მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“

04.11.2021 • 14046
ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში ექიმების ერთმა ჯგუფმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა. მიხეილ სააკაშვილ 35-ე დღეა შიმშილობს და როგორც მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, მდგომარეობა მძიმდება.

ბათუმელი ექიმები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გააცნობიეროს საფრთხეები, რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამ გამოიწვიოს და ის რეპუტაციული ზიანი, რაც ამით ქვეყანას მიადგება.

ექიმების მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

მედიცინა ჰუმანური დარგია და მისი მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნებაა. სახელმწიფო მოწყობის ნებისმიერი მოდელის პირობებში ექიმი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისა და წნეხისგან და უნდა მოქმედებდეს ადამიანის სიცოცხლის, როგორც კაცობრიობის უმთავრესი ღირებულების, გაცნოებიერებით.

კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ყველა ის შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი და ზოგადად მოქალაქე, განზრახ ქმედების თუ უმოქმედობის გამო ისჯებოდა სიცოცხლის ხელყოფით, ისტორიას რჩებოდა შავ ლაქად და განსაკუთრებით უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის მომავალ განვითარებასა და ცივილურ სამყაროში ინტეგრაციაზე. ისტორია გვაჩვენებს, რომ აღნიშნულის სრულად გაცნობიერებას წლები სჭირდება, დამდგარ ზიანს და შელახულ რეპუტაციას კი – ხშირად დიდი ძალისხმევაც ვერ აღადგენს.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ შიმშილობის 35-ე დღეს ორგანიზმი შეუქცევადი დაზიანებების მიჯნაზეა და ამის ცოდნის პირობებში ჩვენი უმოქმედობა პაციენტის განსაცდელში მიტოვების ტოლფასია, რაც როგორც მორალურად, ასე იურიდიულად დასჯადი ქმედებაა. ვთვლით, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებებისა, ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები და განსაკუთრებით ექიმები, უნდა დავდგეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის სადარაჯოზე.

მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ქვეყნის ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პარლამენტს – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეების გაცნობიერებით დაუყოვნებლივ განხორციელდეს მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლება.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული მოწოდება/თხოვნა – სრულიად აპოლიტიკურია, არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არ არღვევს არც ერთ საკანონმდებლო ნორმას და მისი არშესრულების შემთხვევაში კი პირიქით, საფრთხე ექმნება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჩვენ ყველა ამ დანაშაულის თანამონაწილე გავხდებით.

ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილი ექიმების აზრით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა იდევნებოდეს და მას აქვს უფლება სამედიცინო მომსახურების უფლება.

რახან დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაზე გვაქვს პრეტენზია, უნდა დავიცვათ ყოფილი პრეზიდენტების ჯანმრთელობა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და გადაცდომებისა.

ყოფილსაც და მოქმედ პრეზიდენტსაც აქვს უფლება, მიიღოს ადეკვატური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ნებისმიერ, მითუმეტეს თავის ქვეყანაში,” – გვითხრა ექიმმა დავით მამულაძემ. იგი ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ექიმი-ალერგოლოგ-თერაპევტია. 

მისი თქმით, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, სადაც მისთვის ყველა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი:

„ციხისა და და სამხედრო კლინიკები მაინც სპეციფიკურია და აქედან გამომდინარე, შეიძლება ის სერვისი ვერ მიეწოდოს, რაც მისთვის იმ წუთისთვის აუცილებელი იქნება,” – აღნიშნა დავით მამულაძემ.

____

მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ ციხეში შევიდა “ვივამედის” ანგიოლოგი და დაგეგმილია პულმონოლოგის პრევენციული ხასიათის ვიზიტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: