ზურაბიშვილის პასუხი სააკაშვილის განცხადებაზე – სადაა გარანტია, რომ არ წაგიყენებენ ბრალს

„უადგილო, მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგო,“ – ასე აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-3 პრეზიდენტის ღია წერილს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ მასაც შეიძლება წაუყენონ ბრალი. დღეს, 21 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ, გააჟღერა პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილის წერილზე.

„ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! თქვენ თვითონ განაცხადეთ, რომ შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვარ მე შეწყალების საქმეზე გასამართლებული?! ტელევიზიით ვნახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ სტუმრებს შამპანურით უმასპინძლდებით. სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?! მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა ჩალით არაა დახურული და არც ისე ბნელა, რომ ხალხმა შავი და თეთრი ვერ გაარჩიოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება იყოს მომავალში პრეზიდენტი გასამართლებული. ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლებაზე და ასევე შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელია, ანაქრონული და უშედეგო, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო რამდენიმე თვის წინ. ეს პროცესი, როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება განცდა შიშის,“ – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ.

მთავრობა საიდუმლო დოკუმენტებს აღარ გვიბრუნებს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილს

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019 -2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ გადმოსცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღემდე აღნიშნული დოკუმენტაცია არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, ჩვენ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოკლებულია შესაძლებლობას დღეის მდგომარეობით იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე და მათ გასაიდუმლოებაზე,“ – აღნიშნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ, დღეს, 21 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 თებერვალს გავრცელებული ღია წერილითსალომე ზურაბიშვილს სთხოვს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს გაწეულ ხარჯებს მოხსნას  გრიფი „საიდუმლო“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტების რეგისტრაციას, შენახვას და დაარქივებას უშიშროების საბჭოს აპარატი 2018 წლიდან აღარ ახორციელებს.

„ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებია შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და ასე შემდეგ, შესაბამისი აქტით მიეღო განსაზღვრული ზომები და განეხორციელებია შესაბამისი ღონისძიებები…“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს, „რომ მიიღოს დოკუმენტებთან დაკავშირებით განახლებული მდგომარეობა და ჰქონდეს ინფორმაცია ამ დოკუმენტების შესახებ,“ – დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

DRI: მიუღებელია სიძულვილის ენა და ჰომოფობიური კომენტარები – დიზაინერის ცემა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა და ჰომოფობიური შინაარსის კომენტარები.

„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ არის დაკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს.

დანაშაულის მოტივის შესაფასებლად, დეტალურად უნდა გაანალიზდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ საქმეში შერეული მოტივების (ორი ან ორზე მეტი) არსებობა, არ გამორიცხავს სიძულვილის  მოტივის არსებობასაც.

გასათვალისწინებელია, რომ დანაშაული სიძულვილით მოტივირებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც დამნაშავის მიერ დაზარალებულის შერჩევა წინასწარგანწყობისა და შეუწყნარებლობის გამო ხდება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს დიზაინერ გიორგი მასხულიას მიმართ ჩადენილ სასტიკ ძალადობას და კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია სოციალურ ქსელებში დაზარალებულის ბულინგი, სიძულვილის ენა და ჰომოფობიური/ტრანსფობიური შინაარსის  კომენტარები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გიორგი მასხულიას განცხადებით, მას 21 თებერვალს, გვიან ღამით, თბილისში, კლუბ „ოთახში“ 3 პირი თავს დაესხა. გიორგი მასხულია მისივე გავრცელებულ ვიდეოკადრში აცხადებს, რომ მოძალადეები „მავანისგან“ იყვნენ. დაზარალებულის მეგობრის გიორგი არუთინაშვილის თქმით კი, ძალადობის მოტივი შესაძლოა მისი „ეპატაჟურობა“ ყოფილიყო.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ  გიორგი მასხულიას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ბრალის წარდგენისას გაითვალისწინონ შესაძლო სიძულვილის მოტივი, გამოძიება წარმართონ ეფექტიანად და მიუკერძოებლად.

 

მიხეილ სააკაშვილმა ისევ შიმშილობა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 21 თებერვალს, მიმდინარე სასამართლო სხდომაზე უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

„თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭრო გახდა, როგორ თავაწეულად კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობა მისთვის მეასეხარისხოვანია, მისი ჰოლანდიელი მკურნალი ექიმი წერილში მას განმეორებით შიმშილობას უკრძალავს. წერილში, რომელიც სააკაშვილმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ განმეორებითი შიმშილობის შემთხვევაში ორგანიზმში მიმდინარე პროცესები – „ისეთ დარღვევას გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება“.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბერში დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.  მან შიმშილობა 2021 წლის 19 ნოემბერს შეწყვიტა.

შიმშილობის 50 დღე – სააკაშვილი ქართულ ციხეში

 

BA.2 უნდა იყოს აღიარებული, როგორც ცალკე შემაშფოთებელი ვარიანტი – იაპონელი მეცნიერები

ომიკრონის ვარიანტი BA.2 არა მხოლოდ უფრო გადამდები ვარიანტია, არამედ მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უფრო მძიმე ავადობა და, როგორც ჩანს, შეუძლია თავი აარიდოს იმ ძირითად იარაღს, რომელიც ამ დროისთვის მედიცინას Covid19-ის წინააღმდეგ აქვს – წერს ახალი კვლევის შესახებ CNN-ი.

წინასწარი მონაცემებით აქამდე მიიჩნეოდა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტის მიმდინარეობა ნაკლებად მძიმეა. თუმცა ახალი ლაბორატორიული ექსპერიმენტები იაპონიიდან აჩვენებს, რომ ომიკრონის ვარიანტს – BA.2-ს შეუძლია გამოიწვიოს ისეთივე სერიოზული დაავადება, როგორც Covid19-ის ძველ (მათ შორის, დელტა) ვარიანტებს.

როგორც ჩანს, ომიკრონის მსგავსად, BA.2-ს აქვს უნარი, დიდწილად აირიდოს ვაქცინების მიერ შექმნილი იმუნიტეტი. თუმცა ასევე აღმოჩნდა, რომ ანტისხეულებს იმ ადამიანების სისხლში, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს ომიკრონი, ასევე გააჩნდათ გარკვეული დაცვა BA.2-ის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვაქცინირებული იყო.

კვლევის ავტორების ცნობით, BA.2 ასევე რეზისტენტულია ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტის, მათ შორის, „სოტროვიმაბისა“ და მონოკლონური ანტისხეულის მიმართ, რომელიც ამჟამად გამოიყენება ომიკრონის წინააღმდეგ.

„ასევე, BA.2 თითქმის მთლიანად რეზისტენტული იყო ორი სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულის – Casirivimab-ისა და Imdevimab-ის მიმართ, ხოლო 35-ჯერ უფრო მდგრადი სხვა თერაპიული ანტისხეულის, Sotrovimab-ის მიმართ, B.1.1 ვირუსთან შედარებით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

„ჩვენი მონაცემებით შესაძლებელია, რომ BA.2 იქნება ყველაზე შემაშფოთებელი ვარიანტი გლობალური ჯანდაცვისთვის. ამჟამად ორივე – BA.2 და BA.1 ერთად აღიარებულია, როგორც Omicron-ი და ისინი თითქმის განურჩეველია. ჩვენი დასკვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ BA.2 უნდა იყოს აღიარებული, როგორც ცალკე შემაშფოთებელი ვარიანტი და SARS-CoV-2-ის ამ ვარიანტზე მოხდეს სიღრმისეული მონიტორინგი“ – წერენ იაპონელი მკვლევრები.

დასკვნები bioRxiv სერვერზე 18 თებერვალს, ე.წ. პრეპრინტის სახით გამოქვეყნდა, რაც ნიშნავს, რომ კვლევას სჭირდება რეცენზირება. როგორც წესი, მანამ, სანამ კვლევა სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდება, იგი დეტალურად განიხილება და შეისწავლება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. პრეპრინტი არის საშუალება, რომ კვლევა უფრო სწრაფად გაზიარდეს სამეცნიერო წრეებში, თუმცა კვლევას    დამატებითი მიმოხილვის შემდეგ აქვეყნებენ.

ამავე თემაზე:

ომიკრონის ვარიანტი BA.2 უფრო გადამდებია ვიდრე „ორიგინალი“ – დანიური კვლევა

ტყვიით დაბინძურების წყაროს დადგენის მიზნით აჭარის მდინარეებიდან სინჯები აიღეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მდინარეების აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროებს იკვლევენ. წყლის სინჯები შემდგომი კვლევისათვის აღებულია მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფელში. კვლევის მიზანია დაადგინოს ორსულ ქალებსა და ბავშვებში ტყვიით დაბინძურების წყარო. შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი.

კვლევა ისრაელის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ისრაელიდან საქართველოში ჩამოვიდა და იმყოფება  ცნობილი ჰიდროგეოლოგი, პროფესორი, ეილონ ადარი.

გასული წლის ბოლოს აჭარაში 6 000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალი გამოიკვლიეს ტყვიაზე. სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა – 25 მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია გამოუვლინდა 62 (3%) ბენეფიციარს.

სამინისტროს ცნობით, განმეორებით კვლევა ჩაუტარდა 784 ბენეფიციარს, ხოლო მესამე – 116-ს.

სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის პროგრამით 2022 წლიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვებიც ისარგებლებენ. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, წელს ტყვიაზე კვლევის პროგრამა გაფართოვდება. პროგრამის ბიუჯეტი აჭარაში მილიონ-ნახევარი ლარია.

ცენტრის ინფორმაციით, კვლევა ჩაუტარდებათ საპროგნოზოდ ორსულსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს (4500 ბენეფიციარი). საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ განმეორებითი კვლევებიც.

„ამასთან ერთად კვლევა ჩაუტარდებათ პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან რეფერირებულ 8-14 წლამდე ასაკის ბავშვებს ( 3800 ბენეფიციარი), რომელთაც საჭიროების შემთხვევაში მათ ასევე ჩაუტარდებათ განმეორებითი კვლევები,“ – გვითხრეს ცენტრში.

ვინ არის აჭარის პოლიციის ახალი უფროსი გრიგოლ ბესელია

აჭარის პოლიციის ახალი უფრო გრიგოლ ბესელიაა. ის აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობა, რომელსაც ამ დრომდე გრიგოლ ბესელია იკავებდა, ავთანდილ გალდავამ დაიკავა, რომელიც აჭარის პოლიციის უფროსი იყო. გალდავა ცნობილი გახდა ბადრი ესებუასთან დაკავშირებულ ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ სახის საკადრო ცვლილებებზე აღარ აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, როცა პოლიციის ახალი უფროსი ინიშნება რეგიონში. სამინისტროში არ გვიპასუხეს, სად დაინიშნა ავთანდილ გალდავა.

გრიგოლ ბესელია 2005 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის თავდაპირველად ფოთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2009 წლიდან კი, თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსია.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, გრიგოლ ბესელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს, თუმცა ერთ წელიწადში ის ისევ თბილისში დაბრუნდა. 2014 წლიდან გრიგოლ ბესელია თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გრიგოლ ბესელიას 2021 წლის 24 აპრილს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ ბესელიას მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რაც 2016 წელს შეუძენია 70 ათას ამერიკულ დოლარად. გრიგოლ ბესელია ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანას KIA OPTIMA-ს, რაშიც 2019 წელს ბესელიას 8400 ამერიკული დოლარი  გადაუხდია.

2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს გრიგოლ ბესელია მარტიდან ივნისის ჩათვლით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსად მუშაობდა და ამ პერიოდში ხელფასის სახით 13 350 ლარი აუღია [თვეში 3337]. ამავე წლის ივლისიდან წლის ბოლომდე გრიგოლ ბესელია უკვე ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო და მისი ხელფასი თვეში 6202 ლარია.

გრიგოლ ბესელიას, მაგალითად, სრულად არ შეუვსია 2020 წლის დეკლარაცია – რა პერიოდში იკავებდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის პოზიციას და რა იყო მისი ჯამაგირი.

გრიგოლ ბესელია 40 წლისაა. ის თბილისშია დაბადებული. ჰყავს ცოლი და ორი შვილი.

საკადრო ცვლილებების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გახდა. ის მანამდე ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

აჭარაში კოვიდის 378 ახალი შემთხვევაა

21 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26,02 პროცენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4775 ახალი შემთხვევა, 32 პაციენტი გარდაიცვალა.

ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 თებერვლის 21 საათიდან 22 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 23-24 თებერვალს, ბათმში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

______________

ფოტოზე: 20 თებერვლის საღამო, ნისლი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ ჯაბა ანანიძე

აჭარაში 111 კლასი დისტანციურად სწავლობს

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო 111 კლასი და 6 სკოლა სრულად დისტანციურად სწავლობს.

დისტანციურად სწავლობს:

  • ხელვაჩაურში – 1 სკოლა
  • ქედაში – 1 სკოლა
  • შუახევში – 3 სკოლა
  • ხულოში – 1 სკოლა

ბათუმში 98 კლასია გადასული დისტანციურ ფორმატზე, ქობულეთში – 3, ხელვაჩაურში – 7, ქედაში – 1, შუახევში – 2.

ქვეყნის მასშტაბით 314 სკოლა სწავლობს დისტანციურად. დისტანციურად მუშაობს 132 მასწავლებელი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის ადმინისტრაციის 73 პროცენტი, სრულად კი 97 პროცენტია აცრილი.

32 გარდაცვლილი და კოვიდის 4775 ახალი შემთხვევა – 21 თებერვალი

21 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4775 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში კოვიდით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა  5 585 ადამიანი, კარანტინშია – 12, კლინიკურ სასტუმროებში კი 896 პაციენტი იმყოფება.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26,02 პროცენტი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი და 13 მძღოლია – კიდევ რაში იხარჯება 5,2 მილიონი

აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 21 არჩეული წევრია, კიდევ 133 ადამიანია დასაქმებული. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის კი 2021 წელს ბიუჯეტიდან ჯამში 5,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 3 246 866 ლარი მარტო ხელფასისთვის გაიცა.

საბჭო, დღევანდელი შემადგენლობით, პირველად 2020 წლის დეკემბერში შეიკრიბა.

უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებისთვის, გასულ წელს, მილიონამდე ლარი [ჯამში 984 729 ლარი] დაიხარჯა; საბჭოში დასაქმებულ სხვა პირებზე კი გაიცა: 2 221 495 ლარი, როგორც თანამდებობრივი სარგო, 15 892 ლარი – საკლასო დანამატი და 24 750 ლარი პრემია.

საწვავის ხარჯები

უმაღლეს საბჭოში, სადაც 21 არჩეული წევრია, 13 მძღოლია დასაქმებული. აქედან 2 უშუალოდ საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს, ემსახურება, ხოლო ერთი – ოპოზიციის ფრაქციას.

საწვავში, 2021 წლის განმავლობაში, უმაღლესმა საბჭომ 121 ათას 23 ლარი დახარჯა [შედარებისთვის, წინა წელს საწვავში 72 963 ლარი დაიხარჯა].

უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, თვეებისა თუ ავტომანქანების შესაბამისად გახარჯული საწვავის ოდენობა განსხვავებულია, თუმცა არ არის გამოქვეყნებული გასული წლის დეკემბრის თვის საწვავის ხარჯები.

რაც შეეხება, მაგალითად, ნოემბრის თვეს, ყველაზე მეტი საწვავი, ტრადიციულად, თავმჯდომარის ავტომანქანებზეა გამოწერილი – 681 ლიტრი.

ამავე თვეში ყველაზე მეტი საწვავი გაიხარჯა ასევე ავტომანქანებზე, რომლებიც ემსახურებიან: ფრიდონ ფუტკარაძეს [396 ლიტრი], ტიტე აროშიძეს [376 ლიტრი]; 300 ლიტრი საწვავია გაცემული მორიგე ავტომანქანაზე, 299-299 ლიტრი – ოთხ ავტომობილზე, დანარჩენებზე კი, შედარებით ნაკლები.

საბჭოს ბალანსზე სულ 16 ავტომანქანაა, რომელთა ტექნიკურ მომსახურებაზე 2021 წელს დამატებით 91 209 ლარის ხარჯია გაწეული [წინა წელს კი – 41 068 ლარის].

უმაღლესი საბჭოს სხვა ხარჯები 2021 წელს

2021 წელს რესტორნებში, სხვადასხვა პროდუქტში, სასმელ წყალში, ასევე, საჩუქრებსა და ყვავილებში აჭარის უმაღლეს საბჭოს ჯამში 26 601 ლარი აქვს დახარჯული.

აქედან:

  • სარესტორნო მომსახურებაში – 8 746 ლარი; საჩუქრებში – 11 854 ლარი; სხვადასხვა სახის ხილში, ბოსტნეულში, საკვებ პროდუქტებსა და სასმელებში – 2 872 ლარი

უმაღლეს საბჭოში 2021 წელს 91 426 ლარის ელექტროენერგია მოიხმარეს;

მობილური სატელეფონო მომსახურებისთვის გადახდილია 42 595 ლარი; სატელეფონო საუბრებში (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) კი – 22 030 ლარი.

1 699 ლარი გადაიხადა უმაღლესმა საბჭომ გასულ წელს – დეზობარიერში, სადეზინფექციო ხსნარსა და სადეზინფექციო მომსახურებაში.

მთლიანობაში უმაღლესმა საბჭომ 576 268 ლარის სხვადასხვა სახის მომსახურება შეისყიდა.

უმაღლესი საბჭოდან გასულ წელს მივლინებაშიც იმყოფებოდნენ.

„2021 წელს უმაღლესი საბჭოს წევრთა და აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივ მივლინებებში“, საბჭოს ინფორმაციით, მთლიანობაში 58 ათას 25 ლარი დაიხარჯა.

აქედან:

  • მივლინების ხარჯები (ქვეყნის შიგნით) – 13 782 ლარი
  • მივლინების ხარჯები (ქვეყნის გარეთ) – 58 025 ლარი
ხელფასები უმაღლეს საბჭოში 2022 წელს

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო ანუ ხელფასი თვეში 5 750 ლარია,
თავმჯდომარის მოადგილის – 4 900 ლარი,
უმაღლესი საბჭოს კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების – 4 700 ლარი,
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის – 4 250 ლარი,
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის – 4 100 ლარი,
უმაღლესი საბჭოს რიგითი წევრის ხელფასი კი – 3 900 ლარია.

არჩეული 21 წევრის გარდა უმაღლეს საბჭოში ამ დროისთვის 133 ადამიანია დასაქმებული. აქედან 96 შტატით, ხოლო 37 – „დამხმარე ფუნქციების მქონე შრომითი ხელშეკრულებით“. მათ შორის მძღოლებიც.

საბჭოს თავმჯდომარის მძღოლების ხელფასი თვეში 1700-1700 ლარია, დანარჩენების კი – 1 300 ლარი. ანუ მარტო მძღოლების ხელფასებში ბიუჯეტიდან წელიწადში 212 400 ლარი იხარჯება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს 4 თანაშემწე ჰყავს – თითოეულის ხელფასი 2 790 ლარია; თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის ხელფასი კი – 3 520 ლარი. ამ ხუთი ადამიანის ხელფასებისთვის ჯამში 174 840 ლარი დაიხარჯება წელიწადში.

უმაღლეს საბჭოში თითო თანაშემწე ჰყავს საბჭოს 10 წევრს – ერთი თანაშემწის ხელფასი 1 410 ლარია.

მუნიციპალიტეტებში თითო წარმომადგენელი ჰყავთ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ წევრებს. წარმომადგენლების ხელფასები განსხვავებულია: ბათუმში 2 მაჟორიტარია და მათი წარმომადგენლების ხელფასი თითოეულის 1 200 ლარია; ყველაზე მეტი ხელფასი აქვს წარმომადგენელს ქობულეთში – 2 000 ლარი; ხოლო აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში წარმომადგენლის ხელფასი 750 ლარია.

2022 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ბიუჯეტიდან 5 616 500 ლარია გამოყოფილი, საიდანაც, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მარტო ხელფასებში, ჯამში, 4 279 500 ლარი [76,2%] დაიხარჯება. აქედან:

  • უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებში – 1 123 800 ლარი
  • შტატით მომუშავე თანამშრომლების ხელფასებში – 2 579 280 ლარი
  • შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების ხელფასებისთვის კი – 576 420 ლარი

შრომითი ხელშეკრულებით დაკავებული პოზიციები აჭარის უმაღლეს საბჭოში:

ყველა ეს პოზიცია დაკავებულია – გვითხრეს უმაღლეს საბჭოში / ფოტო: პოზიციები და თანამდებობრივი სარგოები 2022 წლისთვის / წყარო: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანება

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქგვერდიდან

როგორ გამოიყურება ბულვარი “პიერ ბათუმის” დანგრევის შემდეგ [ფოტო]

ბათუმის ძველი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, პლაჟთან ახლოს მდებარე “პიერ ბათუმი” 18 თებერვალს დაანგრიეს. შენობების ნგრევა ისე დაიწყეს, რომ არ იყო გატანილი ინვენტარი. ტერიტორიას სამშენებლო ნარჩენებისგან ამ დრომდე ათავისუფლებენ.

“პიერ ბათუმი” დემონტაჟის შემდეგ ფოტო: ჯაბა ანანიძე

„პიერ ბათუმი“ წლების წინ ნებართვის გარეშე მოეწყო და მესაკუთრე ამის გამო არაერთხელ დააჯარიმეს. ჯარიმების მიუხედავად, „პიერ ბათუმი“ წლებია ბულვარში უპრობლემოდ მუშაობდა.

ეს ადგილი 2010 წელს კომპანია „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. ამ კომპანიის მეწილეები თურქეთის მოქალაქეები – ოზჯან სუმერი და აჰმეთ დონგელი არიან, თუმცა შენობა 2016 წლიდან იჯარითაა გაცემული.

“პიერ ბათუმის” დემონტაჟი ფოტო: ჯაბა ანანიძე
„პიერ ბათუმი“ დემონტაჟის შემდეგ ფოტო: ჯაბა ანანიძე
„პიერ ბათუმი“ დემონტაჟის შემდეგ ფოტო: ჯაბა ანანიძე
“პიერ ბათუმის” დემონტაჟი ფოტო: ჯაბა ანანიძე

ამავე თემაზე:

160 კაცი მყავდა დასაქმებული, ჩივილს ვაპირებ – ბულვარში დანგრეული შენობების მოიჯარე

პროექტი, რომელშიც აჭარის მთავრობამ 542 800 ლარი დახარჯა და ვერ იყენებს

აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტში 542 800 ლარია გადახდილი, თუმცა, უკვე მეოთხე წელია მთავრობა მის განხორციელებას არ გეგმავს.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად, 2018 წლის გათვლებით, 28 მილიონი ლარი იყო საჭირო.

დღეს კვლავ გაურკვეველია რაში გამოიყენებს, ან გამოიყენებს თუ არა საერთოდ ამ პროექტს აჭარის მთავრობა.

ამ პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით შემდგომში შენობის აშენება უსარგებლო იქნება – ასეთი დასკვნა სახელმწიფო აუდიტმა ორი წლის წინ გააკეთა.

  • პროექტი აჭარის მთავრობამ 2018 წელს შეისყიდა და იმავე წელს შემოდო თაროზე.
  • მოგვიანებით, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა არ ჰქონდათ და „პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზის შემდეგ, ბიუჯეტის ფორმირების ეტაპებზე, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით“.
  • დღეს კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გვაცნობეს, რომ პროექტი პანდემიას გამო ვერ განხორციელდა.

რა გადაწყვეტილება იქნა საბოლოოდ მიღებული? – ხომ არ შეცვლილა ხარჯთაღრიცხვა და განხორციელდება თუ არა ეს პროექტი? – ამ კითხვების საპასუხოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან დღეს, 2022 წლის 18 თებერვალს მოგვწერეს, რომ „ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ამ ეტაპზე არ იგეგმება“.

„გლობალური პანდემიის ფონზე, აჭარის ბიუჯეტის ადაპტირება განხორციელდა და მობილიზდა ფინანსური რესურსი. მათ შორის ადმინისტრაციული ფინანსური რესურსის გამოთავისუფლება მოხდა. საბიუჯეტო თანხები პანდემიის ფონზე, პრიორიტეტულად, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით გადანაწილდა, ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა, როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ბათუმში. მათ შორის არის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემის განვითარება აჭარაში და სხვა. ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ამ ეტაპზე პრიორიტეტულად არ არის მიჩნეული“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

ახალ ადმინისტრაციულ შენობაში აჭარის სამინისტროების ჩათვლით 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია უნდა განთავსებულიყო. მათ შორის იყო შპს „სტადიონი“ [დღევანდელი „აჭარის აქტივების მართვის კომპანია“].

ვინაიდან ახალი შენობა არ აშენდა, ამ სახელმწიფო კომპანიის ოფისისთვის სამინისტრო ბათუმში ბინას არემონტებს:

ბინის რემონტზე გამოცხადებულ ტენდერში კერძო კომპანია „იმედი XXI“ სამინისტროს მომსახურებას 35 700 ლარად სთავაზობს. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

სახელმწიფო აუდიტი 2019 წელს, აჭარის მთავრობის მიერ ნახევარ მილიონად შესყიდულ პროექტზე წერს:„წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ საერთო ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია გარემოებათა დეტალური ანალიზის გარეშე.

ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს.

შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

ბათუმი ნისლში [ფოტო]

ბათუმი ნისლშია გახვეული. ნისლმა დაფარა ცათამბჯენები. ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში დაფრენა გაუჭირდა სტამბოლი-ბათუმის ავიარეისს.

ნისლი ბათუმში ფოტო: ჯაბა ანანიძე
ნისლი ბათუმში ფოტო: მარიამ მუთიძე
ნურის ტბა ფოტო: მარიამ მუთიძე
ნისლი ზღვაზე ფოტო: ჯაბა ანანიძე

ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება – აეროპორტი

ძლიერი ნისლის გამო ბათუმის აეროპორტი ავიარეისს ვერ იღებს. თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, ამ წუთებში [17:15] ცდილობს ბათუმის აეროპორტში დაფრენას, თუმცა დაბალი ხილვადობის გამო ჯერჯერობით ეს შეუძლებელია.

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თუ მეტეოპირობები არ შეიცვალა, სტამბოლი-ბათუმის რეისს ტრაბზონის აეროპორტში მოუწევს დაფრენა.

განახლება: 18:00 საათზე სტამბოლი-ბათუმის ავიარეისმა ბათუმის აეროპორტში დაფრენა შეძლო.

ქედის სკოლებში მზის პანელების მონტაჟზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალების დამონტჟებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა უცვლელია – 349 645 ლარი.

წინა ტენდერი, რომელშიც წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდა – არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ახალ ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2022 წლის 18 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება.

სკოლებში მზის პანელების მონტაჟი წინა ტენდერით 4 თვეში უნდა დასრულებულიყო, ამჯერად კი ეს ვადა 5 თვემდეა გაზრდილი – ვადის ათვლა იწყება ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან.

ტენდერში აღნიშნულია, რომ „პანელები და მონტაჟისთვის საჭირო მასალების ნაწილი განთავსებულია სკოლებში, რაზედაც შესაბამისი მითითება არის ხარჯთაღრიცხვაში.

სკოლების ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე:

29 საჯარო სკოლში მზის პანელებს დაამონტაჟებენ – ქედა

143 ადამიანის უფასო კვებაში ხელვაჩაურის მერია 100 ათას ლარს დახარჯავს – 9 თვეში

ხელვაჩაურის მერია უფასო სასადილოებისათვის  100 ათას ლარს დახარჯავს. ერთი უმწეო ადამიანის კვებაში ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან დღეში 2,5 ლარი იხარჯება.

ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები 143 ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 100 ათას 458 ლარია; მომსახურების გაწევის ვადა კი: 2022 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება 28 თებერვალს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა უფასო კვებით მომსახურება უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე შემდეგ მისამართებზე ან/და მიმდებარედ:

  • ბათუმი, თამარ მეფის გამზირის III შესახვევი ქ. N2 (ყოფილი დაბა მახინჯაური);
  • ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა I – ჩიხი №1 (ყოფილი დაბა ხელვაჩაური);
  • ბათუმი, ტაბიძის ქ. N2.

„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ხელვაჩაურის მერია უფასო კვების მომსახურებას „უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერჯერადი კვებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

ამ ქვეპროგრამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 2022 წლისთვის 130 488 ლარია გამოყოფილი, ანუ, ერთი ბენეფიციარის კვებისთვის დღეში 2,5 ლარია გათვალისწინებული.

პროგრამითდღეს, ხელვაჩაურში მცხოვრები სოციალურად დაუცველი [0-დან – 65000-მდე სარეიტინგო ქულით] ოჯახებიდან 43 ბენეფიციარი სარგებლობს.

პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ:

  • „უფასო კვების სარგებლობის პერიოდში სარეიტინგო ქულის დროებით შეჩერება არ წარმოადგენს უფასო სასადილოთი სარგებლობის აკრძალვის მიზეზს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ტერიტორიაზე მერის ადმინისტრაციულ ურთიერთობებთან წარმომადგენლის მიერ წერილობით წარმოდგენილია ბენეფიციარისათვის უფასო კვების განსაკუთრებული საჭიროება.
  • ყოველთვიური მონიტორგის დროს საანგარიშო თვის პერიოდში ათი დღის უმიზეზოდ გაცდენის გამოვლენა წარმოადგენს მომსახურების შეწყვეტის საფუძველს.
  • ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვა განხორციელდება განცხადებების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; პირადობის მოწმობა ასლი დედანთან ერთად; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია.
  • წლის განმავლობაში ბენეციციართა მატება მოხდება ადგილის გამონთავისუფლების შეთხვევაში.
  • ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოდიური სიტუაციისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, შესაძლებელია მოხდეს ბენეფიციართა უზრუნველყოფა არა ყოველდღიური ცხელი კვებით, არამედ, სასურსათო ამანათით.“

 

 

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 თებერვლის 21 საათიდან 21 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში
მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო 2 დღეს, 22 და 23 თებერვალს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კორონავირუსის 611 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმალობაში აჭარაში კორონავირუსის 611 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკაშია 615 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 168, ბინაზე  კი – 9 379 ადამიანი მკურნალობს.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 269 ადამიანი.

დღეს, 20 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა.

„ცხოვრება აღარ შემიძლია“ – 13 წლის ნინიზე მოძალადეს 7.6 წელი მიუსაჯეს I საქმის მასალები

„ყველას გიხდით ბოდიშს, ვიცი დავაშავე, მაგრამ უკვე გვიანია. ცხოვრება აღარ შემიძლია, მთელი ღამე ვერ ვიძინებ და მირჩევნია სამუდამოდ დავიძინო. მე ბებიასთან მივდივარ,” – ეს 13 წლის ნინის უკანასკნელი წერილია. ნინი გასული წლის 10 თებერვალს საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ეს წერილი კი, მათემატიკის რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე მინაწერი ნინის ჯიბეში იპოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნიკა ტაკიძეს სექსუალური ძალადობისთვის. მას არ დაუდასტურდა თვითმკვლელობამდე მიყვანა. „ნინის საქმეზე“ ერთი წლით ჩასვეს ციხეში ნინის ბაბუაც – ოჯახში ძალადობისთვის.

„ბათუმელები“ განაჩენს გაეცნო, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა „13 წლის ნინის საქმეზე“. აქ ჩანს, რა თქვეს დეტალურად მოწმეებმა, რა უთხრა მოსამართლეს თავად ბრალდებულმა და რა აღმოჩნდა საეჭვო მოსამართლისთვის ამ საქმეში.

„სტერეოტიპული მიდგომებით, ძველმოდური შეხედულებებით და დრომოჭმული ტრადიციებით აღსავსე სოციუმის პირობებში, როგორი აღქმა მოჰყვებოდა ასეთ ამბავს და როგორ გაილაშქრებდნენ პატარა გოგონაზე ამ სოციუმის წევრები, ადვილი წარმოსადგენია,“ – წერს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი. მას ნათქვამის საილუსტრაციოდ მოჰყავს ნინის სკოლის მასწავლებლების ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც ნინი არათუ სკოლაში აღარ დადიოდა, დისტანციურ მეცადინეობაზეც უარს ამბობდა.

„…ის ელოდებოდა, როდის გახდებოდა შესაძლებელი დედასთან, სხვა ქვეყანაში გამგზავრება. ამ ყველაფრის პარალელურად დადიოდა პოლიციის განყოფილებაში, იძლეოდა ჩვენებებს, მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში, იტარებდა ექსპერტიზებს. ბევრად უფრო ასაკიანი, ჩამოყალიბებული, მყარი ფსიქიკის ადამიანისთვის ძნელად აღსაქმელი და შესასრულებელი ეს ქმედებები როგორ გავლენას მოახდენდა 14 წლის, მცირე ცხოვრებისეული გამოცდილების, უდედოდ გაზრდილი, ბავშვობიდანვე მშობლების მზრუნველობას, სრულფასოვან ოჯახურ კერას და ურთიერთობებს მოკლებული ბავშვის ფსიქიკაზე, ადვილი წარმოსადგენია,“ – წერს განაჩენში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

ამ განაჩენში მოსამართლე ხაზს უსვამს იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეყრდნოს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, მაგრამ მოსამართლე არაერთგზის ხაზს უსვამს, როგორ სჯერა იმის, რასაც 13 წლის ნინი პოლიციელებს მოუყვა გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე. მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნინი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოჰკითხეს, დაარღვიეს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნები და მისი ხელახალი ვიქტიმიზაციაც მოხდა.

პირდაპირ არა, მაგრამ მოსამართლე განაჩენში აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ გამომძიებლებს დრო ჰქონდათ რეაგირებისთვის.

ამ დრომდე „13 წლის ნინის საქმეზე“ სამართალდამცველთაგან არავინ დაუსჯიათ.

  • ვინ გაიგო პირველად ნინიზე სექსუალური ძალადობის შესახებ და საიდან? 

განაჩენის მიხედვით ნათელი ხდება, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნინის მეგობარია, რომელმაც დაინახა, როგორ ჩაჯდა ნინი ბრალდებულ ნიკა ტაკიძის თეთრ მიკროავტობუსში ძალადობის დღეს.

„საღამოს 7 საათი იქნებოდა, სახლში მივდიოდი, როცა გზაზე ძალიან სწრაფად მოძრავი თეთრი მიკროავტობუსი დავინახე. ავტომანქანამ წრე დაარტყა, მძღოლი საჭეს ძალიან სწრაფად ატრიალებდა და შემეშინდა, არ დამჯახებოდა. მიკროავტობუსი სოფლის სასაფლაოსთან ახლოს გაჩერდა. როდესაც გვერდით ჩავუარე, საჭესთან მჯდომი მამაკაცი ჩემს დანახვაზე ჩაიმალა. მანქანისკენ მიმავალი ქუდიანი გოგო დავინახე. ნინი ვიცანი და დავუძახე კიდეც, მაგრამ მან ყურადღება საერთოდ არ მომაქცია, გაიქცა და მიკროავტობუსის წინა სავარძელზე დაჯდა. მიკროავტობუსი დაიძრა და წავიდა,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა გოგომ.

მოწმის თქმით, მან იმავე საღამოს ნინის დას მესინჯერში მისწერა. მას კი, ნინის მეგობრისთვის ახლა უკვე მსჯავრდებული ნიკა ტაკიძის ფოტოები გამოუგზავნია.

„ამოცნობა გამიჭირდა… ამის შემდეგ მივიღე ნინისგან ხმოვანი შეტყობინება, რატომ უთხარი ჩემს დასო, მიყვიროდა, პრობლემები შემიქმენი და შარში გამაყოფიე თავიო.

მერე რამდენჯერმე შევხდი ნინის, მაგრამ ის ხმას არ მცემდა. განაწყენებული იყო ჩემზე და ჩემთვის აღარაფერი უთქვამს,“ – დაასრულა მოწმემ.

„მე ცალკე ვცხოვრობ, სხვა სოფელში, ჩემს ქმარ-შვილთან,“ – მიმართა მოსამართლეს ნინის დამ. მან დაადასტურა, ნაცნობმა გოგომ რომ შეატყობინა ნიკას მანქანაში ნინის ჩაჯდომის ამბავი.

„მოვიკითხე ახლობლებთან და აღმოჩნდა, რომ ნინი სახლში არ იყო. მე უკვე ვიცოდი ნინის და ნიკას ურთიერთობის შესახებ, ნიკა ჩემი ქმრის შორეული ნათესავია. ვიცოდი, რომ თეთრი მიკროავტობუსი მას ჰყავდა და ამიტომ ჩავუგდე ნაცნობს ნიკას ფოტოები. ნინის ყველგან დაუწყეს ძებნა, მას კი დედისთვის მიუწერია თურქეთში, დაქალთან ვარო,“ – აღნიშნა ნინის დამ ჩვენების მიცემის დროს.

„საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა მამამთილის ძმისშვილმა დამირეკა, მან მითხრა ნინის გაუჩინარების შესახებ,“ – უთხრა მოსამართლეს ნინის დედამ. ნინი 3 წლის იყო, როცა დედა საცხოვრებლად თურქეთში წავიდა და მეორე ოჯახი შექმნა. ნინის მამა კი მანამდე გარდაიცვალა.

„შევედი მაშინვე ფეისბუქში და ვიდეოზარით დავურეკე ნინის, მიპასუხა მაშინვე, მეგობართან ვარო. გამიკვირდა ის, რომ ნინის საუბრის პარალელურად ისმოდა ბიჭის ხმაც. ის ჩურჩულით კარნახობდა ნინის: სახლში რომ მიგიყვანო, რამე პრობლემა ხომ არ იქნებაო. ნინის ვუთხარი, კამერა ჩართე და დამენახე-მეთქი, მაგრამ ამაზე უარი მითხრა, გზისპირას ვარ და მანქანების ხმა შემოდისო. ვთხოვე, მალე მიდი სახლში-მეთქი…“ – თქვა ნინის დედამ.

„გოგონა სახლში მხოლოდ დილით დაბრუნდა ატირებული, თმაგაჩეჩილი…,“ – აღნიშნა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ნინის ბაბუამ, რომელსაც დაუდასტურდა ოჯახში ძალადობა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის შესახებ. სასამართლომ დაადასტურა, რომ ბაბუა ზრუნვის ნაცვლად მოზარდზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ფსიქოლოგიურად ძალადობდა და ერთხელ ხელიც გაარტყა სახეში.

„იმ დილით ნინიმ თქვა, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იყო… შემდეგ ნათესავ ქალებს უთხრა, რომ ის ღამე, როდესაც სახლში არ დაბრუნებულა, შეყვარებულთან, ნიკა ტაკიძესთან ერთად იყო, ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა მანამდეც – ივნისის თვეში,“ – გააგრძელა თხრობა ბაბუამ. – „ნინი განიცდიდა მომხდარს, ამბობდა, ნიკა ცოლობას დამპირდა, მაგრამ მომატყუაო. ამ ნათქვამის მერე მივმართეთ პოლიციას.

მანამდე ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ღამით ჩემს მობილურზე დარეკა ახალგაზრდა ბიჭმა, მითხრა ნიკა ტაკიძე ვარ, ნინისთან ვმეგობრობო და მასთან დალაპარაკება მთხოვა. ვუთხარი, რომ „უწლოვან ბავშვთან“ არაფერი ესაქმებოდა და მეორედ აღარ გაებედა დარეკვა.

პოლიციისთვის მიმართვიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნიკა ტაკიძის მშობლებმა ხალხი გამოგვიგზავნეს და შემოგვითვალეს, რომ გოგოს ეპატრონებოდნენ და რძლად წაიყვანდნენ, სანაცვლოდ კი, განცხადება უნდა გამოგვეტანა პოლიციიდან. ვუთხარი, რომ უწლოვან ბავშვს რძლად ვერ გავატანდი,“ – თქვა ნინის ბაბუამ.

ბრალდებულის ადვოკატმა იკითხა და ნინის დედამაც დაადასტურა, რომ ნინის გორში მცხოვრები სხვა ბიჭი მოსწონდა, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, ნინი ამ ბიჭს არსად ახსენებს და არ ჩანს, რომ გოგო მას ფიზიკურად შეხვდა.

„2020 წლის ზაფხულში გავიცანი ფეისბუქით,“ – უთხრა მოსამართლეს ნ.ც.-მ, რომელიც ასევე მოწმის სახით გამოჰკითხეს სასამართლო პროცესზე. – „ნინიმ მითხრა, რომ 14 წლისაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი თურქეთშია. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი, თუმცა ნინი ისე გარდაიცვალა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ, მხოლოდ მიმოწერა გვქონდა, პერიოდულად ვიდეოზარებით ვსაუბრობდით.

ბოლოს, როცა ვესაუბრე, 9 დეკემბერი იყო. მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა. ავუხსენი, რომ მისი ასაკის გოგონას ცოლად ვერ მოვიყვანდი, პატარა იყო და ასეთი ნაბიჯით პრობლემებს შეუქმნიდა საკუთარ თავს.

შემდეგ ნინის დედა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ნინი შეაცდინეს, ჩემთან ურთიერთობა ვეღარ ექნებოდა. ნინის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით გავიგე,“ – თქვა მოწმის სახით დაკითხულმა ბიჭმა.

„…როცა ნინის ამბავი გავიგე, გადავწყვიტე ნიკასთვის დამერეკა. სმს გავუგზავნე და ვკითხე, რატომ უნგრევდა ცხოვრებას ჩემს შვილს? პასუხად შეურაცხმყოფელი სიტყვებით სავსე ტექსტი მივიღე,“ – უთხრა მოსამართლეს ნინის დედამ და მოზარდის ბაბუას მსგავსად, მანაც გაიხსენა, რას სთავაზობდნენ მას ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები. – „მითხრა, თუ ციხეში არ გამისტუმრებთ, ნინის ვეპატრონები, ცოლად წავიყვანო, ოღონდ მხოლოდ სახელად ერქმევა ცოლი და ნამდვილი ოჯახი არ იარსებებსო. ნინის ჩემს ოჯახში წამოიყვანებენ და მე საერთოდ წავალ სახლიდანო. ნინი ჩემს მშობლებთან ერთად იცხოვრებსო.

თუ ციხეში გამიშვებთ, იქედან როცა გამოვალ, ცოცხალს არავის დაგტოვებთო.

მე ველაპარაკე ამაზე ნინისაც. ის სასტიკ უარზე იყო, რადგან თვლიდა, რომ ნიკამ მისი ნდობით ისარგებლა, მოატყუა,“ – თქვა დედამ.

სასამართლოს ჩვენება მისცა ოჯახის ახლობელმა ქალმაც, ვისთან ერთადაც ნინის ნიკასთვის ტელეფონზე დაურეკავს. ქალს ნიკას პასუხი ხმამაღალ რეჟიმზე ჩართული ტელეფონიდან მოუსმენია.

„ნინის განმარტება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვთხოვე, ჩემი თანდასწრებით დაურეკე ნიკას-მეთქი ისე, რომ საუბარი ჩვენც გავიგონოთ. ნინის უარი არ უთქვამს, დარეკა ნიკასთან და ხმამაღლა რეჟიმზე ჩართო. ნინიმ ნიკას უთხრა ტელეფონზე, რომ მისიანებმა გაიგეს ჩვენი ურთიერთობის ამბავი და ამიტომ დრო იყო პირობა შეესრულებინა, მოეგვარებია ყველაფერი. ბიჭმა უპასუხა, რაც უნდოდა, ის ექნა, სადაც უნდოდა იქ ეჩივლა, არაფერს არ მოაგვარებდა და არ აინტერესებდა მისი პრობლემები. ამის შემდეგ ბიჭმა ტელეფონი გათიშა. დავრწმუნდით, რომ გოგო სიმართლეს ამბობდა,“ – თქვა მოწმემ.

  • რა ვერსია ჰქონდა ბრალდებულს და რატომ არ გაიზიარა მოსამართლემ? 

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ჰქონდა ვერსია, რომ ნიკა და ნინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ და სექსუალური კონტაქტი არ ჰქონიათ. დაცვის მხარის ვერსიით, ნინის გორში მცხოვრები ბიჭი უყვარდა, მაგრამ ამ დროს ნათესავისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ნიკას მხოლოდ შველას სთხოვდა.

ნიკა ტაკიძეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, რასაც მოსამართლემ განაჩენში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

„თავად ბრალდებულმა ნ— ტ—-ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. ამასთან, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მას არ გამოუთქვამს ოდნავი სინანულიც კი 14 წლის გოგონას გარდაცვალების გამო, რომელთანაც, დაცვის მხარის მტკიცებით, გულწრფელი მეგობრობა და ახლო ურთიერთობა აკავშირებდა,“ – წერს მოსამართლე.

მოსამართლემ შენიშნა კიდევ ერთი გარემოება – რატომ უნდა მიეცა პოლიციაში ჩვენება ნინის ნიკას წინააღმდეგ, თუკი ის მას მეგობრულად ეხმარებოდა? მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნინის არ უთქვამს, რომ მას სექსი აიძულეს.

„დაცვის მხარის ვერსიის გაზიარების შემთხვევაში ცალსახაა, რომ ბრალდებული ნიკა ნინისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანთა რიცხვში ეწერა, რომელსაც პრობლემების დროს პირველს ეხმიანებოდა და დახმარებას სთხოვდა. ჰქონდა მისი იმედი და არც თუ უსაფუძვლოდ, პირველივე ზარისას ახალგაზრდა მამაკაცი მზად იყო დახმარების ხელი გაეწვდინა და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებებშიც აესახა დახმარების მზაობა.

დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებების თანახმად, 2020 წლის 8 დეკემბერს სწორედ ნინიმ დაურეკა პირველმა ნიკას, შეხვედრა სთხოვა და შეხვედრისას საკუთარი პრობლემების გამხელის შემდეგ გორში შეყვარებულთან წაყვანა სთხოვა. ნიკაც მზად იყო დახმარებოდა გოგონას, აპირებდა მისი თხოვნის შესრულებასაც, მაგრამ  მხოლოდ ე.წ. “კომენდანტის საათის” არსებობით გამოწვეულმა შეზღუდვებმა შეუშალა ხელი. ცხადია, ნიკას ამ მონდომებას კარგად ხედავდა და აფასებდა 14 წლის გოგონაც, რომელიც მხოლოდ მადლიერი უნდა ყოფილიყო მეგობრის, თუმცა, რატომღაც, ამის საპირისპიროდ, ნათესავებთან და შემდეგ პოლიციის თანამშრომლებთან საუბრისას ასეთ ახლობელ ადამიანს სრულიად უმიზეზოდ “დააბრალა” დანაშაულის ჩადენა და ამხილა ცოლად წაყვანის დაპირებით მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში. ამ მოკლე მიმოხილვითაც კარგად ჩანს დაცვის მხარის ვერსიის არადამაჯერებლობა,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ამ საქმეში პროკურორებმა წარმოადგინეს სატელეფონო ანძის ჩანაწერები, მათ შორის, სუს-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 8 დეკემბრის ღამით ნიკა ტაკიძე სოფელ ქაქუთში იყო, სოფელში, სადაც ნინი ცხოვრობდა.

დაცვის მხარე აპელირებდა ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომლის მიხედვითაც არ დასტურდებოდა ბრალდებულს და ნინის შორის სქესობრივი კავშირი, მოსამართლემ კი, ყურადღება გაამახვილა დასკვნის ამ ჩანაწერზე: „ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან გასულია ორ კვირაზე მეტი დრო“.

ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა ასევე ნინის სხეულზე დაზიანებები, თუმცა პოლიციელებისთვის ნინის უთქვამს, რომ მარჯვენა წინა მხარეს დაზიანება სახლში მიიღო კედელთან შემთხვევით შეჯახებისას, მარცხენა ბარძაყზე არსებული მოლურჯო ფერის დაზიანება კი სავარაუდოდ ნიკასთან მიიღო.

„ეს არ იყო ძალადობრივი ქმედება ნიკას მხრიდან. სქესობრივი კავშირი მოხდა ნებაყოფლობით, არანაირ იძულებას და ფიზიკურ ზემოქმედებას არ ჰქონია ადგილი,“ – უთქვამს ნინის გამომძიებლებისთვის.

ბრალდებულის მამის და მოწმეების მტკიცებით, ნინი ნიკას დახმარებას სთხოვდა, რადგან ოჯახის და ნათესავებისგან იყო ძალადობის მსხვერპლი. ამ მოტივით ხსნიდა დაცვის მხარე სატელეფონო კავშირს, რაც ცალსახად დასტურდება.

„ნიკა ჩემი შვილია, ის 8 დეკემბერს მთელი ღამე შინ არ ყოფილა, ვურეკავდი, მაგრამ დაკავებას აჩვენებდა,“ – სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულის მამამაც. – „ნიკა დილით დაბრუნდა და თქვა, რომ მის მეგობარს – ნინი ცეცხლაძეს, ოჯახში გაუსაძლისად ექცეოდნენ, გორში უნდოდა წასვლა შეყვარებულთან, ამიტომ დაურეკა და დახმარება სთხოვა. გოგოს უთქვამს, რომ სექსუალურად ძალადობდა მასზე ნათესავი მამაკაცი, ოჯახის წევრები კი ფიზიკურად ძალადობდნენ, ამიტომ უნდოდა გარიდებოდა მათ და შეყვარებულთან გორში წასულიყო. თურმე კომენდანტის საათის გამო გორში წასვლა ვერ შეძლეს და დილით გოგონა ისევ სახლში მიიყვანა…

ნიკამ გოგოს ტელეფონზე დაურეკა, ხმამაღლა საუბრის რეჟიმზე ჩართო, ის შველას ითხოვდა. ჩვენ დახმარების გეგმა შევადგინეთ, რომ ე.წ. შუამავლებს გავუგზავნიდი მის ბაბუას, რათა შეგვეთავაზებინა, თითქოსდა ნიკასთვის გოგონა სარძლოდ დანიშნა, წამოეყვანათ სახლში, შემდეგ უკვე ადვოკატი ჩაერთვებოდა საქმეში და ნინის დასახმარებლად პოლიციაში შეიტანდა განცხადებას,“ – აღნიშნა მოწმემ.

  • რა უთხრა ნინიმ გამომძიებლებს გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე? 

„ნიკა ფეისბუქში გავიცანი 2020 წლის ივნისში, შემდეგ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა,“ – უთქვამს ნინის გამომძიებლებისთვის ქობულეთის განყოფილებაში 2020 წლის 10 დეკემბერს. აქედან ზუსტად ორ თვეში იპოვეს 13 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი.

„შევხვდი თავის მანქანაში, ჩემს სოფელში მომაკითხა,“ – განაგრძო გოგომ. – „მითხრა, რომ შევუყვარდი და ჩემი ცოლად შერთვა სურდა. ნიკა 23 წლის იყო, მან ხელი მომხვია და ტუჩებში კოცნა დამიწყო, შემდეგ კი უკანა სავარძელზე გადავედით… მეც მიყვარდა ნიკა და დავთანხმდი.

ამ დღის შემდეგ ისევ ხშირად ვწერდით ერთმანეთს სოციალური ქსელით, მობილური ტელეფონითაც, თუმცა შემდეგ დაიკარგა, აღარ მწერდა, აღარც რეკავდა.

2020 წლის 8 დეკემბერს ნიკა ისევ გამოჩნდა. მითხრა, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდა და ამიტომ ვერ ახერხებდა ჩემთან შეხვედრას. ისევ მთხოვა შეხვედრა და ურთიერთობის გაგრძელება. 9 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, სახლთან ახლოს მომაკითხა თეთრი მიკროავტობუსით ისევ, გზად ტკბილეული იყიდა, ლუდიც დავლიე ერთი ჭიქა… ავტომანქანა გააჩერა ისეთ ადგილას, სადაც არ იყო მოსახლეობა…

სახლში როცა დავბრუნდი, იმ დღეს მოვატყუე ბაბუა, რომ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი თითქოს, თუმცა მერე ნიკამ დაპირება ისევ არ შეასრულა, აღარ გამოჩნდა, ვნერვიულობდი და ბიცოლას მოვუყევი ნიკას შესახებ,“ – თქვა 13 წლის ნინიმ.

„დაცვის მხარის ვერსია, რომლის თანახმად, ნ— ტ—-ის მშობლებმა 14 წლის ბავშვის რძლად წაყვანა ბაბუას მხოლოდ იმიტომ შესთავაზეს, რომ არა საკუთარი შვილის, არამედ ამ გოგონას ინტერესები დაეცვათ, მოძალადე ნათესავებისგან ასეთი უცნაური მეთოდით გამოეხსნათ და სხვა საშუალებით ნ—ს უფლებების დაცვის გზები არ არსებობდა – ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტეს სამართალდამცავების როლის შეთავსება და დანაშაულის გახსნის საკუთარ თავზე აღება რ——–- და ი-–- ტ—-ეებმა, რომლებსაც, მათივე მტკიცებით, არანაირი პირადი მოტივი ამ საქმეში არ ჰქონდათ, გარდა გოგონას უფლებების და ინტერესის დაცვისა. საგულისხმოა, რომ მათთვის უკვე იყო ცნობილი საქმეზე  გამოძიების მიმდინარეობის და ნ— ც-––––ის მიერ ჩვენების მიცემის, ანუ გოგონას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოს ჩართვის ფაქტი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

  • რაში დაეთანხმა მოსამართლე ბრალდებულის ადვოკატს? 

მოსამართლე დაეთანხმა ადვოკატს იმ ნაწილში, რომ ნინის გამოკითხვას არ ესწრებოდა კანონით გათვალისწინებული მეურვე, ანუ მისი უფროსი და, ასევე ფსიქოლოგი და გამოკითხვა არ ჩატარებულა ადაპტირებულ გარემოში.

„სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის ამ არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ 14 წლის მოზარდის გამოკითხვა, მით უფრო სექსუალური დანაშაულის საქმეებზე, რაც არათუ მოზარდისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანისთვისაც კი, სულ მცირე უხერხულობის შეგრძნებას შეიძლება იწვევდეს, ამ პროცესში არასრულწლოვნისთვის მეტი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გამოსახატად, არასრულწლოვნის მეტი გახსნილობის უზრუნველსაყოფად, სათანადო ცოდნის მქონე პირის მხრიდან გამოკითხვის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი საკითხის სწორად და არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებულად განხილვა-გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობა და ჩართულობა, რაც  ნ— ც-––––ის გამოკითხვისას გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ არ გააკეთა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ— ც-––––ის მოწმედ გამოკითხვის პროცესში არ იქნა დაცული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ყველა ნორმა, რომ არ მომხდარიყო არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაცია,“ – აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლე განაჩენში საუბრობს იმაზეც, რომ სტანდარტით გათვალისწინებული მტკიცებულებები ამ საქმეში არ არის, თუმცა სქესობრივი დანაშაული სხვა შემთხვევაა.

„ზოგადად, სქესობრივი დანაშაული არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით. დამნაშავე ცდილობს  მხოლოდ დაზარალებულთან პირისპირ ყოფნის პირობებში, უცხო თვალისგან მალულად, ადგილას, სადაც ვერავინ დაინახავს, მოიყვანოს სისრულეში მსგავსი დანაშაულის ჩადენის განზრახვა. ასე მოხდა განსახილველ შემთხვევაშიც. პირდაპირი მოწმეები, რომელთა თვალწინაც 2020 წლის 8-9 დეკემბრის ღამეს ნ— ტ—-ემ სქესობრივი კავშირი დაამყარა ნ— ც-––––ესთან, არ არსებობენ, თუმცა 14 წლის გოგონას ჩვენება, რომელიც მან გამოძიების ორგანოს მისცა და რომლითაც ამხილა ბრალდებული დანაშაულში, სხვა მტკიცებულებებთან ლოგიკურ თანხვედრაშია, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, რაც მისი გაზიარების წინაპირობებს ქმნის.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მიცემული და სასამართლო განხილვისას საჯაროდ წაკითხული ჩვენება, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, ნ— ც-––––ის ჩვენებაში აღწერილი გარემოებების გადამოწმება შესაძლებელია სასამართლოს წინაშე წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ გოგონას ჩვენებაში მითითებულ ფაქტებს,“ – აღნიშნულია განაჩენში „13 წლის ნინის საქმეზე“.

ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა

ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის მანამდე ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

32 წლის ირაკლი დგებუაძე ბათუმში სავარაუდოდ როტაციის პრინციპით ჩამოვიდა.

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში ოპოზიციონერები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები დააკავეს – ამ პროცესს სწორედ ირაკლი დგებუაძე ხელმძღვანელობდა.

ბათუმის პოლიციის უფროსი აქამდე ხვიჩა ქადაგიძე იყო. ქადაგიძე ამ პოსტზე გასულ წელს დაინიშნა.

იანვარში შეიცვალა აჭარის პოლიციის უფროსიც. ავთანდილ გალდავას ნაცვლად ახლა აჭარის პოლიციას გრიგოლ ბესელია ხელმძღვანელობს.

ბათუმში დაკავებული ექვსივე ოპოზიციონერი გაათავისუფლეს

დღეს, 19 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ექვსივე ოპოზიციონერი გაათავისუფლეს.

უმაღლესი საბჭოში ენმ-ს წევრი დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამშაბათს, 22 თებერვალს ჩაინიშნა.

4 მარტამდე გადადეს ბაჩი მექვაბიშვილის, ბონდო თედორაძის, გიგა ნაგერვაძის, ლაშა კილაბერიას და მამუკა ჯევაიშის სასამართლო პროცესები.

ექვსივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს დღეს დილით, სასტუმრო”ჰილტონის” წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

ჰილტონში პარტია “ქართული ოცნება” ქალთა ორგანიზაციას აარსებდა. ღონისძიებას ესწრებოდა მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე. აქციის მონაწილეები სწორედ მასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ირაკლი კობახიძე მათ არ შეხვდა. სასტუმროს წინ მშვიდობიანი მომიტინგეებიდან ექვსი პირი პოლიციამ დააკავა.

“ვერ აიტანა კობახიძემ და რიჟვაძემ, რომ აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობის დროულად გამოძიებას.

ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და ხალხს დალაპარაკებოდა. პოლიცია მიუქსიეს აქციის მონაწილეებს.

ირაკლი დგებუაძე დაუნიშნავთ ბათუმის პოლიციის უფროსად. გრიგოლ ბესელიას, აჭარის პოლიციის ახალ უფროსს თავისი გუნდი შემოჰყავს, როგორც ჩანს.

ეს დგებუაძე არ იყო ფორმაში. როდესაც ვკითხე ვინ იყო, მითხრა, რომ პოლიციის ოფიცერია.

არანაირი ნიშანი არ ჰქონდა, “ტიტუშკას” ჰგავდა, როგორ უნდა ეცნო აქციის მონაწილეებს, რომ პოლიციელი იყო?

მე ვუთხარი, თუ პოლიციის ოფიცერი ხარ, ზონდერივით რატომ იქცევი, ამით ღალატობ და პატივს არ სცემ იმ წოდებას და მუნდირს, რომელიც გაქვს-მეთქი. ეს რომ ვუთხარი გასცა ბრძანება “დააკავეთო”.

დაკავების პროცესში ვითხოვდი განემარტათ რატომ მაკავებდნენ, მაგრამ არ განუმარტავთ”, – უთხრა”ბათუმელებს” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ენმ-იდან ელგუჯა ბაგრატიონმა.

___

ამავე თემაზე:

„რატომ მომიკალით ძმა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა

რომელმა ქვეყნებმა (არ)შეუმსუბუქეს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის წესები

ევროპის რიგმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქეს.

2022 წლის 4 თებერვლიდან საფრანგეთში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში ქვეყანაში თავისუფლად შევიდნენ.

„პირი ვაქცინირებულად ითვლება, თუკი Pfizer, Moderna, AstraZeneca – მეორე დოზიდან გასულია 7 დღე, ხოლო ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა. პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების ორი დოზით, მიიღეს ასევე Pfizer ან Moderna ერთი დოზა და გასულია 7 დღე.

საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. ბუსტერის ქონა, თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 9 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისთვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის ბუსტერ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

7 თებერვლიდან თავისუფლად შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შესვლას საბერძნეთშიც.

იმისათვის, რომ საბერძნეთში შევიდეს ქართული პასპორტის მქონე პირი, უნდა იყოს ვაქცინირებული გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობდეს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ვალიდურად ითვლება, ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.

საბერძნეთში შესვლა შეუძლია ასევე მას, ვინც გადაიტანა კორონავირუსი და წარადგენს ამის დამადასტურებელ საბუთს (ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით).

ასევე შესაძლებელია PCR ტესტის ან ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონეთათვის. დოკუმენტი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს გაცემული.

იტალია

საქართველო წითელ ზონაში რჩება იტალიისათვის.

2020 წლის აპრილიდან, როდესაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო იტალიამ საზღვრები ჩაკეტა, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ტურისტულად აღარ დაიშვებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველო იმყოფება E კატეგორიის სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან იტალიაში მიმავალი მგზავრი, დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ვერ შევა იტალიის ტერიტორიაზე“.

დასაბუთებული მიზეზი შეიძლება იყოს სამუშაო, მკურნალობა, სწავლა, გადაუდებელი აუცილებლობა და სამშობლოში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება (თუ პირი იტალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონეა. მოგზაურობის მიზანი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

აჭარაში კორონავირუსის 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმალობაში აჭარაში კორონავირუსის 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკაშია 640 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 175, ბინაზე  კი – 9 979 ადამიანი მკურნალობს.

დღეს, 19 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 51 ადამიანი გარდაიცვალა.

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს გვთავაზობს

სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის ორდღიანი აქცია დაიწყო. 19 და 20 თებერვალს მომხმარებელი შეძლებს  სილქფესტით სასურველი პირობა გაიაქტიუროს და კოდით  *202# ჩაირთოს:

  • 30 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 15 ₾
  • 10 GB + ულიმიტო სასაუბრო  – 18 ₾

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

სილქფესტის აქციები განკუთვნილია, სილქნეტის ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და საუკეთესო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, მინიმალურ ფასად მაქსიმალურად მეტი სერვისი მიიღოს.

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავეს

პოლიციამ დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე, რომლის მიმდინარეობისას ოპოზიციის წევრები „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, დაკავებულები არიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ლაშა კილაბერია, ბაჩი მექვაბიშვილი, ბონდო თედორაძე, მამუკა ჯევაიში და გიგა ნაგერვაძე.

“ბათუმელებს” ენმ-ის წევრების დაკავება დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურის თქმით, 6 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

დღეს ბათუმში “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ღონისძიება სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართა. სასტუმროს წინ ოპოზიციის წევრები მივიდნენ და საპროტესტო პლაკატები გაშალეთ. მოგვიანებით, კი სასტუმროში შევიდნენ. ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე, რომლის ძმა, ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-იდან, გასულ წელს, არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა, ბათუმში ჩამოსულ „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდა შეხვედრას.  ირაკლი კობახიძე მას არ შეხვდა.

„რატომ მომიკალით ძმა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე, რომლის ძმა, ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-იდან, გასულ წელს, არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა, ბათუმში ჩამოსულ „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდა შეხვედრას.

ნაზი ფუტკარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციის სხვა წევრებიც. ისინი შეხვედრას ითხოვდნენ ირაკლი კობახიძესთან და აკაკუნებდნენ სასტუმრო „ჰილტონის“ იმ დარბაზის კარებზე, სადაც შეხვედრა იმართებოდა.

„რატომ მოკლეს ნუგზარი, რატომ არ იძიებენ?! მხეცებო!

კობახიძე, გამოდი გარეთ! ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე გამოდით გარეთ! მკვლელობა! არ გაპატიებთ ნუგზარის მკვლელობას!“ – განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა გარეთ ოპოზიციის წევრები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით დაკავებულია ოპოზიციის 6 წევრი. „ბათუმელები“ ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.

„ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე დღეს ბათუმში პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხზე ჩამოვიდა. ოპოზიცია მას აქციით დახვდა.

ოპოზიციის აქცია

ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 ნოემბერს აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

 

რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში

გაფრთხილება: სტატია შეიცავს ინფორმაცის მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. 

მხოლოდ გასულ წელს ბათუმში მოსამართლეებმა პედოფილიის 6 საქმე განიხილეს. სისხლის სამართლის 6 საქმე 7 მოზარდს ეხება, მათ შორის ერთ გოგოს, რომელზეც 7 წლის ასაკიდან ძალადობდა საკუთარი ბიძია.

ეს შემთხვევები სასამართლოში დახურულ კარს მიღმა განიხილება. „ბათუმელებმა“ საქმეები პერსონალური ინფორმაციის დაცვით გამოითხოვა.

პედოფილიის საქმის მასალებიდან ამ დანაშაულის შესახებ ბევრი რამ ჩანს: როგორ ახერხებს პედოფილი ბავშვთან დაახლოებას, რა მეთოდს იყენებს ის, როგორ იცვლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების ქცევა ამ დროს და ვის უყვებიან ისინი მომხდარის შესახებ.

განაჩენებიდან კარგად ჩანს ისიც, რომ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობის შემთხვევები ხშირად შეუმჩნეველი რჩება და მშობლებიც კი, წლობით დუმილს ამჯობინებენ.

  • 15 წლის ბიჭს სექსუალური ძალადობის დროს ვიდეო გადაუღეს და ტელეფონი წაართვეს 

„…ის ძალიან შეშინებული იყო, ითხოვდა კარების ჩაკეტვას. არადა, ზოგადად, დღისით არ ვკეტავდით სახლის კარს. ამ ფაქტის შემდეგ ითხოვდა კარის ჩაკეტვას, ჩვენ აღარ გველაპარაკებოდა,“ – ასე დაიწყო 15 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ამბის მოყოლა მოსამართლესთან დედამ. მან პედოფილიის საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცა სასამართლოს.

„ძალიან შეიცვალა. მანამდე ხშირად ჩადიოდა ეზოში, დადიოდა სკოლაში, თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ იმ დღის მერე ჩაიკეტა, გულჩათხრობილი გახდა ძალიან,“ – აღნიშნა მოზარდის დედამ.

სექსუალური ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ უბანში გასულ წელს მოხდა, 15 წლის ნიკას [სტატიაში სახელები შეცვლილია] და 32 წლის გიორგის ერთმანეთი ფეისბუქში გაუცნიათ.

„…მწერდა ამას და ამას თუ იცნობ შენს უბანშიო, შენთან ახლოს ჩემი ნათესავი ცხოვრობს, გამოვალ და გაგაცნობო. უარი არ მითქვამს,“ – უთხრა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს მოზარდმა. ფეისბუქში გასაუბრებიდან მეორე დღეს ის თავის ორ მეგობართან ერთად შეხვდა მოზარდს, რომელიც მის ქუჩაზე, დათქმულ ადგილას, დათქმულ დროს გამოჩნდა.

„ერთად წავედით იმ კორპუსისკენ, სადაც მისი ნათესავი ცხოვრობს. მერე მითხრა, რომ ჩემს მეგობრებს დავეტოვებინე და მათ მალე დავუბრუნდებოდი… მარტო ჩვენ ორი წავედით. მითხრა, მორცხვი ხარ, ბევრს არ ლაპარაკობო… მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს ბოსტნებია, იქ ჩავიარეთ, უკანა მხარეს გავედით და მინდორთან შევჩერდით.

მითხრა, მოდი, ვიჭიდაოთო, დავიწყეთ ჭიდაობა, მაგრამ ის ჩემზე უფროსია, ძლიერი, მარტივად მომერია, დამაწვინა და მითხრა, წაგებული ხარო. წამოდგომის დროს მან ჩემი მობილური ტელეფონი აიღო ხელში და მითხრა, პაროლი მითხარი, ჩემი დანარეკი შენთან მინდა წავშალოო.

მერე აღარ მიბრუნებდა ტელეფონს. მითხრა, რომ თუკი „ვეზასავებოდი“, მაშინ დამიბრუნებდა. უარი ვუთხარი, მან შარვლის უკანა ჯიბიდან დანა ამოიღო…“, – განაგრძო მოზარდმა.

15 წლის ნიკას ჩვენების მიხედვით, მოძალადემ ძალადობა მობილური ტელეფონით გადაიღო, შემდეგ კი, გადაღებული ვიდეო ტელეფონში აჩვენა და უთხრა, რომ თუკი ამ ამბის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, ვიდეო ფეისბუქში გავრცელდებოდა.

„ვიდრე დავშორდებოდით, დამიძახა, სახლში თქვი, რომ მობილური დაკარგე, ხო გაიგეო… ჩემს სახლთან ჩემი მეგობრები იდგნენ, მკითხეს, სად იყავიო, მაგრამ მათთვის არ მიპასუხია. სახლში დედამ დამიწყო კითხვა, რატომ ვიყავი დასვრილი შარვალზე, ან ტელეფონს რატომ არ ვპასუხობდი, მაგრამ არ მითქვამს არაფერი…“ – დაასრულა თხრობა მოზარდმა.

„ნიკა იმ უცნობ კაცს გაჰყვა ვიღაცის გასაცნობად, მე ვიყავი იქ,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულად ცნობილი მოზარდის მეგობარმა, – „როცა მოდიოდა, სახეზე ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო და ძალიან განერვიულებული… ძმაკაცმა ჰკითხა, რატომ დააგვიანა მისვლა, ის აჩქარებული ნაბიჯით წავიდა თავისი სახლისკენ. მხოლოდ ეს გვითხრა: მერე მოგიყვებითო,“ – თქვა მოწმემ.

„…ძლივს მითხრა, ტელეფონი დავკარგეო, სტადიონთან დავკარგეო, ისე თქვა, მაშინვე მივხვდი სიმართლეს რომ მალავდა. მე ვთხოვდი სიმართლის თქმას,“ – ჩვენების მიცემა განაგრძო მოზარდის დედამ და გაიხსენა, რომ შემდეგ შვილი მოუყვა, მობილური ტელეფონი ვიღაც კაცმა ძალით როგორ წაართვა.

„სექსუალურ ძალადობაზე არაფერი უთქვამს ჩემთვის. ამაზე ფსიქოლოგმა მითხრა შემდეგ, მასთან უთქვამს ეს,“ – თქვა დედამ.

მოსამართლეს მოზარდის მამამ უთხრა, რომ ნიკას სექსუალური ძალადობის შესახებ იმავე საღამოს მეზობლად მცხოვრები ბიძისთვის მოუყოლია, მშობლებმა კი მაშინვე პოლიციაში დარეკეს.

„ის ამბობდა, არ დარეკოთ პოლიციაში, ერთი დღე მოიცადეთო…

მე ამ შემთხვევის შემდეგ ბავშვთან ურთიერთობა აღარც მაქვს, ნიკას ძალიან ერიდება კონტაქტის, ჩაკეტილი გახდა, როგორც მამას შვილთან, ეს ურთიერთობა აღარ მაქვს, მე დავკარგე შვილი,“ – უთხრა მოსამართლეს მოზარდის მამამ.

ამ საქმეშია ფსიქოლოგის დასკვნაც, რომელიც მოზარდს გაესაუბრა. ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ მოზარდი ტრავმირებულია.

„…გამოკითხვის დროს ეტყობოდა სირცხვილის განცდა, ღელავდა, შფოთავდა, აწვალებდა ხელებს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ტრავმა გადაიტანა და იყო განცდებში,“ – უთხრა ფსიქოლოგმა მოსამართლეს. – „ჩვენ რეაბილიტაციის და პრევენციის მიზნით შევთავაზეთ ფსიქოლოგიური დახმარება, დამთანხმდა ამაზე, თუმცა ერთი ვიზიტის მერე მითხრა, რომ ეს აღარ სურდა. თქვა, რომ ამ ფაქტის გახსენება აღარ სურდა და ჩემი გამოჩენა ახსენებდა ამას… საგრძნობია, მან გადაიტანა ტრავმა“.

პოლიციელებს იმავე დღეს გაუჩხრეკიათ ბრალდებულის სახლი, თუმცა იქ მოზარდის ტელეფონი ვერ იპოვეს.

რამდენიმე დღეში პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულის მამა მივიდა მოზარდის მობილურით.

„ჩხრეკის დროს ჩემი შვილი სახლში არ იყო,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულის მამამ, – „ჩხრეკის მერე დავურეკე ჩემს შვილს, მითხრა, რომ ტელეფონი არ წაურთმევია, უბრალოდ გამოვართვი სამი დღით და ვაბრუნებო“.

პოლიციელებს მოზარდის მობილურში ვიდეოფაილები წაშლილი დახვდათ.

„კი, ფეისბუქით გავიცანით…. შევხვდი, რომ ჩემი ახლობელი გამეცნო…. პატარა მინდორში ჩვენ მხოლოდ ვიჭიდავეთ 10 – 15 წუთი, შემდეგ მობილური ტელეფონი ვითხოვე მისგან…“ – აღნიშნა ჩვენების მიცემის დროს ბრალდებულმა და კატეგორიულად გამორიცხა, მოზარდზე სექსუალური ძალადობა, ასევე ძარცვა.

საინტერესო ერთი დეტალი აღმოჩნდა – პროკურორს ბრალდებულისთვის უკითხავს: „აჩვენეთ თუ არა სხეულის სხვადასხვა ადგილზე მოხატული ტატუ?“

„ტატუ მაქვს, მაგრამ მე ის ნიკასთვის არ მიჩვენებია,“ – თქვა ბრალდებულმა.

მოზარდმა კი ზუსტად დაასახელა, სად აქვს სხეულზე მოძალადეს ტატუ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ იყო და პოლიციელებმა ვერც ვიდეოფაილი იპოვეს მოზარდის ტელეფონში, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო. მისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ბრალდებულის მოყოლილი ამბავი, ხოლო მოზარდის ჩვენება სხვა მოწმეების ჩვენებებს დაემთხვა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება მოგონილია მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით,“ – ჩაუწერია განაჩენში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს.

28 წლის გიორგის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

  • ბიძა ძმისშვილებზე 10 წელი სექსუალურად ძალადობდა 

კიდევ ერთი პედოფილიის საქმის მასალიდან ჩანს, რომ ორ დაზე ბიძა 10 წელი ძალადობდა, ვიდრე 14 წლის გოგომ დეიდას არ უთხრა ამის შესახებ. დეიდას პოლიციაში დაურეკავს. ძმისშვილები და მოძალადე ერთად ცხოვრობდნენ.

„ჩემი დის ოჯახი ხელმოკლეა, სოციალურად დაუცველი… იმ დღეს შევიარე და ჩემმა უმცროსმა დისშვილმა მითხრა, რომ ბიძია წლებია ძალადობს… შეშინებული იყვნენ გოგონები. თურმე ეუბნებოდა, ციხიდან რომ გამოვალ, ყველას დაგხოცავთო,“ – უთხრა მოწმის სახით დაბარებულმა მოზარდების დეიდამ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს.

სასამართლო განხილვის დროს ერთი მოზარდი 17 წლის იყო უკვე, უმცროსი – 14 წლის.

„ბიძია უკვე 5 წელია ცუდ საქმეს აკეთებს ჩემთან, მეხება და მაიძულებს მეც“, – უთხრა მოსამართლეს 14 წლის გოგომ და ხაზი გაუსვა, თავიდან არც კი ვიცოდი, თუ ჩემი უფროსი დაც იმავე მდგომარეობაში იყოო.

„2018 წელს, როცა უფროსები სახლში არ იყვნენ, მე და ჩემი და ერთად ვიყავით, ის მოვიდა და მოგვთხოვა… გვემუქრებოდა, ვინმეს თუ ეტყვით, დაგხოცავთ ყველასო.

ჩემს უფროს დას გონებრივი ჩამორჩენა აქვს. თურმე მანამდე ყოველ ღამით აყენებდა საწოლიდან და თითქოს ტელევიზორის საყურებლად მიჰყავდა მასთან.

ერთხელ ოთახში მოულოდნელად შევედი და დავინახე ერთად იყვნენ… მე ვიყვირე. ოთახში ბებიაც შემოვიდა. ბიძიამ თავი იმართლა, მობილურ ტელეფონს ვართმევდი უბრალოდო. ბებიამ არ დაიჯერა მისი ნათქვამი, მაგრამ დედამ უფრო ბიძიას დაუჯერა.

შემდეგ ბებია სულ გვაფრთხილებდა, ბიძიას მოერიდეთო და მარტო სახლში აღარ გვტოვებდა. შემდეგ გადავწყვიტე დეიდასთვის მეთქვა ეს ყველაფერი,“ – უთხრა მოსამართლეს მოზარდმა.

„უკვე 17 წლის ვარ, 9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში აღარ მივლია. პირველად 7 წლის ვიყავი, როცა მან პირველად გამიყვანა მასთან, კინოს ვუყუროთ ერთადო,“ – უფროსმა დამაც მისცა ჩვენება მოსამართლეს. ის დეტალურად მოუყვა მოსამართლეს 10 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, როგორ ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი.

„მემუქრებოდა. აღარ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა, მას შოკოლადიც მოჰქონდა ჩემთვის,“ – თქვა მოზარდმა.

„მე ვარ ამ გოგოების დედა,“ – მიმართა მოსამართლეს მ.კ.-მ და აღწერა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახში დედამთილთან და მაზლთან ერთად ცხოვრობს.

„ჩემი ქმარი ხელოსანია, სახლიდან თითქმის სულ გასულია. ოჯახის უფროსობა და ფინანსების განკარგვა ჩემს მაზლს აქვს თავზე აღებული. ის საკმაოდ ცუდი ხასიათისაა, ხშირად ჩხუბობს, ეჩხუბება ჩემს გოგონებსაც, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა…“ – თქვა ქალმა და შემდეგ ორი წლის წინანდელი ამბავიც გაიხსენა, როცა სექსუალური ძალადობას ჯერ უმცროსი გოგო და ბებია შეესწრნენ.

„ყვირილი შემომესმა, გავედი და დავინახე, ჩემი დედამთილი თავის შვილს ეკამათებოდა… ჩემი მაზლი ლოგინზე იყო წამომჯდარი და შარვლის ღილს იკრავდა. დედამთილი ეუბნებოდა, ეს რომ გაიგოს, გიჩივლებსო… ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. ჩემმა მაზლმა მითხრა, რომ ტელეფონს ართმევდა ჩემს გოგოს. დედამთილი მეუბნებოდა არ დაუჯერო, ცუდ რამეებს აკეთებდაო.

მან ყვირილი დაიწყო მოულოდნელად. მითხრა, თუ არ დამიჯერებ და პოლიციაში მიჩივლებ, გაჩვენებ, რაც დაგემართებაო.

შემეშინდა და გავჩუმდი.

მანამდეც ბევრჯერ გაუყვანია ჩემი გოგო საძინებლიდან ჩემს მაზლს, ყავა დავლიოთ და ინდურ ფილმებს ვუყუროთ ერთადო. ერთხელ გავაკითხე შვილს და მიყვირა, რატომ დაგვდევ უკანოო. ახლა ვხვდები, რატომაც გაჰყავდა.

ვნანობ, რომ არ მივმართე აქამდე პოლიციას,“ – დაასრულა ჩვენების მიცემა მოზარდების დედამ.

„ყველა ეს ბრალდება მოგონილია. ეს ტყუილები გოგოების დეიდამ მოიგონა და ბავშვებს აბსურდს ალაპარაკებს, ის ყოფს ცხვირს ოჯახის საქმეებში,“ – მოკლე პასუხით შემოიფარგლა სასამართლო პროცესზე ბრალდებული.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულ კაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განაჩენში კი ეს ჩაწერა:

„…ასეთ პიროვნებასთან ერთად მცხოვრები გოგონები, რომლებიც მცირეწლოვნებიდან იყვნენ ბიძის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლები, რა გასაკვირია, რომ მოქცეულიყვნენ მისი მუქარის გავლენის ქვეშ და წლების განმავლობაში სხვებისგან დაემალათ მათ მიმართ მიმდინარე გარყვნილი ქმედებები“.

________________________

პედოფილიის სხვა საქმეზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მიუღია, თუმცა საინტერესოა რამდენიმე ტენდენცია:

  • სექსუალურ ძალადობის საქმეებს შორის არის „ნაადრევი ქორწინების“ საქმეც. ასეთი სულ ერთი შემთხვევაა და როგორც წინა წლებში, ამჯერადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმებულა პროკურორს და ბრალდებულს შორის, მოსამართლესაც პირობითად ჩაუთვლია 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • საგულისხმოა საპროცესო შეთანხმების ფაქტორი – პედოფილიისთვის ორი სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად ისჯება იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე პროკურორთან საპროცესო შეთანხმებას მოახერხებს. მაგალითად, 2021 წელს სექსუალური ძალადობის საქმეებს შორისაა ორი განაჩენი, რომლებიც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ერთ შემთხვევაში მოძალადე 6 წლით გაუშვეს ციხეში, მეორე შემთხვევაში კი, მსჯავრდებულს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდეს.  პირველ შემთხვევაში ბრალდებულს ედავებოდნენ გარყვნილი ქმედების [141-ე მუხლი] ჩადენას – ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოსთან ახლოს მდებარე მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე 14 წლის გოგოსთან. ამ საქმეზე პრეიუდიცია დადგა, ანუ ბრალდებულმა სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე სრულად დაადასტურა პროკურატურის ვერსია. შესაბამისად, უცნობი დარჩა დაზარალებულის ან მოწმეების პოზიციები. ამ საქმეზე ბრალდებულს მოსამართლემ  8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საიდანაც 6 წელი რეალური სასჯელია, ორი წელი კი, მსჯავრდებულს პირობითად ჩაუთვალეს. მეორე საქმეზე კი, სადაც ბრალდებულს ედავებოდნენ სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს: „სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“ და ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მსჯავრდებულს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდეს – 150 საათით. უცნობია, რის გამო გაუფორმა მას საპროცესო შეთანხმება პროკურორმა.
  • სექსუალური ძალადობის კიდევ ერთ შემთხვევაში მსჯავრდებულიც არასრულწლოვანია – 17 წლის ბიჭმა ლიფტში სცადა გოგოს გაუპატიურება. მოზარდი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად გაასამართლეს და მას მხოლოდ 3 წლით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით ჩაუთვალეს გამოსაცდელი ვადით.

ამ თემაზე:

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

 

 

„პიერ ბათუმის“ პირსს ჯერ არ ანგრევენ

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის სანაპიროზე  „პიერ ბათუმის“ პირსს არ დაანგრევენ. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ მხოლოდ პირსის მიმდებარედ არსებული შენობებისა და კონსტრუქციების დემონტაჟზე მიიღო გადაწყვეტილება [მერიის გადაწყვეტილებებს კომპანია სასამართლოში ასაჩივრებდა].

პირსთან დაკავშირებით კი დავა გრძელდება.

35 მეტრი სიგრძის პირსი ბათუმის პლაჟზე შპს BATTUN-მა 2011 წელს უკანონოდ ააშენა, კომპანიას არც პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მოუმზადებია.

პირსის შენობის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს BATTUN-ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო.

შპს BATTUN-მა მერიასთან დადებული პირობა შეასრულა, თუმცა კომპანიამ პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან, 35 მეტრი სიგრძის პირსის შენობა ისე ააშენა, რომ არც სამშენებლო ნებართვა ჰქონია და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „PIER BATUMI“ გახსნა. სახელშეკრულებო პირობა კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

გასართობი კომპლექსი ღია და დახურულ რესტორანს, ორ მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტსა და ჩილიმ ბარს აერთიანებდა. ამ შენობების დემონტაჟი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს დაიწყო.

2013 წლის ნოემბერში კომპანია პირსის უკანონო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს და ნებართვის მისაღებად სამთვიანი ვადა მისცეს. სამი თვის შემდეგ კი კომპანიას კანონმდებლობის შესაბამისად გაორმაგებული ჯარიმა 9 000 ლარი გადაახდევინეს. ამის შემდეგ კი საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყო.

300 ლარს მინისტრები 1 ნივთში იხდიან, ჩვენ თვეში ვიკმაროთ? – სოციალურად დაუცველები დასაქმების პროგრამაზე

საქართველოს მთავრობა პირველი მარტიდან ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს  ღარიბი ოჯახების გაძლიერებას, რის შემდეგაც მინიმუმ 4 წელში მათ სახელმწიფო შემწეობა აღარ უნდა დასჭირდეთ. რამდენად რეალურია მთავრობის პროგნოზი და რას ფიქრობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები ამ ინიციატივაზე? „ბათუმელები“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ესაუბრა.

ინგა შერვაშიძე ოთხი შვილის დედაა. ოჯახის საარსებო შემწეობა 500 ლარია. აქედან 350 ლარს ოჯახი ბინის ქირაში იხდის.

„იყო შემთხვევები, როცა ესეც ვერ გადავიხადეთ და რამდენჯერმე მოგვიწია ბინის შეცვლა. ბინაში ცუდი პირობებია, რადგან ამ ფასად უკეთესს ვერ იქირავებ.

მეუღლეც ცდილობს იმუშაოს და თვეში სადღაც 300 ლარი გამოსდის. თუმცა ექვსსულიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის.

სამუშაო როგორ არ მინდა, მეც ვიმუშავებდი, ბავშვების დამტოვებელი რომ მყავდეს ვინმე. ადრე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რომ დავრეგისტრირდი, მქონდა შემოთავაზება სადარბაზოების დალაგებაზე, სანდასუფთავებაში, მაგრამ ბავშვების გამო არც ეს გამოვიდა. ერთი ბავშვი რომ სკოლაში მიდის, მეორე მოდის. ისეთ სამუშაოს არავინ შემომთავაზებს, ძიძა რომ ავიყვანო“, – გვეუბნება ინგა.

ინგას თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახი ოთხ წელიწადში რომ გაძლიერდეს, სულ ცოტა 2 ათასი ლარი მაინც უნდა ჰქონდეს შემოსავალი. „კომუნალური გადასახადები გაძვირდა, სურსათი გაძვირდა, ბინა არ გვაქვს. 300-ლარიანი სამუშაო როგორ გაგვაძლიერებს?“ – ამბობს ის.

გია გუნდაძის ოჯახსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. გიას უმაღლესი განათლება აქვს, მშენებელია. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად საკუთარი პროფესიით ვერ დასაქმდა.

„ვერ ვახერხებ სამუშაოს დაწყებას, რადგან ყველგან ნაცნობობაა ან გამოცდილებას ითხოვენ. თუ ვერ ვიმუშავე, როგორ მივიღო გამოცდილება?

სოციალური შემწეობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახი შეინახო. ამიტომ ვცდილობ რაღაც ვაკეთო, ერთჯერადად რაც გამოჩნდება“, – ამბობს გია გუნდაძე.

მისი თქმით, საკუთარი პროფესიით დასაქმება კარგი იქნება, მაგრამ თუ ოჯახის შემოსავალი 1000 ლარი მაინც არ იქნება, ოჯახი სიღარიბეს თავს ვერ დააღწევს.

„თუ ათასლარიან სამუშაოს შემომთავაზებენ, კი ბატონო, მაგრამ არა მგონია ეს ანაზღაურება ვინმემ შემოგვთავაზოს. ამაზე ნაკლებს კი ისედაც ვშოულობ და საკმარისი არ არის. როგორ გაძლიერდება ოჯახი, როცა ყველაფერი ძვირდება“, – ამბობს გია.

კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე, მარტოხელა დედა კი დასაქმებულია, თუმცა ანაზღაურება ოჯახურ პრობლემებს ვერ უგვარებს.

„მიმტანად ვმუშაობ რესტორანში. ზოგჯერ ეს სამუშაოც არ არის. თვეში 300 ლარამდე გამომდის, სოციალური შემწეობა 380 ლარია, აქედან 350 ლარს ბინის ქირაში ვიხდი. ერთ ოთახს ვქირაობ, საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია.

ამ თვეში შუქში 32 ლარი გადავიხადე, გაზში – 75 ლარი. ამას სხვა გადასახადებიც ემატება. ბავშვს ფეხსაცმელი ხომ უნდა უყიდო,  სკოლაში რომ წავიდეს?

ჩვენ ისედაც ვერ ვკვებავთ შვილებს სათანადოდ. ძალიან ჭკვიანი, გონიერი შვილი მყავს, თუმცა მეხსიერების შეზღუდვა დაეწყო. ვერ იღებს საკმარის ხილს, ბოსტნეულს. ვაშლი და ბროწეული როდის ვიყიდეთ არ მახსოვს“, – ამბობს ნათია.

მისი თქმით, დღეს არსებული ინფლაციიდან და მაღალი ფასებიდან გამომდინარე, ბავშვიან ოჯახს მინიმუმ 600 ლარი მარტო კვებაში სჭირდება. თუ ქირით ცხოვრობ, ეს კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას.

„300 ლარს მინისტრები და მთავრობის წევრები ერთ ნივთში იხდიან და ჩვენ თვეში უნდა ვიკმაროთ? არარეალურია. ეს პროგრამა გამოვა, იქნება 4 წელი, შემდეგ მთავრობა გვეტყვის, რომ დასაქმებულები ვართ და შემწეობას შეგვიწყვეტენ. აი, მაშინ ნამდვილად მიიღებენ უკმაყოფილებას“, – ამბობს ნათია.

„ბათუმელებს“ ამ თემაზე სოციალურ ქსელში ათობით ადამიანი გამოეხმაურა. მათი უმრავლესობა ქალია, დიდი ნაწილი კი მრავალშვილიანი ან მარტოხელა დედაა. უმრავლესობას არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი და სოციალურ შემწეობას, ფაქტობრივად, ბინის ქირაში ხარჯავს. მარტოხელა დედების უმრავლესობა ვერც ძიძას ქირაობს. შესაბამისად, ესეც უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზია.

მათგან ერთ-ერთი, ნინო ჩიტიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ოჯახის შემოსავალი 1000-1500 ლარი იქნება, მაშინ შესაძლებელია ოჯახი გაძლიერდეს. სხვა შემთხვევაში, ძალიან გაუჭირდებათ.

მაია ხვედელიძე კი ამბობს, რომ 4 შვილის დედაა და მეხუთეს ელოდება, საკუთარი საცხოვრებელი კი არ აქვს.

„ზარმაცები არ ვართ, მეუღლე მუშაობს, თუკი რაიმე სამუშაო გამოჩნდება, მაგრამ ძალიან რთულია საცხოვრებლის გარეშე, სახლი რომ გვქონდეს, ეს გვინდა“, – ამბობს მაია.

მაია გაბაიძეც მიიჩნევს, რომ 400-ლარიანი ხელფასით ოჯახი სიღარიბეს ვერ გაუმკლავდება. „ვერანაირად ვერ დააღწევ თავს. 800 ლარიც რომ ჰქონდეს შემოსავალი, ხუთსულიანი ოჯახი ამით თავს ვერ გაიტანს, მაშინ როცა გადასახადები გაორმაგდა, ფასები პროდუქტებზე ყოველდღიურად იზრდება, სახლში კი სამი მცირეწლოვანი ბავშვია“, – ამბობს ის.

ცირა ბენიძის თქმით კი, მაგალითად, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა იმ შემთხვევაში შეძლებს მუშაობას, თუ მთავრობა მათზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს. „ადრე მახსოვს, დედაჩემი სახლში მუშაობდა და არც ბავშვების მიტოვება უწევდა. 5 შვილი ვყავდით და თავისუფალ დროს ვეხმარებოდით კიდევ სამუშაოს შესრულებაში. თუ იქნება მსგავსი რამ, შინიდან შრომა რომ შეძლონ ქალებმა, ეს მათ დაეხმარება“, – ამბობს ცირა.

ცალკე საკითხია სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, ვისაც ოჯახში შშმ წევრი ჰყავს და ზოგ შემთხვევაში მას მუდმივი მზრუნველობა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ზრდასრული ოჯახის წევრები სამუშაოზე ვერ გადიან. შესაბამისად მათ სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანია და სახელმწიფო დასაქმების პროგრამამ მათ დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი.  პროგრამის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, როგორც მთავრობაში ამბობენ, ვაკანსიები პირველი მარტიდან გახდება ცნობილი.

მურთაზ დევაძე საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ბრძანებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მურთაზ დევაძე დანიშნეს.

მურთაზ დევაძე მანამდე აკადემიის რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება საზღვაო აკადემიის რექტორის პოსტზე, რომელიც 14 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური.

„დღეს დამეკისრა მხოლოდ საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულება. აღნიშნულ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებს საზღვაო განათლებას და კაპიტნის სტატუსს. ალბათ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეირჩა ჩემი კანდიდატურა. ვთვლი, რომ საპასუხისმგებლოა ეს პოზიცია, მაქსიმალურად შევეცდები თავი გავართვა დაკისრებულ ვალდებულებას აკადემიის გუნდთან და პროფესორ მასწავლებლებთან ერთად. რაც შეეხება რექტორად ჩემ დანიშვნას, ამ ეტაპზე არ მაქვს მსგავსი შემოთავაზება,” – უთხრა მურთაზ დევაძემ “ბათუმელებს”.

კაპიტანი მურთაზ დევაძე საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილედ გასული წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ის აკადემიაში მუშაობდა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის უფროსად. ასევე იყო ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელი.

მურთაზ დევაძის სახელი იძებნება “ქართული ოცნების” შემწირველთა სიაში. 2019 წლის დეკემბერში მან მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა, 2020 წლის აგვისტოში კი  – 45 ათასი ლარი.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აქვს წილები საზღვაო სფეროსთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიაში.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ,  თანამდებობა 11 თებერვალს დატოვა. მან თქვა, რომ „ძალიან დიდი ხანია, რაც რექტორია, ფიქრობს, რომ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა და ძალიან დაიღალა“.

160 კაცი მყავდა დასაქმებული, ჩივილს ვაპირებ – ბულვარში დანგრეული შენობების მოიჯარე

მოიჯარე, რომელსაც ბათუმის ბულვარში, პლაჟის მიმდებარედ „პიერ ბათუმის“ შენობები ჰქონდა დაქირავებული, ამბობს, რომ აპირებს უჩივლოს მუნიციპალურ ინსპექციას იმ ზარალისთვის, რაც მას დღეს, 18 თებერვალს, „პიერ ბათუმის“ შენობების დემონტაჟისას მიადგა.

შენობებიდან არ იყო გატანილი ინვენტარი. მოიჯარე ამბობს, რომ პირადად არ იყო გაფრთხილებული, თუმცა მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ მოიჯარე არაერთხელ გააფრთხილეს მანამდე და უშუალოდ დემონტაჟის წინაც.

მოიჯარე

„წარღვნა მომიწყვეს ამ დილიდან, რა პოზიციაზე გელაპარაკოთ. მოიჯარე ვარ და იჯარით მქონდა ეს ადგილი აღებული, 6 წელია 160 კაცი მუშაობს ჩემთან და 6 წელია 160 ოჯახია დაკმაყოფილებული.

მე პირადად არ ვიყავი გაფრთხილებული“ – უთხრა დღეს „ბათუმელებს“ მოიჯარემ, რომელიც დემონტაჟის პროცესში გამოჩნდა ბათუმის ბულვარში.

შენობების დემონტაჟი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

„პიერ ბათუმი“ წარმოადგენდა ბათუმის ცენტრალურ შესასვლელში აგებულ ერთსართულიან ნაგებობებს, სადაც მაღაზიები იყო განთავსებული.

„პიერ ბათუმი“ კომპანია შპს BATTUN-ის საკუთრებაშია. ამ კომპანიის მეწილეები თურქეთის მოქალაქეები, ოზჯან სუმერი და აჰმეთ დონგელი არიან, თუმცა შენობა 2016 წლიდან იჯარითაა გაცემული.

კომპანიამ 2010 წელს ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „პიერ ბათუმი“ გახსნა. ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

ბათუმის მერიის განცხადებით, „კომპანიის მიერ უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე. შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანიამ უარი განაცხადა განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი.

სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი“.

ბათუმის ბულვარში „პიერ ბათუმს“ ანგრევენ

დღეს, 18 თებერვალს, ბათუმის ბულვარში „პიერ ბათუმის“ დემონტაჟი დაიწყო. საუბარია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, პლაჟთან ახლოს მდებარე შენობა-ნაგებობებზე.

ადგილზე მუშაობს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, ასევე აღსრულების პოლიცია.

„პიერ ბათუმი“ წლების წინ ნებართვის გარეშე მოეწყო და მესაკუთრე ამის გამო არაერთხელ დააჯარიმეს. ჯარიმების მიუხედავად, „პიერ ბათუმი“ წლებია მუშაობას ბულვარში უპრობლემოდ განაგრძობდა. ეს ადგილი 2010 წელს თურქულ კომპანია „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.

ბათუმში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობაა, მათ შორის, „პიერ ბათუმთან“ ყველაზე ახლოს „ამბასადორის“ კორპუსია.

„რატომ ვერ ანგრევ ამბასადორს?“ – ჰკითხეს დღეს აქტივისტებმა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს, რაზეც მათ პასუხი არ გაუციათ.

აღსრულების ბიუროს ამ დრომდე არ აღუსრულებია სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, კორპუსების უკანონო მშენებლობა უნდა შეჩერდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  „სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში „პიერ ბათუმს“ ანგრევენ. 18 თებერვალი, 2022 წ.
ბათუმში „პიერ ბათუმს“ ანგრევენ. 18 თებერვალი, 2022 წ.

 

აჭარაში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 825 ახალი შემთხვევა

18 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმალობაში აჭარაში კორონავირუსის 825 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკაშია 696 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 204, ონლაინლინიკაში კი – 9 927.

დღეს, 18 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა 14 405 ახალი შემთხვევა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა, ხილვადობა – კარგი, ტალღის სიმაღლე – 7-12დმ(2-3ბალი),ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით აჭარაში კვირას, 20 თებერვალს და ორშაბათს 21 თებერვალს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

Exit mobile version