მთავარი,სიახლეები

რა იცვლება მუსლიმებისთვის – სტრასბურგის ექსმოსამართლის განმარტება მოხეს მეჩეთის საქმეზე

19.11.2021 • 2499
რა იცვლება მუსლიმებისთვის – სტრასბურგის ექსმოსამართლის განმარტება მოხეს მეჩეთის საქმეზე

„ბუნებრივია, თოფს ვერ დაიჭერს ხელში, მაგრამ შესაძლოა მუდმივად ხელისუფლების თავზე ეკიდოს ეს საქმეები,“ – გვიპასუხა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად უნდა ელოდეს მუსლიმი თემი ვითარების შეცვლას მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ „მოხეს საქმე“ ევროსასამართლოში წააგო.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტებით, სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა დაიწყება, თუმცა ხელისუფლების ნების გარეშე ფუნდამენტურად ვერაფერი შეიცვლება.

ნონა წოწორიას ზუსტად ერთი წლის წინ „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“ მიღებული გადაწყვეტილებაც გავახსენეთ, სადაც ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა, თუმცა წლების წინ თაროზე შემოდებული ამ საქმით გამოძიება არ დაინტერესებულა.

  • ქალბატონო ნონა, არსებითად რა იცვლება მუსლიმი თემისთვის მას შემდეგ, რაც „მოხეს საქმე“ საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში წააგო? 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუმცა ახალი სტანდარტი, ან მიდგომა არ დადგენილა, როცა საქმე ეხება დისკრიმინაციული ელემენტების გამოკვეთას, ეფექტური გამოძიების ჩატარებას. საქართველოში ამავე კატეგორიის საქმეები არსებობს სხვა ჯგუფებთან მიმართებით და ასეთი იყო, მაგალითად, 2007 წლიდან „იეჰოვას მოწმეების საქმე“. შემდეგ იყო სექსუალური უმცირესობების საქმეები.

ამ კონკრეტულ საქმეზე ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოში მუსლიმ თემსაც აქვს დისკრიმინაციის, არაჰუმანური მოპყრობის პრობლემა. ეს განუყოფელი  იქნება სხვა საქმეებისგან, რაც უმცირესობების დისკრიმინაციის თემაზეა მიღებული. შესაბამისად, მოხეს საქმე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება აღსრულების თვალსაზრისით.

  • არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, მაგრამ მოცემულობა არ შეცვლილა, მაგალითად, „ბათუმის მეჩეთის საქმე“. რა იცვლება ამ შემთხვევაში, როცა დისკრიმინაციას ევროსასამართლო ადგენს? 

გადაწყვეტილებას აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტი განსაზღვრას ინდივიდუალურ და ზოგად ზომებს. ყველა საქმე, რომელიც აქამდე მიღებულია უმცირესობების მიმართ, გაერთიანებულია ერთ წარმოებად – „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. ამ კატეგორიის საქმეებზე მინისტრთა კომიტეტს აქვს განსაკუთრებული ზედამხედველობა, რადგან ისინი კომპლექსურ პრობლემებს ეხება.

მაგალითად, „იეჰოვას მოწმეების საქმეზე“ დაგვიანდა ინდივიდუალური ზომების გატარება, რადგან  1999-2001 წლის ფაქტებს  ეხება. წლების გასვლის გამო, სრულყოფილი გამოძიება უკვე შეუძლებელია, რომ მინისტრთა კომიტეტმა დასრულებულად მიიჩნია ეს ნაწილი. ღიად დარჩა ზოგადი ნაწილის აღსრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა გამოსწორდეს უმცირესობების დაცვის მდგომარეობა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება წარმოებდეს.

  • რას მოიცავს ეს მკაცრი ზედამხედველობა, რას სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას და რას მოსთხოვენ ამჯერად უკვე მუსლიმ თემთან მიმართებით? 

ზედამხედველობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, შეიცვალა თუ არა კანონმდებლობა, რა მექანიზმები აქვს ხელისუფლებას, რომ ეფექტურად იბრძოლოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ, უმჯობესდება თუ არა გამოძიების სტატისტიკა ამ მიმართულებით, სამართალდამცავი ორგანოების ტრენინგები და ასე შემდეგ. ამ ჯგუფის საქმეების ბოლო განხილვა მინისტრთა კომიტეტში იყო გასული წლის ოქტომბერში და წელს, დეკემბერში ის ისევ უბრუნდება ამ საკითხს. ამ მიზნით ანგარიშები წარადგინეს საქართველოს მთავრობამ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. საინტერესოა, რომ მთავრობა, მაგალითად, საერთოდ არ ახსენებს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, საია კი, დეტალურად აღწერს.

ამჯერად უკვე მოხეს საქმეც შეუერთდება ამ ჯგუფს.

  • რადგან მოხეს ინციდენტი 2014 წელს იყო, ანუ 7 წლის წინ, რამდენად შესაძლებელია კონკრეტულად ამ საქმის ეფექტური გამოძიება მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას? 

ბუნებრივია, ინდივიდუალურ ზომებში აღსრულების დეპარტამენტი მოითხოვს პასუხს ამ კონკრეტული საქმის გამოძიების შესახებ, ხოლო ზოგადი ღონისძიებების ნაწილში ის „იდენტობის“ ჯგუფთან გაერთიანდება და თუ აქამდე მინისტრთა კომიტეტი ფოკუსირდებოდა ერთ რელიგიურ ჯგუფზე, ახლა მუსლიმ თემსაც შეეხება.

საინტერესოა, რომ რატომღაც ხელისუფლება 2021 წელს მიუბრუნდა ამ საქმის გამოძიებას. შესაძლოა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ და იმიტაცია შექმნეს, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა განსაკუთრებული პროგრესი არ არის.

ნონა წოწორია – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

საქართველოს მთავრობას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის მთავრობებს, სურს, საქმეებზე დროულად დაიხუროს აღსრულება, მაგრამ ამის მოლოდინი “იდენტობის“ ჯგუფზე ნაკლებ სავარაუდოა, მით უმეტეს, ივლისის მოვლენების შემდეგ. 2007 წლიდან ამ დრომდე, ანუ უკვე 14 წელია ამ ჯგუფის საქმეებზე ღიაა აღსრულების პროცესი.

და რა შემთხვევაში დაიხურება? 

დახურვა გულისხმობს, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა მოცემულობის შესაცველად, რომ მინისტრთა კომიტეტი კმაყოფილია აღსრულებით, პოზიტიური დინამიკაა და აღარაა საჭირო ზედამხედველობა. მინისტრთა კომიტეტს არ შეუძლია იძულების ზომების გამოყენება, თუმცა, ხელისუფლების მუდმივი კონტროლი საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია ცვლილებების მისაღწევად.

  • თუმცა, როგორც ვხედავთ, ხელისუფლებას შეუძლია ისევ გვერდი აუაროს ევროპის სასამართლოს, მაგალითად, ისევ ფორმალურად გამოძიების განახლებით. 

ცხადია, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია. პირადად მე არ ველოდები იმას, რომ ამ მოცემულობაში რამე შეიცვლება. როდესაც დავუბრუნდებით კანონის უზენაესობის აღსრულების ფორმატს, მაშინ უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულებას.

  • მოხეს საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ასევე დისკრიმინაციის მუხლების დარღვევა. რა ჩანს ამ გადაწყვეტილებიდან?  

ამ კატეგორიის საქმეებში სასამართლო ამბობს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი [წამების აკრძალვა] მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკური დაზიანებას, არამედ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შიშს, სტრესს, სიძულვილის ენას.

მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ მონაკვეთზე, რომელიც ეხება დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მეთოდიკას:

„ძალადობის სავარაუდო ინციდენტების გამოძიებისას, როგორიცაა არასათანადო მოპყრობა, ხელისუფლება ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა შესაძლო დისკრიმინაციული მოტივების გამოსავლენად, რასაც სასამართლო აღიარებს, რომ რთული ამოცანაა. მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა დისკრიმინაციული მოტივების გამოსააშკარავებლად, თუმცა ეს ვალდებულება აბსოლუტური არ არის. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც გონივრულია მოცემულ გარემოებებში, რათა შეაგროვოს და დაიცვას მტკიცებულებები, გამოიყენოს ყველა პრაქტიკული საშუალება სიმართლის დასადგენად და მიიღოს სრულად დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები ისეთი საეჭვო ფაქტების გამოტოვების გარეშე, რაც შეიძლება მიუთითებდეს, მაგალითად, რასობრივ ან რელიგიური შეუწყნარებლობას ან გენდერული დისკრიმინაციით მოტივირებული ძალადობაზე. დისკრიმინაციით განპირობებული ძალადობისა და სისასტიკით გათანაბრება იმ შემთხვევებთან, რომლებსაც არ აქვთ ასეთი ელფერი, თვალის დახუჭვა იქნება ამ ქმედებების სპეციფიკურ ხასიათზე, რაც განსაკუთრებით საზიანოა ძირითადი უფლებებისთვის. არსებითად განსხვავებული სიტუაციების იდენტურად გადაწყვეტა კონვენციის მე-14 მუხლთან [დისკრიმინაციის აკრძალვა] შეუსაბამო გაუმართლებელ მოპყრობად შეიძლება შეფასდეს.“

სასამართლომ „მოხეს“ საქმეში თქვა, რომ ოთხივე მოსარჩელის მიმართ ხელისუფლებას ჰქონდა გამოძიების და დისკრიმინაციული მოტივის დადგენის ვალდებულება.

ის, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელი იყო მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე, დადგინდა მხოლოდ  პირველი მოსარჩელის შემთხვევაში, რადგან მას ჰქონდა ექიმის დასკვნა და შესაბამისად, მტკიცებულება. სხვა შემთხვევებზე კი, სასამართლომ დასკვნა ვერ გამოიტანა, თუმცა  აღნიშნა, რომ მტკიცებულებების არარსებობა იმის ბრალია, რომ გამოძიება არ ჩატარებულა.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულება, რომელიც გადადებულია ან დაგვიანებულია, ხშირად მართლმსაჯულებაზე უარის თქმას ნიშნავს. ხელისუფლების სწრაფ რეაგირებას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს ნდობა კანონის უზენაესობის მიმართ და თავიდან იქნეს აცილებული აღქმა, რომ ხელისუფლება შემწყნარებელია უკანონო ქმედებების მიმართ.

  • ზუსტად ერთი წლის სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა „სერჟანტ შავაძის საქმეზე“. პროკურატურაში არ გვითხრეს, გააქტიურდა თუ არა გამოძიება. სერჟანტი 2008 წლის აგვისტოში მოკლეს. ამ შემთხვევაში რა ხდება? 

ამ შემთხვევაშიც აღსრულების იგივე პროცედურა მოქმედებს. არსებობს მსგავსი საქმეები ასევე სიცოცხლის უფლების დარღვევის კუთხით [„ცინცაბაძის ჯგუფი“] და ამ ჯგუფშია ეს საქმეც. აღსრულების დეპარტამენტი 2022 წლის მარტში დაუბრუნდება ამ საქმეების განხილვას. საქართველოს მთავრობა ვალდებულია წარადგინოს ანგარიში, რა ღონისძიებები გაატარა და რას გეგმავს იმისთვის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.

  • კონკრეტული სამართლებრივი ბერკეტი აქვს ევროსასამართლოს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს? 

სასამართლოს ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად კონვენციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების სპეციალური ზომების დადგენა შეიძლება მივიჩნიოთ. როდესაც ვსაუბრობთ დასავლურ ინსტიტუტებზე, აქ იარაღის ძალით ვერავის აიძულებენ გადაწყვეტილების აღსრულებას. ვთანხმდებით, რომ ვმოქმედებთ, როგორც  ცივილიზებული ერები ადამიანის უფლებების დასაცავად და დემოკრატიის განსამტკიცებლად, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის კონვენციით აღიარებული ერთადერთი პოლიტიკური ფორმა. წესით, სახელმწიფოსაც უნდა სურდეს, რომ არ ჰქონდეს ბევრი საქმე აღსასრულებელი, არ იყოს მუდმივად პასუხების გაცემის რეჟიმში.

  • ანუ პოლიტიკური ნების გარეშე ამ გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მუსლიმი თემის შემთხვევაში, შესაძლოა ვერაფერი შეცვალოს, ასეა?

მოსასმენად მძიმეა, მაგრამ ასეა. არ უნდა მოვიტყუოთ თავი. ამიტომაც არის საჭირო იმის სწორად გაცნობიერება, რაც ხდება და გაცნობიერება, რომ ყველაფერი გვეხება. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარეშე ვერაფერი შეიცვლება. ჩვენ ყველამ ვიცით, გასაღები სადაც დევს – ინსტიტუციები თავიანთ როლს უნდა ასრულებდნენ და ხელისუფლება მიტაცებული არ უნდა იყოს.

____

რა ვიცით მოხეს მეჩეთის საკითხზე:

მოხეს საკითხი

სოფელი მოხე ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ბოლო აღწერის თანახმად, იქ 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობაც მუსლიმია.

ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობის წინაპრები 1975-80 წლებში დასახლდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელში 1927-34 წლებში ააშენეს მესხმა მუსლიმებმა.

შენობა, რომელსაც 1957 წლიდან კლუბის სტატუსი ჰქონდა, საბჭოთა პერიოდში დიდხანს გამოიყენებოდა საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად. 2007 წლიდან  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა.

მუსლიმი თემი შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას მიმართავდა ხოლმე, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: მაისის ბოლოს სოფელი მოხის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის [მუსლიმების წარმომადგენლობისათვის] გადაცემის თხოვნით მიმართა.

რამდენიმე კვირაში მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ „სადავო ქონება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მხოლოდ „საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით“ შეიძლება გამოიყენოს.

მუსლიმებმა ეს მოულოდნელი გადაწყვეტილებას გააპროტესტეს. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მათი უფლებები. ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა.

სწორედ ეს საქმე გასაჩივრდა სტრასბურგის სასამართლოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: