მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს ფრჩხილის დეფორმაციას და ზოლების გაჩენას – ექიმის რჩევები

19.11.2021 • 9429
რა იწვევს ფრჩხილის დეფორმაციას და ზოლების გაჩენას – ექიმის რჩევები

რატომ ჩნდება ფრჩხილებზე ვერტიკალური ზოლები, რა შემთხვევაში აზიანებს ფრჩხილებს ლაქი და შილაკი? – ამ და სხვა კითხვებს კლინიკა „კანის“ ექიმი, პოდოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი ხათუნა ნოდია პასუხობს.

  • ქალბატონო ხათუნა, რა სახის დეფორმაციები გვხვდება ფრჩხილებზე და რა იწვევს მათ?

ეს საკმაოდ ვრცელი საკითხია, ფრჩხილის დეფორმირებული უბნები შეიძლება შეგვხვდეს მრავალფეროვანი სახით.

ხშირად გვხვდება ფრჩხილზე ვერტიკალური ზოლები, მას პაციენტი დეფორმაციად აღიქვამს, თუმცა ფრჩხილის ვერტიკალური ზოლები შეიძლება საყოფაცხოვრებო საგნებთან შეხების ფონზეც მივიღოთ.

ასევე, გვხვდება პოსტტრავმული დეფორმაცია, ონიქოდისტროფიის სახელწოდებით, რომელიც შეიძლება მივიღოთ მწვავე ტრავმის შემდგომ.

შესაძლოა ფეხსაცმლის მიერ მიყენებული მუდმივი ტრავმის შედეგადაც მოხდეს ფრჩხილის დეფორმაცია, მაგალითად, ონიქოგრიფოზი. ამ დროს ფრჩხილი გასქელებულია, მოხრილია ერთ მხარეს და ძნელად მოსაჭრელიც არის იმის ფონზე, რომ ფრჩხილის ფირფიტა ძალიან სქელია.

შეიძლება იყოს ფრჩხილის დეფორმაცია ორმხრივად მოკაუჭებული, ჩაზრდისკენ მიდრეკილების სახით, Pincer nails – ასე უწოდებენ და საკმაოდ ხშირია პაციენტების მომართვიანობა ამის ფონზე.

უმეტესად ფრჩხილის დეფორმაციის გამომწვევი მიზეზი არის ძველი ტრავმები ან მწვავე, ახალი შემთხვევები და არასწორად წარმართული მკურნალობა, ასევე, უყურადღებობა, რის შემდგომ უკვე რთულდება პროცესი და ვიღებთ არა მხოლოდ ფირფიტის დეფორმაციას, არამედ ფრჩხილის საწოლის, იმავე სარეცლის დეფორმაციასაც.

ფრჩხილის გასქელება ყოველთვის სოკოვან დაავადებას არ ნიშნავს.

ასეთ დროს მთავარია დაისვას სწორი დიაგნოზი, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა პაციენტი წლობით სვამს ანტიმიკოზურ პრეპარატებს, შედეგი არ არის და პლუს პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე აუცილებელია ღვიძლის ფუნქციებიც შემოწმდეს. ეს ძირითადად ფეხის ფრჩხილს ეხება.

ფრჩხილთან, სადაც სისქე არის მომატებული, სპეციალური აპარატის მეშვეობით ფრჩხილის ფირფიტა მუშავდება. ხდება ფირფიტის დათხელება, ფრჩხილის ზრდის ზონის გამოთავისუფლება და ინიშნება შესაბამისი სამკურნალო საშუალება, რომ სამკურნალო პრეპარატის შეღწევადობა უკეთესი იყოს.

ფრჩხილი, ფირფიტის გარდა, შედგება ფრჩხილის საწოლისა და გარშემო არსებული ქსოვილებისგან, როგორიცაა: პერიონიქიუმი, პარონიქიუმი და ჰიპონიქიუმი. იმისთვის, რომ ფრჩხილი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, საჭიროა ყველა გარშემომყოფი ქსოვილი იყოს ჯანმრთელი.

  • კონკრეტულად რა გარეგანი ფაქტორები იწვევს ფრჩხილებზე ზოლებს?

ფრჩხილზე ვერტიკალური ზოლები დიასახლისებში ძალიან ხშირია. საყოფაცხოვრებო ფაქტორებად მიიჩნევა ლაქის ან შილაკის ხშირი მოხმარება. მიზეზი ხდება მიკროტრავმები, რომლებიც წარმოიქმნება დალაგებისას, ხშირად წყალთან ურთიერთობის ფონზე.

მკურნალობა ასეთი ზოლების დროს მოიცავს დატენიანებასა და ადგილობრივად ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველი კრემების წასმას. კრემის შეზელა ხდება ფრჩხილის საზრდელ ზონაში, დღეში ორჯერ, ცოტა ხანგრძლივად, რა თქმა უნდა, ლაქისგან დასვენებით.

Mayo clinic: თუ თქვენი ფრჩხილები ფერს იცვლის ან ფრჩხილების გასწვრივ ჰორიზონტალური ზოლები ჩნდება, მიმართეთ ექიმს. ეს ცვლილებები შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ მდგომარეობაზე.

