განათლება,მთავარი,სიახლეები

„სტუდენტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას. სახელმწიფო დაკვეთით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები“ – ინტერვიუ

21.10.2025 •
„სტუდენტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას. სახელმწიფო დაკვეთით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები“ – ინტერვიუ

„საერთოდ აღარ იქნება გრანტის სისტემა, იქნება სახელმწიფო დაკვეთის სისტემა და ამაზე საუბრობს კობახიძე. ეს გულისხმობს იმას, რომ განათლების სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც დააფინანსებენ“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი.

„ბათუმელები“ მას „ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის რისკებზე ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, როგორც განათლების სპეციალისტმა, რა ტიპის საფრთხეები დაინახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმაში? ყველაზე მეტად ვის დააზიანებს ამ ტიპის ცვლილებები, თუკი განხორციელდა?

ის, რაც კობახიძემ ილაპარაკა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და კიდევ განათლების მინისტრმა, რეალურად აჩვენებს იმ საფრთხეებს, რასაც ეს ცვლილება გამოიწვევს. რეალური მიზანია უნივერსიტეტები გაწმინდონ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პროფესორებისგან და კობახიძე ღიად საუბრობდა ამაზე.

ამბობდა, რომ უნივერსიტეტში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანერგილი პროფესორები, რომლებიც, მისი აზრით, ვერ აკმაყოფილებენ საგანმანათლებლო სტანდარტებს და არიან პოლიტიკური ნიშნით შერჩეულები. ამ პროფესორებისგან უნდათ, რომ გაწმინდონ უნივერსიტეტები.

შემდეგი მიზანი არის ის, რომ დავშორდეთ დასავლურ სამყაროს და ამაზეც თავად საუბრობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ თავი უნდა დავიცვათ თურმე „მავნე ზეგავლენებისგან, რაც მოდის დასავლეთიდან“.

რეალური რისკი კი ის არის, რომ „ოცნება“ ცდილობს დაიმორჩილოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა იმისთვის, რომ შემდეგ ეს სისტემა ემსახუროს ამ პარტიის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და სულ უფრო და უფრო ჩამოშორდეს თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს და ევროპულ განათლებას.

  • იქნებ ავუხსნათ ადამიანებს, კონკრეტულად რაში ჩანს ეს, რომ ევროპულ განათლებას გვაშორებენ? ბევრი მანიპულაციები ახლავს ამ საკითხს და იქნებ უფრო ნათლად განვმარტოთ.

ევროპული განათლება სტრუქტურულად გულისხმობს იმას, რომ მაგალითად სკოლა უნდა იყოს მინიმუმ 12 წელი, ზოგან არის 13 წელიც ევროპაში. ევროპული განათლება გულისხმობს, რომ განათლების სისტემის მიზანია მაქსიმალურად სამართლიანად გაანაწილო რესურსები და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადო სტუდენტებისთვის.

ასევე, ევროპული განათლების სისტემა გულისხმობს იმას, რომ უმაღლეს განათლებაში და ასევე სკოლებშიც დაცული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია, მათ შორის: ადმინისტრაციული, ფინანსური და შინაარსობრივი ავტონომიაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, როგორ მართავენ საკუთარ თავს, რა პროგრამები ექნებათ, როგორ არჩევენ პროფესორებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, რაც ჩვენთან ისედაც პრობლემაა.

ფინანსური ავტონომია გულისხმობს იმასაც, რომ პოლიტიკური ზეწოლებისგან უნდა იყოს სკოლა და უნივერსიტეტი გათავისუფლებული.

ევროპაში უნივერსიტეტები ემსახურებიან საზოგადოებას და არა პარტიებს და პარტიები ასრულებენ აკადემიური სივრცის ფარგლებში შემუშავებულ კონცეფციებს და აკადემიური სივრცის მოთხოვნებს და არა პირიქით, როცა აკადემიური სივრცე ემსახურება პარტიების შემუშავებული კონცეფციების აღსრულებას.

  • „ოცნების“ რეფორმის მიხედვით, ერთ ფაკულტეტს ერთი პროფესორი უნდა ჰყავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აკადემიური ზრდის შესაძლებლობასაც ართმევს ეს მიდგომა სხვებს. ამასთან, ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას. რა დარჩება რეალურად დღეს არსებული უნივერსიტეტებისგან, თუ ეს გეგმა განახორციელეს?

ეს რომ წარმოვიდგინოთ, უნდა გავიხედოთ წარსულში. ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში თქვა, რომ მისთვის იდეალური მოდელი არის საბჭოთა მოდელი, სადაც არსებობდა ერთი მრავალპროფილური უნივერსიტეტი და დანარჩენი უნივერსიტეტები იყო პროფილური. ანუ, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება შენარჩუნდეს სხვადასხვა სპეციალობა, დანარჩენ უნივერსიტეტებში კი – კონკრეტული სპეციალობები.

მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვთქვათ, იქნება პედაგოგიკა, ან მასწავლებლის მომზადების პროგრამები, სამედიცინოში – მხოლოდ სამედიცინო, ტექნიკურში – მხოლოდ საინჟინრო მიმართულებები და ასე შემდეგ. ამ სისტემის პრობლემა თავის დროზე ის იყო, რომ არ ხდებოდა უნივერსიტეტების განვითარება, რადგან ეს უნივერსიტეტები მონოპოლიას ფლობდნენ თავიანთ მიმართულებაში და ალტერნატიული პროგრამების შემუშავება არ ხდებოდა.

სხვადასხვა კულტურის ჩამოყალიბების პირობებში კი ეს პროგრამები სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს. როდესაც არსებობს პარალელური პროგრამები, ეს იძლევა საშუალებას, რომ იმუშაოს ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემამ, როცა ერთი უნივერსიტეტის პროფესორები მეორე უნივერსიტეტის პროფესორებს ეხმარებიან განვითარებაში, აფასებენ ერთმანეთის პროგრამებს, აძლევენ რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ვითარდებიან ეს უნივერსიტეტები.

„ოცნების“ ახალი სისტემა კი ამ ყველაფერს ხელს შეუშლის. პროფესორების შემცირება გამოიწვევს იმას, რომ იძულებული გახდებიან პროფესორები გადავიდნენ კერძო უნივერსიტეტებში თუკი საერთოდ იარსებებს ამის შესაძლებლობაც. პროფესორებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ უნივერსიტეტების განვითარებაში.

განვითარებას სჭირდება ფული, ამ „რეფორმით“ კი რეალურად უნივერსიტეტებს შეუმცირდებათ შემოსავლები, რადგან ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი გამოიწვევს სტუდენტების შემცირებასაც, უნივერსიტეტებს აღარ ეყოლებათ უცხოელი სტუდენტებიც და ოთხი წლის მაგივრად სამი წელი თუ იქნება ბაკალავრიატი და ერთი წელი მაგისტრატურა, ეს თავისთავად შეამცირებს უნივერსიტეტების შემოსავლებსაც. მაგისტრატურაზე 50%-ით შეუმცირდებათ შემოსავალი.

  • დღეს სახელმწიფო სტუდენტს აფინანსებს ანუ აძლევს სასწავლო გრანტს და „ოცნების“ რეფორმის მიხედვით, სტუდენტი ისევ მიიღებს ამ გრანტს თუ ვერა?

გრანტის სისტემა საერთოდ აღარ იქნება, სახელმწიფო დაკვეთის მიხედვით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკის და განათლების სამინისტროებმა უნდა განსაზღვრონ, ვინ უნდა დააფინანსონ, რა მიმართულებებით და რამდენი.

სახელმწიფო აფინანსებს მიმართულებებს, სპეციალობებს და არა სტუდენტს. მართალია პირდაპირ არ უთქვამს კობახიძეს, რომ სტუდენტს არ აძლევენ გრანტს, მაგრამ ამბობს, რომ საგრანტო სისტემიდან გადავდივართ სახელმწიფო დაკვეთის სისტემაზეო.

ანუ, სტუდენტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას, იღებს უნივერსიტეტი და ასევე, განისაზღვრება რამდენი სტუდენტი იქნება უნივერსიტეტში .

ახალი პრინციპით სტუდენტის დაფინანსების დღევანდელი მოდელი მოიშლება. 

  • შრომის ბაზრის კვლევა არ წარმოუდგენიათ, როგორც ვიცი.

შრომის ბაზარი რომც გამოვიკვლიოთ და რომც ვნახოთ, რომ მაგალითად, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებები მაინც და მაინც არ არის დღეს მოთხოვნადი, ამ მიმართულებების არსებობა ქვეყანაში იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო ღირებულებები, ცოდნა და წარმოდგენები.

ის, რომ ფილოსოფიას სწავლობს ადამიანი, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უფრო ფართოდ უყურებს სამყაროს, უფრო მეტი ეჭვის თვალით უყურებს ისეთ დემაგოგიას, რასაც ვისმენთ ყოველდღე ხელისუფლებისგან და ცხადია, რომ ასეთი მიმართულებები პრიორიტეტებში ვერ მოხვდება.

საბჭოთა კავშირში სოციოლოგია რეალურად არ არსებობდა, იმიტომ, რომ სოციოლოგებს შეეძლოთ ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ ის სოციალური ურთიერთობები, რასაც საბჭოთა კავშირი სთავაზობდა და გამოიკვლევდა, ვთქვათ, საზოგადოებრივ განწყობებს და პრობლემებს, ხომ?!

ამიტომ ეს შრომის ბაზარიც ხშირად ინსტრუმენტია იმისთვის, რომ შეზღუდო თავისუფალი აზრი.

მაგალითად, 60-იანი წლებში ჩინეთის უმაღლესი განათლების რეფორმებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქაც დაიწყეს უნივერსიტეტების გაერთიანება და სოციალური მეცნიერებების და ჰუმანიტარული მიმართულებების შეზღუდვა.

  • გაამართლა მერე ამ სისტემამ?

რა პერსპექტივითაც უნდა ახლა „ქართულ ოცნებას“, რომ გაამართლოს, მაგ პერსპექტივიდან გაამართლა, რადგან ჩინეთში მას შემდეგ მმართველი პარტია არ შეცვლილა და ეს არის ალბათ „ოცნების“ მიზანიც, რომ მოაწყოს საგანმანათლებლო სისტემა ისე, რომ სამუდამოდ შეინარჩუნონ ძალაუფლება და როგორც კომუნისტური პარტია არ იცვლება ჩინეთში, ისე არ შეიცვლება ჩვენთანაც „ქართული ოცნება“.

  • როცა ამბობენ, რომ ერთ ქალაქში 1 ფაკულტეტი უნდა იყოს – მაგალითად, სამართალს დღეს ბევრ უნივერსიტეტში ასწავლიან, ხომ? თუ ამ რეფორმის შემდეგ მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში იქნება სამართლის ფაკულტეტი, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი, ვისაც ამ მიმართულებაზე უნდა სწავლა, გარეთ დარჩება?

კობახიძე გვთავაზობს საბჭოურ, გეგმიურ ეკონომიკას, სადაც სახელმწიფო წყვეტს, რამდენი ადამიანია საჭირო თითოეულ სფეროში და არა დასაქმების ბაზარი. სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მაგალითად, ჰყავდეს რაღაც რაოდენობის იურისტი, ოღონდ თან იმ გადაწყვეტილებასაც იღებს, რომელი უნივერსიტეტი მოამზადებს ამ იურისტებს და რეალურად გვეუბნება იმას, რომ ეს ის უნივერსიტეტი იქნება, სადაც თვითონ მუშაობს. ანუ თვითონ იქმნის საკუთარი თავისთვის რაღაც მონოპოლიურ გარემოს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებზე დაცვით დადის და საკუთარი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ჰყავს დაპატიმრებული და ციხეში ჰყავს გაშვებული სრულიად აბსურდული მიზეზების გამო.

  • ძირითადად ახსენებენ მხოლოდ ორ ქალაქს – ქუთაისს და რუსთავს და რატომ?

სადღაც 20 000 სტუდენტი უნდა გადავიყვანოთო, ამბობენ. რუსთავში აპირებენ, რომ გადაიყვანონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის და კიდე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, აქ გაყიდონ შენობები და ამ ფულით ააშენონ რუსთავში.

სინამდვილეში ამ შენობების გაყიდვა იმიტომ კი არ უნდათ, რომ უკეთესი ინფრასტრუქტურა შექმნან, ამის უკან დგას დეველოპერების და პარტიის ინტერესები, რადგან მშენებლობებიდან შემოსული ფული შედის პარტიაში შემოწირულობის გზით.

თუ დავფიქრდებით იმაზე, თუ ვინ ფლობს ცემენტის წარმოების ყველაზე მსხვილ კომპანიებს, მაშინვე მივალთ ირაკლი რუხაძემდე და ბიძინა ივანიშვილამდე. ამიტომ მათი ინტერესიცაა, რომ თბილისის ცენტრში ყველა შენობა გაიყიდოს, გარდა თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსისა და იქ აშენდეს საცხოვრებელი კორპუსები. ფული კი შევა პარტიაში.

ხელისუფლება, რომელმაც ის ვერ მოახერხა, რომ ხუთი წლის წინ დანგრეული სკოლები აეშენებინა, ახლა ასე უცებ ააშენებს უზარმაზარ სტუდენტურ ქალაქს? ვერ ააშენეს ხომ სპორტის აკადემია, რომელიც გაყიდეს ვაკეში და თქვეს, რომ ახალს ააშენებდნენ?!

იმასაც ვხედავთ, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ განათლება. ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის დასაკავებლად განათლება საერთოდ არ არის საჭირო და საქართველოს პრეზიდენტად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, აპირებენ უმაღლესი განათლებაში ხარისხის აწევას?!

თუ დღეს თბილისი საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია, მალე გაქრება და თბილისი გახდება რაღაც ბიზნეს ცენტრი. ახლა ჭავჭავაძეზე ყოველი მეორე შენობა არის საგანმანათლებლო – უნივერსიტეტი ან სკოლა და ხვალ იქნება მხოლოდ კაფე, რესტორანი, ტრენაჟორების დარბაზი და ოფისი.

  • გამოდის, განათლების სისტემის დანგრევით „ქართული ოცნება“ ბევრ მიზანს მიაღწევს – ჩახერგავს ევროპასთან გზებს, დაქსაქსავს უნივერსიტეტებს, სწავლის მოტივაციას დაუკარგავს ფაკულტეტების გაუქმებით სტუდენტებს და რაც მთავარია, კიდევ უფრო შეასუსტებს უნივერსიტეტების ავტონომიას და მათ პროტესტს?

საბოლოო ჯამში ეს თეორიაა, რომ ჩვენსა და ევროპულ განათლებას შორის იყოს მინიმალური კავშირი და ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სისტემის დონეზე ვიყოთ, რადგან რაც უფრო ნაკლებად განათლებული ადამიანები გვეყოლება, მით უფრო ნაკლებად განვითარდება ეკონომიკა, მით უფრო ადვილად მართვადი გახდება ხალხი, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ მმართველ პარტიას გაუადვილდება ამ ხალხის კონტროლი, არამედ ნებისმიერ საგარეო მტერსაც, რადგან უფრო მარტივად იქნებიან მანიპულირებადი პროპაგანდითა და დეზინფორმაციით, რაც სერიოზული პრობლემა დღეს.

  • პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის კეთდება. სინამდვილეში, ფაკულტეტების შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ბევრი აბიტურიენტი დარჩება უნივერსიტეტის გარეთ. სად წავა ეს ხალხი, თქვენი აზრით, ემიგრაციაში ხომ არა?

ეს რეფორმა თუ რაც არის, თუ განხორციელდა, 100 000-ზე მეტი ახალგაზრდა დარჩება განათლების მიღმა.

დღეს მე-12 კლასში სადღაც 50 000-ზე მეტი ადამიანი სწავლობს. იგივე რაოდენობამაც რომ ჩააბაროს, რაც დღეს არის, უნივერსიტეტებს მოაკლდებათ მეოთხე კურსელები, მაგისტრატურის სტუდენტების ნახევარი და მე-12 კლასელებიც თუ დაემატებათ, საერთო ჯამში 100 000 ადამიანზე მეტი გამოდის. ანუ 100 000 ადამიანზე მეტი გვეყოლება საგანმანათლებლო სივრცის მიღმა.

