მთავარი,სიახლეები

მურთაზ დევაძე საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს

18.02.2022
მურთაზ დევაძე საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ბრძანებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მურთაზ დევაძე დანიშნეს.

მურთაზ დევაძე მანამდე აკადემიის რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება საზღვაო აკადემიის რექტორის პოსტზე, რომელიც 14 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური.

„დღეს დამეკისრა მხოლოდ საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულება. აღნიშნულ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებს საზღვაო განათლებას და კაპიტნის სტატუსს. ალბათ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეირჩა ჩემი კანდიდატურა. ვთვლი, რომ საპასუხისმგებლოა ეს პოზიცია, მაქსიმალურად შევეცდები თავი გავართვა დაკისრებულ ვალდებულებას აკადემიის გუნდთან და პროფესორ მასწავლებლებთან ერთად. რაც შეეხება რექტორად ჩემ დანიშვნას, ამ ეტაპზე არ მაქვს მსგავსი შემოთავაზება,” – უთხრა მურთაზ დევაძემ “ბათუმელებს”.

კაპიტანი მურთაზ დევაძე საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილედ გასული წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ის აკადემიაში მუშაობდა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის უფროსად. ასევე იყო ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელი.

მურთაზ დევაძის სახელი იძებნება “ქართული ოცნების” შემწირველთა სიაში. 2019 წლის დეკემბერში მან მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა, 2020 წლის აგვისტოში კი  – 45 ათასი ლარი.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აქვს წილები საზღვაო სფეროსთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიაში.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ,  თანამდებობა 11 თებერვალს დატოვა. მან თქვა, რომ „ძალიან დიდი ხანია, რაც რექტორია, ფიქრობს, რომ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა და ძალიან დაიღალა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: