ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 25 ივნისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივად ჩაირიცხებიან, პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები:
- ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს;
- მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახები;
- მარტოხელა დედები;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები და ომში დაღუპულთა ოჯახები;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
- ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველი მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები);
- (ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი);
- იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეები (დევნილები);
ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 2026 წლის 1 ივლისს, 10:00 საათზე და ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია გაგრძელდება ბაღებში ადგილების შევსებამდე.
„ვებგვერდზე რეგისტრაცია და ავტომატური ჩარიცხვა მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ბაღში შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში იქნება თავისუფალი ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება: ჯგუფში ადგილები არ არის.
სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ, 10 დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
- აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
- ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
- ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).
ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი პასუხს აგებს მის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე. „იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.
აღსაზრდელის რეგისტრაციის გადამოწმება შესაძლებელია საიტზე, სადაც მშობელს გადასამოწმებელ ველში შეჰყავს რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა, რის შემდეგაც მას გადაეგზავნება ინფორმაცია აღსაზრდელის შესახებ“- ნათქვამია ბაღების გაერთიანების განცხადებაში.
ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის აუცილებელი პირობებია:
ბავშვის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს, როგორც ქალაქ ბათუმის მაცხოვრებელი და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;
სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს, რომელსაც შეუსრულდა 3 წელი;
2026 წლის 5 ივნისიდან რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდა 3 წელი.






