მთავარი,სიახლეები

„საწყისი წერტილი მიჩვენებს, საით წავიდე“ – მანდალები, როგორც თერაპია

19.11.2021 • 2049
„საწყისი წერტილი მიჩვენებს, საით წავიდე“ – მანდალები, როგორც თერაპია

ერთი წლის წინ, 2020 წლის ნოემბერში, როცა პანდემიის გამო ბათუმი ჩაკეტილი იყო, ბათუმელმა ნატო ელიზიანმა ცარიელი ფურცლის ცენტრში წერტილი დასვა და მანდალას ფერადი წრის ხატვა დაიწყო.

მანდალა სანსკრიტზე წრეს, ცენტრს ნიშნავს. ეს არის სამყაროს სიმბოლური სურათი, რომელიც ერთიანობასა და უწყვეტობას აჩვენებს გეომეტრიული ფიგურებით. მანდალას დახატვა, შექმნა, არტთერაპიაში გამოიყენება ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვისაც კი.

ნატო წლებია ბათუმის კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში მუშაობს. ამბობს, რომ გასულ წლამდე არ ყოფილა ხატვით გატაცებული, ჯერ მხოლოდ ათვალიერებდა მანდალებს და ძალიან მოსწონდა, შემდეგ კი მანდალას შექმნა მისთვის ძლიერი გატაცება აღმოჩნდა.

ჯერ ფურცელზე ქმნიდა მანდალებს, შემდეგ კი სხვა მასალებითაც დაიწყო მუშაობა და ახლა აკრილის საღებავით მანდალებს ქმნის მუყაოზე, ქაღალდზე, ტილოზე და ქვებზეც.

ნატო ამბობს, რომ წინასწარ არასდროს იცის ზუსტად როგორ, რა ფიგურებით შეიქმნება მანდალა.

„როცა ვიწყებ ხატვას, ყველაფერი თავისით მოდის.

ჩემი მანდალები არ მეორდება, შაბლონით არ ვხელმძღვანელობ და ზუსტად ისეთს, როგორიც უკვე დავხატე, ვეღარ დავხატავ.

რაღაც კომბინაციები მოვიგონე, მარტო წრეებით არ იქმნება, პატარ-პატარა ნახატებიც არის, უბრალოდ წრეს არ არღვევ“ – ამბობს ნატო.

ერთი მანდალას შექმნას საშუალოდ 2 საათი სჭირდება, თუმცა ამ პროცესს ხშირად ჩაუთრევია და დილამდე შეუჩერებლად უხატავს.

ნატოს მანდალები

„ჩემთვის სასიამოვნო პროცესია, საერთოდ არ მღლის. თერაპიის მსგავსია.

ფერები განწყობის მიხედვით მოდის, შეიძლება ორ-სამ ტონალობაში გადავწყვიტო, შეიძლება შვიდი-რვა ფერი გამოვიყენო. წინასწარ არ მაქვს გადაწყვეტილი. რა პრინციპით ვარჩევ არ ვიცი, უბრალოდ ასე ვხედავ. თან საწყისი წერტილი მიჩვენებს, საით წავიდე. ხელს მიჰყავხარ, ასე რომ ვთქვათ“.

ნატოს თქმით, მანდალების შექმნას, თუ მაინცდამაინც მხატვრის ხელი არა, გარკვეული უნარები მაინც სჭირდება:

„ძალიან დიდ კონცენტრაციას ითხოვს, ხელის სიზუსტეს, მოთმინებას… თვალი, ტვინი, ხელი, გემოვნება, ყველაფერი ჩართულია“.

ნატო ამბობს, რომ კომპოზიციის აგებაში განწყობაც ძალიან დიდ როლს თამაშობს:

„საკუთარ თავზე დაკვირვებით რომ გითხრათ, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობაც, იმიტომ, რომ შეიძლება დრო გქონდეს, მაგრამ ხატვის სურვილი – არა.

ყველაფერს მზაობა სჭირდება, მითუმეტეს, შემოქმედებით პროცესს“.

ნატოს მოხატული ქვები

თავიდან მანდალებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნიდა, მერე ფეისბუქზე გვერდიც შექმნა სახელწოდებით – find your mandala (იპოვე შენი მანდალა), წელს კი ბათუმში გამართულ შავი ზღვის ფესტივალ SUNRISE-ზე, გამოფენა-გაყიდვაზე პირველად გაიტანა მანდალები.

„ვინც კი ჩაივლიდა, ყველას მოსწონდა და ჩერდებოდნენ. რამდენიმე იყიდეს კიდეც უცხოელებმა. ამან მოტივაცია მომცა, რომ მარტო ჩემთვის არ მქონდეს ეს მანდალები, სხვებსაც ჰქონდეთ ჩემი ნამუშევრები. პირიქით, გამიხარდება თუ მოიწონებენ“ – ამბობს ნატო.

მანდალა ტილოზე

ახლა ნატო ცდილობს თიხასა და ხეზეც იმუშაოს მანდალების შესაქმნელად. ფიქრობს, კარგი იქნებოდა პატარა სახელოსნო-სასწავლებლის გახსნა ბათუმში, სადაც საღამოობით, კარგი მუსიკის ფონზე ადამიანები მოვლენ და საკუთარ მანდალებს შექმნიან, „ისე, თან რომ ისვენებდეს ადამიანი, თან ხატავდეს“. თუმცა, ყველაფერს რესურსები სჭირდებაო – ამბობს ნატო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: