მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს რუბიოს პოზიტიურ განცხადებაზე ივანიშვილის უკმეხი პასუხი – ინტერვიუ

05.06.2026
რას ნიშნავს რუბიოს პოზიტიურ განცხადებაზე ივანიშვილის უკმეხი პასუხი – ინტერვიუ

„იმის ნაცვლად, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ესარგებლა მარკო რუბიოს გაჟღერებული პოზიტიური განცხადებით, მივიღეთ სრულიად უკმეხი და არადიპლომატიური პასუხი… ეს შეიძლება ამყარებდეს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ივანიშვილი საერთოდ არც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და რომ ის ერთგვარად მიბმულია რუსეთის ინტერესებზე,“ – მიიჩნევს დიპლომატი გიორგი ბადრიძე, მას საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის დასმულ შეკითხვასა და პასუხზე ვესაუბრეთ: რა შეიძლება შეიცვალოს აშშ-თან ურთიერთობაში?

„ბათუმელებმა“ დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, რას ნიშნავს აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესული ცვლილებები, რა შეიძლება შეიცვალოს აშშ-საქართველოს ურთიერთობაში? 

პირველ რიგში, ეს გამოხატავს კონგრესის განგრძობით ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს გამოიხატა, მათ შორის, კონგრესმენი უილსონის მიერ რუბიოსთვის დასმულ შეკითხვასა და გაცემულ პასუხში.

ეს ახალი მდგომარეობა არ არის, პირიქით, არასდროს ამ დონეზე არ ყოფილა აშშ-საქართველოს ურთიერთობა. წინა პერიოდში საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო დიდი იყო. კარგად მახსოვს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, რა რეგულარობით ჩამოდიოდნენ საქართველოში კონგრესის დელეგაციები, როგორც წარმომადგენელთა პალატიდან, ისე სენატიდან. ეს იყო რეგულარული ვიზიტები.

მიუხედავად შეცვლილი ვითარებისა, ინტერესი საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ არსებობს. არსებობს ახალი რეალობა, თუნდაც გარკვეული ნაბიჯების შედეგად, მაგალითად, სენატში დაბლოკილია „მეგობარი აქტზე“ მსჯელობა. ცნობილია, რომ თქვენს მიერ ხსენებული შესწორებები შესულია დოკუმენტში, რომელიც ყოველწლიურად გამოიცემა. ეს კონკრეტულ მოლოდინებს ამჟღავნებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ეს მოლოდინები საქართველოს შესახებ გაჟღერდა, როგორც ვახსენე, კონგრესმენ უილსონის შეკითხვაშიც.

ჩვენ მოვისმინეთ მარკო რუბიოს, სახელმწიფო მდივნის ძალიან პოზიტიური პასუხი, სადაც იყო ნათქვამი, რომ ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რომლის საქმის კურსშია შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, საქართველოდან მიღებული აქვთ სიგნალი – სურვილი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და გაჟღერდა ყველაზე პოზიტიური ნაწილი, რომ ადმინისტრაცია ხედავს გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს იმ წინაპირობების შესასრულებლად, რაც აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

ეს უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რომელიც დიდი ხანია ამტკიცებს, რომ სურს ურთიერთობების გადატვირთვა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. აქამდე „ოცნებისგან“ ვისმენდით, რომ ყველა პრობლემა ყოფილა ბაიდენის და მისი პერიოდის დიპლომატების, თუ პოლიტიკოსების ბრალი. იმის ნაცვლად, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ესარგებლა მარკო რუბიოს გაჟღერებული ასეთი პოზიტიური განცხადებით, ჩვენ მივიღეთ სრულიად უკმეხი და არადიპლომატიური პასუხი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ასეთ რეალობას: 2013 წლიდან ივანიშვილი აწარმოებს შეგნებულ, ჩამოყალიბებულ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას რუსეთის მიმართ, ხოლო დასავლეთის მიმართ მისი პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად იმიტირებდა რაღაც თანამშრომლობას, დღეს უკვე სრულად და ნათლად ჩამოყალიბებულია გაღიზიანების პოლიტიკად, ანუ რუსეთს არგაღიზიანება და დასავლეთს შეგნებული, პროვოკაციული გაღიზიანება.

ასეთი პასუხის პრაგმატული მოსაზრებით ახსნა შეუძლებელია. რუსეთთან დათმობების და შემრიგებლური ნაბიჯების პოლიტიკას არაერთი ქართული ეროვნული ინტერესი შეეწირა უკვე. ეს აქამდე შეიძლება ვიღაცას აეხსნა პრაგმატიზმით, მაგრამ დასავლეთთან ასეთი პირდაპირი და ღია დაპირისპირების პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ ახსნასა და გამართლებას.

გიორგი ბადრიძე

  • თქვენი დაკვირვებით, აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არც აქვს ივანიშვილს, თუ იკვეთება ის, რომ იგი დამოკიდებულია კრემლზე?

მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. მე ვიცი, ფაქტია, რომ ივანიშვილი ეწევა აქტიურ, ლობისტურ საქმიანობას შეერთებული შტატების კონგრესში. ამისთვის ხარჯავს ჩვენს ფულს, სხვათა შორის. ეს, ჯერჯერობით, გამოიხატება იმაში, რომ, მაგალითად, დაბლოკილია „მეგობარი აქტი“, მაგრამ როდესაც შესაძლებლობა იხსნება ურთიერთობების გაუმჯობესებისა, რის მანიშნებელიც იყო რუბიოს გამონათქვამი, ჩვენ პასუხად ვაგზავნით აგრესიულ, უკმეხ, პრაქტიკულად პროვოკაციულ პასუხს.

ეს შეიძლება ამყარებდეს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ივანიშვილი საერთოდ არც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და რომ ის ერთგვარად მიბმულია რუსეთის ინტერესებზე.

  • როცა სუვერენიტეტზე გველაპარაკება „ოცნება“, შესაძლოა ეს სუვერენიტეტი სრულად დაკარგული გვაქვს საგარეო პოლიტიკაში? 

როდესაც რუსეთის რომელიღაც მეზობელი პრაქტიკულად ვასალის მდგომარეობაში დგება მასთან ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, როგორც ეს, მაგალითად, გააკეთა ლუკაშენკომ – დღეს ჩვენ იგივე პროცესს ვუყურებთ საქართველოში, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ივანიშვილი გაემიჯნა დასავლეთს და აღმოჩნდა ბევრად დამოკიდებული რუსეთზე.

შესაბამისად, შემდეგ უკვე ხდება სუვერენული არჩევანის შეზღუდვა. ლუკაშენკომ ეს იწვნია 2022 წელს, როდესაც პუტინმა მისი ტერიტორია გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმისთვის, პრაქტიკულად ბელარუსი ჩარია ამ ომში. დარწმუნებული ვარ, ლუკაშენკო თავად არ ისურვებდა, არ მოინდომებდა ყოფილიყო ჩართული ამ ომში.

  • როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, დღეს კიდევ უფრო დიდი საფრთხეა, ბელარუსი კიდევ უფრო დიდი მასშტაბით ჩართოს პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში. 

დიახ. სამწუხაროდ, ლუკაშენკოს არანაირი უნარი არ ექნება, უარი უთხრას პუტინს, ის სრულად დამოკიდებული გახდა მას შემდეგ, რაც ძალით და ძალადობით მიიტაცა ძალაუფლება 2020 წლის წაგებული არჩევნების შემდეგ.

სამწუხაროდ, ჩვენც შეიძლება ვხედავდეთ მსგავს ვითარებას საქართველოში, როდესაც დასავლეთთან დაპირისპირება არის ერთ-ერთი პირობა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. თუ პუტინი გადაწყვეტს, მაგალითად, სომხეთში არჩევნების შემდეგ, ზოგადად იმის შიშით, რომ ის კარგავს აზერბაიჯანს და სომხეთს – შესაბამისად, სამხრეთ კავკასიას, ამ მიზეზით შეიძლება სცადოს საქართველოს გამოყენება ამ ორ ქვეყნის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, შეიძლება ვიხილოთ ამ სუვერენიტეტის სიცარიელე და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები.

  • უშვებთ, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს საქართველო სომხეთის წინააღმდეგ, მაგალითად, სამხედრო პროვოკაციის მოსაწყობად იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს სომხეთთან საზღვარი არ აქვს? 

ეს იქნებოდა საერთაშორისო დანაშაული, მაგრამ, პირველ რიგში, დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანი ამდენად დამოკიდებული ხდება რუსეთის ინტერესების გატარებაზე, მას საკუთარი ინტერესებით მოქმედების თავისუფლება აღარ რჩება. ამიტომაც, ამის ბოლომდე გამორიცხვა გამიჭირდება.

  • ლოგიკურად უნდა აწყობდეს ივანიშვილს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება, რადგან რუსეთი, როგორც მისი მთავარი მოკავშირე, უფრო და უფრო სუსტდება?

პრაგმატული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რუსეთთან ბალანსირების პოლიტიკა, ანუ ერთგვარად არგაღიზიანება და ამის პარალელურად დასავლეთთან ურთიერთობებით რუსეთის გავლენის დაბალანსება, იქნებოდა ლოგიკის შემცველი. ამას აკეთებდა 90-იანი წლების მეორე ნახევარში ედუარდ შევარდნაძე. ამგვარ პოლიტიკას მაშინ გარკვეული სტაბილიზაცია ქვეყანაში მოჰყვა და ეს ითვლება შევარდნაძის ხელისუფლების – რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს – ყველაზე დიდ მიღწევად, რომ მან 90-იანი წლების პირველი ნახევრის ქაოსიდან საქართველო შედარებით დაასტაბილურა სწორედ იმით, რომ რუსეთი დააბალანსა დასავლეთთან ჩამოყალიბებული ახალი ურთიერთობებით.

დღეს ვხედავთ, რომ ქვეყანა, რომელსაც დასავლეთთან ჰქონდა მჭიდრო თანამშრომლობა, იმის ნაცვლად, რომ ლავირებას მაინც ცდილობდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის, მეტწილად დამოკიდებული ხდება რუსეთზე, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, იმდენად, რომ სრულად დაკარგულია დასავლეთის მხარდაჭერა – ევროპის წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობები დასულია ისტორიულ მინიმუმზე.

არსებობს რისკი, რომ რუსეთმა გამოიყენოს საქართველო, მისი უუნარობა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად – თავისი მიზნების მისაღწევად სამხრეთ კავკასიაში ახალი დესტაბილიზაციისთვის.

ეს სჭირდება რუსეთს იმისთვის, რომ არ დაუშვას სომხეთის შეტრიალება დასავლეთისკენ და აზერბაიჯანის მიერ თავისი სუვერენიტეტის სრული განხორციელება – რუსეთისგან დამოუკიდებელი სუვერენიტეტის.

  • ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არჩევნები სომხეთში – ეს განსაზღვრავს არამხოლოდ სომხეთის, არამედ სამხრეთ კავკასიის და, მათ შორის, საქართველოს მომავალს?  

ვნახოთ, არჩევნები როგორ ჩაივლის, შემდეგ პრორუსული ძალები როგორ იმოქმედებენ. ამაზე წინასწარ მსჯელობას აზრი არა აქვს. ეს არჩევნები სომხეთში რეფერენდუმია რეალურად სომხეთის დღევანდელი მთავრობის მიერ გატარებული კურსის თაობაზე.

რუსეთში ძალიან ხშირად ღიად ექსტრემისტულ აზრებს გამოხატავენ არამარტო ჟურნალისტებისა და ბლოგერების დონეზე, პრეზიდენტმა პუტინმა პირადად გააჟღერა რამდენჯერმე მუქარა იმის თაობაზე, რომ სომხეთს ძვირად დაუჯდება დასავლური კურსის არჩევა.

პირდაპირი მინიშნება იყო, რომ სომხეთმა შეიძლება გაიზიაროს უკრაინის ბედი. გეოგრაფიული ასპექტი არის ის, რომ საქართველოა სომხეთს და რუსეთს შორის. ასე რომ, წინ ძალიან რთული და დაძაბული პერიოდი გველის.

სამწუხაროდ, ჩვენ, საქართველო, ამ რეალობას ვხვდებით ყველაზე უფრო სუსტი პოზიციიდან, როდესაც ამ ხელისუფლების ქმედებების და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად საქართველოს დაკარგული აქვს მისი მთავარი მოკავშირეების მხარდაჭერა. დიდი ალბათობით ასევე შემცირებულია ჩვენი უახლოესი მეზობლების, უშუალო მეზობლების ნდობაც, რომელიც ჩვენ ადრე ყველა სიტუაციაში ბევრად უფრო მაღალ დონეზე გვქონდა.

  • თუ დავუშვებთ, რომ ივანიშვილი დამოკიდებულია კრემლის ნებაზე, ამ შემთხვევაში აშშ-ს რა რესურსი რჩება, შეცვალოს არსებული ვითარება? ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტრამპის ინტერესი ისევ აქტიურია, საქართველოში კი, ამერიკას დიდი რესურსი აქვს დახარჯული… 

შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ნაჩვენები, რომ ის რეგიონულ პროექტებს სამხრეთ კავკასიაში განიხილავს აზერბაიჯანისა და სომხეთის კონტექსტში. საქართველო შეერთებული შტატების გათვლებიდან უკვე ამოვარდნილი თუ არ არის, ყოველ შემთხვევაში, აქტიურად არ ფიგურირებს. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, ბუნებრივია.

მომავალში საქართველოს მხრიდან ღიად პრორუსული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველო  აღმოჩნდება იზოლირებული ამ რეგიონული პროექტებიდან და ასევე გარანტირებულად ვიხილავთ სანქციებს, რომელთა ინიციირება აქამდე ხდებოდა მხოლოდ კონგრესის დონეზე.

  • შეიძლება სანქციებს ჰქონდეს ისეთი ეფექტი, რომ ამის გამო გახდეს იძულებული ივანიშვილი, უარი თქვას პრორუსულ კურსზე? 

სანქციები იშვიათად ახდენენ „მკურნალ ეფექტს“, მაგრამ სანქციებს შეუძლია რეჟიმის დასუსტება. შეიძლება, სწორედ აი ეს ეფექტი ვიხილოთ.

ჩემი აზრით, ივანიშვილს და მის რეჟიმს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული სწორედ იმ გათვლით, რომ მათ ქმედებებს მოჰყვებოდა სანქციები. აქამდე დაწესებული ყველა სანქცია იყო რბილი და უფრო გამაფრთხილებელი ხასიათის, მაგალითად, თავად ივანიშვილი არის უკვე კარგა ხანია სანქცირებული შეერთებული შტატების მიერ, მაგრამ ეს უფრო გამაფრთხილებელია – ის არ ეხება მის აქტივებს, როგორც ფიზიკურ, ისე ფინანსურ აქტივებს, ის არ ეხება მისი ოჯახის წევრებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ მისი რეაქცია.

  • თუმცა კობახიძე აკრიტიკებს აშშ-ს წინა ადმინისტრაციას, ახალზე კი ამბობს, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება გვინდაო… 

მაგრამ ის ხომ ამ ადმინისტრაციას პასუხობს, ჩვენ არ ვართ თქვენი სკოლის მოსწავლეები, რომ რამე გვქონდეს გამოსასწორებელიო. ეს პასუხი არის ზუსტად წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ისინი ამტკიცებენ. აგერ არის რუბიო, რომელიც ამბობს, მე ვხედავ რაღაც პოზიტიურს და მაქვს იმედი უკეთესობის და ამას რომ ასე პასუხობ, ეს არის ძალიან ნათელი და უარყოფითი სიგნალი.

  • რა პერსპექტივა რჩება საქართველოს ამ გადასახედიდან? სომხეთის შებრუნება დასავლეთისკენ ვერ გახდება ფაქტორი იმისკენ, რომ საქართველომაც დააღწიოს თავი რუსეთს? 

სომხეთის შემობრუნება დასავლეთისკენ საქართველოსთვის წარმოადგენს უკიდურესად პოზიტიურ ისტორიულ შესაძლებლობას. მაშინ, როდესაც საქართველო ადგა დასავლურ კურსს, მის მიერ ისტორიული ამოცანის მიღწევის შემთხვევაში, ზურგში გვრჩებოდა რუსეთის მოკავშირე, რომელიც აღმოჩნდებოდა ევროკავშირის წევრი საქართველოს საპირისპირო მხარეს.

სომხეთთან ჩვენ მოგვიწევდა საბაჟო და სავიზო კონტროლის შემოღება, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას მომავალში, ქვეყანასთან, რომელიც გაერთიანებული იყო ევრაზიულ კავშირში, ევრაზიულ საბაჟო კავშირში და რუსეთის ლიდერობით სამხედრო კავშირში – კუხოში.

შესაბამისად, სომხეთის შემობრუნება დასავლეთისკენ ამ პოტენციურ პრობლემას ხსნის და ეს ორი ქვეყნის ერთობლივ სიარულს დასავლეთში უფრო ადვილს გახდის. ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა, ისევე, როგორც სომხეთთან მშვიდობის მიღწევა აზერბაიჯანისთვის ხსნის რეგიონული თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. რეგიონის უფრო მეტი უსაფრთხოება, უფრო მეტი სტაბილურობა ისევ და ისევ ჩვენს ინტერესშია.

დღეს მთავარ ფაქტორად, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონული განვითარების პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის რუსეთის მიერ კონტროლირებადი, ან სულ მცირე პრორუსული ხელისუფლების არსებობა საქართველოში, რომელიც ამ სურათში აღარ ეწერება.

პროგნოზს ვერ გავაკეთებ, უამრავი მოულოდნელობა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ძალიან მარტივი რამ – თუ საქართველოს კურსი გაგრძელდა დღევანდელი კურსით, საქართველო აღმოჩნდება უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში, ვიდრე ის არის დღეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: