განათლების სამინისტრომ სკოლებში ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის თარიღად 15 სექტემბერი დაასახელა. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი უკვე დაწყებული უნდა იყოს.
თუმცა, სამინისტროს ჯერ ახალი სასწავლო გეგმაც კი არ გამოუქვეყნებია.
რა იციან სკოლებში ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, სახელმძღვანელოზე მუშაობის გამოცდილება თქვენც გაქვთ, ამიტომ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, რამდენად სწორია, როცა სამინისტრო მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან კომუნიკაციის გარეშე მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოებზე?
სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი უკვე ათწლეულებია საჭირბოროტოდ არის და გარკვეულწილად განსაზღვრავს ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ ერთ-ერთ ძირითად რესურსად რჩება და აქედან გამომდინარე, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
აქამდე სამინისტრო აცხადებდა გრიფირების პროცესს, რომელშიც მონაწილეობდნენ გამომცემლობები თუ საინიციატივო ჯგუფები, წერდნენ სახელმძღვანელოებს არსებული საგნობრივი სტანდარტების მიხედვით, შემდეგ წარადგენდნენ სამინისტროს გრიფირების კომისიასთან და ისინი შეარჩევდნენ რამდენიმე სახელმძღვანელოს თითოეულ საგანში და კლასში და იმას ენიჭებოდა გრიფი.
შესაბამისად, მასწავლებელს, მასწავლებელთა ჯგუფებს სკოლებში ჰქონდათ არჩევანის საშუალება, შეედარებინათ ერთმანეთისთვის ეს სახელმძღვანელოები და შეერჩიათ მათი აზრით საუკეთესო ვარიანტი ამ რამდენიმე ვერსიისგან.
თვითონ ეს პროცესიც საკმაოდ დახურული და გაუგებარი იყო, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ხარვეზით სავსე. ამის შესახებ მეც დამიწერია და საუბრობდნენ სხვებიც. რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა ჯერ კიდევ სასამართლოში აქვთ საქმე და დავობენ სამინისტროსთან ამ პროცესებთან დაკავშირებით. მაგრამ, ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში რაღაც საკონკურსო გარემო იყო და ალტერნატივაც არსებობდა მასწავლებლებისთვის.
- ანუ, კონკურენცია ასე თუ ისე არსებობდა?
დიახ. მიუხედავად დარღვევებისა, რადგან არც მაშინ ვიცოდით, ვინ იყვნენ გრიფირების კომისიის წევრები, გასაიდუმლოებული იყო… სხვათა შორის, მქონდა სურვილი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც კი შექმნილიყო, რათა ეს საქმეები გამომზეურებულიყო.
მილიონობით ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან გრიფირებაში და ცხადია, უნდა ყოფილიყო ეს ჩვენთვის ცნობილი. მაგრამ ახლა, ეს ხარვეზიანი პროცესიც კი შეჩერდა.
როგორც მახსოვს, შარშან გააკეთა განათლების მინისტრმა განცხადება, რომ ამიერიდან სამინისტრო დაწერს სახელმძღვანელოებს. უფრო სწორად, სამინისტროს მიერ შექმნილი ჯგუფები თუ ექსპერტები დაწერენ სახელმძღვანელოებს და რომ იქნება მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო ყველა საგანში ყველა კლასში. მაშინ ითქვა, რომ შერჩეულიც გვყავს ავტორებიო, მაგრამ ამ სფეროში ასე თუ ისე ვიცნობ ადამიანებს, მათ შორის სახელმძღვანელოების ავტორებს და ვერ გავიგე, ვინ ჰყავს სამინისტროს შერჩეული ან როგორ შეირჩნენ და ვინ შეარჩია. მოკლედ, ეს პროცესი როგორ მიდის, დღემდე არ ვიცი.
- გამოდის მთლიანად დახურულია პროცესი?
დახურულიც აღარ ჰქვია ამას. შეიძლება რაღაც დახურო, მაგრამ რაღაც დეტალები მაინც იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი. ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერი ვიცით.
ამაში მაინცა და მაინც არ ვგულისხმობ იმას, რომ არ ვიცით სახელმძღვანელოების ავტორები, უცნობია ისიც, შერჩევის რა კრიტერიუმები ჰქონდათ. მეტიც, ჩვენ ჯერ საგნობრივი სტანდარტებიც არ გვაქვს დამტკიცებული, რაღაც სახელმძღვანელოები იწერება და რის მიხედვით იწერება, არ ვიცით.