  • როცა ზოლების გარდა ხელის ფრჩხილი ტალღოვანიც ხდება?

თუ ფრჩხილზე გაჩნდა არა მხოლოდ წვრილი, არამედ ტალღოვანი (როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური) ზოლები, ასეთ შემთხვევაში ფრჩხილი უნდა დათვალიერდეს დერმატოსკოპის მეშვეობით, რათა დადგინდეს სწორი დიაგნოზი და შემდგომ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, რადგან შესაძლოა გამომწვევი იყოს არა ფიზიოლოგიური, არამედ სხვა მიზეზი.

  • სოკოვანი დაავადება რამდენად ხშირად ვლინდება ფრჩხილის დეფორმაციის ფორმით?

სოკოვანი ინფექცია ანუ ონიქომიკოზის დიაგნოზი რომ დაისვას, პირველ რიგში საჭიროა ფრჩხილის ფირფიტის დათვალიერება დერმატოსკოპიით. სხვადასხვა ფერის შეფერილობა უნდა იყოს, არა მხოლოდ ყვითელი ფერი, რაზეც არის ხოლმე აქცენტი გადატანილი.

ხშირად, როდესაც სიყვითლეს შენიშნავს პაციენტი, ჰგონია, რომ სოკოა. სინამდვილეში ეს ასე არ არის, სხვადასხვა ფერი უნდა ვარირებდეს ასეთ შემთხვევაში – ყავისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, თეთრი… ასეთი გარდამავალია ფერები ამ დროს და როდესაც უკვე ექიმს ეჭვი აქვს, რომ აქ იქნება სოკოვანი ინფექცია ან თუნდაც შეიძლება ბაქტერიული ფონი იყოს მომატებული, დამატებით შეიძლება დაინიშნოს ფრჩხილის ლაბორატორიული კვლევა, რათა შესაბამისი მიმართულებით წარიმართოს მკურნალობა.

  • რა რისკები ახლავს შილაკის გამოყენებას?

შილაკი დღეს მასიურად გამოიყენება და ჩემთან პაციენტების მომართვიანობაც ძალიან მაღალია ფრჩხილის ფირფიტაზე შილაკის შემდგომ არსებული დაზიანებებით.

საქმე ის არის, რომ აუცილებელია შესვენება პროცედურებს შორის, მინიმუმ – ორთვიანი, რათა შეძლოს ფრჩხილმა სუნთქვა, ძალების აღდგენა.

შილაკის სისტემატური გამოყენებისას ფრჩხილის ფირფიტა, ფაქტობრივად, არის უჟანგბადო გარემოში და ძალიან ხშირად, ამ დროს, გარდა სოკოვანი ინფექციებისა, მომწვანო ფერის ანუ ბაქტერიული ფონი იჩენს თავს, ფსევდომონეტური ინფექციის სახელწოდებით.

პირველი ზიანი არის ფრჩხილის ფირფიტაზე ტრავმები, თუნდაც შილაკის, ან აგრესიული მანიკიურის გაკეთების შემდგომ. ამ დროს ხდება უნიქოლისისი, იგივე ფრჩხილის ფირფიტის აცლა, რა დროსაც ფრჩხილის ფირფიტასა და საწოლს (ფრჩხილის სარეცელს) შორის იქმნება სიცარიელე. მერე უმეტესად პაციენტები ცდილობენ, რომ ეს სიცარიელე გამოასუფთაონ, ამოფხიკონ და უფრო უარესად აღრმავებენ მას, შესაბამისად იზრდება დაინფიცირების რისკი.

როცა დაზიანებულ ფრჩხილზე (უმეტესად ფეხის ფრჩხილზე) პაციენტს აღენიშნება მცირე დეფორმაცია, ცოტა შეცვლილია ფერი, ის კი აგრძელებს ასეთ ფრჩხილზე შილაკის ან მუდმივად ლაქის გამოყენებას, იზრდება მეორადი, ბაქტერიული ან სოკოვანი ფლორის გააქტიურების რისკი.

  • როგორ იკურნება ფრჩხილის დეფორმაცია, რომლის შედეგადაც ფრჩხილი მუდმივად ჩაზრდილია?

ჩაზრდა შეიძლება იყოს მცირე – ახალდაწყებული პროცესი და შეიძლება ძალიან გართულებული ფორმით მოვიდეს პაციენტი. ამის მიხედვით ირჩევა მკურნალობის ფორმაც.

როდესაც მწვავე ფორმას, ანთებით პროცესს ჩავაცხრობთ შესაბამისი პროცედურებით, მერე უკვე შეგვიძლია თანამედროვე მეთოდი შევთავაზოთ პაციენტს – ეს არის ფრჩხილის ფირფიტის ბრეკეტირება. ადრე არსებობდა რკინის ბრეკეტები, რომლის ფრჩხილქვეშ შესმა საკმაოდ მტკივნეული იყო, ახლა თანამედროვე ბრეკეტებია, რომლითაც ვახდენთ ფრჩხილის ფირფიტის ეტაპობრივად, ნელ-ნელა მაღლა წამოსვლას.

რა თქმა უნდა, პროცესი კონტროლის ქვეშ არის, რომ ზრდას სწორი მიმართულება მივანიჭოთ. სადღაც 6-8 კვირა უკეთია პაციენტს ეს ბრეკეტები. გააჩნია ბრეკეტის ტიპსაც და დაზიანების ხარისხსაც, ინდივიდუალურად წყდება – ერთჯერადად დასჭირდება პაციენტს ბრეკეტის ტარება, თუ ორჯერადად.

ფეხის ფრჩხილზე ჰორიზონტალური ზოლები იშვიათია, ვერტიკალური ზოლები კი პირდაპირ მიდის გასქელებებით, ნადებები ედება, შესაბამისად საჭირო ხდება ჩარევა უფრო აპარატული და ინსტრუმენტული. ხელთან უფრო ნაკლებად გვიწევს მსგავსი ჩარევა.

  • ფრჩხილებზე მცირე, თეთრი, რკალისებრი ზოლები რატომ ჩნდება?

ეს გახლავთ ლეიკონიჰია, თეთრი ხაზები. ბავშვებშიც გვხვდება. ადრე მითი არსებობდა, თუ თეთრი ხაზები გაჩნდებოდა ფრჩხილზე, საჩუქარს მივიღებდით. სინამდვილეში ის ჩნდება მიკრო, ძალიან მცირე ტრავმირებების შედეგად. ფრჩხილის ფირფიტა ბავშვებში განსაკუთრებით რბილია, ნებისმიერი პატარა მირტყმა ოდნავ მყარ ზედაპირზეც საკმარისია იმისთვის, რომ ლეიკონიჰია წარმოიქმნას.

შესაბამისად, თუ უფროს ასაკში უჩნდება ასეთი თეთრი ხაზები ადამიანს, რომელიც იკეთებს შილაკს, ლაქს ან ღრმად იჭრის ნუნებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ რაღაც ტრავმები აქვს ჩვენს ფრჩხილს და ნიშანს გვაძლევს.

  • ფრჩხილების ფერის შეცვლა შეიძლება თუ არა მიანიშნებდეს რაიმე დაავადებაზე?

უმეტესად ქრონიკული დაავადებების ფონზე არის ფრჩხილის ფერი შეცვლილი. მაგალითად, როცა ანამნეზში პაციენტს აქვს გულის უკმარისობა, ეს ფრჩხილების ფერზე ყოველთვის აისახება, თუმცა აქ მხოლოდ ფერის ცვლილებაა, განსაკუთრებულ ჩარევას არ ვაკეთებთ, თუ დამატებითი პროცესი არ არის.

ფრჩხილის, ტერფის ან სხვა სახის დაზიანებისას ზოგჯერ გვჭირდება სხვა სპეციალისტის კონსულტაციაც. ასეთ დროს ყველაზე ხშირად საჭიროა ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია.

თუ ვხედავთ, რომ ტერფის დეფორმაციაა და ამის ფონზე ზიანდება ფრჩხილი ან ტერფი, რეკომენდაციაში აუცილებლად ვწერთ კონსულტაციას შესაბამის სპეციალისტთან.

არის შემთხვევები, როდესაც დიაბეტური ტერფით მოდიან პაციენტები. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში, როცა შეიძლება განვითარდეს კოჟრი, ფრჩხილის დაზიანება, აუცილებლად მაშინვე უნდა მიექცეს ყურადღება, რომ არ მოხდეს შემდგომი გართულება წყლულის ჩამოყალიბების სახით.

ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ არის ანგიოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან აღრიცხვაზე, ვეუბნებით, რომ გარდა ჩვენთან ჩატარებული პროცედურებისა, გაიარონ კონსულტაცია ამ სპეციალისტებთანაც, რადგან საჭიროა გლიკემიისა და სისხლის მიმოქცევის კონტროლი.

  • რა შეიძლება გავითვალისწინოთ პროფილაქტიკისთვის?

როგორც კანს იტენიანებს ადამიანი, ფრჩხილსაც ასევე სჭირდება დატენიანება. ზოლების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია შესაბამისი ზეთების გამოყენებით დავიტენიანოთ ფრჩხილები, რათა არ გამოშრეს ფრჩხილის ფირფიტა.

ფეხის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მორგებული, კომფორტული ფეხსაცმელი გვეცვას. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სტატისტიკურად ძალიან ხშირია, როდესაც ფეხსაცმლის მიერ ტრავმირებული ფრჩხილის გამოსასწორებლად ძალიან ბევრი იხარჯება.

მთავარი რეკომენდაცია მაინც ის არის, რომ თუ ადამიანი რაღაც მცირე ცვლილებას შენიშნავს ფრჩხილის ფირფიტაზე, იქნება ეს ფერი, სისქე თუ სხვა, არ არის აუცილებელი ეს მტკივნეული და შემაწუხებელი იყოს, აუცილებლად მიმართოს ექიმს, რომ პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და მკურნალობას არ დასჭირდეს რამდენიმე თვე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: