ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და საპროტესტო აქციის მონაწილე თამუნა გიორგაძეს, თბილისში შაბათის მარშის დაწყებამდე ერთი პირი თავს დაესხა. ლევან ზაზაძეს და თამუნა გიორგაძეს აღენიშნებათ დაზიანებებიც.
„ბათუმელები“ თამუნა გიორგაძეს ესაუბრა. მისი თქმით, შაბათის მარშის დაწყებამდე უცნობმა პირმა ჩაუარა მოქალაქეებს სკუტერით და აგინა.
„ფილარმონიასთან ვიდექით, მსვლელობის დაწყებას ველოდებოდით. ტროტუარსა და გზას შორის კუნძული რომ არის, იქ ვიდექით ხუთი ადამიანი. ჩაიარა „გლოვოს“ კურიერმა და შეგვაგინა, გვიძახა შეურაცხმყოფელი სიტყვები – „დებილებო, რას დგახართ, თქვენი დედა“.
ჩემს გვერდით იდგა ლევან ზაზაძე და იმანაც დაუბრუნა პასუხი. ის კაცი გადმოვიდა შეტევაზე და მე შევეცადე ჩავმდგარიყავი შუაში. პირველმა იმან დაარტყა სახეში ლევანს და მე შუაში, რომ ვიდექი, მე მომხვდა ყბაში და მუცელში, რადგან ის კაცი იქნევდა ხელებს.
ამასობაში ხალხიც გადმოვიდა ტროტუარის მხრიდან, მოვიდა პოლიციაც. მიუხედავად იმისა, რომ 5 მეტრში იდგნენ, დროულად არ მოახდინეს რეაგირება“-ამბობს თამუნა გიორგაძე „ბათუმელებთან“.

პირი, რომელზეც თამუნა გიორგაძე ამბობს რომ თავს დაესხა.
მისი თქმით, აღნიშნული პირი, წინა შაბათსაც მოიქცა პროვოკაციულად და აქციის მონაწილეების მისამართით შეიგინა.
„წინა შაბათსაც ზუსტად ანალოგიურად ჩაგვიარა გინებ-გინებით, თუმცა მაშინ არ გვიპასუხია. როგორც ვიცით გამოკითხეს ის კაციც და მე და ლევანიც ვიყავით გამოკითხვაზე. ცოტა ხნის წინ გამოვედით გამოკითხვიდან და ახლა ლევანი სასწრაფოსთან არის, რომ დაზიანებები აღწეროს ექიმმა.
მეც მაქვს დაზიანებები – მარცხენა ყბა მაქვს შეშუპებული და რენტგენი გადავიღოთო ექიმმა და ქვედა მუცლის არეში მაქვს დაზიანება. ასევე, მარჯვენა ხელის შუა თითი მაქვს გაგლეჯილი და მაქვს სისხლჩაქცევები, დაზიანებული მაქვს მუხლი“-გვეუბნება თამუნა გიორგაძე.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.