ეს სტანდარტი საიდუმლო დოკუმენტი კი არ არის, პირველ რიგში, სკოლამ უნდა მოიხმაროს მასწავლებლებისთვის დაწერილი ეს ტექსტი და ჩვენ არ ვიცით რა წერია ამ ტექსტში. წესით, სახელმძღვანელოები ამ სტანდარტის მიხედვით უნდა დაიწეროს.
- მასწავლებელს ხომ აქვს უფლება მოითხოვოს ეს ტექსტი?
უფლება კი არა, ამის გარეშე ხომ არ იმუშავებს. ახლაც ძველი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ, რომელსაც ყველანაირი ვადა გაუვიდა. ასეთი გაუგებარი სიტუაციაა.
- თუ სტანდარტი არ დაუმტკიცებიათ, მაშინ რის მიხედვით წერენ სახელმძღვანელოებს?
არ ვიცი. რამდენადაც მესმის, არსებობს ამ სტანდარტების სამუშაო ვერსიები, რომლებიც ჯერ არ არის დამტკიცებული და არც დასრულებულია, სავარაუდოდ. ალბათ, ამ სამუშაო ვერსიების მიხედვით მუშაობენ.
- გინახავთ სამუშაო ვერსია?
არა, მე არ მინახავს. უბრალოდ, ის ვერსიები მაქვს ნანახი, რომლებიც სკოლებში დააგზავნეს შარშან, შენიშვნები გამოთქვითო, მოიწერეს. იმის მერე რა ბედი ეწია ამ ვერსიებს, რა მოუვიდა – რა დაემატა და რა დააკლდა, წარმოდგენა არ მაქვს.
- შენიშვნები გქონდათ, რა გადააგზავნეთ?
რა თქმა უნდა, მქონდა და გავაგზავნე კიდეც, თუმცა, მართალი რომ გითხრათ, ამ სტანდარტებთან მაქვს გარკვეული დამოკიდებულება და არც თუ მთლად უარყოფითი. რომ გითხრათ, რომ რაღაც საშინელება არის-თქო არა, მაგრამ დიდ მოლოდინსაც არ ვიჩენ ხოლმე.
წესით, შარშან უნდა ყოფილიყო ეს სტანდარტები მზად, მაგრამ ყველანაირი დათქმული ვადა გავიდა.
- გივი მიქანაძე ხშირად აქვეყნებს ხოლმე ფოტოებს სამინისტროს გვერდზე, რომ შეხვდა მასწავლებლებს, მშობლებს და ასე შემდეგ. ამ შეხვედრებზე არავინ დასვა ეს კითხვები ან სტანდარტის თემაზე, ან სახელმძღვანელოებზე?
მე არ ვყოფილვარ ასეთ შეხვედრაზე და ვერ გეტყვით. შეიძლება ისმება კიდეც, რაც არ უნდა კომფორტული საზოგადოება იყოს შეხვედრაზე, ვიღაც იკითხავდა რამეს, მაგრამ პასუხები არ ვიცით, რაც მთავარია.
ერთხელ დავწერე კიდეც, მეც მაინტერესებს ამ შეხვედრებზე დასწრება-მეთქი, მაგრამ…
- ყველას არ აგებინებენ ამ შეხვედრების შესახებ?
მე არ გამიგია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის უთქვამს და არც რაიმე საჯარო ინფორმაცია ყოფილა, რომ, ვთქვათ, ვიკრიბებით ამა და ამ ქალაქში ან რომელიმე ორგანიზაციაში და მოდით მსურველებიო. ასეთი არ ყოფილა.
- ეს ნიშნავს, რომ საჯაროობის ფასადს ქმნიან ამით და რეალურად არ ხდება პრობლემებზე ფოკუსირება?
არ მიმაჩნია, რომ ეს ისეთი შეხვედრებია, რომელზეც ადამიანს უნდა რაღაც უკუკავშირი მიიღოს. ეს ხდება პროცესისთვის, რომ თითქოს რაღაც გადაწყვეტილებები მიიღება საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციით.
თუმცა, მასწავლებლების ის ნაწილი ყოველთვის იქნება, რომელსაც ეტყვი, რომ ერთი სახელმძღვანელო იქნება ყველგან და ამაზეც დაუკრან ტაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამინისტრომ.
- ერთადერთი ის თქვეს, რომ სახელმძღვანელოები მსუბუქი იქნება და რას ნიშნავს ეს, როგორ ფიქრობთ?
ეს არაარსობრივია და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ჯერ ერთი აქამდეც იყო გაყოფილი სახელმძღვანელოები და ახალი გამოგონება არაა, რასაკვირველია. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ამას აქვს გარკვეული პრაქტიკული დანიშნულება სამინისტროსთვის და მათ მიერ მიწვეული ავტორებისთვის.
ვფიქრობ, ვერ მოასწრებენ მთლიანი წლის სახელმძღვანელოების დაწერას და ეს იქნება თავის გამართლება, რომ აი, ჯერ პირველი სემესტრის ან პირველი მესამედის თუ პირველი მეოთხედის წიგნები გვაქვს გამზადებულიო. შეიძლება არ დაბეჭდონ სრულად ერთი სახელმძღვანელო, მაგრამ მე, მასწავლებელი, როდესაც ვიწყებ სწავლებას კონკრეტულ კლასში, კონკრეტულ საგანში, უნდა მქონდეს წარმოდგენა მთლიან სახელმძღვანელოზე.
იმედია ელექტრონულად მაინც ექნებათ მასწავლებლებს ხელმისაწვდომობა, რომ სრული სახელმძღვანელოები ნახონ. თუ არ იქნება ეს ხელმისაწვდომობა, ეს იქნება ხარვეზი, რადგან მე ხომ უნდა შევხედო, საიდან ვიწყებ სასწავლო წელს და სად უნდა მივიდე. ეს პროცესი უნდა დაინახოს მასწავლებელმა და ამაში გასაკვირი არაფერია.
- შინაარსობრივ მხარეზე მინდა გკითხოთ. კობახიძე, მიქანაძე, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაზებად გვაწვდიან ინფორმაციას და რთულია მთლიანი კონტექსტის აღქმა, თუმცა აქვთ მინიშნებები, რომ ახალი სახელმძღვანელოებით რაღაც გარდატეხა უნდა მოახდინონ სისტემაში. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ მათი რეფორმებისგან, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც „ოცნება“ აწარმოებს, როგორც გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით?
რომ გითხრათ, რომ რაღაც გარდატეხის მოლოდინი მაქვს-მეთქი, არა. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც ჩემთვის მიუღებელი წესებით წერს რამეს, ამიტომ არა. ზოგადად, ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვაქვს ცუდი და უვარგისი სახელმძღვანელოები.
ეროვნული სასწავლო გეგმაც არაადეკვატური გვაქვს და შესაბამისად, ახლა რომ გითხრათ, რომ რაღაც გარდატეხა მოხდება-მეთქი, არ მაქვს ამის მოლოდინი. მსგავსი ხარვეზებით სავსე იქნება ეს ახალი სახელმძღვანელოებიც. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ბევრად მკაცრები შეფასებაში, რადგან თუ აქამდე მაინც ვერიდებოდით ჩვენი კოლეგა-ავტორების კრიტიკას, ამჯერად უფრო თამამები ვიქნებით ამ მიმართულებით.
ამიტომ რაიმე გარდატეხა აქ გამორიცხულია. შეუძლებელია, უხეშად რომ ვთქვათ, 150 სახელმძღვანელო დაწერო ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში და 100 იაკობ გოგებაშვილი გაჩნდეს საქართველოში.
- მით უფრო მაშინ, როცა არც გარე ავტორებს ეძებენ და არც კონკურენტულ გარემოს ქმნიან.
როდესაც კონკურენცია არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ გაუქმებულია სახელმძღვანელოს შექმნის ისეთი გარემო, რაც განაპირობებს ხარისხიანი სახელმძღვანელოს დაწერას. ამიტომ საიდან უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ასი გოგებაშვილი გამოჩნდება?
- ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აძლიერებს ალბათ ისიც, რომ წინა წელს საგამოცდო პროგრამიდან ამიღეს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებები, მთელი კამპანია აწარმოვეს იმაზე, რომ 2008 წლის ომი, „გარე ძალებისგან“ იყო ინსპირირებული და არა ის, რომ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ეს განწყობები ახალ სახელმძღვანელოებში ასახონ?
არ მგონია ეს ვინმემ გაბედოს. მე ვსაუბრობ სახელმძღვანელოების ფორმატში, რომ ვინმემ გაბედოს ის, რომ ასე პირდაპირ თქვას, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მეგობარიაო. ასე რომ იყოს წარმოჩენილი ან რომელიმე ეპოქაში რუსეთის იმპერია საქართველოს მეგობრად იყოს წარმოჩენილი.
- შეიძლება „მეგობარი“ არ დაწერონ, მაგრამ არც ის თქვან, რომ ოკუპანტი და აგრესორია.
რაც არ უნდა დაწერო, იქიდან დასკვნა ხომ უნდა გამოვიტანოთ? ამიტომ არა მგონია-მეთქი. მეორეც, სულ რომ პირდაპირ რუსეთის იმპერატორების პორტრეტებით გაძეძგო ეს სახელმძღვანელო, მაინც არ ექნება ამას სერიოზული შედეგი. ვგულისხმობ მოსწავლეთა აზროვნების ცვლილების თვალსაზრისით რომ მოჰყვეს რაიმე შედეგი.
ვფიქრობ, დაცინვის და რაღაც კარიკატურული სიტუაცია იქნება. ზოგადად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს, თანამედროვე ეპოქაში ახალგაზრდებზე ვერ მოახდენენ იმით გავლენას, თუ რა წერია სახელმძღვანელოში, რადგან ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროები არსებობს.
ცხადია, აქ საუბარია უფროსკლასელ მოსწავლეებზე. შესაბამისად, თუ ვინმე „ბედი ქართლისას“ რაღაც ინტერპრეტაციას ჩაწერს, ეს ვერ განსაზღვრავს ჩვენი ახალგაზრდებისთვის რაიმეს.
- თქვენს სახელმძღვანელოზე რა მოლოდინები გაქვთ?
მე ვარ თანაავტორი არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოების, რომელიც გამოიყენება რვა კლასში. სექტემბრიდან რომელ კლასებში შემოიტანენ ახალ სახელმძღვანელოებს არ ვიცი. მაგრამ სადაც შემოიტანენ, ჩვენი სახელმძღვანელო იქ აღარ მოხვდება.
მე მაქვს ეჭვი, რომ შემოიტანენ ადრე, 16 წლის წინ დაწერილ სახელმძღვანელოებს. ეს ეჭვი ეფუძნება გარკვეულ ქმედებებს და გეტყვით რასაც. ერთი-ორი თვის წინ ამ საგნის მასწავლებლებს (არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს) მოგვივიდა კითხვარი, რომელიც იყო დაახლოებით შემდეგი შინაარსის, რომ მოგწონთ თუ არა ძველი სახელმძღვანელოები, რომლებიც დაწერილია 16 წლის წინ.
- თქვენი სახელმძღვანელო ხომ 16 წლის წინ არ დაწერილა?
ჰოდა, შესაბამისად გამიჩნდა ეჭვი, რომ ის სახელმძღვანელოები, რომლებსაც სექტემბრიდან დაგვირიგებენ, იმ 16 წლის წინ შედგენილი წიგნების ერთგვარად გადამუშავებული ვარიანტი იქნება. შაშკინის მინისტრობის დროს რომ დაიწერა არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოები 12-ვე კლასისთვის, ეს მაქვს მხედველობაში.
მაგრამ ის წიგნები უკვე აღარ არსებობს, გრიფირებაც კი არ ჰქონია და შემდეგ დაიწერა სხვა წიგნები. მათ შორის ჩვენიც. ამიტომ გამოვთქვამ ეჭვს, რომ ამ კონკრეტულ საგანში შემოიტანენ შაშკინის მინისტრობის დროს დაწერილ სახელმძღვანელოებს ქართულ ენაში.
- უკუკავშირს როცა გთხოვდნენ, იქ არ გამოთქვით ეს ეჭვები?
ჩავუწერე, რა თქმა უნდა, ჩემი შეკითხვები და დავწერე რასაც ვფიქრობდი. რას გადაწყვეტენ, არ ვიცი.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ, აქტიური მოქალაქეები, ჩართულები ვართ ქვეყნის გადარჩენის პროცესში და ასეთი კონკრეტული საკითხები მიტოვებულია. იქნება ეს განათლებაში, მედიცინაში თუ სხვა სფეროებში და ეს აქცენტი გადატანილია სხვა უფრო საერთო, ეროვნულ მიზნებზე.






