მთავარი,სიახლეები

ქობულეთში 300-მილიონიანი პროექტი ისევ დააანონსეს, აუშენებელი მწვანე ქალაქის შემდეგ

05.06.2026
ქობულეთში 300-მილიონიანი პროექტი ისევ დააანონსეს, აუშენებელი მწვანე ქალაქის შემდეგ

„არქის“ დამფუძნებელმა, ივლიანე წულაიამ ქობულეთის სანაპიროზე ახალი პროექტის დაწყების შესახებ პომპეზურად დაანონსა. პრეზენტაცია სანაპიროზე, ზღვისა და აფრებიანი გემების ფონზე გამართეს.

კომპანიის ინფორმაციით, სანაპიროზე „ქობულეთი რიზორთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „Swissotel Kobuleti Beach Resort“-ის ბრენდის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო კომპლექსი უნდა აშენდეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი უნდა იყოს საქართველოში.“

მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობას „ქობულეთი რიზირთი“ გეგმავს, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში ის კრედიტორად ისევ ფიქსირდება. მყიდველი კომპანიის მფლობელი ივლიანე წულაია კახა კალაძის მეჯვარეა.

საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს, შპს „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ კახა კალაძისთვის 10 მილიონი დოლარი [ეკვივალენტი ლარში] 5 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა. როგორც ჩანს, კომპანიას თბილისის მერის ვალი ისევ აქვს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, „ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, შპს „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, განახორციელოს შპს „კოლხეთის“ [ამ კომპანიის საკუთრებაში იყო ქონება] კაპიტალში 100%-იანი წილის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. საფუძველი: 02.12.2019წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.“

პრეზენტაციაზე კომპანიის ოფიციალურმა მფლობელმა, ივლიანე წულაიამ 300 მილიონიანი ინვესტიცია დაანონსა, პროექტის პარტნიორებად კი სამშენებლო კომპანია „ნექსთი“ და თიბისი ბანკი დაასახელა.

ფოტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

მართალია, პრეზენტაცია შედგა, როგორც ახალი პროექტის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის უფრო კარგად დავიწყებული ძველია, ვიდრე ახალი.

ზოგადად, ქობულეთში უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, როცა პროექტებს პომპეზურად აანონსებენ და შემდეგ წლების განმავლობაში ვერ იწყებენ, იწყებენ და ვერ ასრულებენ ან ინვესტორებად წოდებულები წლების შემდეგ თავადაც ინვესტორებს ეძებენ აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ზურაბ პატარაძესაც დაუსრულებელი დახვდა რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც თავად დაანონსა 2017 წელს, მისი „წინა თავმჯდომარეობის“ დროს.

ივლიანე წულაია

„ქობულეთი რიზორთის“ 100 პროცენტი „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ ეკუთვნის. 2026 წლამდე შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთის“ წილებს „ქობულეთი კაპიტალი“ [85%] და „ეიაჯი კაპიტალი“ [15%]  ინაწილებდნენ. 2026 წელს კომპანიის მონაცემებში ცვლილებები არაერთხელ შეიტანეს. მათ შორის „ეიაჯი კაპიტალის“ წილები ხუთი პროცენტით შემცირდა და ამ 5 პროცენტს „ნექსთ ქობულეთი რეზორტი“ ფლობს. [„ეიაჯი კაპიტალის“ მესაკუთრე კი უკრაინის მოქალაქეა]

  • „ქობულეთი კაპიტალის“ წილები კი ასე ნაწილდება:

 

23.26/23.26 -პროცენტის მფლობელი კომპანიები ისევ ივლიანე წულაიას და მისი ძმის თნგიზ წულაიას კომპანიები არიან. 6.5 პროცენტი – ისრაელის მოქალაქის საკუთრებაა.

ივლიანე წულაია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ მაჟორიტარი იყო. პარლამენტში ის არ აქტიურობდა – პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია და, ძირითადად, „ოცნების“ ინიცირებულ პროექტებს ეთანხმებოდა.

სამაგიეროდ, ამ წლების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ და მშენებლობის მასშტაბები გაზარდეს დეპუტატის კომპანიებმა, ამ პერიოდში მის სამშენებლო ბიზნესს ძირითადად ძმა – თენგიზ წულაია ხელმძღვანელობდა.

ივიანე მინიმუმ სამი ათეული კომპანიის მფლობელია და მთელი ქვეყნაში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს.

მასშტაბური პროექტის დაანონსებას უახლოეს მომავალში „ნექსთან“ ერთად ივლიანე წულაიას ძმა, თენგიზ წულაიაც გეგმავს. მან და „ნექსთის“ დამფუძნებელმა კახა დევაძემ დააფუძნეს კომპანია – შპს „ბათუმი ლენდმარკი“, რომელმაც ბათუმში, გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის 10 ჰექტარზე მეტი მიწა იყიდა [107 586 კვ.მეტრი].

2016-2025 წლებში თენგიზ წულაიამ „ოცნებას“ სხვადასხვა არჩევნების დროს, 165 000 ლარი შესწირა. კახა დევაძის შენატანი კი „ოცნების“ ბიუჯეტში 220 000 ლარია 2021 წლიდან დღემდე.

2 ჰეტრამდე [19 767 კვ.მეტრი] გამწვანებული ფართობი ქობულეთის სანაპიროზე, სადაც „არქი“ მშენებლობის დაწყებას აანონსებს, 2011 წლიდან დღემდე მწვანე თუნუქის ღობით არის შემოღობილი. ამ ადგილზე პროექტის განხორციელებაზე პირველი განაცხადი კომპანიამ ქობულეთის მერიაში 2022 წელს შეიტანა.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი

სამშენებლო მიწის ნაკვეთი

განაშენიანების დეტალური გეგმა კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წელს დაამტკიცა.

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, პროექტი „გრუნტთან შეხების წერტილიდან არაუმეტეს 40 სართულიანია“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამას მიწისქვეშა სართულებიც დაემატება. განაშენიანების დეტალურ გეგმას თან არ ახლავს პროექტის რენდერი, მხოლოდ ესკიზით შემოიფარგლენ, თუმცა პრეზენტაციაზე თქვეს, რომ პროექტი სამი ბლოკისგან შედგება, ანუ დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც ესკიზზეა.

ესკიზი

  • მწვანე ქალაქი – პომპეზურად დაანონსებული პროექტი, რომელიც არ შედგა

ქობულეთში კიდევ ერთი მრავალმილიონიანი პროექტი „ოცნების“ ხელისუფლებამ 2019 წელს დააანონსა. ე.წ. „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა ქობულეთში უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ის ჯერ არ დაწყებულა. მეტიც, კომპანიას [შპს „გრინ რიზორტს“] არც გზშ აქვს მომზადებული და, შესაბამისად, არც მშენებლობის ნებართვა აქვს.

„მწვანე ქალაქი“ / რენდერი

„გრინ რიზორტს“ ქობულეთში ჯამში 1 796 308 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცეს პირდაპირი წესით და პირობებით, რაშიც 6 040 265 ლარი გადაიხადა. 2019 წელს ამ ქონების საბაზრო ღირებულება 32 333 544 ლარი იყო.

მიწის ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა.

საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებებით, ქობულეთში ამ მიწის ნაკვეთზე ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, რომელიც „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოაწოდეს, ინვესტორს არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა „მწვანე ქალაქის“ პროექტისთვის გრგ 2019 წლის ივლისში დაამტკიცა, კომპანიამ გზშ-ს პროცედურებიც წამოიწყო, თუმცა საბოლოოდ გზშ აღარ მოუმზადებია. გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნით კი პროექტის განსახორციელებლად გზშ სავალდებულოა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით, „გრინ რეზორტს“ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვეში, ანუ 2021 წლის მარტში უნდა დაეწყო.

ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 7 წელი გავიდა. კომპანიას არც მშენებლობა დაუწყია და არც შესაბამისი ნებართვა აქვს. როგორც აღმოჩნდა, ის ხელშეკრულებას არ არღვევს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვალდებულებების შესრულების გრაფიკში სამინისტროსთან შეთანხმებით ცვლილებები შედის. შესაბამისად, ამა თუ იმ ეტაპის შესრულების გადავადება ხდება.

აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება მინიმუმ ექვსჯერ არის შეტანილი.