  • სად წავა ეს ხალხი?

ასეთ შემთხვევაში ადამიანები ხშირად მიდიან არაკვალიფიციურ შრომაში, ფიზიკურად მუშაობენ. ანუ, თუ დღეს 18 წლის ასაკში იღებ გადაწყვეტილებას, რა პროფესიაზე ისწავლო და შემდეგ კიდევ უნივერსიტეტებში გეხმარებიან პირველი წლის განმავლობაში, რომ დაფიქრდე და ისე გააგრძელო ამ მიმართულებაზე სწავლა, ამ რეფორმის შემდეგ მოსწავლეს 17 წლის ასაკში მოუწევს პროფესიული არჩევანის გაკეთება, ნაწილს კი – ჯარში წასვლა. კიდევ უფრო პატარა ასაკში წავლენ ჯარში და სამუშაო ბაზარზეც.

ხოლო ის ნაწილი, რომელიც სკოლის მერე მიდიოდა უცხოეთში, კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგება და დამატებით მოუწევთ ერთი წელის გავლა იმისთვის, რომ იქაურ უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ.

  • ქართველი სტუდენტები ალბათ „ერაზმუსსაც“ ვეღარ გამოიყენებენ?

შესაძლოა, რადგან თუ მინიმალური წლების რაოდენობა არ ექნება სტუდენტს დაფარული, ევროპულ უნივერსიტეტში ვერ წავა. მაგალითად, მე რომ ვსწავლობდი უნივერსიტეტში და გერმანიაში მინდოდა წასვლა, მომიწია, რომ ორი კურსი დამეხურა იმისთვის, რომ უფლება მქონოდა გერმანიაში პირველ კურსზე დავმჯდარიყავი და ამ სისტემაში გვაბრუნებენ ახლა.

„ერაზმუსიც“, სავარაუდოდ, დარჩება უფუნქციო. ის ბარიერები, რომელსაც ამ ცვლილებებით აჩენენ, არანაირი სიკეთის მომტანი არ არის ქართველი სტუდენტებისთვის.

  • კერძო უნივერსიტეტებს რა შანსი აქვთ, რომ გადარჩნენ ასეთ სისტემაში? მათ რა ელოდებათ?

დღეს კერძო უნივერსიტეტები პოლიტიკურად არც თუ ისე აქტიურები არიან და გარკვეულ ავტონომიას ინარჩუნებენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემორჩენილი წინააღმდეგობის მუხტი კერძო უნივერსიტეტებსაც ეხმარება, გარკვეულწილად. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ეს უნივერსიტეტი ინარჩუნებს თავის ავტონომიურობას და ეს წინააღმდეგობა ეხმარება კერძო უნივერსიტეტებსაც, რომ შეინარჩუნონ გარკვეული ავტონომია სახელმწიფოსგან.

ამ სისტემის მოშლით კი ესეც მოირღვევა და მეტი წნეხი გადავა კერძოებზე. მთავრობის და პარტიის წევრები პირდაპირ ჩაუჯდებიან წილში ამ უნივერსიტეტების მოგებას. არის ეჭვი, რომ თანამდებობის პირები ახლაც მონაწილეობენ ირიბად ამ ბიზნესის მართვაში. მაგალითად, ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომლის დროსაც გაიყიდა შავი ზღვის უნივერსიტეტი, უცებ აღმოჩნდა ამ უნივერსიტეტის მართვაში ჩართული. როცა არ ემორჩილებოდა ეს უნივერსიტეტი ხელისუფლებას, ავტორიზაცია შეუჩერეს.

ამიტომ, ამ ყველაფერს შეაჩერებს მხოლოდ სტუდენტების და პროფესურის სოლიდარული წინააღმდეგობა. პირველ რიგში ამ ხალხს სჭირდება იმის გაცნობიერება, სინამდვილეში რას უმზადებს „ქართული ოცნება“ მათ. მათ უნდა მოითხოვონ ამ პროექტის უკან გაწვევა და მეორე ის, რომ მოითხოვონ „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: