მთავარი,სიახლეები

შსს 73 594 ლარს მოიგებს ეროვნულ გამოცდებზე – დაცვის პოლიციას 1 მილიონს გადაუხდიან

05.06.2026
შსს 73 594 ლარს მოიგებს ეროვნულ გამოცდებზე – დაცვის პოლიციას 1 მილიონს გადაუხდიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექსკლუზიურად გადაუხადოს 985 ათას 345 ლარი.

„შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან კონფიდენციალურ დოკუმენტაციას“, – წერს გამოცდების ცენტრი შესყიდვების სააგენტოს.

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული სავარაუდო ღირებულება [საერთო ჯამი – 985 345 ლარი] განისაზღვრა შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2026 წლის 4 ივნისის წერილით. კერძოდ:

  • „თანამშრომელთა ხელფასი – 273 683 ლარი;
  • თანამშრომლის კვებით უზრუნველყოფა: 516 თანამშრომელი [15105 სამუშაო დღე-საგამოცდო პერიოდი]; 113 თანამშრომელი [1316 სამუშაო დღე- მზადების პერიოდი] – 344 841 ლარი;
  • საწვავის ხარჯი – თანამშრომლების ობიექტზე მიყვანა, საგამოცდო შედეგების ეროვნულ ცენტრებში გაცილება, ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება – სავარაუდოდ 37 235 ლარი;
  • მივლინების ხარჯები – 7 150 ლარი;
  • მოგება – 73 594 ლარი;
  • გადასახდელები [დღგ, ბიუჯეტის 10%] – 248 842 ლარი“.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 ათასს გადააჭარბა.

ცენტრის ინფორმაციით, აქედან 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა.

სამაგისტრო გამოცდებს წელს 10 000-ზე მეტი კანდიდატი ჩააბარებს, ხოლო მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 29 000 პირია დარეგისტრირებული.

ვრცლად:

ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: