არსებული დაზიანებებით.

საქმე ის არის, რომ აუცილებელია შესვენება პროცედურებს შორის, მინიმუმ – ორთვიანი, რათა შეძლოს ფრჩხილმა სუნთქვა, ძალების აღდგენა.

შილაკის სისტემატური გამოყენებისას ფრჩხილის ფირფიტა, ფაქტობრივად, არის უჟანგბადო გარემოში და ძალიან ხშირად, ამ დროს, გარდა სოკოვანი ინფექციებისა, მომწვანო ფერის ანუ ბაქტერიული ფონი იჩენს თავს, ფსევდომონეტური ინფექციის სახელწოდებით.

პირველი ზიანი არის ფრჩხილის ფირფიტაზე ტრავმები, თუნდაც შილაკის, ან აგრესიული მანიკიურის გაკეთების შემდგომ. ამ დროს ხდება უნიქოლისისი, იგივე ფრჩხილის ფირფიტის აცლა, რა დროსაც ფრჩხილის ფირფიტასა და საწოლს (ფრჩხილის სარეცელს) შორის იქმნება სიცარიელე. მერე უმეტესად პაციენტები ცდილობენ, რომ ეს სიცარიელე გამოასუფთაონ, ამოფხიკონ და უფრო უარესად აღრმავებენ მას, შესაბამისად იზრდება დაინფიცირების რისკი.

როცა დაზიანებულ ფრჩხილზე (უმეტესად ფეხის ფრჩხილზე) პაციენტს აღენიშნება მცირე დეფორმაცია, ცოტა შეცვლილია ფერი, ის კი აგრძელებს ასეთ ფრჩხილზე შილაკის ან მუდმივად ლაქის გამოყენებას, იზრდება მეორადი, ბაქტერიული ან სოკოვანი ფლორის გააქტიურების რისკი.

  • როგორ იკურნება ფრჩხილის დეფორმაცია, რომლის შედეგადაც ფრჩხილი მუდმივად ჩაზრდილია?

ჩაზრდა შეიძლება იყოს მცირე – ახალდაწყებული პროცესი და შეიძლება ძალიან გართულებული ფორმით მოვიდეს პაციენტი. ამის მიხედვით ირჩევა მკურნალობის ფორმაც.

როდესაც მწვავე ფორმას, ანთებით პროცესს ჩავაცხრობთ შესაბამისი პროცედურებით, მერე უკვე შეგვიძლია თანამედროვე მეთოდი შევთავაზოთ პაციენტს – ეს არის ფრჩხილის ფირფიტის ბრეკეტირება. ადრე არსებობდა რკინის ბრეკეტები, რომლის ფრჩხილქვეშ შესმა საკმაოდ მტკივნეული იყო, ახლა თანამედროვე ბრეკეტებია, რომლითაც ვახდენთ ფრჩხილის ფირფიტის ეტაპობრივად, ნელ-ნელა მაღლა წამოსვლას.

რა თქმა უნდა, პროცესი კონტროლის ქვეშ არის, რომ ზრდას სწორი მიმართულება მივანიჭოთ. სადღაც 6-8 კვირა უკეთია პაციენტს ეს ბრეკეტები. გააჩნია ბრეკეტის ტიპსაც და დაზიანების ხარისხსაც, ინდივიდუალურად წყდება – ერთჯერადად დასჭირდება პაციენტს ბრეკეტის ტარება, თუ ორჯერადად.

ფეხის ფრჩხილზე ჰორიზონტალური ზოლები იშვიათია, ვერტიკალური ზოლები კი პირდაპირ მიდის გასქელებებით, ნადებები ედება, შესაბამისად საჭირო ხდება ჩარევა უფრო აპარატული და ინსტრუმენტული. ხელთან უფრო ნაკლებად გვიწევს მსგავსი ჩარევა.

  • ფრჩხილებზე მცირე, თეთრი, რკალისებრი ზოლები რატომ ჩნდება?

ეს გახლავთ ლეიკონიჰია, თეთრი ხაზები. ბავშვებშიც გვხვდება. ადრე მითი არსებობდა, თუ თეთრი ხაზები გაჩნდებოდა ფრჩხილზე, საჩუქარს მივიღებდით. სინამდვილეში ის ჩნდება მიკრო, ძალიან მცირე ტრავმირებების შედეგად. ფრჩხილის ფირფიტა ბავშვებში განსაკუთრებით რბილია, ნებისმიერი პატარა მირტყმა ოდნავ მყარ ზედაპირზეც საკმარისია იმისთვის, რომ ლეიკონიჰია წარმოიქმნას.

შესაბამისად, თუ უფროს ასაკში უჩნდება ასეთი თეთრი ხაზები ადამიანს, რომელიც იკეთებს შილაკს, ლაქს ან ღრმად იჭრის ნუნებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ რაღაც ტრავმები აქვს ჩვენს ფრჩხილს და ნიშანს გვაძლევს.

  • ფრჩხილების ფერის შეცვლა შეიძლება თუ არა მიანიშნებდეს რაიმე დაავადებაზე?

უმეტესად ქრონიკული დაავადებების ფონზე არის ფრჩხილის ფერი შეცვლილი. მაგალითად, როცა ანამნეზში პაციენტს აქვს გულის უკმარისობა, ეს ფრჩხილების ფერზე ყოველთვის აისახება, თუმცა აქ მხოლოდ ფერის ცვლილებაა, განსაკუთრებულ ჩარევას არ ვაკეთებთ, თუ დამატებითი პროცესი არ არის.

ფრჩხილის, ტერფის ან სხვა სახის დაზიანებისას ზოგჯერ გვჭირდება სხვა სპეციალისტის კონსულტაციაც. ასეთ დროს ყველაზე ხშირად საჭიროა ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია.

თუ ვხედავთ, რომ ტერფის დეფორმაციაა და ამის ფონზე ზიანდება ფრჩხილი ან ტერფი, რეკომენდაციაში აუცილებლად ვწერთ კონსულტაციას შესაბამის სპეციალისტთან.

არის შემთხვევები, როდესაც დიაბეტური ტერფით მოდიან პაციენტები. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში, როცა შეიძლება განვითარდეს კოჟრი, ფრჩხილის დაზიანება, აუცილებლად მაშინვე უნდა მიექცეს ყურადღება, რომ არ მოხდეს შემდგომი გართულება წყლულის ჩამოყალიბების სახით.

ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ არის ანგიოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან აღრიცხვაზე, ვეუბნებით, რომ გარდა ჩვენთან ჩატარებული პროცედურებისა, გაიარონ კონსულტაცია ამ სპეციალისტებთანაც, რადგან საჭიროა გლიკემიისა და სისხლის მიმოქცევის კონტროლი.

  • რა შეიძლება გავითვალისწინოთ პროფილაქტიკისთვის?

როგორც კანს იტენიანებს ადამიანი, ფრჩხილსაც ასევე სჭირდება დატენიანება. ზოლების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია შესაბამისი ზეთების გამოყენებით დავიტენიანოთ ფრჩხილები, რათა არ გამოშრეს ფრჩხილის ფირფიტა.

ფეხის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მორგებული, კომფორტული ფეხსაცმელი გვეცვას. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სტატისტიკურად ძალიან ხშირია, როდესაც ფეხსაცმლის მიერ ტრავმირებული ფრჩხილის გამოსასწორებლად ძალიან ბევრი იხარჯება.

მთავარი რეკომენდაცია მაინც ის არის, რომ თუ ადამიანი რაღაც მცირე ცვლილებას შენიშნავს ფრჩხილის ფირფიტაზე, იქნება ეს ფერი, სისქე თუ სხვა, არ არის აუცილებელი ეს მტკივნეული და შემაწუხებელი იყოს, აუცილებლად მიმართოს ექიმს, რომ პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და მკურნალობას არ დასჭირდეს რამდენიმე თვე.

კოვიდის გამო აჭარაში 6 სკოლა და 100 კლასი ონლანსწავლებაზეა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 6 სკოლა.

  • ბათუმში – 1 სკოლა
  • ქობულეთში – 2 სკოლა
  • ხელვაჩაურში -2 სკოლა
  • ხულოში – 1 სკოლა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დახურული ერთი სკოლა საკლასო ოთახებში მუშაობას 22 ნოემბერს განაახლებს.

გარდა სკოლებისა, კორონავირუსის გამოვლენის გამო მიმდინარე კვირაში პირდაპირიდან ონლაინსწავლებაზე გადავიდა 100 კლასი.

  • ბათუმში – 84
  • ქობულეთში -7
  • ხელვაჩაურში – 6
  • შუახევში – 2
  • ქედაში -1

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,6  და მოსწავლეების  1,0 პროცენტს.

ამ ეტაპისთვის რეგიონში აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6 პროცენტი.

აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო  და 24 კერძო სკოლაა.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ნოემბრის 21 საათიდან 20 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ზოგან თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 21-22 ნოემბერს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

__________

ფოტოზე: შემოდგომა ქობულეთში.

აჭარაში კოვიდის 155 ახალი შემთხვევაა | 19 ნოემბერი

19 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 540 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 230 ინფიცირებული.

19 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 4278 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 63 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კოვიდის სამკურნალო მედიკამენტების ახალი მარაგი შემოიტანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ახალი მარაგი შემოიტანეს.

ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც საქართველომ მიიღო, Hetero Biopharma Limited-ის წარმოებული 2000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და Roche-ს მონოკლონური ანტისხეულებია – 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი).

„ტოცილიზუმაბი“ აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

ბოლო მონაცემებით საქართველოს კლინიკების სტაციონარში 6 490 კოვიდინფიცირებულია მეთვალყურეობის ქვეშ, მათგან 1 630 მძიმე პაციენტია.

მედიკამენტები ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინანსების ფარგლებში შეისყიდა.

2000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და 500 დოზა „რონაპრივი“ გადანაწილდება სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Hetero Biopharma Limited-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც „ტოცილიზუმაბის“ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.

Roche-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.

რა იცვლება მუსლიმებისთვის – სტრასბურგის ექსმოსამართლის განმარტება მოხეს მეჩეთის საქმეზე

„ბუნებრივია, თოფს ვერ დაიჭერს ხელში, მაგრამ შესაძლოა მუდმივად ხელისუფლების თავზე ეკიდოს ეს საქმეები,“ – გვიპასუხა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად უნდა ელოდეს მუსლიმი თემი ვითარების შეცვლას მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ „მოხეს საქმე“ ევროსასამართლოში წააგო.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტებით, სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა დაიწყება, თუმცა ხელისუფლების ნების გარეშე ფუნდამენტურად ვერაფერი შეიცვლება.

ნონა წოწორიას ზუსტად ერთი წლის წინ „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“ მიღებული გადაწყვეტილებაც გავახსენეთ, სადაც ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა, თუმცა წლების წინ თაროზე შემოდებული ამ საქმით გამოძიება არ დაინტერესებულა.

  • ქალბატონო ნონა, არსებითად რა იცვლება მუსლიმი თემისთვის მას შემდეგ, რაც „მოხეს საქმე“ საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში წააგო? 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუმცა ახალი სტანდარტი, ან მიდგომა არ დადგენილა, როცა საქმე ეხება დისკრიმინაციული ელემენტების გამოკვეთას, ეფექტური გამოძიების ჩატარებას. საქართველოში ამავე კატეგორიის საქმეები არსებობს სხვა ჯგუფებთან მიმართებით და ასეთი იყო, მაგალითად, 2007 წლიდან „იეჰოვას მოწმეების საქმე“. შემდეგ იყო სექსუალური უმცირესობების საქმეები.

ამ კონკრეტულ საქმეზე ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოში მუსლიმ თემსაც აქვს დისკრიმინაციის, არაჰუმანური მოპყრობის პრობლემა. ეს განუყოფელი  იქნება სხვა საქმეებისგან, რაც უმცირესობების დისკრიმინაციის თემაზეა მიღებული. შესაბამისად, მოხეს საქმე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება აღსრულების თვალსაზრისით.

  • არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, მაგრამ მოცემულობა არ შეცვლილა, მაგალითად, „ბათუმის მეჩეთის საქმე“. რა იცვლება ამ შემთხვევაში, როცა დისკრიმინაციას ევროსასამართლო ადგენს? 

გადაწყვეტილებას აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტი განსაზღვრას ინდივიდუალურ და ზოგად ზომებს. ყველა საქმე, რომელიც აქამდე მიღებულია უმცირესობების მიმართ, გაერთიანებულია ერთ წარმოებად – „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. ამ კატეგორიის საქმეებზე მინისტრთა კომიტეტს აქვს განსაკუთრებული ზედამხედველობა, რადგან ისინი კომპლექსურ პრობლემებს ეხება.

მაგალითად, „იეჰოვას მოწმეების საქმეზე“ დაგვიანდა ინდივიდუალური ზომების გატარება, რადგან  1999-2001 წლის ფაქტებს  ეხება. წლების გასვლის გამო, სრულყოფილი გამოძიება უკვე შეუძლებელია, რომ მინისტრთა კომიტეტმა დასრულებულად მიიჩნია ეს ნაწილი. ღიად დარჩა ზოგადი ნაწილის აღსრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა გამოსწორდეს უმცირესობების დაცვის მდგომარეობა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება წარმოებდეს.

  • რას მოიცავს ეს მკაცრი ზედამხედველობა, რას სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას და რას მოსთხოვენ ამჯერად უკვე მუსლიმ თემთან მიმართებით? 

ზედამხედველობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, შეიცვალა თუ არა კანონმდებლობა, რა მექანიზმები აქვს ხელისუფლებას, რომ ეფექტურად იბრძოლოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ, უმჯობესდება თუ არა გამოძიების სტატისტიკა ამ მიმართულებით, სამართალდამცავი ორგანოების ტრენინგები და ასე შემდეგ. ამ ჯგუფის საქმეების ბოლო განხილვა მინისტრთა კომიტეტში იყო გასული წლის ოქტომბერში და წელს, დეკემბერში ის ისევ უბრუნდება ამ საკითხს. ამ მიზნით ანგარიშები წარადგინეს საქართველოს მთავრობამ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. საინტერესოა, რომ მთავრობა, მაგალითად, საერთოდ არ ახსენებს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, საია კი, დეტალურად აღწერს.

ამჯერად უკვე მოხეს საქმეც შეუერთდება ამ ჯგუფს.

  • რადგან მოხეს ინციდენტი 2014 წელს იყო, ანუ 7 წლის წინ, რამდენად შესაძლებელია კონკრეტულად ამ საქმის ეფექტური გამოძიება მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას? 

ბუნებრივია, ინდივიდუალურ ზომებში აღსრულების დეპარტამენტი მოითხოვს პასუხს ამ კონკრეტული საქმის გამოძიების შესახებ, ხოლო ზოგადი ღონისძიებების ნაწილში ის „იდენტობის“ ჯგუფთან გაერთიანდება და თუ აქამდე მინისტრთა კომიტეტი ფოკუსირდებოდა ერთ რელიგიურ ჯგუფზე, ახლა მუსლიმ თემსაც შეეხება.

საინტერესოა, რომ რატომღაც ხელისუფლება 2021 წელს მიუბრუნდა ამ საქმის გამოძიებას. შესაძლოა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ და იმიტაცია შექმნეს, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა განსაკუთრებული პროგრესი არ არის.

ნონა წოწორია – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

საქართველოს მთავრობას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის მთავრობებს, სურს, საქმეებზე დროულად დაიხუროს აღსრულება, მაგრამ ამის მოლოდინი “იდენტობის“ ჯგუფზე ნაკლებ სავარაუდოა, მით უმეტეს, ივლისის მოვლენების შემდეგ. 2007 წლიდან ამ დრომდე, ანუ უკვე 14 წელია ამ ჯგუფის საქმეებზე ღიაა აღსრულების პროცესი.

და რა შემთხვევაში დაიხურება? 

დახურვა გულისხმობს, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა მოცემულობის შესაცველად, რომ მინისტრთა კომიტეტი კმაყოფილია აღსრულებით, პოზიტიური დინამიკაა და აღარაა საჭირო ზედამხედველობა. მინისტრთა კომიტეტს არ შეუძლია იძულების ზომების გამოყენება, თუმცა, ხელისუფლების მუდმივი კონტროლი საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია ცვლილებების მისაღწევად.

  • თუმცა, როგორც ვხედავთ, ხელისუფლებას შეუძლია ისევ გვერდი აუაროს ევროპის სასამართლოს, მაგალითად, ისევ ფორმალურად გამოძიების განახლებით. 

ცხადია, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია. პირადად მე არ ველოდები იმას, რომ ამ მოცემულობაში რამე შეიცვლება. როდესაც დავუბრუნდებით კანონის უზენაესობის აღსრულების ფორმატს, მაშინ უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულებას.

  • მოხეს საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ასევე დისკრიმინაციის მუხლების დარღვევა. რა ჩანს ამ გადაწყვეტილებიდან?  

ამ კატეგორიის საქმეებში სასამართლო ამბობს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი [წამების აკრძალვა] მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკური დაზიანებას, არამედ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შიშს, სტრესს, სიძულვილის ენას.

მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ მონაკვეთზე, რომელიც ეხება დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მეთოდიკას:

„ძალადობის სავარაუდო ინციდენტების გამოძიებისას, როგორიცაა არასათანადო მოპყრობა, ხელისუფლება ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა შესაძლო დისკრიმინაციული მოტივების გამოსავლენად, რასაც სასამართლო აღიარებს, რომ რთული ამოცანაა. მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა დისკრიმინაციული მოტივების გამოსააშკარავებლად, თუმცა ეს ვალდებულება აბსოლუტური არ არის. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც გონივრულია მოცემულ გარემოებებში, რათა შეაგროვოს და დაიცვას მტკიცებულებები, გამოიყენოს ყველა პრაქტიკული საშუალება სიმართლის დასადგენად და მიიღოს სრულად დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები ისეთი საეჭვო ფაქტების გამოტოვების გარეშე, რაც შეიძლება მიუთითებდეს, მაგალითად, რასობრივ ან რელიგიური შეუწყნარებლობას ან გენდერული დისკრიმინაციით მოტივირებული ძალადობაზე. დისკრიმინაციით განპირობებული ძალადობისა და სისასტიკით გათანაბრება იმ შემთხვევებთან, რომლებსაც არ აქვთ ასეთი ელფერი, თვალის დახუჭვა იქნება ამ ქმედებების სპეციფიკურ ხასიათზე, რაც განსაკუთრებით საზიანოა ძირითადი უფლებებისთვის. არსებითად განსხვავებული სიტუაციების იდენტურად გადაწყვეტა კონვენციის მე-14 მუხლთან [დისკრიმინაციის აკრძალვა] შეუსაბამო გაუმართლებელ მოპყრობად შეიძლება შეფასდეს.“

სასამართლომ „მოხეს“ საქმეში თქვა, რომ ოთხივე მოსარჩელის მიმართ ხელისუფლებას ჰქონდა გამოძიების და დისკრიმინაციული მოტივის დადგენის ვალდებულება.

ის, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელი იყო მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე, დადგინდა მხოლოდ  პირველი მოსარჩელის შემთხვევაში, რადგან მას ჰქონდა ექიმის დასკვნა და შესაბამისად, მტკიცებულება. სხვა შემთხვევებზე კი, სასამართლომ დასკვნა ვერ გამოიტანა, თუმცა  აღნიშნა, რომ მტკიცებულებების არარსებობა იმის ბრალია, რომ გამოძიება არ ჩატარებულა.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულება, რომელიც გადადებულია ან დაგვიანებულია, ხშირად მართლმსაჯულებაზე უარის თქმას ნიშნავს. ხელისუფლების სწრაფ რეაგირებას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს ნდობა კანონის უზენაესობის მიმართ და თავიდან იქნეს აცილებული აღქმა, რომ ხელისუფლება შემწყნარებელია უკანონო ქმედებების მიმართ.

  • ზუსტად ერთი წლის სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა „სერჟანტ შავაძის საქმეზე“. პროკურატურაში არ გვითხრეს, გააქტიურდა თუ არა გამოძიება. სერჟანტი 2008 წლის აგვისტოში მოკლეს. ამ შემთხვევაში რა ხდება? 

ამ შემთხვევაშიც აღსრულების იგივე პროცედურა მოქმედებს. არსებობს მსგავსი საქმეები ასევე სიცოცხლის უფლების დარღვევის კუთხით [„ცინცაბაძის ჯგუფი“] და ამ ჯგუფშია ეს საქმეც. აღსრულების დეპარტამენტი 2022 წლის მარტში დაუბრუნდება ამ საქმეების განხილვას. საქართველოს მთავრობა ვალდებულია წარადგინოს ანგარიში, რა ღონისძიებები გაატარა და რას გეგმავს იმისთვის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.

  • კონკრეტული სამართლებრივი ბერკეტი აქვს ევროსასამართლოს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს? 

სასამართლოს ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად კონვენციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების სპეციალური ზომების დადგენა შეიძლება მივიჩნიოთ. როდესაც ვსაუბრობთ დასავლურ ინსტიტუტებზე, აქ იარაღის ძალით ვერავის აიძულებენ გადაწყვეტილების აღსრულებას. ვთანხმდებით, რომ ვმოქმედებთ, როგორც  ცივილიზებული ერები ადამიანის უფლებების დასაცავად და დემოკრატიის განსამტკიცებლად, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის კონვენციით აღიარებული ერთადერთი პოლიტიკური ფორმა. წესით, სახელმწიფოსაც უნდა სურდეს, რომ არ ჰქონდეს ბევრი საქმე აღსასრულებელი, არ იყოს მუდმივად პასუხების გაცემის რეჟიმში.

  • ანუ პოლიტიკური ნების გარეშე ამ გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მუსლიმი თემის შემთხვევაში, შესაძლოა ვერაფერი შეცვალოს, ასეა?

მოსასმენად მძიმეა, მაგრამ ასეა. არ უნდა მოვიტყუოთ თავი. ამიტომაც არის საჭირო იმის სწორად გაცნობიერება, რაც ხდება და გაცნობიერება, რომ ყველაფერი გვეხება. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარეშე ვერაფერი შეიცვლება. ჩვენ ყველამ ვიცით, გასაღები სადაც დევს – ინსტიტუციები თავიანთ როლს უნდა ასრულებდნენ და ხელისუფლება მიტაცებული არ უნდა იყოს.

____

რა ვიცით მოხეს მეჩეთის საკითხზე:

მოხეს საკითხი

სოფელი მოხე ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ბოლო აღწერის თანახმად, იქ 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობაც მუსლიმია.

ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობის წინაპრები 1975-80 წლებში დასახლდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელში 1927-34 წლებში ააშენეს მესხმა მუსლიმებმა.

შენობა, რომელსაც 1957 წლიდან კლუბის სტატუსი ჰქონდა, საბჭოთა პერიოდში დიდხანს გამოიყენებოდა საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად. 2007 წლიდან  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა.

მუსლიმი თემი შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას მიმართავდა ხოლმე, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: მაისის ბოლოს სოფელი მოხის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის [მუსლიმების წარმომადგენლობისათვის] გადაცემის თხოვნით მიმართა.

რამდენიმე კვირაში მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ „სადავო ქონება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მხოლოდ „საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით“ შეიძლება გამოიყენოს.

მუსლიმებმა ეს მოულოდნელი გადაწყვეტილებას გააპროტესტეს. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მათი უფლებები. ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა.

სწორედ ეს საქმე გასაჩივრდა სტრასბურგის სასამართლოში.

დადასტურდა კოვიდის 4278 ახალი შემთხვევა, 63 პაციენტი გარდაიცვალა

19 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4 278 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 51 298 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 63 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

19 ნოემბრის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52, ბოლო 7 დღის – 8,99%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარაში – 155, იმერეთში – 715, ქვემო ქართლში – 273, შიდა ქართლში – 412, გურიაში – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთში -334, კახეთში – 267, მცხეთა-მთიანეთში – 110, სამცხე-ჯავახეთში – 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.

დღეის მონაცემებით, კოვიდკლინიკებში იმყოფება 6 490 ინფიცირებული.

„არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს“, – ბათუმის მერიის მოხელემ სამსახური დატოვა

ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურში რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, როსტომ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც როსტომ ძნელაძე „ბათუმელებს“ განუცხადა, მან სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო და თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„არ მომწონს ის, რაც ქვეყანაში ხდება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. აქ ვგულისხმობ, როგორც მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ასევე სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს უფლებასაც“, – ამბობს ის.

როსტომ ძნელაძემ თავისი პროტესტის შესახებ ფეისბუკზეც დაწერა, სადაც ამბობს, რომ „წასვლა ყოველთვის არ არის ადვილი და არც ჩემ შემთხვევაში“.

„არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა რუსული ჩეჩმიდან და მისცა განვითარების რეალური შესაძლებლობა. ეს უბრალოდ სამარცხვინოა!!! სხვა სისტემურ პრობლემებზე საუბარი არც ღირს, როცა საქმე უპირველესად ეხება ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას“, – აცხადებს ის.

როსტომ  ძნელაძე ბათუმის მერიის აუდიტის სამსახურში შვიდი წელი მუშაობდა.

ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას – ელენე ხოშტარია

დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-16 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს, აცხადებს, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ.

„გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაჰყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ. მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში. გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ!“ – წერს ელენე ხოშტარია.

___

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექს-პრეზიდენტის საქმეები განიხილება.

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 8 მილიონი

ბათუმში, ცენტრალურ ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ისევ ასფალტს დააგებენ. ბათუმის მერია გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის დააგოს ასფალტის საფარი ფარნავაზ მეფის, ასევე ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში, ასევე ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე.

ამ სამუშაოებისთვის მერია ბიუჯეტიდან დაახლოებით 8 მილიონ ლარს დახარჯავს. მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამის შესახებ ბათუმის ბუჯეტის პროექტში წერია.

ბათუმის მერიაში თვლიან, რომ ასფალტ-ბეტონის საფარით ქვაფენილის ჩანაცვლება მოაგვარებს საცობების პრობლემას. ეს არგუმენტი მაგალითად, გუშინ ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, აკაკი ბერიძემ დაასახელა 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დროს.

„უფრო მეტი საპარკინგე სივრცე იქნება და უფრო ადვილი იქნება გადაადგილება. მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი,“ – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აკაკი ბერიძემ.

ნიშნავს თუ არა საპარკინგე სივრცის გაზრდა ტროტუარების ისევ შევიწროებას და რატომ ჩათვალა ბათუმის მერიამ, რომ ეს სჭირდება ქალაქს? – კითხვებით ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს  მივმართეთ.

აქ გვითხრეს, რომ პასუხისმგებელ პირებს კომენტარისთვის ჯერ არ სცალიათ. ისინი დღის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს ესწრებოდნენ.

ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრის ინფორმაციით, დასახელებულ ქუჩებზე ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარის დასაგებად მერია 8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

„პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ გავზრდით, იანვრამდე 200 სიცოცხლეს გადავარჩენთ“

„თუ 90-95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, პირველ იანვრამდე შეიძლება 200 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.

იგივე, თუ ყველა ავიცრებით და აცრის მაჩვენებელს გავზრდით, სერიოზულად შევამცირებთ და შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას. ყოველი 500 სრულად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე” – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, რეგულაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი პირბადის ტარება რჩება ყველგან – დახურულ და ღია სივრცეებში. ამ დროისთვის პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ზეა ჩამოსულია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 60 წელზე ზემოთ მოსახლეობის აცრას, რადგან სიკვდილიანობის 85% ასაკოვან მოსახლეობაში ფიქსირდება.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ოდნავ გაზრდილია აცრების ყოველდღიური რაოდენობა.

„პირველად აცრილებში მომატებულია 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის წილი. ანუ ეს მონეტარული [ფულადი] წახალისება, რომელიც დაწესდა სახელმწიფოს მიერ, გარკვეულად მუშაობს, მაგრამ უფრო აქტიურადაა საჭირო ამ ადამიანების ჩართვა აცრებში.

დღეს ქვეყანაში დაახლოებით 790 000 ამ ასაკის ადამიანი ცხოვრობს, აქედან აცრილია მხოლოდ 300 000 მდე, სრულად აცრილი ცოტა კიდევ უფრო ნაკლები. ამიტომ საჭიროა დამატებით კიდევ 400-დან 500 ათასამდე ამ ასაკის ადამიანის აცრა. თუ გვექნა ამ ასაკში 80-90%-იანი მოცვა, მაშინ სერიოზულად შევამცირებთ ქვეყანაში კოვიდით სიკვდილიანობას და შესაბამისად გავრცელებას” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

თებიძის საკრებულოს ბათუმის ბიუჯეტს არ დავამტკიცებინებთ – ოპოზიცია ცესკოს მიმართავს

დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმში ახალი საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ უფლებას არ მისცემენ ძველი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს. ბრიფინგზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები, თუმცა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ განაცხადა, რომ იზიარებენ პოზიციას სხდომის ჩანიშვნის ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ.

„ბათუმში მიმდინარეობს უპრეცედენტო დანაშაულებრივი მოქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს გამოიხატება იმაში, რომ არალეგიტიმური, ძველი მოწვევის საკრებულო ცდილობს რიგგარეშე სხდომებზე დაამტკიცოს ახალი წლის ბიუჯეტი. ბათუმის ათეულობით ქონება გადასცა უკვე აჭარის მთავრობას – ცდილობენ გაძარცვონ ქალაქის ბიუჯეტი.

არც ერთი მუნიციპალური არჩევნების შემდეგ თვე-ნახევარი არ დასჭირვებია იმას, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გამართულიყო. ახლა ვხედავთ, რომ არალეგიტიმური მუნიციპალური საკრებულო იღებს გადაწყვეტილებებს, რაზეც შემდეგ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გადმოაბარებენ ოპოზიციას, რომელიც წარმოდგენილია 60 პროცენტზე მეტი მხარდაჭერით ბათუმის საკრებულოში.

ჩვენ ვდგავართ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რადგან სწორედ მათ ვაკისრებთ პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას არსებულ რეალობაზე და ვამბობთ, რომ სასწრაფოდ, მყისიერად ჩაინიშნოს საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა და მიანიჭოს უფლებამოსილება იმ ადამიანების, ვისაც ნდობა გამოუცხადა ბათუმის 60 პროცენტზე მეტმა.

ფიზიკურად, პოლიტიკურად, სამართლებრივად ჩვენ ამას მივაღწევთ. გამორიცხულია, სულიკო თებიძის საკრებულო ვერ დაამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ წარმომადგენელი აჭარაში. ის ბათუმის ახალი საკრებულოს წევრია.

ოპოზიცია ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომის ჩანიშვნას დაუყოვნებლივ მოითხოვს

ირაკლი კუპრაძის თქმით, სხდომის ჩანიშვნის გაჭიანურება რამდენიმე პროცესს უკავშირდება:

„პირველი ეს არის ბიუჯეტის გაფლანგვა, რადგან ცდილობენ ბათუმის ქონება გადასცენ აჭარის მთავრობას და შემდეგ კერძო კომპანიებს. ეს არის დანაშაული და მათ მოუწევთ ამაზე პასუხისგება. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ახალმა მოწვევამ უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს ახალი მოწვევის საკრებულომ.

მეორეა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება დამატებითი დრო მოისყიდოს, დაემუქროს და დააშანტაჟოს ოპოზიციის წევრები – ვიღაც გადაიბირონ უმრავლესობის შესაქმნელად. ამიტომ ძლიერდება ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა ოპოზიციური წევრების მიმართ“, – ამბობს კუპრაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძეც მიიჩნევს, რომ ძველ საკრებულოს მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?

„კანონში წერია მარტივად, რომ თუ ახალი მოწვევის საკრებულო სამჯერ ჩააგდებს ბიუჯეტს და არ დაამტკიცებს, მაშინ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ბიუჯეტი ძველ საკრებულოს დაამტკიცებინოს, რომ მერის რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნოს.

ჩვენ მოვუწოდებთ ცესკოს, ხელისუფლებას, დროულად ჩაინიშნოს სხდომა, რადგან შევძლოთ საკრებულოს ახალმა წევრებმა ვიმსჯელოთ 2022 წლის ბიუჯეტზე და არა ძველმა, რომელსაც უკვე გაუვიდა ვადა“, – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

მისი თქმით, თუ ახალი საკრებულოს სხდომა დროულად არ დაინიშნა, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ძველი მოწვევის საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცოს.

„ჩემი დაჭერაც რომ მოუხდეთ, ამის უფლებას მაინც არ მივცემ“, – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაკეთებულ განცხადებას უერთდება „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“.

იგივე პოზიცია აქვთ „გახარია საქართველოს“ წარმომადგენლებსაც.

ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 12 ნოემბერს გამოაქვეყნა. კანონის თანახმად, ცესკოს აქვს უფლება საკრებულოს პირველი სხდომა 12 დეკემბრამდე დანიშნოს.

___________________________________

მთავარი ფოტო: ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები

ამბასადორი ამჯერად მე-18 უკანონო სართულს აშენებს ბათუმის ბულვარში

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარში მშენებარე პროექტის მეჩვიდმეტე, უკანონო სართულზე კოლონები ჩამოასხა და ხიმინჯები ამოიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სართულსაც გადახურავს – ანუ მეთვრამეტეს. არადა, როცა უკანონოდ ააშენეს მე-17 სართული, კომპანიის წარმომადგენელი გვარწმუნებდა, ეს ბოლოა, ვჩერდებით და ესეც სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომად დაგვჭირდაო.

არავინ იცის სინამდვილეში რამდენი სართულის მშენებლობას გეგმავს ბათუმის ძველ ბულვარში რუსეთის მოქალაქეების კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ამ ძეგლს ბევრი ოფიციალური პატრონი ჰყავს.

ბულვარის, როგორც ძეგლის დაცვა, პირველ რიგში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ევალება, რომელმაც ძეგლის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა და თანაც ამას მშენებლობა კი არა, რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაარქვა.

ბულვარზე პასუხისმგებელია აჭარის მთავრობა, კერძოდ კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ბულვარის ადმინისტრაცია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობს.

ბულვარის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს შეაჩეროს მშენებლობა, თუმცა მინიმუმ უნდა ხედავდეს კანონდარღვევას საკუთარ ტერიტორიაზე და როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი უწყება, რომელსაც ძეგლი აბარია, ვალდებულია უფლებამოსილ უწყებას აცნობოს გადაცდომის შემთხვევაში, თუნდაც სავარაუდო დარღვევის შესახებ.

ბულვარის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია ბათუმის მერია, როგორც ქონების მესაკუთრე და საკრებულო, როგორც მერიის მაკონტროლებელი, არჩეული ორგანო. თუმცა ამდენ უწყებას ერთად, როგორც ჩანს, არ შეუძლია დიდი ფულის მფლობელის შეჩერება – ისინი ვერ/არ იცავენ ბულვარს უხეში ჩარევისგან, მინიმუმ უკანონო მშენებლობისგან.

წინა გადაცდომის დაფიქსირებისას, როცა შენობას უკანონო, მეჩვიდმეტე სართული დაადგეს, სააგენტომ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა და სასამართლოში იჩივლა. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სააგენტომ სასამართლოში არ მოითხოვა, კომპანიას მშენებარე ობიექტი პროექტის შესაბამისობაში მოეყვანა. კომპანია ამის თაობაზე „გააფრთხილეს“, ოფიციალური წერილით.

„ამის უფლება არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია უნებართვო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, ყოველ ექვს თვეში ჯარიმა გავასამმაგოთო“, – გვითხრეს მაშინ სააგენტოში.

სააგენტოში განგვიმარტეს ისიც, რომ კომპანია იძულებული იქნება თავად მოშალოს უკანონო სართული, რადგან შენობას ექსპლუატაციაში ვერ მიიღებენ. თუმცა არსებობს მეორე გზაც, კომპანია პროექტის ცვლილებით მიმართავს ნებართვის გამცემს. ამ დრომდე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მას თანხმობის მიღება არ გაუჭირდება.

გასულ კვირას კომპანიის წარმომადგენელს, გოჩა კამკიას ვკითხეთ, ხომ არ აპირებს „ამბასადორი“ ჯარიმის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მან გვითხრა, რომ კომპანია ჯარიმას გადაიხდის, რაც შეეხება გადაცდომებს და უკანონო სართულს – ამაზე არ გვიპასუხა.

აშკარაა, რომ კომპანიამ სტრატეგია შეცვალა – ექვს თვეში, ვიდრე ჯარიმის გასამმაგების დრო არ მოვა, კიდევ რამდენიმე სართულის აშენებას შეძლებს [არავინ იცის, რამდენი სართულის აშენებას გეგმავს], შემდეგ კი მიმართავს სააგენტოს პროექტის ცვლილებით.

თუმცა, ისეთი მაღალბიუჯეტიანი კომპანიისთვის, როგორიც „ამბასადორი ბათუმია“,  არც გასამმაგებული და არც გაათმაგებული ჯარიმის გადახდა იქნება პრობლემა.

,,ამბასადორმა” ბულვარში უკანონო მშენებლობა თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისთანავე შეაჩერა და არჩევნების დასრულებისთანავე განაახლა.

ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის ნებართვის გაცემას ბათუმში მოქალაქეები აქციებით აპროტესტებდნენ, თუმცა

უშედეგოდ.

გამოვლინდა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სენაკში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს.

„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქალაქე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნასა და გადაადგილებას ახორციელებდა. შედგა შესაბამისი აქტი“ – წერს დეპარტამენტი.

ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოადგინოს რეკულტივაციის გეგმა/პროექტი ან ინფორმაცია კონსერვაციის შესახებ ადგილმდებარეობისა და ნიადაგის მოცულობის მითითებით.

მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ნებართვის გარეშე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ჯარიმდება.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?

საქმე ისე მიდის, 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტს მოქმედი საკრებულო დაამტკიცებს, ანუ ის საკრებულო, რომელიც ძირითადად ყველაფერს ამტკიცებდა, რასაც მერია ითხოვდა. უარი თითქმის არ გვახსენდება, თუმცა იყო ასეთი შემთხვევებიც – თითებზე ჩამოსათვლელი. მათ შორის, ერთ-ერთია ავარიული სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლების პროგრამა, რომელიც საკრებულომ 2018 წელს უარგუმენტოდ ჩააგდო, შემდეგ კი არ მოუკითხია, რა ბედი ეწია ამ პროგრამას და პრობლემას, ან მოიკითხა ისე, რომ ვერც ჩვენ გავიგეთ და ვერც ავარიულ სახელებში მცხოვრებებმა.

ავარიული სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლების საკითხი საკრებულომ არ განიხილა

გუშინ, 17 ნოემბერს, ბათუმის მერიისგან შეტყობინება მივიღეთ, რომ „ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება“. როდის დაიწყო და ვინ დაიწყო არც ეს ვიცით. რადგან ბიუჯეტის პროექტის თუნდაც პირველად ვერსიას, გასული კვირის ბოლოს, მერიიდან ვითხოვდით და გვითხრეს, რომ ჯერ ვერ მოგვცემენ, რადგან „დეტალებია დასაზუსტებელი“.

17 ნოემბერს გავიგეთ ისიც, რომ ბათუმის საკრებულოს კომისიებს ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე დაწყებული აქვთ. ამის თაობაზე საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან

ბათუმის საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად ისეთი ტემპით ამუშავდა, რომ ოთხი წლის უფლებამოსილების ვადაში პირველად, შესაძლოა, ბიუჯეტი არა დეკემბრის ბოლოს, არამედ, დასაწყისში დაამტკიცონ. ეს აორმაგებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ „ოცნება“ საკრებულოს მომავალ შემადგენლობას ვერ ენდობა, სადაც მისთვის უჩვეულოდ უმცირესობაში აღმოჩნდა. ამიტომაც ურჩევნია მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცებინოს იმას, ვინც ზედმეტ პრობლემებს არც ადრე უქმნიდა და არც ახლა შეუქმნის.

ბიუჯეტი დაჩქარებულად რომ უნდა განეხილათ, ამაზე ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო საუბარი, როცა საკრებულომ რეგლამენტის იმ თავში [64] შეიტანა ცვლილება, რომელიც ბიუჯეტის კომისიებში განხილვისა და დასკვნების მომზადების ვადებს შეეხებოდა.

კანონმდებლობის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოში ორჯერ შედის, ჯერ პირველი ვარიანტი, რომელიც მერიას შენიშვნებით უკან უბრუნდება. შემდეგ მერია ამზადებს ქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტის მეორე და საბოლოო – კორექტირებულ ვარიანტს, შენიშვნების გათვალისწინებით.

საკრებულო ბიუჯეტზე მსჯელობს და ამტკიცებს მას, ან არ ამტკიცებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება შესაძლებელია 31 დეკემბრის ჩათვლით.

  • როდის ამტკიცებდა საკრებულო ბიუჯეტის პროექტებს გასულ წლებში?

მოქმედ საკრებულოს, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს, მომდევნო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი არ დახვედრია. პირველი სხდომა 20  ნოემბერს ჩაინიშნა, ბიუჯეტი კი 26 დეკემბერს დაამტკიცეს. გამოდის, რომ მოქმედმა საკრებულომ მაშინ ბიუჯეტი უკან დააბრუნება, ისევ განხილვა და დამტკიცება მოასწრო 20 ნოემბრიდან 26 დეკემბრამდე. ახლა კი ჩქარობენ.

საკრებულო, რომელიც 2017 წელს შეუდგა თავის საქმიანობას და წელს ასრულებს, ბიუჯეტს ყოველწლიურად დეკემბრის ბოლოს ამტკიცებდა.

წლების მიხედვით ბიუჯეტის დამტკიცების თარიღები ასე გამოიყურება:

2020 წლის 21 დეკემბერს დაამტკიცეს მომდევნო წლის ანუ წლევანდელი ბიუჯეტი:
კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენთან ერთად – 2021 წლის ბათუმის ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცეს

2019 წლის 25 დეკემბერს დაამტკიცეს მომდევნო წლის ბიუჯეტი:
ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტი, ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა

2018 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცეს მომდევნო წლის ბიუჯეტი:  საკრებულომ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

2017 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცეს მომდევნო წლის ბიუჯეტი:

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულო მომავალ კვირაში ჩანიშნავს სხდომას, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და შესაძლოა ბიუჯეტი შენიშვნების გარეშეც დაამტკიცონ, თუ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება თავისი შენიშვნებით. ასეთ შემთხვევაში, ისევ პრაქტიკის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ ფრაქცია გვეტყვის: შენიშვნები, რაც გვქონდა, კომისიების სხდომებზე განვიხილეთ და გაითვალისწინესო, თქვენ ხომ კომისიების სხდომებს არ ესწრებოდით და ამის შესახებ ამიტომ არ იცითო – ასე ხდება.

ამჯერად რატომ ჩქარობენ?

ამჯერად იმიტომ ჩქარობენ, რომ მომავალ საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება გაჭირდეს, რაც პროცესს ჩიხში შეიყვანს. მიზეზი კი ისაა, რომ საკრებულო ოპოზიციურია – გვეუბნება მოხელე მერიაში და გვაფრთხილებს, რომ დიქტოფონთან იმავეს არ გაიმეორებს.

მომავალ საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ეყოლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოსთან“ ერთად, უკვე 15. გარდა ამისა, საკრებულოში გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ სამი წევრის შეყვანა შეძლო, მათგან ერთმა პარტია დატოვა. თუმცა ჯერ ბოლომდე არ უთქვამს, რას გეგმავს.

ამ ვითარებაში „ოცნება“ ბათუმის საკრებულოში ვერც ბიუჯეტს დაამტკიცებს და ვერც სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს – ამიტომაც ჩქარობენ.

რა მოხდება, თუ ბიუჯეტს ახალი საკრებულო განიხილავს და მას არ დაამტკიცებს?

კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ აქ მთავარი ამბავი, რაც „ოცნებას“ აშინებს, ისაა, რომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას – ამას ამბობს თვითმმართველობის კოდექსი.

მანამდე კი, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მერი საკრებულოს წარუდგენს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში საკრებულო ბიუჯეტის პროექტს აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის.  საჯაროდ განხილვის შემდეგ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე,  საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს მერი საკრებულოს წარუდგენს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.

თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − საკრებულო უფლებამოსილია, სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან  საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი.

ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერი უფლებამოსილია, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი ტური კი 30 ოქტომბერს. არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 7 საკრებულოში – ბათუმი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, რუსთავი, სენაკი, “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა. 

ამ ვითარებაში “ოცნებაში” ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

ცესკოს ჯერ არ გამოუქვეყნებია ახალი საკრებულოების შეკრების თარიღი.

ოსურ ენაზე გადაღებული ფილმი „ოსკარზე“ წარადგინეს

რეჟისორების – კირა კოვალენკოსა და ალექსანდრა როდნიანსკის გადაღებულმა ფილმმა “მუშტების გაშლა” კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო და „ოსკარზეა“ ნომინირებული.

ფილმი ოჯახზეა, რომლის დესპოტი მამაც სამ თითქმის ზრდასრულ შვილს აკონტროლებს. მამა შვილებს სახლის გასაღებსაც კი არ აძლევს და პასპორტს უმალავს გოგოს, ქალაქში წასვლა და ოპერაციის გაკეთება რომ ვერ შეძლოს.

ფილმის მთავარი გმირი სწორედ ეს შვილია – ადა, რომელსაც ოპერაცია წარსულის ტრავმების გამო აუცილებლად სჭირდება.

კადრი ფილმიდან „მუშტების გაშლა”

მას ისე სურს გაექცეს მამის ზედმეტ „მზრუნველობას“, რომ სთავაზობს ძმებს დატოვონ ის მარტო მაშინაც კი, როცა ცუდადაა. ადას მიაჩნია, რომ თუ მამა მოკვდება, პრობლემა თავად მოგვარდება.

ჩრდილოეთ ოსეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კრიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ოსკარზე ნომინირებული ფილმი ოსეთს „გააშავებს“.

კრიტიკოსთა ნაწილმა და ოსურმა მედიამ ნამუშევარი წარმოაჩინა სურათად, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს – „ჩრდილოეთ კავკასიის გულს“ ესხმის თავს. როგორც ამას, მაგალითად ოსი ბლოგერი ანტონ დოლინა უწოდებს რუსეთის საპატრიარქოს.

ფილმის პრემიერა ვლადიკავკაზში შედგა.

YouTube video player

ჩრდილოეთ ოსეთში ფილმის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება აქვთ. პროტესტის ნიშნად ხალხის ნაწილი ფილმის სანახავად არ მიდის, ვინც ნახა – მოსწონს.

ძირითად პრეტენზიად ფილმს უყენებენ იმას, რომ გამიზნულადაა გამოყენებული კავკასიური პატრიარქატის თემა კავკასიის, როგორც თითქმის ველური გარემოს წარმოსაჩენად.

კრიტიკოსთა მეორე ნაწილის მოსაზრებით ეს ზედაპირული შეფასებაა და სინამდვილეში ფილმი სულ სხვა პრობლემას ეხება.

წამოცდენილი სიტყვების მეშვეობით ფილმის დასასრულს კვანძი იხსნება და მაყურებელი მამის დესპოტიზმის მიზეზს იგებს.

კადრი ფილმიდან „მუშტების გაშლა”

მისი გადაჭარბებული მზრუნველობა, შვილების გამოკეტვა სახლში და ბევრი სხვა მსგავსი რამ ბესლანის ტერაქტის შედეგია. ცოლი ამ კაცმა ტრაგედიის დღეს დაკარგა. შვილი, ადა კი ამავე დღეს დაზიანდა. მამის დესპოტიზმამდე მისული ძალისხმევის მიზეზი შვილების სიცოცხლის გადაჭარბებული შიშია.

მამა ფიქრობს, რომ შვილებისთვის ერთადერთი უსაფრთხო ადგილი, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, სახლია. გარესამყარო კი, რომელმაც მისი ოჯახი დააზიანა, სახიფათო და საშიშია, მეტიც – არც კი სურს იქ მისმა შვილებმა ფეხი გადგან, ასე შეიძლება კიდევ უფრო დიდ უბედურებას ემსხვერპლონ.

„მუშტების გაშლა“ – ახალგაზრდა, დამწყები ოსი რეჟისორების ფილმია, რომლებმაც კინოსარეჟისორო ფაკულტეტი ახლახან დაამთავრეს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: მალინა აგუზაროვა, ალიკ კარაევი, სოსლან ხუგაევი, ხეტაგ ბიბილოვი, არსენ ხეთაგუროვი და მალინა პაგიევა.

ბსუ-ს პროფესორები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა საპროტესტო აქცია გამართეს და  განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებული არიან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობით, ასევე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. პროფესორები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დროულად გადაიყვანოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი მაღალტექნოლოგიურ, სამოქალაქო კლინიკაში.

„ამ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ეს ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, მათ შორის საქართველოს მთავრობამ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, ცნობილი გახდა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული. მათი რეკომენდაციაა, რომ გადაიყვანონ ის შესაბამის კლინიკაში. ამიტომ ჩვენც მოვითხოვთ იმავეს, გადაიყვანონ სააკაშვილი დაუყოვნებლივ“, – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

ბსუ-ს პროფესორები  სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ამავე უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროფესორი კახა სურგულაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ქმედებებით ხელისუფლება ემსგავსება პუტინისა და ლუკაშენკოს მთავრობას.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს საქართველოში გამოცხადებული სიკვდილის პროპაგანდა. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპა, მაშინ სხვა გზით უნდა წავიდეთ და არა პუტინის რუსეთის და ლუკაშენკოს ბელორუსიის გზით. ჩვენ ამ ქმედებით, რასაც ახლა ვაკეთებთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, ევროპას უარს ვეუბნებით. მე არ მინდა ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის რუსეთი ან ბელორუსი“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მახარაძეც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს დაცული.

„აქ არ არის მხოლოდ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი, ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სააკაშვილის საკითხმა კიდევ უფრო მეტად გამოააშკარავა ეს. სამი დღის წინ 75 წლის გავხდი და მსგავსი რამ არც ფაშისტების დროს წამიკითხავს. მთელი ერი უნდა ადგეს ფეხზე და მოითხოვოს სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – ამბობს ის.

ბსუ-ს პროფესორები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ოთარ ცეცხლაძის თქმით, სოციალურ ქსელში შექმნილია პეტიციის ტექსტი და ვისაც სურს, რომ დაცული იყოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და გადაიყვანონ ის შესაბამის კლინიკაში, შეუძლია ელექტრონულად მოაწეროს ხელი.

მათივე თქმით, პეტიციაზე ხელის მოწერა შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტში დასაქმებულ პირებს, ასევე სტუდენტებსაც – ელექტრონულად და ასევე ბეჭდური სახით.

„როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა, როდესაც შეიქმნა კონსილიუმი და თითქმის ყველა ამბობს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ არის არც სამედიცინო პერსონალის კვალიფიციური გუნდი, არც ლაბორატორიული კვლევის საშუალებები, სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი გამოჯანმრთელება და რეაბილიტაცია“, – ამბობს ოთარ ცეცხლაძე.

ბსუს პროფესორები სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ ბათუმელები

ოთარ ცეცხლაძის თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, შესაძლოა მივიღოთ ფატალური შედეგი და არავინ იცის ქვეყანა კიდევ რა გამოწვევის წინაშე დადგება: „ის დაპირისპირება, რაც არის პოლიტიკურ პარტიებს შორის, პიროვნებებსა და საზოგადოებას შორის, კიდევ უფრო გამწვავდება და შესაძლოა ქვეყანა მიიყვანოს სრულ კოლაფსამდე“.

____

ამავე თემაზე:

ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“

Exit mobile version