„რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას სომხეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე ვესაუბრეთ. 7 ივნისს გადაწყდება: სომხეთი პროევროპულ გზას განაგრძობს, თუ რუსეთის ორბიტაზე შემოტრიალდება.
„სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს ჰპირდებოდა ამომრჩეველს, მაგრამ არავის სჯერა დღეს სომხეთში ამის. იმის თქმა მინდა, რომ უკვე არსებობს ივანიშვილის გამოცდილება…“ – ამბობს გიორგი კარაპეტიანი.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა გიორგი ტუმასიანთან. იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრი:
- ბატონო გიორგი, რუსეთი განსაკუთრებულად ცდილობს ფაშინიანის დამარცხებას, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ევროპული არჩევანის მარცხს. აქტიური პროპაგანდის გარდა, საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთში აორგანიზებენ იქ მცხოვრები სომეხი ამომრჩევლის სომხეთში გაგზავნას. საუბარია 100 ათასამდე სომეხზე. რა გავლენა შეიძლება ამ მობილიზებამ მოახდინოს არჩევნების შედეგზე?
უკვე არსებობს კადრები, რომ ეს პროცესი დაწყებულია. რუსეთი ცდილობს ამ გზით ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. სერიოზულ ნაკადზეა საუბარი, მაგრამ სომხეთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ვინც ჩადის სომხეთში არჩევნებში, თითოეული კაცი 25-დღიან სავალდებულო, სარეზერვო წვრთნებში მიჰყავთ. ვინაიდან ისინი არიან სომხეთის მოქალაქეები, მათზეც ვრცელდება ეს კანონი. პირველ რიგში, აქ არის პასუხისმგებლობის საკითხი: თუ არჩევნებში მონაწილეობაა პასუხისმგებლობა, სამხედრო სამსახურიც პასუხისმგებლობაა.
- ფაშინიანს აქვს გათვლა იმაზე, რომ ვინც საარჩევნოდ აპირებს მოსკოვიდან სომხეთში ჩასვლა, შეიძლება არ სურდეს 1 თვით სომხეთში დარჩენა?
დიახ, რა თქმა უნდა.
არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი: თუ დადგინდება, რომ რუსეთიდან ორგანიზებულად ჩამოდიან და ეს დადგინდება, შესაძლებელია პასუხისმგებლობის გააქტიურება ქრთამის აღების კუთხით: მაგალითად, ტრანსპორტირების დაფინანსებაც ქრთამად ითვლება. ეს საკითხი სერიოზულად განიხილება. სომხეთის უშიშროების სამსახური ყველას, ვინც სომხეთის საზღვარს კვეთს, ურიგებს ბუკლეტებს, რომ იცოდნენ ამის შესახებ.

გიორგი ტუმასიანი
- თქვენი ინფორმაციით, რა ფორმით აორგანიზებენ რუსეთში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს?
ეს ხდება რუსეთში სომხური სათემო ორგანიზაციების, ასევე ეკლესიის მეშვეობით, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ არიან. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიზნესმენები, მაგალითად, ბევრი სომეხი მუშაობს სამველ კარაპეტიანის ბიზნესში.
- კვლევების მიხედვით ლიდერობს ფაშინიანი, თუმცა დიდი ნაწილია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. კიდევ რას აჩვენებს კვლევები?
კვლევები აჩვენებს, რომ ფაშინიანი მოიპოვებს უმრავლესობას, მას ასევე აქვს შანსი, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 67 %.
- ფაშინიანს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისთვის, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, ამის გარეშე კი, შეუძლებელია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანსა და თურქეთთან?
დიახ, ასევე. კვლევებიც აჩვენებს, რომ ეს საკითხი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ფაშინიანის ამომრჩევლებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის – პირიქით.
გადაუწყვეტლობა ტიპურია სომხეთისთვის, ასევე, ვინც უარს ამბობს, ზოგადად, პოზიციის დაფიქსირებაზე. რეალურად ნდობა სოციოლოგიისადმი ძალიან დაბალია სომხეთში და, შესაბამისად, ნაკლებად იღებენ ამაში მონაწილეობას. ყველაზე სანდოა უშუალოდ არჩევნების შედეგი, რომელიც მაღალი სტანდარტით იმართება რევოლუციის შემდეგ.
გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არსებობს იმ კუთხითაც, რომ მაღალია პოლარიზაცია. მხარეები ერთმანეთის მიმართ ძალიან კრიტიკული არიან, ასე ვთქვათ, შეფასებებში. გარკვეულწილად არსებობს მოქალაქეების სეგმენტი, რომელიც დაღლილია ამ პროცესით, პოლიტიკური დაძაბულობით, დაპირისპირებით. ამიტომაც, ვერ წყვეტენ, რომელ მხარეს იყვნენ. ისინი ე.წ. მესამე ძალას ვერ ხედავენ. ასეთი ძალები არსებობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ნახეს ამ ძალებში ის, რაც მათ სურთ.
გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნაწილი, სავარაუდოდ, არ მივა არჩევნებზე, ნაწილი კი, ეტყობა, ბოლო დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, არჩევნების წინა დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება გავლენა, მაგალითად, რუსეთის მხრიდან მორიგ ეკონომიკურ ზეწოლას, რასაც აქვს ხოლმე უკუეფექტი. ამას უკუეფექტი აქვს იმიტომ, რომ ღიად ჩანს არჩევნებში ჩარევის მცდელობა.
- მაგრამ რეალურად არ ნერვიულობენ ამ საკითხზე სომხები, მაგალითად, როცა პუტინი აცხადებს, რომ სომხური პროდუქცია მარტივად ვეღარ მოხვდება რუსეთის ბაზარზე და მშპ 14 %-ით შემცირდება?
ვფიქრობ, პუტინის ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდა უკუეფექტი, რადგანაც ღია პრორუსული განწყობები მნიშვნელოვნად შეცვლილია სომხეთში – ძალიან კრიტიკულია უმრავლესობა რუსეთის მიმართ. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ზეწოლის, იძულების, მუქარის მცდელობები, პირიქით, ფაშინიანის რეიტინგის მომატებას უწყობს ხელს.
- გამოდის, პუტინმა რაღაც ვერ გათვალა?
დიახ, რუსეთმა ბევრჯერ ვერ გათვალა რაღაც, როგორც ეს მოხდა უკრაინაში და ვერ გათვალეს განწყობები, იგივე ხდება სომხეთში. მაგალითად, რუსებმა სომხეთის სოფლის მეურნეობის სფეროში რაც თქვეს, იმდენად არასერიოზული იყო ეს ყველაფერი, სომხეთში ამ პროცესმა დაადასტურა ფაშინიანის სწორი პოზიციები.
თანაც, მოსახლეობა ვერ ადანაშაულებს ფაშინიანს იმაში, რომ მან დააზიანა რუსეთთან ურთიერთობები. ცნობილია, რომ ფაშინიანს აქვს რბილი, დიპლომატიური და კონსტრუქციული განცხადებები რუსეთთან. ის განაგრძობს ამგვარ დამოკიდებულებას მიუხედავად ყველაფრისა. შესაბამისად, მოქალაქეებს მიზეზი არ აქვთ, ფაშინიანი დაადანაშაულონ რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაში.
- რა დატვირთვა შეიძინა ამ არჩევნებში ყარაბაღის საკითხმა? ყარაბაღელი სომხები პრორუსი კანდიდატების მხარდამჭერები არიან, რადგან რუსული პროპაგანდა ფაშინიანს ადანაშაულებს ტერიტორიების დათმობაში?
არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს ადამიანები ძირითადად უჭერენ მხარს ე.წ. ყარაბაღის კლანს, მაგრამ ასეც არ არის. ნაწილი, პირიქით – ფაშინიანს უჭერს მხარს. რუსეთს ჰქონდა მცდელობა ყარაბაღელი სომხები გამოეყენებინა, თუმცა ამ მიდგომამ არ იმუშავა.
საუბარია დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანზე.
- ამ არჩევნებზეც იყენებს რუსეთის სამხედრო შინაარსის მუქარას? ცნობილია, რომ გიუმრი ფაშინიანის სუსტი წერტილია, იქ ამ დრომდეა რუსული სამხედრო ბაზა…
რუსეთს აქვს გათვლა იმაზე, რომ გიუმრი მეტ-ნაკლებად პრორუსული ქალაქია. რუსეთში იმედი აქვთ, რომ იქ დამარცხდება ფაშინიანის პარტია, რადგან ამ რუსულ ბაზას გააჩნია ეკონომიკური შედეგებიც, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არც ასეა საქმე. გიუმრიში შესაძლებელია, რომ მეტი იყოს ოპოზიციის მხარდამჭერი, ვიდრე სხვაგან.
რაც შეეხება სამხედრო შინაარსის მუქარას: ომით სომხეთის შეშინება ცოტა რთული რამეა. 35 წელი სომხეთი ომში იყო და მშვიდობის ეტაპზე ახლა გადავიდა. ამიტომაც, ომით შეშინების მცდელობები კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას.
ამავდროულად, სომხეთი იაზრებს, რომ გარკვეული რისკები არსებობს რუსეთის მხრიდან, როგორც რუსული ბაზების მხრიდან, ისე ზოგადად.
- გამოდის, რუსული პროპაგანდა ძირითადად ეყრდნობა ტერიტორიების საკითხს და ეკლესიასთან დაპირისპირებას?
დიახ, ეს ორი თემაა მთავარი საკითხი რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანისთვის და რობერტ ქოჩარიანისთვის. ყარაბაღის საკითხი ისევ არის საზოგადოებაში დისკუსიის აქტიური საგანი. „უღალატა და დათმო“ – ეს არის ოპოზიციის მთავარი არგუმენტი.
- „სამველ კარაპეტიანი სომეხი ივანიშვილია. მგონი, სომხებმა იციან, რაც მოუტანა ივანიშვილმა საქართველოს“ – წერდა რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი. რეალურად რამდენად არსებობს ეს მსგავსება, თქვენი დაკვირვებით?
რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია, მაგრამ ვფიქრობ, სომხეთში ივანიშვილის სცენარის განხორციელების ალბათობა ძალიან დაბალი.
- რატომ გგონიათ, რომ დაბალია? კარაპეტიანიც მილიარდერია, მას აქვს კარგი ურთიერთობები ეკლესიასთან…
იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ, პირველ რიგში, გაცილებით ხარისხიანად იყო ივანიშვილი მომზადებული, ვიდრე კარაპეტიანი, მაგალითად, ივანიშვილმა წარმატებით შეძლო პროდასავლური იმიჯის მორგება. კარაპეტიანმა ვერ შეძლო. ამას პუტინმა დაამატა ზემოდან განცხადება: პრორუსი მეგობრები გვყავს მანდ და აცადეთ მონაწილეობაო. თანაც, ეს ისე თქვა, გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ მხოლოდ კარაპეტიანი ჯდებოდა პუტინის განცხადებაში.
ამით კარაპეტიანს ნეიტრალურის იმიჯი გაუფუჭდა. ივანიშვილს ეს გამოუვიდა, მან ირგვლივ ყველა შემოიკრიბა, ძირითადად პროდასავლური ძალები. კარაპეტიანმა კი, ვერ შეძლო ზოგადად ოპოზიციის გაერთიანება.
ივანიშვილსაც ჰქონდა ეკლესიის და კულტურის მოღვაწეების დაფინანსება, მაგრამ დღევანდელი ეკლესიის ძალაუფლების მქონე პირის – გარეგინ მეორის რეიტინგი სომხეთში ძალიან დაბალია. შესაბამისად, ამაზე კაპიტალიზება არ არის მარტივი თემა.
სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს ჰპირდებოდა ამომრჩეველს, მაგრამ არავის სჯერა დღეს სომხეთში ამის. იმის თქმა მინდა, რომ უკვე არსებობს ივანიშვილის გამოცდილება და სომხეთში იციან ამის შესახებ. შესაბამისად, სომხეთში ოპოზიციის ეს მცდელობა 2012 წლის „ქართული ოცნების“ ცუდი რეპლიკა გამოდის – გამეორებას ცდილობენ, მაგრამ ვერ მეორდება.
- რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი ამჯერად სომხეთში – ცდილობს ისევ ეკლესიის გამოყენებას, მედიის, თუ გამოიძებნა სხვა გზები?
იყენებენ ეკლესიას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს. მაგალითად, პირდაპირ გარეგინი მივიდა სამველ კარაპეტიანთან სახლში 2 კვირის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, გარეგინისადმი ლოიალური სასულიერო პირები მხარს უჭერენ ოპოზიციას ღიად. გარეგინის ბრძანებით სასულიერო პირებს უნდა ევლოთ ოპოზიციის მიტინგებზეც.
რაც შეეხება მედიას: ბევრი პოდკასტია, ფეიქ არხები, ტელეგრამ, იუთუბ არხები. არის მცდელობა, რომ ამ აქტიურობით მოახდინონ ზემოქმედება. მედიამანიპულაცია ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.
ჩემი აზრით, ვინც მხარს უჭერს ფაშინიანს, ისევ დაუჭერს მხარს და ოპოზიციონერი ისევ ოპოზიციონერი იქნება. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე შეიძლება იმოქმედოს გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის, მომდევნო დღეებმა, შიდა თუ საერთაშორისო გარკვეულმა პროცესებმა, მაგალითად, რუსეთის რომელიმე გადაწყვეტილებამ შეიძლება კიდევ უფრო უბიძგოს ხალხს გადაწყვიტოს: საბოლოო ჯამში ვის უჭერს მხარს.