ამ თემაზე ვრცლად: რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა

ბოლო, „შეთანხმების აქტი N6“ – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „გრინ რიზორტს“ შორის 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა. რაზე შეთანხმდნენ სამინისტრო და კომპანია უცნობია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუ რატომ არ დაიწყო პროექტი, რის საფუძველზე გადაიდო მისი განხორციელება და როდის უნდა დაიწყოს სამუშაოები? ამ კითხვებზე პასუხს სამინისტროში დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მიგვიღია. სამინისტროს პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2020 წლის შემდეგ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მათ შპს „გრინ რიზორტი“ აღარ დაჰკავშირებია.

საჯარო რეესტრის 2026 წლის ბოლო ამონაწერით, „გრინ რიზორტის“ წილებს თანაბრად იყოფენ ჩეხეთის სამი და ერთიც სლოვაკეთის მოქალაქე – რადეკ ბრაზდა, რომან ვივოდა, მარეკ საკ [სამივე ჩეხეთი] და ლევან შერაზადიშვილი [სლოვაკეთი].

აღსანიშნავია, რომ კომპანიის პარტნიორთა 2025 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმით, ლევან შერაზადიშვილს მიეცა თანხმობა თავისი 25 პროცენტი წილი გაასხვისოს ერთ-ერთ პარტნიორ რომან ვივოდაზე.

შპს „გრინ რიზორტის“ პარტნიორთა კრების ოქმი, 2025 წლის 24 დეკემბრი

წილის გასხვისებაზე თანხმობის მიღების მიუხედავად, 2026 წლის ამონაწერით, კომპანიის 25 პროცენტს ისევ ლევან შერაზადიშვილი ფლობს.

ლევან შერაზადიშვილი 50% წილს ფლობს ასევე შპს „ელერ კომპანიში“ და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია.

შპს „ელერ კომპანი“ კი ქობულეთში, აღმაშენებლის #379-ის მიმდებარედ [ფიჭვნარში], ცალკე, 40-მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს [საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 240-ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპაცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება].

„გრინ რეზორტის“ და მისი პარტნიორების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

  • „კრისტალ ბილდინგის“  პროექტი, რომლის დაწყების პრეზენტაციაზე კაფსულა ზურაბ პატარაძემ 2017 წელს საზეიმოდ ჩადო.

კომპანიას, რომელსაც ზღვის პირველ ზოლში, ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე პარკზე დიდი ტერიტორია, 7 ჰექტარზე მეტი ფართობი მიჰყიდეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სამაგიეროდ, მოახერხა და აჭარის მთავრობისგან 2017-2018 წლებში იაფად ნაყიდი არაერთი ქონება სარფიანად გადაყიდა.

ზურაბ პატარაძე „კრისტალ ბილდინგის“ პროექტის პრეზენტაციაზე

შპს „კრისტალ ბილდინგს“ სახელმწიფოს ქონება, 3 ჰექტარზე მეტი ფართობი ქობულეთის სანაპიროზე, ფიჭვებით გამწვანებულ ზოლში აჭარის მთავრობამ 1 მილიონ 648 000 ლარად და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა.

კომპანიამ ვერც ხელშეკრულების თავდაპირველი ვერსიით და ვერც შემდგომ განახლებულ ვადებში აღებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო. მათ შორის, თავდაპირველი ვერსიით გათვალისწინებულ ვადებში ვერც ქონების ღირებულება გადაიხადა.

ეს კომპანია წლების განმავლობაში იღებდა ყველანაირ შეღავათს, რაც კი შეიძლებოდა მიეღო აჭარის მთავრობისგან, რომელმაც ქონება პირობებით, თუმცა იაფად გაასხვისა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქონების შესყიდვიდან მეცხრე წელს „კრისტალ ბილდინგმა“ წილების 50 პროცენტი სარფიანად გაყიდა. თუმცა კომპანიას გადახდილი ფასის გასაჯაროება არ სურს.

საჯარო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის ხელშეკრულება ეყრდნობა პარტნიორთა შეთანხმებას, სადაც 50 პროცენტის გასხვისების ფასი დაფიქსირებულია, თუმცა ხელშეკრულებაში პირდაპირ წერენ, რომ ამ დოკუმენტს რეესტრს არ წარუდგენენ „მისი კონფიდენციალურობის პირობიდან გამომდინარე.“

____

ამ თემაზე ვრცლად:

როგორ კეთდება ფული სახელმწიფო მიწით ქობულეთის სანაპიროზე

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: