მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბიუჯეტი და ნატალია ზოიძე საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციების შექმნაზე

26.12.2017 • 2660
ბათუმის ბიუჯეტი და ნატალია ზოიძე საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციების შექმნაზე

ბათუმის საკრებულომ 17 ხმით ექვსის წინააღმდეგ ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი დაიწუნა და მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, თეონა დიასამიძესაც, მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საბჭოს შენიშვნები არ გაიზიარეს. საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების თითო წევრისგან შედგება.

ბიუჯეტის საკითხის განხილვისას რამდენჯერმე ითხოვდა სიტყვას „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძეს სიტყვა არ მისცა, რაც ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარისგან განსხვავებით, მას არ გაუპროტესტებია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რისი თქმა სურდა ნატალია ზოიძეს:

ოპოზიცია ითხოვს მათი ჩანაწერების საკრებულოს ვებგვერდზე გავრცელებას. მინდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამას ემსახურება და პარტიული ნიშნით არ ანაწილებს ინფორმაციებს. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის ნებისმიერ განცხადებაში ახასიათებს პოპულისტური შტრიხების შეტანა, რომ ამითი უფრო დაამძიმონ და გაამძაფრონ [სიტუაცია]. ტანჯულებად გამოიყვანეს თავი.

ოპოზიციასთან ოპონიერებისას თქვენ მათ უთხარით, რომ იმ ცათამბჯენებს, რომლებიც ააშენეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მწვანე ბათუმი გერჩივნათ. ბათუმში სკვერების ადგილზე მშენებლობები გრძელდება „ოცნების ხელისუფლებაშიც“. რას იტყვით ამაზე?

დიახ, ამ ჩარევამ ბუნებრივ ლანდშაფტში  გამოიწვია ის, რომ ინვესტორები ახალ ჩარჩოებში ვერ ხედავენ საკუთარი ინვესტიციის დაბანდების საშუალებას, ამიტომ უკვე ვერ სთავაზობ მათ ისეთ ზონას, სადაც მაღალი სართულების აშენება არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, ცუდი მემკვიდრეობის შედეგია ის, როგორც გაგრძელდა.

თქვენ ამბობთ, რომ ცუდი გაგრძელება ცუდი დასაწყისის შედეგია?

რა თქმა უნდა.

რატომ ვერ ახერხებთ, რომ ეს გაგრძელება არ იყოს?

ზუსტად მაგას ვამბობ ახლა. სამოქმედო გეგმის პირველ ნაბიჯად სწორედ ქალაქის დაგეგმარებაა მითითებული. იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ რაღაც ჩარჩოებში მოექცეს ეს ყველაფერი,  თუნდაც აწი რომ განვითარდეს [ქალაქი] სწორად. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სართულებზე დაშვება მოხდეს, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ტენდენცია დარჩა. ოღონდ აუცილებლია ეს ყველაფერი მოექცეს იმ ჩარჩოებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის თვითმყოფადობას, სილამაზეს, თუნდაც გარემოს და ასე შემდეგ შეინარჩუნებს.

ფრაქციებად დაშლაზე მინდა გკითხოთ, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ჩაწერა, რომ ერთი პარტიის წარმომადგენლები შეიძლება გაერთიანდნენ ერთ ფრაქციაში. ეს იყო იმისთვის, რომ ფრაქციები არ შექმნილიყო ხელოვნურად და ბიუჯეტის თანხა არ განიავებულიყო. ახლა თქვენი ფრაქციიდან გადიან და ქმნიან ფრაქციებს. ეს რას ნიშნავს?

მოდით, ნუ ვიხმართ ამ სიტყვას – ხელოვნურად.

ვერ უქმნიდით სათანადო კომფორტს ამ ადამიანებს თქვენს ფრაქციაში სამუშაოდ?

ვერ დავეთანხმები, რომ ხელოვნურად იქმნება. ფრაქციებში უნდა იყვნენ გაერთიანებული ერთი პარტიის  წევრები, რაც შეეხება უპარტიოებს… მაინც „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ არიან. მათ აქვთ სრული თავისუფლება. საკრებულოს წევრს აქვს უფლება, გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს ფრაქციაში. მათ შეეძლოთ ემუშავათ „ქართული ოცნების“ ფრაქციაში, მაგრამ მათ გაუჩნდათ სურვილი… შინაარსობრივად ერთ ფრაქციაში ერთი პროფესიის ადამიანები არიან გაწევრიანებული.

საკრებულო ხომ კოლეგიალური ორგანოა. პროფესიული ნიშნით შეიძლება კომისიაში გაერთიანდნენ ადამიანები, ისინი პროფესიულ გამოცდილებას, ალბათ, თქვენს ფრაქციაში დარჩენის შემთხვევაშიც კარგად გამოიყენებდნენ. არა?

რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამით ვაძლიერებთ ჩვენ ერთმანეთს, ნებისმიერი ინიციატივა როდესაც მოდის წევრისგან, კომისიისგან ან ფრაქციისგან სამუშაო პროცესი მუშა ჯგუფზეც გადადის. ის, რომ სამი ადამიანი ვიწრო მიმართულებით იმსჯელებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ასე გადაწყვიტეს, ალბათ უნდოდათ. ჩვენ მაინც ერთი მიზანი და სტრატეგია გვაქვს და გვაერთიანებს ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ახალი ფრაქციებისგან რაიმე განსხვავებულ ინიციატივებს მართლა ელით?

დიახ, მე ეს მოლოდინი მაქვს.

ამომრჩეველს მაინც ხომ არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ფრაქციები ისევ ხელოვნურად იქმნება, მაღალი ხელფასებისთვის?

თუკი მასმედია ამაზე მუდმივად ისაუბრებს, ბუნებრივად იწვევს უკვე მეხსიერებაში დალექვას.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: